მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

07.06.2017 • 4593
„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს ელგუჯა ბაგრატიონი დეტალურად მოუყვა, რა მოხდა ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გუშინაც გადაიტანეს.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, გუშინ, შუადღის შემდეგ, უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელი ორივე გზა ჩახერგილი იყო. „ჩეხავდნენ ხეებს, რომ მათთვის სასურველი ხეები გაეტანათ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ შესაბამის უწყებებს, წარმოედგინათ შესაბამისი ნებართვა, მაგრამ ღამით, როცა მე იქ მივედი, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის ნებართვა მაჩვენეს, რომ თურმე კომპანია „ზიმოს“ ხეების  „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე არაგაბარიტული ტვირთის გადატანის უფლება ჰქონდა. თუკი არსებობდა ნებართვა თავად ხეების გაჩეხვაზე და წაღებაზე, ეს წარმოედგინათ,“ – თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„მაგის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა, ნებართვა წარმოგვედგინა. ჩვენ გაჩვენეთ ნებართვა, რომ კანონიერად ხდებოდა არაგაბარიტული ტვირთის გადატანა წესების დაცვით,“ – აღნიშნა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა – ირაკლი ბასილაძემ, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

„და რას არ დავემორჩილე მე? – ჩაეკითხა პოლიციელს ელგუჯა ბაგრატიონი, – რა გააკეთეთ თქვენ, როცა ვამბობდი, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი, რომ ხეები არ უნდა წაეღოთ და ეს უნებართვოდ ხდებოდა? მე ამაში დახმარებას ვითხოვდი პოლიციისგან. გადაღებულიც არის, როგორ ვურეკავდი ქობულეთის გამგებელს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ არ მიპასუხეს, პოლიციის რეაგირება უკანონობაზე იყო ჩემი და რეზო ხარაზის დაკავება“.

„რაში გამოიხატა კონკრეტულად კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რა იყო თქვენი კანონიერი მოთხოვნა?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პოლიციელებს.

პოლიციელებმა თქვეს, რომ „კანონიერი მოთხოვნა“ იყო ის, რომ ელგუჯა ბაგრატიონმა ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან არ გადააყენა და მათ ევაკუატორის გამოძახება დასჭირდათ. პოლიციელმა დააკონკრეტა, რომ დეპუტატის მანქანას გზა გადაკეტილი არ ჰქონდა.

„ანუ ხე რომ არ ყოფილიყო იქ გასატარებელი, სხვა მანქანა გაივლიდა?“ – დააზუსტა მოსამართლემ.

„კი, გაივლიდა,“- უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა ირაკლი ბასილაძემ.

„თუკი ავტომანქანა კანონდარღვევით იყო გაჩერებული, რატომ არ დაწერეთ ჯარიმა?“ – ეს შეკითხვა პოლიციელებს მირდატ ქამადაძემ დაუსვა, დაკავებულების ადვოკატმა.

პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ ევაკუატორი გამოიძახეს, თუმცა მის მოსვლამდე პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს ელგუჯა ბაგრატიონმა და რევაზ ხარაზმა.

რევაზ ხარაზმა მოსამართლეს მოუყვა ისიც, რაც დაკავების შემდეგ მოხდა:

„მე დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიკითხე, რატომ აკავებთ ელგუჯას-მეთქი… მერე წამიყვანეს და ისევ საცობში მოვხვდით. რამდენიმე საათი ვიყავით გზაში გაჩერებული ისევ ხეების გადატანის გამო“, – აღნიშნა რევაზ ხარაზმა.

სასამართლო სხდომაზე აჩვენეს პატრულის თანამშრომლების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც. ჩანაწერში ისმის პოლიციელის მოთხოვნა, რომ დეპუტატმა ავტომანქანა უნდა გაიყვანოს. ისმის ელგუჯა ბაგრატიონის ხმაც:

„მოპარულია ხე, დაზიანებულია სახელმწიფო ქობება…“

„ეს თქვენი პოზიციაა,“ – პასუხობს დეპუტატს პოლიციელი.

მოწმის სახით ჩვენება სასამართლოს მამია ბერიძემ მისცა, კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა. ეს კომპანია ახორციელებს ჩაქვიდან ხეების გადატანას. მამია ბერიძემ დაადასტურა, რომ „არაგაბარიტული ტვირთის“, ანუ მრავალწლოვანი ხის გადატანის საშუალება დეპუტატმა არ მისცა, რადგან მას გზის ერთ მხარეს ავტომანქანა ჰქონდა გაჩერებული:

„არ გადავაყენებო, ამბობდა. ეს ხე სახელმწიფოს ეკუთვნისო. მე იქ ფეხით ვმოძრაობდი და უნდა მეკონტროლებია, ვინმეს ხელი არ შეეშალა არაგაბარიტული ტვირთის გადატანაში,“ – აღნიშნა მამია ბერიძემ.

კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ვერ მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, ჰქონდა თუ არა ნებართვა უშუალოდ ხეების გადატანაზე: „ეს არ ვიცი. მე ძირითადად უსაფრთხოებაზე ვარ პასუხისმგებელი“, – თქვა მამია ბერიძემ.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 12 ივნისს გამოაცხადებს. მან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები: ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი ხელწერილით გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან.

IMG_20170607_124957

IMG_20170607_124929

IMG_20170607_124814

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: