სიახლეები

ვის ეკუთვნის ქუჩის მხატვრობის პროექტი

20.07.2015 • 4199
ვის ეკუთვნის ქუჩის მხატვრობის პროექტი
მხატვარი გელა წულაძე. ფოტო: ლელა დუმბაძის

ბატონო გელა, რადგან საბიუჯეტო თანხა იხარჯება, ხშირად ჩნდება პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე  კონკურსები, ტენდერები არ ცხადდება. როგორ მოიპოვეთ „გრაფიტ არტის ფესტივალზე“ უფლება?

„გრაფიტ არტ ფესტივალი“ მე დავაარსე, ჩემი იდეა იყო. პირველად გავაკეთე და გამოვიდა. მოეწონა კულტურის სამინისტროს და პროექტიც დააფინანსეს. შარშან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია აფინანსებდა პროექტს, წელს – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. საერთოდ, ტენდერი აბსურდია ხელოვნებაში. „მეც შემეძლო გამეკეთებინა“ – ეგ არის ტყუილი ლაპარაკი. ტენდერი ტარდება მაშინ, როცა ფასზეა საუბარი, აქ კი საუბარია პროფესიონალურ იდეასა და შესრულებაზე. ტენდერზე შარლატანები საუბრობენ, ერთი ციფრით ნაკლებს რომ იტყვის, შემდეგ კი ვეღარ აკეთებს საქმეს. ხელოვნების ფესტივალებში ტენდერისა და მსგავსი რამის წინააღმდეგი ვარ.

სახელოვნებო წრეებში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ყოველთვის ლობირებს ცალკეულ ხელოვანს და ვიღაც ჩრდილში რჩება. თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც აქტიურად იღებდით  დაკვეთებს და ამ ხელისუფლების დროსაც. როგორ ახერხებთ ამას? 

მაგას ლობირება კი არა, აქტიურობა ჰქვია. ხელისუფლება სახლში ვერ მიაკითხავს ვერავის. ვინც შრომობს, ყოველდღე აჩვენებს თავის თავს, საქმესაც ის აკეთებს. ვინც ზის, ოცნებობს და ფიქრობს, რომ მაგარი ტიპია, უნდა გამოვიდეს და იაქტიუროს. მე ჩემი შრომით და პროფესიონალიზმით ვახერხებ. მშრომელი ადამიანი ვარ. ხელისუფლებაში არც ბიძაშვილი მყავს და არც სხვა ნათესავი. აქ ძალიან ცოტა ხალხი მიცნობს, რადგან ათი წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. ნაცნობობით ვინც ცდილობს რაიმეს გაკეთებას, ის ამბობს – „დაურეკე რა იმას, მე რატომ არ გამაკეთებინებს“, ეს ზარმაცის პოზიციაა. მე ვთავაზობ იდეას და ეს იდეა მოსწონთ ან არ მოსწონთ. ჩემი შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ არ მოსწონდეთ და მაინც გავაკეთებინო.

თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში მხოლოდ გამოცდილება, ავტორიტეტი მუშაობს და არა სანაცნობო წრე?   

დიახ, ავტორიტეტი და გამოცდილება, ამ გზით ხდება მხატვარი ცნობილი. ჩემი გალერეა მთელი წელი ღიაა. მოდიან ბავშვები, სტუდენტები, მხატვრები ძალიან ცოტა დავინახე. ვის აქვს პრეტენცია, არ ვიცი.  დაზგური ნახატი, ფერწერა და სტრით არტი სხვადასხვა რაღაცაა. მე არ შემიჩნევია, ვინმე მოსულიყო და ეთქვა, რომ რაღაცას ვაკეთებ და მოდი, გაჩვენოთ.

წელს ვინ მოხატავს კედლებს ბათუმში, მხატვრები შერჩეული გყავთ?

ოთხი თბილისელი მხატვარია, ერთი – ბათუმელი. Dr. Love  (ბაჩი ხოფერია), ზურა არაბიძე, თეზი გაბუნია და გიორგი ჩაუშბა.

გენდერული ბალანსი არ გაქვთ დაცული.

შარშან გვყავდა გოგოებიც.

რამდენი კედელი მოიხატება და სად?

უკვე დაწყებულია უნივერსიტეტის დიდი კედლის მოხატვა, „ჰილტონის“ შესასვლელთან, ორი კედელი გაკეთდა კოსტავას და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში, მეოთხეს ვათანხმებთ და იქნება სიურპრიზი, ჯერ არ ვამბობთ სად მოიხატება. სულ ხუთი კედელია ჩაფიქრებული. ვფიქრობთ, ერთი-ორი კიდევ დავამატოთ.

პროექტის ბიუჯეტი რისი მიხედვით იცვლება?

გასულ წელს 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და, ბუნებრივია, უფრო მეტი კედელი მოიხატა. 18 ფრანგი მხატვარი მყავდა ჩამოყვანილი. წელს, რადგან ბიუჯეტი ნაკლებია, მხოლოდ ქართველი მხატვრები მონაწილეობენ ფესტივალში.  ხელშეკრულების მიხედვით ფესტივალი სექტემბრამდეა გაწერილი, თუმცა  ივლისში ალბათ ბოლომდე მივიყვანთ.

შარშანდელი გრაფიტები დააზიანეს. გრაფიტების აღდგენას თუ ითვალისწინებს ხელშეკრულება?

გარანტია, რომ გრაფიტებს არ დააზიანებენ, არ არსებობს. ჩვენ „აცრას“ ვაკეთებთ სიბნელეზე ახალ თაობაში – ნელ-ნელა ვაჩვევთ ახალგაზრდებს, რომ კარგი ნახატი არ უნდა დაჩხაპნონ, არც ისტორიულ შენობაზე უნდა დაახატო, რადგან ეს ვანდალიზმია. ბულვარში მშენებარე სასტუმროს კედელი დაგვითმეს, ამიტომ ვისაც ხატვა უნდა, შეუძლია მოვიდეს და მოხატოს.

რამდენ ხანს ძლებს გრაფიტები?

ათი წელი ძლებს საღებავი. სხვა მხატვარს შეუძლია მოვიდეს და გადახატოს გრაფიტზე, ეს „სტრიტ არტის“ პრინციპია და მიღებულია ევროპაში, თუ არის შემოქმედებითი ნახატი, ბუნებრივია. გრაფიტები ენერგიას იძლევა ხალხში. მე მომწონს, სხვებსაც მოსწონთ. გვინდა ბათუმი „სტრიტ არტის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი გახდეს.

თქვენ ბათუმში მეორე მაღალბიუჯეტიან პროექტსაც ახორციელებთ. რა იგეგმება პროექტის ფარგლებში?

პროექტის ღირებულება 49 756 ლარია და  გამოფენა მიეძღვნება „აბრეშუმის გზას“. საფრანგეთში არის ცნობილი  ხელოვნების მუზეუმი, რომელიც დაარსდა Aimé Maeght-ის მიერ 1964 წელს. აქ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია თავმოყრილი. კოლექციაში თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების   ხუან მიროს, ანტონ ტაპიესის, ვასილ კანდინსკის, მარკ შაგალის, ალბერტო ჯაკომეტის და სხვა ბევრი მხატვრის ნამუშევარი.  მუზეუმში 11 ათასი ხელოვნების ნიმუშია დაცული. მათ აბრეშუმის შარფებზე გადაჰქონდათ ნახატები და გამორჩეულ ადამიანებს ჩუქნიდნენ. ამ აბრეშუმებიდან 50 ცალის ჩამოტანას და გამოფენას ვაპირებთ ბათუმში. გამოფენა გალერეა 41/41-ში 22  სექტემბერს გაიხსნება და 22 ოქტომბრამდე იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: