Batumelebi | ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეშვიდეკლასელი ბავშვების მონაწილეობით სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია „ბათუმელებთან“ ამბობს, პოლიცია სკოლაში ადმინისტრაციამ გამოიძახა, რადგან მან მიიღო ინფორმაცია მოსწავლეებს შორის სავარაუდო ძალადობის შესახებ.

„სკოლის მანდატურმა ყური მოჰკრა მეშვიდეკლასელი ბიჭების საუბარს, ერთ-ერთი ამბობდა, „ხომ ვცემეთ გუშინ, დავალილავეთო“. მანდატურს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დავიწყეთ საქმის მოკვლევა. როგორც ირკვევა, საღამოს რვა საათისკენ ორმა პარალელურმა მეშვიდეკლასელმა იჩხუბა. თუმცა, ისინი ფაქტს არ აღიარებენ.

ერთს ზურგში ჰქონდა ჩარტყმული, ჩალურჯება დამრიგებელმა ნახა. თუმცა არც ეს ბავშვი აღიარებს ჩხუბის ფაქტს. გამოვკითხეთ მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საღამოს მოზარდები სათამაშოდ იყვნენ გასულიო“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი.

შსს-ს ინფორმაციით, მოზარდები პოლიციამაც დაკითხა და გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თამთა კვარაცხელიას თქმით, მოზარდები, რომლებიც სავარაუდო ინციდენტში მონაწილეობდნენ, სხვა დროსაც არიან შემჩნეული კონფლიქტში. „ორი, რისკის ქვეშ მყოფი აგრესიული ბავშვია, მაგრამ ვცდილობთ დაველაპარაკოთ და მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია,“ – ამბობს დირექტორი.

შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com