სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500-მდე თანამშრომელი გამოძიების დროულად დასრულებას და სასტუმროს გახსნას ელოდება. სასტუმროს ამოქმედებამდე ისინი ადმინისტრაციამ უფასო შვებულაში გაუშვა.
„ლეოგრანდის“ იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს, სასტუმროს ფუნქციონირებაა საჭირო.
„დამსაქმებელს სანამ ჰქონდა შესაძლობლობა, ხელფასებს უხდიდა, მაგრამ ახლა სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები, მაგრამ დამოკიდებული ვართ საგამოძიებო ორგანოებზე, მათ უნდა მოგვცენ ამის უფლება,“ – ამბობს იურისტი.
მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოებიდან სასტუმროს ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია, რა ვადებში შეუძლიათ სასტუმროს რეაბილიტაცია და მუშაობის განახლება.
ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილია.
ბათუმის სანაპირო შტორმის შედეგად კიდევ ერთხელ დაზიანდა და დანაგვიანდა. მერიის სამსახურები რამდენიმე დღეა წმენდენ ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებსა და მთლიანად ბულვარის პერიმეტრს. შტორმის კვალი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე დღეს ასე გამოიყურება:
რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს „ხიდი-2006“-ის წილები ედნარ პაპუნაიშვილმა გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა.
„ხიდი-2006“-ის პარტნიორები, რომლებმაც წილები გაყიდეს, იყვნენ: ნონა ფუტკარაძე [33,4%], ლევან ბერიძე [33,3%] და ბესიკ თავდგირიძე [33,3%].
კომპანია „ხიდი-2006“-ს 2007 წლის ნოემბრიდან იჯარით ჰქონდა აღებული ზღვისპირა პარკში მდებარე პირსის შენობა და იქ რესტორან „სან-რემოს“ ამუშავებდა. პირსი ბათუმის მერიის საკუთრებაშია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირსი [სადაც რესტორანი სან-რემოა განთავსებული] კომპანიაზე 25 წლითაა გადაცემული და საიჯარო ქირა – 8 100 ლარია წელიწადში.
„სან-რემოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისა და რესტორნის სახელწოდება „ყოველ შემთხვევაში სექტემბრამდე, არ შეიცვლება“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ედნარ პაპუნაიშვილი სარესტორნო ქსელის განვითარებას გეგმავს ქობულეთსა და კურორტ გოდერძიზე. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით თავად ედნარ პაპუნაიშვილს, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.
ედნარ პაპუნაიშვილი კიდევ ერთი კომპანიის, შპს GTEM GROUP-ის მესაკუთრეა. ამ კომპანიის იურიდიულ მისამართად ქობულეთია მითითებული. პაპუნაიშვილი 5% წილს ფლობს ასევე კომპანია „ჯორჯიან მეტალ გრუპში.“
აჭარის მთავრობას შპს GTEM GROUP-ისთვის მიწის რამდენიმე ნაკვეთი აქვს გადაცემული კურორტ გოდერძიზე.
ედნარ პაპუნაიშვილის წარმომადგენლის, ჯუმბერ ჭყონიას ინფორმაციით, „სან-რემოს“ მუშაობა არ შეუჩერებია და სექტემბრამდე ჩვეულებრივად იმუშავებს, სექტემბრიდან კი შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის განახლდება.
„ედნარ პაპუნაიშვილს საქართველოში ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია, ის სტამბულში ცხოვრობს. ახლაც არ იმყოფება საქართველოში. ბიზნესი აქვს ერაყში – საქართველოს 400-მდე მოქალაქე ჰყავს იქ დასაქმებული. „გოდერძიზე“ აპირებს რამდენიმე, სამსართულიანი სასტუმროსა და ლაუნჯ-ბარის აშენებას. რაც შეეხება ქობულეთს, იქ მიწის ნაკვეთები აქვს, თუმცა ამ დროისთვის რაიმე პროექტი არ ხორციელდება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯუმბერ ჭყონიამ.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილის უყიდია სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.
როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ყავა შენახული მინის ჭურჭელში, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს დამახასიათებელ, მძაფრ სურნელსა და არომატს. ქარხნული წესით დაფქული ყავის ვაკუუმიან შეფუთვაში მოთავსებაც არ არის იმის გარანტია, რომ დახლებზე ეს პროდუქტი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გემოს.
ახალდაფქული, გემრიელი და არომატული ყავის მირთმევა ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებში იშვიათ ფუფუნებად იქცა, კაფეებსა და ბარებში თუნდაც ქვიშაზე ადუღებული ყავაც არ ვიცით როდის მოხალეს და დაფქვეს. თუმცა ყავის განსაკუთრებულად მოყვარულებისთვის დიდი შეღავათია ელექტროსაფქვავების არსებობა, რომლებიც სწრაფად ფქვავს მოხალულ ყავას, გემოც შესაბამისად ბევრად განსხვავდება ნაყიდი, მზა პროდუქტისგან.
ყავის ისეთ მოყვარულებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარს ამბობენ და ცოტათი მეტი ძალისხმევის ხარჯზე, მხოლოდ ხელის ძველებური წისქვილით დაფქულ ყავას გეახლებიან. ბათუმში ასეთ ყავას ბევრგან ვერ დალევთ. სახლებში, სადაც ხელის ძველებური წისქვილით ფქვავენ მაცოცხლებელი სასმელის მარცვლებს, ყოველთვის დგას ყავის მძაფრი, სასიამოვნო სურნელი, რომელიც მეზობლებამდეც აღწევს. ასეთია ვენერა სურმანიძის სახლიც. დილაობით, როცა ახალდაფქულ ყავას ხის ღუმელზე შემოდგამს, რომელიმე მეზობელი ვერ გაუძლებს ცდუნებას, კარზე დააკაკუნებს და იტყვის: „შენი ყავის სუნი გამოვიდა“ – რაც ნიშნავს, რომ ღუმელზე კიდევ ერთი ფინჯანი ყავა უნდა მოიხარშოს.
„დილით შვიდზე ვდგები, არაფერს ვჭამ, ყავას მივირთმევ და მივდივარ. სამსახურში ყავას არავინ მთავაზობს: ყველამ იცის, თუ მარცვალი თითონ არ მოვხალე და დავფქვი, ვერ ვსვამ, ან ჩემი უნდა წავიღო. კაფე-ბარებში როცა ვიკრიბებით, იქაც უცვლელი წესია – ყავა ჩემთვის არ უნდა შეუკვეთონ,“ – ამბობს ვენერა სურმანიძე.
ვენერა სურმანიძე/ფოტო:თამარ ნერგაძე
რამდენიმე დღით თუ მიემგზავრება სადმე, თან მიაქვს ხელის წისქვილი, ახალდაფქული ყავით სავსე ქილა, ყავის მარცვლები და ძველი, ყვითელყვავილებიანი ფინჯანი.
„სოფელში წავედი შარშან ნათესავებთან, ჩანთა ამოვალაგე, საფქვავი, ყავის მარცვლები ადგილზე იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ დამვიწყებოდა ფინჯანი. დავურეკე ჩემს ძმას და ვთხოვე, ბათუმიდან რომ წამოვიდოდა, ყვითელყვავილიანი ფინჯანიც წამოეღო. ყველამ იცის, რომ ეს ძველი ფინჯანი განსაკუთრებით მიყვარს. სულ ორი ცალი მქონდა შემორჩენილი და ერთი გამიტყდა, მერე ერთმა ახლობელმა თბილისიდან ჩამომიტანა ვიღაცის ნაქონი, იცოდა გამიხარდებოდა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები,“- გვიყვება ვენერა სურმანიძე და ჩვენც ამ ფინჯნით გვთავაზობს ყავას.
ბათუმური ყავა/ფოტო: თამარ ნერგაძე
ღუმლისთვის შეშას მეზობლები აძლევენ, მშენებლობების, რემონტის დროს ფიცრები რჩებათ და დიდი ხანია შეშა არ უყიდია. ცეცხლის ტკაცუნი შუა ბათუმში, ახალდაფქული ყავა და სიმყუდროვე – აქაურობის მთავარი ხიბლია.
ვენერა სურმანიძის სახლი/ფოტო:თამარ ნერგაძე
მეტაქსას პატარა ქუჩაზე ვენერა სურმანიძის გარდა მისი მეგობარი, სუსანა დუმბაძეც ცხოვრობს, რომელიც ასევე ხელის წისქვილით ფქვავს ყავას. თუ რომელიმეს მარცვალი გაუთავდება და საყიდლად გასვლა გვიანია, ერთმანეთს უწილადებენ.
შინ დაფქული ყავა/ფოტო: თამარ ნერგაძე
სუსანადუმბაძე: „ყავა უნდა იყოს მწარე, უშაქრო და ზომიერად მოხალული. დიდი მნიშვნელობა აქვს მარცვლის შერჩევას. კარგი ხარისხის ყავის მარცვალი მოზრდილია და უნდა პრიალებდეს. ელექტროსაფქვავში დაფქვა და ელექტრომადუღარაში ადუღებაც კი ცვლის ყავის არომატს. ხელის წისქვილი ჩემთვის უცვლელია. ერთხელ ვენერა მესტუმრა და გამეხუმრა: ქილიდან ჩუმად გადმოყარა ახალდაფქული ყავა და მაღაზიაში ნაყიდი ჩამიყარა. სახლში რომ წავიდა და მეორე დილით მოვხარშე, მაშინვე მივხვდი რაც მოხდა.
ჩვენ მარტო ერთმანეთთან ვსვამთ ყავას, ზუსტად ვიცით, რომელს რა დოზა გვიყვარს, ხანდახან გვეხუმრებიან, რომელ საუკუნეში ხართ ჩარჩენილები, რა დროს ხელის წისქვილიაო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, დასალევად ყველას ასე დაფქული ურჩევნია.“
სუსანას ერთი საფქვავი აქვს დიდი ხანია. ვენერა ამბობს, რომ ვერც დათვლის, რამდენი წისქვილი გაცვითა წლების განმავლობაში.
„გუგლს“ რომ ჰკითხოთ, ყავის ძველებურ წისქვილზე ბევრს ვერაფერს გიპასუხებთ. ,,ყავის წისქვილი“, „ყავის საფქვავი“ -როგორც არ უნდა სცადოთ საძიებო სისტემა მხოლოდ ელექტროსაფქვავებს გიჩვენებთ. ნივთს კი, რომელიც „გუგლშიც“ კი არ იძებნება, დიდი მომავალი არ აქვს.
ეს მერჩხეთია, პატარა სოფელი ღორჯომის ხეობაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე. სოფელში 30-მდე კომლი ცხოვრობს, სოფლის სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვისაა. ცივი ზამთარი აქაურებს არ აშინებთ, ხის სკოლაში შეშის ღუმელი ანთია, სოფელი თოვლსა და ნისლშია გახვეული. „ბათუმელებისთვის“ რამდენიმე ფოტო ზაზა ბერიძემ გადაიღო.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს საქართველოში.
პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.
პროგრამის ფარგლებში NDI კონკურსს აცხადებს სტაჟირების გასავლელად 2018 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საკრებულოებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მარნეული და ოზურგეთი.
სტაჟირება სრულგანაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 – 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს. საკრებულოებში შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე აქტივობებში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე, სტაჟიორები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასა და კომისიაში იმუშავებენ.
წარმატებული კანდიდატები ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
1. ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში:
[checklist]
საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
სამართალი
საჯარო მმართველობა
ეკონომიკა
ფინანსები
მენეჯმენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობები
[/checklist]
2. პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
3. ძლიერი ანალიტიკური უნარები
4. ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა
5. დავალებების დროულად შესრულების უნარი
6. გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
7. ძლიერი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
8. წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
9. კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office, Internet, Social Media).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 30 იანვრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancygeorgia@ndi.org უნდა გამოაგზავნონ. გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება (მაგ. “ზუგდიდის საკრებულოს სტაჟიორი”) ელ.ფოსტის სათაურში. ტესტირებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი.
ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია აქვს თვითმმართველ ორგანოს, „ბათუმელებმა“ 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით გამოითხოვა ბათუმის მერიისგან, საჯარო ინფორმაციის სახით.
წერილი, რომლითაც ბათუმის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა „ბათუმელებმა“
ამ წერილით „ბათუმელები“ ითხოვდა იმ სამშენებლო პროექტების ნებართვების ასლებს, რომლებსაც ხელი მოაწერა ბათუმის მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ.
სტატია „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა 24 იანვარს, ანუ ინფორმაციის მოთხოვნიდან ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როცა მივიღეთ შესაბამისი ოფიციალური წერილი [2018 წლის 17 იანვარს] და ასევე არაერთი ზეპირსიტყვიერი განმარტება მერიის შესაბამისი სამსახურიდან.
მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი შეიცავს ვრცელ ჩამონათვალს, მისამართებისა და მშენებლობის კლასის მითითებით. დოკუმენტში ინფორმაცია დიფერენცირებულია იმის მიხედვითაც, განმცხადებელმა შეათანხმა პროექტი, თუ გაიცა სამშენებლო ნებართვა, მათ შორის აღნიშნულია გორგილაძის #28-ც.
ბათუმის მერიიდან გამოგზავნილი დოკუმენტი
წუხელ, გვიან ღამით, მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ძირითადი პრეტენზია სწორედ გორგილაძის #28-ს უკავშირდება. განცხადებაში თვითმმართველი ორგანო წერს, რომ „ზურაბ გორგილაძის #28-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უკვე იყო აშენებული ლაშა კომახიძის მერობამდე იმ სახით, როგორიც ახლა არის. მოქმედმა მერმა მხოლოდ შიდა საპროექტო ცვლილება შეითანხმა, რაც გულისხმობს შენობის შიდა კონსტრუქციის გადაადგილებას (კედლები, კოლონები.)“
ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც, წესით, ლაშა კომახიძის მიერ ხელმოწერილი ნებართვების ასლები უნდა ყოფილიყო [ვინაიდან „ბათუმელებს“ მხოლოდ ბათუმის მოქმედი მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტები ჰქონდა გამოთხოვილი], გორგილაძის #28-სთან დაკავშირებით მითითებულია: „მშენებლობის ნებართვის გაცემა; მეოთხე კლასი, საცხოვრებელი სახლი“.
თვითმმართველობას სტატიაში ნახსენებ კიდევ ერთ მისამართთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია. „სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გორგილაძის #22-ში იგეგმება ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ ბათუმის მერიაში შემოტანილი იყო განაცხადი, რაზეც მერიამ ნებართვა არ გასცა“, – ეს არის ამონარიდი მერიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
ჩვენი მხრივ, განცხადების ამ ნაწილთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავძენთ: სტატიაში არსადაა ნახსენები, რომ გორგილაძის #22-ში მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.
რაც შეეხება მერიის პრეტენზიას გორგილაძის 51/53-თან დაკავშირებით – „ბათუმელებს“ არსად აქვს მითითებული, რომ ამ მისამართებზე მერიამ ნებართვა გასცა. სტატიაში საუბარია ინვესტორის შეთავაზებაზე მოსახლეობასთან.
„კანონიერი ქურდობა“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. „კანონიერი ქურდობისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. ადამიანებს ისევ აკავებენ და ასამართლებენ ამ მუხლებით, თუმცა არსებობს შემთხვევაც, როცა, მაგალითად, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ ქვეყნის მასშტაბით ცნობილ „ავტორიტეტს“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს – ის 2017 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს საპატიმრო დაწესებულებიდან.
„სკოლა არის საუკეთესო ადგილი, რომ გავიგოთ, რამდენად აწუხებს საზოგადოებას ისევ „ქურდული მენტალიტეტი,“ – გვითხრა ამ თემაზე მუშაობის დროს კრიმინოლოგმა მორის შალიკაშვილმა.
სკოლებში არ არის რთული იპოვო მოსწავლე, რომელიც გეტყვის, რომ „კაი ბიჭობა“ კარგი რამეა, ქუჩა ალტერნატიული სამართალია, „გუშინ საქმის გარჩევაზე იყო“, ან „ფეხბურთის სათამაშოდ მიდის ახლა“. სკოლის დირექტორები გეტყვიან, რომ „ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა“ თანამედროვე კოდურ ფრაზად იქცა და იგი „საქმის გარჩევაზე“ წასვლას ნიშნავს.
მოსწავლე: შეურაცხყოფა როცა მომაყენეს, ქუჩის ბიჭებს მივმართე
ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასში თავდაპირველად სიჩუმე ჩამოვარდა, როცა მასწავლებელმა მოზარდებს უთხრა, რომ ჟურნალისტს ე.წ. ქუჩის ინსტიტუტზე მათი შეხედულების გაგება აინტერესებდა. მასწავლებელმა თქვა ისიც, რომ მოსწავლეების სახელებს ვერავინ გაიგებდა.
„გზას აცდენილია ეს ქუჩაში დგომა, მასწ,“ – წამოიძახა უკანა მერხიდან ერთმა. უცებ მთელი კლასი მისკენ მიტრიალდა და აწრიალდა. ერთი ბიჭი ფეხზე წამოდგა და თქვა:
„ქუჩაში სწავლობ ყველაფერს, ქუჩაში იღებ კაცურ განათლებას, კომპიუტერთან ჯდომით ისწავლი აბა რამეს?… მე, მაგალითად, ქუჩაში იმიტომ ვარ ხშირად, რომ მერე ჩმორი არ ვიყო. ვდგავართ, საქმეებს ვარჩევთ, ეს არის სწორი ცხოვრება“.
მოსწავლე დეტალურად მოყვა, როგორ წავიდა „საქმის გასარჩევად“ წინა დღით სხვა სკოლის მოსწავლესთან – „კაი ბიჭებთან“ ერთად. გვითხრა, რომ უცნობმა საჯაროდ შეურაცხყო „ფეისბუქში“ და შემდეგ შეხვედრაზე უარი უთხრა. „სახლიდან გამოვიყვანეთ და ველაპარაკეთ, სილა გავაწანი და წამოვედი,“ – დასძინა მან. მოსწავლემ აღნიშნა ისიც, რომ მამაზე მეტად ბაბუას სცემს პატივს, რადგან იგი „კანონიერი ქურდია“ და მისგან ისწავლა “კაცობა, ცხოვრებაში რა არის სწორი გზა“. მოზარდისთვის საყვედური არც დედას უთქვამს. ბიჭი ხარ და თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, ასე მითხრაო, ირწმუნება იგი.
„ყველა ასე მოიქცეოდა, ქალაჩუნა ხომ არ უნდა იყო,“ – გაისმა რეპლიკა კლასში. ბიჭს, რომელმაც „კაი ბიჭებთან“ ერთად სცადა საქმის გარჩევა, თანაკლასელმა გოგომაც დაუჭირა მხარი. „პოლიციაში ჩაშვება გამოსავალი არ არის. პოლიციამ შეიძლება შეაჩეროს ჩხუბი, მაგრამ ის კონფლიქტის მოგვარებას ვერ შეძლებს,“ – გვითხრა გოგონამ.
მეშვიდეკლასელებს მასწავლებელმა ჰკითხა, რას იფიქრებდნენ, თუკი ვინმე მას შეურაცხყოფდა სოციალურ ქსელში და ის ამას უპასუხოდ დატოვებდა. კლასში რამდენიმე ადგილიდან ერთდროულად გაისმა: „გაგვიკვირდება, მასწ“.
კლასში მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ ასწია ხელი იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ქუჩაში საქმის განხილვას უფრო ემხრობიან, ვიდრე პოლიციისთვის მიმართვას.
სხვებმა მოსაზრების გამოხატვა არ ისურვეს.
„გოგონებს მინდა ვკითხო: რამდენს მოგწონთ ისეთი ბიჭი, რომელიც გიორგის პოზიციას იზიარებს და ქუჩაში საქმეებს არჩევს?“ – იკითხა მასწავლებელმა. შვიდი გოგოდან ორმა მაშინვე ასწია ხელი, მერე მესამეც შეუერთდა. მეოთხე გოგომ ხელი გვერდულად ასწია. მასწავლებელმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს. მოსწავლემ მოკლედ უპასუხა: „ვყოყმანობ, მასწ“.
მოსწავლე: ქუჩა არის ადგილი, სადაც წყდება სამართალი
ერთ-ერთ სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ქალთა უფლებების საკითხებზე გამართულ დისკუსიაზე მოულოდნელად საუბარი „ქუჩის ინსტიტუტზე“ ჩამოვარდა. ბიჭები ამტკიცებდნენ, რომ ქუჩა ალტერნატიული სამართლის სისტემაა… განსხვავებული პოზიცია გოგოებმა გამოხატეს.
ბიჭი: „ქუჩა არის მეორე უნივერსიტეტი. თქვენ თუ ქუჩა არ გაგივლიათ, ის შეხედულებები, რაც ქუჩაშია, ვერ გაიგებთ ბევრ რამეს… ჩვენ, ბიჭები, ქუჩაში ვიღებთ ძალიან დიდ განათლებას“.
მოსწავლეებს შეხვედრის სტუმარმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია შეახსენა, სადაც ორი ბიჭი მოკლეს. მოსწავლეებმა თქვეს, რომ ტრაგედია არ არის „ქუჩის გარჩევების“ ბრალი და „გარემოებას გააჩნია“.
გოგო: “არასწორი შეხედულებაა, რომ თუ ხარ ბიჭი, ქუჩაში უნდა იყო და ავტორიტეტი გემატება ამით. ეს არის სტერეოტიპი საქართველოში… რომ არა ეს, ჩვენ ცოტა ხნის წინ 15 წლის ბავშვებს არ დავკარგავდით. ამ შავბნელი ცხოვრებიდან ვერ გამოვედით, თუ ადგა ბიჭი და სამართალდამცველებს შეატყობინა, ის ითვლება, აღარ ვიტყვი იმ სიტყვას…“
ბიჭი: „ქუჩის ინსტიტუტი, ჩემი აზრით, არის ადგილი, სადაც წყდება სამართალი, ოღონდ იურიდიულად მინიჭებული უფლების გარეშე. ეს არის პარალელური სამართლიანობა, ოღონდ ეს არის სიტყვიერი და ეს არ უნდა იყოს ჩხუბი“.
გოგო: „თუ მე ქუჩაში არ ვდგავარ, გამოდის, მე არ ვსაუბრობ რამე კარგზე? რატომ უსვამთ ამას ხაზს, რომ კარგი ბიჭები დგანან ქუჩაში?“
„ღმერთმა დამიფარა, გადავრჩით“ – სკოლის დირექტორი ქუჩურ გარჩევაზე
„ძირითადად მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები არიან ამ კუთხით პრობლემური,“ – გვითხრა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა.
გაიზარდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ მიმართ პოზიტიური განწყობა სკოლებში? – ამის გასარკვევად „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს შეხვდა. იმისთვის, რომ გულწრფელი პასუხები მიგვეღო, მათ ვინაობის დაფარვას შევპირდით. დირექტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მე-10 კლასიდან ეს თემა აქტუალობას კარგავს, რადგან „მაგისთვის აღარ სცალიათ, სწავლობენ“.
ამ მენტალიტეტის მოზარდები, უბრალოდ, სკოლებს მეცხრე კლასის შემდეგ ტოვებენ.
„ჩემი სკოლის მოსწავლეს ქუჩაში დახვდნენ და გარჩევა მოაწყვეს,“ – გვიყვება ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. – „როგორც გავიგე, სხვა სკოლის კურსდამთავრებულები მოვიდნენ, ქუთაისიდანაც ჩამოსულან და ჩემს მოსწავლეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ. ამბავი იყო ის, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე გოგოს კონფლიქტი ჰქონდა ამ ბიჭთან და ტელეფონით მოასმენინა სიტყვიერი კამათი, სავარაუდოდ, შეყვარებულს. მერე გვითხრა, შემთხვევით დამეჭირა ხელი, თორემ არ მინდოდაო…“
ამ გარჩევის დროს დანებით იყვნენ შეიარაღებულები. ჩხუბის დროს დაიმსხვრა მანქანების მინები. „ღმერთმა დამიფარა. გადავრჩით,“ – თქვა დირექტორმა.
სკოლის ეს დირექტორი მოგვიყვა იმასაც, რომ მისი მოსწავლე გასულ წელს „ობშიაკის“ შეგროვებაში იყო ჩართული:
„დავიბარე, მაგრამ უარყო ყველაფერი. საუბარში მითხრა, რომ სპეციალური ტერმინი ყოფილა – „ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ“. ამას როცა ამბობენ, ვხვდები, რომ სადღაც საქმის გარჩევაა სინამდვილეში და აღარ ვუშვებ“.
„მითხრეს, ფეხბურთის სათამაშოდ ვართ მოსულიო,“ – გვიყვება სხვა სკოლის დირექტორი. მისი თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ 30 ბიჭი შეიკრიბა სკოლის წინ, პარკში.
„ვუთხარი, დაიშალეთ, თორემ პოლიციას გამოვიძახებ, არ ხართ თქვენ ფეხბურთის სათამაშოდ მოსული-მეთქი. არ დაიშალნენ, სხვა მხარეს წავიდნენ… გავიგე მერე ვისი ნახვაც უნდოდათ და იმ ბავშვს გავაყოლე მასწავლებელი, რომ თავს არ დასხმოდნენ,“ – დასძინა დირექტორმა.
დირექტორები მიიჩნევენ, რომ გავლენა ყოველთვის ჰქონდა „ქუჩის ინსტიტუტს“, თუმცა ის შესუსტდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა ე.წ. კანონიერ ქურდებს ღია ბრძოლა გამოუცხადეს.
დირექტორი: „ჩემმა შვილმა 2009 წელს დაამთავრა სკოლა. ჩემს კორპუსში კიდევ 15 ბიჭია, რომლებმაც იმ წლებში დაასრულეს სკოლა. ვერ ვიტყვი, რომ მათ არ იცოდნენ, რა იყო, მაგალითად, კაი ბიჭი, მაგრამ ეს მათი სასაუბრო თემა არ ყოფილა.“
როდის უჩნდებათ მოზარდებს ინტერესი „ქურდული სამყაროს“ მიმართ
„ეს პრობლემა წლებია მოგვყვება. თაობებსა და სოციუმს სჭირდება დრო, რომ ეს ნალექი გაიწმინდოს. მნიშვნელოვანია ის, თუ რას სთავაზობს მოზარდს გარდატეხის ასაკში სოციუმი,“ – ამბობს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი. მისი აზრით, მოზარდი იოლად პოულობს გამოსავალს, როცა ის გარკვეულია საკუთარ თავში. „მოზარდი ეძებს მიკროსოციუმს – რასაც პოულობს, იმაში ერთვება. აუცილებელია მოზარდს ჰქონდეს განცდა, რომ მას უსმენენ და მისი ესმით. მნიშვნელოვანია, როცა მშობელი ხარისხიან დროს ატარებს მასთან. უყვება, რამდენი საინტერესო რამ მოხდა იმ დღეს. თუ მშობელი ამას არ მოისმენს, მაშინ ქუჩა მოუსმენს,“ – დასძენს ფსიქოლოგი.
ირმა ფეიქრიშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა მოზარდებს მასთან „ქურდულ სამყაროზე“ უსაუბრიათ: „ერთხელ ურთიერთობა მქონდა მოზარდთან, რომელიც კარგად სწავლობდა და ამავე დროს გამოხატავდა პატივისცემას ქუჩის ინსტიტუტის მიმართ. კარგი სწავლა არ იყო მისი შინაგანი მოთხოვნილება და იგრძნობოდა მშობლების გავლენა. მშობლები შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ ბიჭი ქურდულ სამყაროს სცემდა პატივს… მისთვის ქუჩა იყო პროტესტის ფორმა, იქ გრძნობდა თავს თავისუფლად. მშობლებს ვთხოვე, შეეცვალათ დამოკიდებულება. მოზარდმაც გააცნობიერა, რომ მისი არჩევანი გადასახედი იყო და არსებობდა ალტერნატივა. მთავარი მაინც ეს მგონია – ადამიანმა დაინახოს ალტერნატივა“.
კრიმინოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მორის შალიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართ ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს უპერსპექტივობის განცდა აქვს და ძალაუფლების მოპოვებას ქურდული გავლენებით ცდილობს. მორის შალიკაშვილი იმ ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებიც სკოლას ვერ ასრულებენ ან სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესსა თუ პროფესიულ სასწავლებელში ვერ ხვდებიან:
„მე დიდი ხანი ვცხოვრობდი გერმანიაში. იქ თითქმის სავალდებულოა პროფესიული განათლება, თუ უმაღლესში არ აბარებ. გერმანიის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მას არ სჭირდება მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს შემწეობის იმედად იქნება… ორგანიზებული დანაშაული მასშტაბურია იქ, სადაც არის უმუშევრობა. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში ბევრად მეტია ორგანიზებული დანაშაულის მაჩვენებელი, ვიდრე ჩრდილოეთში. ნეაპოლში ახალგაზრდების დაახლოებით 30 პროცენტი უმუშევარია. ნებისმიერ ადამიანს უნდა, ჰქონდეს კარგი შემოსავალი, მანქანა… როცა სახელმწიფო ამას მოქალაქეს კანონიერი გზით ვერ სთავაზობს, მიდის მასთან ორგანიზებული დამნაშავე და ეუბნება – მე გთავაზობ ამ ყველაფერს, იყავი ჩემს რიგებში…“
რა უნდა გააკეთოს სკოლამ ან მშობელმა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლე „კაი ბიჭებთან“ ერთად აგვარებს პრობლემას? ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, ბავშვს ქმედების გააზრებაში უნდა დავეხმაროთ.
„არ უნდა დავსაჯოთ. დასჯა მოქმედებს ყველაზე ცუდად და ეს უბიძგებს ხშირად მოზარდს, რომ დესტრუქციული ქცევით მიიქციოს ყურადღება. მნიშვნელოვანია, მოზარდმა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, რომ ჩაგვრის ობიექტად არ იქცეს, მაგრამ უნდა ავუხსნათ მას, რომ პირისპირ საუბრის გზით შეუძლია პრობლემის მოგვარება. მან უნდა შეძლოს სახელი დაარქვას საკუთარ გრძნობებს და გაიაზროს ქმედება, რომელიც აგრესიაში გამოიხატა,“ – გვიყვება ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.
„სოციალურმა მუშაკებმა მუდმივად უნდა განახორციელონ მონიტორინგი,“ – მიიჩნევს კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი. მისი თქმით, მსგავსი მოდელი ევროპის ქვეყნებში წარმატებით მუშაობს და სოციალური მუშაკები რისკის მქონე ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. „ეს არ გულისხმობს იმას, რომ სოციალური მუშაკი აგენტია. პირიქით, მშობლები მათთან აქტიურად თანამშრომლობენ შვილის კეთილი მომავლიდან გამომდინარე,“ – დასძენს ის.
რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ გოგოებს „კაი ბიჭები“ მოსწონთ? – კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი ფიქრობს, რომ რეალურია:
„მოსწონთ, რადგან დაცულად გრძნობენ თავს. უსაფრთხოების კომპონენტი ადამიანში მეორეა ბუნებრივი მოთხოვნილების შემდეგ. აი, ეს ის ბიჭია, რომელსაც სხვა ბიჭებიც პატივს სცემენ, ესე იგი, კარგი ყოფილა, – ფიქრობს ის. მოკლევადიანი პერსპექტივიდანაა დანახული ეს. ზოგადად, განათლებაშია პრობლემა. გოგომ უნდა გაიაზროს, რომ ბიჭი, რომელიც მას მოსწონს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაიცავს. მარტივია: ვინც კრიმინალურ გზას დაადგება, ის სამომავლოდ ოჯახის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.“
ხელისუფლებას „ქურდულ მენტალიტეტზე“ სალაპარაკოდ არ სცალია
„სუბკულტურა ქურდულ სამყაროზე იმდენად არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად არის ქცეული, ან თუ არ არის ქცეული, მას ანგარიშს ვუწევთ,“ – ამბობს კრიმინოლოგი, მორის შალიკაშვილი. მისი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ქურდული სამყაროს მიმართ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ე.წ. ავტორიტეტების გავლენა შესუსტდა, მაგრამ იგი არ გამქრალა და როგორც კი შესაძლებობა მიეცა, ისევ გამოჩნდა.
„რეალურად რომ სდომოდა სააკაშვილის ხელისუფლებას ქუჩის ინსტიტუტის დამარცხება, მაშინ ის ინვესტიციას ჩადებდა განათლებაში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო პოლიტიკური პიარის ნაწილი. ერთია, როცა ამომრჩეველთან მიდიხარ და ეუბნები, რომ კრიმინალს ამარცხებ და მეორე, როცა აცხადებ, რომ ორგანიზებული დანაშაული და „ქურდული სამყარო“ დაამარცხე. შესაბამისად, ეს იყო მოკლე ეფექტის მქონე, რაც რეპრესიულ პოლიტიკას ახასიათებს,“ – ამბობს მორის შალიკაშვილი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა,“ – გვიყვება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია. – „განათლების ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ეს წამოიწყო, იყო კახა ლომაია… სკოლა არ მუშაობს იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს ღირებულებითი არჩევანი, რა არის სწორი და რა – არასწორი. ახალგაზრდებს უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, რა არის მათთვის უკეთესი: მიიღონ განათლება და უსმინონ საღამოობით განათლებულ, დაღლილ მშობელს, რომელიც ამბობს, ამდენი ვისწავლე და ვინ აფასებს ჩემს შრომასო, თუ ქურდული სამყაროს წესით მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც ფული აქვთ, კარგი ცხოვრება… რომანტიზებული განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ ისევ არსებობს საზოგადოების ნაწილში. გააზრება არ ხდება, ამიტომაც გვაქვს ეს შედეგი.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ გიორგი ტუღუშის აზრით, თუკი ხელისუფლების პრიორიტეტი არ იქნება „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა, ეს ინსტიტუტი გაძლიერდება:
„ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა თუ არ შენარჩუნდა, როგორც ხელისუფლების პრიორიტეტი, ძალიან ადვილად შეიძლება დავბრუნდეთ წარსულში… ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას სჭირდება მკაცრი მიდგომა კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიებით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში,“ – გვითხრა გიორგი ტუღუშმა.
რას აკეთებს ხელისუფლება, როცა საზოგადოების ნაწილის პოზიტიური დამოკიდებულება „ქურდული სამყაროს“ მიმართ იზრდება? – იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებიდან მოგვწერეს, რომ ამ თემაზე საუბრისთვის არ სცალიათ. სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ პასუხის გამოგზავნას დაგვპირდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თუმცა უშედეგოდ.
რა უთხრა სტრასბურგის სასამართლომ „კანონიერ ქურდს“ საქართველოდან
„აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების საქმის განხილვა 2014 წელს დაასრულა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ე.წ. კანონიერი ქურდი კ. აშლარბა ევროპის სასამართლოში ასაჩივრებდა იმას, რომ 2005 წლიდან დასჯადად მიჩნეული „ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლი ბუნდოვანი იყო და რეალურად რთულია იმის დადგენა, რა უნდა ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრობად.
აშლარბა ბათუმელია. ის 2006 წელს დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. 2007 წელს მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სამართალმა უნდა შეძლოს, ფეხი აუწყოს ცვალებად გარემოებას,“ – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ აშლარბას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაიზიარა და თქვა, რომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ბუნდოვანი არ არის.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: „ყოველთვის იქნება საჭიროება სადავო საკითხების განმარტების და შეცვლილი გარემოებებთან ადაპტაციის. მაშინ, როცა განსაზღვრულობა უაღრესად სასურველია, მას შეიძლება თან მოჰყვეს გადაჭარბებული სიხისტე.“
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ესეც: „2005 წლის 20 დეკემბრის საკანონმდებლო პაკეტის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს შეეძლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყო და ბრალი წაეყენებინა 180-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რომელთაგან 20 მსჯავრდებული იქნა „კანონიერი ქურდობისთვის“. ამას გარდა, რამდენიმე ყველაზე ძლიერმა „კანონიერმა ქურდმა“ შეძლო საქართველოდან გაქცევა და თავშესაფარი იპოვა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.“
„ლავასოღლის“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს
„ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტად ცნობილი „ლავასოღლი“, იგივე მინდია გორაძე, თავისუფალია. მას „კანონიერ ქურდობაში“ ბრალი პროკურატურამ 2016 წლის იანვარში წაუყენა. წინასწარი პატიმრობის ყველა ვადა ისე გავიდა, რომ მას ბრალი ვერ დაუდასტურეს.
„ლავასოღლის“ დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 30 იანვარს გაავრცელა. „2013 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით აღიარებულ იქნა რა კანონიერ ქურდად, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები,“ – იუწყებოდა შსს.
მინდია გორაძეს ანუ „ლავასოღლის“ წინააღმდეგ გამოძიება დღემდე მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე. თუმცა მინდია გორაძემ 2017 წლის 17 ოქტომბერს საპატიმრო დაწესებულება დატოვა: 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფომ ვერ მოახერხა მისთვის „კანონიერი ქურდობა“ დაემტკიცებინა, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებული იყო, „ლავასოღლი“ ციხიდან გაეშვა.
რატომ ვერ დაასრულა სასამართლომ 22 თვეში კანონიერი ავტორიტეტის საქმის განხილვა სასამართლოში და დაუწესა თუ არა მას, მაგალითად, საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც მინდია გორაძის საქმე განიხილება. სასამართლოდან მოგვწერეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„ბათუმელებს“ არც პროკურატურამ უპასუხა კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა თითქმის ორი წელი საკმარისი მინდია გორაძის მიმართ „კანონიერი ქურდობის“ შესახებ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. მინდია გორაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეების დაკითხვას განზრახ აჭიანურებდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ლავასოღლი“ თურქეთში გაემგზავრა.
ნადირ სალიფოვი, იგივე „ლოტუ გული“ თავისუფალია
2017 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი – ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „ლოტუ გული“. იგი დმანისშია დაბადებული. მას საქართველოს მოქალაქეობა რომ არ დაუკარგავს, დასტურდება დოკუმენტით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა: სალიფოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის 2014 წლის 10 ივნისს მიუმართავს განცხადებით, „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე“.
იმავე წლის 4 დეკემბერს ნადირ სალიფოვს იუსტიციის სამინისტრომ წერილობით აცნობა: „განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარმოდგენილი და მოპოვებული დოკუმენტებით ნადირ სალიფოვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ.“
გასცა თუ არა ქართული პასპორტი ნადირ სალიფოვზე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა? უწყებაში ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ მსგავსი პირადი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
ადვოკატმა ტირანა ალიევამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ლოტუ გული“ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.
კანონიერი ქურდი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე – 2017 წლის 25 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 45 წლის ნადირ სალიფოვს დაკავების პერიოდში საბჭოთა პასპორტი ჰქონდა. გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ მოახერხა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სალიფოვმა ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტით, თუკი საქართველოში არ დაბრუნებულა, როგორც ამას შსს აცხადებს.
„ლოტუ გულს“ 1995 წელს 23 წლით პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ მიუსაჯა. ის მაშინ 21 წლის იყო.
ნადირ სალიფოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „ავტორიტეტია“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ლოტუ გულის გამოსვლით ქურდულ სამყაროში იმ ცვლილებებს ელიან, რომელიც შაქროს (კალაშოვი) დროს ვერ განხორციელდა. პატიმრობაში ყოფნის დროს გული, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის ინარჩუნებდა გავლენას იმაზე, რაც ციხის მიღმა ხდებოდა. გაცილებით მეტს ახერხებდა, ვიდრე შაქრო ესპანური ციხიდან,“ – წერს რუსული გამოცემა „ფრაიმ ქრაიმი“.
ნადირ სალიფოვს უკავშირდება 2013 წელს საქართველოში „ქურდული სამყაროს“ 13 წევრის დაკავების საქმე. შსს აცხადებდა, რომ „დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი“ ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, რვაკაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდისგან,“ ხოლო მეორე ხუთკაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, რომელიც აზეირბაიჯანის საპყრობილეში იხდიდა სასჯელს“.
არაოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ სალიფოვიც თურქეთში გაემგზავრა.
ქართველი „კანონიერი ქურდები“ – ევროპის სამართალდამცველების თავსატეხი
ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაკავებაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდება როგორც რუსულ, ასევე ევროპულ მედიაში. ბოლო ახალი ამბავი ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაკავებაზე საფრანგეთში გავრცელდა. ნოემბერში 30-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდი“.
ფრანგული გამოცემის Le Parisien-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ საფრანგეთისა და ევროპის მასშტაბით სახლებისა და მაღაზიების დაყაჩაღება და მათ მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონი ევროა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ.
ოქტომბერში 5 ქართველი „კანონიერი ქურდის“ საბერძნეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა საბერძნეთში დაახლოებით 35 ბინა გაქურდეს.
18 კანონიერი ქურდი 2016 წელს დააკავეს ესპანეთშიც. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ამ ჯგუფს ლიდერი თურქეთის ციხიდან მართავდა.
„კანონიერი ქურდები“ დააკავეს უკრაინაშიც, კიევის ოლქში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, მათ შორის, ორი ქართველი იყო.
რაც შეეხება რუსეთს, აქ 2016 წელს დააკავეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი. კალაშოვს საქართველოში, დაუსწრებლად, მკვლელობის მუხლით 18-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ნადირ სალიფოვმა საქართველო 90-იან წლებში საბჭოთა პასპორტით დატოვა, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, გაურკვეველია რომელ ქვეყანაში შევიდა სალიფოვი საბჭოთა პასპორტით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თუკი საქართველოში არ დაბრუნებულა, როგორც ამას შსს აცხადებს.
8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.წ. „კანონიერ ქურდს“, კაკო ტუღუშს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ. კაკო ტუღუში სასჯელს არ იხდის. სასამართლოში მისთვის წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურამ „სკაიპის“ ჩანაწერები წარადგინა, სადაც ჩანდა, რომ კაკო ტუღუში საქართველოში მცხოვრებ ბიზნესმენებს 300 ათას ლარს სძალავდა. სასამართლო განხილვის დროს კაკო ტუღუში თურქეთში იმყოფებოდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამავე საქმეზე რუსლან ჩიქოვანი გაასამართლა. ოფიციალური ინფორმაციით, ის კაკო ტუღუშის დავალებებს ასრულებდა ბათუმში.
გერმანელი მეცნიერი ქართული „ქუჩის სკოლის“ შესახებ
წიგნი, „ლოკალური კონფლიქტების ემპირიული კვლევები“ 2008 წელს გამოქვეყნდა. მისი ერთ-ერთი ავტორი, კრისტოფ ციურხერთან და ალექსეი გუნიასთან ერთად, ანთროპოლოგი იან კიოლერია, რომელიც საქართველოში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მკვლევარი ქუჩის სკოლას განიხილავს როგორც გარდამავალ სივრცეს მოზარდობიდან ზრდასრულთა სამყაროში და აღნიშნავს, რომ ამ სუბკულტურიდან მოსულ ახალგაზრდებზე, მათი კომუნიკაციური უნარებისა და ნდობის კრედიტის გამო, დიდი მოთხოვნა იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, რესპექტაბელური ოჯახებიდან დაწყებული და მთავრობით დამთავრებული.
წიგნში ვკითხულობთ: „ქუჩის სკოლა გვიან საბჭოთა და ადრეულ პოსტსაბჭოთა პერიოდების საქართველოში წარმოადგენდა გარდამავალ სივრცეს მოზარდობიდან მამაკაცობაში. ბიჭები ტოვებენ ოჯახისა და სკოლის დაცულ და დამცველ ტერიტორიას, რათა გადაინაცვლონ ავტონომიური წესების, ავტორიტეტების, რიტუალებისა და პროცედურების უცნობ, სახიფათო სივრცეში, რომელიც წარმოადგენს ზრდასრულთა სამყაროს განათლებული სოციალური ფენის გარეთ მდებარე პრესტიჟის ბაზარს… ქუჩის სკოლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს ბირჟად წოდებული უბნის შეხვედრების ადგილი… ბირჟაზე იკრიბებიან მოზარდებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენლები: „ძველი ბიჭები“, „შავები“, „კაი ბიჭები“ და „დედიკოს ბიჭები“ – ქუჩის ვეტერანები, ქურდულ სამყაროს ზიარებულნი, „მუდმივი წევრები“ და უპრესტიჟო ქვემდგომები („ჩმორები“).
ბირჟებზე რეალური აღებ-მიცემობა ხორციელდებოდა: ვაჭრობის საგანი იყო ღირსება და სირცხვილი. ქუჩაში პრესტიჟის შეძენა და დაკარგვა ძირითადად ხდებოდა ინდივიდუალური ქცევის მეშვეობით პოტენციურად ძალადობრივ კონფლიქტებში (კანონდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის ჩათვლით), წვრილმან კრიმინალში და ერთმანეთთან სიტყვიერი პაექრობის პროცედურებში. თუმცა ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარა მუდამ არსებობდა, მაინც ძირითადი იარაღი ენა იყო… ამასთან, სწორი ლაპარაკი და ქცევა კონფლიქტის რეგულირებისას უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე ჩადენილი ქმედებები.“
სამეცნიერო ნაშრომის დასკვნით ნაწილში 2008 წელს ევროპელმა მეცნიერებმა ჩაწერეს:
„ქუჩის სკოლამ დაკარგა თავისი, სოციალურად მიღებული ღირებულება და ცოტა ხნის წინ რომანტიზებული ქურდული სამყარო გადაიქცა სოციალური ქსოვილიდან სულ უფრო „ამოვარდნილ“ მაფიად“.
მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა უმეტესობა დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას.
ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, საცხოვრებლის შესაძენად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახებიდან დაახლოებით 90%-მა ქონების შეძენა მოახერხა, სოფელი კი მათგან, მხოლოდ რამდენიმემ დატოვა.
„საცხოვრებელი ფართობის შეძენა უმრავლესობამ მოახერხა, მაგრამ, ამავდროულად სოფელშიც რჩებიან. მოსახლეობას საკუთარი მიწისა და საცხოვრებლის მიტოვება უჭირს, თუმცა ეს არაა გამოსავალი, აუცილებელია სოფლიდან მოსახლეობის განსახლება,“ – ამბობს მერი.
კითხვაზე – რა ბერკეტი გააჩნია ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოსახლეობას განსახლება მოსთხვოს? გოჩა მელაძე ამბობს, რომ ამის ერთადერთი ბერკეტი ის ხელშეკრულებაა, რომელიც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორისაა გაფორმებული და რომლის საფუძველზეც მოსახლეობამ 25 000 ლარი პროგრამულად მიიღო, მერი არ გამორიცხავს სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებას.
„ხელშეკრულებით მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა, საკუთრებაში დარეგისტრირება და თხილვანაში არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა. სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა, ახლა მოსახლეობამ უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება. თუ ასე გაგრძელდება, ვფიქრობთ, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ, რადგან ქვედა თხილვანაში ვითარება არ დასტაბილურებულა. ეს არაა ერთი ან ათი წლის პრობლემა, განსახლება აუცილებელია და იქ ყოფნა მოსახლეობისთვის ნებისმიერ დროს საშიშია,“ – აცხადებს გოჩა მელაძე.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი.
ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობეს უკანონოდ და მერიამ უკვე მისცა კომპანიას გაფრთხილება ღობის მოშლასთან დაკავშირებით: „მერია თვლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, დარჩება ადგილზე და როგორც სარგებლობდა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა და ბავშვები ამ ატრაქციონებით, ისევ ისე ისარგებლებენ“.
ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაა, „თუმცა ისეთი ტერიტორიაა და ისეთ ადგილზეა, რომ მისი შემოღობვა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან საზოგადოებრივი სივრცეა და უნდა მოხდეს ღობის დემონტაჟი, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში“.
რატომ განათავსეს თავის დროზე ატრაქციონები კერძო კომპანიის საკუთრებაში? – ამ კითხვაზე პასუხი მერიას არ აქვს. მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა დაგეგმილი არ არის, ხოლო არსებულ შენობაში რა განთავსდება, მათ კომპეტენციას სცილდება.
გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია 2017 წლის ნოემბრიდან, რეესტრის მიხედვით, კომპანია „სტარს“ ეკუთვნის, რომლის 100% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე ომერ ილდიზი.
მიმდინარე წლის 22 იანვარს კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა. მესაკუთრის გადაწყვეტილებით, კომპანიის ახალი სახელია – „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“.
„ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკუთრებაშია აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი საზღვაო ბანკის შენობა, სადაც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, სავარაუდოდ ერთ-ერთი თურქული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა იგეგმება, თუმცა კომპანიას ვერ დავუკავშირდით.
აჭარის განათლების სამინისტროში ახალი სასწავლებლის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ: „ კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში აკრედიტებული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნისთვის საქართველოში, საჭიროა მან აქ გაიაროს ავტორიზაცია, რაც საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის კომპეტენციაა“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ან „სტარის“ განცხადება ავტორიზაციის შესახებ, ამ დროისთვის მათთან პროგრამულად არ ფიქსირდება“.
აღნიშნულ ტერიტორიას გოგებაშვილის 62-ში 2007 წლიდან ფლობდნენ: შპს „რაკიინ დეველოპმენტი“, შემდეგ არაბული კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ , შემდეგ „პრომეტკო ჯორჯია“, შემდეგ კი – „ბლექ სი ფროფერთისი“.
ცნობილმა ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა.
გამოსამშვიდობებელი ტურნე Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ გაიმართება. ტურნე 2021 წელს დასრულდება.
პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებლის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის დასასრული მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაანონსდა. ტურნე მუსიკოსის გულშემატკივრებს „ჯერარნახულ” მუსიკალურ და ვიზუალურ თავგადასავალს ჰპირდება.
„ეს იქნება ბოლო, როცა მე ჩავატარებ ტურნეს და ვიმოგზაურებ სამყაროს ირგვლივ, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიცვალა. 10 წლის წინ რომ გეთქვათ მე დავასრულებდი ტურნეებს, გეტყოდით რომ არა, მე მოქმედი მუსიკოსი ვარ, მე ყოველთვის ვუკრავ… მაგრამ ჩვენ გვყავს ბავშვები და ამან შეცვალა ჩვენი ცხოვრება. 2015-ში მე და დევიდი დავსხედით მათი სკოლის განრიგით და გავიფიქრე, რომ არ მინდა აქედან ბევრი რამ გამომრჩეს. მე მქონდა საოცარი ცხოვრება, საოცარი კარიერა, ვიყავი წარმოუდგენლად ბედნიერი, უბრალოდ ჩემი ცხოვრება, ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ჩემი პრიორიტეტი ახლა ჩემი შვილები, ჩემი ქმარი და ჩემი ოჯახია. სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ტურნეებს ვატარებ 17 წლის ასაკიდან, როგორც ელტონ ჯონი – 1969 წლიდან და ვიფიქრე, რომ სწორი დროა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს ფანს მთელი მსოფლიოს ირგვლივ, დავემშვიდობო მათ…. მე არ ვამბობ, რომ აღარ ვიქნები შემოქმედებითი, მაგრამ მე აღარ ვიმოგზაურებ,” – თქვა მან სპეციალურ შეხვედრაზე.
ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე საქართველოში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტები 30 ივნისს და 1 ივლისს არის ჩანიშნული. როგორც Eastern Promotion- ი იუწყება, ელტონ ჯონი საქართველოს სწორედ ბოლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
აქტუალურ საკითხებზე ელექტრონული პეტიციით მთავრობისთვის მიმართვა უკვე სპეციალური საიტით [ichange.gov.ge] არის შესაძლებელი. პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს რეგიონებში საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცნობენ.
ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობას მიმართოს. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.
საქართველოს მთავრობა წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარულ დღეში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 10 ათასი მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.
„ეს ხმა განსაკუთრებით უნდა ისმოდეს რეგიონებიდან,“ – ახსენა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ის დღეს, 24 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს თაობაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ანა, დღეს გამართეთ შეხვედრა ბათუმში და ისაუბრეთ პრეზიდენტის ვეტოს შესახებ. რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ მსგავსი შეხვედრების მოწყობა და გეგმავთ თუ არა შეხვედრებს სხვა რეგიონებში?
ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთხელ, საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ეხება, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას, დაფინანსების განკარგვის წესის ცვლილებას… ეს თემა არის ძალიან აქტუალური და მის აქტუალობას ადასტურებს ის უპრეცედენტო კონსენსუსი, რასაც ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მედია წრეებში. ფართო საზოგადოებაში, საექსპერტო წრეებში ღიად აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ამ ცვლილებებზე.
ჩვენ ბევრ რისკზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისთვის, რაზეც ვეტოს შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არის ის, რომ ეს კანონი დააზიანებს, პირველ რიგში, მოქალაქეს, დააზიანებს მათ წვდომას მრავალფეროვან და თავისუფალ ინფორმაციასთან, დააზიანებს მათ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლებს. ეს კანონი ქმნის ფართო საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაძლიერდეს, როგორც ფინანსური, ასევე გამყარდეს პოლიტიკური გავლენები. სხვა მაუწყებლებსაც შეექმნება საფრთხე, ასევე კორუფციის სერიოზული რისკები გაჩნდება.
შეიძლება ერთი შეხვედით საზოგადოებას მოეჩვენოს, რომ ეს თემები მისგან შორეულია და ეს მის ყოველდღიურობაზე ასახვას ვერ ჰპოვებს, მაგრამ ნამდვილად პირიქით არის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ყოველდღიურობას, რა ურთიერთობა განვითარდება ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის, ამას მეტწილად განსაზღვრავს მედია. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს მსგავს განხილვებში.
ამ ეტაპზე განხილვა შედგა მხოლოდ ბათუმში. ჩემი, როგორც საპარლამენტო მდივნის დიდი სურვილია, რომ აქტუალურ თემებზე გვქონდეს უშუალო შეხება მოქალაქეებთან რეგიონებში. დემოკრატია არის მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება უშუალოდ ხვდება ხალხს, ისმენს მათ შეხედულებებს, შეკითხვებს და პასუხობს მათ.
რა შეიძლება უთხრათ მოქალაქეებს, ვისაც მიაჩნია, რომ მაინც არ მოუსმენენ?
მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ასე ვხედავ ამ შეხვედრებს – ჩვენ, ხელისუფლება ჩავალთ რეგიონში და ჩვენს გადაწყვეტილებას ვეტოს შესახებ მარტო ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულს კი არ დავტოვებთ, არამედ დაინტერესებულ ადამიანებს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მივცემთ. ავხსნით, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და მათგანაც მოვისმენთ, იზიარებენ თუ არა ჩვენს შეხედულებებს. ჩვენთვის ეს არის ორმხრივი პროცესი.
მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი მესამე სექტორში და ხშირად მითქვამს – დემოკრატია არის ყოველდღიური ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი უფლებები და თავისუფლებები თვითნებური ჩარევებისგან; ასევე დაიცვან საკანონმდებლო პროცესი იმისგან, რომ კანონები არ მიიღონ ადამიანების ჩართულობის გარეშე. ამ დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტზე საერთო პეტიციით მიმართეს მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს და შეხვედრა მოითხოვეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას გამოხმაურება მოჰყვა. ასეა – ბევრი აქტორის კონსოლიდირებული ნაბიჯის იგნორირება რთულია ხელისუფლებისთვის. აქ გამოჩნდა, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ვეტოს.
მნიშვნელოვანია, რომ სხვა ჯგუფებმაც იაქტიურონ, როგორც ამ კანონთან, ასევე სხვა მოვლენებთან მიმართებაში. ეს არ არის მარტივი, რადგან მოქალაქეობა არ არის მარტივი. ეს შრომატევადი სტატუსია, მაგრამ საპატიოა და ამ ბრძოლაში არ უნდა დაიღალოს მოქალაქე. მუდმივად უნდა შეახსენო ხელისუფლებას, რომ ის შენ დაიქირავე.
შეხვედრაზე ახსენეთ, რომ რეგიონების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რას გულისხმობთ?
ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთხით პირველი ფლანგის დაზარალებულები რეგიონული მაუწყებლები იქნებიან. შესაბამისად, რეგიონული საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არის გარკვეული საკითხები, რაც რეგიონში უფრო მძაფრად შეიგრძნობა. მხოლოდ დედაქალაქის პერსპექტივიდან გადაწყვეტილების მიღება არასდროს არ არის სწორი.
რა აჩვენა დღევანდელმა დისკუსიამ ბათუმში?
შეხვედრაზე იყო საინტერესო კითხვები, სიღრმისეულად ჰქონდათ გააზრებული, რაზეც სვამდნენ კითხვებს, კარგად ინფორმირებული არიან ისინი ამ კანონპროექტზე. ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პრეზიდენტის ვეტო გამოხატავს საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებებს და ეფუძნება აზრთა თანხმობას. ამ შეხვედრამ დამანახა ამ გადაწყვეტილების დასაბუთების სისწორე და იმედი მაქვს, რომ ამას გაიზიარებს პარლამენტი.
დღეს, 24 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა. კანონპროეტის არსებული რედაქცია აუდიტორიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გააცნო.
დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის დღემდე მოქმედ რედაქციაში გარკვეული ტიპის ხარვეზებია და მუშაობა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და უფლებამოსილებების გამიჯვნაზე მიმდინარეობს.
„აჭარის კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტია იმ რეგულაციებისა და უფლებამოსილებებისა, რომელიც აქამდე არსებობდა, ბევრი ხარვეზი იყო, ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის პროცესი. ცვლილებების აუცილებლობა არსებობდა და ის ცვლილებები, რაც შედის, დადებითია. მაღალმთიან აჭარაში რაც გამოიკვეთა არის ის, რომ მოსახლეობას სურს ჰყავდეს მაჟორიტარი. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ მოსახლეობათა ინტერესის გათვალისწინებით შევთანხმდებით,“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში შედის, აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებებს ასუსტებს.
„ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ ავტონომიის უფლებების გაზრდაზე, რომ ამით დეცენტრალიზაციისკენ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონი და აქედან გამომდინარე ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში, რომელიც რეგიონს კომპეტენციას უმცირებს. ყველა ის ცვლილება, რაც დღეს ხორციელდება, ძირითადად, კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე, დამოკიდებულია პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ აძლევს საშუალებას უმაღლეს საბჭოს უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას კონსტიტუციის სრულყოფისკენ, კლასიკური გაგებით ეს ავტონომიის სტატუსის შემცირებაა,“ – აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.
არასათავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, ამ ცვლილებებით ავტონომიის უფლებამოსილებები არც იზრდება და არც მცირდება: „არსებობს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად კომპეტენციების, გარკვეული უფლებამოსილებების ძირითად ნაწილს განსაზღვრავს, ამიტომ არსებითი და განსხვავებული ცვლილებები ვერ შევა.“
„აჭარის კონსტიტუციის პროექტი 19 აპრილამდე უნდა მივიღოთ და შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს გადავუგზავნით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს, შენიშვნებით დააბრუნებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისეთ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც პარლამენტარების კრიტიკას გაუძლებს და მათ მხარდაჭერას მიიღებს,“ – აცხადებს დავით გაბაიძე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეების დასახლებაში, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ მიწიდან ცხელი წყალი ამოდის, გამოირთო ელექტროენერგია. მოქალაქეებს აინტერესებთ, რაიმე საფრთხის შემცველი ხომ არ ხდება თავად ბენზინგასამართ სადგურზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს. რუსუდან კბილაშვილი ადასტურებს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ ნამდვილად ამოდის ცხელი წყალი, მაგრამ აცხადებს, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობს. „ეს ჩვენს სადგურს არ ეხება. ცხელი წყალი ამოდის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოვრთეთ ელექტროენერგია, მაგრამ მაინც ვარკვევთ, მიწიდან ამოდის ცხელი წყალი, თუ რაიმე დაზიანებაა,“ – აცხადებს რუსუდან კბილაშვილი.
ყოველ სამშაბათს ქედის მერს, ლევან გორგილაძეს, დილიდან შუადღემდე მოქალაქეთა მიღების საათები აქვს. ქედის მერიაში ხალხმრავლობა დილიდან იწყება. 11 საათზე მოქალაქეები პირველ სართულზე არსებული კანცელარიიდან საშვით შენობის მესამე სართულზე, მერის კაბინეტის შესასვლელთან ინაცვლებენ. მერთან დახმარების სათხოვნელად მოქალაქეები ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან და მერთან შესასვლელად რიგის დაცვით ერთმანეთს ენაცვლებიან.
იმის გასაგებად, თუ რა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ მოქალაქეები ქედის მერს, შეხვედრაზე დასწრება ვითხოვეთ და ნებართვაც მივიღეთ.
ქედის მერთან მოქალაქეების მიღებას ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძეც ესწრება. პირველი მოქალაქე სოფელ შევაბურში მცხოვრები ავთანდილ ბასილაძეა. იგი მერს დედის ოპერაციის დაფინანსებას სთხოვს.
„მცირეწლოვანი შვილი მყავს, დედა საოპერაციოა, ჩემს ოჯახს კი ოპერაციის თანხა არ აქვს, 7 000 ლარზე მეტი ჯდება, იქნებ დაგვეხმაროთ ფინანსურად… რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ან სად, რომელ კლინიკაშია იაფი ოპერაცია ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის?…“ – კითხულობს ავთო.
ლევან გორგილაძე მას უხსნის, სად შეიძლება ამის გარკვევა და თან დასძენს, რომ სარეზერვო ფონდიდან მერიას მაქსიმუმ 700 ლარამდე თანხის გამოყოფა შეუძლია.
ავთოს გასვლის შემდეგ კაბინეტში სოფელ ორცვადან ჩამოსული მალხაზი დაბის რწმუნებულთან ერთად შემოდის. მალხაზის პრობლემაზე მერის წარმომადგენელი იწყებს საუბარს და ამბობს, რომ მალხაზი უნებართვო ჭრისთვის დააჯარიმეს. მალხაზი შშმ პირია, ფსიქიკური პრობლემები აქვს და ჯარიმის გადახდა არ შეუძლია. რწმუნებულის საუბრის დასრულების შემდეგ მალხაზი მორიდებით დგება სკამიდან და „მე ხე არ მომიჭრია, მხოლოდ ტყე გავწმინდეო,“ – ამბობს, მადლობას უხდის მერს მიღებისთვის და კაბინეტიდან გადის.
შემდეგი დაბა ქედაში მცხოვრები როლანდ ცინცაძეა. იგი მერს დაბაში, 9 აპრილის ქუჩაზე, მაღაზიის მოსაწყობად ფართობის გამოყოფას სთხოვს. მერი მას ფართობის გამოყოფას კანონის შესაბამისად ჰპირდება და ამბობს, რომ თუ შესაძლებლობა საშუალებას მისცემს, მიწაზე აუქციონს გამოაცხადებს. ლევან გორგილაძე ასევე დასძენს, რომ ამ შემთხვევაში მიწით შეიძლება სხვაც დაინტერესდეს.
სოფელ ოქტომბრიდან სანდრო დუმბაძე კი მერს ფინანსურ დახმარებას მკურნალობისთვის სთხოვს: „დახმარება მინდა, ექიმი მჭირდება …ყველაფერი მჭირდება, შრომის უუნარო ვარ,“… მერი მას ბარათზე საკუთარ ნომერს უწერს და ჰპირდება, რომ როცა მკურნალობას გადაწყვეტს, დაურეკოს და ექიმები მისი თხოვნით უფასოდ გასინჯავენ.
კაბინეტში ჟუჟუნა გორგაძე შემოდის. ჟუჟუნა ბავშვებთან ერთად ახლა ნაქირავებში ცხოვრობს, მანამდე კი სოფელ კუჭულაში ქმართან ერთად ცხოვრობდა, ვიდრე საცხოვრებელ სახლზე გაჩენილი ხანძრით ქმარი დაიღუპებოდა, დაიწვა სახლიც. ახლა იგი მერს საცხოვრებელი სახლით სთხოვს დახმარებას.
„კომისია გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – ეუბნება მერი და ჟუჟუნაც მორიდებით გადის კაბინეტიდან.
მოქალაქეებთან მიღებაზე ბოლოს შევაბურელი მოხუცი, 86 წლის თინა ნაკაშიძე შემოდის. მისი მთავარი პრობლემა დაურეგისტრირებელი მიწაა. ამბობს, რომ მის ოჯახს 9 000 კვადრატული მეტრი მიწა აწერია, რეალურად კი ამდენს ვერ იყენებს და მიწით მისი მაზლი სარგებლობს. მან მერს სთხოვა, მიწები აუზომონ, მაგრამ მიწის ასაზომად მერიის თანამშრომელი თემურ ბერიძე არ გაუშვან.
„თემური და ჩემი მაზლი ერთად მუშაობდნენ, ის მის მხარეს დაიჭერს… კიდევ სხვა სათხოვარიც მქონდა, მაგრამ დამავიწყდა,“ – ამბობს თინა.
ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის მიმართავენ, სთხოვენ, როგორც ოპერაციების დაფინანსებას, ასევე მკურნალობისთვის თანხის გამოყოფას.
„მოქალაქეების მიღება პარასკევს იყო, თუმცა შესაბამისი დახმარება რომ გაგვეწია, გვიანდებოდა და სამშაბათს შეხვედრა ამიტომ გადმოვიტანე. რადგანაც მოქალაქეების ნაწილმა იცის, რომ შეხვედრა პარასკევსაა, ნაწილი პარასკევს მოდის შეხვედრაზე, აქ მოსულ მოქალაქეებს ნებისმიერ დღეს ვუსმენთ და ვეხმარებით. ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებით მომმართავენ, მე კი შესაბამის პროფილის ექიმებს ვთხოვ უფასოდ გასინჯონ, რაშიც ექიმებიც მეხმარებიან. რაც შეეხება მოქალაქეების დღევანდელ მოთხოვნას, ჟუჟუნა გორგაძის ოჯახს თავის დროზე 10 000 ლარი, როგორც ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გადასცემია. გარდა ამისა, მერიას დახმარებაც გაუწევია 1000 ლარის ოდენობით, ბინები კი, რომელიც დაბა ქედაში შენდება, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახებისთვისაა,“ – გვითხრა ლევან გორგილაძემ.
25 იანვარს, ხუთშაბათს, საღამოს 5 საათზე ევროპის მოედანზე გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართება – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართება თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გამართავს.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობისთვის.
„პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში. საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აყენებენ მოთხოვნებს: 1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; 2. გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი; 3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; 4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. 5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილ.
ავტორი: მალხაზ ნაკაშიძე,სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. როცა საჯარო განხილვებს ვაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაც ისეთივე ფორმალური პროცესია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყო გასულ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასაწყიდიდან იგრძნობა.
გვახსოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აანონსებდა აჭარაში კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვათა მონაწილეობით. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როცა ამბობენ, რომ თითქოს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია. ეს არის მხოლოდ ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტებში კონსტიტუციის პროექტის გაცნობას უზრუნველყოფს.
დღეს არ ვიცით ვინ მოამზადა ცვლილებების პროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა უმაღლესი საბჭოს 14 წევრის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ და, როგორც ვიცი, მის მომზადებაში არ ყოფილა ჩართული არც ერთი ზემოთ აღნიშნული სუბიექტი.
საჯარო განხილვების დროს შესაძლებელია დაისვას გარკვეული კითხვები, წინადადებები, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ნებაზეა დამოკიდებული, რა შენიშვნებს გაითვალისწინებს – მოქალაქეებს ამ პროცესზე ზემოქმედების საშუალება არ აქვთ. მოსახლეობას არც სათანადო ცოდნა, არც ინტერესი არ აქვს ამ განხილვებისადმი და როგორც გამოჩნდა, ძირითადად, საჯარო მოხელეები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში.
საერთოდ კონსტიტუცია გარკვეული სოციალური კონტრაქტია საზოგადოებისთვის და იგი მხოლოდ ხელისუფლების ორგანოების მოწყობას არ განსაზღვრავს. რიგითი მოქალაქე კონსტიტუციის მნიშვნელობას, პირველ რიგში, იმის მიხედვით ზომავს, თუ რა სარგებელს, სიკეთეს მოუტანს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ იქნება მოქალაქე ჩართული ხელისუფლების განხორციელებაში და რამდენად ეფექტური იქნება მთავრობა გადაწყვეტილების მიღებაში, ამ კონსტიტუციის საფუძველზე. თუ აჭარის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვას დავაკვირდებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ბევრად გაუმჯობესდა კონსტიტუციის ახალი პროექტი მოქმედ დოკუმენტთან შედარებით. მაგალითად, ამბობენ, რომ შეიცვალა მთავრობის ჩამოყალიბების წესი, გამარტივდა ვეტოს გადალახვის პროცესი, დეპუტატს შეეძლება კითხვა დაუსვას მთავობას, უმაღლეს საბჭოს შეუძლია კომისიის შექმნა და ა.შ.
ეს საკითხები ჩვეულებრივი ამბავია საკანონმდებლო საქმიანობაში, არც აქამდე ქმნიდა განსაკუთრებულ პრობლემებს მათი ამა თუ იმ ფორმით არსებობა, მაგრამ მოქალაქეს ეს აინტერესებს? – არა. ჩემი აზრით, მოქალაქეს აინტერესებს, თუ რის გადაწყვეტას შეძლებს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილზე, საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და გაუმარტივებს მას ცხოვრების პირობებს. ავტონომიის და ნებისმიერი რეგიონული დეცენტრალიზაციის მიზანიც ხომ ეს არის. ამდენად აჭარის კონსტიტუციის მიმართაც მოქალაქეებს უნდა აინტერესებდეთ რა საკითხები არის განსაკუთრებულ გამგებლობაში, ანუ საკითხები, რომლებსაც ავტონომია ადგილზე, ხალხთან უფრო ახლოს გადაწყვეტს.
აჭარის ხელისუფლების ორგანოების მოწყობა მნიშვნელოვანია და იგი დემოკრატიულად უნდა ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოქალაქეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაიზრდება ამ ორგანოების ეფექტურობა მომავალში, ისევ ხომ არ იწუწუნებენ მისი წარმომადგენლები, რომ უფლებები არ აქვთ, თორემ ბევრ საკითხს ადგილზე მარტივად მოაგვარებდნენ.
დღეს კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატორები აცხადებენ, რომ გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალი ადრეც იყო განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. ახალი ცვლილებებით დაემატა ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან“.
შეიძლება ითქვას, რომ დღემდე აქ ჩამოთვლილ სფეროებში ისედაც ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცალკეულ უფლებამოსილებებს შესაბამისი სამინისტროებისა და საქვეუყწყებო დაწესებულებების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ბევრ შემთხვევაში ჩამოთვლილ სფეროებში პოლიტიკის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების მიერ დღემდე ბუნდოვანია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით იმავე სფეროებში საკითხების გადაწყვეტა უკვე მიეკუთვნება საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილებებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ გააჩნია შესაბამისი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
განსაკუთრებული გამგებლობის საკითხები გულისხმობს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ამ საკითხებზე მიიღოს თავისი კანონმდებლობა. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ რეალურად რა კანონმდებლობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამ სფეროებში და, შესაბამისად, რა პოლიტიკას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ სფეროებში დამოუკიდებლად. დღემდე მოქმედ კონსტიტუციურ კანონში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში პირდაპირ ეწერა ბევრი საკითხი, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხები, რომელზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ დღეს ზოგიერთი საკითხი ამ ჩამონათვალიდან ამოღებულია. მაგალითად, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკები და მუზეუმები, სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი, სახანძრო დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურა და სპორტი, ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობა და ურბანული განვითარება, სამონადირეო საქმე, ბაზრობები, ბაზრები და გამოფენები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება და სხვა. ამდენად, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალს არაფერი დამატებია, პირიქით, მოაკლდა. მომავალში მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა იქნება ზემოთაღნიშნული „ნებისმიერი უფლებამოსილება“, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განახორციელებს, როგორ დადგინდება ეს საკითხები, რომლებიც აჭარის ატონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობაში არ არის ჩამოთვლილი.
ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების უფრო ფართო ჩამონათვალი გაკეთებულიყო, როგორც ეს ბევრი ქვეყნის პრაქტიკაში არსებობს და უფრო ნათელი იქნებოდა, თუ რა უფლებამოსილებებს ფლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მთავარი ყურადღება მიმართულია ამ უფლებამოსილებებისადმი და მნიშვნელოვანია ინიციატორებმა დაგვარწმუნონ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურა, მათი მუშაობის წესი კი არ შეიცვალა, არამედ ამ ორგანოებს მოქალაქეთათვის საკითხების ადგილზე ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობები გაეზარდათ.
„მე მგონია, ვალდებულება არ არის, რომ აუცილებლად კანონპროექტის ინიციატორი ვიყო,“ – ასე უპასუხა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ფატი ხალვაშმა „ბათუმელების“ შეკითხვას, უშუალოდ მას რა საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა პარლამენტში. დეპუტატმა დღეს, 24 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ანგარიში ჩააბარა. შეხვედრას ძირითადად თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
„ხელის მიჭერით არ ხდება მხოლოდ კანონის მიღება, საკომიტეტო მოსმენებზე მიმდინარეობს მსჯელობა და არის სხვა ფორმატიც, სადაც ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ,“ – დასძინა დეპუტატმა. შეხვედრაზე მან რამდენიმე კანონი დაასახელა, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მას შემდეგ, რაც კანონების ჩამონათვალი ამოწურა, ფატი ხალვაშმა ბათუმის მერიის პროექტებიც დაასახელა.
„შორს წაგვიყვანს ყველაფრის ჩამოთვლა, რომ არ დაგღალოთ ციფრებით, შემიძლია მოგაწოდოთ…“ – თქვა დეპუტატმა და დარბაზიდან კითხვებს დაელოდა. შეკითხვა მხოლოდ ერთმა მოქალაქემ დასვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. თქვა, რომ მისი შვილიც შშმ პირია და დახმარება სჭირდება. ფატი ხალვაშმა მოქალაქეს უთხრა, რომ ამ თემით დაინტერესებულია: „ჩვენს ბიუროში მობრძანდით და დაწვრილებით გავიაროთ ეს საკითხი, შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით“, – აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატს ასევე დაუსვეს შეკითხვა სოციალურ დახმარებებზე. ფატი ხალვაშმა თქვა, რომ სოციალური შემწეობის პროგრამა ახლო მომავალში შესაძლოა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელონ.
„მართლაც ბევრს აქვს ეს განცდა, რომ უსამართლოდ მოუხსნეს დახმარება. განიხილება საკითხი, რომ ადგილობრივმა გამგეობებმა განახორციელონ ეს პროგრამა და ეს ჩემი აზრითაც უკეთესი იქნება,“ – აღნიშნა ფატი ხალვაშმა.
დარბაზში შეკითხვები ამით ამოიწურა. შემდეგ კი დეპუტატს მადლობა გადაუხადეს: „გახსნილობისთვის“, „იმიტომ, რომ მობილურს პასუხობთ“, „გულისხმიერი ხართ“…
„გავშინაურდეთ ცოტა, არ მოგერიდოთ კითხვების დასმის,“ – მიმართა დარბაზს ფატი ხალვაშის ბიუროს ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარაიამ.
„დიდი ხანია გაშინაურებული ვართ უკვე, არ გვერიდება…“ – გაისმა დარბაზში.
„რატომ არ ესწრებოდნენ შეხვედრას მოქალაქეები?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ფატი ხალვაშს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაუსვა.
„ჩვენ ერთი კვირით ადრე დავაანონსეთ ეს შეხვედრა, განახლება მოხდა ინფორმაციის. გავაფრთხილეთ გამგეობის ხელმძღვანელები, რომ ინფორმაცია გაევრცელებინათ, იყო რამდენიმე მოქალაქე, ინტენსიური შეხვედრა გვაქვს მოქალაქეებთან, სხვა არ ვიცი…“ – გვიპასუხა ფატი ხალვაშმა.
პარლამენტის წევრს ასევე ვკითხეთ ჩაქვიდან ხეების უკანონო გატანაზე ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის. ფატი ხალვაშმა გვიპასუხა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და არც ხეების გატანით შეწუხებული მოქალაქეები უნახავს.
ფატი ხალვაში: „ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, არც არავის მოუმართავს, ჩემთან არ მოსულან მოქალაქეები, რომლებიც შეწუხებული არიან ხეების გადატანით…“
ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, ამბობს, რომ ეს ბავშვთა ინფექციაა, მაგრამ იგი მოზრდილებში მეტი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, ამიტომაც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ ვირუსი.
როგორია წითელას სიმპტომები?
წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში. გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით: სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.
წითელას განაყარი წყარო: www.cdc.gov
ვინ წარმოადგენს წითელას რისკჯგუფს?
წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, თითქმის 98-100%, შესაბამისად რისკჯგუფს წარმოადგენენ არაიმუნური ადამიანები, ანუ ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი არ აქვთ წითელას მიმართ. წითელას მიმართ იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად ან წითელას გადატანის შემდეგ. ვაქცინაციას ექვემდებარებიან ბავშვები ერთი წლის ასაკიდან, შემდეგ რე-ვაქცინაცია ხდება 5 წლის ასაკში. თუ ვაქცინაცია ნორმალურად არის გაკეთებული, ბავშვს იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება დაავადებისაგან. ასევე დაცულები არიან წითელაგადატანილი ადამიანები. წითელას განმეორება არ ახასიათებს.
რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი?
პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს აცრა, ეს არის მართვადი ინფექცია და აცრები წარმოადგენს მისი მართვის მთავარ ბერკეტს. ეპიდსიტუაციის დროს ვაქცინაცია ინიშნება მოზრდილებშიც. ამჟამად, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოზრდილების აცრებიც. თუ მოზრდილებს კონტაქტი ჰქონდათ წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ოჯახში, სამსახურში, ან სხვაგან მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პოლიკლინიკებში უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო აცრები.
როგორია მკურნალობა?
ის მითი, რომ წითელას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე ნაკლებად არსებობს მოსახლეობაში. წითელას აქვს გამოხატული კლინიკური მიმდინარეობა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, განსაკუთრებით გართულებების შემთხვევაში, როცა საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას.
რა გართულება ახლავს დაავადებას?
წითელას დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები, მაგალითად, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტები, ასევე წითელას დროს შეიძლება განვითარდეს ცრუ კრუპი. ყველაზე მძიმე გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი [ტვინის ანთება] და მენინგო-ენცეფალიტი. ამის საფრთხე შეიძლება იყოს ბავშვებთანაც და ზრდასრულებშიც.
რამდენად საშიშია წითელა ორსულობაში?
ორსულობაში წითელა განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან დიდ რისკთან არს დაკავშირებული, მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ტრიმესტრში მას სხვადასხვა გართულება ახასიათებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით: ორსულობის პერიოდში წითელა შესაძლებელია გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.
რატომ მიიჩნევა, რომ წითელა-ბატონების დროს ბავშვს ყველა სურვილი უნდა შეუსრულდეს?
დიახ, წითელას ხალხი ბატონებსაც ეძახის, ამით არაფერი შავდება. არც იმით შავდება რაიმე, თუ ბავშვს წითელ ბუშტებს მიუტანენ, მთავარია, დროულად მიიყვანონ ექიმთან, დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა. ზოგადად, ნებისმიერი დაავადების დროს უნდა შევუქმნათ ბავშვს კომფორტული გარემო. არ ვანერვიულოთ, ავაცილოთ სტრესებს. ამიტომ, თუ ბავშვი მოითხოვს რაიმეს, სასურველია შევუსრულოთ, იმიტომ, რომ არ ინერვიულოს და სტრესული სიტუაცია არ განვითარდეს. აი, ეს არის მთელი მექანიზმი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები წითელას თავიდან აცილების შესახებ:
ვირუსული დაავადების საეჭვო რომელიმე ჩივილის არსებობის შემთხვევაში (ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და სხვა) დარჩით სახლში, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მოერიდეთ ოჯახური თუ სხვა კონტაქტების დაინფიცირებას, გამოიყენეთ ნიღაბი.
დროულად მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად
წითელათი დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
დაიცავით ჰიგიენის წესები.
დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. ვაქცინაციას ექვემდებარებიან:
0-14 წლის ასაცრელი და არასრულად აცრილი ბავშვები.
დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები (სტატუსის გათვალისწინებით).
სამედიცინო პერსონალი.
30 წლამდე ასაკის პირები (სტატუსის გათვალისწინებით).
[red_box]✔ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით:
• ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
• წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია;
• 20 – 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია;
• 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;[/red_box]
ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელი ტურისტების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ „მიმდინარეობს ჩინეთსა და საქართველოს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვა“.
კონკრეტულად რა უნდა გადაიხედოს, დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.
ჩინელი ტურისტების საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უვიზოდ შემოსვლის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ ადასტურებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე. მისი თქმით, საუბარია ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო მომისვლაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
უსარგებლო პისტოლეტის სკულპტურა ნიუ იორკში ომის აბსურდულობის სიმბოლოდ, მუსტანგებისა და საქონლის ჯოგის ქანდაკებები ტეხასში, ოდესღაც განადგურებული ველური ბუნების შესახსენებლად – მსოფლიო სხვადასხვა ქალაქში ბევრი უცნაური სკულპტურაა, რომლებსაც ძირითადად მოსაწყენ გარეუბნებში დგამენ გარემოს გასამრავალფეროვნებლად. ქვემოთ მოცემული ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურმა ადამიანებმა გადაიღეს და შეკრიბეს. თითოეულ სკულპტურას თავისი ისტორია აქვს.
1. „უცნობი ჩინოვნიკი”, რეიკიავიკი, ისლანდია
2. „ღორები”, ადელაიდა, ავსტრალია
3. „სამსახურში”, ბრატისლავა, სლოვაკეთი
4. „ჩამოკიდებული კაცი”, პრაღა, ჩეხეთი
5. „უსარგებლო პისტოლეტი”, ნიუ იორკი, ამერიკა
6.მეორე მსოფლიო ომის სცენა რეალური ზომის სკულპტურებით, ესეაბატი, თურქეთი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორონგი დაიწყო. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე განმარტავს, ზღვის გარემოს მდგომარეობის საუკეთესო გამომხატველი არის მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მასში არსებული ბიოლოგიური სახეობებისა და ფორმების მდგომარეობა. „ევროკავშირის მიდგომაა, რომ პრიორიტეტული არის ბიოლოგიური და არა ქიმიური მონიტორინგი, რადგანაც იგი [ბიოლოგიური მონიტორინგი] ყველაზე კარგად გამოხატავს რა მდგომარეობაშია გარემო,” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
დეპარტამენტს მუდმივი დაკვირვების ოთხი სადგური აქვს: მწვანე კონცხი, სარფი-კვარიათი, პიერ ბათუმის პირსი და ბათუმის პორტი.
არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, „გვაქვს შემუშავებული შეფასების შკალები, მოხდება სანაპიროს სტატუსის შეფასება. მუდმივი დაკვირვების ოთხივე სადგურზე ყოველთვიურად გავალთ და გავაკეთებთ კვლევას, სამ თვეში ერთხელ შევაჯამებთ შედეგებს და ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოიცემა ბიულეტენების სახით. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.!“
ბიოლოგიური მონიტორინგი მოიცავს ყველა ჰიდრობიოლოგიური ფრაქციის ანუ ზღვაში არსებული ბაქტერიების, წყალში არსებული მცენარეებისა და ზოოპლანქტონის გამოკვლევას.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის 22 და 53 ნომრებს შორის მონაკვეთი, აქ დაგეგმილი ყველა პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად შეიცვლის სახეს. ამ მონაკვეთში ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების ნაცვლად რამდენიმე მაღლივი კორპუსის აშენება იგეგმება – ერთი პროექტი მშენებელს უკვე დამტკიცებული აქვს.
გორგილაძის #28-ში შპს „გურმშენი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა. მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი.
გორგილაძის #28-ში ერთსართულიან იტალიურ დასახლებაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. გვერდით კი, გორგილაძის #32-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს.
პროექტი შპს „გურმშენს“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან წლების წინ შეუთანხმებია, შემდეგ კი საბჭოს პროექტის შეცვლის მიზნით მიმართა. საბჭომ ცვლილება არ დაამტკიცა.
გორგილაძის #28. ამ ერთსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე მშენებელი ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. დაახლოებით რა ფართობზე გეგმავს მშენებელი ამ მჭიდრო მონაკვეთში ახალი კორპუსის აშენებას და რამდენსართულიანია პროექტი? – ეს „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია.ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #32 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix-xx საუკუნის მიჯნაზე. მშენებლობა ამ ძეგლის უკან იგეგმება. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
შპს „გურმშენი“ 2011 წელსაა დაფუძნებული და მას რუსეთის მოქალაქე ზვიად მამულაძე ფლობს. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
კერძო საკუთრება გამოსყიდული აქვს და ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს შპს „მინი-77“ გორგილაძის #22-ში. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დგას. შესაბამისად, მშენებლობის მსურველმა კომპანიამ პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს რამდენჯერმე მიმართა. ჯერ თანხმობა არ მიუღია.
ბათუმი. გორგილაძის #22, სადაც ინვესტორი ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. შენობა ძეგლი არ არის. ის ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გორგილაძის #22-ში მდებარე 1016 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო ფართობი და შენობა-ნაგებობები – ჯამში 146.11 კვ.მეტრი უკვე კომპანიას ეკუთვნის. რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ფართობების გამოსყიდვის სანაცვლოდ კომპანია ყოფილ მესაკუთრეებს ახალაშენებულ კორპუსში ბინებს დაჰპირდა.
აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებელს გეგმები აქვს გორგილაძის #24-თან დაკავშირებითაც. მათ ჯერ პროექტების შეთანხმება ვერ შეძლეს ვერც მერიასთან და ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან.
„ბიზნესმენმა გვითხრა, გვერდითა სახლებიდან რომ გამოვყვები, აქამდე ყველაფერს დავანგრევ და ორი ან სამი ახალი სახლის მშენებლობას ერთდროულად დავიწყებო“, – გვითხრა #24-ში მცხოვრებმა თამარ ბაქანიძემ. მისივე თქმით, გორგილაძის #24-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი ორ საუკუნეს ითვლის. თამარი ინვესტორს ელოდება, რადგან ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს და სახლს ვერ არემონტებენ.
„ინვესტორს შევუთანხმდები, ან ბინა მომცეს მთავრობამ“, – ამბობს თამარი. მისივე თქმით, ამ წინადადებით მან ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართა.
დაახლოებით იგივე განწყობები აქვთ ბათუმში ისტორიულ, დაბალსართულიან სახლებში მცხოვრებლებს, მათი უმეტესობა ელოდება ინვესტორს, რომ საკუთრება დათმოს ახალაშენებულ სახლში გაორმაგებული ფართობის სანაცვლოდ.
გორგილაძის #24 ფოტო: ცაგო კახაბერიძე
გორგილაძის #36-ში, სავარაუდოდ, ძველ სახლზე მანსარდის დაშენებას გეგმავენ. მერმა ნებართვა გასცა რეკონსტრუქციაზე. ამ სახლთან ყველაზე ახლოს ძეგლის სტატუსი აქვს გორგილაძის #31-ს.
ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ გორგილაძის #51/53-ში. ადგილზე მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებელი ერთსართულიანი, ნაწილობრივ კრამიტით გადახურული სახლის ათვისებას გეგმავს, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინვესტორი მათ გასულ წელს მოელაპარაკა ახალ ბინაში გაორმაგებული ფართობის სანაცვლოდ საკუთრების დათმობაზე და ისინიც დათანხმდნენ.
შიდა ეზოში არსებული სამსართულიანი სახლის ოთხი მესაკუთრე გვერდით მაღალი სახლის მშენებლობას ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მათ საკუთრებასაც არ აითვისებს: „აქ რაღა აზრი ექნება ცხოვრებას, ჩაგვეკეტება შესასვლელი და ოთახებში სინათლე აღარ შემოვა. ამიტომ თუ ჩვენს სახლსაც არ აითვისებს, გვერდით მშენებელს ჩვენ არ შემოვუშვებთ“.
აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ხელფასები ზოგ თანამდებობაზე გაზრდილია, ზოგზე კი – შემცირებული. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, არ გაზრდილა უმაღლესი საჭოს წევრების ხელფასები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2018 წლისთვის 5 750 ლარით, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 ლარით განისაზღვრა.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების პირთა ხელფასების ოდენობა დადგინდა 2017 წელს მათზე გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.
უმაღლეს საბჭოში 21 წევრია, შესაბამისად, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში იქნება:
უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ხელფასი 3 700 ლარით, ხოლო მისი მოადგილის [ორი მოადგილე] – 3 200 ლარით განისაზღვრა. გასულ წელს კი აპარატის უფროსის ხელფასი თვეში 3 515 ლარი იყო, ხოლო მოადგილის – 2 920 [თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ჩათვლით].
უმაღლეს საბჭოში დასაქმებული პირები, რაოდენობა და თანამდებობრივი სარგო:
ახალი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოს შემცირება, იმასთან შედარებით, რაც მათ 2017 წელს ჰქონდათ. მართალია, თანამდებობრივი სარგო არ შემცირებულა, თუმცა, საერთო ჯამში, ხელფასის ოდენობა შეუმცირდათ მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტებსა და პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს [ისინი თანამდებობრივ სარგოსთან ერთად იღებდნენ დანამატსაც].
აჭარის უმაღლეს საბჭოში [რანგისა და იერარქიის შესაბამისად] კომისიის აპარატისა და დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იქნება 3 200 ლარი, განყოფილების უფროსის – 2 800 ლარი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 800 ლარი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 600 ლარი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 1 400 ლარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე, ბათუმის სანაპიროზე წელს კიდევ ერთი ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზღვის ძუძუმწოვარი ანბანის კოშკის მიმდებარედ გუშინ, 23 იანვარს, გამორიყა ზღვამ.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 26 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები უნგრულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებასაც იმ სტიპენდიატებისთვის, ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;
ბიოლოგია/ფსიქოლოგია;
აგრარული მეცნიერებანი;
ინჟინერია და ტექნოლოგიები;
სოციალური მეცნიერებანი;
ჯანდაცვა;
სპორტის მეცნიერებანი;
ხელოვნება.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum“ 2013 წელს დაარსდა უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.
2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად.
პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე 2018 წლის 16 იანვარიდან 2018 წლის 16 თებერვალის ჩათვლით.
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე, ასევე და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში). დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართობის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს.
საფრანგეთში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2018-2019 წლის სასტიპენდიო პროგრამაში, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა და განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.
„სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019“ ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
პროგრამის დასრულების შემდგომ მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში. პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
სოფლის მეურნეობა, განათლება, ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, არქიტექტურა, საჯარო მართვა, მენეჯმენტი და სამართალი. განცხადების გაკეთება აღნიშნულ პროგრამაზე იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საგრანტო პროგრამის კრიტერიუმებია: უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე;
უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის;
უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას.
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2018 წლის 22 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით. ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.
ფემბე-ოზლემ ოლუნის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს, 24 იანვარს, დაიწყო. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალია, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ საქმეში ყველა მტკიცებულებაა, რაც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
დავის ძირითადი საგანი მტკიცებულება გახდა, რაც საქმეში არ არსებობს და რაც დაადასტურებდა ვის ეკუთვნოდა კასრში შენახული იარაღი. ადვოკატი ლევან შავაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად არ ჩაატარა ბიოლოგიური ან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა საბრძოლო მასალა ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ფემბე ოლუნს.
რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ ექსპერტიზა? – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უპასუხა, რომ მსგავსი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოძიებას არ დაუნახავს და მოწმეთა ჩვენებები დაადასტურებს წარდგენილ ბრალს.
საქმეში მთავარი მოწმეები, პოლიციელების გარდა, ის პირები არიან, ვისი საკუთრებიდანაც საბრძოლო მასალა ამოიღეს.
“ეს პირები არიან ბრალდების მხარის მოწმეები. გამოძიებას არ გაუჩნდა კითხვა: იქნებ მათ ეკუთვნოდათ ეს იარაღი,” – შენიშნავს ადვოკატი.
საუბარია ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებ ნუკრი მეგრელიშვილზე, ასევე ბათუმში მცხოვრებ ემზარ უზუნაძეზე, ვისთანაც ფემბე ოლუნს საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ნაქირავები.
ადვოკატ ლევან შავაძის თქმით, ბრალდებული ქობულეთში მცხოვრებ ნუკრი მეგრელიშვილს იცნობდა:
“ნუკრის მეუღლე თურქეთის მოქალაქეა – ალი ჩეთინქაია. იგი შემთხვევით ბათუმში გაიცნო ფემბემ. ალი ჩეთინქაის სასამართლო დაკითხავს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეს,” – გვითხრა ლევან შავაძემ.
რას საქმიანობდა ბათუმში თავად ფემბე ოლუნი? – ადვოკატი ამბობს, რომ მას მაღაზია ჰქონდა და ვაჭრობდა.
“სად იყო მაღაზია და ეს დეტალები არ ვიცი… ფემბე ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია და ბინის ჩხრეკას უშუალოდ ის არ დასწრებია, როცა იარაღი ამოიღეს. ჩხრეკა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა,” – დასძენს ადვოკატი.
პროკურორი პაატა ცეცხლაძე ამბობს, რომ ე.წ. ნეიტრალური მოწმეებიც არსებობენ, რომლებიც მორიგ სხდომებზე დაიკითხებიან.
თავად ფემბე ოლუნს დღევანდელ პროცესზე არაფერი უთქვამს. საუბრისგან თავს იკავებენ მისი მამა და ოჯახის ახლობლები, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებიან. ფემბე ოლუნის წინაპრები აჭარიდან, სოფელ მარადიდიდან არიან.
“დაველოდები გამოძიების დასასრულს,” – გვითხრა ფემბე ოლუნის მამამ ქართულად, ვიდრე ის სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეშვიდეკლასელი ბავშვების მონაწილეობით სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია „ბათუმელებთან“ ამბობს, პოლიცია სკოლაში ადმინისტრაციამ გამოიძახა, რადგან მან მიიღო ინფორმაცია მოსწავლეებს შორის სავარაუდო ძალადობის შესახებ.
„სკოლის მანდატურმა ყური მოჰკრა მეშვიდეკლასელი ბიჭების საუბარს, ერთ-ერთი ამბობდა, „ხომ ვცემეთ გუშინ, დავალილავეთო“. მანდატურს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დავიწყეთ საქმის მოკვლევა. როგორც ირკვევა, საღამოს რვა საათისკენ ორმა პარალელურმა მეშვიდეკლასელმა იჩხუბა. თუმცა, ისინი ფაქტს არ აღიარებენ.
ერთს ზურგში ჰქონდა ჩარტყმული, ჩალურჯება დამრიგებელმა ნახა. თუმცა არც ეს ბავშვი აღიარებს ჩხუბის ფაქტს. გამოვკითხეთ მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საღამოს მოზარდები სათამაშოდ იყვნენ გასულიო“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი.
შსს-ს ინფორმაციით, მოზარდები პოლიციამაც დაკითხა და გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თამთა კვარაცხელიას თქმით, მოზარდები, რომლებიც სავარაუდო ინციდენტში მონაწილეობდნენ, სხვა დროსაც არიან შემჩნეული კონფლიქტში. „ორი, რისკის ქვეშ მყოფი აგრესიული ბავშვია, მაგრამ ვცდილობთ დაველაპარაკოთ და მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია,“ – ამბობს დირექტორი.
შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოხდა.
ორივე ფეხის ამპუტაცია, შემდეგ ათწლიანი პატიმრობა მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, ციხეში ყოველდღიურობად ქცეული ცემა, დაკარგული ბინა, დანგრეული ოჯახი, მხოლოდ ცალი პროთეზი ამპუტირებული ფეხისთვის, ოცნება მეორე პროთეზსა და ეტლზე – ეს ყოფილი პატიმრის, კახაბერ ლომთაძის თავსგადამხდარი ამბებია, რომლებზეც არ სდუმს და გვთხოვს ყველაფერი დავწეროთ, რასაც გვიამბობს. ის შარშან, 2017 წლის ივნისში, გათავისუფლდა ათწლიანი პატიმრობის შემდეგ.
„ქუთაისში ვცხოვრობდი, თეთრ ხიდთან ახლოს, შენობის უკან აჩეხილი გვამი ვიპოვე, ჩემი მეგობარი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, პოლიციას ვაცნობე და ყველაფერი მე დამბრალდა, ექსპერტიზა ჩემი თითის ანაბეჭდსაც კი არ ადასტურებდა გვამზე, არც არანაირ კავშირს მკვლელობის ამბავთან. მოსამართლემ და პროკურორმა არც კი განიხილეს საკითხი, რომ ორფეხმოჭრილ კაცს, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება, შეუძლებელია შვიდი ჭრილობა მიეყენებინა ვინმესთვის. მაშინ, 2007 წელს, როცა დამიჭირეს, შშმ პირის ცემა ჩვეულებრივი მეთოდი იყო ციხეში, ბრალს არ ვაღიარებდი, მირტყამდნენ, რას გვაკვლევინებ თავს, აღიარე დანაშაული და 7 წლამდე ჩამოგიყვანთ სასჯელსო, მთავაზობდნენ „გამოსავალს“. სასამართოლზე ჩემს მხარეს იყო დაღუპული მეგობრის ოჯახი, არწმუნებდნენ სასამართლოს, რომ შეუძლებელი იყო ჩემს პირობებში მყოფს ასეთი დანაშაული ჩაედინა. ბრალი არასდროს მიღიარებია. ასე აღმოვჩნდი ციხეში 10 წლით“, – გვიყვება კახაბერ ლომთაძე.
„მელოტა“ და „მეგრელი“ – ეს იმ პირების ზედმეტსახელებია, რომლებიც 2007 წლიდან მოყოლებული ციხის გახმაურებულ ამბამდე, ყოველდღე სცემდნენ კახაბერს და მის საკანში მყოფ პატიმრებს. როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, სასმელი წყლის, დაბანის, კვებისა და ძილის პრობლემა მოსატანიც არ არის იმ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ტრავმებთან შედარებით, რასაც სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრილი ადამიანი უძლებდა.
კახაბერის ციხეში მოხვედრის შემდეგ, 2009 წელს, დაიჭირეს მისი მეუღლეც. მათი ერთადერთი შვილი, მარიამი, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა. მარიამი შშმ პირია, აქვს ცერებრალური დამბლა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა გარკვეული სიხშირით ყოველთვის მიჰყავდათ აღმზრდელებს პაემნებზე, საპატიმროში მყოფი მშობლების მოსანახულებლად.
კახაბერი და მისი მეუღლე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიყარნენ და მარიამი ახლა, ძირითადად, დედასთან, ქუთაისში ცხოვრობს, მაგრამ ხშირადაა მამასთან, სოფელში.
სანამ კახაბერი ციხეში იყო, ათასლარიანი სესხის გამო ბანკმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი ბინა ნულოვანი აუქციონით გაყიდა 3000 ლარად. ციხიდან გამოსულ ყოფილ პატიმარს წასასვლელი არსად ჰქონდა და მამაპაპისეულ ადგილას, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში დაბრუნდა. კახაბერი იქ ახლა მარტო ცხოვრობს.
ძველი სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო და ყველაფერი თავიდან ააშენა, სახლიც და საქონლის სადგომიც. სამშენებლო სამუშაოებში სოფლად მცხოვრები ბიძაშვილები და სხვა ნათესავები დაეხმარნენ. მოახერხა, რომ ახალაშენებული სახლი ეტლით მოსარგებლისთვის ადაპტირებული ყოფილიყო, თუმცა კახაბერს ეტლი, რომელიც მისთვის ძვირი სიამოვნებაა, ჯერ არ აქვს. აქვს მხოლოდ გაუმართავი და მოუხერხებელი პროთეზი ცალი ფეხისთვის. მეორე ფეხის პროთეზი და არსებულის ნორმალური, თანამედროვე მოდელით ჩანაცვლება მიუწვდომელი ოცნებაა – მსგავსი პროთეზი საკმაოდ ძვირი ღირს.
საქართველოში ორფეხმოჭრილი შშმ პირის პენსია 100 ლარია, ეს 47 წლის კახაბერის ძირითადი შემოსავლია, რითაც თვიდან თვემდე არსებობს. მეზობლის ნაჩუქარი ძველი ტელევიზორი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა მისთვის, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ციფრული ტექნოლოგიები ყოფილ პატიმარს ეუცხოება და ამბობს, რომ სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად კომპიუტერი არ აქვს და ინტერნეტის გამოყენებაც ჯერ არ იცის. ბევრი პრობლემის მიუხედავად, უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, რომლებიც სოფელს უკავშირდება.
„მგონია, რომ სოფელში მოქმედების მეტი შესაძლებლობაა: შეგიძლია მეურნეობას მისდიო, ფუტკარი გყავდეს, ბაღჩა-ბოსტანი გააშენო და სუფთა ჰაერი ისუნთქო. ჯერ ერთი წელი არ არის, რაც გავთავისუფლდი, ვაპირებ ნელ-ნელა ყველაფერი გავაკეთო, რაც სოფლის პირობებში იქნება შესაძლებელი. სახლი ავაშენე, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ პროგრამით ბენზოხერხი და ეზოს შესაღობი მესერი გადმომცეს, პირველ ეტაპზე სარეველებისა და ზედმეტი ხეებისგან გავათავისუფლე ეზო, შემოვღობე. მომავალში მიწის დამუშავებას, საქონლის ყოლას და ხეხილის ბაღის გაშენებას ვგეგმავ. ვნახოთ რა იქნება“, – ასე ვასრულებთ საუბარს კახაბერ ლომთაძესთან, რომელიც ოცნებობს, რომ სახელმწიფო ოდესმე დააფინანსებს შშმ პირს ეტლითა და პროთეზით, ოდესმე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი და ინფორმცია, ოდესმე ვინმე ლოგიკურად დათვლის, მთელი თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს როგორ უნდა ეყოს 100-ლარიანი პენსია.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს
„ფოტოების დიალოგი“ – ასე ქვია ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც 17 თებერვალს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გამოიფინება.
„თანამედროვე ხელოვნების სივრცეს“ ინფორმაციით, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები ქვემო სილეზიაში მოგზაურობას ასახავს, პოლონელი ფოტოგრაფების კი – აჭარაში. ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება.
„ფესტივალის მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ორი რეგიონი: აჭარა და ქვემო სილეზია მათი განსაკუთრებული მახასიათებლების გამო შეირჩა. ეს რეგიონები ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, განუმეორებელი ბუნებით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და რა თქმა უნდა, უაღრესად მდიდარი მულტიკულტურული ისტორიით.
ხელოვანთა ორივე ჯგუფი კონცენტრირებული იყო სწორედ, ამ ორი რეგიონის მიმზიდველობისა და კულტურული სიმდიდრის წარმოჩენაზე. გამოფენაზე შეხვდებით ნამუშევრებს, რომლებიც რეალობას და ამ რეალობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ასახავს, ერთი ფერის თუ ფერთა მდიდარი გამის მქონე ფოტოებს, რომლებიც წარმოგვიჩენს ამ რეგიონების ბუნებას, ქალაქებს, მოგზაურობის დროს ნანახი ხალხის რეალისტურ პორტრეტებს, დინამიკურ მოვლენებს“ – ნათქვამია პრესრელიზში.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ისეთი ნამუშევრები, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანი მნახველს უზიარებს თავის ემოციურ ფონს, სხვადასხვა ადგილის ნახვითა და ხალხთან შეხვედრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს: „ეს არის ფოტოგრაფების მიერ სუბიექტურად აღქმული რეალობა და ამავდროულად აჭარისა და ქვემო სილეზიის პოპულარიზაცია“.
ქართველი და პოლონელი ხელოვანების ფოტოები უკვე გამოიფინა ქვემო სილეზიის საგამოფენო სივრცეში, ქალაქ ვროცლავის FOTO-GEN გალერეაში გასული წლის დეკემბერში, ქართველი დამთვალიერებელი კი პროექტის შედეგებს 17 თებერვალს ბათუმში ნახავს.
ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან ხეებს ჩაქვში. დოკუმენტი მთავრობამ მხოლოდ დღეს, 24 იანვარს, მოგვაწოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე 2018 წლის 18 იანვრით არის დათარიღებული. „ბათუმელები“ 17 იანვარსაც წერდა, რომ ჩაქვში ხეების ამოღება-გატანა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ანუ უკანონოდ მიმდინარეობდა.
„ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დავუკავშირდით, თუმცა დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რეაგირებას მხოლოდ ტვირთის, ამ შემთხვევაში ხის, ტრანსპორტირებისას მოახდენენ – თუ რამდენად იქნება ხის გადატანა კანონიერი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ხეები ჩაქვიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიტანონ.
ჩაქვში 19 ძირი ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე კომპანია „ატუსთვის“ თანხმობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2017 წლის 15 ნოემბერს აქვს მიცემული. 2018 წლის 11 ნოემბერს კი, იმ დღეს, როცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ჩაქვში გაცილებით მეტი ხე იყო მოჭრილი/იჭრებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მიმართა კომპანიას წერილით, რათა მიაწოდონ „ინფორმაცია ხე-მცენარეების მოჭრის შედეგად მიღებული მერქნული მასალის შესახებ, ასევე გთხოვთ მოავლინოთ წარმომადგენელი მერქნული მასალის გადმობარების მიზნით“.
რამდენი ხე გაჩეხეს, უცნობია, რადგან სამინისტრო „მოჭრის შედეგად მიღებული მერქნული მასალის შესახებ“ ინფორმაციას საიდუმლოდ ტოვებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 28 მოქალაქეს საბანკო ანგარიშზე 1000-1000 ლარი გადაურიცხა. ფინანსური დახმარება „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების” პროგრამის ფარგლებში გაიცა. ამ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში 100 წელი 11 მოქალაქეს შუსრულდა ან შეუსრულდება. ეს მოქალაქეები თანხას საიუბილეო თარიღების შესაბამისად მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარითაა განსაზღვრული.
აჭარაში ყველაზე უხუცესი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობდა და ყველა მათგანი ქალი იყო. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: გასულ წელს საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 მოქალაქედან ექვსი კაცი იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-5 წლით აღემატება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს.
ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას მეუღლე, მაია გორგაძე სოფელ ფერიაში საბავშვო ბაღის დირექტორი გახდა. დაბა ხელვაჩაურის ცენტრალური ბაღის დირექტორის სავარძელი ინდირა ვარშანიძემ დაიკავა. იგი ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია.
ამ შემთხვევებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოში – შორენა ცინცაძე ნეპოტიზმად აფასებს. „კიდევ ერთი შემთხვევაა სოფელ აჭარისწყალში. იქ მერის რწმუნებულად მურმან ცისკარაძე დაინიშნა, მისი და – იამზე ცისკარაძე კი საბავშვო ბაღის დირექტორად დანიშნეს. ეს არის ნეპოტიზმი, რადგან არც ერთ შემთხვევაში კონკურსი არ გამოცხადებული. „ქართული ოცნება“ ამ გზით ასაქმებს პარტიულ აქტივს,“ – ამბობს შორენა ცინცაძე.
„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს, გარდაიცვალოს? ევროპაშიც მისაღებია ეს პრაქტიკა. ჩვენ კადრების დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში,“ – ასეთია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ნადიმ ვარშანიძის რეაქცია სავარაუდო ნეპოტიზმზე. მას ვკითხეთ, რატომ არ აცხადებენ საჯარო სამსახურში კონკურსებს და რა გამორიცხავს საკრებულოს წევრის გავლენას, როცა მისი ოჯახის წევრს დირექტორად ნიშნავენ?
„კონკურსები კარგია და მალე ალბათ ააიპ-ებშიც ჩავატარებთ. მე მინდა ნაციონალური მოძრაობის წევრს, თემურ დუმბაძეს [საკრებულოს წევრი ხელვაჩაურში] შევახსენო, ვინ დანიშნა მისი ცოლი სოფელ კახაბერში საბავშვო ბაღის დირექტორად 2010 წელს? მაშინ გამგებელი თემურ დუმბაძე იყო. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგან ასეა, მეც ვიტყვი,“ – დასძინა ნადიმ ვარშანიძემ.
ცოლის თანამდებობაზე დანიშვნაში თავის გავლენას გამორიცხავს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ ლორთქიფანიძე. „ჩემი მეუღლის დანიშვნის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ეს იყო საბაშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილება და მე ამაში არ ვერევი. ჩემს მეუღლეს აქვს შესაბამისი განათლება და მისი განცხადება დაკმაყოფილდა,“ – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა.
აჭარის განათლების სამინისტრო ინგლისურის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში იმუშავებენ, რისთვისაც ისინი სამინისტროს პროგრამიდან – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“, 1000 ლარს მიიღებენ (აქედან საშემოსავლო 20 პროცენტი იქვითება).
„გარდა იმისა, რომ პედაგოგები პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ხელფასს, ამას დაემატება საათობრივი და რანგირების მიხედვით ანაზღაურებაც. პედაგოგებს საცხოვრებლით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,“- გვითხრეს განათლების სამინისტროში.
ამ დროისთვის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ოთხ საჯარო სკოლაშია ვაკანსია გამოცხადებული. ორი ვაკანსიაა შუახევის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: კვიახიძეების, მაწყვალთის საჯარო სკოლაში, ხოლო ორი ვაკანსია ხულოში, კერძოდ, ტუნაძეებისა და მეკეიძეების საჯარო სკოლაში.
„ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 2018 წელს 300 ათას ლარს შეადგენს. კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა აჭარის განათლების სამინისტროს უნდა მიმართონ. ტესტირება 25 იანვარს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარდება, გასაუბრება კი მე-5 საჯარო სკოლაში 26 იანვარს, 12 საათზე.