მთავარი,სიახლეები

შსს-მ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა

30.11.2017
შსს-მ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული ქალი პოლიციამ ქობულეთში აიყვანა:
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის“, – აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს,  წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნაა დეტალები არ გასაჯაროვდეს. საბოლოოდ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: