მთავარი,სიახლეები

35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი

07.06.2017 • 30277
35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში],  სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა, კვლევის დროს გამოყენებული  სამსაფეხურიანი სქემის საშუალებით, გამოიყოფა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ხსნის სქესთა შორის დისბალანსის მიზეზებს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა, 1991 წლის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა და იგივე პროცესი გაგრძელდა შემდგომ წლებშიც.

„საქართველო ტიპური ქვეყანაა, სადაც მშობლების ერთ მესამედზე მეტს ვაჟი არ გაუჩნდება, თუ ისინი მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან“, – წერია გაეროს მოსალეობის ფონდის კვლევაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა.

სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა სქესთა სელექციური შერჩევის პროცესის ზრდა, რომელმაც წლების შემდეგ სქესთა შორის საგრძნობი დისბალანსი აჩვენა.

რა განაპირობებს საქართველოში სქესთა სელექციის ზრდას?  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, სქესთა სელექციას გარკვეული ტრადიციები და გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია ქართულ საზოგადოებაში.

„ეს არის ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა, რომელიც იწვევს გენდერული ნიშნით სქესის სელექციას. ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ ბიჭი გააჩინონ და სწორედ ეს არის პრობლემა. აქ არის მიზეზი გასარკვევი, თუ რატომ ანიჭებენ ვაჟს უპირატესობას და რატომ არ ვაფასებთ გოგონას ისევე, როგორც ვაჟს? რა კულტურული საფუძვლები უდევს ამას და ა.შ“.

ლელა ბაქარაძის შეფასებით, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება ყოველთვის  არსებობდა ქართულ საზოგადოებაში, თუმცა, რადგან  საბჭოთა წლებში  ქვეყანაში შობადობის მაღალი მაჩვენებელი იყო, ოჯახები სელექციას ნაკლებად მიმართავდნენ და „მანამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ბიჭი არ ეყოლებოდათ. თუმცა,  90-იანი წლების შემდგომ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰყავდეთ ორი შვილი, მაგრამ ერთი აუცილებლად ბიჭი და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები“.

ლელა ბაქრაძის თქმით, თუკი დღეს აჩენენ მესამე შვილს, უფრო იმიტომ, რომ გააჩინონ ბიჭი და არა გოგო. „ამ ყველაფერმა დაღი დააჩნია სქესთა შორის თანაფარდობას. საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, რომელიც არ დაიბადა“.

ბუნებრივი დაბადების პირობებში, სქესთა თანაფარდობა უნდა იყოს 100 (გოგო) 107 (ბიჭი) ან 100-106-ზე. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იყო შეცვლილი და 100-113-ზე ავიდა. სქესთა სელექციას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამაც, როცა ადამიანებს ჩასახვამდეც კი შეუძლიათ სქესის განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამ თვემდე აკრძალულია მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა, სქესთა შორის მკვეთრი დისბალანსი იძლევა იმის საფუძველს, რომ სქესთა შერჩევა მაინც ხდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს.

„ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყო თანამედროვე ულტრაბგერითი აღჭურვილობის (როგორიცაა 3-D სკანერები) მასობრივად იმპორტირება, თუმცა ირიბი მონაცემები მიუთითებს ცვლილებებზე, რამაც გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სისტემაზე 1990-იან წლებში…  სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც სქესის შერჩევაზე დიდი მოთხოვნაა, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კლინიკის მეპატრონეებისა და მათი პაციენტებისთვის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მრავალი გზა არსებობს“, – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, დაბადებული ბიჭების წილის ზრდის მთავარ გამომწვევ ფაქტორად კვლავაც გენდერული სტერეოტიპები რჩება,  როცა ვაჟის გაჩენა სასურველია გვარის გასაგრძელებლად. „სწორედ ამიტომ სარგებლობენ ბიჭები აშკარა უპირატესობით  მემკვიდრეობის მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონები დიდი ხანია ნეიტრალურია გენდერული თვალსაზრისით“, – ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენლის იდა ბახტურიძის შეფასებით,  სქესთა ასეთი დრამატული განსხვავება ბუნებრივი მოვლენა არ არის.

„სხვა ახსნა ამას არ აქვს. გამოსავალი ამ პრობლემიდან არის არა, ვთქვათ, აბორტის აკრძალვები, არამედ დამოკიდებულების და ღირებულებების შეცვლა და იმაზე საუბარი, რომ გოგოც და ბიჭიც ორივე ფასეულია.“

იდა ბახტურიძის აზრით, სქესთა შორის ხელოვნურად გამოწვეული დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავებს დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ისედაც არსებობს.

თუმცა, როგორც ლელა ბაქრაძე გვეუბნება, ბოლო რამდენიმე წელია, სქესთა შორის დრამატული დისბალანსი კლებულობს.  „ჩვენ ვატარებთ  კვლევას, იმისათვის, რომ გავიგოთ რა ხდება, რა უდევს ამას საფუძვლად, რა ცვლილებებია  საზოგადოებაში. თუ ადრე სქესთა შორის  მაჩვენებლი იყო 100-113-ზე, 2010 წლის შემდეგ,  100-109-ზე გვაქვს.“

ლელა ბაქრაძის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდი სქესთა სელექციის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, რომელსაც ჰქვია „ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის სელექციის საწინააღმდეგოდ“.

„გვინდა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ გოგონაც და ბიჭიც ორივე ერთნაირი ღირებულების მატარებელია და ორივე ერთნაირად ძვირფასია როგორც ოჯახისთვის, მშობლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია:

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: