მთავარი,სიახლეები

100-ლარიანი პენსია, ეტლი და ფეხის პროთეზი – ყოფილი პატიმრის ოცნება და რეალობა

24.01.2018 • 3445
100-ლარიანი პენსია, ეტლი და ფეხის პროთეზი – ყოფილი პატიმრის ოცნება და რეალობა

ორივე ფეხის ამპუტაცია, შემდეგ ათწლიანი პატიმრობა მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, ციხეში ყოველდღიურობად ქცეული ცემა, დაკარგული ბინა, დანგრეული ოჯახი, მხოლოდ ცალი პროთეზი ამპუტირებული ფეხისთვის, ოცნება მეორე პროთეზსა და ეტლზე – ეს ყოფილი პატიმრის, კახაბერ ლომთაძის თავსგადამხდარი ამბებია, რომლებზეც არ სდუმს და გვთხოვს ყველაფერი დავწეროთ, რასაც გვიამბობს. ის შარშან, 2017 წლის ივნისში, გათავისუფლდა ათწლიანი პატიმრობის შემდეგ.

„ქუთაისში ვცხოვრობდი, თეთრ ხიდთან ახლოს, შენობის უკან აჩეხილი გვამი ვიპოვე, ჩემი მეგობარი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, პოლიციას ვაცნობე და ყველაფერი მე დამბრალდა, ექსპერტიზა ჩემი თითის ანაბეჭდსაც კი არ ადასტურებდა გვამზე, არც არანაირ კავშირს მკვლელობის ამბავთან. მოსამართლემ და პროკურორმა არც კი განიხილეს საკითხი, რომ ორფეხმოჭრილ კაცს, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება, შეუძლებელია შვიდი ჭრილობა მიეყენებინა ვინმესთვის. მაშინ, 2007 წელს, როცა დამიჭირეს, შშმ პირის ცემა ჩვეულებრივი მეთოდი იყო ციხეში, ბრალს არ ვაღიარებდი, მირტყამდნენ, რას გვაკვლევინებ თავს, აღიარე დანაშაული და 7 წლამდე ჩამოგიყვანთ სასჯელსო, მთავაზობდნენ „გამოსავალს“. სასამართოლზე ჩემს მხარეს იყო დაღუპული მეგობრის ოჯახი, არწმუნებდნენ სასამართლოს, რომ შეუძლებელი იყო ჩემს პირობებში მყოფს ასეთი დანაშაული ჩაედინა. ბრალი არასდროს მიღიარებია. ასე აღმოვჩნდი ციხეში 10 წლით“, – გვიყვება კახაბერ ლომთაძე.

„მელოტა“ და „მეგრელი“ – ეს იმ პირების ზედმეტსახელებია, რომლებიც 2007 წლიდან მოყოლებული ციხის გახმაურებულ ამბამდე, ყოველდღე სცემდნენ კახაბერს და მის საკანში მყოფ პატიმრებს. როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, სასმელი წყლის, დაბანის, კვებისა და ძილის პრობლემა მოსატანიც არ არის იმ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ტრავმებთან შედარებით, რასაც სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრილი ადამიანი უძლებდა.

კახაბერის ციხეში მოხვედრის შემდეგ, 2009 წელს, დაიჭირეს მისი მეუღლეც. მათი ერთადერთი შვილი, მარიამი, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა.  მარიამი შშმ პირია, აქვს ცერებრალური დამბლა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა გარკვეული სიხშირით ყოველთვის მიჰყავდათ აღმზრდელებს პაემნებზე, საპატიმროში მყოფი მშობლების მოსანახულებლად.

კახაბერი და მისი მეუღლე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიყარნენ და მარიამი ახლა, ძირითადად, დედასთან, ქუთაისში ცხოვრობს, მაგრამ ხშირადაა მამასთან, სოფელში.

სანამ კახაბერი ციხეში იყო, ათასლარიანი სესხის გამო ბანკმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი ბინა ნულოვანი აუქციონით გაყიდა 3000 ლარად. ციხიდან გამოსულ ყოფილ პატიმარს წასასვლელი არსად ჰქონდა და მამაპაპისეულ ადგილას, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში დაბრუნდა. კახაბერი იქ ახლა მარტო ცხოვრობს.

ძველი სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო და ყველაფერი თავიდან ააშენა, სახლიც და საქონლის სადგომიც. სამშენებლო სამუშაოებში სოფლად მცხოვრები ბიძაშვილები და სხვა ნათესავები დაეხმარნენ. მოახერხა, რომ ახალაშენებული სახლი ეტლით მოსარგებლისთვის ადაპტირებული ყოფილიყო, თუმცა კახაბერს ეტლი, რომელიც მისთვის ძვირი სიამოვნებაა, ჯერ არ აქვს. აქვს მხოლოდ გაუმართავი და მოუხერხებელი პროთეზი ცალი ფეხისთვის. მეორე ფეხის პროთეზი და არსებულის ნორმალური, თანამედროვე მოდელით ჩანაცვლება მიუწვდომელი ოცნებაა – მსგავსი პროთეზი საკმაოდ ძვირი ღირს.

საქართველოში ორფეხმოჭრილი შშმ პირის პენსია 100 ლარია, ეს 47 წლის კახაბერის ძირითადი შემოსავლია, რითაც თვიდან თვემდე არსებობს. მეზობლის ნაჩუქარი ძველი ტელევიზორი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა მისთვის, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ციფრული ტექნოლოგიები ყოფილ პატიმარს ეუცხოება და ამბობს, რომ სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად კომპიუტერი არ აქვს და ინტერნეტის გამოყენებაც ჯერ არ იცის. ბევრი პრობლემის მიუხედავად, უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, რომლებიც სოფელს უკავშირდება.

„მგონია, რომ სოფელში მოქმედების მეტი შესაძლებლობაა: შეგიძლია მეურნეობას მისდიო, ფუტკარი გყავდეს, ბაღჩა-ბოსტანი გააშენო და სუფთა ჰაერი ისუნთქო. ჯერ ერთი წელი არ არის, რაც გავთავისუფლდი, ვაპირებ ნელ-ნელა ყველაფერი გავაკეთო, რაც სოფლის პირობებში იქნება შესაძლებელი. სახლი ავაშენე, „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ პროგრამით ბენზოხერხი და ეზოს შესაღობი მესერი გადმომცეს, პირველ ეტაპზე სარეველებისა და ზედმეტი ხეებისგან გავათავისუფლე ეზო, შემოვღობე. მომავალში მიწის დამუშავებას, საქონლის ყოლას და ხეხილის ბაღის გაშენებას ვგეგმავ. ვნახოთ რა იქნება“, – ასე ვასრულებთ საუბარს კახაბერ ლომთაძესთან, რომელიც ოცნებობს, რომ სახელმწიფო ოდესმე დააფინანსებს შშმ პირს ეტლითა და პროთეზით, ოდესმე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი და ინფორმცია, ოდესმე ვინმე ლოგიკურად დათვლის, მთელი თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს როგორ უნდა ეყოს 100-ლარიანი პენსია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: