მთავარი,სიახლეები

25 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

24.01.2018
25 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

25 იანვარს, ხუთშაბათს, საღამოს 5 საათზე ევროპის მოედანზე გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართება – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართება თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გამართავს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობისთვის.

„პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში. საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აყენებენ მოთხოვნებს: 1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; 2. გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი; 3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; 4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. 5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილ.

ამავე თემაზე:

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” კანცელარიასთან 25 იანვარს აქციას გამართავს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: