თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

პირველი სიგარეტი

თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 000 მწეველია. საქართველოს განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დღეს სკოლებში „თამბაქოს მოხმარება პრაქტიკულად აღარ არსებობს“.

„დამაინტერესა, რადგან ყველა ეწევა. ეწევა მამაჩემიც სახლში, მაშინაც, როცა მე ოთახში ვარ“, – ამბობს ნიკა. კითხვაზე, რატომ ეწევა სიგარეტს? – 14 წლის ნიკა, რომელმაც სიგარეტი 12 წლის ასაკში გასინჯა, პასუხობს, რომ ზოგიერთი მოზარდი მოწევას სტრესის ან მოდის გამო იწყებს: „განიცდიან რაღაცებს და ამბობენ, რომ ეს ეხმარება პრობლემის დაძლევაში, თუმცა უმეტესობა მაინც მიბაძვის გამო იწყებს მოწევას“.

თამუნა 15 წლისაა, სიგარეტი პირველად შარშან, სახლში გასინჯა. ამბობს, რომ ეს ინტერესის გამო გააკეთა, რადგან მის გარემოცვაში ეწევა უმრავლესობა, გოგოებიც და ბიჭებიც. მისი სკოლელი თათიას აზრით კი, თანატოლები თამბაქოს მოდის გამო მოიხმარენ და შემდეგ თავს ვეღარ ანებებენ. „მე არ მომეწონა სიგარეტი, არც სუნი მომწონს, ამიტომ არ გამიგრძელებია მოწევა“, – ამბობს ის.

სიგარეტს საშუალოდ 12-13 წლის ასაკში სინჯავენ მოზარდები. თითქმის ყველა მოზარდი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიგარეტის გასინჯვის მთავარი მიზეზი ცნობისმოყვარეობა იყო.

ანრი და გიორგი სკოლის წინ დგანან. ორივე მწეველია. სიგარეტი 14-15 წლის ასაკში გასინჯეს და მერე აღარ შეუწყვეტიათ. „მეგობართან დაბადების დღეზე გავსინჯე, მაინტერესებდა თამბაქოს ლომკა“, – გვეუბნება ანრი. გიორგისაც რეაქცია აინტერესებდა. მეგობართან ერთად ეზოში, მიმალულ ადგილზე მოწია. „ხველა აგვივარდა… ბავშვური მომენტია, როცა პირიდან კვამლს უშვებ, მოგწონს, შემდეგ ჩვევაში გადადის“.

მათი მშობლები არ ეწევიან, თუმცა მათგან მხოლოდ რჩევა მიიღეს. „გვირჩიეს, რომ საზიანოა და თავი დავანებოთ. სხვა რა უნდა ექნათ?“ – ამბობენ ბიჭები.

ბიჭებთან საუბარში მეთერთმეტეკლასელი გოგონებიც ერთვებიან. მათ სიგარეტი რამდენიმე დღის წინ მოწიეს პირველად. რატომ? პასუხი აქაც იგივეა -„გვაინტერესებდა. თუმცა ალბათ, არ გავაგრძელებთ,“ – ამბობენ გოგონები. სიგარეტი მეგობრის სახლში გასინჯეს – „არაყმა მოიტანა“.

მოზარდების აზრით, სკოლამ და საზოგადოებამ თამბაქოსთან ბრძოლა დააგვიანა. არის თუ არა საკმარისი ის ინფორმაცია, რასაც სკოლაში იღებენ თამბაქოს მავნებლობის შესახებ? მოზარდები ამბობენ, რომ ზიანის შესახებ იციან, თუმცა ჩვევას ვერ ღალატობენ. „ჩვენთვის ალბათ გვიანია, მაგრამ ახლა სკოლამ იმაზე უნდა იზრუნოს, ჩვენზე პატარებმა არ დაიწყონ მოწევა“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 190 სკოლის მეათეკლასელი გამოკითხეს, კვლევაში მონაწილე გოგონების – 30, ბიჭების კი 54 პროცენტი თამბაქოს მომხმარებელია.

ლელა დუმბაძის ფოტო
ლელა დუმბაძის ფოტო

სად ეწევიან სიგარეტს სკოლაში 

სკოლის შენობაში სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თუმცა საპირფარეშოებიდან, პერიოდულად, მაინც გამოდის სიგარეტის სუნი.

ბათუმის #2 საჯარო სკოლის საპირფარეშოს კარებს სკოლის მანდატურთან ერთად ვაღებ. თამბაქოს კვამლი გარეთ ნისლივით მოდის. მსგავს სურათს ბათუმის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ნახავთ. სიგარეტის ნამწვი ყრია ყველგან, მათ შორის ხელსაბან ნიჟარაშიც. მანდატური სოფო ორმოცაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს სიგარეტი შენობაშიც შეაქვთ, მათი ჩხრეკის უფლება კი მათ არ აქვთ. „როცა ფაქტზე წავასწრებთ, იქვე ვართმევთ თამბაქოს და დარღვევის ფურცელს ამოვწერთ, რაზეც შემდეგ დირექცია რეაგირებს“, – გვეუბნება მანდატური.

ეს რეაგირება შეიძლება იყოს რამდენიმე დღით მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. მანდატური ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

როგორ ახერხებენ მოზარდები სკოლის შენობაში თამბაქოს შეტანას და რა ზომებს მიმართავს სკოლის ადმინისტრაცია?

IMG_0096თამთა კვარაცხელიას – ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორის დაკვირვებით, იყო პერიოდი, როცა მოზარდები სკოლის შენობაში მოწევას ერიდებოდნენ, თუმცა სკოლის საპირფარეშოში თამბაქოს სუნი მაშინვე გაჩნდა, როცა სკოლის კარები ჩაიკეტა: „ცუდ ამინდში, როცა მოსწავლეები გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, იმწამსვე ჩნდება თამბაქოს სუნი საპირფარეშოში“.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, მოსწავლის შემოწმება მხოლოდ გონივრული ეჭვის შემთხვევაშია შესაძლებელი. დირექტორის ბრძანების მიხედვით, მოსწავლის შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი დირექტორის მოადგილე და მანდატურია. მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, შემოწმებას დირექტორი ესწრება. ბოლო ასეთი შემოწმება #16 სკოლაში რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა: „სამიზნე მერვე კლასი იყო. მანდატურმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ჰქონდათ აკრძალული ნივთები და ამოვიღეთ კიდეც ქაღალდის საჭრელი დანა, ასანთი, სანთებელა, სიგარეტი ღერებით, კოლოფებით.“

დირექტორის თქმით, შემოწმებისას მოსწავლეები აკრძალული ნივთების გადამალვას იწყებენ: „ხშირად, სიგარეტის კოლოფებს აძლევენ გოგონებს და ისინი მალავენ ჩანთებში. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მწეველი გოგონების რაოდენობამაც იმატა. მოიმატა იმ მოზარდების რაოდენობამაც, რომლებიც არ მალავენ, რომ სიგარეტს ეწევიან. ადრე უფრო იყო მორიდების მომენტი, ახლა – ნაკლებად. ჩემს მოსწავლეებს ქუჩაშიც ვაძლევ შენიშვნას, როცა ეწევიან, მაგრამ ეს დიდად არ აშფოთებთ“.

სკოლებში არსად არის თამბაქოს ამკრძალავი ნიშანი. ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ეს კარგი იდეაა და ამკრძალავ ნიშანს სკოლის გარე ფასადზეც განათავსებს.
კითხვას, რა იცით თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მოზარდები პასუხობენ, რომ „იწვევს კიბოს“, „ფილტვის კიბოს“ და „ათას დაავადებას“.

„პირველ რიგში ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვადასხვა სიმსივნე“, – ამბობს ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, მოზარდის ჯანმრთელობაზე თამბაქოსგან მიყენებულ ზიანზე საუბრისას.

„განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის კიბოს, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მეოთხე სტადიაში ვლინდება. გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარება იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც შესაძლებელია საფუძველი გახდეს ინფექციური დაავადებების განვითარების“.

ლელა სტურუას თქმით, მოზარდობიდან თამბაქოს მოხმარების შედეგად შესაძლოა 30 წლის ასაკში მწეველს ქრონიკული ავადმყოფობა ჩამოუყალიბდეს:

„რადგან დაავადებები მომენტალურად არ ვლინდება, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება. თუ ადამიანი ადრეული ასაკიდან არის მწეველი, უფრო ადრე შეიძლება გარდაიცვალოს, ვიდრე მისი არამწეველი მეგობარი. თანაც მარტო სიკვდილზე ხომ არ არის საუბარი, მათ არ ექნებათ ჯანსაღი ცხოვრება. საყურადღებოა ისიც, რომ თუკი სხვა ქვეყნებში ნაადრევი სიკვდილიანობის 10 პროცენტია თამბაქოსთან დაკავშირებული, ჩვენთან 22 პროცენტია. ამის შესახებ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მოზარდებს.“

„ჩვენ სიგარეტს ვეწევით მათ თვალწინ“

ფსიქოლოგები და პედაგოგები თანხმდებიან – სანამ მშობლები სიგარეტის მოწევას არ მიიჩნევენ პრობლემად და სიგარეტს ეწევიან ბავშვების თანდასწრებით, რთულია მოზარდების დარწმუნება სიგარეტის მავნებლობაში.

ღია თუ დახურულ სივრცეებში ხშირად ნახავთ მშობლებს, რომლებიც თავიანთი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ეწევიან. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში შეგიძლიათ ნახოთ როგორ ერთობიან უფროსები – პატარა ბავშვებს ანთებულ სიგარეტს უდებენ პირში და ფოტოს ან ვიდეოს უღებენ.

„პრობლემა არის მავნე მაგალითი. ე.წ. „როლ-მოდელი“, რომელიც უბიძგებს მოზარდს სიგარეტის მოწევისკენ“, – ამბობს ქეთი პაპავა, ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. მისი აზრით, ამ პრობლემას მარტო სკოლა, მშობლების დახმარების გარეშე, ვერ მოერევა.

„ყველა ინსტიტუცია – ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. ოჯახის მაგალითს ძალიან დიდი გავლენა შეუძლია მოზარდზე. ასევე სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან მარტო წესების დონეზე საკითხის მიტოვება პრობლემას ვერ მოაგვარებს. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისთვის სამაგალითო და ახლობელი ადამიანები – დედა, მამა, მასწავლებელი ეწევიან სიგარეტს, მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს ქეთი.

პირადი მაგალითის უპირატესობის სჯერა თამთა კვარაცხელიასაც: „როცა მშობელი ეწევა შვილთან, ეწევა მასწავლებელიც, სკოლაში არა, მაგრამ სხვა გარემოში – ქუჩაში, სახლში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ძნელია დაარწმუნო მოზარდი, რომ თამბაქო მავნებელია. პირადი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ არ სჯერა თაობას ჩვენი, რადგან ჩვენ ვეწევით მათ თვალწინ“.

„საქართველოში ბავშვები ლამის დაბადების მომენტიდანვე ხედავენ სიგარეტს“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა. იგი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოწევის ანტიკამპანია საქართველოში ზედმეტად სწორხაზოვანია.

„ცნობილი ფაქტია – როცა პირდაპირი მესიჯებით აწარმოებ კამპანიას, ეს არასდროს არ არის ეფექტური. მითუმეტეს მოზარდობის ასაკში, მოზარდებს პირიქით, ყველაფერი, რაც აკრძალულია – იზიდავთ.
ეს შეიძლება ჩანაცვლდეს იმით, რომ მოდური გახდეს სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. როცა ბავშვებს, მოზარდებს, არ ეყოლებათ ისეთი ცუდი როლური მოდელები, როგორებიც ხშირად ვართ მშობლები, სიგარეტის მოწევა მათთვის არ იქნება ჩვეულებრივი მოვლენა.“

რას აკეთებს სახელმწიფო

„მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არასრულწლოვანისთვის სიგარეტის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა არასრულწლოვნები ამბობენ, რომ სიგარეტს თავისუფლად ყიდულობენ. ამას სტატისტიკაც მოწმობს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოზარდთა 60 პროცენტი თავისუფლად ყიდულობს თამბაქოს ნაწარმს.

თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო წლებში? – ეს სტატისტიკა შემოსავლების სამსახურს უნდა ჰქონდეს. უწყებას სწორედ ამ კითხვით მივმართეთ, მაგრამ ინფორმაციის დროულად მიღება ვერ შევძელით. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ერთი იყო არასრულწლოვანზე თამბაქოს მიყიდვა, მეორე კი მეტროსადგურის ვესტიბულში თამბაქოს მოწევის ფაქტი. სახალხო დამცველი ამ მდგომარეობას სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობად აფასებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესრულების ვალდებულება საქართველომ 2006 წელს აიღო. თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში საქართველომ ყველა ვალდებულება 2018 წლამდე უნდა შეასრულოს. ამ ვალდებულებებში შედის თამბაქოზე ფასების ზრდა, ყველა ტიპის დახურულ შენობაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა, საჯარიმო სანქციების დაწესება, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მობილური აპლიკაციაც შეიმუშავა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩამოტვირთოს და გამოიყენოს თამბაქოსგან თავის დასაღწევად.

ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობამ, რომელიც ყოველწლიურად უნდა შემცირდეს, პირიქით, სამი პროცენტით მოიმატა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქეთევან გრიგოლია ამბობს, რომ სამინისტრო თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ორიენტირებულ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს ესეის, ნახატების და პოსტერების კონკურსი, რომელშიც ასობით ბავშვი ერთვება. გვაქვს წამახალისებელი პრიზებიც, რომ ბავშვების მოტივაცია ავამაღლოთ“, – გვეუბნება ქეთევან გრიგოლია. თუმცა დასძენს, რომ სამინისტრო არ იკვლევს, რა ეფექტი აქვს მის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს თამბაქოსთან ბრძოლაში.

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლაში ამ მიმართულებით მშობლებთან მუშაობას? ქეთევან გრიგოლიას თქმით, მშობელთა ჩართულობის პროგრამა ამ ეტაპზე შეჩერებულია: „ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რა სახეს მიიღებს ის“.

თამბაქოს ზიანის შესახებ ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის კურიკულუმშია შეტანილი, რაც გულისხმობს თამბაქოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას, სამოქალაქო განათლებაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში შეტანილია გაკვეთილები თამბაქოს ზიანის შესახებ. თუმცა პედაგოგებიც და მოზარდებიც ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. „ერთი ან ორი გაკვეთილით მოზარდების ცნობიერება არ შეიცვლება. საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება და უფრო ეფექტურად“, – ამბობს პედაგოგი ქეთი პაპავა.

ლელა დუმბაძის ფოტო
ლელა დუმბაძის ფოტო

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები

მოძრაობა „სიგარეტისგან თავისუფალი ბავშვების~ 2015 წლის კვლევების მიხედვით, აშშ-ის სკოლებში ბოლო 25 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუკი 1991-1999 წლებში თამბაქოს მოხმარება 12.7-16.8 პროცენტი იყო, 1991-2015 წლების მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება 3,4 პროცენტამდე შემცირდა.

თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, აშშ-ის სკოლებში დანერგილია საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოიცავს ყველა ასპექტს, რასაც იწვევს თამბაქოს მოხმარება, როგორ აისახება ის ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქართველი მოსწავლე ლია დეკანაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში, კანზას სიტიში „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება, გვიყვება, რომ აშშ-ის სკოლებში თამბაქოს სპორტის პოპულარიზაციით ებრძვიან.

„მოსწავლეებს ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა თამბაქოზე და კანონით 21 წლამდე აკრძალულია მოზარდისთვის თამბაქოს მიყიდვა. თამბაქოზე გაზრდილია ფასები, შესაბამისად, თინეიჯერებისთვის რთულია მისი ყიდვა.

გარდა ამისა, სკოლებში ატარებენ სემინარებსა და ტრენინგებს თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარების უარყოფით შედეგებზე. მოდიან და გვესაუბრებიან ჩვენი ასაკის თინეიჯერები, თუ როგორ არ უნდა გავხდეთ თამბაქოზე დამოკიდებული. სპორტის მასწავლებლები ყველანაირად მხარს უჭერენ და ეხმარებიან მოზარდებს, რომ სპორტით დაკავდნენ და დაძლიონ მავნე ჩვევები“.

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ღონისძიებასაც დაესწრო. ამ სკოლაში 1500-მდე ბავშვი სწავლობს, თუმცა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიას 30-მდე მოზარდი ესწრებოდა. რამდენიმე მოსწავლე თამბაქოს საწინააღმდეგო თემას დაფაზე ხატავდა. ბიჭების ერთი ჯგუფი აღიარებდა, რომ ადრე ეწეოდა, გოგონები – არა, თუმცა ამბობდნენ, რომ მათ კლასში „დიდი პროცენტი მწეველია“.

სკამებზე, რომლებზეც მოზარდები ისხდნენ, შავ-თეთრი ფურცლები იდო თამბაქოს საწინააღმდეგო მესიჯებით. არც ერთ მოსწავლეს ეს ფურცლები თან არ წაუღია.

ლელა დუმბაძის ფოტო
ლელა დუმბაძის ფოტო

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში. 

სამედიცინო მომსახურება უფასოდ – აქცია ბათუმში

9-11 ივნისს აჭარის ონკოლოგიურ ცენტრსა და რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმთა ლიგის ორგანიზებით სამედიცინო აქციები გაიმართება.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბათუმის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ უსასყიდლოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 9 ივნისს ადგილობრივი ექიმებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მისი მართვის პრინციპები, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მართვის თანამედროვე მენეჯმენტი.

10 ივნისს კი ლიგის ორგანიზებით ჩატარდება მოსახლეობის უფასოდ გასინჯვის აქცია შემდეგი დაავადებების მიხედვით:

[checklist]

  • პულმონოლოგია,
  •  გასტროენტეროლოგია,
  • ალერგოლოგია,
  • კომპიუტერული სპირომეტრია,
  • დერმატოლოგია,
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგია
  • რევმატოლოგია.

[/checklist]

ხოლო 11 ივნისს ექიმთა ლიგის დამფუძნებელი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ბარბარე ბეზარაშვილი რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში განახორციელებს პაციენტების მიღებას შემდეგი მიმართულებებით:

[checklist]

  • ალერგოლოგია-ბრონქული ასთმა,
  • ალერგიული რინიტი,
  • ალერგიული კონიუქტივიტი,
  • ჭინჭრის ციება,
  • კვინკეს შეშუპება,
  • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები,
  • კომპიუტერული სპირომეტრია.

[/checklist]

 

 

 

 

 

 

 

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების სემინარს სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეები დაესწრნენ

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების  პროგრამის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენაჩუნების ხელშეწყობა, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მუდმივი მონიტორინგია.

evro

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში   მიმდინარე სემინარს დაესწრნენ სკოლა  ევრო-2000–ის მოსწავლეები  ანაკლიაში, 2017 წლის 24 მაისს.

სემინარის დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისა და  ამოცანების შესახებ.

სემინარის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, რომელიც ძირითადად შეეხებოდა შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას,  მის ფლორას,  ფაუნას და  ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევებს.

evro4

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეები გავედით ანაკლიის სანაპირო ზოლში, სადაც უშუალოდ განხორციელდა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც  იმდენად საინტერესოდ  მიმდინარეობდა, რომ  ვერც კი შევამჩნიეთ, დრო რა სწრაფად გავიდა, მაგრამ ეს დრო მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს მომავალზე,  ზღვა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არა მარტო თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბითაც.

3

600-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 586 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 472 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 80 – ნიშანში დგომის გამო, 14 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 16 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

მთავრობა სოფელ კობალთაში მცხოვრები ოჯახების განსახლების გეგმას განიხილავს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, საბძელათის უბანში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება განსახლების გეგმას განიხილავს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით, საუბნო გზა, რომლითაც 10 ოჯახი გარე სამყაროს უკავშირდება, მაღალი რისკის შემცველია, ალტერნატიული გზის გაყვანის შანსი კი, თითქმის არ არსებობს.

„მართალია, გზის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ ეს დროებითია, ისეთი ეროზირებული ადგილია, ხიდიც რომ გავაკეთოთ, დიდია ხიდის წაღების შანსიც. რაც შეეხება ამ 10 ოჯახმადე ალტერნატიული გზის გაყვანის იდეას, ესეც უპერსპექტივოა. ვიდრე დაზამთრდება და მოსახლეობა მთიდან დაბრუნდება, ჩვენ ამ გზის პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ მოსახლეობას, გეოლოგებმა, სამთავრობო კომისიამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. მართალია საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გზა, სადაც მთა იშლება, ამ ოჯახებისთვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა. გზაზე მუდმივად გადაადგილდება მოსახლეობა და ფატალური შემთხვევა თავიდან რომ ავიცილოთ, არ გამოვრიცხავთ ამ ოჯახების განხილვას სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, რომლითაც მათი განსახლება მოხდება,“ – ამბობს გამგებელი.

სოფელ კობალთაში მეწყერი 29 მაისს განვითარდა, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ საუბნო გზა ჩაკეტა. მეწყერი განმეორებით 31 მაისს განვითარდა, რამაც საუბნო გზასთან ერთად შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზაც ჩაკეტა

ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის თანხის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახები, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებენ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ განსახლების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები 61 მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახიდან ორს, ბინა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. რაც შეეხება დანარჩენ 59 ოჯახს, გამგებლის ინფორმაციით ყველა მათგანი 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებს.

დაზარლებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის შესაძენად 25 000 ლარს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფს.

„სამთავრობო კომისიამ, თხილვანის თემაზე მუშაობა დაასრულა, მოსახლეობის მოთხოვნა, საცხოვრებელი სახლების შესაძენად მიეღოთ 25 000 ლარი, დაკმაყოფილდა. ორშაბათიდან დაიწყება თანხის გაცემა – 25 000 ლარის ოდენობით საცხოვრებელი სახლის შესაძენად. რაც შეეხება დროებით, სეზონურ მაცხოვრებლებს, სახელმწიფომ დახმარება რომ გაუწიოს, მიეცათ რეკომენდაცია დარეგისტრირდნენ სახელმწიფო პროგრამებში – აცხადებს გამგებელი და დასძენს, რომ ამ დროისთვის სოფელში ვითარება სტაბილურია – ვითარება სტაბილურია, მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, უხვი ნალექის შემთხვევაში რისკები არსებობს“.

ამავე თემაზე: ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე ორგანიზაცია ეტაპობრივად აცხადებს. დელფინებისა და ზღვის ლომების საკვებად ორგანიზაცია გაყინულ თევზს ყიდულობს [მოივა; სტავრიდა; ქაშაყი; შპროტი; ხეკი; სკუმბრია]. „ყველა დასახელებული თევზი არის ურთიერთშემცვლელი და გამოსადეგია შემსყიდველი ორგანიზაციის ზღვის ძუძუმწოვართა საკვებად“, – აცხადებენ „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“.

შესყიდვების სააგენტომ  პასუხი კვლევით ცენტრს 13 ივნისამდე უნდა გასცეს.

3500 კგ გაყინული თევზი, ორგანიზაციის ინფორმაციით, 17 დღის საკვები მარაგია. ეს ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც საჭიროა ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი დელფინებისა და ზღვის ლომების გამოსაკვებად, მიმდინარე 2 ტენდერიდან ერთ-ერთის დასრულებამდე.

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“ ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებული აქვს 10 ტონა გაყინული სელდის შეძენაზე [სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი] და ასევე 10 ტონა გაყინულ მოივას შეძენაზე – საწყისი ღირებულება 29 ათასი ლარი.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინებსა და ზღვის ლომებს საკვებად დღეში 205 კგ გაყინული თევზი სჭირდებათ.

დელფინებისა და ზღვის ლომების სახელები და მათთვის თევზის დღიური ნორმა

დელფინარიუმში დღეს 4 ზღვის ლომია. მათი დღიური კვების [თევზის] რაციონი კი ჯამში 49 კგ-ია. რაც შეეხება დელფინებს, 17 დელფინის კვების დღიური რაციონი 156 კგ-ია.

racionn 1
2017 წლის 14 აპრილის მდგომარეობით / წყარო: შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, 2017 წლის მაისის თვიდან რაციონში შევიდა ცვლილებები, რაც გამოწვეულია სამხრეთ აფრიკული ზღვის ლომის 5 ნაშიერის გაყიდვით. შესაბამისად, ზღვის ლომების დღიური რაციონი შემცირდა 49 კილოგრამამდე.

აუქციონზე გაყიდული ზღვის ლომები

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა“ მის საკუთრებაში არსებული, ადგილზე დაბადებული 5 სული ზღვის ლომი [OTARIA FLAVESCENS] აუქციონზე 101 ათას ევროდ [292 ათას 304 ლარი და 10 თეთრი] გაყიდა. აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა.

აუქციონზე გაიყიდა:

[crosslist]

  • ზღვის ლომი „პელე“- სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:22.07.2015 წელი; წონა  39 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „გიგი“ -სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:11.07.2013  წელი; წონა  80 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „ჯონი“ -სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:21.07.2015  წელი; წონა  30 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „გუდუ“– სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი:19.07.2012  წელი; წონა  110 კილოგრამი;
  • ზღვის ლომი „სოსო“– სქესი მამრობითი; დაბადების თარიღი: 28.07.2014  წელი; წონა  64,9 კილოგრამი.

[/crosslist]

download (1)ზღვის ლომები, როგორც ბათუმის დელფინარიუმში გვითხრეს, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მდებარე გელენჯიკის დელფინარიუმმა შეიძინა. დელფინარიუმში ისიც გვითხრეს, რომ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომი წითელ წიგნში არ არის შეტანილი და ამასთან 5 და მეტი მამალი ზღვის ლომის ერთად გაჩერება უკვე საშიში იყო. დელფინარიუმში ამბობენ, რომ ზღვის ლომები კიდევ გამრავლდებიან.

რაც შეეხება დელფინებს, მათი არც გაყიდვა შეიძლება და არც გამრავლება შექმნის პრობლემას – ამბობენ ბათუმის დელფინარიუმში.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინების შოუ – ყოველდღე [ორშაბათის გარდა] 16:00 საათზე იმართება და ბილეთის ფასი – 15 ლარია.

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ 100%-წილის მფლობელი, შესაბამისად, ბათუმის დელფინარიუმის მესაკუთრე ქალაქ ბათუმის მერიაა.

45255
ბათუმის დელფინარიუმი / ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან

 

გაერთიანებული სამეფოს არმიის ორკესტრი ბათუმში

18 ივნისს ექვს საათზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ორკესტრი „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“-ი ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავს, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

ბათუმის გარდა, 16 ივნისს ბენდი კონცერტს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლო ორკესტრთან ერთად თბილისშიც გამართავს.

ბრიტანული სამხედრო ბენდი კონცერტებს საქართველოში ყოველწლიურად ატარებს, კონცერტებზე სამხედრო მარშები და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებები სრულდება.

საქართველოში ბენდის მიერ ჩატარებულ კონცერტებს მთლიანად აფინანსებს თბილისში არსებული ბრიტანეთის საელჩო.

„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“-ი გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად დაერქვა.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება [ფოტო]

აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  მიმდინარე წელს  დაიწყო ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების კერძოდ: ქ.ბათუმში დ.თავდადებულის ქ.N35, მაზნიაშვილის ქ.N6/მ.აბაშიძის N15, ზუბალაშვილის ქ.N38, კომახიძის ქ.N4, ჟორდანიას ქ.N14 , გორგასალის ქ.N24-ში მდებარე სახლების და ქ.ქობულეთში მდებარე ,,ეფენდიევის ვილის’’ რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (ბიუჯეტი 229000 ლარი), რის შემდეგაც მოხდება უძრავი ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაცია.

კონკრეტული ობიექტების შერჩევას საფუძვლად დაედო 2015 წელს განხორციელებული ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგები, რითაც სააგენტოს  შესაძლებლობა მიეცა გაეთვალისწინებინა კონსტრუქტორების  რეკომენდაციები   და მოეხდინა იმ კონკრეტული ძეგლების შერჩევა,   რომლებიც პირველ ეტაპზე საჭიროებდნენ   სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

კომახიძის ქუჩა #4
კომახიძის ქუჩა N4
ზუბალაშვილის ქუჩა #38
ზუბალაშვილის ქუჩა N38

სააგენტოს 2017 წლის ამოცანაა რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მესაკუთრეთა თანამშრომლობის კოორდინირებით და შესაბამისი ფინანსური სახსრების მობილიზებით 2017-2020 წლებში ბათუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების იმდაგვარი დაგეგმვა, რომ 2020 წლისათვის ბათუმში მინიმუმამდე იყოს შემცირებული ფიზიკური გადარჩენის საფრთხის მატარებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობა.

ჟორდანიას ქუჩა N14
ჟორდანიას ქუჩა N14
ეფენდიევის ვილა
ეფენდიევის ვილა
გორგასალის ქუჩა N24
გორგასალის ქუჩა N24
მაზინაშვილის ქუჩა N6
მაზნიაშვილის ქუჩა N6

რა ღირს გართობა ზღვაზე

ბათუმის პლაჟზე დამსვენებლების რაოდენობის მატებასთან ერთად, სხვადასხვა გასართობიც გამოჩნდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი ზღვაში გასეირნებაა. ბათუმის პორტში სასეირნო გემი დგას, გემით გასეირნების ფასი ერთი ადამიანისთვის 10 ლარია – 30 წუთი. უფრო ძვირი – 50 ლარი ღირს კატერტით გასეირნება, ხოლო ვისაც იახტით უნდა ზღვაში ნახევარი საათით გასეირნება, 250 ლარი უნდა გადაიხადოს [იახტაზე მაქსიმუმ 22 ადამიანი შეიძლება განთავსდეს].

უკვე შეიძლება პარაშუტით დაშვება ზღვაზე – ამ სერვისის ღირებულება 70 ლარია, ხოლო თუ დელტაპლანით ფრენა გსურთ, მაშინ 100 ლარი უნდა გადაიხადოთ [30 წუთი].

სანაპიროს მთლიან ზოლზე დამსვენებელს შეუძლია იქირაოს შეზლონგები, რომლის ღირებულება 3 ლარია.

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამსვენებელს ველოსიპედების ქირაობაც შეეძლება – ნახავარი საათით ველოსიპედით გასეირნება 3 ლარი ღირს, ელექტრომოპედით – 40 ლარი (2 ადამიანისთვის), ხოლო ოთხკაციანი ველოსიპედით – 25 ლარი.
19024670_393809357686745_1595959885_o

19024370_393808251020189_1640616161_o

19022641_393809321020082_1466021906_o

19022576_393808711020143_18259308_o

18987766_393808747686806_1519454648_o

19022356_393809347686746_1520125888_o

შუშის ორსართულიანი კონსტრუქცია ძმები ნობელების მუზეუმზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს შუშის ორსართულიან კონსტრუქციას მიაშენებენ. საამისოდ ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯება.

ძმები ნობელების მუზეუმის პროექტი, რომელიც შუშის კონსტრუქციის გარდა კაფესა და ეზოს მოწყობასაც ითვალისწინებს, შემოდგომაზე იქნება მზად.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ამ სამუშაოების შემდეგ მუზეუმი ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, თუმცა ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ჯერ უცნობია – „ჯერ პროექტის კორექტირება მიმდინარეობს და გამოვლენილი არ არის გამარჯვებული,” – ამბობს ნინო ჯაფარიძე, სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის “ბათუმის კანტორა”. მუზეუმში დაცულია ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი 2000-მდე ექსპონატი.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი დღეს
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი დღეს

შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რა ოდენობის პრემიებს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – ამ ინფორმაციას უწყება ისევ მალავს. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გაცემა შს სამინისტროს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა, თუმცა ეს სულაც არ უშლის უწყებას ხელს, კვლავაც დაარღვიოს კანონი.

2017 წლის 16 იანვარს „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციას, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღისა, შსს-მ 6-თვიანი დაგვიანებით უპასუხა, თანაც მხოლოდ ერთი ციფრი მოგვაწოდა და გვითხრა, რომ პრემიების რაოდენობა გასულ წელს ჯამში 12 მილიონ 161 236 ლარი იყო.

რატომ მალავს უწყება პრემიების შესახებ ინფორმაციას? – რა თქმა უნდა, უწყებაში ამ კითხვაზე პასუხი  არასდროს არ გაუციათ. სავარაუდო პასუხები შეიძლება ვიპოვოთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის 2016 წლის შემოსავლების შესწავლის გზით. გიორგი მღებრიშვილის მოადგილეს, შარშან, ყოველთვიურად თვეში საშუალოდ 14026 ლარი აქვს აღებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს, რადგან პრემიების შესახებ ინფორმაცია თანამდებობის პირებზე არის საჯარო“, – მიიჩნევს ნინო ცუხიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, უწყებას მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების პრემიებზე შეიძლება გასცეს დაჯამებული მონაცემი, ვინც თანამდებობას არ იკავებს.

იურისტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო ინფორმაცია დაინტერესებულ პირს მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიაწოდოს.

ანალოგიურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელები“ 2013 წელსაც ითხოვდა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამართლებრივი მხარდაჭერით „ბათუმელების“ სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ უზენაესმა სასამართლომაც დაავალდებულა შს სამინისტროს ინფორმაციის გაცემა.

მიუხედავად ამ გამოცდილებისა, შს სამინისტრო მაინც მალავს უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას.

shssssss

მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების მონიტორინგი დაიწყო

საკარანტინო მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების ოდენობის დასადგენად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად, აჭარის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ფერომონები განათავსა და მონიტორინგი დაიწყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, აჭარაში 400 -ზე მეტი ფერომონი ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებში უკვე განთავსდა. ფერომონი თანაბარი ოდენობით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაიდგა, აზიურ ფაროსანაზე მონიტორინგი რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების ოდენობას ფერომონებით ყოველდღიურად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები დაითვლიან. „მონიტორინგის ვადის წინასწარი განსაზღვრა ძალიან რთულია, იმ შემთხვევაში თუ, მაღალი ატმოსფერული ნალექი არ გამოვლინდება, მონიტორინგი ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება, მონიტორინგის შემდეგ სპეციალური ანგარიში მომზადდება, საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმება გასატარებელი ღონისძიებები“.

 

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება”

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე ამბობს: “ეს უფლება საქართველოს პარლამენტის წევრებს გააჩნიათ, აჭარას კი არ აქვს. ჩვენ გვაქვს უმაღლეს საბჭოში  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია და რეალურად  ამ კომისიას ეს  უფლება აუცილებელია რომ ჰქონდეს, რადგან უამრავი განცხადება შემოდის და უფლებამოსილების არქონის გამო, რეაგირებას ვერ ახდენს კომისია. ამიტომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო და ეს კომისია ადამიანის უფლებების დაცვის მიამრთულებით და განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების უფლებების დაცვის მიამრთულებით, უფრო ეფექტურად იმუშავებს”.

გასულ თვეში ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში პატიმრები წერდნენ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.

რა ბერკეტები აქვს უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს რეალურად გაარკვიოს სიტუაცია და მოახდინოს რეაგირება დარღვევის არსებობის შემთხვევაში – ცოტნე ანანიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის მიღების უფლება აქვს: „უმაღლესი საბჭოს წევრებს უნდა გვქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებამოსილება. ამის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის საბჭომ მოამზადა და პარლამენტს მიმართა, თუმცა ჯერ ეს არ განუხილავთ. როდის განიხილება, არ ვიცი“.

გია აბულაძის თქმით, კანონპროექტი წარდგენილია უმაღლეს საბჭოში და დაიწყება რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვა “ბიურომ უნდა ჩანიშნოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის ვადები” – ამბობს ის.

ამავე თემაზე: პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა.

„გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან.

„წერილი ფოსტას რომ ჩაბარებოდა, მოვიდოდა ჩემთან, ან უკან დაბრუნდებოდა,“ – განმარატავს ადვოკატი მალხაზ ზოიძე. ის არ გამორიცხავს, რომ პატიმრის საჩივარი ციხის ადმინისტრაციამ შესაძლოა მიზანმიმართულად არ გამოაგზავნა: „პატიმარმა რაც მიკარნახა ქვითარზე მითითებული კოდი, იმით ფოსტაში წერილი ვერ მოიძებნა. მითხრეს, რომ ქსელში მსგავსი წერილი არ არის. მსჯავრდებულს როცა ვინახულებ, ამ ქვითარს გამოვართმევ და მერე იმედია, გავარკვევთ, დაირღვა პატიმრის უფლება, თუ ტექნიკური პრობლემაა. სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც გაუგზავნა იმ დღეს პატიმარმა წერილი და ისიც არ მისულა ადრესატამდე.“

სახალხო დამცველის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაინტერესდებიან ამ კონკრეტული შემთხვევით, თუმცა აქამდე არ დაუფიქსირებიათ შემთხვევა, როცა ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მისულიყო.

მსჯავრდებულები კახა მ. და ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში სამედიცინო მომსახურების პრობლემებზე საუბრობენ. ეს პატიმრები ხშირად აგზავნიან წერილებს მსგავსი შინაარსით. სასჯელაღსრულების სამინისტროს ამჯერად ვკითხეთ: სწავლობს თუ არა მონიტორინგის სამსახური სამედიცინო მომსახურების ხარისხს და რა დარღვევებია დაფიქსირებული.

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ნებისმიერი საჩივრის საფუძველზე უწყების გენერალური ინსპექცია ავტომატურად იწყებს სამსახურებრივ შემოწმებას.

„მსჯავრდებულ ფ.ჯ.-ს  მიერ არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ ყველა მომართვაზე ჩატარებულია სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება. შედეგად რაიმე სახის გადაცდომას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წერილობით პასუხში.

რაც შეეხება კახა მ.-ს, სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება.

კახა მ.-ს საჩივარს აქამდე ხშირად უარყოფდა სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა გასული წლის ბოლოს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ უშუალოდ კახა მ.-ს შემთხვევაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა და ერთ-ერთ ექიმს ლიცენზია შეუჩერა.

გართობა უფასოდ – ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

9 ივნისს, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში, „ალი და ნინოს“ ძეგლთან, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მუსიკალურ შოუს გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, სანახაობა -„ზაფხული იწყება აქ“ -სპეციალურად საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ელექტრონულ მუსიკას . წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: Friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული.

„პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია ბარი და კაფეები – Radio Bar-ი, Pipes Burger Joint-ი, Pirate Bay Bar-ი, Cold Bar-ი, Martini Bar-ი, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.“

ოფიციალური ინფორმაციით, დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის ველომარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანების შოუ, დღის ფეირვერკი. ბავშვებს მოუხატავენ სახეს, იქნება ქვაზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები.

სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დღეს კლუბ „მანდარინის“ მიმდებარედ  უფასო იქნება შეზლონგები და ქოლგები.

„6-დან 7-საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები – სკუტერი, პარაშუტი და იახტები  უფასო იქნება. „საღამოს პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება“-ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

დღეს, 8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ანონსი ქუჩის კონცერტით დაწყება.

ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან (13:00 საათზე) და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ.

 

უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში

აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯა – 6013,48 ლიტრი [შედარებისთვის: თებერვლის თვის ხარჯი იყო 4580,07 ლიტრი, აპრილის თვის კი – 5624,48 ლიტრი]. მიუხედავად იმისა, რომ 11-12 მარტის აქციის დროს ბათუმში უმაღლესი საბჭოს ერთი ავტომანქანა დაიწვა, საწვავის ხარჯზე ეს არ ასახულა.

უმაღლეს საბჭოს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. როგორც მან განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო.

ავტომანქანა, რომელიც მარტის აქციის დროს დაიწვა ცოტნე ანანიძეს ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, ცოტნე ანაიძეს ავტომანქანა მაინც ემსახურებოდა [სახ/ნომ: MAL 977]. შესაბამისად, დეპუტატი მისთვის გამოყოფილი საწევავის ლიმიტითაც სარგებლობდა, საიდანაც მარტის თვეში გახარჯა – 247 ლიტრი საწვავი, აპრილში – 282,98 ლიტრი, ხოლო მაისში – 218 ლიტრი.

მაისის თვის მონაცემებით ყველაზე მეტ საწვავს კვლავ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ხარჯავს. თავმჯდომარეს 2 ავტომანქანა ემსახურება და მათზე გაცემულმა საწვავის რაოდენობამ მაისში 799,98 ლიტრი შეადგინა.

თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯული აქვს ვლადიმერ მგალობლიშვილს – 400 ლიტრი. თითქმის ამდენივე საწვავი აქვთ გახარჯული: ელგუჯა ბაგრატიონს – 399,99 ლიტრი, დავით ბაციკაძეს და ილია ვერძაძეს – თითოეულს 399,98 ლიტრი, ვახტანგ წულაძეს – 399,87 ლიტრი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელს.

„გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა გასულ თვეში დეპუტატმა. მისი განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც გვიან დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ რაოდენობის საწვავს აღარ დახარჯავდა: „სულ ვამბობდი, რატომ იხარჯება ამდენი-მეთქი და მპასუხობდნენ, რომ ძველია მანქანა და ამიტომ ხდებაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასდიოდა.“

მიუხედავად დეპუტატის ამ განცხადებისა, იგივე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, მაისის თვეში არათუ ნაკლები, პირიქით ოდნავ მეტიც კი დახარჯა: 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში.

„ბათუმელები“ დავით ბაციკაძეს ამჯერადაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, თუმცა მაისში საწვავის ხარჯის ოდენობას დეპუტატი იმით ხსნის, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში:  „ქუთაისში ვიყავი ოთხჯერ, ხოლო თბილისში სამჯერ…  მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“.

გარდა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, უმაღლეს საბჭოში 4 მორიგე ავტომანქანაზე მაისის თვეში გაცემულია 1355,99 ლიტრი საწვავი.

sawvavi

სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., სარფში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

აჭარის მთავრობის პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში

რეგიონის ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და გზების კეთილმოწყობის მიმართულებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელს ხშირად სტუმრობს. გასულ დღეებში, ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაცია მოიარა, მათ შორის სხალთისა და ღორჯომის ხეობა, კურორტები ბეშუმი და გოდერძი, ხულოს რამდენიმე სოფელი. მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო სხვადასხვა დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტს.

ხულოში დასუფთავების ახალი პროექტი ამოქმედდა

2017 წლის ზაფხულიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის 40 სოფელში 90 ნაგვის ურნა განთავსდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სპეციალური ტექნიკით განხორციელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს ცენტრში თემასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას დაესწრო და სოფლებიდან მყარი ნარჩენების გასატანად განკუთვნილი ორი მაღალი გამავლობის სპეციალური ავტომობილი დაათვალიერა. მათ შეძენაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის – 65 ათასი ლარი გაიხარჯა.

მსგავსი პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში უკვე აქტიურად მუშაობს.

[checklist]

  • პროგრამის მეშვეობით აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხელოვნური ნაგავსაყრელების არსებობის პრობლემა მოიხსნება.

[/checklist]

sandasuftaveba (1)

sandasuftaveba (3)

 

 

 

 

 

 

ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები ხულოს მაღალმთიანი ხეობებისთვის

2 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ტოიოტა „ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა.

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი.

[checklist]

  • მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადიგადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.

[/checklist]

,,დღეს მხვდა წილად ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში – 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი და გაღებული ხარჯი იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სერვისების გაუმჯობესება და  დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

[checklist]

  • ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. სამედიცინო წესით აღჭურვილი 11 მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა: ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადასცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიეტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა  გადასცა სარგებლობაში.

[/checklist]

saswrafos mankanebis gadacema (4)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობაში განახლებულ კულტურის სახლს ეწვია. სხალთის კულტურის სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის 159 157 ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სახლს 130 ადამიანზე გათვლილი დარბაზი ექნება,  სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი შეკრებების და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. განახლებული კულტურის სახლის გახსნას ხეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძე მათ მიესალმა და მთავრობის მიერ მაღალმთიანი აჭარის განვითარების  შესახებ ესაუბრა.

[checklist]

  • როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი სკოლების, ბაღების, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკური ცენტრების, ისე გზების მშენებლობას.

[/checklist]

sxlatis kulturis saxli (2)

sxlatis kulturis saxli (1)

ხულოში გზების მოწყობისთვის 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 5,5 მილიონ ლარზე მეტი. ამჟამად მიმდინარეობს დიდაჭარა-საციხური-გელაურა და ხულო ძირკვაძეების ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამსაზდებელი სამუშაოები. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ახალი საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოებზე ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს მიმართულებით. მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ასევე დანისპარაული-ველათის გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია,  44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების (ფერდსამაგრი კედელი, გაბიონი, სანიაღვრე არხი) მშენებლობა-მოწყობა,  17 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და 19 კმ. (6200 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა.

მთის კურორტების განვითარება მაღალმთიან აჭარაში

დიდთოვლობისა და ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, კურორტებზე ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს გამგებელთან და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მთის კურორტები “გოდერძი” და “ბეშუმი” დაათვალიერა.

კურორტ „გოდერძზე ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კომპანია „ალიანსის“ მიერ  რვასართულიანი თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა. ზაფხულის სეზონზე დაგეგმილია კიდევ 2 საინვესტიციო პროექტი, რომლებსაც მსხვილი ინვესტორი კომპანიები „მეტრო ატლას ჯორჯია“ და  „ალიანსი“ განახორციელებენ.

კურორტ «გოდერძი რისორტის“ სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კერძოდ,  1761 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ახალი გზა. შიდა გზის მოსაწყობად დაიხარჯება 2 მილიონ 500 ათასი ლარი. კურორტის შიდა კომუნიკაციისა და უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, საცხენოსნო მომსახურების განვითარების მიზნით, კურორტის დამსვენებლებისთვის მოეწყობა საჯინიბო.  ამ ეტაპზე კურორტზე 6 კოტეჯია, ორ მათგანში მოეწყობა სპორტული სივრცე.

goderdzi1 (2)

ზურაბ პატარაძემ „გოდერძი რისორტის“ დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე კურორტის განვითარებაში. მისი თქმით,  საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 29-კილომეტრმიანი მონაკვეთის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

[checklist]

  • კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართულმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. კურორტის განვითარების არეალი – 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით “გოდერძი” ერთდროულად 7 000 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. განაშენიანების რეგულირების გეგმით კურორტზე დასასვენებელი, სპორტული და სარეკრეაციო ადგილები განისაზღვრა.

[/checklist]

პირველად, კურორტ „ბეშუმს“ ასფალტის საფარიანი გზები ექნება

ზურაბ პატარაძემ ხულოში ყოფნისას კურორტ ბეშუმსაც ეწვია და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. გზის, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების  პირველი ეტაპი კურორტზე გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს ტარდება მეორე ეტაპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც კურორტზე დარჩენილი გზების მოასფალტებას და კეთილმოწყობას გულისხმობს.

[checklist]

  • ასფალტის საფარიანი გზების მოწყობა ბეშუმის არსებობის მანძილზე პირველად ხორციელდება.

[/checklist]

ივნისის ბოლოს აღნიშნული პროექტი მთლიანად დასრულდება. რაც შეეხება ელექტრომომარაგების საკითხებს, მიმდინარეობს ძირითადი მაგისტრალების რეაბილიტაცია. კურორტზე მოეწყო საკონცერტო სცენა და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.კურორტზე მდგომაროება ჯანდაცვის კუთხითაც გაუმჯობესდა. ამბულატორიის ექიმებს ახლახან გადაეცათ მაღალი გამავლობის ახალი სამედიცინო ავტომანქანები, რომლებიც  24-საათის განმავლობაში მოემსახურება ბეშუმს და მიმდებარე იალაღებს.

[checklist]

  • უნიკალური ჰავითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ კურორტ ბეშუმს ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლები სტუმრობრობენ, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება უცხოელი ტურისტების სიმრავლეც. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის ამაღლება ტურისტების ზრდის ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

[/checklist]

kurorti beshumi (2)

სკოლების და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია- აჭარის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან სოფლებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხულოში, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, აქტიურად ხორციელდება  საბავშვო ბაღებისა და სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტები.

ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო  სკოლაა. წელს სამინისტროს პროგრამით  ხულოში 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დასრულდება აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა. სამინისტროს პროგრამით ასევე,  უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სკოლების მშენებლობა სოფლებში ტუნაძეები და განახლება. დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. კერძოდ, ოქრუაშვილების, უჩხოს, რიყეთის, ბოძაურის, ქვედა ვაშლოვანის, დიაკონიძეებისა და წაბლანის.

წელსვე, შეძენილი იქნება დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განხორციელდება 2018 წელს. სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, 2018-2019 საწავლო წლისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ძირითადი  სამუშაოები დასრულებული იქნება.

მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მიმდინარე წელს დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათ შორის: ვერნების, ფაჩხის, კორტოხის, თხილვანის და მეკეიძეების საბავშვო ბაღები.

kedlebis bagi

მიმდინარე პროცესშია 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია: ზედა ვაშლოვანის საბავშვო ბაღი (მოემსახურება 930 მაცხოვრებელს, ბეღლეთის საბავშვო ბაღი (მოემსახურება 950  მაცხოვრებელს), ბოძაურის საბავშვო ბაღი (მოემსახურება 890 მაცხოვრებელს), უჩხოს საბავშვო ბაღისა და სოფლის კლუბის შენობის რეაბილიტაცია (მოემსახურება 680 მაცხოვრებელს).

[checklist]

  • ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ყველა სახელმწიფო პროექტი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კურორტების განვითარებას ემსახურება, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

[/checklist]

აჭარის მთავრობა

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც მიიღო ახალთახალი მინიკუპერის სახით.

„ომეგას დარჩა  სახელმწიფოებრივი აზროვნება, იფიქროს რა გააკეთოს ბიზნესისთვის, რა გააკეთოს ქვეყნისთვის, რა გააკეთოს ხალხისთვის. მე გამოვიკვლიე, რომ მთავრობა და უმაღლესი საბჭო აპირებს გადაცემას კონკრეტულ პიროვნებაზე, ცოტნე ანანიძეზე და თუ ნებას მომცემს, დავეკითხები მთავრობის მეთაურს, მე პირადად გადავცემდი დიდი სიამოვნებით ჩემ შეძენილ ავტომობილს, რომელიც პირველად გაიყიდა აჭარაში. ეს არ არის პოლიტიკური, არის მხოლოდ პირადული მხარდაჭერა“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა დეპუტატ ცოტნე ანანიძისათვის ავტომობილის გადაცემისას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ცოტნე ანანიძის სამსახურეობრივი ავტომობილი ბათუმში 11-12 მარტის აქციის დროის დაწვეს.

„ეს არის საუკეთესო პასუხი 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც გაანადგურეს სახელმწიფო ქონება. დღეს ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა ამ ცენტრში [„ომეგა მოტორსი“] პირველი ეს ავტომობილი შეიძინა და შემდგომში გადმოგვცა ჩვენ [აჭარის უმაღლეს საბჭოს]. ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს“ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისთვის. პასუხი, რომელიც 11 მარტის მოვლენებთან მიმართებაში არის ძალიან ორიგინალური,“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ საჩუქრის მიღების შემდეგ.

რაც შეეხება მინიკუპერს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს აჩუქა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის თქმით, მისთვის ეს საჩუქარი სიურპრიზი იყო.

„ჯერ ეს მანქანა გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს, ამის შემდეგ მოხვდება ტურიზმის დეპარტამენტში. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის სურპრიზი იყო ეს ამბავი, თუმცა დამერწმუნეთ, ეს იქნება სახელმწიფო ქონება, ტურიზმის დეპარტამენტის ბალანსზე  და გამოვიყენებთ. ახლა რაც შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგი სარეკლამო საშუალება არის ტურიზმის დეპარტამენტისთვის. მე არ ვაპირებ  მის გამოყენებას პირადი საქმიანობისთვის, სამსახურეობრივი მანქანა უკვე მყავს. გამოიყენებს ტურიზმის დეპარტამენტი და გამოიყენებს აბსოლუტურად საქმიანად“, – განაცხადა სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ნაჩუქარი ავტომობილით სეირნობისას
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ნაჩუქარი ავტომობილით სეირნობისას.

ბათუმში სადილერო ცენტრის გახსნის  ცერემონიაზე, ორი ავტომობილის – BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის პრეზენტაცია მოეწყო.

 

ცოტნე ანანიძე ნაჩუქარ ავტომობილთან
ცოტნე ანანიძე ნაჩუქარ ავტომობილთან

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას.

შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 პროცენტიან წილს მერია ფლობს. საკუთარი შემოსავლების გარდა, „ბათუმის წყალი“ ფინანსდება ბიუჯეტიდანაც. 2017 წელს შპს „ბათუმის წყლისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია 10 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

„ჩვენი შეფასებით ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან „ბათუმის წყალი“ საჯარო დაწესებულებაა და იგი ზუსტად საჯარო მიზნების განსახორციელებლად არის დაფუძნებული,“ – ამბობს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მირზა მამულაძეს მოლოდინი აქვს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა სხვა ორგანიზაციებშიც შეიცვლება, სადაც აქამდე უარს ამბობდნენ ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ისინი შპს-ს წარმოადგენენ და მათზე „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ არ ვრცელდება.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ქნება პრეცედენტული ძალა, მაგრამ თუკი ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებენ და ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს,“ – განმარტავს მირზა მამულაძე.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 31 წლის ლევან მაისურაძე თბილისშია დაბადებული და აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად იანვრიდან კახაბერ ბუხრაძე მუშაობდა. ის გუშინ როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. კახაბერ ბუხრაძეს უკავშირდება ცნობილი 11-12 მარტის აქცია ბათუმში.

 

რატომ არის გათიშული ბათუმის მერიის ოფიციალური ვებგვერდი

ბათუმის მერიის ოფიციალური ვებგვერდი www.batumi.ge გათიშულია. ამასთან, შეზღუდულია წვდომა ამ ვებგვერდთან დაკავშრებულ ელექტრონულ ფოსტებზე. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა დროებითია და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება.

„მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.batumi.ge და მასთან დაკავშრებულ ელექტრონულ ფოსტებზე წვდომა დროებით შეზღუდულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. მისამართზე: batumismeriapress@gmail.com
ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დოსკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

esmeria

ბათუმში ქუჩის მხატვრობის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში „სთრით არტ“ ფესტივალის ჩასატარებლად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  30 მაისს ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე წინადადებების მიღება დასრულებულია და მათი განხილვა მიმდინარეობს.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „არტ სტუდია“ “Dotcomma“ მონაწილეობს, რომელმაც სამინისტროს ფესტივალის ჩატარება 34 300 ლარად შესთავაზა.

„სთრით არტ“ ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის პროექტის „ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზება აჭარაში“ ქვეპროგრამის – „კულტურის თანამედროვე მიმართულების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში, 500 მ2 ფართობზე შენობა-ნაგებობების კედლებზე ხელოვნების ნამუშევრებს 12 ხელოვანი შექმნის, მათ შორის –  უცხოელი ხელოვანი. ნამუშევართა თემატიკა თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებითა და გარემოს ლანდშაფტზე მორგებულობით შეირჩევა.

„სთრით არტ“ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი 2017 წლის 30 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს.

„სთრით არტ“ ფესტივალი ბათუმში პირველად 2013 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას ქართველ ხელოვანებთან ერთად უცხოელი ხელოვანებიც იღებენ. გასულ წელს ფესტივალის ფარგლებში მხატვრებმა ბათუმის გარდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების კედლებიც მოხატეს.

“Dotcomma” იყო ფესტივალის  ორგანიზატორი გასულ წლებშიც.

მთავარ ფოტოზე: სთრით არტ ფესტივალი 2016. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამავე თემაზე:

ვის ეკუთვნის ქუჩის მხატვრობის პროექტი

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს ელგუჯა ბაგრატიონი დეტალურად მოუყვა, რა მოხდა ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გუშინაც გადაიტანეს.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, გუშინ, შუადღის შემდეგ, უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელი ორივე გზა ჩახერგილი იყო. „ჩეხავდნენ ხეებს, რომ მათთვის სასურველი ხეები გაეტანათ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ შესაბამის უწყებებს, წარმოედგინათ შესაბამისი ნებართვა, მაგრამ ღამით, როცა მე იქ მივედი, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის ნებართვა მაჩვენეს, რომ თურმე კომპანია „ზიმოს“ ხეების  „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე არაგაბარიტული ტვირთის გადატანის უფლება ჰქონდა. თუკი არსებობდა ნებართვა თავად ხეების გაჩეხვაზე და წაღებაზე, ეს წარმოედგინათ,“ – თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„მაგის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა, ნებართვა წარმოგვედგინა. ჩვენ გაჩვენეთ ნებართვა, რომ კანონიერად ხდებოდა არაგაბარიტული ტვირთის გადატანა წესების დაცვით,“ – აღნიშნა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა – ირაკლი ბასილაძემ, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

„და რას არ დავემორჩილე მე? – ჩაეკითხა პოლიციელს ელგუჯა ბაგრატიონი, – რა გააკეთეთ თქვენ, როცა ვამბობდი, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი, რომ ხეები არ უნდა წაეღოთ და ეს უნებართვოდ ხდებოდა? მე ამაში დახმარებას ვითხოვდი პოლიციისგან. გადაღებულიც არის, როგორ ვურეკავდი ქობულეთის გამგებელს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ არ მიპასუხეს, პოლიციის რეაგირება უკანონობაზე იყო ჩემი და რეზო ხარაზის დაკავება“.

„რაში გამოიხატა კონკრეტულად კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რა იყო თქვენი კანონიერი მოთხოვნა?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პოლიციელებს.

პოლიციელებმა თქვეს, რომ „კანონიერი მოთხოვნა“ იყო ის, რომ ელგუჯა ბაგრატიონმა ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან არ გადააყენა და მათ ევაკუატორის გამოძახება დასჭირდათ. პოლიციელმა დააკონკრეტა, რომ დეპუტატის მანქანას გზა გადაკეტილი არ ჰქონდა.

„ანუ ხე რომ არ ყოფილიყო იქ გასატარებელი, სხვა მანქანა გაივლიდა?“ – დააზუსტა მოსამართლემ.

„კი, გაივლიდა,“- უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა ირაკლი ბასილაძემ.

„თუკი ავტომანქანა კანონდარღვევით იყო გაჩერებული, რატომ არ დაწერეთ ჯარიმა?“ – ეს შეკითხვა პოლიციელებს მირდატ ქამადაძემ დაუსვა, დაკავებულების ადვოკატმა.

პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ ევაკუატორი გამოიძახეს, თუმცა მის მოსვლამდე პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს ელგუჯა ბაგრატიონმა და რევაზ ხარაზმა.

რევაზ ხარაზმა მოსამართლეს მოუყვა ისიც, რაც დაკავების შემდეგ მოხდა:

„მე დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიკითხე, რატომ აკავებთ ელგუჯას-მეთქი… მერე წამიყვანეს და ისევ საცობში მოვხვდით. რამდენიმე საათი ვიყავით გზაში გაჩერებული ისევ ხეების გადატანის გამო“, – აღნიშნა რევაზ ხარაზმა.

სასამართლო სხდომაზე აჩვენეს პატრულის თანამშრომლების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც. ჩანაწერში ისმის პოლიციელის მოთხოვნა, რომ დეპუტატმა ავტომანქანა უნდა გაიყვანოს. ისმის ელგუჯა ბაგრატიონის ხმაც:

„მოპარულია ხე, დაზიანებულია სახელმწიფო ქობება…“

„ეს თქვენი პოზიციაა,“ – პასუხობს დეპუტატს პოლიციელი.

მოწმის სახით ჩვენება სასამართლოს მამია ბერიძემ მისცა, კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა. ეს კომპანია ახორციელებს ჩაქვიდან ხეების გადატანას. მამია ბერიძემ დაადასტურა, რომ „არაგაბარიტული ტვირთის“, ანუ მრავალწლოვანი ხის გადატანის საშუალება დეპუტატმა არ მისცა, რადგან მას გზის ერთ მხარეს ავტომანქანა ჰქონდა გაჩერებული:

„არ გადავაყენებო, ამბობდა. ეს ხე სახელმწიფოს ეკუთვნისო. მე იქ ფეხით ვმოძრაობდი და უნდა მეკონტროლებია, ვინმეს ხელი არ შეეშალა არაგაბარიტული ტვირთის გადატანაში,“ – აღნიშნა მამია ბერიძემ.

კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ვერ მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, ჰქონდა თუ არა ნებართვა უშუალოდ ხეების გადატანაზე: „ეს არ ვიცი. მე ძირითადად უსაფრთხოებაზე ვარ პასუხისმგებელი“, – თქვა მამია ბერიძემ.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 12 ივნისს გამოაცხადებს. მან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები: ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი ხელწერილით გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან.

IMG_20170607_124957

IMG_20170607_124929

IMG_20170607_124814

 

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“.

სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას ინდმეწარმე დიანა ვასაძე 28 ათას 671 ლარად სთავაზობს. ინდმეწარმე, რომელიც ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო, სატენდერო კომისიას  ჯერ გამარჯვებულად არ გამოუვლენია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთში სხვადასხვა მომსახურება და ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის:

[checklist]

  • ექსკურსია [მაღალი დონის ავტობუსით – კომფორტული , ინტერნეტით, ცხელი და ცივი წყლის მომსახურებით] – 20 კაცზე მარშრუტი: ქობულეთი, შეკვეთილი, კოლეჯი, მუზეუმი, ციხისძირი, ქობულეთი;
  • ბავშთა გასართობი პროგრამა;
  • საზეიმო კონცერტი [მომღერალები ბენდით – ცოცხალი შესრულება];
  • DJ [დიჯეის უნდა ჰქონდეს საავტორო პროგრამა და ფერების ფესტივალის მონაწილეობის გამოცდილება. დიჯეიმ უნდა წარმოადგინოს საათნახევრიანი პროგრამა];
  • კლასიკური მუსიკა [კვარტეტი – ვიოლინო 2, ჩელო, საქსაფონი];
  • სასტუმრო 15 კაცზე [ოფიციალური სტუმრებისთვის – მაღალი დონის ნომრებით, ზღვისპირა ხედით, ლიფტით, საუნით, სავარჯიშო დარბაზით, აუზითა და საუზმით. სრული 3 დღე];
  • ფაეტონი, ფოიერვერკები, ფერადი ფხვნილები, ყვავილები, საჩუქრები;
  • საზეიმო ვახშამი – მაღალი კლასის საბანკეტო დარბაზი 110 პერსონაზე [მენიუ ჩადებულია სატენდერო პირობებში], დამოუკიდებელი ავტოსადგომი, მისაღები დარბაზი, ლიფტი; საბანკეტო დარბაზი უნდა იყოს აღჭურვილი კომფორტული მაგიდითა და რბილი სკამებით, საცეკვაო სცენითა და თანამედროვე განათებით;
  • დაგეგმილია ასევე სურსათის შეძენა იმიტირებული ქორწილისთვის და საგამოფენო ფურშეტისთვის.

[/checklist]

ღონისძიებები, რომელთა ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო გამგეობასთან დაზუსტდება, ქობულეთში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე გაგრძელდება.

ქობულეთში ამ დროისთვის პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოები  დასასრულებელია. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პლაჟის დასუფთავება რამდენიმე დღეში დასრულდება.

cms-image-000048036
ქობულეთის პლაჟი / ფოტო არქივიდან

ამავე თემაზე:

ბათუმში სამაშველო სამსახურმა ზღვის სეზონი გახსნა

ბათუმში ზღვაზე ბანაობის სეზონი გაიხსნა [Photo]

სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე

 

35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში],  სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა, კვლევის დროს გამოყენებული  სამსაფეხურიანი სქემის საშუალებით, გამოიყოფა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ხსნის სქესთა შორის დისბალანსის მიზეზებს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა, 1991 წლის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა და იგივე პროცესი გაგრძელდა შემდგომ წლებშიც.

„საქართველო ტიპური ქვეყანაა, სადაც მშობლების ერთ მესამედზე მეტს ვაჟი არ გაუჩნდება, თუ ისინი მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან“, – წერია გაეროს მოსალეობის ფონდის კვლევაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა.

სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა სქესთა სელექციური შერჩევის პროცესის ზრდა, რომელმაც წლების შემდეგ სქესთა შორის საგრძნობი დისბალანსი აჩვენა.

რა განაპირობებს საქართველოში სქესთა სელექციის ზრდას?  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, სქესთა სელექციას გარკვეული ტრადიციები და გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია ქართულ საზოგადოებაში.

„ეს არის ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა, რომელიც იწვევს გენდერული ნიშნით სქესის სელექციას. ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ ბიჭი გააჩინონ და სწორედ ეს არის პრობლემა. აქ არის მიზეზი გასარკვევი, თუ რატომ ანიჭებენ ვაჟს უპირატესობას და რატომ არ ვაფასებთ გოგონას ისევე, როგორც ვაჟს? რა კულტურული საფუძვლები უდევს ამას და ა.შ“.

ლელა ბაქარაძის შეფასებით, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება ყოველთვის  არსებობდა ქართულ საზოგადოებაში, თუმცა, რადგან  საბჭოთა წლებში  ქვეყანაში შობადობის მაღალი მაჩვენებელი იყო, ოჯახები სელექციას ნაკლებად მიმართავდნენ და „მანამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ბიჭი არ ეყოლებოდათ. თუმცა,  90-იანი წლების შემდგომ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰყავდეთ ორი შვილი, მაგრამ ერთი აუცილებლად ბიჭი და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები“.

ლელა ბაქრაძის თქმით, თუკი დღეს აჩენენ მესამე შვილს, უფრო იმიტომ, რომ გააჩინონ ბიჭი და არა გოგო. „ამ ყველაფერმა დაღი დააჩნია სქესთა შორის თანაფარდობას. საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, რომელიც არ დაიბადა“.

ბუნებრივი დაბადების პირობებში, სქესთა თანაფარდობა უნდა იყოს 100 (გოგო) 107 (ბიჭი) ან 100-106-ზე. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იყო შეცვლილი და 100-113-ზე ავიდა. სქესთა სელექციას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამაც, როცა ადამიანებს ჩასახვამდეც კი შეუძლიათ სქესის განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამ თვემდე აკრძალულია მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა, სქესთა შორის მკვეთრი დისბალანსი იძლევა იმის საფუძველს, რომ სქესთა შერჩევა მაინც ხდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს.

„ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყო თანამედროვე ულტრაბგერითი აღჭურვილობის (როგორიცაა 3-D სკანერები) მასობრივად იმპორტირება, თუმცა ირიბი მონაცემები მიუთითებს ცვლილებებზე, რამაც გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სისტემაზე 1990-იან წლებში…  სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც სქესის შერჩევაზე დიდი მოთხოვნაა, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კლინიკის მეპატრონეებისა და მათი პაციენტებისთვის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მრავალი გზა არსებობს“, – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, დაბადებული ბიჭების წილის ზრდის მთავარ გამომწვევ ფაქტორად კვლავაც გენდერული სტერეოტიპები რჩება,  როცა ვაჟის გაჩენა სასურველია გვარის გასაგრძელებლად. „სწორედ ამიტომ სარგებლობენ ბიჭები აშკარა უპირატესობით  მემკვიდრეობის მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონები დიდი ხანია ნეიტრალურია გენდერული თვალსაზრისით“, – ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენლის იდა ბახტურიძის შეფასებით,  სქესთა ასეთი დრამატული განსხვავება ბუნებრივი მოვლენა არ არის.

„სხვა ახსნა ამას არ აქვს. გამოსავალი ამ პრობლემიდან არის არა, ვთქვათ, აბორტის აკრძალვები, არამედ დამოკიდებულების და ღირებულებების შეცვლა და იმაზე საუბარი, რომ გოგოც და ბიჭიც ორივე ფასეულია.“

იდა ბახტურიძის აზრით, სქესთა შორის ხელოვნურად გამოწვეული დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავებს დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ისედაც არსებობს.

თუმცა, როგორც ლელა ბაქრაძე გვეუბნება, ბოლო რამდენიმე წელია, სქესთა შორის დრამატული დისბალანსი კლებულობს.  „ჩვენ ვატარებთ  კვლევას, იმისათვის, რომ გავიგოთ რა ხდება, რა უდევს ამას საფუძვლად, რა ცვლილებებია  საზოგადოებაში. თუ ადრე სქესთა შორის  მაჩვენებლი იყო 100-113-ზე, 2010 წლის შემდეგ,  100-109-ზე გვაქვს.“

ლელა ბაქრაძის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდი სქესთა სელექციის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, რომელსაც ჰქვია „ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის სელექციის საწინააღმდეგოდ“.

„გვინდა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ გოგონაც და ბიჭიც ორივე ერთნაირი ღირებულების მატარებელია და ორივე ერთნაირად ძვირფასია როგორც ოჯახისთვის, მშობლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია:

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით.
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით.

 

ბათუმის ამერიკული კუთხე თექაზე მუშაობის მსურველებს იწვევს

ბათუმის ამერიკული კუთხე, თექაზე მუშაობის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსებზე 30-დან 45 წლამდე ქალებს იწვევს. „მსურველები ორი კვირის მანძილზე გაივლიან პრაქტიკულ საათებს, სპეციალურად შერჩეული ტრენერის დახმარებით და თექისგან  სხვადასხვა ნივთებს დაამზადებენ.

ჩვენი პროგრამის მონაწილეებს საშუალებამიეცემათ სამომავლოდ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომლის ორგანიზებასაც ბათუმის ამერიკული კუთხე უზრუნველყოფს.

„ჩვენ მიერ შერჩეული აპლიკანტები ავტომატურად გახდებიან ტრეინინგ-მოდულის მონაწილეებიც თემაზე – „როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი“ (How to run start-ups)“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება 16 ივნისის ჩათვლით.

აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავის ბალანსზე არსებულ SHKODA-ს, TOYOTA-ს, ასევე სხვადასხვა მარკის [HYUNDAI, MITSUBISHI, NISSAN] ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე ითხოვს.

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. ამასთან, შპს „მათემოტორსის“ მიერ დაგვიანებით ხდებოდა ტექნიკური მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რემონტს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს შპს „მათემოტორსთან“ გაფორმდა სამი ხელშეკრულება შესაბამისი ელექტრონული ტენდერების საფუძველზე: „მიმწოდებლის არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, არ ახორციელებდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, ხარისხიანი და კეთილსინდისიერი შესრულება, ასევე სისტემატიურად არღვევდა მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებს. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, 2017 წლის 8 მაისს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეწყდა“.

რამდენიმე დღით ადრე, 2017 წლის 18 აპრილს, ავტომობილების ტექმომსახურებაზე „მათემოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ხელშეკრულებების შეწყვეტის მიზეზები, როგორც სამინისტროს, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემთხვევაში, იდენტურია.

ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, 2017 წლის 5 მარტს, სამართალდამცავებმა „მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანა იყო გასარემონტებელი და რატომ ვერ ხერხდებოდა დროულად შეკეთება? – ამ კითხვებზე შსს-დან ორი თვის წინ პასუხი ვერ მივიღეთ.

„მათემოტორსთან“ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ შსს-მ კომპანიას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააკისრა ჯარიმა – 139 ათასი ლარი.

„მათემოტორსისგან“, ასევე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ჯარიმის – 37 200 ლარის გადახდას ითხოვს აჭარის პოლიციის დეპარტამენტიც.

ტექმომსახურებაზე ხელახალი ტენდერის გამოცხადებამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვს „კრიტიკულად აუცილებელი ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ხელშეკრულება გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვით. შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებები სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე შეწყდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვითარების აღმოფხვრისთვის საჭირო ვადა შეადგენს 45 დღეს“.

შესყიდვების სააგენტომ პოლიციის დეპარტამენტს 9 ივნისამდე უნდა უპასუხოს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მომსახურებაზე ტენდერის გარეშე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში „საჭირო თანხის წინასწარ განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ დროებითი ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საჭიროებენ კრიტიკულად აუცილებელ ტექნიკურ მომსახურებას“.

„რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“ – შესყიდვების გვერდზე ამ კითხვის გრაფაში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს პასუხად მითითებული აქვს, რომ „გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები და რაიონული სამმართველოები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობას სრულყოფილად“.


„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და ბათუმში, 11-12 მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. ჩვენებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 4 ავტომანქანა დაიწვა და „მათი აღდგენა მიზანშეუწონელია“. ექსპერტიზის დასკვნის მიხევით, ამავე უწყების კიდევ 5 მანქანა დაზიანდა, თუმცა მათი აღდგენა შესაძლებელია.

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა
აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა

იალაღებზე მისასვლელად შუახევის მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებზე ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე  [ორი თვის განმავლობაში] უფასო  გადაადგილებით ისარგებლებს.

შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი ამ მომსახურებაზე გუშინ, 6 ივლისს, 28 460 ლარზე გამოაცხადა.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც შუახევის გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს:

[checklist]

  • კატრიანის და ყავრიანის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს დაბა შუახევიდან უნდა მოემსახუროს,
  • გრძელგორზე – ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაულიდან,
  • თაგინურიზე – ცხემლისი, ხიჭაური, ბრილიდან,
  • ჩირუხზე – ოლადაური, ტბეთი, გოგაძეები, ჯაბნიძეები, ქიძინიძეებიდან,
  • ჯანჯღნარზე – ნიგაზეულიდან,
  • მერიაყელზე – ხიჭაურიდან,
  • შედრეკილზე – ინწკირვეთიდან,
  • ღომაზე – კვირიაული, ცინარეთიდან,
  • მთა თეთრობზე კი უფასო ტრანსპორტი რეისს სოფელ ზამლეთიდან შეასრულებს.

[/checklist]

დასახელებული სოფლებიდან იალაღების მიმართულებით ორმხრივად სულ 147 რეისი შესრულდება.

შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, მემთეურებით კომპაქტურად დასახლებულ მთებზე სოფლებიდან კვირის განმავლობაში 2-3, ხოლო ნაკლებად დასახლებულ იალაღებზე – 1 ან 2 რეისი შესრულდება. რაც შეეხება უფასო ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა-გრაფიკს, სოფლებსა და თემის ცენტრებში რამდენიმე დღით ადრე გამოიკვრება.

სატენდერო პირობების თანხმად, შუახევის გამგეობის მიერ საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაადგილებისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი  13 ივნისს დასრულდება, ხელშეკრულებას გამგეობა მხოლოდ იმ მიმწოდებელს გაუფორმებს, რომელსაც საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ სამი,  არანაკლებ 14-ადგილიანი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი აქვს, ხოლო მძღოლს, რომელიც მოსახლეობას შუახევიდან ილაღაებზე გადაიყვანს  „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეს.

ამავე თემაზე: 

უფასო ტრანსპორტი ხულოდან იალაღებისკენ

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს.

“ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ ხეები უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან, იქ სხვა ხეებიც გაჩეხეს,” – ამბობს მირდატ ქამადაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი.

მირდატ ქამადაძემ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე სხვა მოთხოვნებიც გააჟღერა: გარემოსთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ხეების გადატანის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა.

“გარდა ამისა, მოვითხოვთ, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც ელგუჯა ბაგრატიონი ასევე ხეების გადატანის დროს უკვე მესამედ დააკავა. გაითვალისწინეთ, რომ წინა დაკავების შემთხვევაში, ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლომ გაამართლა, ერთხელ – შენიშვნა მისცა,” – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ელგუჯა ბაგრატიონისა და რევაზ ხარაზის სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევას დღეს, 7 ივნისს, განიხილავს.

 

 

 

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა.

ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური ფილმების ჩვენება ქედაში, კულტურის ცენტრში, დღეს, 14 საათზე დაიწყება და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება დაახლოებით ორ საათამდე გაგრძელდება. ანალოგიურ დროსა და პროგრამით ჩატარდება ფესტივალი ხვალ, 8 ივნისს.

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 700 ლარია გამოყოფილი.

ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და ამავე პარტიის აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს.

ენმ-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადააქვთ. „მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა“, – აცხადებს ენმ-ს პრესსპიკერი ლია ჯაყელი.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში რეზო ხარაზი ქობულეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული, ელგუჯა ბაგრატიონი კი, ბათუმშია დაკავებული.

მომხდართან დაკავშირებით ენმ ბრიფინგს მოგვიანებით გამართავს.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაგრატიონი და ხარაზი დაკავებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ უკვე მესამედ დააკავა.

რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი
22055
ელგუჯა ბაგრატიონი

 

 

 

 

 

 

 

ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვანი ხის გადატანის პროცესი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან / ჩაქვი, 6.06.2017/ მირზა კონცელიძის ფოტო (2)
ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვანი ხის გადატანის პროცესი / აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია, ჩაქვი, 6.06.2017 / მირზა კონცელიძის ფოტო

„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება

ზაფხული ახლოვდება და ბათუმში დამსვენებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სუფთა ზღვა დასვენების აუცილებელი ნაწილია. ახლო წარსულში ზაფხულის სეზონის დაწყება წყლის გრაფიკთან და ზღვის ხარისხზე საყოველთაო მსჯელობასთან ასოცირდებოდა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ბათუმს წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყალი“ – რეაბილიტირებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, ავტომატიზებული სამარაგო-საწნევო რეზერვუარებით და ადლიის ჩამდინარე წყლების ულტრათანამედროვე გამწმენდი ნაგებობით ემსახურება. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ამ ინფრასტრუქტურას უკავშირდება დღეს ბათუმის უწყვეტი წყალმომარაგება და წყალარინების საერთაშორისო სტანდარტებით დამუშავება.

[highlight color=”blue”]თენგიზ ქოქოლაძე, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი[/highlight]

tengiz qoqoladze

კომპანია „ბათუმის წყალი“ დაარსებიდან დღემდე მრავალი გამოწვევის წინაშეა. მიუხედავად ამისა, ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტით დასახულ მიზნებს წარმატებით ასრულებს. „ბათუმის წყლის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მომსახურების ხარისხის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს. თანამედროვე წყალმომარაგების ქსელი ბათუმის მოსახლეობისთვის წყლის 24-საათიან უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. „ბათუმის წყალი“ არ აპირებს მიღწეული შედეგებით დაკმაყოფილებას და სხვა ინოვაციური სერვისების დანერგვას გეგმავს.

[highlight color=”blue”]მარიკა გვიანიძე, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსი[/highlight]

marika gvianidze

ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა 2012 წელს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით აშენდა. მშენებლობაზე 17 მილიონი ევრო დაიხარჯა. ადლიის წყა­ლა­რინების გამწმენდი ნაგებობის ანალოგი ამიერკავკასიის რეგიონში რთულად მოიძებნება. ყოვ­ელდღიურად გამწმენდ ნაგებობაში 60 000 მ3 წყალი შემოედინება, რომლის გაწმენდა ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზას გადის. გაწმენდილი წყალი ზღვაში, სატუმბი სადგურის მეშვეობით, 1კმ და 100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში ჩაედინება. გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის – ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად აწარმოებს.

ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სა­თა­ნადო ფუ­ნქციონირებას უდიდესი დანიშნულება აქვს ზღვის ეკოს­ისტემის დაცვისა და აჭარის ზღვისპირა ზოლის სისუფთავის შენ­არჩუნების თვალსაზრისით. გამწმენდი ნაგებობის ლა­ბო­რატორია და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის უახ­ლესი კვლევები მოწმობენ, რომ 2007 წლიდან დღემდე შავი ზღვის დაბინძურების ხარისხი რადიკალურად შემცირებულია.

[highlight color=”blue”]ლანა კეკუტია, „ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი[/highlight]

lana kekutia

„ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია სასმელ, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს იკვლევს. სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი, ლაბორატორიული შემოწმება წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და ქალაქის ქსელის სხვადასხვა წერტილიდან აღებულ სინჯებზე ტარდება.

„ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყ­ლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერ­მანული და ამერიკული (HAH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძ­ლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყ­ლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ და­ვნე­რგ­ეთ. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭ­ვირ­ვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით.

[highlight color=”blue”]რამაზ ასანიძე, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში[/highlight]

ramaz asanidze

ამჟამად ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მე-3 ფაზა მიმდინარეობს. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, ბათუმის უბნებში: ჭაობში, გოროდოკში, ბენზესა და ასევე, ბათუმს ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე, ჩატარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის მესამე ფაზაში დასრულდება ჩაქვის წყლის რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც ფუნქციონირებას უახლოეს თვეებში დაიწყებს. ახალი რეზერვუარი 2500 მ3 მოცულობისაა, მისი მშენებლობისთვის 960 000 ევრო დაიხარჯა. რეზერვუარი ჩაქვის დასახლების წყლით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.

რეაბილიტირებული წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემას ექსპლუატაციას კომპანია „ბათუმის წყალი“ გაუწევს.

[highlight color=”blue”]მათიას ჰიტცელი, გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ი: „ბათუმის წყალი“ საუკეთესო წყალმომარაგების კომპანიაა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში, რასაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო ადასტურებს“[/highlight]

matiasi

თანამშრომლობა 2005 წლიდან, საქართველოსა და გერმანიის მთავრობის პარტნიორობის საფ­უძველზე დავიწყეთ. საწყის ეტაპზე პროექტის ანალიზი გავაკეთეთ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო წყლის სისტემის რეაბილიტაცია მაშინ, როცა არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობდა და არც წყალმომარაგება იყო უწყვეტი. ცვლილებებისთვის საფუძველი მოვამზადეთ, გავაანალიზეთ ძველი სისტემის მუშაობის შესაძლებლობა და დავინახეთ, რომ ეს სისტემა კარგად არ მუშაობდა. არც მო­მსახურების სისტემა არსებობდა და არც წყლის მიწოდება ხდებოდა ნორმალურად. მოკლედ, მთლიანი სისტემა გაუმართავი იყო როგორც ტექნიკურად, ისე მენეჯერული და კონცეპტუალური თვალსაზრისით.

ამ დროს ჩვენ შევიმუშავეთ იდეა, თუ როგორ უნდა შეგვექმნა ყველაფერი თავიდან. ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა ჩვენი რეკ­ომე­ნდაცია და 2006 წელს „ბათუმის წყალი“ დააფუძნა. პერსონალურად მე და ასევე მთელი ჩემი გუნდი, „ბათუმის წყლის“ მენეჯმენტს ვეხმარებოდით, როგორც ეკონომიკურ და კომერციულ, ასევე ტექნიკურ საკითხებში. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – „ბათუმის წყალი“ საუკეთესო წყა­­­ლმომარაგების კომპანიაა არა მხოლოდ ქვ­ეყანაში, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, რასაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო ადასტურებს. „ბათუმის წყლის“კონცეფციის მთა­ვარი ქვაკუთხედი მომხმარებელზე ორიენტირებაა. ეს არ იყო იოლი, რადგან მომხმარებლებზე ზრუნვა სრულიად უცნობი იდეა იყო მაშინ, მაგრამ წლების განმავლობაში მცირე ნაბიჯებით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ მომხმარებლებთან კომუ­ნი­კაც­იის კუთხით. პირველი კონცეპტუალური სამ­უშაო თანამშრომელთა გადამზადებას, ცნო­ბა­დობის გაზრდას და მნიშვნელოვან მხარეებთან კო­მუნიკაციის გაუმჯობესებას გულისხმობდა. მომხ­მარებლებს ყველაფრის შესახებ ვაწვდით ინფ­ორ­მაციას, რომ მაგალითად, ტექნიკური სამ­უშაოების გამო რამდენიმე საათით ვერ მიიღებენ წყა­ლს. ადრე კი ასე არ ხდებოდა და აბონენტის ინ­ფორმირებულობაზე ზრუნვა სრულიად უცხო იყო.

ბევრი ვიმუშავეთ ცხელ ხაზზე, რომელზეც ადამიანები ძირითადად პრეტენზიებით ან ტექ­ნიკური მომსახურების გაწევის მოთხოვნით რე­კავენ. გადავამზადეთ ოპერატორები, დავნერგეთ ქოლ­ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სტანდარტები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ აბონენტთან კომუნიკაცია ეფექტურად განხორციელდეს.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეა­ბი­ლიტ­აციის, საერთაშორისო გამოცდილების გა­ზი­არებისა და უწყვეტი გადამზადების სა­ფუძვ­ელზე „ბათუმის წყალი“ სულ უფრო სწრაფი ნაბ­იჯე­ბით მიიწევს წინ და მომხმარებელზე მაქ­სიმალურად ორიენტირებული კომპანია ხდება.

Captureds

13754115_631744010332302_9094087549132526950_n

მუნიციპალური განვითარების ფონდი ნიკორწმინდას რესტავრაციას გეგმავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ნიკორწმინდას“ რესტავრაციას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი 15 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 246 376 ლარია. წინადადებების მიღება დაწყებულია და ცხრა ივნისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი [ხელოვნებათმცოდნე, ქვის რესტავრატორი, ფერმწერი, არქიტექტორ-რესტავრატორი, საშენ მასალათა ტექნოლოგი] უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება“.

ამასთან ერთად, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნიკორწმინდა მოქმედი ტაძარია, შესაბამისად, სამუშაოები ისე უნდა წარმართოს, რომ მღვდელმსახურების ჩატარებას ხელი არ შეეშალოს, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.

ფოტო: გულნარა კაკაბაძე
ფოტო: გულნარა კაკაბაძე

სატენდერო წინადადება საბანკო გარანტიით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. საგარანტიო თანხა ღირებულების 5% უნდა იყოს, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის [თეთრ სიაში ხვდებიან კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ნაკისრს ვალდებულებებს შეთანხმების შესაბამისად ასრულებენ და მათ მუშაობაში ხარვეზები არ დაფიქსირებულა ] საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 2.5%-ის ფარგლებში.

18948730_392777307789950_800085280_o

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის მონაკვეთში.

დეპარტამენტში ვერც იმას აკონკრეტებენ, თუ სად აშენდება მდინარე ჭოროხზე ახალი საავტომობილო ხიდი, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, ბათუმის შემოვლით და ჭოროხი-სარფის ახალ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა განიხილება.

„როგორც ჭოროხი-სარფის მონაკვეთის, ასევე მდინარე ჭოროხზე გადასასვლელი ახალი ხიდის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია და ბუნებრივია, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს. ვინც დააპროექტებს, ის შემოგვთავაზებს გზის ალტერნატიულ ვარიანტებს – სად გაივლის ახალი გზა, და ასევე იმას, თუ სად აშენდება ახალი ხიდი,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროსაც განიხილებოდა. თავდაპირველად ხიდს ბათუმის ახალი ბულვარი და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია გონიოს ყოფილ პოლიგონთან უნდა დაეკავშირებინა. როგორც ჩანს, ეს ვარიანტი დღეს უარყოფილია.

რაც შეეხება მოქმედ ხიდს მდინარე ჭოროხზე [„გონიოს ხიდი“], მას დეპარტამენტი უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სავარაუდოდ, წელს უნდა დასრულდეს.

IMG_20160806_145809
ძველი და მოქმედი [მარჯვნივ] ხიდები მდინარე ჭოროხის დელტაში / ფოტო: თედო ჯორბენაძე
სად გაივლის ახალი საავტომობილო მაგისტრალი და ემუქრება თუ არა საფრთხე პლაჟებს კვარიათსა და სარფში? – მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზის მარშრუტი გარკვეული არ არის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პლაჟებს საფრთხე არ ემუქრება:

„ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა მიმართულებით გაივლის გზა, მაგრამ შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, რომ საზღვაო ზოლის დაზიანებისა და გამოყენების ხარჯზე გზა არ გაივლის. გზისთვისაც არახელსაყრელია, რომ წყალთან იყოს ახლოს.“

თავის დროზე განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მაგისტრალი სანაპიროს გასწვრივ – ფაქტობრივად გონიო-კვარიათი-სარფის პლაჟების ხარჯზე. ალტერნატივა კი, ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლიდან სარფამდე გზის გვირაბების გავლით გაყვანა იყო. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მათი წინამორბედების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ახლა კომენტარებს ვერ გააკეთებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: „პროექტანტი როცა დაასრულებს მუშაობას, შემოგვთავაზებს ალტერნატიულ ვარიანტებს და რაც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო იქნება, იმას ამოვირჩევთ. მითუმეტეს, ასეთი დონის პროექტების დამტკიცება მარტო დეპარტამენტში არ წყდება. შესაბამისად, სანაპირო ზოლს განადგურება არ ემუქრება.“

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, თუმცა უცნობია როდის დასრულდება. დასრულების შემდეგ კი, როცა ხელი მოეწერება შესაბამის ხელშეკრულებას, დამპროექტებელს ექნება ვადა 12-დან 17 თვემდე, რათა დეპარტამენტს მზა პროექტი წარუდგინოს. თუმცა, დეპარტამენტში ისიც გვითხრეს, რომ პროექტის სირთულიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, რა მოლაპარაკებები იქნება, წინასწარ არ იციან: „მხოლოდ დეტალური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში გვეცოდინება თუ რა გზებით, რა სოფლებით, რა მთებით  გაივლის ეს [ჭოროხი-სარფი] მიმართულება“.

sarfi-k
საორიენტაციო ხაზი, სადაც ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა დაპროექტდეს / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის ტერიტორიაზე ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან ასევე ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ. გზების დირექციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულება [ქობულეთის შემოვლითი გზა] 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.

saqarTveloo
ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Exit mobile version