მთავარი,სიახლეები

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

08.06.2017 • 1659
კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე ამბობს: “ეს უფლება საქართველოს პარლამენტის წევრებს გააჩნიათ, აჭარას კი არ აქვს. ჩვენ გვაქვს უმაღლეს საბჭოში  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია და რეალურად  ამ კომისიას ეს  უფლება აუცილებელია რომ ჰქონდეს, რადგან უამრავი განცხადება შემოდის და უფლებამოსილების არქონის გამო, რეაგირებას ვერ ახდენს კომისია. ამიტომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო და ეს კომისია ადამიანის უფლებების დაცვის მიამრთულებით და განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების უფლებების დაცვის მიამრთულებით, უფრო ეფექტურად იმუშავებს”.

გასულ თვეში ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში პატიმრები წერდნენ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.

რა ბერკეტები აქვს უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს რეალურად გაარკვიოს სიტუაცია და მოახდინოს რეაგირება დარღვევის არსებობის შემთხვევაში – ცოტნე ანანიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის მიღების უფლება აქვს: „უმაღლესი საბჭოს წევრებს უნდა გვქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებამოსილება. ამის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის საბჭომ მოამზადა და პარლამენტს მიმართა, თუმცა ჯერ ეს არ განუხილავთ. როდის განიხილება, არ ვიცი“.

გია აბულაძის თქმით, კანონპროექტი წარდგენილია უმაღლეს საბჭოში და დაიწყება რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვა “ბიურომ უნდა ჩანიშნოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის ვადები” – ამბობს ის.

ამავე თემაზე: პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: