მთავარი,სიახლეები

უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

24.01.2018 •
უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან ხეებს ჩაქვში. დოკუმენტი მთავრობამ მხოლოდ დღეს, 24 იანვარს, მოგვაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე 2018 წლის 18 იანვრით არის დათარიღებული. „ბათუმელები“ 17 იანვარსაც წერდა, რომ ჩაქვში ხეების ამოღება-გატანა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ანუ უკანონოდ მიმდინარეობდა.

„ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დავუკავშირდით, თუმცა დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რეაგირებას მხოლოდ ტვირთის, ამ შემთხვევაში ხის, ტრანსპორტირებისას მოახდენენ – თუ რამდენად იქნება ხის გადატანა კანონიერი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ხეები ჩაქვიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიტანონ.

 

ჩაქვში 19 ძირი ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე კომპანია „ატუსთვის“ თანხმობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2017 წლის 15 ნოემბერს აქვს მიცემული. 2018 წლის 11 ნოემბერს კი, იმ დღეს, როცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ჩაქვში გაცილებით მეტი ხე იყო მოჭრილი/იჭრებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მიმართა კომპანიას წერილით, რათა მიაწოდონ „ინფორმაცია ხე-მცენარეების მოჭრის შედეგად მიღებული მერქნული მასალის შესახებ, ასევე გთხოვთ მოავლინოთ წარმომადგენელი მერქნული მასალის გადმობარების მიზნით“.

რამდენი ხე გაჩეხეს, უცნობია, რადგან სამინისტრო „მოჭრის შედეგად მიღებული მერქნული მასალის შესახებ“ ინფორმაციას საიდუმლოდ ტოვებს.

ჩაქვში [და არა მარტო ჩაქვში] ხეების მოჭრა-ამოღება გრძელდება.

„ბათუმელებმა“ ფაქტზე კომენტარი სთხოვა არასამთავრობო სექტორს. მათ შეფასებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: