მთავარი,სიახლეები

რვა წლის საბას გადამწყვეტი ბრძოლა

25.12.2017 • 2003
რვა წლის საბას გადამწყვეტი ბრძოლა

„საბა, აბა ხელები მიიტანე ერთმანეთთან“ – ეუბნება რვა წლის საბას მამა.  საბა თითებს შლის და მონდომებით ცდილობს ორივე ხელის თითები ერთმანეთთან მიიტანოს, თუმცა არ გამოსდის.

რვა წლის საბას დიაგნოზი გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენაა – ასე უთხრეს მშობლებს, გურამსა და ლიას ექიმებმა თბილისსა და ანკარაში. თუ საბას სწორი მკურნალობა გაგრძელდება, იგი განვითარებას შეძლებს, თუ ვერა, მაშინ მისი მდგომარეობა გართულდება.

საბას ბრძოლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის დაბადების პირველივე დღიდან დაიწყო. 2009 წელს საბა ბათუმის სამშობიარო სახლში დაიბადა, დღენაკლული, მაგრამ ჯანმრთელი.

„7 თვის და 10 დღის ფეხმძიმე ვიყავი, ნაადრევი მშობიარობა რომ დამეწყო. საკეისრო კვეთით დაიბადა საბა, 2 400 კგ იყო, სრულიად ჯანმრთელი. რადგან წონით დიდი იყო, არ ჩათვალეს საჭიროდ ინკუბატორში გაჩერება, მალე ამოიყვანეს. რადგან დღენაკლული იყო,  საკმარისი ჟანგბადი ვერ მიეწოდა ტვინს ინკუბატორის გარეშე და ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა. მერე გადასხმები გაუკეთეს, როგორც შემდეგ გვითხრეს ექიმებმა, ბევრი გადასხმა არასწორად გაკეთდა, არც ზონდით კვებეს, წოვა კი თურმე არ შეიძლებოდა… დაბადებიდან მეოთხე დღეს მარჯვენა ფილტვის ანთება ჰქონდა უკვე და 1, 6 კგ გახდა ბავშვი. ეს პრობლემები აქედან დაიწყო“, – ყვება ლია, საბას დედა.

ბოლო რვა წელია საბას მშობლები, ლია და გურამი საბასთვის იბრძვიან.

გადარჩება? გაივლის? დაინახავს? – პირველ წლებში ამ კითხვაზე პასუხად ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ. არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა საბა ოდესმე საუბარს, სიცილს, თამაშს. რვა თვის იყო, როცა შუქზე პირველი რეაქცია ჰქონდა, წლინახევრის ასაკში საბამ დაჯდომა შეძლო, მერე თანდათან ბგერები დააკავშირა ერთმანეთს და საუბარიც დაიწყო. ახლა საბა სკოლაში დადის. წერა და მაკრატლის გამოყენება უჭირს, ხანდახან გაკვეთილზეც იღლება, მაგრამ სკოლაში სიარული მოსწონს. ხათუნა მასწავლებელი გვასწავლის, ყველაზე მეტად ქართული და მათემატიკა მომწონსო – მეუბნება და მეგობრებს მითვლის: საბა იმნაძე, გიორგი გიორგაძე და გიო დუმბაძე.

წელს საბა მშობლებმა თურქეთში, ანკარაში წაიყვანეს გამოკვლევებზე.

„ექიმებიც გაოცებულნი იყვნენ. საბას დიაგნოზით ათასი ბავშვიდან 2-3 თუ ახერხებს ასეთი შედეგის მიღწევას. ჩვენ არაფერი დაგვიშურებია, საბასთვის გვინდოდა ყველაფერი. ყველაფერი მოვიკელით, უფროს ქალიშვილსაც ბევრი მივაკელით, გავყიდეთ ძვირფასი ნივთები, ავტომანქანაც, რაში მჭირდება რამე, თუ საბას ვერ დავეხმარებით“, – ხმა ებზარება გურამს, საბას მამას.

გურამი დაცვაში მუშაობს. მისი ხელფასი, 650 ლარი და საბას 180-ლარიანი პენსია ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. გურამის ხელფასიდან მნიშვნელოვანი თანხა ახლა უკვე კრედიტების დასაფარად იხარჯება და არა ოჯახისთვის.

„კრედიტი ავიღე, რომ საბა ანკარაში, კლინიკაში წაგვეყვანა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაუტარეს, იანვარში ისევ უნდა წავიყვანოთ, რომ მკურნალობის კურსი დაუნიშნონ, მაგრამ უკვე ყველა რესურსი ამოვწურეთ… ვისაც დახმარება შეეძლო, ყველა დაგვეხმარა. აქამდე არც სახელმწიფოსთვის მითხოვია რამე, არც სხვა არ შემიწუხებია, ჩვენით ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ ახლა… ახლა აღარაფერი დაგვრჩა, არადა დაახლოებით რვა-ცრა ათასი ლარია საჭირო… საბაც განიცდის, გაიგონებს რამეს და მერე მთელი კვირა განიცდის, ასე რატომ თქვიო. არ ვიცი რა უნდა ვქნათ…“ – სივრცეს უყურებს გურამი.

ახლა საბა მკურნალობის პარალელურად მასაჟის კურსს გადის, რომელსაც სახელწიფო უფინანსებს. მისი სხეულის განვითარებისთვის მასაჟია აუცილებელი და კიდევ მეტი ინდივიდუალური ვარჯიში სჭირდება სპეციალისტთან, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. წამალი, რომელიც საბამ დღეში ორჯერ უნდა მიიღოს, დღეში 18 ლარი ჯდება და მშობლები ამბობენ, რომ კრედიტებთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება.

რა შეიძლება შეიცვალოს საბასთვის, თუ კი მკურნალობის გაგრძელებას ვერ შეძლებს?

„ექიმმა ორი პარალელური  ხაზი გაავლო ფურცელზე, იმის საჩვენებლად, თუ რა მოხდება მკურნალობის გარეშე“, – მიყვება გურამი. „ერთი, აღმავალი ხაზი, ჩვეულებრივი 8 წლის ბავშვის გონებაა, მეორე ხაზი, ქვემოთ, საბასი, თუ მკურნალობა გაჩერდება, ზედა ხაზი აიწევს, საბა კი დარჩება ქვემოთ, ვერ შეძლებს განვითარებას.“

საბა იქვე, ტახტზე, დაბალ მაგიდასთან ზის და გვისმენს. შიგადაშიგ რეპლიკებით გვერთვება და სქელშუშიან სათვალეს ისწორებს. მაგიდაზე ფერადი ფანქრები და ფლომასტერები ყრია, უფრო ახლებიც მაქვსო – მეუბნება. მერე  ტახტზე დგება და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მაგრამ მონდომებით ყვება, თუ როგორი გასაფერადებლები ნახა ტელევიზორში. ტელევიზორში საახალწლო აქციის რეკლამა გადის, რამდენიმე დღეში ახალი წელია, მაგრამ ამ ოჯახში მთავარი საფიქრალი ის არის, როგორ უნდა იშოვონ ცხრა ათასი ლარი, რომ საბა იანვრის ბოლოს კლინიკაში წაიყვანონ, როცა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, უკვე გაყიდეს.

„საბა მებრძოლია, ვიცი, რომ ეს მკურნალობა დაეხმარება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ლია ვერ მუშაობს, საბას ვერ ტოვებს, მე კი მარტომ ვეღარ გავქაჩე უკვე, მე მეტი აღარ შემიძლია“, – ხელებს უყურებს გურამი.

 

_______________________________________________________

საბას დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ანგარიშზე: 

მიმღების დასახელება : ლია დიასამიძე

ანგარიში : E76BG0000000896057700

მიმღების ბანკი სს “საქართველოს ბანკი  კოდი  BAGAGE22

გადაბეჭდვის წესი


ასევე: