მთავარი,სიახლეები

„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან

13.04.2018 • 3886
„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან

15 წლის ლუკა ქათამაძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგს ესწრება, ტრენინგი ჟურნალისტიკაზეა. ლუკა ყურადღებით უსმენს ტრენერს. უნდა ბოლოსდაბოლოს იპოვოს კითხვაზე პასუხი, როგორი პროფესიაა ჟურნალისტიკა. ლუკა ძიებაშია, სულ მალე მას პროფესიის არჩევა მოუწევს. ამბობს, რომ ბევრი პროფესია მოსწონს, მათ შორისაა ჟურნალისტიკაც. ამ ცენტრის აქტივობებში შარშან 3 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

„მოინდომოს თუ არ მოინდომოს?“ – ლუკას დასკვნების გაკეთებაში ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი ტრენინგი ეხმარება: „გამიჩნდა შანსი, რომ მქონოდა წარმოდგენა ამ პროფესიაზე, თუ როგორია ჟურნალისტობა, როგორი სამუშაო აქვთ და როგორები არიან ჟურნალისტები.“

ლუკა ქათამაძე

ლუკამ რამდენიმე აღმოჩენა უკვე გააკეთა – რა აღმოაჩინა? – ის, რომ ჟურნალისტები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. „პასუხიდან კითხვას ეძებენ, კითხვიდან კიდევ კითხვას“, – გვიყვება ლუკა. ის ერთი თემიდან მეორეზე სწრაფად გადადის, სწრაფად საუბრობს და ცდილობს ყველაფერი მოგვიყვეს, რაც ცენტრში ხდება.

ლუკამ ახალგაზრდობის ცენტრში ფილმი ნახა. ამ ფილმმა ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქრაო ამბობს. ლუკას ცენტრში სხვა აღმოჩენებიც გაუკეთებია, მკითხველთა კლუბი აქვთ, სადაც „კარგი წიგნებია“.

ლუკა თანატოლებს ურჩევს „ქუჩაში ყოფნას აქ მოვიდნენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრება მშვენიერია და ადამიანს ყველაფერში სწავლა ეხმარება“.

ანა ფუტკარაძე სოფელ თხილნარის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ერთი წელია დადის. მოსწონს აქაურობა. ცენტრის შესახებ მეგობრებისგან გაიგო: „ამბობდნენ ძალიან მაგარია, კარგი შეკრებები ტარდებაო და მეც დავინტერესდი“. ანა ცდილობს არც ერთ შეხვედრას არ გამოაკლდეს. ყველაზე მთავარი, რაც მას ამ ცენტრმა მისცა, სხვა სკოლების მოსწავლეებთან დამეგობრების საშუალებაა. ანას თქმით, კონკრეტული თარიღების ცენტრში აღნიშვნა მას მეტი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება:

„მაგალითად, შშმ პირების თემაზე გვქონდა შეხვედრები. საინტერესოა სხვადასხვა დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული შეხვედრებიც. ეს მხოლოდ სიმბოლური არ არის, ჩვენ  გვაინტერესებს ის ადამიანები, ვისაც მიჰყავთ ასეთი შეხვედრები. საინტერესოა ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, მათ მიერ მოყოლილი მაგალითები.“

ანა ფუტკარაძე და თამუნა რეკემაძე

ანა ცენტრში მისვლამდე არ იზიარებდა მოსაზრებას, რომ ცუდია ახალი თაობის ტელეფონსა და ინტერნეტზე მიჯაჭვულობა: „ახლა გარკვეულწილად შევიცვალე აზრი. დავრწმუნდი, რომ ეს ტექნიკები მართლაც ღრმად ერევა ჩვენს ცხოვრებაში. ახლა ვხვდები, რომ  წიგნებს არ ვკითხულობდი ფეისბუქის გამო და დიდ დროს ვხარჯავდი ამაში.“

თამუნა რეკემაძეც თხილნარის სკოლის მეათეკლასელია. ორი წელია, რაც ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში დადის. მათ სკოლაში ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ფაღავა ჩასულა თანამშრომლებთან ერთად და ბავშვებისთვის ცენტრში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მოუყოლია: „დავინტერესდი, გადავწვიტე მოვსულიყავი და მეცადა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. აქ დამხვდნენ კარგი ადამიანები“.

თამუნას  განსაკუთრებით ცენტრში მოწვეული ტრენერები მოსწონს:„ლექტორები დადიან. უმეტესობა ჩემს აღფრთოვანებას იწვევს. ისეთი არავინ მოსულა, რომ არ მომწონებოდა.“

თამუნას ცენტრში მეგობრებიც მიუყვანია: „ჩემმა რამდენიმე მეგობარმა არ იცოდა ახალგაზრდობის ცენტრის შესახებ, მოვუყევი და ახლა ისინიც აქ არიან“.

თამუნა ინგლისურის საათებზეც მოგვიყვა. მან გვიამბო ამერიკელ მოხალისეზე, რომელიც ოთხშაბათობით ცენტრში გაწევრიანებული ბავშვებისთვის ინგლისურის გაკვეთილებს ატარებს. თამუნა ცენტრში მომხდარ ამბებზე ყველგან საუბრობს, სახლში ჯერ დედას უყვება ყველაფერს, შემდეგ კი მასწავლებლებს.

სალიბაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს, თორნიკე ქათამაძეს კი ცენტრში მისვლა მასწავლებელმა ურჩია. ის ამბობს, რომ ცენტრში თავს იყრის პოპულარული ამბები, მოგვიანებით კი სიტყვა პოპულარული აქტუალურით იცვლება. მისივე თქმით, ეს თემებია ძალადობა, წვრილმანი ხულიგნობა, ნაადრევი ქორწინება …

თორნიკე ამბობს, რომ სკოლის პარალელურად ცენტრში მისვლა მის ირგვლივ „ამბებს ამრავალფეროვნებს“. ვერც თორნიკე ჩამოყალიბდა რა უფრო აინტერესებს, ამიტომაც ყველაფერს ესწრება, რაზეც კი შეხვედრა, ტრენინგი ან სხვა რაიმე აქტივობა იმართება: „ყველაფერს ვართ მოდებული“.

კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ წითელაძე ცენტრში ახალია, თამარს განსაკუთრებით კითხვის კლუბი მოსწონს:

„ავიღებთ წინასწარშერჩეულ თორმეტ წიგნს. დათქმულ დროში ვკითხულობთ ამ წიგნებს, შემდეგ მოვდივართ და ამ წიგნებს განვიხილავთ. კითხვის კლუბზე ერთხელ დედაც დაგვესწრო, ბევრჯერ მოვუყევი და დაინტერესდა აქ რა ხდებოდა. ძალიან მოეწონა“.

თორნიკე ქათამაძე

პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რაზეც ბათუმის #22 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლანა ბერიძემ, კამათი ცენტრში თემის განხილვის შემდეგ სკოლაში გააგრძელა. ლანას მოსაზრებებს უფრო თანატოლი ბიჭები არ ეთანხმებოდნენ: „მითხრეს, ქალების გამო კაცები რატომ უნდა დაიჩაგრონო, შეიძლება კიდევ მეტი ნიჭიერი კაცი იყოს და ქალების გამო პარლამენტში ვეღარ შევიდესო.  ყველა ქალს პარლამენტში რა უნდაო, ბიჭებმა თავიანთი პატრიარქატული ინტერესები წამოწიეს წინ.“

ლანა ახალგაზრდობის ცენტრის პროექტებიდან პრიორიტეტს მკითხველთა კლუბის გარდა ექსკურსიებს ანიჭებს. ლანას განსაკუთრებით მოსწონს კინოჩვენებებიც:

„ხშირად განვიხილავთ შიდსის პრობლემას. ფილმი ვნახეთ, სადაც კომბინირებულად იყო შიდსის და ჰომოსექსუალების თემა. ფილმს ჰქვია „ფილადელფია“. ამ ფილმმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხანდახან სპექტაკლებსაც ვმართავთ“, – გვიყვება ლანა.

ლანა ბერიძე

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრზე ამბების მოყოლისას ბავშვები თავიანთ ცხოვრებას ორ ნაწილადაც კი ყოფენ – „ცენტრამდე და ცენტრის შემდეგ“. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც აქ დაიწყეს სიარული, „ლაპარაკი აღარ რცხვენიათ“ და უფრო „თავისუფლები გახდნენ“.

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვები მხოლოდ ინტელექტუალური აქტივობებისთვის არ ერთიანდებიან, ცოტა ხნის წინ მათ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს ექვსი წლის ლიზასთვის, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება.

ამ დროისთვის ცენტრში კითხვის, თეატრალური, კინო და არტკლუბები მუშაობს. ასევე ტარდება თამაში – რა, სად, როდის და ტრენინგები აქტუალურ თემებზე. ცენტრს აქვს ახალგაზრდობის ინიციატივების დაფინანსების პროგრამაც. გარდა ამისა, ცენტრმა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მშობელთა გაძლიერების მიზნით. აქვთ სპორტული აქტივობებიც.

ფოტო: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი

ცენტრის ბიუჯეტი წელს 40 000 ლარია, გასულ წელს 45 000 ლარი იყო. გარდა ამისა, „ახალგაზრდობის ცენტრი“ ცდილობს გრანტების მოძიებასაც. გასულ წელს ცენტრი ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდა მშვიდობის კორპუსთან – ამერიკელი მოხალისეები ცენტრში ტრენინგებს ატარებდნენ.

ამ ეტაპზე ცენტრში ორი სპეციალისტი და მშვიდობის კორპუსის ერთი  მოხალისე მუშაობს.

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: