Batumelebi | „საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში  „საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში  – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში 

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას მეუღლე, მაია გორგაძე სოფელ ფერიაში საბავშვო ბაღის დირექტორი გახდა. დაბა ხელვაჩაურის ცენტრალური ბაღის დირექტორის სავარძელი ინდირა ვარშანიძემ დაიკავა. იგი ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია.

ამ შემთხვევებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოში – შორენა ცინცაძე ნეპოტიზმად აფასებს. „კიდევ ერთი შემთხვევაა სოფელ აჭარისწყალში. იქ მერის რწმუნებულად მურმან ცისკარაძე დაინიშნა, მისი და – იამზე ცისკარაძე კი საბავშვო ბაღის დირექტორად დანიშნეს. ეს არის ნეპოტიზმი, რადგან არც ერთ შემთხვევაში კონკურსი არ გამოცხადებული. „ქართული ოცნება“ ამ გზით ასაქმებს პარტიულ აქტივს,“ – ამბობს შორენა ცინცაძე.

„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს, გარდაიცვალოს? ევროპაშიც მისაღებია ეს პრაქტიკა. ჩვენ კადრების დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში,“ – ასეთია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ნადიმ ვარშანიძის რეაქცია სავარაუდო ნეპოტიზმზე. მას ვკითხეთ, რატომ არ აცხადებენ საჯარო სამსახურში კონკურსებს და რა გამორიცხავს საკრებულოს წევრის გავლენას, როცა მისი ოჯახის წევრს დირექტორად ნიშნავენ?

„კონკურსები კარგია და მალე ალბათ ააიპ-ებშიც ჩავატარებთ. მე მინდა ნაციონალური მოძრაობის წევრს, თემურ დუმბაძეს [საკრებულოს წევრი ხელვაჩაურში] შევახსენო, ვინ დანიშნა მისი ცოლი სოფელ კახაბერში საბავშვო ბაღის დირექტორად 2010 წელს? მაშინ გამგებელი თემურ დუმბაძე იყო. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგან ასეა, მეც ვიტყვი,“ – დასძინა ნადიმ ვარშანიძემ.

ცოლის თანამდებობაზე დანიშვნაში თავის გავლენას გამორიცხავს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ ლორთქიფანიძე. „ჩემი მეუღლის დანიშვნის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ეს იყო საბაშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილება და მე ამაში არ ვერევი. ჩემს მეუღლეს აქვს შესაბამისი განათლება და მისი განცხადება დაკმაყოფილდა,“ – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი