მთავარი,სიახლეები

ქურდული სამყაროს აჩრდილები

25.01.2018 • 12037
ქურდული სამყაროს აჩრდილები

„კანონიერი ქურდობა“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. „კანონიერი ქურდობისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. ადამიანებს ისევ აკავებენ და ასამართლებენ ამ მუხლებით, თუმცა არსებობს შემთხვევაც, როცა, მაგალითად, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ ქვეყნის მასშტაბით ცნობილ „ავტორიტეტს“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს – ის 2017 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს საპატიმრო დაწესებულებიდან.

„სკოლა არის საუკეთესო ადგილი, რომ გავიგოთ, რამდენად აწუხებს საზოგადოებას ისევ „ქურდული მენტალიტეტი,“ – გვითხრა ამ თემაზე მუშაობის დროს კრიმინოლოგმა მორის შალიკაშვილმა.

სკოლებში არ არის რთული იპოვო მოსწავლე, რომელიც გეტყვის, რომ „კაი ბიჭობა“ კარგი რამეა, ქუჩა ალტერნატიული სამართალია, „გუშინ საქმის გარჩევაზე იყო“, ან „ფეხბურთის სათამაშოდ მიდის ახლა“. სკოლის დირექტორები გეტყვიან, რომ „ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა“ თანამედროვე კოდურ ფრაზად იქცა და იგი „საქმის გარჩევაზე“ წასვლას ნიშნავს.

მოსწავლე: შეურაცხყოფა როცა მომაყენეს, ქუჩის ბიჭებს მივმართე

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასში თავდაპირველად სიჩუმე ჩამოვარდა, როცა მასწავლებელმა მოზარდებს უთხრა, რომ ჟურნალისტს ე.წ. ქუჩის ინსტიტუტზე მათი შეხედულების გაგება აინტერესებდა. მასწავლებელმა თქვა ისიც, რომ მოსწავლეების სახელებს ვერავინ გაიგებდა.

„გზას აცდენილია ეს ქუჩაში დგომა, მასწ,“ – წამოიძახა უკანა მერხიდან ერთმა. უცებ მთელი კლასი მისკენ მიტრიალდა და აწრიალდა. ერთი ბიჭი ფეხზე წამოდგა და თქვა:

„ქუჩაში სწავლობ ყველაფერს, ქუჩაში იღებ კაცურ განათლებას, კომპიუტერთან ჯდომით ისწავლი აბა რამეს?… მე, მაგალითად, ქუჩაში იმიტომ ვარ ხშირად, რომ მერე ჩმორი არ ვიყო. ვდგავართ, საქმეებს ვარჩევთ, ეს არის სწორი ცხოვრება“.

მოსწავლე დეტალურად მოყვა, როგორ წავიდა „საქმის გასარჩევად“ წინა დღით სხვა სკოლის მოსწავლესთან – „კაი ბიჭებთან“ ერთად. გვითხრა, რომ უცნობმა საჯაროდ შეურაცხყო „ფეისბუქში“ და შემდეგ შეხვედრაზე უარი უთხრა. „სახლიდან გამოვიყვანეთ და ველაპარაკეთ, სილა გავაწანი და წამოვედი,“ – დასძინა მან. მოსწავლემ აღნიშნა ისიც, რომ მამაზე მეტად ბაბუას სცემს პატივს, რადგან იგი „კანონიერი ქურდია“ და მისგან ისწავლა “კაცობა, ცხოვრებაში რა არის სწორი გზა“. მოზარდისთვის საყვედური არც დედას უთქვამს. ბიჭი ხარ და თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, ასე მითხრაო, ირწმუნება იგი.

„ყველა ასე მოიქცეოდა, ქალაჩუნა ხომ არ უნდა იყო,“ – გაისმა რეპლიკა კლასში. ბიჭს, რომელმაც „კაი ბიჭებთან“ ერთად სცადა საქმის გარჩევა, თანაკლასელმა გოგომაც დაუჭირა მხარი. „პოლიციაში ჩაშვება გამოსავალი არ არის. პოლიციამ შეიძლება შეაჩეროს ჩხუბი, მაგრამ ის კონფლიქტის მოგვარებას ვერ შეძლებს,“ – გვითხრა გოგონამ.

მეშვიდეკლასელებს მასწავლებელმა ჰკითხა, რას იფიქრებდნენ, თუკი ვინმე მას შეურაცხყოფდა სოციალურ ქსელში და ის ამას უპასუხოდ დატოვებდა. კლასში რამდენიმე ადგილიდან ერთდროულად გაისმა: „გაგვიკვირდება, მასწ“.

კლასში მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ ასწია ხელი იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ქუჩაში საქმის განხილვას უფრო ემხრობიან, ვიდრე პოლიციისთვის მიმართვას.
სხვებმა მოსაზრების გამოხატვა არ ისურვეს.

„გოგონებს მინდა ვკითხო: რამდენს მოგწონთ ისეთი ბიჭი, რომელიც გიორგის პოზიციას იზიარებს და ქუჩაში საქმეებს არჩევს?“ – იკითხა მასწავლებელმა. შვიდი გოგოდან ორმა მაშინვე ასწია ხელი, მერე მესამეც შეუერთდა. მეოთხე გოგომ ხელი გვერდულად ასწია. მასწავლებელმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს. მოსწავლემ მოკლედ უპასუხა: „ვყოყმანობ, მასწ“.

მოსწავლე: ქუჩა არის ადგილი, სადაც წყდება სამართალი

ერთ-ერთ სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ქალთა უფლებების საკითხებზე გამართულ დისკუსიაზე მოულოდნელად საუბარი „ქუჩის ინსტიტუტზე“ ჩამოვარდა. ბიჭები ამტკიცებდნენ, რომ ქუჩა ალტერნატიული სამართლის სისტემაა… განსხვავებული პოზიცია გოგოებმა გამოხატეს.

ბიჭი: „ქუჩა არის მეორე უნივერსიტეტი. თქვენ თუ ქუჩა არ გაგივლიათ, ის შეხედულებები, რაც ქუჩაშია, ვერ გაიგებთ ბევრ რამეს… ჩვენ, ბიჭები, ქუჩაში ვიღებთ ძალიან დიდ განათლებას“.

მოსწავლეებს შეხვედრის სტუმარმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია შეახსენა, სადაც ორი ბიჭი მოკლეს. მოსწავლეებმა თქვეს, რომ ტრაგედია არ არის „ქუჩის გარჩევების“ ბრალი და „გარემოებას გააჩნია“.

გოგო: “არასწორი შეხედულებაა, რომ თუ ხარ ბიჭი, ქუჩაში უნდა იყო და ავტორიტეტი გემატება ამით. ეს არის სტერეოტიპი საქართველოში… რომ არა ეს, ჩვენ ცოტა ხნის წინ 15 წლის ბავშვებს არ დავკარგავდით. ამ შავბნელი ცხოვრებიდან ვერ გამოვედით, თუ ადგა ბიჭი და სამართალდამცველებს შეატყობინა, ის ითვლება, აღარ ვიტყვი იმ სიტყვას…“

ბიჭი: „ქუჩის ინსტიტუტი, ჩემი აზრით, არის ადგილი, სადაც წყდება სამართალი, ოღონდ იურიდიულად მინიჭებული უფლების გარეშე. ეს არის პარალელური სამართლიანობა, ოღონდ ეს არის სიტყვიერი და ეს არ უნდა იყოს ჩხუბი“.

გოგო: „თუ მე ქუჩაში არ ვდგავარ, გამოდის, მე არ ვსაუბრობ რამე კარგზე? რატომ უსვამთ ამას ხაზს, რომ კარგი ბიჭები დგანან ქუჩაში?“

იმიტირებული ფოტო.  „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„ღმერთმა დამიფარა, გადავრჩით“ – სკოლის დირექტორი ქუჩურ გარჩევაზე

„ძირითადად მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები არიან ამ კუთხით პრობლემური,“ – გვითხრა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა.

გაიზარდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ მიმართ პოზიტიური განწყობა სკოლებში? – ამის გასარკვევად „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს შეხვდა. იმისთვის, რომ გულწრფელი პასუხები მიგვეღო, მათ ვინაობის დაფარვას შევპირდით. დირექტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მე-10 კლასიდან ეს თემა აქტუალობას კარგავს, რადგან „მაგისთვის აღარ სცალიათ, სწავლობენ“.

ამ მენტალიტეტის მოზარდები, უბრალოდ, სკოლებს მეცხრე კლასის შემდეგ ტოვებენ.

„ჩემი სკოლის მოსწავლეს ქუჩაში დახვდნენ და გარჩევა მოაწყვეს,“ – გვიყვება ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. – „როგორც გავიგე, სხვა სკოლის კურსდამთავრებულები მოვიდნენ, ქუთაისიდანაც ჩამოსულან და ჩემს მოსწავლეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ. ამბავი იყო ის, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე გოგოს კონფლიქტი ჰქონდა ამ ბიჭთან და ტელეფონით მოასმენინა სიტყვიერი კამათი, სავარაუდოდ, შეყვარებულს. მერე გვითხრა, შემთხვევით დამეჭირა ხელი, თორემ არ მინდოდაო…“

ამ გარჩევის დროს დანებით იყვნენ შეიარაღებულები. ჩხუბის დროს დაიმსხვრა მანქანების მინები. „ღმერთმა დამიფარა. გადავრჩით,“ – თქვა დირექტორმა.

სკოლის ეს დირექტორი მოგვიყვა იმასაც, რომ მისი მოსწავლე გასულ წელს „ობშიაკის“ შეგროვებაში იყო ჩართული:

„დავიბარე, მაგრამ უარყო ყველაფერი. საუბარში მითხრა, რომ სპეციალური ტერმინი ყოფილა – „ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ“. ამას როცა ამბობენ, ვხვდები, რომ სადღაც საქმის გარჩევაა სინამდვილეში და აღარ ვუშვებ“.

„მითხრეს, ფეხბურთის სათამაშოდ ვართ მოსულიო,“ – გვიყვება სხვა სკოლის დირექტორი. მისი თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ 30 ბიჭი შეიკრიბა სკოლის წინ, პარკში.
„ვუთხარი, დაიშალეთ, თორემ პოლიციას გამოვიძახებ, არ ხართ თქვენ ფეხბურთის სათამაშოდ მოსული-მეთქი. არ დაიშალნენ, სხვა მხარეს წავიდნენ… გავიგე მერე ვისი ნახვაც უნდოდათ და იმ ბავშვს გავაყოლე მასწავლებელი, რომ თავს არ დასხმოდნენ,“ – დასძინა დირექტორმა.

დირექტორები მიიჩნევენ, რომ გავლენა ყოველთვის ჰქონდა „ქუჩის ინსტიტუტს“, თუმცა ის შესუსტდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა ე.წ. კანონიერ ქურდებს ღია ბრძოლა გამოუცხადეს.

დირექტორი: „ჩემმა შვილმა 2009 წელს დაამთავრა სკოლა. ჩემს კორპუსში კიდევ 15 ბიჭია, რომლებმაც იმ წლებში დაასრულეს სკოლა. ვერ ვიტყვი, რომ მათ არ იცოდნენ, რა იყო, მაგალითად, კაი ბიჭი, მაგრამ ეს მათი სასაუბრო თემა არ ყოფილა.“

როდის უჩნდებათ მოზარდებს ინტერესი „ქურდული სამყაროს“ მიმართ

„ეს პრობლემა წლებია მოგვყვება. თაობებსა და სოციუმს სჭირდება დრო, რომ ეს ნალექი გაიწმინდოს. მნიშვნელოვანია ის, თუ რას სთავაზობს მოზარდს გარდატეხის ასაკში სოციუმი,“ – ამბობს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი. მისი აზრით, მოზარდი იოლად პოულობს გამოსავალს, როცა ის გარკვეულია საკუთარ თავში. „მოზარდი ეძებს მიკროსოციუმს – რასაც პოულობს, იმაში ერთვება. აუცილებელია მოზარდს ჰქონდეს განცდა, რომ მას უსმენენ და მისი ესმით. მნიშვნელოვანია, როცა მშობელი ხარისხიან დროს ატარებს მასთან. უყვება, რამდენი საინტერესო რამ მოხდა იმ დღეს. თუ მშობელი ამას არ მოისმენს, მაშინ ქუჩა მოუსმენს,“ – დასძენს ფსიქოლოგი.

ირმა ფეიქრიშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა მოზარდებს მასთან „ქურდულ სამყაროზე“ უსაუბრიათ: „ერთხელ ურთიერთობა მქონდა მოზარდთან, რომელიც კარგად სწავლობდა და ამავე დროს გამოხატავდა პატივისცემას ქუჩის ინსტიტუტის მიმართ. კარგი სწავლა არ იყო მისი შინაგანი მოთხოვნილება და იგრძნობოდა მშობლების გავლენა. მშობლები შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ ბიჭი ქურდულ სამყაროს სცემდა პატივს… მისთვის ქუჩა იყო პროტესტის ფორმა, იქ გრძნობდა თავს თავისუფლად. მშობლებს ვთხოვე, შეეცვალათ დამოკიდებულება. მოზარდმაც გააცნობიერა, რომ მისი არჩევანი გადასახედი იყო და არსებობდა ალტერნატივა. მთავარი მაინც ეს მგონია – ადამიანმა დაინახოს ალტერნატივა“.

კრიმინოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მორის შალიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართ ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს უპერსპექტივობის განცდა აქვს და ძალაუფლების მოპოვებას ქურდული გავლენებით ცდილობს. მორის შალიკაშვილი იმ ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებიც სკოლას ვერ ასრულებენ ან სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესსა თუ პროფესიულ სასწავლებელში ვერ ხვდებიან:

„მე დიდი ხანი ვცხოვრობდი გერმანიაში. იქ თითქმის სავალდებულოა პროფესიული განათლება, თუ უმაღლესში არ აბარებ. გერმანიის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მას არ სჭირდება მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს შემწეობის იმედად იქნება… ორგანიზებული დანაშაული მასშტაბურია იქ, სადაც არის უმუშევრობა. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში ბევრად მეტია ორგანიზებული დანაშაულის მაჩვენებელი, ვიდრე ჩრდილოეთში. ნეაპოლში ახალგაზრდების დაახლოებით 30 პროცენტი უმუშევარია. ნებისმიერ ადამიანს უნდა, ჰქონდეს კარგი შემოსავალი, მანქანა… როცა სახელმწიფო ამას მოქალაქეს კანონიერი გზით ვერ სთავაზობს, მიდის მასთან ორგანიზებული დამნაშავე და ეუბნება – მე გთავაზობ ამ ყველაფერს, იყავი ჩემს რიგებში…“

რა უნდა გააკეთოს სკოლამ ან მშობელმა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლე „კაი ბიჭებთან“ ერთად აგვარებს პრობლემას? ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, ბავშვს ქმედების გააზრებაში უნდა დავეხმაროთ.

„არ უნდა დავსაჯოთ. დასჯა მოქმედებს ყველაზე ცუდად და ეს უბიძგებს ხშირად მოზარდს, რომ დესტრუქციული ქცევით მიიქციოს ყურადღება. მნიშვნელოვანია, მოზარდმა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, რომ ჩაგვრის ობიექტად არ იქცეს, მაგრამ უნდა ავუხსნათ მას, რომ პირისპირ საუბრის გზით შეუძლია პრობლემის მოგვარება. მან უნდა შეძლოს სახელი დაარქვას საკუთარ გრძნობებს და გაიაზროს ქმედება, რომელიც აგრესიაში გამოიხატა,“ – გვიყვება ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.

„სოციალურმა მუშაკებმა მუდმივად უნდა განახორციელონ მონიტორინგი,“ – მიიჩნევს კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი. მისი თქმით, მსგავსი მოდელი ევროპის ქვეყნებში წარმატებით მუშაობს და სოციალური მუშაკები რისკის მქონე ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. „ეს არ გულისხმობს იმას, რომ სოციალური მუშაკი აგენტია. პირიქით, მშობლები მათთან აქტიურად თანამშრომლობენ შვილის კეთილი მომავლიდან გამომდინარე,“ – დასძენს ის.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ გოგოებს „კაი ბიჭები“ მოსწონთ? – კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი ფიქრობს, რომ რეალურია:

„მოს­წონთ, რადგან დაცულად გრძნობენ თავს. უსაფრთხოების კომპონენტი ადამიანში მეორეა ბუნებრივი მოთხოვნილების შემდეგ. აი, ეს ის ბიჭია, რომელსაც სხვა ბიჭებიც პატივს სცემენ, ესე იგი, კარგი ყოფილა, – ფიქრობს ის. მოკლევადიანი პერსპექტივიდანაა დანახული ეს. ზოგადად, განათლებაშია პრობლემა. გოგომ უნდა გაიაზროს, რომ ბიჭი, რომელიც მას მოსწონს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაიცავს. მარტივია: ვინც კრიმინალურ გზას დაადგება, ის სამომავლოდ ოჯახის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.“

ხელისუფლებას „ქურდულ მენტალიტეტზე“ სალაპარაკოდ არ სცალია

„სუბკულტურა ქურდულ სამყაროზე იმდენად არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად არის ქცეული, ან თუ არ არის ქცეული, მას ანგარიშს ვუწევთ,“ – ამბობს კრიმინოლოგი, მორის შალიკაშვილი. მისი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ქურდული სამყაროს მიმართ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ე.წ. ავტორიტეტების გავლენა შესუსტდა, მაგრამ იგი არ გამქრალა და როგორც კი შესაძლებობა მიეცა, ისევ გამოჩნდა.

„რეალურად რომ სდომოდა სააკაშვილის ხელისუფლებას ქუჩის ინსტიტუტის დამარცხება, მაშინ ის ინვესტიციას ჩადებდა განათლებაში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო პოლიტიკური პიარის ნაწილი. ერთია, როცა ამომრჩეველთან მიდიხარ და ეუბნები, რომ კრიმინალს ამარცხებ და მეორე, როცა აცხადებ, რომ ორგანიზებული დანაშაული და „ქურდული სამყარო“ დაამარცხე. შესაბამისად, ეს იყო მოკლე ეფექტის მქონე, რაც რეპრესიულ პოლიტიკას ახასიათებს,“ – ამბობს მორის შალიკაშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა,“ – გვიყვება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია. – „განათლების ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ეს წამოიწყო, იყო კახა ლომაია… სკოლა არ მუშაობს იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს ღირებულებითი არჩევანი, რა არის სწორი და რა – არასწორი. ახალგაზრდებს უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, რა არის მათთვის უკეთესი: მიიღონ განათლება და უსმინონ საღამოობით განათლებულ, დაღლილ მშობელს, რომელიც ამბობს, ამდენი ვისწავლე და ვინ აფასებს ჩემს შრომასო, თუ ქურდული სამყაროს წესით მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც ფული აქვთ, კარგი ცხოვრება… რომანტიზებული განწყობა ამ ინსტიტუტის მიმართ ისევ არსებობს საზოგადოების ნაწილში. გააზრება არ ხდება, ამიტომაც გვაქვს ეს შედეგი.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ გიორგი ტუღუშის აზრით, თუკი ხელისუფლების პრიორიტეტი არ იქნება „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა, ეს ინსტიტუტი გაძლიერდება:

„ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა თუ არ შენარჩუნდა, როგორც ხელისუფლების პრიორიტეტი, ძალიან ადვილად შეიძლება დავბრუნდეთ წარსულში… ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას სჭირდება მკაცრი მიდგომა კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიებით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში,“ – გვითხრა გიორგი ტუღუშმა.

რას აკეთებს ხელისუფლება, როცა საზოგადოების ნაწილის პოზიტიური დამოკიდებულება „ქურდული სამყაროს“ მიმართ იზრდება? – იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებიდან მოგვწერეს, რომ ამ თემაზე საუბრისთვის არ სცალიათ. სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ პასუხის გამოგზავნას დაგვპირდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თუმცა უშედეგოდ.

რა უთხრა სტრასბურგის სასამართლომ „კანონიერ ქურდს“ საქართველოდან

„აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების საქმის განხილვა 2014 წელს დაასრულა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ე.წ. კანონიერი ქურდი კ. აშლარბა ევროპის სასამართლოში ასაჩივრებდა იმას, რომ 2005 წლიდან დასჯადად მიჩნეული „ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლი ბუნდოვანი იყო და რეალურად რთულია იმის დადგენა, რა უნდა ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრობად.

აშლარბა ბათუმელია. ის 2006 წე­ლს დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრ­ალ­დებით. 2007 წელს მას ბათუმის საქალაქო სასამ­ართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა­ მი­უ­საჯა.

„სამართალმა უნდა შეძლოს, ფეხი აუწყოს ცვალებად გარემოებას,“ – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ აშლარბას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაიზიარა და თქვა, რომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ბუნდოვანი არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: „ყოველთვის იქნება საჭიროება სადავო საკითხების განმარტების და შეცვლილი გარემოებებთან ადაპტაციის. მაშინ, როცა განსაზღვრულობა უაღრესად სასურველია, მას შეიძლება თან მოჰყვეს გადაჭარბებული სიხისტე.“

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ესეც: „2005 წლის 20 დეკემბრის საკანონმდებლო პაკეტის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს შეეძლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყო და ბრალი წაეყენებინა 180-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რომელთაგან 20 მსჯავრდებული იქნა „კანონიერი ქურდობისთვის“. ამას გარდა, რამდენიმე ყველაზე ძლიერმა „კანონიერმა ქურდმა“ შეძლო საქართველოდან გაქცევა და თავშესაფარი იპოვა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.“

„ლავასოღლის“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს

„ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტად ცნობილი „ლავასოღლი“, იგივე მინდია გორაძე, თავისუფალია. მას „კანონიერ ქურდობაში“ ბრალი პროკურატურამ 2016 წლის იანვარში წაუყენა. წინასწარი პატიმრობის ყველა ვადა ისე გავიდა, რომ მას ბრალი ვერ დაუდასტურეს.

„ლავასოღლის“ დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 30 იანვარს გაავრცელა. „2013 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით აღიარებულ იქნა რა კანონიერ ქურდად, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები,“ – იუწყებოდა შსს.

მინდია გორაძეს ანუ „ლავასოღლის“ წინააღმდეგ გამოძიება დღემდე მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე. თუმცა მინდია გორაძემ 2017 წლის 17 ოქტომბერს საპატიმრო დაწესებულება დატოვა: 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფომ ვერ მოახერხა მისთვის „კანონიერი ქურდობა“ დაემტკიცებინა, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებული იყო, „ლავასოღლი“ ციხიდან გაეშვა.

რატომ ვერ დაასრულა სასამართლომ 22 თვეში კანონიერი ავტორიტეტის საქმის განხილვა სასამართლოში და დაუწესა თუ არა მას, მაგალითად, საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც მინდია გორაძის საქმე განიხილება. სასამართლოდან მოგვწერეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„ბათუმელებს“ არც პროკურატურამ უპასუხა კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა თითქმის ორი წელი საკმარისი მინდია გორაძის მიმართ „კანონიერი ქურდობის“ შესახებ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. მინდია გორაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეების დაკითხვას განზრახ აჭიანურებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ლავა­სოღ­ლი“ თურქეთში გაემგზავრა.

ნადირ სალიფოვი, იგივე „ლოტუ გული“ თავისუფალია

2017 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი – ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „ლოტუ გული“. იგი დმანისშია დაბადებული. მას საქართველოს მოქალაქეობა რომ არ დაუკარგავს, დასტურდება დოკუმენტით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა: სალიფოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის 2014 წლის 10 ივნისს მიუმართავს განცხადებით, „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე“.

იმავე წლის 4 დეკემბერს ნადირ სალიფოვს იუსტიციის სამინისტრომ წერილობით აცნობა: „განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარმოდგენილი და მოპოვებული დოკუმენტებით ნადირ სალიფოვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ.“

გასცა თუ არა ქართული პასპორტი ნადირ სალიფოვზე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა? უწყებაში ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ მსგავსი პირადი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.

ადვოკატმა ტირანა ალიევამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ლოტუ გული“ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.
კანონიერი ქურდი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე – 2017 წლის 25 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 45 წლის ნადირ სალიფოვს დაკავების პერიოდში საბჭოთა პასპორტი ჰქონდა. გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ მოახერხა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სალიფოვმა ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტით, თუკი საქართველოში არ დაბრუნებულა, როგორც ამას შსს აცხადებს.

„ლოტუ გულს“ 1995 წელს 23 წლით პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ მიუსაჯა. ის მაშინ 21 წლის იყო.

ნადირ სალიფოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „ავტორიტეტია“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ლოტუ გულის გამოსვლით ქურდულ სამყაროში იმ ცვლილებებს ელიან, რომელიც შაქროს (კალაშოვი) დროს ვერ განხორციელდა. პატიმრობაში ყოფნის დროს გული, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის ინარჩუნებდა გავლენას იმაზე, რაც ციხის მიღმა ხდებოდა. გაცილებით მეტს ახერხებდა, ვიდრე შაქრო ესპანური ციხიდან,“ – წერს რუსული გამოცემა „ფრაიმ ქრაიმი“.

ნადირ სალიფოვს უკავშირდება 2013 წელს საქართველოში „ქურდული სამყაროს“ 13 წევრის დაკავების საქმე. შსს აცხადებდა, რომ „დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი“ ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, რვაკაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდისგან,“ ხოლო მეორე ხუთკაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, რომელიც აზეირბაიჯანის საპყრობილეში იხდიდა სასჯელს“.

არაოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ სალიფოვიც თურქეთში გაემგზავრა.

ქართველი „კანონიერი ქურდები“ – ევროპის სამართალდამცველების თავსატეხი

ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაკავებაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდება როგორც რუსულ, ასევე ევროპულ მედიაში. ბოლო ახალი ამბავი ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაკავებაზე საფრანგეთში გავრცელდა. ნოემბერში 30-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდი“.

ფრანგული გამოცემის Le Parisien-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ საფრანგეთისა და ევროპის მასშტაბით სახლებისა და მაღაზიების დაყაჩაღება და მათ მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონი ევროა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ.

ოქტომბერში 5 ქართველი „კანონიერი ქურდის“ საბერძნეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა საბერძნეთში დაახლოებით 35 ბინა გაქურდეს.

18 კანონიერი ქურდი 2016 წელს დააკავეს ესპანეთშიც. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ამ ჯგუფს ლიდერი თურქეთის ციხიდან მართავდა.

„კანონიერი ქურდები“ დააკავეს უკრაინაშიც, კიევის ოლქში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, მათ შორის, ორი ქართველი იყო.

რაც შეეხება რუსეთს, აქ 2016 წელს დააკავეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი. კალაშოვს საქართველოში, დაუსწრებლად, მკვლელობის მუხლით 18-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნადირ სალიფოვმა საქართველო 90-იან წლებში საბჭოთა პასპორტით დატოვა, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე იგი პასპორტის აღებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, გაურკვეველია რომელ ქვეყანაში შევიდა სალიფოვი საბჭოთა პასპორტით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თუკი საქართველოში არ დაბრუნებულა, როგორც ამას შსს აცხადებს.

8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.წ. „კანონიერ ქურდს“, კაკო ტუღუშს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ. კაკო ტუღუში სასჯელს არ იხდის. სასამართლოში მისთვის წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურამ „სკაიპის“ ჩანაწერები წარადგინა, სადაც ჩანდა, რომ კაკო ტუღუში საქართველოში მცხოვრებ ბიზნესმენებს 300 ათას ლარს სძალავდა. სასამართლო განხილვის დროს კაკო ტუღუში თურქეთში იმყოფებოდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამავე საქმეზე რუსლან ჩიქოვანი გაასამართლა. ოფიციალური ინფორმაციით, ის კაკო ტუღუშის დავალებებს ასრულებდა ბათუმში.

გერმანელი მეცნიერი ქართული „ქუჩის სკოლის“ შესახებ

წიგნი, „ლოკალური კონფლიქტების ემპირიული კვლევები“ 2008 წელს გამოქვეყნდა. მისი ერთ-ერთი ავტორი, კრისტოფ ციურხერთან და ალექსეი გუნიასთან ერთად, ანთროპოლოგი იან კიოლერია, რომელიც საქართველოში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მკვლევარი ქუჩის სკოლას განიხილავს როგორც გარდამავალ სივრცეს მოზარდობიდან ზრდასრულთა სამყაროში და აღნიშნავს, რომ ამ სუბკულტურიდან მოსულ ახალგაზრდებზე, მათი კომუნიკაციური უნარებისა და ნდობის კრედიტის გამო, დიდი მოთხოვნა იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, რესპექტაბელური ოჯახებიდან დაწყებული და მთავრობით დამთავრებული.

წიგნში ვკითხულობთ: „ქუჩის სკოლა გვიან საბჭოთა და ადრეულ პოსტსაბჭოთა პერიოდების საქართველოში წარმოადგენდა გარდამავალ სივრცეს მოზარდობიდან მამაკაცობაში. ბიჭები ტოვებენ ოჯახისა და სკოლის დაცულ და დამცველ ტერიტორიას, რათა გადაინაცვლონ ავტონომიური წესების, ავტორიტეტების, რიტუალებისა და პროცედურების უცნობ, სახიფათო სივრცეში, რომელიც წარმოადგენს ზრდასრულთა სამყაროს განათლებული სოციალური ფენის გარეთ მდებარე პრესტიჟის ბაზარს… ქუჩის სკოლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს ბირჟად წოდებული უბნის შეხვედრების ადგილი… ბირჟაზე იკრიბებიან მოზარდებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენლები: „ძველი ბიჭები“, „შავები“, „კაი ბიჭები“ და „დედიკოს ბიჭები“ – ქუჩის ვეტერანები, ქურდულ სამყაროს ზიარებულნი, „მუდმივი წევრები“ და უპრესტიჟო ქვემდგომები („ჩმორები“).

ბირჟებზე რეალური აღებ-მიცემობა ხორციელდებოდა: ვაჭრობის საგანი იყო ღირსება და სირცხვილი. ქუჩაში პრესტიჟის შეძენა და დაკარგვა ძირითადად ხდებოდა ინდივიდუალური ქცევის მეშვეობით პოტენციურად ძალადობრივ კონფლიქტებში (კანონდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის ჩათვლით), წვრილმან კრიმინალში და ერთმანეთთან სიტყვიერი პაექრობის პროცედურებში. თუმცა ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარა მუდამ არსებობდა, მაინც ძირითადი იარაღი ენა იყო… ამასთან, სწორი ლაპარაკი და ქცევა კონფლიქტის რეგულირებისას უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე ჩადენილი ქმედებები.“

სამეცნიერო ნაშრომის დასკვნით ნაწილში 2008 წელს ევროპელმა მეცნიერებმა ჩაწერეს:

„ქუჩის სკოლამ დაკარგა თავისი, სოციალურად მიღებული ღირებულება და ცოტა ხნის წინ რომანტიზებული ქურდული სამყარო გადაიქცა სოციალური ქსოვილიდან სულ უფრო „ამოვარდნილ“ მაფიად“.

__________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: