კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

09.06.2017 • 5135
თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

პირველი სიგარეტი

თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 000 მწეველია. საქართველოს განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დღეს სკოლებში „თამბაქოს მოხმარება პრაქტიკულად აღარ არსებობს“.

„დამაინტერესა, რადგან ყველა ეწევა. ეწევა მამაჩემიც სახლში, მაშინაც, როცა მე ოთახში ვარ“, – ამბობს ნიკა. კითხვაზე, რატომ ეწევა სიგარეტს? – 14 წლის ნიკა, რომელმაც სიგარეტი 12 წლის ასაკში გასინჯა, პასუხობს, რომ ზოგიერთი მოზარდი მოწევას სტრესის ან მოდის გამო იწყებს: „განიცდიან რაღაცებს და ამბობენ, რომ ეს ეხმარება პრობლემის დაძლევაში, თუმცა უმეტესობა მაინც მიბაძვის გამო იწყებს მოწევას“.

თამუნა 15 წლისაა, სიგარეტი პირველად შარშან, სახლში გასინჯა. ამბობს, რომ ეს ინტერესის გამო გააკეთა, რადგან მის გარემოცვაში ეწევა უმრავლესობა, გოგოებიც და ბიჭებიც. მისი სკოლელი თათიას აზრით კი, თანატოლები თამბაქოს მოდის გამო მოიხმარენ და შემდეგ თავს ვეღარ ანებებენ. „მე არ მომეწონა სიგარეტი, არც სუნი მომწონს, ამიტომ არ გამიგრძელებია მოწევა“, – ამბობს ის.

სიგარეტს საშუალოდ 12-13 წლის ასაკში სინჯავენ მოზარდები. თითქმის ყველა მოზარდი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიგარეტის გასინჯვის მთავარი მიზეზი ცნობისმოყვარეობა იყო.

ანრი და გიორგი სკოლის წინ დგანან. ორივე მწეველია. სიგარეტი 14-15 წლის ასაკში გასინჯეს და მერე აღარ შეუწყვეტიათ. „მეგობართან დაბადების დღეზე გავსინჯე, მაინტერესებდა თამბაქოს ლომკა“, – გვეუბნება ანრი. გიორგისაც რეაქცია აინტერესებდა. მეგობართან ერთად ეზოში, მიმალულ ადგილზე მოწია. „ხველა აგვივარდა… ბავშვური მომენტია, როცა პირიდან კვამლს უშვებ, მოგწონს, შემდეგ ჩვევაში გადადის“.

მათი მშობლები არ ეწევიან, თუმცა მათგან მხოლოდ რჩევა მიიღეს. „გვირჩიეს, რომ საზიანოა და თავი დავანებოთ. სხვა რა უნდა ექნათ?“ – ამბობენ ბიჭები.

ბიჭებთან საუბარში მეთერთმეტეკლასელი გოგონებიც ერთვებიან. მათ სიგარეტი რამდენიმე დღის წინ მოწიეს პირველად. რატომ? პასუხი აქაც იგივეა -„გვაინტერესებდა. თუმცა ალბათ, არ გავაგრძელებთ,“ – ამბობენ გოგონები. სიგარეტი მეგობრის სახლში გასინჯეს – „არაყმა მოიტანა“.

მოზარდების აზრით, სკოლამ და საზოგადოებამ თამბაქოსთან ბრძოლა დააგვიანა. არის თუ არა საკმარისი ის ინფორმაცია, რასაც სკოლაში იღებენ თამბაქოს მავნებლობის შესახებ? მოზარდები ამბობენ, რომ ზიანის შესახებ იციან, თუმცა ჩვევას ვერ ღალატობენ. „ჩვენთვის ალბათ გვიანია, მაგრამ ახლა სკოლამ იმაზე უნდა იზრუნოს, ჩვენზე პატარებმა არ დაიწყონ მოწევა“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 190 სკოლის მეათეკლასელი გამოკითხეს, კვლევაში მონაწილე გოგონების – 30, ბიჭების კი 54 პროცენტი თამბაქოს მომხმარებელია.

ლელა დუმბაძის ფოტო

ლელა დუმბაძის ფოტო

სად ეწევიან სიგარეტს სკოლაში 

სკოლის შენობაში სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თუმცა საპირფარეშოებიდან, პერიოდულად, მაინც გამოდის სიგარეტის სუნი.

ბათუმის #2 საჯარო სკოლის საპირფარეშოს კარებს სკოლის მანდატურთან ერთად ვაღებ. თამბაქოს კვამლი გარეთ ნისლივით მოდის. მსგავს სურათს ბათუმის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ნახავთ. სიგარეტის ნამწვი ყრია ყველგან, მათ შორის ხელსაბან ნიჟარაშიც. მანდატური სოფო ორმოცაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს სიგარეტი შენობაშიც შეაქვთ, მათი ჩხრეკის უფლება კი მათ არ აქვთ. „როცა ფაქტზე წავასწრებთ, იქვე ვართმევთ თამბაქოს და დარღვევის ფურცელს ამოვწერთ, რაზეც შემდეგ დირექცია რეაგირებს“, – გვეუბნება მანდატური.

ეს რეაგირება შეიძლება იყოს რამდენიმე დღით მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. მანდატური ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

როგორ ახერხებენ მოზარდები სკოლის შენობაში თამბაქოს შეტანას და რა ზომებს მიმართავს სკოლის ადმინისტრაცია?

IMG_0096თამთა კვარაცხელიას – ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორის დაკვირვებით, იყო პერიოდი, როცა მოზარდები სკოლის შენობაში მოწევას ერიდებოდნენ, თუმცა სკოლის საპირფარეშოში თამბაქოს სუნი მაშინვე გაჩნდა, როცა სკოლის კარები ჩაიკეტა: „ცუდ ამინდში, როცა მოსწავლეები გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, იმწამსვე ჩნდება თამბაქოს სუნი საპირფარეშოში“.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, მოსწავლის შემოწმება მხოლოდ გონივრული ეჭვის შემთხვევაშია შესაძლებელი. დირექტორის ბრძანების მიხედვით, მოსწავლის შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი დირექტორის მოადგილე და მანდატურია. მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, შემოწმებას დირექტორი ესწრება. ბოლო ასეთი შემოწმება #16 სკოლაში რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა: „სამიზნე მერვე კლასი იყო. მანდატურმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ჰქონდათ აკრძალული ნივთები და ამოვიღეთ კიდეც ქაღალდის საჭრელი დანა, ასანთი, სანთებელა, სიგარეტი ღერებით, კოლოფებით.“

დირექტორის თქმით, შემოწმებისას მოსწავლეები აკრძალული ნივთების გადამალვას იწყებენ: „ხშირად, სიგარეტის კოლოფებს აძლევენ გოგონებს და ისინი მალავენ ჩანთებში. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მწეველი გოგონების რაოდენობამაც იმატა. მოიმატა იმ მოზარდების რაოდენობამაც, რომლებიც არ მალავენ, რომ სიგარეტს ეწევიან. ადრე უფრო იყო მორიდების მომენტი, ახლა – ნაკლებად. ჩემს მოსწავლეებს ქუჩაშიც ვაძლევ შენიშვნას, როცა ეწევიან, მაგრამ ეს დიდად არ აშფოთებთ“.

სკოლებში არსად არის თამბაქოს ამკრძალავი ნიშანი. ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ეს კარგი იდეაა და ამკრძალავ ნიშანს სკოლის გარე ფასადზეც განათავსებს.
კითხვას, რა იცით თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მოზარდები პასუხობენ, რომ „იწვევს კიბოს“, „ფილტვის კიბოს“ და „ათას დაავადებას“.

„პირველ რიგში ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვადასხვა სიმსივნე“, – ამბობს ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, მოზარდის ჯანმრთელობაზე თამბაქოსგან მიყენებულ ზიანზე საუბრისას.

„განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის კიბოს, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მეოთხე სტადიაში ვლინდება. გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარება იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც შესაძლებელია საფუძველი გახდეს ინფექციური დაავადებების განვითარების“.

ლელა სტურუას თქმით, მოზარდობიდან თამბაქოს მოხმარების შედეგად შესაძლოა 30 წლის ასაკში მწეველს ქრონიკული ავადმყოფობა ჩამოუყალიბდეს:

„რადგან დაავადებები მომენტალურად არ ვლინდება, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება. თუ ადამიანი ადრეული ასაკიდან არის მწეველი, უფრო ადრე შეიძლება გარდაიცვალოს, ვიდრე მისი არამწეველი მეგობარი. თანაც მარტო სიკვდილზე ხომ არ არის საუბარი, მათ არ ექნებათ ჯანსაღი ცხოვრება. საყურადღებოა ისიც, რომ თუკი სხვა ქვეყნებში ნაადრევი სიკვდილიანობის 10 პროცენტია თამბაქოსთან დაკავშირებული, ჩვენთან 22 პროცენტია. ამის შესახებ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მოზარდებს.“

„ჩვენ სიგარეტს ვეწევით მათ თვალწინ“

ფსიქოლოგები და პედაგოგები თანხმდებიან – სანამ მშობლები სიგარეტის მოწევას არ მიიჩნევენ პრობლემად და სიგარეტს ეწევიან ბავშვების თანდასწრებით, რთულია მოზარდების დარწმუნება სიგარეტის მავნებლობაში.

ღია თუ დახურულ სივრცეებში ხშირად ნახავთ მშობლებს, რომლებიც თავიანთი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ეწევიან. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში შეგიძლიათ ნახოთ როგორ ერთობიან უფროსები – პატარა ბავშვებს ანთებულ სიგარეტს უდებენ პირში და ფოტოს ან ვიდეოს უღებენ.

„პრობლემა არის მავნე მაგალითი. ე.წ. „როლ-მოდელი“, რომელიც უბიძგებს მოზარდს სიგარეტის მოწევისკენ“, – ამბობს ქეთი პაპავა, ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. მისი აზრით, ამ პრობლემას მარტო სკოლა, მშობლების დახმარების გარეშე, ვერ მოერევა.

„ყველა ინსტიტუცია – ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. ოჯახის მაგალითს ძალიან დიდი გავლენა შეუძლია მოზარდზე. ასევე სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან მარტო წესების დონეზე საკითხის მიტოვება პრობლემას ვერ მოაგვარებს. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისთვის სამაგალითო და ახლობელი ადამიანები – დედა, მამა, მასწავლებელი ეწევიან სიგარეტს, მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს ქეთი.

პირადი მაგალითის უპირატესობის სჯერა თამთა კვარაცხელიასაც: „როცა მშობელი ეწევა შვილთან, ეწევა მასწავლებელიც, სკოლაში არა, მაგრამ სხვა გარემოში – ქუჩაში, სახლში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ძნელია დაარწმუნო მოზარდი, რომ თამბაქო მავნებელია. პირადი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ არ სჯერა თაობას ჩვენი, რადგან ჩვენ ვეწევით მათ თვალწინ“.

„საქართველოში ბავშვები ლამის დაბადების მომენტიდანვე ხედავენ სიგარეტს“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა. იგი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოწევის ანტიკამპანია საქართველოში ზედმეტად სწორხაზოვანია.

„ცნობილი ფაქტია – როცა პირდაპირი მესიჯებით აწარმოებ კამპანიას, ეს არასდროს არ არის ეფექტური. მითუმეტეს მოზარდობის ასაკში, მოზარდებს პირიქით, ყველაფერი, რაც აკრძალულია – იზიდავთ.
ეს შეიძლება ჩანაცვლდეს იმით, რომ მოდური გახდეს სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. როცა ბავშვებს, მოზარდებს, არ ეყოლებათ ისეთი ცუდი როლური მოდელები, როგორებიც ხშირად ვართ მშობლები, სიგარეტის მოწევა მათთვის არ იქნება ჩვეულებრივი მოვლენა.“

რას აკეთებს სახელმწიფო

„მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არასრულწლოვანისთვის სიგარეტის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა არასრულწლოვნები ამბობენ, რომ სიგარეტს თავისუფლად ყიდულობენ. ამას სტატისტიკაც მოწმობს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოზარდთა 60 პროცენტი თავისუფლად ყიდულობს თამბაქოს ნაწარმს.

თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო წლებში? – ეს სტატისტიკა შემოსავლების სამსახურს უნდა ჰქონდეს. უწყებას სწორედ ამ კითხვით მივმართეთ, მაგრამ ინფორმაციის დროულად მიღება ვერ შევძელით. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ერთი იყო არასრულწლოვანზე თამბაქოს მიყიდვა, მეორე კი მეტროსადგურის ვესტიბულში თამბაქოს მოწევის ფაქტი. სახალხო დამცველი ამ მდგომარეობას სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობად აფასებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესრულების ვალდებულება საქართველომ 2006 წელს აიღო. თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში საქართველომ ყველა ვალდებულება 2018 წლამდე უნდა შეასრულოს. ამ ვალდებულებებში შედის თამბაქოზე ფასების ზრდა, ყველა ტიპის დახურულ შენობაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა, საჯარიმო სანქციების დაწესება, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მობილური აპლიკაციაც შეიმუშავა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩამოტვირთოს და გამოიყენოს თამბაქოსგან თავის დასაღწევად.

ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობამ, რომელიც ყოველწლიურად უნდა შემცირდეს, პირიქით, სამი პროცენტით მოიმატა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქეთევან გრიგოლია ამბობს, რომ სამინისტრო თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ორიენტირებულ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს ესეის, ნახატების და პოსტერების კონკურსი, რომელშიც ასობით ბავშვი ერთვება. გვაქვს წამახალისებელი პრიზებიც, რომ ბავშვების მოტივაცია ავამაღლოთ“, – გვეუბნება ქეთევან გრიგოლია. თუმცა დასძენს, რომ სამინისტრო არ იკვლევს, რა ეფექტი აქვს მის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს თამბაქოსთან ბრძოლაში.

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლაში ამ მიმართულებით მშობლებთან მუშაობას? ქეთევან გრიგოლიას თქმით, მშობელთა ჩართულობის პროგრამა ამ ეტაპზე შეჩერებულია: „ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რა სახეს მიიღებს ის“.

თამბაქოს ზიანის შესახებ ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის კურიკულუმშია შეტანილი, რაც გულისხმობს თამბაქოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას, სამოქალაქო განათლებაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში შეტანილია გაკვეთილები თამბაქოს ზიანის შესახებ. თუმცა პედაგოგებიც და მოზარდებიც ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. „ერთი ან ორი გაკვეთილით მოზარდების ცნობიერება არ შეიცვლება. საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება და უფრო ეფექტურად“, – ამბობს პედაგოგი ქეთი პაპავა.

ლელა დუმბაძის ფოტო

ლელა დუმბაძის ფოტო

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები

მოძრაობა „სიგარეტისგან თავისუფალი ბავშვების~ 2015 წლის კვლევების მიხედვით, აშშ-ის სკოლებში ბოლო 25 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუკი 1991-1999 წლებში თამბაქოს მოხმარება 12.7-16.8 პროცენტი იყო, 1991-2015 წლების მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება 3,4 პროცენტამდე შემცირდა.

თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, აშშ-ის სკოლებში დანერგილია საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოიცავს ყველა ასპექტს, რასაც იწვევს თამბაქოს მოხმარება, როგორ აისახება ის ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქართველი მოსწავლე ლია დეკანაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში, კანზას სიტიში „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება, გვიყვება, რომ აშშ-ის სკოლებში თამბაქოს სპორტის პოპულარიზაციით ებრძვიან.

„მოსწავლეებს ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა თამბაქოზე და კანონით 21 წლამდე აკრძალულია მოზარდისთვის თამბაქოს მიყიდვა. თამბაქოზე გაზრდილია ფასები, შესაბამისად, თინეიჯერებისთვის რთულია მისი ყიდვა.

გარდა ამისა, სკოლებში ატარებენ სემინარებსა და ტრენინგებს თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარების უარყოფით შედეგებზე. მოდიან და გვესაუბრებიან ჩვენი ასაკის თინეიჯერები, თუ როგორ არ უნდა გავხდეთ თამბაქოზე დამოკიდებული. სპორტის მასწავლებლები ყველანაირად მხარს უჭერენ და ეხმარებიან მოზარდებს, რომ სპორტით დაკავდნენ და დაძლიონ მავნე ჩვევები“.

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ღონისძიებასაც დაესწრო. ამ სკოლაში 1500-მდე ბავშვი სწავლობს, თუმცა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიას 30-მდე მოზარდი ესწრებოდა. რამდენიმე მოსწავლე თამბაქოს საწინააღმდეგო თემას დაფაზე ხატავდა. ბიჭების ერთი ჯგუფი აღიარებდა, რომ ადრე ეწეოდა, გოგონები – არა, თუმცა ამბობდნენ, რომ მათ კლასში „დიდი პროცენტი მწეველია“.

სკამებზე, რომლებზეც მოზარდები ისხდნენ, შავ-თეთრი ფურცლები იდო თამბაქოს საწინააღმდეგო მესიჯებით. არც ერთ მოსწავლეს ეს ფურცლები თან არ წაუღია.

ლელა დუმბაძის ფოტო

ლელა დუმბაძის ფოტო

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: