ქედაში მეწყერმა სასოფლო გზა ჩაკეტა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. მეწყერი განვითარდა სოფელ კუჭულაშიც, ნაკაშიძეების საცხოვრებელ სახლთან.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაკაშიძეების ოჯახი უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სოფელ ზვარეში საავტომობილო გზას, მერის თქმით, იგი უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

„ნაკაშიძეების ოჯახი დროებით მეზობელთან გადავიდა, საცხოვრებელ სახლთან განვითარებულ მეწყრულ პროცესებს  გეოლოგები ხვალ შეისწავლიან. მერია გეოლოგიური დასკვნის შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. რაც შეეხება სოფელ ზვარეში სასოფლო გზაზე განვითარებულ მეწყერს, არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, საავტომობილო გზა უახლოეს პერიოდში აღდგება,“ – ამბობს მერი

რა ერქმევა ფეხბურთის ახალ სტადიონს ბათუმში

ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ იქნება თუ არა ვინმეს სახელობის, ამ თემაზე ჯერჯერობით არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ საუბრობს. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ სტადიონისთვის სახელის დარქმევის საკითხი ჯერ არ განუხილავთ. მაგრამ როცა საკითხი დადგება, განხილვების პროცესი აუცილებლად იქნება საჯარო და მასში მოქალაქეები ჩაერთვებიან.

აჭარაში, სპორტულ წრეებში კი სტადიონის სახელწოდებას განიხილავენ და ფიქრობენ, რომ ახალი სტადიონი რომელიმე ცნობილი ბათუმელი ფეხბურთელის სახელობის უნდა იყოს.

როგორია მსოფლიო პრაქტიკა. სტადიონის შენახვა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ხშირად მენეჯმენტი ცდილობს კარგი სპონსორი იპოვოს და მისი სახელი უწოდოს. ასე მაგალითად ინგლისში “ემირეიტსის სტადიონს” ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც  ავიაკომპანია Emirates Airline-მა მისი მშენებლობა დაასპონსორა. Emirates Stadium ინგლისში უემბლისა და ოლდ ტრაფორდის შემდეგ სიდიდით მესამეა.

Emirates Stadium ინგლისში

სხვადასხვა სპონსორის სახელი ჰქვია სტადიონებს თურქეთში. მაგალითად, „თურქ ტელეკომ სტადიონი“ და „ვოდაფონ არენა“. გერმანიაში, შტუტგარტში მდებარე სტადიონს „მერსედეს ბენც არენა“ ჰქვია, ლაიფციგისას კი „რედ ბულ არენა“.

კიდევ ერთი გავრცელებული პრაქტიკა ქალაქთან ან ქალაქის გუნდთან დაკავშირებული ცნობილი სპორტსმენის სახელის დარქმევაა.

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი 21 იანვარს ჩაეყარა. სტადიონი  UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ხულოში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს ცენტრში თოვლის საფარი 25 სმ აღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი – ნახევარ მეტრს.

სოფელი თხილვანა. სოფო გუნდაძის ფოტო

ხულოს მერის თქმით, თოვლის გამო არ შეფერხებულა მოძრაობა,  ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. გოჩა მელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება.

სოფელ თხილვანაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.  სოფო გუნდაძის ფოტო
თხილვანა

როგორ გამოიგონეს წვიმის ფეხსაცმელი

უამინდობისთვის ბევრს აქვს შინ გადანახული ბოტები. ზღვისპირა, წვიმიანი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ბოტები შეუცვლელი ფეხსაცმელია. მის შექმნას ვულკანიზაციის პროცესს უნდა ვუმადლოდეთ, რომლის შედეგადაც 1839 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა, ჩარლზ გუდიარმა, ელასტიკური კაუჩუკის ტემპერატურული სტაბილიზაციით, გოგირდის დამუშავებითა და გაცხელებით  რეზინი მიიღო.

ბოტების დასამზადებლად რეზინს აპრიალებენ, ლაქავენ და წყალგამძლეობისთვის ბენზინში გახსნილი კაუჩუკით ამუშავებენ.

სოფლებში ბოტები ღირებულ და ძვირფას ფეხსაცმლად მიიჩნეოდა. ხშირად ოჯახებში იყო მხოლოდ ერთი წყვილი ბოტი, რომელსაც უამინდობისას რიგრიგობით იცვამდნენ.

ბრიტანეთში რეზინის ბოტებს „ველინგტონსაც“ ეძახიან. მე-19 საუკუნეში ბრიტანელმა ჰერცოგმა, ველინგტონმა, სპეციალურად შეაკერინა რბილი ტყავისგან მაღალყელიანი, ნადირობისას გამოსადეგი, ფეხზე კარგად მომდგარი ფეხსაცმელი.

„ველინგტონის ფეხსაცმელმა“ დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ევროპაში დაიწყეს მსგავსი ფორმის, ოღონდ რეზინის ფეხსაცმლის დამზადება. მონადირეების, ფერმერებისა და სოფლად მცხოვრებლებისთვის, უამინდობისას წყალგაუმტარი ბოტები შეუცვლელ ფეხსაცმლად იქცა.

ველინგტონის ბოტებზე მოთხოვნა პირველი მსოფლიო ომის დროს გაიზარდა. ბრიტანეთის ჩრდილოეთით მდებარე რეზინის ქარხანაში Hunter Boot Ltd, რომელიც ახლაც არსებობს, მასობრივად დაიწყეს მეომრებისთვის რეზინის ფეხსაცმელების დამზადება.

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ველინგტონი, იგივე რეზინის ბოტები, პოპულარული იყო მამაკაცებში, წვიმიან ამინდში ფეხსაცმლის ტარება დაიწყეს ბავშვებმა და ქალებმაც, თუმცა ამ დროისთვის ბოტების ფორმა შეიცვალა და მიიჩნეოდა, რომ რეზინის ფეხსაცმელი ცოტათი დიდი და ქსოვილით დათბილული უნდა ყოფილიყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბოტების ტარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დაიწყეს მუშებმაც.

ბრიტანეთში მწვანე ბოტებს დღემდე ველინგტონს ეძახიან. პოპულარულია ასევე კანადასა და აშშ-ში, განსაკუთრებით გაზაფხულობით, თოვლის დნობის პერიოდში.

აშშ-ში ხშირად ატარებენ შავ ბოტებს წითელი ძირით. თეთრი ბოტები აშშ-ში კრევეტების მომპოვებელ გემებზე აცვიათ მუშებს.

ბოტები გავრცელებულია ასევე სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც კლიმატი კანადის მსგავსია. სანამ კომპანია „ნოკია“ მობილური ტელეფონების წარმოებას დაიწყებდა, ამ ფირმის ყველაზე პოპულარული პროდუქტი სკანდინავიის ქვეყნებში სწორედ ბოტები და კალოშები იყო.

ფოტო: about-nokia.com
ნოკიას კალოშების რეკლამა. 1920 წლის პოსტერი

 

ფოტო: about-nokia.com
ნოკიას ბოტები. 2005 წლის მოდელი

ბოტების მუზეუმიც კი არსებობს მოსკოვში, სადაც XIX საუკუნის და თანამედროვე, მოხატული ბოტები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, ერთადაა წარმოდგენილი.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბოტების ტარება ჯანმრთელობისთვის არასახარბიელოა, თუმცა ექიმი რევმატოლოგი, ელენე კოჭლამაზიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მითია და სიმართლეს არ შეეფერება. „ბოტების ტარება რევმატიზმს არ იწვევს, არასასურველი და საზიანო ზოგადად ფეხის სიცივეა, მაგრამ თუ დათბილულ ბოტს ატარებს ადამიანი და არ სცივა, სახიფათო არაფერია“.

ბოტებს ატარებენ ცნობილი მსახიობები და მოდელები. ცელოფნის მსგავსი მასალისგან დამზადებული წყალგაუმტარი ფეხსაცმელები  შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაშიც კი შევიდა.

შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან

დიზაინერი ვალენტინო

                                                                    ემა უიტსონი 

                                                                      ქეით მოსი

                                                                   კრესიდა ბონასი 

წყარო: english-heritage.org  telegraph.co.uk

historyofboots.com

კონკურსი – 80 ათასი ლარი კონფერენციის მოსაწყობად

აჭარის განათლების სამინისტრო აპირებს, დააფინანსოს კონფერენციების მოწყობა.  კონფერენციისთვის განკუთვნილი თანხა 80 ათასი ლარია. ერთი კონფერენცია 40 ათასი ლარით დაფინანსდება. კონკურსის შედეგად ორი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს.

როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამარჯვებული იმის მიხედვით გამოვლინდება, თუ რამდენად აქტუალური იქნება კონფერენციის თემა, ვინ იქნებიან მისი მონაწილეები და რა მიზნები ექნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული პირი. მან სამინისტროს კონკურსში მონაწილეობისთვის პირველი თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით უნდა მიმართოს.

დეტალები იხილეთ აქ.

 

240 ჰექტარი ზღვასთან გოლფის მოედნისთვის – აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს

ქობულეთში გოლფის საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ინვესტორებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 240 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდება. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ის ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.

„კომპლექსისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეთა ნაკვეთები არ არის. დაინტერესება არის, პერიოდულად შემოდის წინადადებები, არის რამდენიმე კონკრეტული საინვესტიციო წინადადება და მათი განხილვის შემდეგ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორი პროექტი განხორციელდება და რა ფორმით განვითარდება აღნიშნული ტერიტორია“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

240 ჰექტარი ტერიტორია გოლფის საკურორტო კომპლექსისთვის ქობულეთში
რას ჰპირდებიან ინვესტორებს:

[checklist]

  • ხელმისაწვდომი მიწის ნაკვეთები [შესაბამისი გარანტიის საფუძველზე]
  • დაკავშირებულია ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასთან
  • კომუნალური სისტემის მოწესრიგება,
  • მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფა

[/checklist]

გოლფის საკურორტო კომპლექსი ქობულეთში / პროექტი

რაც შეეხება „თავისუფალ ტურისტულ ზონას“, მისი განვითარების მიზნით, 2010 წელს ქობულეთში „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.

პროექტის თანახმად, „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე, მიწის 3 ნაკვეთი [11 ჰა-ზე მეტი] გამოიყო, სადაც 30 სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. მთავრობამ განსაზღვრა ასევე სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი და ინვესტორი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა თუ რა ტიპის სასტუმროს ააშენებდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.

სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმცა შემდგომ ინვესტორთა ნაწილმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა.

2015 წელს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმართ დაინტერესების გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ფიჭვნარში სამორინეების გახსნაც შესთავაზეს.

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა.

82 წლის ქალის საქმე: პოლიციის მე-3 განყოფილებაში გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან

მოქალაქე ალექსანდრა ტერუნი გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია. მას ქონებრივი დავა ჰქონდა და სახლის კანონიერი მესაკუთრე არ აძლევს თავის ყოფილ სახლში შესვლის უფლებას. ალექსანდრა ამბობს, რომ პირადი ნივთები, მათ შორის, პასპორტი და საპენსიო ბარათი ბინაშია გამოკეტილი. ალექსანდრამ დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, პროკურატურას, აჭარის მთავრობას, თუმცა უშედეგოდ. ალექსანდრა ტერუნი 82 წლისაა.

„გუშინ დაგვირეკა პოლიციის მესამე განყოფილებიდან ბესო მგელაძემ, მოდით და დაგეხმარებითო. მივედით. 6 საათი ელოდა ალექსანდრა, როდის გაყვებოდა პოლიციელი ბინაში, რომელიც მთელი ცხოვრება მისი იყო… საბოლოოდ პოლიციელებმა გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან. არ უთქვამთ, რატომ. ალექსანდრა პენსიის აღებასაც ვერ ახერხებს. როგორც სოციალურად დაუცველს, ადვოკატი უფასოდ ეკუთვნის, მაგრამ პირადობის მოწმობის გარეშე რა უნდა ქნას,“ – გვითხრა ჟუჟუნა ჯიჯავაძემ, ალექსანდრა ტერუნის ახლობელმა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახური: „ჩვენ მოგვმართა ქალბატონმა ალექსანდრამ გასული წლის ბოლოს. ინფორმაცია გადავეცით პოლიციას. სხვა კუთხით აჭარის მთავრობა ამ მოხუცს ვერ დაეხმარება…“

თემურ ქარცივაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი: „ამ მოხუცის შესახებ არაფერი ვიცი. სამართალდამცველებს უნდა მიმართოს… არ ვიცი დეტალები. თუ მეკითხებით იმას, სააგენტო უნდა ჩაერთოს თუ არა, გპასუხობთ, რომ არ უნდა ჩაერთოს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო: „ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. პოლიცია ამ პროცესში ვერ ჩაერთვება. ქალბატონმა ალექსანდრამ უნდა მიმართოს სასამართლოს… პირადობის მოწმობა თუ არ აქვს, იურისტებს უნდა მიმართოს“.

გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „შესაძლებელია, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის გზა დეტალურად არ იყოს გაწერილი საკანონმდებლო დონეზე და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ მოქალაქე ბედის ამარა მიატოვოს.  არსებობს საყოველთაო, ფუნდამენტური, კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოსი, რომ მას ეკისრება საკუთარი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. საუბარი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან იმაზე, რომ მათ კომპეტენციას არ მიეკუთვნება და ისინი ვერ შეძლებენ დახმარებას, უსაფუძვლოა. ვფიქრობ, აქ პრობლემა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისა და ვალდებულების გააზრებაში უფრო გვაქვს, ვიდრე რეგულაციების არქონაში.“

ალექსანდრა ტერუნის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა ეს არ ეხება ქონებრივ დავას. გამოძიების ვერსიით, მოხუცს სცემა მისმა მეზობელმა და ამჟამად ბინის კანონიერი მესაკუთრის დამ. ბინის მესაკუთრე სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომელია. ალექსანდრა ფიქრობს, რომ ამის გამო არ აქცევს მას ყურადღებას არავინ.

ალექსანდრა ტერუნმა თავდაპირველად პროკურატურას მიმართა, სადაც უთხრეს, რომ მთავრობისთვის მიემართა. აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს წინასაახალწლო დღეებში შეხვედრია. ამბობს, რომ დაპირება მიიღო – პოლიცია დაგეხმარებათო. საბოლოოდ პოლიციამ ალექსანდრას დახმარებაზე უარი უთხრა.

დღეს, 31 იანვარს, 82 წლის მოხუცი ისევ აჭარის მთავრობის აპარატში აპირებს მისვლას.

ამავე თემაზე:

82 წლის ალექსანდრას სახლში არ უშვებენ

 

 

 

მთავრობის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელფასების მატებაზე

აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, აჭარის მთავრობის ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასებს შეადარა და განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირები პრივილეგირებულები არიან.

ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობა“:

„საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი (სარგო და დანამატი) პირველ იანვრამდე შეადგენდა 5793 ლარს (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), პირველი იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით (დარიცხვით).

უშუალოდ მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 60 030 ლარით, რაც განაპირობა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ორი მრჩევლისა და ორი თანაშემწის, სულ 4 საშტატო ერთეულის შემცირებაზე.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოხელეებს, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებს, განყოფილების უფროსებსა და სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში მოხდა სახელფასო სარგოს სახელფასო შკალასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათ მცირედით, მაგრამ გაეზარდათ ხელფასები, თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებსა თუ დანამატებზე.

რაც შეეხება ბაღის აღმზრდელების ანაზღაურებას, აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და არის საუბარი სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით.“

აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, ახალი წესის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა. ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატისა და პრემიის მიღებაც შეუძლიათ, რომელსაც ფულადი ჯილდო ერქმევა. თუმცა დანამატი წლის განმავლობაში ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე სისტემაში ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმების პრობლემაზე

ყოფილი პატიმრები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთ პრობლემას აწყდებიან. უმუშევრობასთან, გარემოსთან ადაპტაციასა და ფსიქორეაბილიტაციასთან ერთად, ზოგიერთ ყოფილ პატიმარს თავშესაფრის პრობლემაც აქვს. ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა ბენეფიციართა რაოდენობასთან შედარებით ცოტაა. არც ის არის განსაზღვრული, საშუალოდ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება ერთი სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი.

გ.დ. ციხიდან ახლა გაათავისუფლეს. სახლი არ აქვს და ღამის გასათევი რომ ჰქონოდა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში მოათავსეს დროებით. დანაშაულის პრევენციის ცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის შესაფერისი პროგრამები და სერვისები არ აქვს.

ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინტიტუტის“ სოციალური მუშაკია და ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში. ნესტანი ამბობს, რომ 7-8 ყოფილ უსახლკარო პატიმართან უმუშავია: „არიან ყოფილი პატიმრები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახი, მაგრამ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახლობლები აღარ იღებენ. მათ, მინიმუმ, ესაჭიროებათ ღამის გასათევი ადგილი, სანამ შეძლებენ გარემოსთან ინტეგრაცია-რეაბილიტაციას და დასაქმდებიან. გვქონია შემთხვევები, როცა უფასო თავშესაფარში ვერ მოგვითავსებია ყოფილი პატიმარი და მიგვიცია მისთვის ფასიანი ღამის გასათევი. ცხადია, დროებით. ან სასულიერო პირს შეუფარებია ბენეფიციარი ეკლესიაში, საკუთარ კელიაში. ესეც დროებით.“

ნინო შატბერაშვილი სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა. ის ამ მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს: „დანაშაულის პრევენციის ცენტრს ძალიან ცოტა მუშაკი ჰყავს, ბენეფიციარების რაოდენობასთან შედარებით. პენიტენციურ სისტემაში სულ 112 სოციალური მუშაკია და მათგან მხოლოდ ექვსია ისეთი, ვისაც სოციალური მუშაკის განათლება აქვს.

სოციალური მომსახურების სააგენტომ 2016 წლის ნოემბერში 36 კურსდამთავრებული სოციალური მუშაკიდან, რომლებმაც გადალახეს შერჩევის პირველი ეტაპი, არც ერთი არ შეარჩია და შეარჩიეს ორი სრულიად სხვა პროფესიის კადრი. ეს ხდება თბილისში, სადაც დიდი კონკურენციაა სოციალურ მუშაკებს შორის. რეგიონში, შეიძლება, უბრალოდ, ვერც იპოვო განათლებით სოციალური მუშაკი“.

ნინო შატბერაშვილი იხსენებს ასოციაციის მცდელობას, ამ პრობლემაზე როგორმე მიექცია ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღება: „არაერთი წერილით მივმართეთ სამინისტროს, მაგრამ ვერ გავიგეთ, რა პრინციპით არჩევენ სოციალურ მუშაკებს, რა ტიპის გამოცდებს უტარებენ, რა პრინციპით ასაქმებენ. ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან გვქონდა მიმოწერა, მერე შევხვდით მას, ბევრი რამ დავგეგმეთ, მოვილაპარაკეთ და შეხვედრის დასასრულს შემთხვევით გავიგეთ, რომ მინისტრის ეს მოადგილე სამსახურიდან მიდიოდა. გამოვიდა, რომ სამთვიანი მიმოწერის და შეთანხმებების შემდეგ, შეგვახვედრეს ადამიანს, რომელიც საერთოდ მიდიოდა სისტემიდან.“

ნინო შატბერაშვილის თქმით, პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ნაკლებობა არ არის გამოწვეული იმით, რომ ამ პროფესიის ადამიანებს არ სურთ პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობა:

„პრობაციაში ვხელმძღვანელობდი სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს 2013-2015 წლებში. როცა პატიოსნად ვატარებდით კონკურსს, ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა ყოფილ პატიმრებთან და პირობით მსჯავრდებულებთან მუშაობით. ვფიქრობ, ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმების მანკიერი ტრადიცია საქართველოში ისევ არსებობს. მეორე პრობლემაა ის, რომ შეიძლება სისტემას მიზანმიმართულად არ სურს დაასაქმოს დამოუკიდებელი სოციალური მუშაკი, რომელიც არავის დაემორჩილება. სხვა მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სისტემის ასეთი არასერიოზული მიდგომა საკითხისადმი ბევრ ცუდ რამეს მაფიქრებინებს. ყოფილა შემთხვევები, გვინახავს რეჟიმის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც, უბრალოდ, სახელი გადაარქვეს და სოციალური მუშაკის საქმე შეუთავსეს“.

„დემოკრატიის ინტიტუტის“ სოციალური მუშაკის, ნესტან კახაძის აზრით კი, იდეალური იქნებოდა საპატიმროშივე ემუშავა სოციალურ მუშაკს, რომელსაც ექნებოდა იმ ადამიანების სია, რომლებსაც წასასვლელი არ აქვთ: „თუმცა, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. სახელმწიფოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს არ აქვს პროგრამა, რომელიც მიუსაფარ ყოფილ პატიმრებს თავშესაფრით უზრუნველყოფს“.

ნესტან კახაძე

ნესტან კახაძის თქმით, უსახლკარობა ყოფილი პატიმრისთვის შეიძლება ახალი დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს.

„პრობლემაა ისიც, რომ ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა არ არის საკმარისი. სხვა საკითხია ამ სპეციალისტების კომპეტენცია და განათლება. აქამდე ამ პროფესიის საბაკალავრო პროგრამა არ არსებობდა – მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტებშია მუშაკების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ბოლო 107-8 წელია. სოციალურ მუშაკებს, ვისაც გავლილი აქვთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები და სემინარები. სოციალური მუშაკის ხელფასი არის ძალიან დაბალი, მაშინ, როცა არც კი არის გაანგარიშებული ერთ სოციალურ მუშაკზე ზუსტად რამდენი ბენეფიციარი მოდის. გარდა ამისა, მათ უწევთ საკუთარი სახსრებით გადაადგილება ბენეფიციარებთან“.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს ინიცირებული აქვს კანონპროექტი სოციალური მუშაობის შესახებ, რომლის მოსმენასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. კანონპროექტის მომზადებაში სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ჩაერთო ამ ეტაპზე.

ნინო შატბერაშვილის თქმით, „თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, მაშინ უშუალო პრაქტიკას ვერავინ განახორციელებს ბენეფიციარებთან, თუ არ ექნება გავლილი სოციალური მუშაკის საბაკალავრო, სამაგისტრო ან უნივერსიტეტის ბაზაზე 206-2013 წლებში გაცემული სასერთიფიკატო პროგრამა, ამ პერიოდში კი ამ განათლების არ მქონე სოციალურ მუშაკებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ სერთიფიცირების გამოცდა. ასე ვერც პატიმრებთან, ყოფილ პატიმრებთან და ბავშვებთან ვერ აღმოჩნდება გაურკვეველი პროფესიის ადამიანი.“

 პატიმრებთან მომუშავე ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები ასაქმებენ.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“  გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის.

ამ პროგრამისთვის 3 270 000 ლარია ბიუჯეტში, გონიოსთან მიმართებაში კი, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული, რისთვისაც 270 ათასი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტიდან არც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობაა დაფინანსებული.

„გონიოს განვითარების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებაში, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსი“. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, გონიოს ხიდის მშენებლობა. ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

აჭარის მთავრობას მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა ფრაქციამაც შეახსენა, რომ „მიზანშეწონილია 2018 წელს მომზადდეს აღნიშნული ტერიტორიების დაგეგმარება. გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ახალი ბულვარის მშენებლობა და განვითარება, გონიოს სასეირნო ბილიკის კეთილმოწყობა, მათ შორის ველოგზისა და ველოსიპედების ტერმინალის მოწყობა, დასასვენებელი, სარეკრიაციო ზონების მოწყობა და სხვა“.

მთავრობის ოფიციალური პასუხი ოპოზიციის შენიშვნაზე მაშინაც ზოგადი იყო: „ქალაქ ბათუმში ადლიის დასახლებაში თავისუფალი ტერიტორიების შემდგომი განვითარება წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რაც უკავშირდება ჭოროხის შესართავთან, ორივე მხარეს არსებული ტერიტორიების შემდგომი გამოყენების ქალაქმშენებლობით, გარემოს დაცვით საკითხებს და ეკოლოგიური ბალანსის  შენარჩუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებულ ტერიტორიებზე ნაჩქარევი დაგეგმარებითი პროექტების განხორციელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება საჯარო მსჯელობის საფუძველზე. ამავე საკითხის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარისა და გონიოს სანაპირო ზოლის მდინარე ჭოროხზე დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა“.

საჯარო მსჯელობა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, არ დაწყებულა. შესაბამისად, სამინისტროს არ აქვს პასუხი, თუ როდის და როგორ განხორციელდება ადლია-გონიოს სანაპირო ზოლის დაგეგმარება და მისი განვითარება.

რაც შეეხება გონიოს განვითარების გეგმას – მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. ეს გეგმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია. გეგმა 2016 წელსაც მზად იყო, თუმცა სამინისტროები მას არ ასაჯაროებდნენ.

ამ გეგმით, რომელიც, სამინისტროების ინფორმაციით, შემუშავდა Colliers International-სა და HOK-თან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, გონიოში მრავალფუნქციური კურორტის განვითარება 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა შესაძლებელი.

კურორტ გონიოს განვითარების გეგმის მაჩვენებლები:

[checklist]

  • 25.6 ჰექტარი ფართობის ტბა ტერიტორიის შუაგულში. ტბა განაპირობებს საცხოვრებელ ზონაში არსებულ ფართობზე ფასების ზრდას
  • რეკრიაციული და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ზონები მდინარე ჭოროხსა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე [მოიცავს მთლიანი ტერიტორიის 30%-ს] რჩება ხელუხლებელი და გარშემორტყმულია პარკით და სასეირნო ბილიკებით
  • ღია და დახურული საცურაო აუზები.
  • 5.6 ჰექტარი პლაჟი
  • საზღვაო სასტუმროები და აპარტ-ოტელები
  • სამორინე
  • ტერიტორია დასვენებისა და სპორტული აქტივობებისთვის
  • ზღვისპირა ბულვარი
  • გონიოს ციხე
  • საცხოვრებელი ტერიტორია

[/checklist]

გონიოს ყოფილი პოლიგონისა და აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ არსებული ტერიტორიები ქალაქ ბათუმის საზღვრებში შედის. თუმცა ეს ტერიტორიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მას აჭარის მთავრობა/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.

ყოფილი პოლიგონის 315 ჰექტარი ტერიტორია, რომლის გადაცემა იგეგმება ინვესტორებზე
გონიოს განვითარების გეგმა / ხიდი მდინარე ჭოროხზე /

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

ენმ: აღმზრდელის ხელფასი 240 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200

ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასს შეადარა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი შეფასებით, სოციალური გაჭირვების ფონზე მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შრომის ანაზღაურების მატება უსამართლოა.

„ეს ნიშნავს, რომ არსებობენ პრივილეგირებული მაღალჩინოსნები. მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5750 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200 ლარი. ავთანდილ ბერიძე დღეს ხელფასს იღებს იმაში, რომ უმაღლესი საბჭოს და დავით გაბაიძის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. წარმოიდგინეთ, ამ დროს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასი 240 ლარია, სანდასუფთავების თანამშრომლის – 280 ლარი, პენსიონერის შემოსავალი თვეში 180 ლარია,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, ახალი წესის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა. ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, 2018 წლის იანვრიდან, ხელფასთან ერთად დანამატისა და პრემიის მიღებაც შეუძლიათ, რომელსაც ფულადი ჯილდო ერქმევა. თუმცა დანამატი წლის განმავლობაში ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

 

ავარიის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე მოსაცდელი დაზიანდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე მოსაცდელი დაზიანდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსაცდელს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა.

მთავარ ფოტოზე: მოსაცდელი გოგებაშვილის ქუჩაზე/ 31.01.2018/ გურამ მურვანიძის ფოტო

 

სოფელი ფეხბურთის მოედნის გადაცემას ითხოვს

ქობულეთში საჩინოს თემის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ფეხბურთის სტადიონის სოფლისთვის გადაცემას ითხოვს. მოსახლეობა აპირებს შესაბამისი თხოვნით მიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

საჩინოს თემში შედის სამი სოფელი  – საჩინო, ზედა აჭყვა და ქვედა აჭყვა. მოედანზე, რომელიც სამივე სოფლის საკუთრებაა, საჩინოს სკოლასთან არსებული ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. გუნდის მწვრთნელი, ემზარ ხალვაში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა თავისუფლად შეძლონ მოედანზე შესვლა და ვარჯიში. ემზარ ხალვაში შიშობს, რომ თუ მოედანი სოფელს არ გადაეცემა, შესაძლოა ისევ განმეორდეს სცენარი და მოედანი კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდეს.

2008 წელს საფეხბურთო მოედანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოქალაქე ირმა ჩელებაძეს გადასცა. 9060 კვ.მ მიწის ფართობს ჩელებაძე რამდენიმე წელი ფლობდა.  მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი, საჩინოს მოსახლეობამ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა.  2013 წელს მოქალაქე ჩელებაძეს საჩინოს საფეხბურთო მოედანზე საკუთრების უფლება გაუუქმდა.

„ეს მოედანი 1970 წელს დაარსდა. 105 მეტრის სიგრძის და 75 მეტრი სიგანისაა. მოედნის საფარი სილანარევია, ბუნებრივი დრენაჟი აქვს. საუკეთესო მონაცემები აქვს,  შეიძლება ითქვას. თუ სოფელს გადმოეცემა, ვიცი, რომ მერე სპონსორის მოძებნაც იქნება შესაძლებელი, ვინც ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაგვეხმარება. ახლა ჩვენთვის მთავარია ბავშვებს სათამაშო ადგილი არ წაართვან.  ვაპირებ აჭარის მთავრობას მივმართო ოფიციალური წერილით, რომ მოედანი საჩინოს თემს გადმოსცეს,” – ამბობს „ბათუმელებთან” საუბარში ემზარ ხალვაში.

„ბათუმელები” დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. სამინისტროში განმარტეს, რომ საჩინოში მდებარე ფეხბურთის მოედანი სახელმწიფო ქონებაა და მას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. შესაბამისად, მოქალაქეებმა არა აჭარის მთავრობას, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართონ წერილით.

საფეხბურთო მოედანი სოფელ საჩინოში.

ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს

ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად საფრთხის შემცველია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მომზადდა, წერია, რომ „ცალკეული მზიდი ელემენტები იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში. მთლიანობაში შენობის მზიდი კონსტრუქცია დაზიანებულია და საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას“.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასამაგრებელი კონსტრუქციების დიდი მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის“.

ამ დროისთვის საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 25 ოჯახი ცხოვრობს, ბინების ნაწილი კი დაკეტილია.

ავარიული კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, არჩილ ჯაფარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი წლების განმავლობაში შეუფუთავი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა კედლებში და, სავარაუდოდ, სახლის დაზიანება ამით არის გამოწვეული.

თენგიზ ზოიძესაც ამ კორპუსში აქვს ბინა. მისი აზრითაც, სახლის დაზიანება არასათანადო პირობებმა გამოიწვია. „დიდხანს იყო დაუმთავრებელი, შემდეგ დაიწყო მოპირკეთება. ფასადზე ბათქაში იმდენად დაზიანებული იყო, რომ რემონტის დროს ცვიოდა. ან ცემენტი იყო უხარისხო, ან წვიმისგან იყო კედლები დაზიანებული“, – გვეუბნება ის.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ კორპუსში ზოგიერთი ბინის კედლები ამოყვანილი არ არის და ღია სივრცეში წყალი ისევ ჩადის.

თენგიზ ზოიძე ამბობს, რომ თავის დროზე ეს კორპუსი სახელმწიფომ ააშენა, ამიტომ შენობის მდგომარეობაზე, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც სახელმწიფომ უნდა აიღოს.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობაზე ინფორმაციას ფლობს და მისი მოგვარების რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

„ეს სახლი „ამხანაგობის“ მიერ არის აშენებული. წესით, ეს მისი მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა გამგეობა ამხანაგობას მარტო არ ტოვებს ამ საქმეში, სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ექსპერტიზის დასკვნა და გავაცანით სახლის მცხოვრებლებს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მერის თქმით, კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი ექსპერტიზის დასკვნას ბოლომდე არ ენდობა და მიაჩნიათ, რომ გამაგრების შემთხვევაში იქ ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია.

„ვფიქრობ, კიდევ ერთი დასკვნა გაკეთდეს, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის ინტერესი. პირველ ჯერზე არ იყო გამოკვლეული გეოლოგიური ნაწილი, სახლის საძირკვლის სიმყარე, ამიტომ დასკვნა ამაზეც უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ის.

მეორე ვერსია, რასაც მერი განიხილავს, დეველოპერების დაინტერესებაა. „მშენებელი კომპანიის გამოჩენის შემთხვევაში, შენობის დემონტაჟზე და ახლის აშენებაზე უნდა ვიფიქროთ“, – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქობულეთის მერი კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრას გეგმავს.

მირიან ქათამაძის თქმით,  დაინგრევა თუ გამაგრდება სახლი, საბოლოო გადაწყვეტილებას მერია მინიმუმ სამ თვეში მიიღებს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე კორპუსი ავარიულია.

 

ყოფილი პატიმარი: მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ვინ ვარ? „პეშკა!”

ამირან ცეცხლაძე ქობულეთიდან მოშორებით, სოფელ აჭში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 2008 წელს ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და მოხმარებისთვის შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. 2 სექტემბერს ამირანი დაიჭირეს, სამ დღეში მისი შვილიც, რომელიც, ახლაც საპატიმროშია და სასჯელს იხდის მეათე წელია.

ყოფილი პატიმარი, ამირან ცეცხლაძე: „ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ამბებია, ეს დღეებია აქციებიც ტარდება და როცა ხალხს რეაქცია და პროტესტი აქვს, ეს პროტესტი ყოველთვის მაშინ იწყება, თუკი საზოგადოებისთვის რომელიმე ცნობილ სახეს შეექმნება პრობლემა. აბა, ჩემნაირებისთვის ხმას ვინ ამოიღებს, ვინ ვარ მე?! „პეშკა“! მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, იყვნენ მოწმეები, იყო მტკიცებულებები, რომ არაფერი მქონია, მაგრამ არავინ არაფერი ისმინა და შვიდ-ნახევარი წელი მომისაჯეს. ყავარჯნებით გადავაადგილდებოდი და ციხეში ცემას გადავრჩი, სამაგიეროდ ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ სხვებს. მინახავს, როგორ სცემეს ადამიანი, ცემაში შემოაკვდათ და მერე კარცერში ჩამოკიდეს, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. მინახავს, როგორ ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ პატიმარს, მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზი ცოლი აკითხავდა და ამას შეახსენებდნენ კიდეც ცემისას, თითქოს ეს მისი დანაშაული იყო. ჩემი შვილი ახლაც ციხეშია, კიდევ  კარგი, ეს წამების პრაქტიკა შეიცვალა და შეიცვალა დამოკიდებულებაც პატიმრების მიმართ. ვერც კი ვიჯერებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში იგივე ჯოჯოხეთი აღარ არის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი“.

ყავარჯნებით, მაგრამ სახლის საქმეებში ჩართული

ამირან ცეცხლაძე და მისი ქალიშვილი შშმ პირები არიან, მათი პენსია 100-100 ლარია. ამირანის მეუღლე, ლიანა ქაჯაია, სოფლის კლუბში მუშაობს, მისი მცირე ხელფასი და შშმ პირების პენსია ოჯახის ძირითადი შემოსავალია. მართალია, ამირანი დასაქმებას ვერ ახერხებს, მაგრამ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რასაც დამჯდარი შეძლებს. მაგალითად, შეშა ტყიდან  მისთვის მეზობლებს მოაქვთ. ბენზოხერხი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პატიმართა გაძლიერების პროექტის ფარგლებში შეიძინა და დამჯდარს შეშის დახერხვა თავად შეუძლია.

„საგვარეულო ტყე გვაქვს, მეზობლები ყოველთვის მეხმარებიან შეშის მოჭრაში, ამაში თანხა არ მეხარჯება. ეს ხერხიც ცოტა ხნის წინ გადმომცეს და ზამთრობით შეშის და გათბობის პრობლემა მოგვარებულია“, ამბობს ყოფილი პატიმარი.

ამავე პროგრამით შეიძინეს მისთვის ელექტროცელი და შესაწამლი აპარატიც. თხილს, კაკალსა და ხეხილის ბაღს ამ ხელსაწყოების გარეშე სოფელში ვერ მოუვლი.

თხილი და კაკალი – რაც ფაროსანას გადაურჩა

ამირან ცეცხლაძე ამბობს, რომ ქობულეთში, სოფელ აჭში, ფაროსანას გამანადგურებელი რაოდენობა არ ყოფილა. „მიზეზი ალბათ ის არის, რომ ხალხმა დროულად შეწამლა ყველაფერი. ახლაც ვაკვირდები მიმდინარე ამბებს, დიდი თანხა გამოყო სახელმწიფომ მავნებელთან საბრძოლველად და აუცილებელია ყველამ დროულად ვუწამლოთ ეზოებს. ერთია, რომ სახელწიფო გაძლევს შესაწამლ საშუალებას და მეორე ამბავია, შენ თითონ დროულად და სწორად წამლავ თუ არა მცენარეებს“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ბევრი სხვა მაგალითისგან განსხვავებით ამირან ცცხლაძის თხილი და კაკალი სოფელ აჭში ფაროსანას გადაურჩა და მან წელს მოსავალი სრულად აიღო. ამბობს, რომ თხილის ჩამბარებლები თავად აკითხავენ სახლში, კაკალი კი ოზურგეთში მიაქვს ჩასაბარებლად. ფაროსანა აჭშიც გამოჩენილა წელს, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით და მალევე მოუსპიათ.

        „ნეტავ ვინმე ფუტკრებს დამიბრუნებდეს“

ამირანს ეზოში ხუთი ცარიელი სკა უდგას. ორი წელია ასე ცარიელია სკები, თუმცა მაინც ინახავს და ახალი სკების გამოთლასაც აპირებს, მაგრამ არ ჰყავს ფუტკარი. ორი წლის წინ ხუთივე სკაში ერთად ამოიხოცნენ არასწორი მკურნალობის ზემოქმედებით.

„იცით, როგორ მიყვარს ეს საქმე?“ -მეფუტკრეობაზე ამბობს ამირანი,- „ბაბუას ჰყავდა ფუტკრები და ძალიან მივეჩვიე მოვლას. მე და ფუტკრებს ისე გვესმის ერთმანეთის, სანამ დამეხოცებოდნენ პირბადისა და ხელთათმანების გარეშე ამომქონდა თაფლი სკიდან, არაფერს მვნებდნენ. ცუდი ხარისხის წამალი გავრცელდა და ორი წლის წინ ბევრს დაგვეხოცა. ნეტავ რამე პროგრამა კიდევ არსებობდეს ოჯახი შევიძინო. თაფლი სახლისთვისაც გვრჩებოდა, ვყიდდით კიდეც და ესეც შემოსავცლის ერთ-ერთი წყარო იყო“.

„ჩამოდით, ნახეთ როგორ ვცხოვრობთ“

„როცა მიმოსვლა აღსდგება, ჩამოდით, ნახეთ როგორ ვცხოვრობთ“, -გვეპატიჟებიან ამირანი და მისი მეუღლე, ლიანა ქაჯაია. ვერ ჩავდივართ. ტრანსპორტი, რომელიც სოფელ აჭში იშვიათად ჩადის, ახლა შესაკეთებელია და არ მოძრაობს. ოჯახს, სადაც ორი შშმ პირი ცხოვრობს და ერთი წევრი უკვე მეათე წელია პატიმარია, მძიმე პირობები აქვს. 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ზურაბ პატარაძე: სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საბოლოო მიღების შემთხვევაში, ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების შექმნაზე ინიციატივის დაყენების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის მომხრე არ არის.

დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელ სფეროში აპირებს მთავრობა ახალი უწყებების შექმნას.

„უფლებამოსილებები იზრდება, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თუნდაც სამინისტროების ოდენობის თვალსაზრისით, ჩვენვე განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს, თუ რა უნდა ერქვას, სფეროები რა უნდა იყოს, როგორ უნდა მოხდეს გადაჯგუფება უწყებების. როგორც კი საკონსტიტუციო კანონი იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და მივიღოთ სწორი მოდელი. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალური გაძლიერება მოხდეს ჩვენი ინსტიტუტების, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოსი,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის კონსული გაიწვია

ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის კონსული, რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, გაიწვია. შესაბამისი დოკუმენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გუშინ, 29 იანვარს, გამოსცა.

დღეს აზერბაიჯანის კონსულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დაემშვიდობნენ.

რაშიდ ისმაილოვი აჭარაში კონსულად 2015 წელს დაინიშნა.  მანამდე იგი „სოკარის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა აზერბაიჯანში.

29 იანვარს ილჰამ ალიევმა ბათუმიდან კონსულის გაწვევის გარდა გაიწვია ელჩები ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, შრი-ლანკიდან, საუდის არაბეთიდან, იემენიდან და სხვა რესპუბლიკებიდან. ინფორმაცია ელჩების გაწვევის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებგვედზეა გამოქვეყნებული.

 

 

საკრებულოს მაჟორიტარი თამარის დასახლებაში მოქალაქეებს შეხვდა

თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე დღეს ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა და დასახლებაში მიმდინარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ყოველ ორშაბათს 16:00 საათიდან ხვდება.

შეხვედრა მოქალაქეებთან
შეხვედრა მოქალაქეებთან

საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ამბობს, რომ დასახლებაში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს: „მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით კონკრეტული დახმარების თაობაზე, ეს იქნება სოციალური, ჯანმრთელობისა თუ სხვა ყოფითი პრობლემები. დღეს, მაგალითად, ამხანაგობა „ერთობის“ თავმჯდომარემ ნინო რევიშვილმა – ამხანაგობის ეზოს გამწვანების მოგვარება, ტბეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ბეგლარ ჩახვაძემ კი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწესრიგება ითხოვეს. შეხვედრაზე, ასევე გამოიკვეთა ე.წ. ლტოლვილთა დასახლებაში გარე განათების ბოძებზე დამონტაჟებული ნათურების შეცვლის საჭიროებაც. ასეთი პრობლემების
მოგვარება, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ვაგვარებთ კიდეც მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია ისეთი მომართვებიც, როცა საკითხი თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს ვუწევთ კონსულტაციას, თუ რომელ უწყებას რა ფორმით მიმართოს, ვეხმარებით შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში“.

თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე
თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე

მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვნია მოქალაქეები იცნობდნენ ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და იმ პროგრამებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის შესაბამისად ახორციელებს,  ეს იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული განვითარება, გამწვანება თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება: „ასევე, მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ინფორმირებული, აქტიური მოქალაქე, რომელმაც იცის თვითმმართველობის განხორციელების პრინციპები, ბუნებრივია, ყოველთვის გვეხმარება ადგილობრივი პრობლემისა თუ პრიორიტეტის გამოკვეთაში, რასაც შედეგად მომავალი წლის ბიუჯეტში საკითხის გათვალისწინება მოჰყვება.

ამის ნათელი მაგალითია მიმდინარე წლის ბიუჯეტში თამარ მეფის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის დაგეგმვა. წლების განმავლობაში ამ უბნის მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად სწორედ ფეხით მოსიარულეთა ხიდის არარსებობას მიიჩნევდა, რის გამოც ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები. მოსახლეობის ეს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წელს ბათუმის ბიუჯეტში გაითვალისწინა და მისი მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება“.

დღესვე თამაზ სალუქვაძე თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების დასრულებულ და მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამჟამად ი. ნონეშვილის ქუჩაზე ფილების დაგება მიმდინარეობს, თამარ მეფის გამზირზე კი - სანიაღვრე არხის მშენებლობა
ამჟამად ი. ნონეშვილის ქუჩაზე ფილების დაგება მიმდინარეობს, თამარ მეფის გამზირზე კი – სანიაღვრე არხის მშენებლობა

კეთილმოწყობის სამუშოები ამჟამად ორ ქუჩაზე – ი. ნონეშვილისა და ჯ. ქათამაძის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩების გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, მოწყობილია ბორდიურები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე ჭები, დამონტაჟებულია ჭების ცხაურები და საგზაო ნიშნები. ტროტუარებზე მიმდინარეობს ფილების დაგება.

სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს თამარ მეფის გამზირზე, რომლის დასრულების შემდეგ, სხვა ქუჩების ანალოგიურად, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

დასრულებული სამუშაოები კაზინეცის, ქათამაძის, ლორთქიფანიძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე
დასრულებული სამუშაოები კაზინეცის, ქათამაძის, ლორთქიფანიძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე

თამარის დასახლებაში 18 ქუჩის კეთილმოწყობაზე გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 4 479 639,11 ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მათი დასრულება 2018 წლის 1 ივნისამდე იგეგმება. გასული წლის განმავლობაში კეთილმოეწყო 13 ქუჩა. უკვე დასრულებულია აგარაკის ქუჩის, ი. კაზინეცის ქუჩის, ჯ. ქათამაძის ჩიხის, შრომის ქუჩის, ს. დიასამიძის ქუჩის, ი. ნონეშვილის ჩიხის, თამარ მეფის ჩიხის, ხ. ლორთქიფანიძის ქუჩის , ზ. ჭიჭინაძის ჩიხის, ზ. ჭიჭინაძის ქუჩის, ძმები ნობელების ქუჩის, ძმები ნობელების II შესახვევის და ძმები ნობელების I შესახვევის კეთიმოწყობა. აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწყო ბორდიურები, ტროტუარები, ჩამოისხა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გაკეთდა თუჯის ცხაურები,
სანიაღვრე არხებისთვის ჩაიდო გოფრირებული მილები, მოეწყო სანიაღვრე ჭები ცხაურებით და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

უახლოეს მომავალში დაიწყება შინდისისა და ბაქრაძის ქუჩების კეთილმოწყობაც. სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბონდი – 2009“ ასრულებს.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან შეხვედრებზე ეტაპობრივად მოხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების გაცნობა.

დავით გაბაიძე: თეორიულად შესაძლებელია ტურიზმის სამინისტროს შექმნა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გუშინ, 30 იანვარს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდა მსჯელობა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე. საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის საშუალებას იძლევა.

დავით გაბაიძე განმარტავს, რომ ახალი სამთავრობო უწყების შექმნაზე ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა დასვას, ხოლო შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხი უმაღლესმა საბჭომ განიხილოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ორი ახალი სამინისტროს შექმნას გეგმავს – ტურიზმის და ინფრასტრუქტურის. რას ფიქრობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ საკითხზე? – რამდენიმე შეკითხვა დავით გაბაიძეს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ დავუსვით.

ბატონო დავით, მუშაობის შედეგებზე საუბრის დროს დეპუტატები ხშირად ამბობენ, რომ მათ საკმარისი უფლებამოსილება არ აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს რატომ არ ითხოვთ კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირებას? პროექტის მიხედვით, განათლება, კულტურა და სპორტიც კი აღარ წერია განსაკუთრებული უფლებამოსილების ჩამონათვალში. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებში გაიწერა მხოლოდ ის კომპეტენციები, რაც წესით, რიგით და სამართლებრივი ბუნებით, ასევე კონსტიტუციონალისტების აზრით უნდა იყოს ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული კომპეტენციები. რაც შეეხება განათლებას, კულტურას, სპორტს, ესენი არც სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობაში არ წერია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპიდან გამომდინარე, ავტონომიური რესპუბლიკა მოაწესრიგებს აი ამ საკითხებს. ის, რომ განათლების საკითხები ჩვენ გვეწერა განსაკუთრებულ კომპეტენციად, მაგრამ არც ერთი ნორმატიული აქტი საკანონმდებლო დონეზე არ არის მიღებული, ის, რომ ვეყრდნობოდით ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ აქტებს, ნიშნავს იმას, რომ განათლება, როგორც ასეთი, მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილება არ უნდა იყოს.

შეხვედრებზე ამბობთ, რომ არსებობს კონკრეტული მიღწევა ამ ცვლილებებით. საზოგადოებას რომ უთხრათ კონკრეტულად, რა იცვლება უფლებამოსილების კუთხით? გასული წლის 6 მაისს როცა „ბათუმელებმა“ თქვენთან ჩაწერა ინტერვიუ, თქვენ აღნიშნეთ: „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ აჭარის კონსტიტუციაში ფლებამოსილებები დეტალურად გაიწეროს. აქამდე იმდენად ვრცელი იყო კონსტიტუციური კანონი, რომ ცალკე კონსტიტუციაში ვეღარაფერს ჩაწერდი…“

ამ პროექტში კონკრეტული უფლებამოსილებები არის გაწერილი. განსაკუთრებულ უფლებამოსილებებში არის ძალიან ბევრი ჩამონათვალი, მაგალითად, იგივე კონსტიტუციის მიღება, საკანონმდებლო აქტების მიღება, ქონების მართვა და განკარგვა, ამაზე მეტი კონკრეტული საკითხი კონსტიტუციას არ აქვს… დანარჩენი, რაც არ არის განსაზღვრული განსაკუთრებულ უფლებამოსილებებში, არსებობს უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპი, სადაც არის ეს საკითხები ჩაშლილი…

ახალი რა იქნება, მოქალაქე რას უნდა ელოდოს? 

მაგალითად, ის, რომ ტყე და წყალი იქნება ჩვენს საკუთრებაში…

ტყის, წყლისა და მიწის საკითხი გავიგეთ. ამაზე ყველაზე ბევრს საუბრობთ საჯარო შეხვედრებზე. არსებითი საკითხი გვითხარით, რაც გავლენას მოახდენს ადამიანებზე… 

საპატიო ჯილდოები და წოდებები…

მიიჩნევთ, რომ ამ სიახლით უნდა დაინტერესდეს საზოგადოება?

მოსახლეობა უნდა დაინტერესდეს იმით, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება ქონების მართვისა და განკარგვის უფლება, იმით, რომ მას ექნება მიწის საკუთრებაში ქონის უფლება, ტყის მართვისა და განკარგვის უფლება და ასევე აჭარის საკუთრებაში არსებული წყლის მართვისა და განკარგვის უფლება. მოსახლეობა უნდა დაინტერესდეს იმით, რომ შემოღებულია უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპი, რომელიც ძალინ ბევრ სფეროში უხსნის ავტონომიურ რესპუბლიკის ხელისუფლების, პირველ რიგში, უმაღლეს საბჭოს, რომ მან ძალიან ბევრ სფეროში მოაწესრიგოს ესა თუ ის საკითხი. მოსახლეობა უნდა დაინტერესდეს იმით, რომ პირველად საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკითხების დელეგირების წესი და იმითაც, რომ ამ დელეგირებას თან უნდა მოჰყვეს შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსები. მოსახლეობა უნდა დაინტერესდეს იმით, რომ ძლიერდება აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუტი, როგორც პირდაპირი წესით არჩეული სახელისუფლებო ორგანო…

როგორ ძლიერდება? 

ძლიერდება იმით, რომ მცირდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის დაწესებული ქვორუმი, მცირდება ვეტოს დაძლევის მექანიზმი, შემოდის წელიწადში ერთხელ მთავრობის საქმიანობის ჩაბარების ანგარიშვალდებულება, შემოდის კითხვის დასმის და ინტერპელაციის ინსტიტუტი.

ეს კითხვის დასმა მთავრობისთვის რას ნიშნავს, რატომ არის ეს სიახლე? 

კითხვის დასმა ერთია და პასუხის გაცემის ვალდებულება მეორე.

როგორ გავიგოთ ეს, როცა მოქალაქე უსვამს შეკითხვას ხელისუფლების წარმომადგენელს, ის არ არის ვალდებული პასუხი გასცეს?

ის, რომ მოქალაქე საჯარო ინფორმაციას მიიღებს, ამაზე არაა საუბარი, აქ არის პოლიტიკურ პასუხზე ლაპარაკი. საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას და ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვის საფუძველი. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტი, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს არის სიახლე ამ კონსტიტუციაში.

უნდა ველოდოთ თუ არა ახალი სამთავრობო უწყების შექმნას? სტუდენტებთან შეხვედრის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ თეორიულად შესაძლებელია 14 სამინისტროს შექმნაც კი, მაგრამ თქვენ არ ემხრობით ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას. კონკრეტულად რა ახალი უწყების შექმნაზე მიდის საუბარი?  

მე არ შემიძლია ახალი უწყებების შექმნაზე საუბარი დღეს. ჩემი უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოზე და შემიძლია გითხრათ, უმაღლესი საბჭო რას გეგმავს მომავალში. ამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ როგორ ხედავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აღმასრულებელი ხელისუფლების მოწყობას, ამაზე დაველოდოთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც ერთადერთი სუბიექტია, ვისაც ამ კუთხით ინიციატივის დასმის უფლება აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, განიხილება ტურიზმის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შექმნა… 

ჯერ ვერ განიხილება, ჯერ არ დასრულებულა კონსტიტუციური ცვლილების პროცესი. შესაძლოა, ჯერ რომელიმე დეპუტატს გაუჩნდეს რომელიმე ჩანაწერის ამოღების სურვილი. ჯერ ვერავინ ვერაფერს ვერ განიხილავს, ვიდრე არ იქნება მიღებული საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებები… ის, რომ არ უნდა გაიზარდოს ადმინისტრაციული ხარჯები, ეს არის ჩემი, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და პოლიტიკოსის პოზიცია. ხარჯები რომ არ გაიზარდოს, ამის ბევრი მექანიზმი არსებობს და ეს აუცილებლად ახალი უწყების არშექმნას, ან გამსხვილებას არ გულისხმობს.

ანუ შესაძლებელია ახალი სამთავრობო უწყებაც შეიქმნას და ამით ადმინისტრაციული ხარჯი არ გაიზარდოს? 

თეორიულად ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დავუტოვოთ ეს საკითხები საპასუხოდ აჭარის მთავრობას… თეორიულად შესაძლებელია, რომ ტურიზმის დეპარტამენტი დარჩეს საქვეუწყებო დაწესებულებად, შესაძლებელია, რომ გახდეს სამინისტრო, მაგრამ ამ საკითხზე ინიციატივის უფლება აქვს მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. საბოლოოდ, მიზანშეწონილობა უნდა დაამტკიცოს უმაღლესმა საბჭომ. მოდით, ჯერ დავასრულოთ ეს პროცესი. ხვალ გვექნება ამ საკითხებზე შეხვედრა, მათთან უნდა ვისაუბროთ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების მოწყობაზე. იქნება და საინტერესო წინადადებები აქვს მთავრობას…

 

 

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი ყვავილის დარგვა იგეგმება

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი სეზონური ყვავილის დარგვა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, ყვავილები ადგილობრივ სანერგე მეურნეობებში გამოჰყავთ.

გარდა ამისა, როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 500 ხე-მცენარის დარგვაც, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უცხოეთიდან შემოიტანს. მცენარეების შესაძენად ბიუჯეტში 157 ათასი ლარია გათვალისწინებული. დამატებით, 500 ძირი ხე-მცენარის დარგვა კი ადგილობრივ  სანერგე მეურნეობებიდან იგეგმება.

ოფიციალური ინფორმაციით, ხე-მცენარეების დარგვა რეაბილიტირებულ ქუჩებზეც მიმდინარეობს. „ნონეშვილის ქუჩაზე 11 ძირი ხე-მცენარე დაირგო – 6 ძირი მაგნოლია (გრანდი ფლორა), 5 – „ირმის რქა“.

„ირმის რქა“
მაგნოლია

ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

„საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ არის კვალიფიციური. ამ საქმეში არაა ჩახედული საერთოდ. ჩემს  ძმას ერთხელ შეხვდა სულ და მაშინაც უთხრა, თქვით, რომ ლიბიაში საერთოდ არ ყოფილხართო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაკავებული ქართველი მეზღვაურის, რომან კაკალაძის და სალომე კაკალაძე. სალომეს არ სჯერა, რომ მისი ძმისა და სხვა დაკავებულთა დასახმარებლად რამე ქმედითი სამუშაოები ტარდება.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილი ნავთობმზიდი ტანკერი REX-ი ლიბიაში, 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერის მეთაური ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე იყო.

დაკავების შემდეგ მეზღვაურები ლიბიის ციხეში რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. არ ჰქონდათ საკვები და წყალი. საქართველოში ოჯახებს სთხოვეს ფულის გაგზავნა.

„ღამის ორ საათზე დამირეკა, სალომე ასე ვეღარ გავძლებ, თავს მოვიკლავო. გავგიჟდი ლამის. გადავრეკე საგარეოში, ავაწრიალე ღამის ორ საათზე მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოხერხდა ის, რომ მე და ხოხბას ოჯახმა სატესტოდ გავუგზავნეთ 40 დოლარი. ადვოკატმა მიუტანა ეს თანხა. 40 დოლარიდან 10 დოლარი მისცა ჩემს ძმას და უთხრა, დარჩენილი 30 დოლარით მოგიტანთ საჭმელს და წამლებსო. წამლების სია წაიღო და ერთი თვე არ გამოჩენილა. ორი სასამართლო პროცესი ისე ჩატარებულა, ეს ადვოკატი არ ყოფილა პროცესზე. ამ ადვოკატს როგორ უნდა დაეყრდნო?“- კითხულობს სალომე კაკალაძე.

სალომემ და დაკავებული მეზღვაურების ოჯახებმა მეორედ თანხის გაგზავნა თურქეთის საელჩოს დახმარებით შეძლეს. 150 დოლარი ჯერ ანკარაში, თურქეთის საელჩოში გადარიცხეს, შემდეგ იქიდან ტრიპოლში, თურქეთის საკონსულოში. სალომე ამბობს, რომ არა მისი ძმის მოხერხება, რომელმაც სასამართლო პროცესზე თურქეთის საელჩოს ნომერი მოითხოვა და შემდეგ მათ მიმართა, შესაძლოა თანხის გადარიცხვა ვერ მოხერხებულიყო.

„მე ყოველდღე მაქვს კონტაქტი საგარეოსთან [სამინისტრო], საკონსულო დეპარტამენტთან. ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო, ყველა კითხვაზე მცემენ პასუხს, მაგრამ საქმე არ კეთდება. მეუბნებიან, ამ საქმეში ჩართულია უნგრეთი, თურქეთი, მაგრამ შედეგი არაფერი არაა,“ – ამბობს სალომე.

რომან კაკალაძე, ნუკრი ხოხბა და გენადი კომახიძე
ფოტოკოლაჟი: ამერიკის ხმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რადგან საქართველოს ლიბიაში არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა, დახმარებისთვის თურქეთის რესპუბლიკას და მის დიპლომატიურ მისიას მიმართეს ქალაქ ტრიპოლიში, რათა მათი ჩართულობით მოგვარებულიყო საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა თუ ჰუმანიტარული საკითხები.

„რის შემდეგაც თურქულმა მხარემ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, დაკავებულები მოამარაგა საკვებითა და სასმელი წლით, ასევე ერთ-ერთ დაკავებულს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება. საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე პერიოდულად ამჟამადაც აწვდის მათ საკვებსა და წყალს“,  – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

რა სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად? – ამ კითხვის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ბათუმელებს“ მოსწერეს:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ჩაერთო ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების, როგორც საკონსულო, ასევე სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის პროცესში. უწყებამ დიპლომატიური არხების გამოყენებით მოახდინა დაკავებული თანამოქალაქეებისთვის სამედიცინო და ჰუმანიტარული ხასიათის დახმარების აღმოჩენა, სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა,  ადგილზე პარტნიორი ქვეყნების საელჩოების ჩართულობა. საქმის მსვლელობაში უშუალოდ არის ჩართული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები ეგვიპტეში, თურქეთში, იტალიასა და გაეროში. საკონსულო დეპარტამენტს მუდმივი კონტაქტი აქვს დაკავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებულად იგეგმება მომდევნო მოქმედებები. მიმდინარე კვირას ვგეგმავთ ოჯახის წევრებთან მორიგ შეხვედრას“.

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებებს კომპანია „Eshrif & Eshetwi Law and Legal Consultancy Firm“ იცავს, რომელსაც რეკომენდაცია ლიბიაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა  გაუწია, ანალოგიურ საქმეებში ამ კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებით.

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულ „თურქ მეზღვაურებთან ადვოკატი სისტემატურად მიდის“, მაშინ, როცა „ქართველებს თავიანთი ადვოკატი ბოლო ორი თვეა თვალით არ უნახავთ“. ოჯახის წევრები ამბობენ იმასაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა დაკავებულთა გასათავისუფლებად 24 ათასი დოლარი მოითხოვა. „30 დოლარი მიითვისა და 24 ათასი როგორ უნდა ვანდოთ?“ – კითხულობენ მეზღვაურთა ოჯახის წევრები.

„ბათუმელებმა“ ჰკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რატომ არ ხვდება ადვოკატი დაკავებულ მეზღვაურებს და ვინ უნდა გადაიხადოს მისი მომსახურების თანხა – დაკავებულთა ოჯახის წევრებმა თუ სახელმწიფომ.

„ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების ადვოკატიც შეფერხებით ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ადვოკატის მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას,  მოგახსენებთ, რომ ადვოკატი საქმის საწყის სტადიაზევე გაეცნო გამოძიების მასალებს, ინახულა დაკავებულები, დაესწრო სასამართლოს საორგანიზაციო სხდომას, განახორციელა დაცვის კონკრეტული ღონისძიებები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქ ტრიპოლიში არსებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე  შეფერხებით მიმდინარეობს უშუალოდ საგამოძიებო პროცესი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების ადვოკატიც აწყდება გარკვეულ შეფერხებებს საგამოძიებო უწყების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, რაც შეეხება კონკრეტულ თანხას და მომსახურების პირობებს, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ადვოკატი საქმეში ჩართულია ფინანსური ანაზღაურების გარეშე,“ – მოგვწერეს პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა, თარჯიმნის საკითხს ეხებოდა. დავინტერესდით, იქნებოდა თუ არა მომავალ სასამართლო სხდომაზე მეზღვაურებისთვის თარჯიმანი ხელმისაწვდომი.

„ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და საქმის არსებითი სასამართლო განხილვა არ დაწყებულა. ქართული მხარე, პარტნიორების აქტიური ჩართულობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები, როგორც საგამოძიებო პროცესში, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს იყოს დაცული. აღსანიშნავია, რომ ლიბიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ ლიბიის ტერიტორიაზე ნავთობის უკანონო  გადაზიდვა, რაც მკაცრად ისჯება ლიბიის ადგილობრივი კანონმდებლობით,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს ბრალად ლიბიის ტერიტორიაზე ნავთობის კონტრაბანდა ედებათ. მეზღვაურები მათი დაკავების ამბავს „ამერიკის ხმასთან“ იხსენებენ და ამბობენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.

„ზუვარას პორტში დიზელით დატვირთვის შემდეგ [კაპიტანმა], საზღვაო წესის მიხედვით, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ Master Receipt და Manifest მოითხოვა, თუმცა ტვირთის გამგზავნმა ამ დოკუმენტაციის გაცემაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, კაპიტანი ბერძნულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელსაც დიზელის საფასური, წინასწარ ბანკის მეშვეობით უკვე გადახდილი ჰქონდა. ბერძენმა გემთმფლობელმა ქართველ კაპიტანს უბრძანა, რომ ზუვარას პორტი დაეტოვებინა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დარჩენილიყო და ტვირთის დოკუმენტებს უმოკლეს დროში ელექტრონული ფოსტით მიიღებდა. როგორც კი ტანკერი REX-ი ღია ზღვაში გავიდა, გემი კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს, ეკიპაჟის წევრებს სცემეს და ტრიპოლის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟი 20 დღის მანძილზე გემზე ჰყავდათ, შემდეგ კი ტაჯურას ციხეში უკრეს თავი,“ – წერს „ამერიკის ხმა“.

რატომ ხედავს ბავშვი კოშმარს და როგორ უნდა დაეხმაროთ მას

თუ თქვენი ბავშვი ტირილით იღვიძებს, შეშინებულია და უჭირს დაძინება, დიდი ალბათობით მან კოშმარი ნახა. კოშმარი ცუდი სიზმარია, რომელიც შინებს  და ძილს უფრთხობს ბავშვს. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუკი ბავშვს სრულყოფილად არ სძინავს და ღამით მისი გონება არ ისვენებს, დღის განმავლობაში ამის გამო  შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. რატომ ესიზმრებათ პატარებს კოშმარი და როგორ დავეხმაროთ მათ ამ შიშდაძლევაში, “ბათუმელების” კითხვებს  ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს.

რა დატვითვა აქვს სიზმარს ბავშვისთვის?

სიზმარი მთლიანად შესწავლილი ფენომენი არ არის, მაგრამ როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის, იგი გარკვეული ემოციის შემდგომი გაგრძელებაა. სიზმარი შეიძლება იყოს დადებითი  და უარყოფითი ემოციებით დატვირთული, იმის შესაბამისად, თუ როგორი დღე ჰქონდა ბავშვს. და არა მარტო დღე, შესაძლოა ბავშვის სიზმარში მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპიც აისახოს.

ავტორი: ფრანგი ფოტოგრაფი და რეტუშერი ლორ ფოველი [Laure Fauvel],

რა ასაკიდან იაზრებენ ბავშვები სიზმრებს?

ბავშვი უნდა  მეტყველებდეს და უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების ახსნა  იმისთვის, რომ გავიგოთ როგორი სიზმარი ნახა და როგორ აღიბეჭდა ეს მის ცნობიერებაზე. თუმცა, როგორც ცნობილია, სავარაუდოდ ყველა ჩვენგანი ყოველთვის ხედავს სიზმარს, თუმცა იგი ზოგჯერ გვამახსოვრდება, ზოგჯერ არა. თუ ბავშვი ძალიან პატარაა და შფოთავს ძილში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი კოშმარს ხედავს, მაგრამ მას ამის მოყოლა არ შეუძლია. 4-5 წლის ასაკიდან, როცა ბავშვს მეტყველება სრულყოფილი აქვს, მას შეუძლია დაწვრილებით აღწეროს ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რაც სიზმრიდან გამოჰყვა. შესაძლოა შიში სიზმრებში გაჰყვეს 7-8 წლის ბავშვსაც და მოზარდსაც.

რა განაპირობებს კოშმარს რეალისტურ საფრთხეებზე (ავი ძაღლები, ობობები) და რა – გამოგონილ საფრთხეებზე (მონსტრები)?

იმას, თუ რატომ ხდება სიზმრის ასე დიფერენცირება, მარტივი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. როდესაც ბავშვი იბადება, მას შიშის ემოცია ფაქტობრივად არ აქვს. როცა ბავშვი ჩაგვყავს ეზოში, სადაც ის ხედავს ძალიან დიდ ძაღლს, დიდი წითელი ენით (წითელი ფერი, ზოგადად ყველაზე ადრე აღიქმება ბავშვისთვის, ეს მისაღები ფერია და ძალიან იტაცებს მის ყურადღებას), მისთვის იგი ძალიან მომხიბლველი, ფუმფულა არსებაა. ამიტომ შესაძლოა ბავშვი მივიდეს ძაღლთან და ხელიც კი მოჰკიდოს ენაზე, რადგან ის ჯერ ვერ ხვდება, რომ ეს საშიშია. ინფორმაცია ამ საფრთხის შესახებ მშობელმა უნდა მიაწოდოს მას. ინფორმაციის მიწოდებისას კი სიფრთხილე აუცილებელია – ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ძაღლი საშიშია, ის ცხოველია და მან შეიძლება უკბინოს კიდეც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფობიური, პანიკური შიში – “არ მიეკარო”, “ახლოს არ მიხვიდე” და ა.შ..  თუ მშობელი ასეთ ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის ბავშვს, მისი ცნობიერება ინახავს ამას და შემდგომში ზუსტად ეს რეალისტური საფრთხეები აისახება მის სიზმრებში.

   შიში საჭირო ემოციაა, მაგრამ გარკვეული დოზით. ის არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რომ შემდგომში ძილზე არ აისახოს კოშმარის სახით.

რაც შეეხება კოშმარს მონსტრებზე და სხვა გამოგონილ საშიშ პერსონაჟებზე, ამის საფუძველი ის ფილმები და მულტფილმებია, რომლებშიც დიდი დოზით არის სხვადასხვა სახის ძალადობა ნაჩვენები. მე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ, ხშირი შეხება მაქვს ბავშვებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში კოშმარი ძალიან ხშირად აწუხებთ ბავშვებს. საქმე ის არის, რომ ის ინფორმაცია, რასაც ისინი იღებენ ინტერნეტსივრციდან, დაუცველია. მათ იქ ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფერს უყურებენ, ბავშვებისთვის კი ვიზუალურ გამოსახულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, როცა ასეთი გამოსახულებები  მიმზიდველ ფერებშია შესრულებული. ეს ყველაფერი ახდენს მათი მთლიანი ფსიქიკის ოკუპაციას და  შეიძლება სერიოზული სტრესიც მიიღონ, გამოჰყვეთ შიში და ეს ყველაფერი აისახოს მათ სიზმრებში.

თუმცა ყველაფერს ვიზუალურ გამოსახულებებს ვერ დავაბრალებთ. ბავშვებში კოშმარის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდეს, რომ რეალურ ცხოვრებაში ზოგიერთი მათგანი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს. მაგალითად, იყოს თანატოლისგან ბულინსგის მსხვერპლი, ან უფროსი ადამიანისგან და ეს ყველაფერი მის კოშმარულ სიზმარში აისახებოდეს.  რთულია ყველა შემთხვევის გაერთიანება, თუმცა თუ რეალური ცხოვრებიდან მიღებული გამოცდილება ბავშვს კოშმარში აესახება, ეს ყურადსაღებია და სასურველია სპეციალისტის ჩარევა, რადგან შესაძლოა ეს სიზმრები რაღაც დროის შემდეგ შეწყდეს, მაგრამ ქვეცნობიერში დაილექოს და როდესაც ბავშვი გაიზრდება, რას მოგვცემს ეს დანალექი, რთული სათქმელია. როგორც ცნობილია, უმეტესად მოძალადეები თავად არიან ოდესღაც ძალადობის სმხვერპლები.

როგორ დავეხმაროთ შიშით გაღვიძებულ ბავშვს?

როცა ბავშვი იღვიძებს და ამბობს, რომ რაღაც ცუდი ნახა სიზმარში და შეეშინდა, არავითარ შემთხვევაში არ უდნა უარვყოთ მისი ემოცია და არ უნდა ვუთხრათ, რომ არაფერია საშიში. პირიქით, ყურადღებით მოვუსმინოთ მას და ვასწავლოთ საკუთარი ემოციების სახელდება. ანუ, სახელი უნდა დაარქვას, თუ რა იგრძნო სიზმრის დროს, ისაუბროს ამ შიშზე. როდესაც ბავშვი სახელს არქმევს ემოციას, ტვინში მიდის სიგნალი, რომ ეს არის ესა და ეს ემოცია, მას სჭირდება კორექცია და ტვინი თვითონ ახდენს შემდეგ რეაგირებას. უნდა თანავუგრძნოთ მას, ვუთხრათ რომ – “მესმის შენი, გასაგებია, შეიძლება მეც შემშინებოდა მისი”, მაგრამ მერე უნდა შევთავაზოთ გამოსავალი – “იცი რა, მოდი ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს რეალურად შეიძლება არ შეგვხდეს ცხოვრებაში, როგორ მოვერიოთ ამ შიშს” და ა.შ..

თუ ბავშვს რეალური ამბებიდან ჩაყოლილი კოშმარები აწუხებს, ყველაზე კარგია შევთავაზოთ, დახატოს თავისი კოშმარი და ისაუბროს ამაზე. დახარჯოს ის ენერგია, გავიგოთ რა აწუხებს, რატომ ხდება ეს.

არ არის სავალდებულო გრაფიკული გამოსახულება ჰგავდეს სიზმარს, მთავარია, მან თავისი ემოცია გადმოიტანოს ფურცელზე, ეს ერთგვარი არტთერაპიაა ბავშვისთვის – ხატავს, საუბრობს და თავისუფლდება. ნახატზე საუბრისას ჩვენ აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ მის აზრებს “მე მესმის, რომ გეშინია, ერთად მოვიფიქროთ, რომ მოვერიოთ ამ შიშს”. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ: “ეს როგორ შეიძლება იყოს საშიში” და ა.შ..

მას შემდეგ, რაც თავის ემოციებზე ისაუბრებს ბავშვი, ყველაზე კარგი იქნება, ამ ნახატისგან გათავისუფლება. საამისოდ უამრავი მეთოდია ფსიქოთერაპიაში, მაგალითად, ეს ნახატი დავკეცოთ და გავაჩუქოთ – თუ სხვას სჭირდება, ჩვენ აღარ გვექნება. ან ავიღოთ პატარა სკივრი, სადაც ჩავკეტავთ ამ ემოციას და იქედან აღარ ამოვა, იქნება თავისთვის და ჩვენი არ იქნება, შედეგად ბავშვი გათავისუფლდება.

ასევე, მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, რომ ძილის წინა პერიოდი არ უნდა იყოს უარყოფით ენერგეტიკით დატვირთული. ამოვიღოთ აკრძალვები – “ხვალ არ გამაბრაზო”, “არ მოიქცე ცუდად”. პირიქით, ყოველთვის უნდა შევეცადოთ დადებითი ემოცია მივაწოდოთ ბავშვს – “ხვალ ყველაფერი კარგად იქნება”, “ყველაფერი გამოგივა, მოდი მშვიდად დავიძინოთ”, ეს განწყობა ბავშვს ეხმარება ჰქონდეს უფრო მშვიდი ძილი.

რამდენად საჭიროა ყურადღების მიქცევა განმეორებად სიზმრებზე?

ხშირად განმეორებადი სიზმარი ნიშნავს, რომ ღრმად იყო წასული ის ემოცია, რასაც ვერ დაარქვა ბავშვმა სახელი. შეეშინდა, ვერ ისაუბრა და ამიტომ ტრიალებდა ეს მის სიზმრებში. შიში ძლიერი ემოციაა, მისი დაძლევა არ არის მარტივი, მაგრამ შეუძლებელიც არ არის და ამაში ბავშვებს ყოველთვის უფროსების დახმარებას სჭირდებათ.

კოშმარის რა ინტენსივობის შემთხვევები საჭიროებს მშობლის ყურადღებას?

თუკი ბავშვმა ერთხელ გაიღვიძა ცუდი სიზმრის გამო, ჩვენ მას თანავუგრძნეთ, გულში ჩავიკარით და გაიარა ყველაფერმა, არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე. მაგრამ თუ ცუდი სიზმრები 1-3 კვირის განმავლობაში გრძელდება, სასურველია მივმართოთ სპეციალისტს, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგს, რომ გავიგოთ მიზეზი, საიდან მოდის ეს სიზმრები.

რა ასაკამდე უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს ცუდი სიზმრის შემდეგ?

ეს უფრო შესაძლებელია 9 წლის შემდგომ, იქამდე ბავშვებს ცოტათი უჭირთ რეალური სამყაროსა და ფანტაზიის გაყოფა. 9 წლის შემდეგ უფრო შესაძლებელია ბავშვმა შეძლოს საკუთარი ემოციის მართვა. თუმცა მერეც სჭირდებათ მშობლის დახმარება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ასაკობრივი თავისებურებებისა, რაც აერთიანებს ამა თუ იმ ასაკის ბავშვებს, ყველა ბავშვის ფსიქიკა განსხვავებულია ერთმანეთისგან.

კიდევ რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ბავშვის მშვიდი ძილისთვის?

ბავშვის ძილი მშვიდი და სრულყოფილია იმ შემთვევაში, როცა ის  ახერხებს საკუთარი ენერგიის რეალიზებას. ამისთვის სასურველია მშობლები შეეცადონ ბავშვი იყოს ფიზიკურად რაც შეიძლება მეტად აქტიური. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში აქცენტი კეთდება უფრო მეტად ბავშვის გონებრივ აქტივობაზე, სწავლაზე… პოპულარული გახდა ორცვლიანი სკოლები, ბავშვები სკოლაში სხედან ზოგჯერ ცხრიდან ექვს საათამდე, დაკავებული მშობლისთვის ეს კარგი გამოსავალია, მარგამ ბავშვისთვის ნაკლებად. ექვს საათზე სკოლიდან მისული ბავშვი კიდევ კომპიუტერთან ჯდება და მოდუნებული იძინებს, მისი ფიზიკური აქტივობა ძალიან დაბალია, ირღვევა ბავშვის განვითარების ბალანსი. ეს ყველაფერი მის ძილზეც აისახება და ის, რომ ბავშვი ვერ ახერხებს განტვირთვას, კოშმარების მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბავშვმა ბევრი უნდა ისეირნოს, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით – ცურვა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა… ასეთი აქტივობები ეხმარება ბავშვებს ემოციების მართვაში და მშვიდი ძილის უზრუნველყოფაში.

აქცია მშენებლობის დასრულების მოთხოვნით

ამ წუთებში ბათუმის იუსტიციის სახლთან  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დაუსრულებლობას აპროტესტებენ და  პრობლემის მოგვარებაში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, დაზარალებულებმა  ინვესტორს  ახალ მრავალბინიან კორპუსში ბინების მიღების დაპირების სანაცვლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართობები დაუთმეს, თუმცა წლები გავიდა და მშენებელი სახლის დასასრულებლად არაფერს აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციას დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით მიმართეს.

ჭავჭავაძისა და ჰ. აბაშიძის ქუჩების კვეთაში ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ჰოლდერი“ აწარმოებს. დაზარალებულების ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მშენებლობის  დაწყებიდან დღემდე კომპანიას მხოლოდ ათსართულიანი კარკასი აქვს აშენებული. ერთ-ერთი დაზარალებულის, ინგა ბაჯელიძის ინფორმაციით, გამოჩნდა ახალი ინვესტორი, რომელიც ქონებას აუქციონზე შეისყიდის და გვერდით კიდევ ორ ფართობზე მშენებლობას გეგმავს, თუმცა ჯერ უკვე დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს. ინგა ბაჯელიძე არ ასახელებს ვინ არის ეს ინვესტორი.

დაზარალებულების ინფორმაციით, გასულ წელს რამდენიმე მესაკუთრემ კომპანიას სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო სასამართლოშიც უჩივლა, სასამართლომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა საქმე დღემდე აღსრულებაშია გადაცემული.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50 პროცენტი იაშა გოჩიტიძეს ეკუთვნის, 50 პროცენტი კი კომპანიის დირექტორის, დავით შეყლაშვილის საკუთრებაა.  „ბათუმელები“ იაშა გოჩიტიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

დღეს, 30 იანვარს, აჭარაში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, წითელას შემთხვევების ზრდაზე და მის პრევენციაზე ისაუბრა.

„დღეისათის უკვე 86 შემთხვევა გვაქვს, ამ წუთას კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი, ყველა დანარჩენი შემთხვევა არის ამბულატორიული.

ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია. შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ აუცრელ ან არასრულად აცრილ კონტინგენტს.

ძირითადი შემთხვევების ნაწილი ანუ 60 პროცენტი არის ხუთ წლამდე ასაკში. სასურველია, ყველამ მოქალაქემ მიმართოს უახლოეს ამბულატორიულ ქსელს, სადაც გადაამოწმებენ თავიანთი და ოჯახის წევრების, ამ შემთხვევაში ბავშვების აცრის სტატუსს და ჩაუტარებენ საჭირო დოზას. ხუთ წლამდე ბავშვს ერთი დოზა უნდა ჰქონდეს მიღებული, 5 წელზე ზემოთ – ორი დოზა.

სასურველია აიცრას ის კონტინგენტიც, რომელიც იყო კავშირში დაავადებულ პაციენტთან. ნებისმიერ, 40 წლამდე მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პოლიკლინიკებს და ჩაიტაროს დამატებითი აცრა წითელას საწინააღმდეგოდ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფრომაციით, 2018 წლის იანვრის თვეში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • 40 % 0-5 წლამდე; 
  • 7% – 5-14 წლამდე 
  • 32%-15-29 წლამდე
  • 19%-30-59 წლამდე

 

შემთხვევათა პროცენტული განაწილება მუნიციპალურ ჭრილში შემდეგია:

  • ბათუმი 59%, 
  • ქობულეთი 16%
  • ხელვაჩაური 16%
  • ქედა 5%
  • შუახევი 1%
  • ხულო 2%

სამინისტროს ინფორმაციით, როგორც წესი, ყოველწლიურად რეგიონში აღირიცხება წითელას დაავადების 3-5 შემთხვევა,ბოლო ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა.

როგორც ცნობილია, ეროვნული კალენდრის მიხედვით, აცრის სრული სტატუსი გულისხმობს ორჯერად ვაქცინაციას – 1 წლის და 5 წლის ასაკში. ცენტრი მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებს მიმართავს ვაქცინაციის ჩატარებისკენ, აღნიშნული ჯგუგებია: ა) არასრულად აცრილი და აუცრელი 14 წლამდე ასაკის ბავშვები ბ) სამედიცინო პერსონალი გ) წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები დ) ნებისმიერი, 40 წლამდე ასაკის პირი.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

 

საბავშვო ბაღი მეწყერზე – რატომ გაჩერდა მშენებლობა ახალშენში

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მეოთხე თვეა გაჩერებულია. ერთი ვერსიით მშენებლობას გააქტიურებულმა მეწყერმა შეუშალა ხელი. კომპანიაში, რომელსაც საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ბაღი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდა. ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ მეწყერი არაფერ შუაშია და კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირობები დაარღვია.

„არჩევნების შემდეგ ბაღის მშენებლობა შეწყდა. მხოლოდ საძირკველი ჩაყარეს, ხალხს წარმოდგენა შეუქმნეს, რომ თითქოს ახალი ბაღი შენდებოდა და შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. პროექტის მიხედვით, 2017 წლის ბოლოს სამუშაოების 60 პროცენტი უნდა ყოფილიყო შესრულებული. ჩვენი ინფორმაციით, ამ ადგილის გეოლოგიური შესწავლა არ მომხდარა, თუმცა ხელვაჩაურის მერიამ კონკრეტული საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე. იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია. მიხეილ ბოლქვაძემ გვაჩვენა ხელვაჩაურის მერიისთვის 10 იანვარს გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნაც ამ საკითხზე, რაზეც მისი თქმით, პასუხი არ მიუღია.

„სამუშაოები შეჩერდა, რადგან კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტით გათვალისწინებული პირობები. მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რაც დაადგენს მიზეზს – ვინ იყო დამნაშავე,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, მშენებელი კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა კიდეც ვადების დარღვევის გამო. რამდენით დაჯარიმდა კომპანია და როდის? – ჯუმბერ ვარდმანიძეს ეს კონკრეტულად არ ახსოვს.

ხელვაჩაურის მერის თქმით, ადგილზე, სადაც საბავშვო ბაღი შენდება, ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს და ამის შესახებ მან საჯარო ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს ოპოზიციას. ვინ დაადგინა, რომ ბაღის მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული პირობა ირღვეოდა? – ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, დასკვნა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურმა დადო „ეს უკავშირდება ინჟინერულ-კონსტრუქციულ სამუშაოებს. ამ დროისთვის ხელშეკრულება შეწყვეტილია…“ – ამბობს ის.

სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლადას“ უნდა აეშენებინა. კომპანიის დირექტორი, ბეგლარ დიდმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ სამუშაო მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო შეაჩერა და ტერიტორია, სადაც ბაღი შენდებოდა, მშენებლობის დაწყებამდე გეოლოგიურად შესწავლილი არ იყო.

„ჩვენ არავითარი დარღვევა არ გვქონია, არც დავჯარიმებულვართ… აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც ხელვაჩაურის მერიას ბაღის აშენება უნდოდა, შესწავლილი არ იყო… ჩვენ საძირკველი ჩავყარეთ და გავჩერდით, რადგან მეწყერი ჩამოწვა იქ. დაახლოებით 160 ათასი ლარი დავხარჯე უკვე. თუ მერია ამ თანხას არ ჩაგვირიცხავს, აუცილებლად ვიდავებთ ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ,“ – გვითხრა ბეგლარ დიდმანიძემ, შპს „ლადას“ დირექტორმა.

ხელვაჩაურის მერი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

მთავარი ფოტო: ახალშენში მშენებარე საბავშვო ბაღის საძირკველი მეწყერმა დააზიანა

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე თემს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 15 სმ-ს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-ს აჭარბებს, თოვს ქედასა და შუახევშიც.

მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილები ყველა მიმართულებით გადაადგილდება. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუქი დიოკნისის, რიყეთისა და საციხურის თემებში არც ერთ სოფელს არ მიეწოდება, ხოლო დეკანაშვილების თემში – მხოლოდ რამდენიმე სოფელს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები.

„ელექტროენერგიის კუთხით გვაქვს შეფერხებები.  როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა მაცნობეს, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ჩამოტეხილმა ხის ტოტებმა. რაც შეეხება გადაადგილებას, ამ კუთხით შეფერხებები არ გვაქვს, გზები ყველა მიმართულებით იწმინდება. 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

შუქი არ მიეწოდება შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის თემში შემავალ სოფლებს, შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, უშუქობის გამო არ მუშაობს ამ თემში არსებული ჭალა-წყაროთის საბავშვო ბაღი. რაც შეეხეხება საავტომობილო გადაადგილებას, მერის თქმით: „გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30-40 სმ-ს აღწევს. ჭვანის ხეობაში დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი, უშუქობის გამო კი ჭალა-წყაროთის ბაღი არ მუშაობს, რადგანაც ამ ბაღში გათბობა ელექტროენერგიაზეა.“

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, მერიაში აცხადებენ, რომ შუქი ქედის ყველა სოფელს მიეწოდება და პრობლემები არც საავტომობილო გზებზეა.

დაბა ხულო

 

წამლის ინსტრუქცია ქართულ ენაზე – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო აფთიაქებს მიმართავს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქებს მედიკამენტების ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემა ევალებათ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აფთიაქმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს განცხადება, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ წამლის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია და მიიღონ მოთხოვნისთანავე.

როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, ეს არის მოთხოვნა და არა რეკომენდაცია და კანონმდებლობით აქამდეც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო აფთიაქში მოეთხოვა შეძენილი სამკურნალო საშუალების ქართულენოვანი გამოყენების ინსტრუქცია, თუმცა რადგან ზოგიერთ აფთიაქს არ ჰქონდა გამოკრული აფთიაქში ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა საკითხს განცხადებით გამოხმაურებოდა.

„მკურნალობის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისა და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო აფთიაქებს მოუწოდებს აღნიშნული ვალდებულების აქტიური აღსრულებისკენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩოგბურთის დაკეტილი კორტები ქედაში  

ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტები 2011 წელს მოაწყეს. ამისთვის 84 667 ლარი დაიხარჯა. წვრთნები კორტზე ცოტა ხანს ტარდებოდა, 2012 წლის თებერვლის შემდეგ კი ეს სპორტული სივრცე, ფაქტობრივად, დაკეტილია. მიზეზი – კორტის საფარი  ობიექტის ჩაბარებიდან სულ რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა.

ჩოგბურთის კორტები ქედაში ენმ-ის წევრის, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის დროს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გულები ო.დ“-მა ააშენა. 2011 წელს აშენებულ კორტებთან დაკავშირებით 2016 წელს, მოულოდნელად, გამოძიება დაიწყო: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალი ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, ასევე გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს დასდეს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს. ძიების ეს ვერსია არ გაიზიარა სასამართლომ – ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2017 წლის ნოემბერში გამოიტანა.

კორტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობის დასრულების შემდეგ რას უპირებს ამ სპორტულ კომპლექსს ქედის მერია? ექნება თუ არა რაიმე ფუნქცია მოედანს, რომლის მოწყობაზეც 84 667 ლარი დაიხარჯა? – ქედის მოქმედი მერი ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება სასპორტო სკოლის დირექტორმა გივი ბარამიძემ უნდა მიიღოს.

„სპორტსკოლას მე ვერ გადავუწყვეტ, პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს. ეს სასპორტო სკოლის დირექტორმა უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორგანიზაციებმა საკუთარი საჭიროებები დამოუკიდებლად განსაზღვრონ,“ – ამბობს ქედის მერი და დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში მერია კორტების რეაბილიტაციისთვის თანხის მოძიებაზე იფიქრებს.

ქედის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებისა თუ შპს-ების ბიუჯეტს მერია განსაზღვრავს – თანხა, ძირითადად, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და ინვენტარის შეძენაზე იხარჯება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ორგანიზაციებს სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ბიუჯეტში გაწერილი არ აქვთ.

სასპორტო სკოლის დირექტორი, გივი ბარამიძე ფიქრობს, რომ კორტების საფარის გარემონტება იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ღია მოედანი აჭარის მთის კლიმატისთვის შეუსაბამოა.

„არაერთხელ გარემონტდა კორტის საფარი, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა, ისევ გამოვიდა მწყობრიდან. კლიმატური პირობებია გასათვალისწინებელი, აქ 6-7 თვე ზამთარი იცის, ცივი და ცუდი ამინდი, გაარემონტო საფარი, მაგრამ მხოლოდ ზაფხულში გამოიყენო მოედანი, ვფიქრობ, პრობლემას ვერ მოაგვარებს, მოედანი გადახურული უნდა იყოს,“ – ამბობს გივი ბარამიძე.

ქედის სასპორტო სკოლის წლიური ბიუჯეტი 121 500 ლარია. ეს თანხა თანამშრომელთა ხელფასების გარდა სპორტული ფორმებისა და ინვენტარის შეძენას ხმარდება. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, მას, მერიის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს.

 

შეხვედრა სტუდენტებთან სტუდენტების შეკითხვების გარეშე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ისე დასრულდა, რომ სტუდენტებს შეკითხვა არ დაუსვამთ. აჭარის კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვის დასმის საშუალება პრაქტიკულად არ მიეცათ.

სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრა დღის სამ საათზე დაიწყო. კითხვების მოსმენისთვის კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებიდან ზუსტად ორსაათ-ნახევრის შემდეგ მოიცალეს. ამ პერიოდში სტუდენტებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი თითქმის მთლიანად დატოვებული ჰქონდათ.

შეხვედრის დაწყების დროს
შეხვედრის დასასრულს, როცა კითხვების დასმის შესაძლებლობა გაჩნდა

შეკითხვები არა, მაგრამ მოსაზრებები უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ძირითადად, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა გამოხატეს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ საყვედური წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე უსამართლოა, ზოგიერთმა კი, რჩევის თქმა ამჯობინა.

“მაგალითად, ტყე. ვისი იქნება ეს უფლებამოსილება? რატომ ამოიღეთ ეს საკითხი?” – იკითხა ალეკო ჩიტიშვილმა, რომელიც ამჟამად გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

“არ არის ამოღებული, წერია, რომ ტყის მართვა და განკარგვა არის ჩვენი უფლებამოსილება. ტყის მართვა რას ნიშნავს?” – მიმართა ყოფილ დეპუტატს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

საკონსტიტუციო განხილვების დროს ტყე და ნადირობის შესახებ უფლებამოსილება ყველაზე აქტუალური საკითხი აღმოჩნდა. ნადირობა შეხვედრაზე თავდაპირველად დავით გაბაიძემ ახსენა და თქვა, რომ ნადირობის უფლება აქამდე გვქონდა, მაგრამ არ გვქონდა ტყით სარგებლობის უფლება.

“ახლა პირიქით იქნება: ტყე გვექნება და ნადირობის უფლება – არა,” – ჩაურთო რეპლიკა პეტრე ზამბახიძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“.

“თქვენი აზრით, რატომ არის ნადირობის საკითხი ისევ აქტუალური?”- ჰკითხა “ბათუმელებმა” ირაკლი ჯაშს, რომელმაც დეპუტატებისთვის კითხვის დასმა ვეღარ მოასწრო. იგი უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია და ნადირობის თემაზე გაკეთებული განცხადებებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას.

“პრობლემაა იმიტომ, რომ კანონი ამ კუთხით არ მიგვიღია. ჩვენ ვერ მოვასწარით,” – გვიპასუხა ირაკლი ჯაშმა.

შეხვედრაზე ბსუ-ს ლექტორებმა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დასვეს, მათ შორის, მწვავე არც ერთი არ ყოფილა და, ძირითადად, მადლობა გადაუხადეს დეპუტატებს.

რატომ არ მისცა უმაღლესმა საბჭომ სტუდენტებს შეკითხვების დასმის და მოსაზრებების გამოხატვის საშუალება? – „ბათუმელების“ ამ კითხვას დავით გაბაიძემ შეხვედრის ბოლოს ასე უპასუხა:

„დამისახელეთ თქვენ რესპონდენტი, რომელსაც უნდოდა და კითხვა ვერ დასვა… თუკი სამი საათი გრძელდება განხილვა, ბუნებრივია, კითხვის დამსმელმაც უნდა მოიცადოს სამი საათი, თუ ათ წუთში დასრულდებოდა, ათ წუთში დასვამდა კითხვას… ეს მათ ჰკითხეთ, სტუდენტებს, რატომ არ დარჩნენ შეხვედრის ბოლომდე.“

 

 

ვაკანსიები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და საბაჟოზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. ვაკანტურია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. ორივე შემთხვევაში  თანამდებობრივი სარგო 2000 ლარია.  მოთხოვნების ჩამონათვალშია დიპლომი ბაკალავრის ხარისხით და მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. ამავე დეპარტამენტში ვაკანტურია ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაც, ხელფასი ამ შემთხვევაშიც 2000 ლარია.

ბათუმში ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს კონკურსი გამოცხადებული შემოსავლების სამსახურს, მათ შორისაა :

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის – “ბათუმის” მომსახურების სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი – ანაზღაურება 1500  ლარი.

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის – “ბათუმის” ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი მებაჟე ოფიცერი – ანაზღაურება 1400 ლარი

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის “ბათუმის” სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი – ანაზღაურება 1500 ლარი

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის – „ბათუმის” მომსახურების სამმართველოს უფროსი მებაჟე-ოფიცერი – ანაზღაურება 1400 ლარი.

ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება

ფოთის პორტში ნაყარი ტვირთების ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენებისთვის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 12 იანვარს მოეწერა.

თავად ახალი სუბიექტი – „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ოდნავ მოგვიანებით, 2018 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა.

ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. უფრო კონკრეტულად, ფოთის პორტი გაფართოვდება ე.წ. „ჩრდილოეთ ტერიტორიის“ ფარგლებში და მოიცავს ახალ მოლოს, მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

ახალ ტერმინალს წლიურად, მინიმუმ, 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება შეეძლება.

რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის“ დამფუძნებლები არიან საქართველოს მოქალაქე თამაზ ჩხიკვიშვილი (55%), იტალიის მოქალაქე ჯან კარლო სპირიტო (25 %), საფრანგეთის მოქალაქე სტანისლავ კრასლავსკი (15 %) და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლადისლავ ჰალაჩკა (5%).

„კონსორციუმში გაერთიანებულნი არიან უცხოელი ბიზნესმენები და კომპანიები. ჩვენ ვიყავით პირველები 1996 წელს, როცა დავაფუძნეთ პირველი სტივიდორული კომპანია და საქართველოში პირველად შევქმენით პრეცედენტი ტერმინალების კერძო მართვისა. ლოგიკურია, რომ  ჩვენ ვიტვირთეთ ეს მისიაც, პირველად ფოთის პორტში ავაშენოთ პირველი თანამედროვე ღრმაწყლოვანი ტერმინალი,“ – ეს განცხადება “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის” თავმჯდომარე თამაზ ჩხიკვიშვილმა 12 იანვარს, მემორანდუმის გაფორმებისას გააკეთა.

მისივე თქმით, ახალი თანამედროვე ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ტრანზიტული კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას,  დამატებითი ტვირთების მოზიდვას საქართველოს რკინიგზაზე, დაასაქმებს ფოთის მოსახლეობას და მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში.

ჩხიკვიშვილის თქმით, კონსორციუმი ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის აშენებას მხოლოდ კერძო ინვესტიციებით გეგმავს: „პროექტი არ საჭიროებს სახელწიფო სუფსიდიებს და ფინანსურ დახმარებას. ამასთან, ეს პროექტი არ ზღუდავს არავის, რომ განავითაროს ანალოგიური ტერმინალები“.

ფოთის პორტი არ იქნება ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში. 2017 წლის 20 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლოურსენი ვერ ხედავდა ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას.

“დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება. ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისა ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ თავის მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია”, – თქვა მან “TV პირველთან” ინტერვიუში.

კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტს ანაკლიაში შენდება.

ფოტოზე: კლაუს ჰოლმ ლოურსენი, “ეიპიემ ტერმინალ ფოთის”გენერალური დირექტორი და ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის თავმჯდომარე თამაზ ჩხიკვიშვილი

ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს,  „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით მუშაობს:

„კონკრეტულად ამ საქმეს ვერ შევაფასებ, რადგან არ მაქვს გადამოწმებული ინფორმაცია და ზუსტად არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო სახელმწიფოს უმოქმედობაზე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მათ თავად გაავრცელეს.

ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ სოციალური სამსახური ვერ ასრულებს თავის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის სახელმწიფო ორგანოს მოვალეობას ვერც ერთი მიმართულებით. ეს აშკარაა, როცა  ქუჩაში გაყინულ ბავშვებს ვხედავთ, აშკარაა, როცა შშმ ბავშვების მძიმე მდგომარეობას ვხედავთ და აშკარად გამოჩნდა ამ შემთხვევაშიც“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები ბავშვთა უფლებების კუთხით, რადგან განცხადებაში სააგენტო აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე და ავიწყდება სხვა უამრავი სახის ძალადობა, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს.

„ძალადობას აქვს ბევრი ფორმა, არის ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური და ა.შ.  ბავშვისთვის განათლების უფლების შეზღუდვა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც უგულებელყოფა ჰქვია.  ამიტომ ეს განცხადება, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი და ქვეყანაში ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის ამსახველია და კიდევ ერთხელ ავლენს სახელმწიფოს უმოქმედობას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

განცხადებაში ჩანს, რომ სააგენტო კმაყოფილდება მშობლების მიერ მიცემული განათლებით, რასაც სამართლებრივად ვერ ექნება შედეგი, თუ ბავშვებმა არ ჩააბარეს გამოცდები ექსტერნის წესით და არ აიღეს შესაბამისი კლასისა თუ სკოლის დასრულების დიპლომი. ეროვნული კანონმდებლობა შინ სწავლებას სპეციალური წესით აწესრიგებს და პროცესი ვერ იქნება სახელმწიფოს კონტროლის მიღმა, ვინაიდან განათლების მიღება ბავშვებისათვის ჩვენს ქვეყანაში სავალდებულოა. შემაშფოთებელია, როცა სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების მიღების წესზე არ მიუთითებს თავის განცხადებაში და კმაყოფილდება ერთ-ერთი მშობლის პროფესიის მითითებით, თითქოს ერთ ადამიანს ყველა კლასის, ყველა საგნის სწავლება ხელეწიფებოდეს და ბავშვთა განათლების ხარისხს  კანონი არ აწესრიგებდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სერიოზული ხარვეზია ის, რომ სააგენტომ თითქმის ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლო შედეგის მიღწევა და ვერ დაიცვა ბავშვები:

„ამდენი წელი ვმუშაობდითო, ამბობს სააგენტო და „მუშაობაში“ გულისხმობენ მხოლოდ საუბარს. მხოლოდ საუბარი მუშაობა არ არის. უნდა ვიცოდეთ, იყო თუ არა სამართლებრივი დასკვნა იმაზე, რომ ამ ბავშვების უფლებები ირღვეოდა  და რამდენად ადეკვატური იყო უწყების შეფასება.

ლაპარაკი და მოლაპარაკება შეიძლება იყოს მუშაობის ერთი მიმართულება, მაგრამ როდესაც ბავშვების უფლების სავარაუდო დარღვევაზე ვსაუბრობთ, აქ სამართალის სავალდებულო მოქმედება შემოდის.“

არგანაშვილის თქმით, სააგენტოს განცხადებაში ჩანს,  რომ სააგენტო ორიენტირებულია არა იმაზე, თუ რა საჭიროებები  ჰქონდათ ბავშვებს, არამედ იმაზე, თუ რა შეეძლოთ შეეთავაზებინათ არსებული რესურსების ფარგლებში.

„მათ მიერ აღწერილი  პროგრამები, სადაც ოჯახი ჩაერთო, ვერ ანაცვლებს ბავშვის საჭიროებას და უფლებას ჰქონდეს  სოციალური ურთიერთობები, არ იყოს შეზღუდული მისი გადაადგილება, ხელმისაწვდომი იყოს მისთვის მართლმსაჯულება, ჰქონდეს განვითარების სრულფასოვანი პირობები და სხვა. ამიტომ ამ პროგრამების დასახელება არის თავის მართლების რეჟიმი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სააგენტოს უმოქმედობის გადაფარვა ხდება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახერხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ასევე სერიოზულ კანონდარღვევას წარმოადგენს და ამას არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.“

ანა არგანაშვილის შეფასებით, თუ დადასტურდება მითითებული გარემოებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე სახეზეა სკოლის დირექტორის, სოფლის ექიმისა და ყველა ოფიციალური პირის გულგრილობა.

„ყველა ოფიციალურ უწყებას აქვს ოფიციალური რეაგირების ვალდებულება, ესენი კი რეაგირების ნაცვლად წლების განმავლობაში გულგრილად ეკიდებოდნენ ამ ინფორმაციას. სახეზეა უმოქმედობის ბევრი ნიშანი და სააგენტოს ეს განცხადება არის ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტის გამოხატულება.“

 

ამავე თემაზე:

მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კლიმტის, ბოსხისა და ბრეიგელის სამგანზომილებიანი რეალობა – მომავლის ციფრული შოუ

ფოტო: culturespaces.com
გუსტავ კლიმტის ნახატების ციფრული შოუ

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ნახატების ტრადიციული გამოფენები თანამედროვე ადამიანისთვის შესაძლოა თანდათან მოსაწყენი და უინტერესო გახდეს. ვიზუალური ეფექტების ხანაში ხელოვნების „მომხმარებელიც“ სიახლეებს ითხოვს.

მხატვრობისა და ციფრული ტექნოლოგიების შერწყმით ხელოვანთა გაერთიანება „Culturespaces“-ი გამოფენების ტრადიციული ფორმების რევოლუციას ახდენს. უნიკალური მულტიმედია ტექნიკითა და მოწყობილობებით კომპანია აწყობს კლასიკოსი მხატვრების ციფრულ შოუებს, რაც შედევრებს დინამიზმს მატებს, აძლიერებს ემოციას დამთვალიერებელზე და შედეგად შოუ დაუვიწყარ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს.

Culturespaces“ -ის ერთ-ერთი საგამოფენო სივრცე „Atelier des Lumières“-ი პარიზში, ლითონის ძველ ქარხანაშია განთავსებული. ატელიეში ე.წ. „შუქის სახელოსნოა“ (workshop of light) მოწყობილი, სადაც ციფრულ გამოფენაზე საჩვენებელ 3000-ზე მეტ მოძრავ გამოსახულებას აწყობენ 20 ლაზერული ვიდეოპროექტორის საშუალებით. ატელიეს მიერ მოწყობილი ერთ-ერთი პირველი და წარმატებული შოუ-გამოფენაა უზარმაზარ კედლებზე ნაჩვენები კლიმტის „ოქროს ხანის“ მოძრავი შედევრები, მხატვრისთვის დამახასიათებელი ოქროსფერი დეტალების ციმციმი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

ციფრული სტუდია „Atelier des Lumières“-ი ასევე აწყობს თანამედროვე ხელოვანთა გამოფენებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ტრადიციული გამოფენების ნაცვლად აქ მოაწყონ „შუქის სახელოსნოს“ მიერ შექმნილი ციფრული შოუ და შექმნან დამთვალიერებლისთვის ვიზუალურად ბევრად უფრო შთამბეჭდავი სამყარო.

Culturespaces“-ის ერთ-ერთი პროექტია ასევე XVI საუკუნის მხატვრების: იერონიმუს ბოსხის, პიტერ ბრეიგელისა და ჯუზეპე არჩიმბოლდოს ციფრული გამოფენა. შუქებით აწყობილ შოუში ერთმანეთს ენაცვლება ბოსხის საზარელი, ფანტასტიკური არსებების უზარმაზარი ფიგურები, რასაც ანეიტრალებს ბრეიგელის სოფლის პეიზაჟები და არჩიმბოლდოს ხილით შექმნილი პორტრეტების წყება.

შოუ დაახლოებით 30 წუთს გრძელდება  და 2000-ზე მეტი ციფრული გამოსახულებაა ნაჩვენები 7000 მ2 ფართობზე.

წყარო: carrieres-lumieres.com

ფოტო: carriereslumieres.com
ბოსხის, ბრეიგელისა და არჩიმბოლდოს ციფრული შოუ
ფოტო: carriereslumieres.com
ბოსხის, ბრეიგელისა და არჩიმბოლდოს ციფრული შოუ
ფოტო: carriereslumieres.com
ბოსხის, ბრეიგელისა და არჩიმბოლდოს ციფრული შოუ
ფოტო: carriereslumieres.com
ბოსხის, ბრეიგელისა და არჩიმბოლდოს ციფრული შოუ
ფოტო: carriereslumieres.com
ბოსხის, ბრეიგელისა და არჩიმბოლდოს ციფრული შოუ

წყაროcarrieres-lumieres.com culturespaces.com  mymodernmet.com

 

საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება

„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით  შემუშავდა საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ნაწილებადაა დაყოფილი და საცხოვრისის პრობლემურ საკითხებს მიმოიხილავს.

საცხოვრისის რეკომენდაციების განხილვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან
საცხოვრისის რეკომენდაციების განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საქართველოში 2005 წელს გაუქმდა ურბანული განვითარებისა და საცხოვრისის პრობლემებზე მომუშავე, გაეროს სისტემის ორგანიზაცია „ჰაბიტატ-ჯორჯია“. მას შემდეგ საქართველო გაეთიშა და ჩამორჩა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების თანამედროვე, ჰუმანურ ურბანისტულ ტენდენციებს, საცხოვრისთან დაკავშირებულ მსოფლიო პროცესებს.

ახალი პროექტის მიზანია საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოებირივი ორგანიზაციების ჩართვა და მათი როლის მაქსიმალურად გააქტიურება.

[red_box]იხილეთ რეკომენდაციის დოკუმენტი სრულად[/red_box]

წლებია უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ საქართველოს საბინაო და სოციალური საცხოვრისის სისტემური, მწვავე პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე, მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ პრობლემა დღემდე გადაუჭრელი და სახელმწიფოს მხრიდან უგულვებელყოფილია: მხოლოდ დედაქალაქში, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, 2010-2016 წლებში შესულია სოციალური საცხოვრისის მაძიებელთა 17.500-მდე განცხადება, ქუთაისში, ამავე პერიოდში საცხოვრისის მაძიებელი იყო 1694 პირი, ბათუმში – 2.320.

შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ იძულებით გადაადგილებული 300.000 ადამიანი, მთის დაცლისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად წარმოშობილი ეკომიგრანტთა ტალღები, ფულად-საკრედიტო ურთიერთობების კულტურის არარსებობა და კანონისმიერი გასახლებები, „საფინანსო-სამშენებლო პირამიდებზე“ მინდობილი უბინაობა – ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა, საბინაო თვალსაზრისით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის უსახლკაროები წარმოშვა.

[red_box]პოლიტიკური ნება, სტრუქტურის გამართვა და საკანონმდელო ბაზა[/red_box]

ამა თუ იმ სფეროს სისტემურ და შედეგისმომტან განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს კონცეპტუალური ხასიათის პოლიტიკური დოკუმენტები, რასაც ლოგიკურია უნდა მოჰყვეს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული კონკრეტული გეგმის ამოქმედება.

მიუხედავად კონცეპტუალური დოკუმენტების სიმრავლისა, მაგალითად, „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“, „სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში“, ასევე ბევრ სხვა დოკუმენტში, საცხოვრისის თემას ვერსად იპოვით ან თუ იპოვით, მხოლოდ ზედაპირული სახით: საცხოვრისის თემა ჩართულია პოლიტიკურ დოკუმენტში – „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისათვის“. თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებდა არც ერთ კონკრეტულ ღონისძიებასა და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, რომლებიც სტრატეგიაში გაწერილი ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფდა.

საველე ვიზიტი , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ქუთაისი 2016 წელი
საველე ვიზიტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ქუთაისი 2016 წელი

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება სისტემური და მიზანდასახული სახელმწიფო საბინაო პროგრამების ამოქმედებისა.

ცალკეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით საკონსტიტუციო ცვლილებები საცხოვრისის თემასაც შეეხო და განახლებული კონსტიტუციის მე-5 მუხლში „სოციალური სახელმწიფო“ ჩაიწერა, რომ „სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე“. ეს ნორმა პოსტსოციალისტური ქვეყნების: უკრაინის, უნგრეთისა და პოლონეთის კონსტიტუციებში ჩაწერილი ნორმების ანალოგია.

ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე საცხოვრისის კომპლექსური პრობლემა არ არის ერთიანად გააზრებული. შეუძლებელია ლაპარაკი ამ სფეროს სისტემურ მართვაზეც. ადგილობრივი თვითმმართველობა ფარავს მხოლოდ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.

განსხვავებული მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში: 2016 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ისრაელში, მაგალითად, ცალკეა გამოყოფილი მშენებლობის და ჩასახლების სამინისტრო, საფრანგეთში – ეკოლოგიის, ტრანსპორტისა და საცხოვრისის მშენებლობის სამინისტრო, ბელარუსში კი –  საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრო.

აშშ-ში დეპარტამენტებს (იმავე სამინისტროებს) შორის არის  საცხოვრისისა და ქალაქგანვითარების დეპარტამენტიც (Department of Housing and Urban Development).

[red_box]სამეცნიერომეთოდოლოგიური ბაზა, საინფორმაციო მონიტორინგი, ურბანული მენეჯმენტი[/red_box]

მნიშვნელოვანი საკითხია სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და  საცხოვრისის სრულფასოვანი კლასიფიკაციის შემუშავება. ეს ამ სფეროს რეფორმის ერთ-ერთი მეთოდოლოგიური ასპექტია და მოქალაქეთა სამომხმარებლო კალათის გაანგარიშების საშუალებას იძლევა. რეკომენდებულია უნივერსალური კლასიფიკატორის შემუშავება და სახელმწიფო სტანდარტის ფორმატში გამოცემა.

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების გავრცელებული შესაფასებელი  მეთოდია – ურბანული ინდიკატორების სისტემის შემუშავება. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ჩამორჩება, შედარებით ავსებს ხარვეზს თბილისის მაგალითი: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტის ფარგლებში, ურბანული ინდიკატორების სისტემაში 18-ბლოკიანი სისტემის ერთ-ერთ ბლოკს სწორედ „საცხოვრისის ინდიკატორები“ წარმოადგენს. ინდიკატორების ბლოკს აქვს ბევრი სტრუქტურა და მათ შორის: ხელმისაწვდომი საცხოვრისი, საცხოვრისის ტექნიკური მდგომარეობა, უვარგის საცხოვრისში ბინადრობა, უსახლკაროთა თავშესაფარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, ენერგოდამზოგავი საცხოვრისი და ა.შ.

თბილისის ზღვის დასახლება, საველე ვიზიტი
თბილისის ზღვის დასახლება, საველე ვიზიტი

პროექტის მიხედვით, რეკომენდებულია საცხოვრისის ინდიკატორების სისტემისა და მეთოდოლოგიის შემუშავება მთელი ქვეყნის მასშტაბით; საცხოვრისის ინდიკატორების გამოყენება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თუ სხვა სტატისტიკურ კვლევებში, საცხოვრისის ინდიკატორების მონაცემების ყოველწლიური გამოქვეყნება.

საქართველოში მრავალბინიანი სახლების მართვის კანონით დადგენილი და გავრცელებული ინსტიტუტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფართო მოძრაობის ხასიათი მიიღო ამგვარი ამხანაგობების ჩამოყალიბებამ.

ურბანული მენეჯმენტის ერთ-ერთ ამოცანას, საცხოვრისთან დაკავშირებით, წარმოადგენს მრავალბინიანი სახლების მმართველების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მომზადება.

2015 წლიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება სამწლიანი პროექტი – „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“. პროექტის ფარგლებში სამივე ქალაქში გაიხსნა სამართლებრივ-ტექნიკური დახმარების რესურსცენტრები, სადაც საერთო ქონების მართვის საკითხებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს უწევენ კონსულტაციას.

[red_box]საფინანსოეკონომიკური უზრუნველყოფა, დაგეგმვადაპროექტება, სოციალურფსიქოლოგიური ასპექტები[/red_box]

საცხოვრისის რეფორმის წარმატების საწინდარია კარგად განსაზღვრული საფინანსო-ეკონომიკური მოდელები. პროცესში საჭიროა დარგის სპეციალისტების ჩართვა, რომლებსაც პროექტი დავალების სახით შემდეგ რეკომენდაციებზე მიუთითებს: საჭიროა ხელმისაწვდომი საცხოვრისის სხვადასხვა ფორმის საფინანსო-ეკონომიკური მოდელების შემუშავება; სოციალური საცხოვრისის კომპონენტის გადახედვა რეალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მიხედვით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პრაქტიკის გაგრძელება და ქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხის გათვალისწინება, ასევე მრავალბინიან სახლებზე განთავსებული რეკლამიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ შემოსავლის გენერირება.

მოქმედი კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ დასახლებისთვის უმნიშვნელოვანეს საცხოვრებელ ზონას სართულიანობის მიხედვით განიხილავს კ-1, კ-2, კ-3 კოეფიციენტის მიხედვით, ნაკვეთის გაბარიტები და მიმართება სამეზობლო ნაკვთთან და ა.შ. საცხოვრისის სოციალურ-ფუნქციური ხასიათი და მისი პროფილი კი კანონმდებლისა და დამგეგმარებლის ინტერესებს მიღმა რჩება. შედაგად დაპროექტების პროცესში ჩნდება გარკვეული სახის სირთულეები და, როგორც პროექტის რეკომენდატორები მიუთითებენ, ამ მხრივ კანონი გადასახედია.

პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლების საველე ვიზიტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გასაცნობად, ბათუმი, 2017 წელი
პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლების საველე ვიზიტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გასაცნობად, ბათუმი, 2017 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ასევე, ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში, ზონირების ნაწილში აუცილებელი საცხოვრისის ტიპოლოგიური ჯგუფების გათვალისწინება;  სხვადასხვა ტიპოლოგიის საცხოვრისის დაპროექტების ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და ნორმების ერთ დოკუმენტად კოდიფიცირება; სოციალური საცხოვრისისა და თავშესაფრის ტიპური პროექტების თემაზე ღია არქიტექტურული კონკურსების ჩატარება.

რეკომენდაციის დოკუმენტის ძირითადი ობიექტის: ქალაქური საცხოვრისის, ურბანული ინფრასტრუქტურული კომპონენტის წარმატებულ ფუნქციონირებას მისი მესაკუთრე სუბიექტი ან მოიჯარე განსაზღვრავს.

ამ მხრივ საქართველოში ვითარება არასახარბიელოა. საბჭოთა ადამიანის მემკვიდრის ტიპისთვის დამახასიათებელია ინდიფერენტულობა საცხოვრებელი გარემოს მიმართ, სივრცითი ქცევის ეგოცენტრული მოდელები, თვითორგანიზების უუნარობა, უპასუხისმგებლობა და დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილი. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ასპექტები თავს იჩენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებშიც, სადაც ხშირად იკვეთება კერძო და საერთო-სამეზობლო ინტერესები.

რეკომენდაციები და საცხოვრისთან დაკავშირებული მრავალმხრივი პრობლემების აღწერა, რაც პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ამუშავებდენ დარგის სპეციალისტები, მიეწოდება საქართველოს პარლამენტსა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. სამწლიანი პროექტის დასრულების შემდეგაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უზრუნველყოფს საცხოვრისთან დაკავშირებული თემების ლობირებას, როგორც საკანონმდებლო, ასევე სასამართლო სისტემაში.

„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აცნობენ აჭარის კონსტიტუციის ახალ პროექტს.

„უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპს“ გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რაც არ არის ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს რომელიმე კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირებას, რაც უკვე გახდა კონსტიტუციონალისტების გარკვეული ნაწილის კრიტიკის საგანი.

„აუცილებელი არაა, რომ რომელიმე კომპეტენცია მოვპაროთ მუნიციპალიტეტს,“ – თქვა დავით გაბაიძემ. ადგილობრივი გზები, გამოფენები, ბაზრობები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ჩამონათვალში აღარ წერია.

დავით გაბაიძემ სცადა დასაბუთება, რატომ არ უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული განათლება, კულტურა, სპორტი და ტურიზმი. ამ კუთხით აქამდე ცალკე კანონმდებლობა უმაღლეს საბჭოს არ მიუღია. „მხოლოდ ტურიზმის კუთხით არსებობს ერთი კანონი, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტში იციან,“ – დასძინა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ მიწა, წყალი და ხე შეიძლება აჭარას საკუთრებაში ჰქონდეს.

„აქამდე კომიკური სიტუაცია გვქონდა: ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა…“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოლიტიკური ოპოზიციაც გააკრიტიკა: „სრულყოფილი არ არისო, ასე გვითხრეს. სრულყოფილი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს საჯარო განხილვებიც დაკარგავდა აზრს,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

კონსტიტუციური ცვლილებების საჯარო განხილვები კანონის მოთხოვნაა.

მოსაზრებებს ამ ეტაპზე სხვა დეპუტატები გამოხატავენ, რის შემდეგაც ისინი დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

 

 

Exit mobile version