მთავარი,სიახლეები

ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

25.01.2018 • 8625
ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

ყავის ძველებური საფქვავი/ფოტო: თამარ ნერგაძე

როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ყავა შენახული მინის ჭურჭელში, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს დამახასიათებელ, მძაფრ სურნელსა და არომატს. ქარხნული წესით დაფქული ყავის ვაკუუმიან შეფუთვაში მოთავსებაც არ არის იმის გარანტია, რომ დახლებზე ეს პროდუქტი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გემოს.

ახალდაფქული, გემრიელი და არომატული ყავის მირთმევა ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებში იშვიათ ფუფუნებად იქცა, კაფეებსა და ბარებში თუნდაც ქვიშაზე ადუღებული ყავაც არ ვიცით როდის მოხალეს და დაფქვეს. თუმცა ყავის განსაკუთრებულად მოყვარულებისთვის დიდი შეღავათია ელექტროსაფქვავების არსებობა, რომლებიც სწრაფად ფქვავს მოხალულ ყავას, გემოც შესაბამისად ბევრად განსხვავდება ნაყიდი, მზა პროდუქტისგან.

ყავის ისეთ მოყვარულებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარს ამბობენ და ცოტათი მეტი ძალისხმევის ხარჯზე, მხოლოდ ხელის ძველებური წისქვილით დაფქულ ყავას გეახლებიან. ბათუმში ასეთ ყავას ბევრგან ვერ დალევთ. სახლებში, სადაც ხელის ძველებური წისქვილით ფქვავენ მაცოცხლებელი სასმელის მარცვლებს, ყოველთვის დგას ყავის მძაფრი, სასიამოვნო სურნელი, რომელიც მეზობლებამდეც აღწევს. ასეთია ვენერა სურმანიძის სახლიც. დილაობით, როცა ახალდაფქულ ყავას ხის ღუმელზე შემოდგამს, რომელიმე მეზობელი ვერ გაუძლებს ცდუნებას, კარზე დააკაკუნებს და იტყვის: „შენი ყავის სუნი გამოვიდა“ – რაც ნიშნავს, რომ ღუმელზე კიდევ ერთი ფინჯანი ყავა უნდა მოიხარშოს.

„დილით შვიდზე ვდგები, არაფერს ვჭამ, ყავას მივირთმევ და მივდივარ. სამსახურში ყავას არავინ მთავაზობს: ყველამ იცის, თუ მარცვალი თითონ არ მოვხალე და დავფქვი, ვერ ვსვამ, ან ჩემი უნდა წავიღო. კაფე-ბარებში როცა ვიკრიბებით, იქაც უცვლელი წესია – ყავა ჩემთვის არ უნდა შეუკვეთონ,“ – ამბობს ვენერა სურმანიძე.

ვენერა სურმანიძე/ფოტო:თამარ ნერგაძე

რამდენიმე დღით თუ მიემგზავრება სადმე, თან მიაქვს ხელის წისქვილი, ახალდაფქული ყავით სავსე ქილა, ყავის მარცვლები და ძველი, ყვითელყვავილებიანი ფინჯანი.

„სოფელში წავედი შარშან ნათესავებთან, ჩანთა ამოვალაგე, საფქვავი, ყავის მარცვლები ადგილზე იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ დამვიწყებოდა ფინჯანი. დავურეკე ჩემს ძმას და ვთხოვე, ბათუმიდან რომ წამოვიდოდა, ყვითელყვავილიანი ფინჯანიც წამოეღო. ყველამ იცის, რომ ეს ძველი ფინჯანი განსაკუთრებით მიყვარს. სულ ორი ცალი მქონდა შემორჩენილი და ერთი გამიტყდა, მერე ერთმა ახლობელმა თბილისიდან ჩამომიტანა ვიღაცის ნაქონი, იცოდა გამიხარდებოდა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები,“- გვიყვება ვენერა სურმანიძე და ჩვენც ამ ფინჯნით გვთავაზობს ყავას.

ბათუმური ყავა/ფოტო: თამარ ნერგაძე

ღუმლისთვის შეშას მეზობლები აძლევენ, მშენებლობების, რემონტის დროს ფიცრები რჩებათ და დიდი ხანია შეშა არ უყიდია. ცეცხლის ტკაცუნი შუა ბათუმში, ახალდაფქული ყავა და სიმყუდროვე – აქაურობის მთავარი ხიბლია.

ვენერა სურმანიძის სახლი/ფოტო:თამარ ნერგაძე

მეტაქსას პატარა ქუჩაზე ვენერა სურმანიძის გარდა მისი მეგობარი, სუსანა დუმბაძეც ცხოვრობს, რომელიც ასევე ხელის წისქვილით ფქვავს ყავას. თუ რომელიმეს მარცვალი გაუთავდება და საყიდლად გასვლა გვიანია, ერთმანეთს უწილადებენ.

შინ დაფქული ყავა/ფოტო: თამარ ნერგაძე

სუსანა  დუმბაძე: „ყავა  უნდა იყოს მწარე,  უშაქრო და ზომიერად მოხალული. დიდი მნიშვნელობა აქვს მარცვლის შერჩევას. კარგი ხარისხის ყავის მარცვალი მოზრდილია და უნდა პრიალებდეს. ელექტროსაფქვავში დაფქვა და ელექტრომადუღარაში ადუღებაც კი ცვლის ყავის არომატს. ხელის წისქვილი ჩემთვის უცვლელია. ერთხელ ვენერა მესტუმრა და გამეხუმრა: ქილიდან ჩუმად გადმოყარა ახალდაფქული ყავა და მაღაზიაში ნაყიდი  ჩამიყარა. სახლში რომ წავიდა და მეორე დილით მოვხარშე, მაშინვე მივხვდი რაც მოხდა.

ჩვენ მარტო ერთმანეთთან ვსვამთ ყავას,  ზუსტად ვიცით, რომელს რა დოზა გვიყვარს,  ხანდახან გვეხუმრებიან, რომელ საუკუნეში ხართ ჩარჩენილები, რა დროს ხელის წისქვილიაო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, დასალევად ყველას ასე დაფქული ურჩევნია.“

სუსანას ერთი საფქვავი აქვს დიდი ხანია. ვენერა ამბობს, რომ ვერც დათვლის, რამდენი წისქვილი გაცვითა წლების განმავლობაში.

„გუგლს“ რომ ჰკითხოთ, ყავის ძველებურ წისქვილზე ბევრს ვერაფერს გიპასუხებთ. ,,ყავის წისქვილი“, „ყავის საფქვავი“  -როგორც არ უნდა სცადოთ საძიებო სისტემა მხოლოდ ელექტროსაფქვავებს გიჩვენებთ. ნივთს კი, რომელიც „გუგლშიც“ კი არ იძებნება, დიდი მომავალი არ აქვს.

ყავის ძველებური საფქვავები/ფოტო:თამარ ნერგაძე

_______________________

ამავე თემაზე: 

ერთი ფინჯანი ბათუმური ყავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: