ამბები ღამის თავშესაფრიდან

საღამოს შვიდზე ბათუმის ღამის თავშესაფართან შეკრებილი ადამიანები ელიან, როდის გაიღება  ოთახის კარი, სადაც თბილა. ღამის თავშესაფრები ყოველდღე, საღამოს შვიდზე იღება, დილის ათზე – იკეტება. აქ  მხოლოდ ღამის გასათევად არ მოდიან, ზოგიერთს არც დღისით აქვს წასასვლელი. ისინი მოხუცთა სავანესთან ელიან რომელიმე მოხუცის გარდაცვალებას, რომ მათთვის ადგილი გამოთავისუფლდეს.

„აქ დალხენილი არავინ მოდის, ყველას თავისი ისტორია აქვს,“ – მითხრა ბათუმის მერიის თავშესაფარში მცხოვრებმა. ბათუმში ღამის თავშესაფარი 2014 წელს გაიხსნა. ახლა აქ 50 ადგილიდან მხოლოდ ორია თავისუფალი.

ღამის თავშესაფრისთვის ბათუმის მერია წელს 297 800 ლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ ღამის თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს გაესაუბრა.

„მალე გაზაფხული მოვა და აქედან წავალ, უნდა დავწერო რამე…“

„წამოდით, ისინი მესამე სართულზე არიან,“ – მითხრა დაცვის თანამშრომელმა და სიძველისგან საღებავგაცლილი კიბისკენ მიმითითა. მესამე სართულზე კორიდორი ცარიელია, ოთახების კარები – გამოხურული. ყრუდ გამოდის ოთახებიდან ტელევიზორებისა და ადამიანების ხმები. ერთ-ერთ კარზე ვაკაკუნებ და შევდივართ.

ოთახში ექვსივე საწოლი დაკავებულია, ვინ წამოწოლილია, ვინ – ფიქრობს, ტელევიზორს უყურებს.

„გამოვრთოთ ტელევიზორი,“ – ამბობს ერთი და ტელევიზორის კაბელს ჩამრთველიდან აძრობს.

„მოგიყვებით, აბა რა, თუ ვინმეს ჩვენი ამბავი აინტერესებს“, – ამბობს მეორე და ოთახში წინ და უკან იწყებს სიარულს.

„ჩემი ცხოვრება სხვანაირია, არეულია,“ – დაიწყო ნუგზარ წუწუნავამ, მერე ბალიშს მიეყრდნო, დაძაბული მზერა უკან წაიღო და განაგრძო:

„მეხუთე თვეა, რაც აქ ვარ. მარტვილში ვცხოვრობდი. იქ ორსართულიანი სახლი მაქვს. ცოლს ვეჩხუბე და წამოვედი. ვერ ვეგუებით ერთმანეთს. ხან ის გამირბის, ხან – მე. სოფელში ვერ ვჩერდები. მთელი სოფელი, ალბათ 80 პროცენტი, თურქეთში მიდის სამუშაოდ. მარტო მოხუცები არიან დარჩენილი, ახალგაზრდები აღარ არიან. მე უკვე შვილთაშვილი მყავს, მაგრამ ვერ ვეგუები ბევრ რამეს… ახალგაზრდობაში გადამგდებად ვმუშაობდი. ეს რას ნიშნავს და შეშის დიდ მორებს ვაგორებდი ერთი მანქანიდან მეორეზე. ამაში მიხდიდნენ ფულს. ახლა ზურგი მტკივა ძალიან…

დღისით ქალაქში გავდივარ. არსად არ ვმუშაობ. ისე დავდივარ, ვფიქრობ… საჭმელს მხოლოდ აქ ვჭამ. დილით და საღამოს. დღეს დილით კარაქი იყო, პური, კვერცხი, კიდევ რა? – აღარ მახსოვს… ვახშამზეც ეგ იქნება. დილით და საღამოს ერთი და იგივეა, ასეა სულ. ხვალ სხვა რამე იქნება, ალბათ.

მალე გაზაფხული მოვა და აქედან წავალ, უნდა დავწერო რამე… სად წავალ, არ ვიცი. რაზე დავწერ? – საკუთარ თავზე. წერა მიყვარს. ადრეც ვწერდი, მაგრამ არავის უნახავს. სადმე ცარიელ ფურცლებს და ერთ კალამს კი ვიშოვი. ადრე თან ვატარებდი ჩემს ნაწერებს, ახლა სოფელში მაქვს დატოვებული.

ერთხელ, მატარებელში ოტია იოსელიანს შევხვდი და იმას წავაკითხე ჩემი მოთხრობა. მოეწონა, მგონი. მითხრა, ფულს გადაგიხდი და მომყიდეო. მე ვუთხარი, თქვენ შვილს გაყიდით-მეთქი? მერე მოსაწევად გავედი. რომ დავბრუნდი, ოტია უკვე ჩასულიყო მატარებლიდან. ჩემი ნაწერები ისევ მაგიდაზე ელაგა. ფულიც დაუტოვებია იქვე…

„როცა წვიმს, შეგვიძლია აქ დავრჩეთ“

„ორი წელია აქ ვართ მე და ჩემი ძმა,“ – დაიწყო პაატა მაჭარაშვილმა და გვერდით საწოლზე ჩაფიქრებულ ძმას გახედა. – „მშობლები ავად გამიხდა. იპოთეკაში ჩავდე ბინა, თანხა მჭირდებოდა. საბოლოოდ ბინა გაგვიყიდეს… მერე მშობლები გარდამეცვალა. ცოლ-შვილი არ მყავს. დღისით გავდივარ და თუ გამოჩნდება რამე, ვმუშაობ,  ჩემი ფული რომ მქონდეს. აქ კარგია, სითბოა, კარგი კვება. კარგია, როცა წვიმს, ან თოვს, მაშინ შეგვიძლია აქ დავრჩეთ. ოთახებში არა, მაგრამ ქვემოთ დიდი ოთახებია, იქ ვჩერდებით… საღამოობით ტელევიზორს ვუყურებთ, სერიალს, საინფორმაციოს. სიმღერებსაც ვუსმენთ ხანდახან, თუ კაი ხასიათზე ვართ“.

„სანამ ცოცხალი ვარ, აქ ვიქნები, ალბათ“

„მეც დავკარგე ბინა, მესამე წელია აქ ვარ,“ – იწყებს მოხუცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. – „სამოთახიანი ბინა მქონდა გორკის ქუჩაზე. ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. რაც მთავარია, ახლა აქ ვარ, სითბოში. სანამ ცოცხალი ვარ, აქ ვიქნები ალბათ. მერე ისედაც ვეღარ გავიგებ, სად ვიქნები. ჩემი ცოლი და შვილები მოსკოვში არიან. სამი წელია არ მინახავს. არც შევხმიანებივარ. შვილიშვილებიც არ მინახავს… ჩვენ ოთხი ძმა ვიყავით, ერთი და. და ცოცხალი, 84 წლისაა და დღისით მასთან გავდივარ, სადილს შევჭამ და მერე უკან ვბრუნდები. 45 წელი ბათუმში ავტომანქანების ხელოსნად ვმუშაობდი, მოტორისტი ვიყავი. მანამდე ჯარი ლატვიაში მოვიხადე, მზარეული ვიყავი. იცით, რა გემრიელ საჭმელებს ვამზადებდი?

„რას შევცვლიდი, მერი რომ ვიყო?“

„მე სპორტის მასწავლებელი ვიყავი. ახლაც მინდა ვიმუშაო,“ – გვიყვება მალხაზ ჯიჯეიშვილი. – „სააკაშვილის დროს ნარკოტიკები ჩამიდეს და გამასამართლეს, ვისვენებდი გისოსებს მიღმა. მერე გამოვედი და აი, აქ ვარ.

ცოლს 20 წლის წინ გავშორდი. ჩემი ბინა შვილებს დავუტოვე და წამოვედი. ჩემთვის ნაქირავები ბინა მქონდა და არავის ვაწუხებდი. ახლა ასე მოხდა. შემოსავალი რომ მქონდეს, ახლავე ყველას დავემშვიდობებოდი, მადლობას ვეტყოდი და წავიდოდი…

ფეხბურთელი ვიყავი. როცა თბილისში ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი, ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში. მერე მასწავლებელი გავხდი და მომწონდა ჩემი საქმე.

რას შევცვლიდი თავშესაფარში? – არ ვიცი. ალბათ იმას, რომ ადამიანებს მყუდროება არ დაურღვიონ. აქ იმისთვის მოდის ადამიანი, რომ დაიძინოს, მოისვენოს. ხშირად კიდევ ისე ხდება, რომ ნასვამები მოდიან და ხმაურობენ. წესრიგი უნდა იყოს. ამას გავამკაცრებდი. ამას გარდა, ჰიგიენის ნივთებს აღარ გვირიგებენ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდს, საპონს, წვერის საპარსს. ადრე ხშირად გვაძლევდნენ, ახლა აღარაა… “

მალხაზის გვერდით ერთი ცარიელი საწოლი დგას. „აქ საშკა იწვაო,“ – მიყვება ის. ავადმყოფობდა და მოხუცთა სავანეში გადაუყვანიათ.

„რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ მოკვდა,“ – დასძინა მალხაზმა და ისევ საკუთარ საწოლს დაუბრუნდა.

ბათუმის მერია: წელს ღამის თავშესაფარში ვიდეოსათვალთვალო კამერებსა და გისოსებს შევიძენთ 

„ჰიგიენის ნივთების მიწოდების კუთხით არაფერი შეცვლილა, ყველას მიეწოდება,“ – გვითხრა შალვა დანელიამ, ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შალვა დანელიამ ბიუჯეტი გვაჩვენა, რაც წელს ღამის თავშესაფრისთვისაა გათვალისწინებული. 297 800 ლარიდან კვებისთვის მხოლოდ 73 ათასი ლარი იხარჯება. თითო ბენეფიციარის კვებისთვის დღეში, დაახლოებით, 4 ლარია გათვალისწინებული.

დაახლოებით 100 ათასი ლარი ღამის თავშესაფრის 16 თანამშრომლის ხელფასებს მოხმარდება. კიდევ 100 ათასი – სარემონტო ხარჯებს, კომუნალურ გადასახადებს და პირველად სამედიცინო მომსახურებას.

შალვა დანელია: „შენობა ძალიან ძველია და ამას მხოლოდ რემონტი ვერ უშველის. რეკონსტრუქციაა საჭირო. ამაზე მიდის კონსულტაციები და ვნახოთ, რა გადაწყდება. საუბარია იმაზეც, რომ გაკეთდეს პანდუსები,  შშმ პირებმა რომ შეძლონ გადაადგილება. წელს სარემონტო ხარჯებიდან გათვალისწინებულია ვიდეო სათვალთვალო კამერების შეძენა და გისოსები ფანჯრებისთვის.

თავშესაფარში სულ 50 ადგილია. ყოფილა შემთხვევები, როცა გათვალისწინებულზე მეტი ადამიანი მოსულა. ეს იშვიათია, ამიტომ დამატებით საწოლს ვდგამთ რომელიმე ოთახში და ვიტოვებთ. თავშესაფარში ახლა მხოლოდ სამი ქალია.

ადამიანები, ძირითადად, საპატრულო პოლიციას მოჰყავს. აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მიუსაფარი და ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აქ გაჩერების განსაზღვრული ვადა არსებობს, მაგრამ როცა ადამიანს სხვაგან წასასვლელი არ აქვს, რა უნდა ვქნათ? ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დაუტოვებია თავშესაფარი და შემდეგ ისევ აქ მოსულა“.

 

სასადილო ღამის თავშესაფარში / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის ღამის თავშესაფარი / 02.01.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ამ თემაზე:

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

 

 

 

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომელი მთავრობას: გვემუქრება უმუშევრად დარჩენის საფრთხე

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ბიზნესომბუდსმენს, ირაკლი ლექვინაძეს და სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელებს მიმართავენ განცხადებით, მიეცეთ სამორინეს ფუნქციონირების უფლება გამოძიების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

„გთხოვთ დახმარებას ბათუმში მდებარე კაზინო „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომლის სახელით.

უკვე ორ თვეზე მეტია გასული სასტუმრო „ლეოგრანდ“-ში 2017 წლის 24 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის იყვნენ ჩვენი მეგობრები და ახლობლები. ისივე როგორც საზოგადოების ყველა წევრი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

მომხდარის შემდეგ კაზინოს ფუნქციონირება შეჩერებულია. ჩვენ გაგვიშვეს უხელფასო შვებულებაში და გვემუქრება უმუშევრად დარჩენის რეალური საფრთხე. გაცნობებთ, რომ „ლეოგრანდი“ შავი ზღვის რეგიონში უდიდესი კაზინოა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენს დასაქმებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 6 მლნ ლარამდე შემოსავალს. 400-მდე სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანის ერთიანად უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებლად მიგვაჩნია ბათუმში ჩვენი დასაქმების საკითხის გადაწყვეტა.

რამდენიმე დღის წინ სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით შევიკრიბეთ კაზინოსთან. ადმინისტრაციის განმარტებით, როგორც კი მათ მიეცემათ კაზინოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა, ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ დაგვაბრუნონ სამსახურში, რაც ამჟამად ვერ ხერხდება სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო.

ჩვენთვის ეს მიზეზი გაუგებარია, ვინაიდან გარდა საერთო მფლობელებისა, სასტუმროსა და კაზინოს არაფერი აკავშირებს. ისინი განლაგებული არიან ცალკე შენობებში და მხოლოდ საერთო შესასვლელი აქვთ. სასტუმროში მომხდარი ხანძრის დროს კაზინოს შენობაში არც ხანძარი და არც დაკვამლიანება არ ყოფილა, შესაბამისად არც არავინ დაშავებულა.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოთ ყველა შემაფერხებელი ფაქტორის მოხსნა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს. თითოეული ჩვენგანის უკან ოჯახებია, უმეტესობას გვყავს მცირეწლოვანი შვილები. უმუშევრობის ყოველი დღე კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლებმა აქცია საქმის დროულად დასრულების და სასტუმროს გახსნის მოთხოვნით 25 იანვარსაც გამართეს. სასტუმროს იურისტის თქმით, საგამოძიებო ორგანოებიდან სასტუმროს ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია, რა ვადებში შეუძლიათ სასტუმროს რეაბილიტაცია და მუშაობის განახლება, ნებართვის მიღების შემთხვევაში კი სასტუმრო მუშაობას გააგრძელებს.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილია.

KIA CERATO – მანქანა, რომელიც დეპუტატმა სამინისტროდან წასვლის შემდეგ თან გაიყოლა

რატომ გაუცვალა აჭარის განათლების სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს თავის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელიც, თავის მხრივ, „ტრანსფერის“ გზით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან? საუბარია KIA CERATO-ზე, რომელიც უკვე მესამე უწყებას გადაეცა – ამ მანქანით სამინისტროშიც [მინისტრის მოადგილის რანგში] და უმაღლეს საბჭოშიც დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი გადაადგილდება.

ლადო მგალობლიშვილი 2016 წლის ოქტომბრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და, შესაბამისად, განათლების კომისიის თავმჯდომარეა. მას ახალ სამსახურში დახვდა „მიცუბიშ აუთლენდერი“, მაგრამ ამ მარკის მანქანას დეპუტატმა თავისი ყოფილი სამსახურის მანქანა ამჯობინა. შესაბამისად, უმაღლესმა საბჭომ მიმართა ლადო მგალობლიშვილის დასაქმების ყოფილ ადგილს – აჭარის განათლების სამინისტროს, სადაც ის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და შესთავაზა, მანქანები გაეცვალათ.

„ტრანსფერი“ შედგა.

რატომ გადასცა სამინისტრომ KIA CERATO [სახელმწიფო ნომრით PS 819 SP] უმაღლეს საბჭოს „მიცუბიშ აუთლენდერის“ სანაცვლოდ? – ამ კითხვის პასუხად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ჯემალ სურმანიძე შემდეგ არგუმენტს იშველიებს: „ლადო მგალობლიშვილი დეპუტატი გახდა და მან იცოდა, რომ მაღალმთიანეთში გადაადგილების საჭიროება ჰქონდა სამინისტროს, გვჭირდებოდა მაღალი გამავლობის მანქანა. ამიტომაც შემოვიდა მომართვა, რომ მსუბუქი ავტომანქანა გაგვეცვალა მაღალი გამავლობის ავტომანქანაში“.

ჯემალ სურმანიძე ადასტურებს, რომ ავტომანქანების შეცვლის იდეა სწორედ უმაღლესი საბჭოდან მოდიოდა – საკანონმდებლო ორგანომ სამინისტროს 2017 წელს ამის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

თუკი სამინისტროს სჭირდებოდა მაღალი გამავლობის ავტომანქანა, თავად უწყებამ რატომ არ მიმართა უმაღლეს საბჭოს? „ასეთი დეტალები აღარ ვიცი,“ – დასძინა ჯემალ სურმანიძემ.

თავის დროზე, 2013 წელს, KIA CERATO აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 30 100 ლარად შეიძინა. ამ წელს ავტომანქანების შეძენით აჭარის რეგიონმა ქვეყნის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლების გასართობი გადაცემებისაც – 2013 წლის ბოლოს უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ფეშენებელური, მაცივრიანი ავტომანქანის შეძენაზე გამოაცხადა ტენდერი. ავტომანქანის შეძენა მაშინ ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ გააპროტესტა და ტენდერი შეწყდა.

2013 წლის დეკემბერში მაღალი გამავლობის მანქანაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტროსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ლადო მგალობლიშვილმა მინისტრის მოადგილის რანგში „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „73 500 ლარად ღირებული მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენა ხარჯების დაზოგვით მოხდებოდა და სამინისტროს ეს ავტომანქანა მაღალმთიანეთის 400 სკოლამდე მისასვლელად სჭირდებოდა“.

2013 წელს, ანუ მაღალი გამავლობის მანქანის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებამდე, განათლების სამინისტრომ პირველი „ტრანსფერი“ განახორციელა – თავის ბალანსზე არსებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა „მიცუბიშ L 200“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაუცვალა მსუბუქ  KIA CERATO-ში. მსუბუქი ავტომანქანა მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ძირითადად, სწორედ ის გადაადგილდებოდა – სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობდა.

„სააგენტოს მივეცით მაღალი გამავლობის მანქანა, რადგან იმ მომენტისთვის მათ ჰქონდათ მაღალმთიანეთში გადაადგილების მეტი საჭიროება. ჩვენ წერილობით მოგვმართა სააგენტომ და გვთხოვა ავტომანქანების გაცვლა, დასაბუთება იყო ის, რომ პროგრამის განხორციელებას ხელი ეშლებოდა,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა.

რატომ იყიდა მსუბუქი ავტომანქანა სააგენტომ, თუკი მაღალმთიანეთში გადაადგილებისთვის მაღალი გამავლობის მანქანა სჭირდებოდა? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი გოჩა კახიძე ირწმუნება, რომ „სააგენტოს საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად“.

2017 წლის ბოლოს აჭარის განათლების სამინისტრომ „სედანის“ ტიპის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, თითო 40 ათას ლარად.

„ლოგიკურია დღეს, რომ ამ თემაზე მირეკავთ,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა. „ლოგიკაში“ დეპუტატმა პრემიერის მიერ დღეს „შავი ჯიპების ეპოქის“ დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადება იგულისხმა. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, ხომ არ აპირებდა ის ამ განცხადების გამო შავი ფერის KIA CERATO-ს გამოცვლას. 

„არა, ამის გამო ვერ შევცვლი. ისე, სადაც ვყოფილვარ ევროპის ქვეყნებში, ყველგან ღია ფერის მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას… საუბარია ელექტრომობილებზეც, რასაც ნაკლები ხარჯი ექნება და თან ეკოლოგიურად სუფთაა. ამის წინააღმდეგი არ ვიქნები,“ – გვითხრა დეპუტატმა.

როცა KIA CERATO განათლების სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს გადასცა და ეს ავტომანქანა ისევ ლადო მგალობლიშვილს ემსახურება, ბადებს თუ არა ეს კითხვას, რომ ლადო მგალობლიშვილს სურს ამ კონკრეტული მანქანით გადაადგილება? 

„ასე არ არის,“ – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა. – „როცა განათლების სამინისტროს გადმოგვეცა ეს ავტომანქანა, იქ მემსახურებოდა დაახლოებით ერთი წელი. შემდეგ, დროის რაღაც მონაკვეთში, მემსახურებოდა ორი სხვადასხვა ავტომანქანა. როცა დეპუტატი გავხდი, რამდენიმე თვე დავაკვირდი და მივხვდი, რომ მაღალი გამავლობის მანქანა მე არ მჭირდებოდა. ასეთი ავტომანქანის საჭიროება განათლების სამინისტროს ჰქონდა. ამიტომ მოხდა ავტომანქანების გაცვლა,“ – აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

თუკი სამინისტროს სჭირდებოდა მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რატომ დააყენა ინიციატივა დეპუტატმა სამინისტროს ნაცვლად?

ლადო მგალობლიშვილი: „ვიცოდი მისი საჭიროება და მე შევთავაზე. მე, ძირითადად, სასიარულო მაქვს თბილისში და ქუთაისში. მაღალმთიანეთში წასვლა თუ დამჭირდა, ამის რესურსი აქვს უმაღლეს საბჭოს და მაღალი გამავლობის მანქანით წავალ“.

TV ERA სამართალდამრღვევად ცნეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ TV ERA სამართალდამრღვევად ცნო.

ეროვნულ კომისიას კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ მიმართა საჩივრით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ  შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზეა აღნიშნულია, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ სამართალდარმღვევია თავად მომჩივანი კომპანიაც,  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“, რომელსაც არ აქვს უფლება გაავრცელოს საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხები, რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA“-ს გარდა, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული სხვა პირებიც ახორციელებენ.

კომისიამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა კომპანიებს, მათ შორის შპს „TV ERA”-ს და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა.

კომისიამ შპს ,,TV ERA” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის  შეწყვეტა დაავალდებულა.

ეს არხებია: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP Премьера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „TV ERA“ 2017 წელს დააჯარიმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, 11 278 ლარით.

მთავარი ფოტო: TV ERA-ს ვებგვერდის სქრინი 

ქედაში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით შეუმცირდათ

ქედის მუნიციპალიტეტში თემის რწმუნებულებსა და ადმინისტრაციულ თემებში დასაქმებულ სპეციალისტებს ხელფასი 10 ლარით მას შემდეგ შეუმცირდათ, როდესაც ქედის საკრებულომ 18 იანვარს ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაამტკიცა. საშტატო ნუსხით თემის რწმუნებულების ხელფასი 800 ლარით, ხოლო სპეციალისტებისა – 550 ლარით განისაზღვრა. აქამდე რწმუნებულები და სპეციალისტები 10 ლარით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ.

ქედის მერიაში განმარტავენ, რომ მერის რწმუნებულებსა და თემების სპეციალისტებს რანგი მიენიჭათ, რწმუნებულები ახლა პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებად მიიჩნევიან, ხოლო სპეციალისტები – მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტებად.

რწმუნებულების ხელფასის კლების ფონზე ხელფასი გაეზარდათ ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს ქედის მერიაში.

ამ დროისთვის ქედის მერიაში დროებითი ხელშეკრულებით  ექვსი თანამშრომელი მუშაობს, მათგან ოთხს, წინა წელთან შედარებით, ხელფასი გაეზარდა: დამლაგებელსა და ტექნიკურ თანამშრომელს – 20 ლარით, ჯანდაცვის სამსახურში მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის სპეციალისტს – 50 ლარით, ხოლო სახელფასო სარგო მაქსიმუმით – 140 ლარით გაეზარდა მერიის მძღოლს.

ქედის მერიას ორი მძღოლი ჰყავს, თითოეულის ხელფასი 700 ლარია.

როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი

პედაგოგები, რომელთაც ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაზე – eTwinning Plusი. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პედაგოგებსაც, რომლებმაც უცხო ენა არ იციან.

პროექტში ჩართული პედაგოგები მოიპოვებენ დამატებით კრედიტქულებს სქემის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და მიიღებენ ევროპული ხარისხის ნიშანს.

პროექტის კოორდინატორი ხატია მატკავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს,  სასკოლო გაკვეთილები უფრო საინტერესო გახადონ, უცხოელ პედაგოგებთან ერთად დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება:

„პროგრამის მიზანია, დაახლოვდნენ ქართველი და ევროპელი მასწავლებლები და ერთობლივად განახორციელონ სასკოლო აქტივობები. აქტივობა შეიძლება იყოს როგორც სოციალური ხასიათის, ასევე საგანმანათლებლო.“

პედაგოგს, რომელიც არ ფლობს უცხო ენას, პროექტის დაგეგმვა და გამოცდილების გაზიარება ევროპელ მასწავლებელთან შეუძლია ინგლისურის პედაგოგის დახმარებით.

„პროგრამაში ბევრი ისეთი პედაგოგი მონაწილეობს, რომელიც არ ფლობს კარგად უცხო ენას, თუმცა მაინც ახერხებენ ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობას და კომუნიკაციას“, – ამბობს ხატია მატკავა.

2017 წლამდე მასწავლებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა პროექტები ქართულ ენაზე წარმოედგინათ, თუმცა დღეს მათ ეს შესაძლებლობა აქვთ. მასწავლებელს eTwinning Plus-ის ელექტრონულ ფორმატში შეუძლია საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველ მასწავლებლებთან ერთად დაგეგმოს.

თუმცა, როგორც ხატია მატკავა ამბობს, ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა მაინც პრიორიტეტად რჩება, რადგან პროგრამის არსი ქართველი მასწავლებლების ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა და თანამშრომლობაა.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში პედაგოგს მეტი შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში და მიიღოს მასწავლებლის ევროპული ხარისხის ნიშანი. თუკი პედაგოგები მხოლოდ ქართულ პროექტებში ჩაერთვებიან, მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს მიიღებენ.

„წარმატებული ევროპული პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი აკეთებს შესარჩევ კონკურსს და მასწავლებლებს ვუშვებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სემინარებზე“, – ამბობს ხატია მატკავა.

დღევანდელი მონაცემებით, პროექტში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 580 პედაგოგია ჩართული. როგორც ხატია მატკავა ამბობს, ყველაზე მეტად პედაგოგები თბილისიდან, კახეთიდან და იმერეთიდან აქტიურობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბევრი სკოლაა, სამწუხაროდ, მხოლოდ 25 პედაგოგია ჩართული ამ პროექტში“, – ამბობს ის.

გასულ წელს, პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში 16-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 10 თებერვლიდან 25 თებერვლამდე. ავტობიოგრაფია და პროექტის გეგმა კი გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: etwinningplusgeo@tpdc.ge

 

წითელას ასი შემთხვევა – ეპიდაფეთქება აჭარაში

2 თებერვლის მონაცემებით, წელს აჭარაში წითელას 100 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მონაცემები რომ ეპიდაფეთქებაზე მიუთითებს, ამაზე უკვე ერთი კვირაა საუბრობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

„წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. წითელას საწინააღმდეგო აცრა შედის ეროვნულ კალენდარში, ბავშვები იცრებიან 12 თვის და 5 წლის ასაკში. დამცველობითი ეფექტი წითელას აცრისა არის ძალიან მაღალი. აცრილ მოსახლეობას შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა გამონაკლისი შედეგისა, წითელა არ უვითარდება,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.

წითელას ეპიდაფეთქება აჭარაში გასული წლის ბოლოს დაიწყო.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

2016 – 2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში. კერძოდ, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, აქედან 34 დასრულდა ლეტალურად (რუმინეთი იტალია, საბერძნეთში, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი).
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ იცენტრის მონაცემებით, საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და გარდაცვალების 9 შემთხვევა.

ბათუმის მერია: ამომრჩეველი არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან

ბათუმში საუბნო კავშირებზე „ევროპულ საქართველოში“ გამართულ ბრიფინგზე განმარტება ნუკრი დეკანაძემ გააკეთა, ბათუმის მერიის აპარატის უფროსმა. ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა.  ბათუმის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ რაულ თავართქილაძე ერთ-ერთ სატენდერო დოკუმენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მერიას ამხანაგობების ჩამონათვალი აქვს  და ასევე „ამომრჩეველი“. ის მიიჩნევს, რომ მერია ამ გზით პარტიული აქტივისტების დასაქმებას ცდილობს ბიუჯეტის ხარჯზე.

„ეს განცხადება სიმართლისგან ძალიან შორსაა და არასწორია. ამომრჩეველი არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან,“ – ამბობს ნუკრი დეკანაძე. მისი განმარტებით, ბათუმის მერიამ სატენდერო დოკუმენტებში ამომრჩევლების რაოდენობა მიუთითა იმიტომ, რომ საუბნო კავშირის წევრი იმავდროულად ამომრჩეველიც არის, „სრულწლოვანი ადამიანი, რომელსაც აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები“, – ამბობს ის.

რატომ არ მიუთითა მერიამ „სრულწლოვანი ადამიანი“ „ამომრჩევლის“ ნაცვლად? – მერიის აპარატის უფროსი ამბობს, რომ სიტყვა „ამომრჩევლის“ გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„მთავარი ამ პროგრამის არსი და შინაარსია. პროგრამაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ნებისმიერ პირს შეუძლია ჩართვა“, – გვითხრა ბათუმის მერიის აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ.

რა წიგნებს კითხულობენ ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში ბათუმელები

თქვენი აზრით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ისეთ წიგნებს, როგორიცაა ჯოჯო მოიესის „მე შენამდე“, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, რემარკის „ტრიუმფალური თაღი“ და გოჩა მანველიძის „მგლები“ ?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორისაა. ბათუმში სულ ერთი საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ასევე ერთი საბავშვო ფილიალი აქვს. ბიბლიოთეკის მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში ყველაზე ხშირად წაკითხულ წიგნებს ყდებზე ეტყობა, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა. ყველა წიგნი გაცრეცილი და აკინძულია.

როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გვითხრეს, ბიბლიოთეკაში ყველა ასაკის მკითხველი დადის, მაგრამ მათი უმრავლესობა – თინეიჯერია. ბიბლიოთეკარების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თინეიჯერებში განსაკუთრებით ისეთი წიგნებია პოპულარული, რომლის ნაწარმოების სიუჟეტშიც „რომელიმე გმირი ავადაა და დახმარება სჭირდება“. მაგალითად, ისეთი წიგნები, როგორიცაა ჯოჯო მოიესის „მე შენამდე“ ან ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალია“. ახალგაზრდა თაობა ასევე დიდი გატაცებით კითხულობს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებს.

გთავაზობთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაზე მოთხოვნადი ავტორების ჩამონათვალს:

  • ჯოჯო მოიესი – „მე შენამდე“
  • ჯეიმზ დაშნერი – „ლაბირინთში მორბენალი“
  • ელიფ შაფაქი „სიყვარულის 40 წესი“ 
  • ელიფ შაფაქი „სტამბოლელი ნაბიჭვარი“
  • ერიხ მარია რემარკი – „სამი მეგობარი“
  • ერიხ მარია რემარკი  „ტრიუმფალური თაღი“
  • ლორენ ოლივერი – „რეკვიემი“ 
  • ლორენ ოლივერი – „პანდემონიუმი“
  • კირა კასი – „შერჩევა“
  • ჯოან როულინგი – ჰარი პოტერის ყველა ტომი
  • ჯეინ ოსტინი – „სიამაყე და მცდარი აზრი“
  • მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“
  • ჰოლი სმეილი – „გიკი გოგო“

სტივენ კინგი – ნისლი და ავტორის თითქმის ყველა ქართულად ნათარგმნი ნაწარმოები.

რაც შეეხება ქართულ ავტორებს, საჯარო ბიბლიოთეკაში გვითხრეს, რომ იმისდა მიხედვით, თუ რას გადიან სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროგრამაში, ქართველ ავტორებზე მოთხოვნა იცვლება. ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილს  და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს ითხოვენ.

ყველაზე ხშირად მოთხოვნად ქართველი ავტორები არიან ასევე:

  • დათო ტურაშვილი
  • აკა მორჩილაძე
  • გოდერძი ჩოხელი
  • ჯემალ ქარჩხაძე

რაც შეეხება გოჩა მანველიძის „მგლებს“, ის დღემდე მოთხოვნად წიგნად რჩება როგორც უფროსი თაობის, ისე ახალგაზრდებისთვის.

 

ცალკე შეიძლება გამოიყოს სტეფანი მეიერის ბინდის საგა და სტიგ ლარსონის მილენიუმის საგა. ამ ნაწარმოებებზე მოთხოვნა მისი გამოსვლის დღიდან ბიბლიოთეკაში არ შეწყვეტილა.

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს 556 118 ერთულს. აქედან 370 303 ნაბეჭდ წიგნს, 74 აუდიო წიგნს, 154 398 ჟურნალს, 26 226 ცალ გაზეთს და სხვა მასალებს. 2017 წელს ბიბლიოთეკა  140 040-ჯერ მოემსახურა მკითხველს და მათზე 370 005 ბეჭდური მასალა გასცა:  169 509 ცალი წიგნი, 59 442 ცალი ჟურნალი და 141 054 ცალი გაზეთი.

 

„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც მანქანაში ცხოვრობს

ბესიკის ქუჩაზე ნებისმიერი მიგასწავლით მოხუცს, რომელიც მეოთხე წელია საკუთარ „ვოლგაში“ ცხოვრობს. „თევდორე მქვია მე, ზოიძე ვარ, შუქრის ძე“ – გვითხრა მანქანის სალონში წამოწოლილმა მოხუცმა მაშინვე, როგორც კი შეგვნიშნა, წიგნი, რომელსაც კითხულობდა, გვერდზე გადადო და წამოჯდა. პირველი, რაც თვალში გვხდება, საათებია. მანქანის ოთხივე მხარეს მოხუცს საათები აქვს განთავსებული. კითხვაზე, რატომ ამდენი საათი? მზერას გვარიდებს და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ გვპასუხობს: „აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“.

საკუთარ „ვოლგაში“ მოხუცი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ოჯახიდან წამოვიდა: „ეს შვიდი წლის წინ იყო, ახლა 75 წლის ვარ. ერთი პერიოდი ვტაქსაობდი, მერე დევღალე და აქ გავჩერდი. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ან რაღა უნდა მინდოდეს. დილას 6 საათზე მეჩეთში მივდივარ, მერე მოვდივარ და რელიგიაზე ვკითხულობ, სტალინზეც. სიცოცხლეზე უარს ვერ ვიტყვი, ცოდვაა, თორემ…“

მოხუცს გაუჭირდა ესაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ოჯახიდან წამოვიდა. გვითხრა, რომ შვილთან ჰქონდა კონფლიქტი, ბევრჯერ იჩხუბეს. საბოლოოდ კი, იმის მიუხედავად, რომ სახლი მისი საკუთრებაა, თავად წამოვიდა: „აბა, რა მექნა, შვილი რომ არაფრად ჩაგაგდებს, ხშირად დათვრება და შეურაცხყოფას მოგაყენებს, ვისი ბრალია?! ეს იყო, მეტი რა უნდა ყოფილიყო, გერმანიის ომი ხომ არ იქნებოდა. მე ავაშენე ის სახლი, ამდენი წელი ვიშრომე, მარა ამფერი იყო ჩემი ბედისწერა ალბათ.“

სახლიდან წამოსულ თევდორეს პოლიციისთვის არ მიუმართავს, არც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სურს. ფიქრობს, რომ ასე სახელმწიფოს შეაწუხებს, სადაც ათეული წლების განმავლობაში იშრომა:

„ქვეყანამ გეიგო ჩემი ამბავი და პოლიციამ ვერ გეიგო? აქაც ამიარ-ჩამიარეს რამდენჯერ, მარა არაფერი უკითხავთ. რომც მკითხონ, ალბათ არაფერს ვეტყვი. ან ჩემი შვილი უნდა წავიდეს ოჯახიდან, ან – მე აღარ ავალ იქ. იმას კიდევ ოჯახი ჰყავს, შვილები… რუსეთშიც ვმუშაობდი მშენებლობებზე, აქაც, სულ მუშაობაში ვიყავი. შვილი დავაქორწინე, ვიფიქრე, მე რომ მინდა, ისეთი სიბერე მექნება-მეთქი და არაფერი, – მოხუცი ხელს იქნევს და დასძენს: „მერე ცოლიც მომიკვდა… მას მერე აირია ჩემი ცხოვრება.“

თევდორე ზოიძეს 5 შვილი ჰყავს და 12 შვილიშვილი. გვითხრა, რომ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ გათხოვილ შვილებთანაც ცხოვრობდა, ბათუმში: „არავინ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაინც წამოვედი. როცა უშნოდ გაშვერილ ცხვირს ვხედავ, აღარ მინდა უკვე. შვილიშვილები? მე კი მენატრება, მაგრამ მათ თუ ვენატრები, ესაა. რა ვიცი. ამას წინათ იყვნენ მოსულები, საჭმელი მომიტანეს, გამიხარდა… პენსიას ვიღებ, მარა რაში უნდა გეყოს პენსია?“

თევდორეს ბავშვობიდან ყვარებია ავტომანქანები. ამბობს, რომ ახლაც კარგად გრძნობს თავს მანქანაში. გვიყვება, როგორ დაფარა თოვლმა მისი ვოლგა სრულად გასულ ზამთარს, თვითონ კი პლედებში გაეხვა და გაზქურაზე თბებოდა: „კაი სანახავი იყო, კაი,“ – თვალებში მხიარული ნაპერწკლები აენთო მოხუცს.

„წინ ბიჭები მანქანებს აკეთებენ, მითხრეს, შევხედავთ, იქნებ აეწყოს ისევ და ამუშავდეს შენი ოცდაოთხიო. რომ ამუშავდეს, მერე სად უნდა წავიდე?“ – გვკითხა მოხუცმა.

რომ ამუშავდეს „ვოლგა“, რის ან ვის სანახავად წახვიდოდით? – ვკითხეთ თუ არა, მაშინვე დაგვიბრუნა პასუხი: „ჩემს სოფელს ვნახავდი, მთებს, ბაღებს… ადამიანებს? ადამიანების ნახვის სურვილი აღარ მაქ, ცოლის საფლავს ვნახავდი კიდევ…“

კაცზე, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს, არაფერი იციან ბათუმის მერიაში. მერიისთვიის მოხუცს არ მიუმართავს და არც მისი განცხადება დარეგისტრირებულა არასდროს კანცელარიაში. მისი განცხადება არც სოციალური მომსახურების სააგენტოში შესულა, სადაც გვითხრეს, რომ ასეთ მოხუცს, რომელსაც ოჯახი ჰყავს და სახლიც აქვს, ვერ დაეხმარებიან. ორივე უწყებაში დააზუსტეს მოხუცის ვინაობა, რომელიც უკვე ხუთი წელია „ვოლგაში“ ცხოვრობს: „თევდორე ზოიძე, 75 წლის, ასეა ხომ?“

სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში“ 2016 წელს.

ხელოვნების უნივერსიტეტი ახალ შენობაში სექტემბერში გადავა

აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის  შენობაში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ახალი შენობა, სადაც უნივერსიტეტი სექტემბერში უნდა განთავსდეს, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა მასზე ორი სართული და მანსარდი დააშენეს.

შენობის შიდა ეზოში აშენდა დამატებითი კორპუსი. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხელოვნების უნივერსიტეტი  დაახლოებით 5 ათას კვ. მეტრზე განთავსდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ერმილე მესხია ამბობს, ახალი უნივერსიტეტი სრულიად დააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. შენობაში იქნება საგამოფენო დარბაზი, სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრებისთვის, მცირე საკონცერტო დარბაზი, მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც 50 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე თეატრი ორი საგრიმიოროთი, დრამის მიმართულების სტუდენტების საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებისთვის, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებისთვის  დარბაზი ას მაყურებელზე.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი სექტემბრიდან ამ შენობაში განთავსდება.

ახალ შენობას ექნება საკონფერენციო დარბაზი სინქრონული თარგმანის შესაძლებლობით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ცალ-ცალკე იქნება გამოყოფილი სააუდიტორიო და სარეპეტიციო ფართობი. მთლიანობაში 60-მდე აუდიტორია უნდა იყოს შენობაში განთავსებული. ტელე და კინომიმართულების სტუდენტებისთვის  ცალკე იქნება სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები.

შენობას ექნება ბუფეტი და შიდა დახურული ეზო. როგორც რექტორი ამბობს, სარემონტო სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტმა ახალ შენობაში გააგრძელოს სასწავლო პროცესი.

შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს  მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, გასულ წელს კი 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალიგატორი 1“ ასრულებს. წლების წინ შენობაში პროფესიული კოლეჯი იყო განთავსებული, ბოლო პერიოდში შენობით პირველი საჯარო სკოლა სარგებლობდა.

ინგა შამილიშვილმა უნივერსიტეტის ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

დამტვრეული სკამები მუნიციპალურ ავტობუსში [ფოტოამბავი]

დამტრეულ და დაზიანებულ სკამებს ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებით უკვე მოძველებულ ავტობუსებში. ეს ფოტოები დღეს, 2 თებერვალს,  #1 ავტობუსშია გადაღებული –  დაზიანებული სკამი მგზავრებისთვის გამოუყენებელია.

ზოგიერთ ავტობუსში სკამის ნაცვლად ნარჩენებია, რომელზე დაჯდომა სახიფათოა, მგზავრი შესაძლოა დაზიანდეს.

ბათუმისთვის 40-მდე ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე: 

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

„ევროპული საქართველო“: მერია აქტივისტების დასასაქმებლად ბიუჯეტს იყენებს

„ბათუმის მერია პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად ბიუჯეტს იყენებს,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან,“ რაულ თავართქილაძე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მერიის ახალი პროგრამა შეაფასა საუბნო კავშირებზე. ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა.

რაულ თავართქილაძე ერთ-ერთ სატენდერო დოკუმენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მერიას ამხანაგობების ჩამონათვალი აქვს  და ასევე „ამომრჩეველი“.

„რატომ წერია ამ გრაფაში ამომრჩეველი? შეცდომა გაეპარათ, რადგან რეალურად პარტიული დაკვეთაც ეს იყო, რომ ამ პროგრამით დაეფინანსებით პარტიული აქტივისტები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ასე ასაქმებენ კოორდინატორებს,“ – ამბობს რაულ თავართქილაძე.

კავშირების ჩამოყალიბება ტენდერში გამარჯვებულმა 90 დღეში უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც მერია მას მაქსიმუმ 33 200 ლარს გადაუხდის.

ამავე თემაზე: 

ბათუმის მერია საუბნო კავშირების ჩამოყალიბებაში 33 ათას ლარს დახარჯავს

 

რა მდგომარეობაა აჭარის მთაში – შუქი ზოგიერთ სოფელს ისევ არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გამოწვეული პრობლემები ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. შუქი არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, გზების ნაწილს დღეს წმენდენ. „ბათუმელები“ მოკლედ გაგაცნობთ ვითარებას მაღალმთიანეთში მუნიციპალიტეტების მერიებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევში 11 სოფელს [ბრილს, ნაღვარევს, ვანს, ბარათაულს, სხეფს, ჩანჩხალოს, გომარდულს, ტბეთს, გოგაძეებს, ცინარეთს და წაბლანას] შუქი არ მიეწოდება, მთლიანობაში 400 აბონენტს. უშუქობის გამო არ მუშაობს ბარათაულის საბავშვო ბაღი.

შუახევის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება საავტომობილო გადაადგილებას, მისივე ინფორმაციით, შუახევში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის – უმეტეს სოფელში გზა გაწმენდილია, ზოგან – ახლა წმენდენ.

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოში შუქი ოთხ სოფელს არ მიეწოდება, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ექვს საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა.

„შუქის მოწოდებაში გუშინ დილით დიდი პრობლემა იყო, რისთვისაც დამატებით ხუთი ბრიგადა ამოვიდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ ოთხ სოფელს არ მიეწოდება: პანტნარს, გელაურას, თაგოსა და სოფელ ვაშლოვანში სხანდარის უბანს. რაც შეეხება გადაადგილებას, მაღალი გამავლობის ავტომობილი ყველა მიმართულებით გადაადგილდება. თემების ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გზა გაწმენდილია, ცენტრებიდან სოფლების მიმართულებით გზა დღეს გაიწმინდება,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ქედის მერის მოადგილის, გურამ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქედაში ვითარება სტაბილურია. შიდა საუბნო გზები მეწყრისგან გაიწმინდა, თუმცა გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია ზვარეს თემის სოფლებს არ მიეწოდება.

მთავარ ფოტოზე: ხულო, აჭარის მთავრობის ფოტო

შეჩერდება თუ არა ნგრევა ძველ ბათუმში – ინტერვიუ ბათუმის მერთან

ბათუმის მერია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონის დამტკიცებას გეგმავს. დოკუმენტი მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა“ 2007 წელს მოამზადა, ხოლო მისი ნაწილი 2017 წელს განაახლა. ლაშა კომახიძესთან შეხვედრაზე დღეს „ბათომმა“ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის იმ ორ თავზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც განახლებული ვარიანტიდან ამოღებულია. რა ცვლილებები იგეგმება განაშენიანების კუთხით ბათუმში? – ამ და სხვა საკითხებს ლაშა კომახიძე „ბათუმელებთან“ დამატებით განმარტავს.

ბატონო ლაშა, რას მისცემს ქალაქს ამ დოკუმენტის დამტკიცება და რა შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, როგორც მერს, ძველი ბათუმის გადასარჩენად?

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ძალიან მკაცრ საზღვრებს  ქალაქის ტერიტორიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზღვრები განაპირობებს თუ რა ტიპის მშენებლობები შეიძლება იქ, ძალიან ბევრ სხვა რამესაც, – ეს საზღვრები ქალაქ მშენებლობაზე სერიოზული გავლენას იქონიებს. კერძოდ, ისტორიული ზონის საზღვარი, რომელიც არის მკაცრი კონტროლის საზღვარი, ძალიან შეზღუდულ პირობებს აწესებს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მათ ირგვლივ ფონური ნაგებობების, არამედ ღია ტერიტორიებისა და ცარიელი სივრცეების მიმართაც კი, მათ ადგილზე შემდგომი მშენებლობის თვალსაზრისით.

ანუ ეს დოკუმენტი მშენებლებისთვისაც სახელმძღვანელო შეიძლება გახდეს, მაგალითად, თუ მოვლენ თქვენთან სხვა მასშტაბების მოთხოვნით, თქვენ ეს შეიძლება დაუდოთ, როგორც არგუმენტი უარისთვის?

დიახ, ეს დოკუმენტი იქნება კანონი, რომელიც მტკიცდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ და მისი არდაცვა იქნება კანონის დარღვევა. ეს იქნება სავალდებულო.

თუმცა ითქვა, რომ ეს შეიძლება დარჩეს, როგორც სარეკომენდაციო დოკუმენტი და მას სხვა ძალა არ ექნება გენგეგმის გარეშე.

ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრები მისი დამტკიცების შემდეგ არის ძალიან მკაცრი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მნიშვნელოვან ასპექტებს – ის არ განსაზღვრავს 12 მეტრს, 15 მეტრს და ასე შემდეგ, ის განსაზღვრავს, ზოგადად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს არამხოლოდ ძეგლებთან, არამედ ფონურ შენობებთან დაკავშირებითაც. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის აბსოლუტურად სხვა დატვირთვის დოკუმენტი, რაც მოიცავს თავის თავში ამ პირველ დოკუმენტს. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რასაც ეს საზღვრები აწესებს.

მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ქალაქი დაყოფილია ზონებად – კომერციული, არაკომერციული, საცხოვრებელი ზონები. ამ დოკუმენტის დადების შედეგად, კონკრეტულად იქნება მითითებული მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები. ე.წ. K კოეფიციენტების სახით, ისევე როგორც გამწვანების და სხვა ტიპის კოეფიციენტები. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ყველაზე სერიოზული დოკუმენტი, მაგრამ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი იყოს მაღალი ხარისხის, საჭიროა, პირველ რიგში,  დამტკიცდეს ისტორიული და განაშენიანების რეგულირების ზონები. ამას „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი განსაზღვრავს. ეს არის თანმიმდევრულობაც და ურთიერთდამოკიდებულებაც ამ დოკუმენტებს შორის.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მირიან მეტრეველი

შეხვედრაზე ამ დოკუმენტიდან კონკრეტული ორი თავის ამოღებაზე გაამახვილეს ყურადღება… 

როცა კეთდება განცხადებები, რომ ამოღებულია, იქვე უნდა დაკონკრეტდეს, რომ ეს არ ამოუღია მერიას. „გეოგრაფიკმა“ გააკეთა დოკუმენტი 2007 წელს, ხოლო 2017 წელს განაახლა. განაახლა ზონირების ნაწილში, მაგრამ ნაწილი ამ დოკუმენტისა, რომელიც იყო ადრინდელ რედაქციაში. არ მოხვდა ახალში. რატომ არ მოხვდა ეს – „გეოგრაფიკმა“ უნდა განმარტოს. ეს არის, ალბათ, იმის შედეგი, რომ 2007 წელს ქალაქს ჰქონდა სულ სხვა რეალობა [კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თვალსაზრისით] და 2017 წელს, ანუ ათი წლის შემდეგ, ჰქონდა სულ სხვა. როდესაც საუბარია დეტალებზე, ის რეალობა ვეღარ იქნებოდა დასაყრდენი. დღეს განვმარტე – პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ, რომ საჭიროა უფრო მეტი დაკონკრეტება, დეტალიზება, მეტი განშლა, ჩაშლა და ასე შემდეგ, იქნება ამისთვის საშუალება თებერვლის თვეში, როცა ჩვენ შევხვდებით პროფესიულ წრეებს, არასამთავრობო სექტორს, გავაკეთებთ სამუშაო შეხვედრებს და საჯარო დისკუსიებსაც. ეს ყველაფერი საბოლოოდ  ჩამოყალიბდება იმ რეკომენდაციებში, რასაც მერია გაუგზავნის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად.

„ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე და მერი ლაშა კომახიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ

დღეს ისაუბრეთ ახალ პროექტზე – აპირებთ ისტორიულ სახლებში მცხოვრებთ შესთავაზოთ ამ სახლების გადარჩენა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის – განაწყენებული მშენებლები ხომ არ დაგიპირისპირდებიან?

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რაიმე ზარალი მივაყენე. აი, ამ მოდელით, მშენებლებს, დეველოპერებს, ვისაც უნდა იქ აშენება, მართალია, ვუწესებთ გარკვეულ შეზღუდვებს, მაგრამ ვაძლევთ დიდ შეღავათებს: წარმოიდგინეთ, გვაქვს სამსართულიანი ძეგლი, ან ძეგლის ტოლფასი ძველი შენობა, რომელიც გვინდა შევინარჩუნოთ, დღეს იქ ცხოვრობს პირობითად 20 ან 15 ოჯახი, შესაბამისად, საჭიროა მათი გამოყვანა. მშენებელი ითვლის ძალიან პრაგმატულად – ითვლის რა დაუჯდება კვადრატული მეტრი, რამდენი ფართობი უნდა მისცეს, შემდეგ ანგარიშობს ხარჯებს და ამის შემდეგ იწყებს მოგების დათვლას. ხარჯების ამოსაღებად არ არის საკმარისი სამი სართული, რადგან ფასები მაღალია, ის ითხოვს, რომ მინიმუმ მისცე ხუთი სართულის კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ სირთულეს ვხსნით და ვეუბნებით, რომ აი, ჩვენ გამოვიყვანეთ ეს ხალხი და შენ გრჩება მხოლოდ რეაბილიტაციის თანხა გადასახდელი, გაამაგრე ან ააშენე ზუსტად ისეთი შენობა. ჩვენ მას მოვხსენით თითქმის 50 პროცენტი ხარჯებისა, ეს მისთვის ხდება ღირებული პროექტი.

რას გულისხმობთ – ამ სახლს გარემონტების შემდეგ გაყიდის მშენებელი?

თუნდაც გაყიდვას, თუნდაც შიგნით რაიმე ობიექტის გახსნას, შეიძლება ეს იყოს საცხოვრებელი.

ანუ დაშლას და ახლის აშენებას არ გულისხმობთ? 

რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია არის, პირველ რიგში, შენარჩუნება ავთენტურობისა და არსებული მდგომარეობის. დაშლა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ვხედავთ, რომ სხვა გამოსავალი ამ შენობასთან მიმართებაში არ არის.

რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახლებში?

შეთავაზება იქნება ღირსეული, მაგრამ არ იქნება უნორმო, არარეალური. შეთავაზება იქნება ფართობი გარკვეული კოეფიციენტით, მაგალითად, ერთი და ორი ან ერთი და სამი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანს აქვს ასი კვადრატული მეტრი, პირობითად, მას შევთავაზებთ ქალაქის სხვა ადგილზე ფართობს ერთი და სამი კოეფიციენტით. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ფულადი დანამატის შესაძლებლობა – ზოგს აქვს განკარგვაში სარდაფი, დამხმარე ნაგებობები და ასე შემდეგ. ეს ბევრ დეტალზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ნამატი კოეფიციენტი და  საკომპენსაციო თანხა არის იმის საპირწონე, რომ მათ უწევთ ქალაქის ერთი ცენტრალური ნაწილიდან მეორე ნაწილში, არ ვიტყოდი, რომ პერიფერიაში, ვიტყოდი, რომ ქალაქის ნორმალურ ნაწილში [გადასვლა]. ვფიქრობ, ეს მიდგომა სიცოცხლისუნარიანია.

თქვენ თქვით, რომ მოლაპარაკებები დაიწყეთ ამ მიმართულებით. მიიღეთ პოზიტიური პასუხი?

გვაქვს დადებითი გამოხმაურება, იმედია, გამოვა. გამსახურდიას 11 ნომერში ჩვენ გვყავს მოქალაქეები, ვისაც დაახლოებით ხუთი წლის წინ სახლი დაეწვათ. ეს არის სასტუმრო „დივანის“ გვერდით არსებული სახლი – ძალიან სახასიათო ბათუმისთვის, ბათუმის ლამის ყველა ძველ ფოტოზეა გამოსახული. ეს სახლი თავისი აივნით კატასტროფულ მდგომარეობაშია. თუკი ჩვენ მივაღწევთ მფლობელებთან მოლაპარაკებას, სწორედ ამ გზით წავალთ – გავაკეთებთ ამ სახლის რეაბილიტაციის პროექტს, რამდენად ექვემდებარება რეაბილიტაციას თუ არა ნულიდან აშენებას [აღდგენით] და შემდეგ უკვე პროექტს გამოვიტანთ აუქციონზე, ამ პროექტის საფასურად გადაცემის საპირწონედ.

შეხვედრაზე მერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მერიამ დოკუმენტი და ახალი პროექტები შეიმუშავა მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მხარდაჭერით

მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯერ არ ჰყავს ხელმძღვანელი. ბათუმს არც მთავარი არქიტექტორი ჰყავს. თქვენ სპეციალისტების ჩართვაზე საუბრობდით…

ბატონი მირიანი მთავარი არქიტექტორია, რომელიც ამავე დროს არის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. გია რამიშვილი აღარ არის მრჩეველი, მერიაში ყველა მრჩევლის, თანაშემწის პოზიციები მოსვლის დღიდან გავაუქმე – ვფიქრობ, საჭიროა ძლიერი ხალხის შიგნით შემოზიდვა, არ არის საჭირო გარედან მრჩევლებისა და თანაშემწეების სახით არსებობა. ეს კითხვებს აჩენს. თუკი პროფესიონალ ადამიანს დააინტერესებს, ყოველთვის გვექნება საშუალება ის მივიღოთ შიგნით. რაც შეეხება იმას, რომ არ გვყავს არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი – მერიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ჩატარდება კონკურსები. შერჩევა მოხდება პროფესიონალიზმის ნიშნით, საშუალება ექნება როგორც არსებულ თანამშრომელს, ასევე გარედან… მე ხაზგასმით აღვნიშნე, არამხოლოდ ადგილობრივი რესურსით, კომპეტენციის გაძლიერებით ვაპირებ… ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არა გვყავს ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები წარმოდგენილი მერიაში – აი, ამ ადამიანების მოზიდვას და ჩართულობას ვუზრუნველყოფ პროცესებში. იმას არ ვამბობ, რომ მე ლაშა კომახიძე და არქიტექტურის სამსახური დღევანდელი შემადგენლობით გადავწყვეტთ ამას. ჩვენ ჩავრთავთ და მოვუსმენთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს – კრიტიკულს, მისაღებს, მიუღებელს, ყველაფერს შევკრებთ ერთად და მივცემთ საშუალებას გადაწყვეტილების მიმღებს, რომ გამოიტანოს დასკვნა. რაც მთავარია, საბოლოო ინსტანცია არის კულტურის სამინისტრო, რომელიც გაეცნობა ამ მასალებს და რომელიც დამატებითი ფილტრია,  ჩვენ რამე შეცდომა რომ არ დავუშვათ.

ნათია ზოიძემ დეველოპერების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა

და გენგეგმაზე, თუნდაც კვარტალურზე დაიწყებს მუშაობას მერია?

შევეცდებით ძალიან სწრაფად გავაკეთოთ. ზოგადად, ეს პროცესი თავისი ბუნებით ასეთი სწრაფი არ არის, ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მოწადინებული ვარ კონკრეტული გადაწყვეტილება და ნიმუშები ვაჩვენო ყველას, დამიჯერეთ, რომ ჩემი მხრიდან ამაზე დაყოვნება არ იქნება. ვიმოქმედებთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის საშუალებას პროცესები მოგვცემს.

მერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მსგავს შეხვედრებს ისევ გამართავს.

 

ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 40-მდე ცხოველი დაიღუპა, ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ცხოველები არასათანადო გარემოში ცხოვრობენ და მათი მოვლა სტანდარტების დაცვით ვერ ხერხერდება. რა შემთხვევაში იღუპებიან ცხოველები და როგორი უნდა იყოს მათი საცხოვრებელი გარემო შეზღუდულ სივრცეში? ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, ბათუმის ზოოკუთხეში  ცხოველების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. თუ ხართ ნამყოფი ამ ზოოკუთხეში და თქვენი შეფასებით, როგორ პირობებში ცხოვრობენ აქ ცხოველები?

კი, როგორ არა, ნამყოფი ვარ. სტანდარტებზე საუბარი რთული საქმეა, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სული ცხოველი ჰყავთ, როგორია კლიმატური პირობები და ა.შ თუმცა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს  და როგორც წესი, ამის დაცვა უნდა ხდებოდეს.

მაგალითად, ბათუმის ზოოკუთხეში შვიდი პრიმატი 5 კვ მეტრში ცხოვრობს. ნიშნავს ეს იმას, რომ ცხოველებს ძალიან ცუდად ვექცევით?

თავისთავად, 5 კვ. მეტრში არ უნდა ცხოვრობდნენ, ეს არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. თუმცა ზოგჯერ ფართობს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ზოგიერთი პრიმატისთვის, რომელიც მეხეურ ცხოვრებას ეწევა, სულერთია მიწის ფართობი, რადგან ის მიწაზე მაინც არ ჩამოვა, მას უნდა ჰქონდეს ვერტიკალურად განვითარებული ვოლიერი, რომელიც შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. მარტო ფართობი, დიდიც რომ იყოს, არ არის გადამწყვეტი. არიან პრიმატები, რომლებიც გრუნტზე ცხოვრობენ, იგივე ბაბუინები, პავიანები და ა.შ. მათ, თავისთავად, ფართობი სჭირდებათ. არსებობს კომპლექსური მიდგომა, რასაც ჰქვია გარემოს გამდიდრება ცხოველებისთვის და ამის მიხედვით უნდა შეუქმნა ცხოველს შესაფერისი პირობები.

როგორც ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამბობს, ეს პრიმატები ათი წელია მეტლახზე ცხოვრობენ, რას ნიშნავს ეს მათთვის?

მეტლახი ცუდია, რადგან  პრიმატებს არ აქვთ კანქვეშა ცხიმოვანი საფარველი და ადვილად ცივდებიან. ამიტომ ემართებათ პნევმონია. სწორედ ამიტომ პრიმატების ვოლიერში ქვემოთ დაგებული უნდა იყოს ნახერხი, რადგან ის ისრუტავს სისველეს.

ზოოკუთხეში პრიმატები და ლემურები დახურულ ვოლიერებში ჰყავთ. ამბობენ, რომ ეს არის ზამთრის ვოლიერი. რამდენად შეიძლება რომ ცხოველები ამ ხნის მანძილზე ჰაერზე არ გამოვიდნენ?

ჩახუთული და მაღალი ტემპერატურა ვოლიერში არ შეიძლება. ტემპერატურა უნდა რეგულირდებოდეს.

ზოოკუთხეში არ მუშაობს ცენტრალური გათბობა და ელექტროგამათბობელია ჩართული, ეს რამდენად მიზანშეწონილია?

თუ მომვლელები არსებობენ, ისინი უნდა ახერხებდნენ სითბოს დარეგულირებას.  ჩახუთულობა  ხდება დაავადებების გავრცელების მიზეზი. ხშირად წარმოუდგენიათ, რომ რადგან  პრიმატები სამხრეთის ქვეყნების ცხოველები არიან, მათ სჭირდებათ სიცხე. ასე არ არის სინამდვილეში. მათ ტემპერატურის მონაცვლეობა, სუფთა ჰაერი ისევე სჭირდებათ, როგორც ზომიერი განედის ცხოველებს.

ვოლიერები უნდა იყოს ისეთი, რომ ცხოველს გარეთ გამოსვლა შეეძლოს. გაცილებით უფრო მკაცრი კლიმატის ქვეყნებში, თუნდაც ჰოლანდია  ან დიდი ბრიტანეთი რომ ავიღოთ, პრიმატებს თავისუფალი არჩევანი აქვთ – შევიდნენ დახურულ სივრცეში თუ იყვნენ გარეთ. ჩვენ გვყავს, მაგალითად, პავიანები და მაკაკები, რომლებიც საკმაოდ მკაცრ პირობებს არიან შეგუებულნი. მათ მაინც და მაინც თბილი ოთახები არ სჭირდებათ, მაგრამ თავშესაფარი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ვოლიერი არის ღია და როცა უნდა გამოდის გარეთ, როცა უნდა არის თავშესაფარში. თვითონ წყვეტენ, სად ურჩევნიათ იმ მომენტში ყოფნა.

ლემურებისთვის რომელია უფრო ბუნებრივი გარემო? ბათუმის ზოოკუთხეში ისინიც პრიმატების მსგავს მდგომარეობაში არიან.

ჩვენს ლემურებსაც [თბილისის ზოოპარკში] აქვთ არჩევანის საშუალება. ის, რომ ზამთარში დახურულ ვოლიერში იყოს და ზაფხულში ღიაში, ასე არ არის. სიცივეშიც შეუძლიათ გარეთ იყვნენ, თუკი თვითონ მოისურვებენ. როცა მზე გამოდის, ეფიცხებიან ხოლმე. ვოლიერში უნდა იყოს სიმყუდრევე, ორპირი ქარი არ უნდა წარმოიქმნას, ასეთი რამეები გასათვალისწინებელია.

კატისებრი ლემურები ბათუმის ზოოკუთხეში

ბათუმის კლიმატი როგორი იქნება მათთვის?

ბათუმი არ ხასიათდება მკაცრი ზამთრით და ლემურების ჰაერზე ყოფნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ტროპიკებში ტენიანობაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ბათუმში, ასე რომ, ეს პრობლემა არ იქნება მათთვის.

ზოოკუთხეში ოთხი კენგურუ დაიღუპა და მარტო დარჩენილი ერთი კენგურუ თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო მათი დაღუპვის მიზეზი, რას ვერ შეეგუენ ისინი?

მიზეზი ბევრი შეიძლება არსებობდეს. შესაძლებელია გაუჩნდეთ დაავადება ტოქსოპლაზმა, ერთუჯრედოვანი პარაზიტი, რომელიც დამღუპველია კენგურუებისთვის.  ეს დაავადება გადააქვთ კატებს. ადამიანებსაც ემართებათ და ხშირად ვერც კი იგებენ აქვთ თუ არა. ასევე, კენგურუებზე ძალიან მოქმედებს სტრესი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოქმედებამ, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ.

რადგან ცხოველები გვყავს, ალბათ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემების მართვაც. მაგალითად, როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ ცხოველი სტრესშია?

ეს ვოლიერების დაგეგმარებიდან გამომდინარეობს. ვოლიერებში ცხოველებს უნდა ჰქონდეთ კომფორტული გარემო. როცა მობეზრდება  ადამიანების ყურადღება, მას უნდა ჰქონდეს დამალვის საშუალება. თუ ამის საშუალება არ აქვს, განიცდის. ვოლიერში უნდა იყოს მოწყობილი  ბუნებრივი ბარიერები  და არ უნდა იყოს ჩაკეტილი. ზოგიერთი ცხოველი უნდა გაიქცეს, ზოგს შეუძლია ბალახებში ჩაწვეს და ისე დაიმალოს.

ზოოკუთხეში დაიხოცნენ ირმებიც. ირმების ბუნება როგორია, რას ვერ ეგუებიან ისინი დატყვევებულ პირობებში?

ყველა ცხოველს სჭირდება შესაბამისი პირობები. ზოგი ცხოველი უფრო მგრძნობიარეა სტრესისადმი, ზოგი – ნაკლებად. ეს შეიძლება ინდივიდუალურადაც კი იყოს გამოხატული.

რა პერიოდულობით უნდა ხდებოდეს  ზოოპარკში ცხოველების გამოკვლევა?

ბუნებრივია, დაკვირვება სისტემატურად უნდა ხდებოდეს. თუ ცხოველი არ ჭამს, მოწყენილია, ქცევა იცვლება, ამას ყურადღება სჭირდება და უნდა ჩაერთოს ვეტექიმი. დანარჩენი მისი კვალიფიკაციის ამბავია, როგორ შეაფასებს ამას. თუ საჭიროა ცხოველის ტრანკვილიზაციაც უნდა მოხდეს, რომ ჩატარდეს უფრო ღრმა გამოკვლევები. არსებობს დაავადებები, რომლებმაც  შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემია და ვერ გააჩერებ ვერანაირად.

შეიძლება ცხოველების მიმართ ჩადენილ სისასტიკედ მივიჩნიოთ ის, რაც ბათუმის ზოოკუთხეში ხდება? რამდენად გამართლებულია ცხოველების ყოფნა გარემოში, სადაც მათი უფლებები დარღვეულია?

ადამიანები თავისთავად სასტიკად არ უნდა მოექცნენ ცხოველებს, მაგრამ რომ არა ზოოპარკები, ცხოველების 30 პროცენტი უბრალოდ არ იარსებებდა.  კლასიკური მაგალითია სუმატური მარტორქის აღდგენა, რომ არა ზოოპარკები, ეს ცხოველი გაქრებოდა.

როცა მათ გადარჩენას ვუწყობთ ხელს, გასაგებია, მაგრამ როცა პირიქით ხდება?

ნებისმიერ პატარა ტერიტორიაზე შეიძლება შექმნა კარგი ზოოპარკი, თუმცა მეტი ძალისხმევა გჭირდება ამისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ცხოველები  გეყოლება. გარდა იმისა, რომ ცხოველები ნორმალურ პირობებში უნდა გყავდეს, თითოეულ ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია, ანუ რატომ არიან ისინი ზოოპარკში. შესაბამისად, უნდა აწარმოებდე იქ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კონსერვაციულ მუშაობას. სხვანაირად ის უბრალოდ ვერ გახდება ზოოპარკების საერთაშორისო თანასაზოგადოების წევრი.

ბათუმის  ზოოკუთხე შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო მიზნით, ეს იქნება ალბათ უფრო მისაღები და კოლექცია, ანუ სახეობების შემადგენლობა უნდა იყოს შერჩეული ძალიან ფრთხილად.  მომწონს გორილა და მინდა, რომ მყავდეს, – ასე არ შეიძლება. გორილა რისთვის უნდა გყავდეს, ეს უნდა იცოდე. ამიტომ, შენ უნდა შექმნა კოლექციის გეგმა და ამას უნდა ჰქონდეს თავისი დასაბუთება, ახსნა, თუ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ქობულეთის მერი სამსახურებს გაუფრთხილებლად ამოწმებს

ქობულეთის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გატარდა. ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლის 6 თანამშრომელი გააფრთხილეს. დისციპლინური დარღვევები – სამუშაო საათებში  სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტები – ამ ორგანიზაციებში მერის მოულოდნელი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს TV25 -მა გაავრცელა.

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ მერიას დაქვემდებარებული სამსახურების შემოწმება 24 იანვრიდან დაიწყო. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

ბატონო მირიან, რა მიზანი ჰქონდა შემოწმებას, რატომ გადაწყვიტეთ სტუმრობა ამ დაწესებულებებში?

მე ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი. დაწესებულებები, რომელთა მონახულებისა და საქმიანობის შესწავლა გვაქვს დაგეგმილი, წარმოადგენენ მერიის მიერ  დაფუძნებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს. კოორდინაციისა და კონტროლის ფუნქცია გააჩნია მერიას. ახალარჩეული მერი უნდა იცნობდეს ყველა ამ დაწესებულების საქმიანობას.

ამ საქმიანობას გავაგრძელებთ აუცილებლად.  მომავალში გვაქვს დაგეგმილი ამ დაწესებულებების ოპტიმიზაცია, რაც თავისთავად  თანამშრომლების რიცხოვნობის შემცირებას არ გულისხმობს.  ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, არის ზოგიერთი დაწესებულება, რომელიც შპს-ს სახით არის ჩამოყალიბებული და ის პასუხისმგებელია, რომ მისი საქმიანობა იყოს მოგების მიღების მიზნით, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული საბიუჯეტო სახსრებზე. ამ კუთხითაც ვგეგმავთ სხვადასხვა რეკომენდაციის შემუშავებას. გვინდა ასეთი დაწესებულებების საქმიანობა უფრო რენტაბელური და ეფექტიანი გახდეს.

რა სურათიც დაგხვდათ, რამდენად ელოდით? მაგალითად, იყავით ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიოდნენ?

არა, მე, მართალი გითხრათ, ამის შესახებ… იქ რომ მივედით, სურათი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი იყო. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი მუშაობდა ჩვეულებრივად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მოვალეობებს. ძირითადი საქმიანობა მიმდინარეობდა სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას და არც იყო გაფრთხილებული ზემდგომი ხელმძღვანელი იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა ის.

ეს  წარმოადგენს შრომითი მოვალეობების დარღვევას. სამუშაო საათების დროს მოხელე უნდა იმყოფებოდეს სამუშაო ადგილას, ჩვენი მხრიდან აღინიშნა ეს  და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია დაწესებულების ხელმძღვანელს, რომ დაწესებულების მიზნებიდან გამომდინარე, მას შეეძლო გაეტარებინა ან არ გაეტარებინა დისციპლინარული ხასიათის ზომები.

თქვენ თქვით, რომ გეგმავთ ოპტიმიზაციას. რა იგულისხმება ოპტიმიზაციაში?  

ჩვენი მიზანი არაა ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლება, დასჯა. ჩვენი მიზანია, რომ დაწესებულება, რომელიც მერიის სახელით მოქმედებს და რომელიც არის  მერიის მიერ დაფუძნებული, ეს დაწესებულება  უნდა პასუხობდეს ყველა შესაძლო თანამედროვე გამოწვევას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოების სამსახურში. მის მიერ გაწეული ყველა საქმიანობა უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნას. ეს არის ჩვენი მიზანი.

ბატონო მირიან, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ზედმეტი სამუშაო შტატები ქობულეთის საჯარო სტრუქტურებში?

საზოგადოებრივი ინტერესი მესმის ოპტიმიზაციასთან და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა  დავიტოვო უფლება, რომ დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრო.  ჩვენ ჯერჯერობით ვართ ამ საკითხის შესწავლის რეჟიმში, პროცესში.  სწორედ ამიტომ შესაძლებელია მომავალში დაიგეგმოს, როგორც მერიის სამსახურების, ასევე დაქვემდებარებული დაწესებულებების რეორგანიზაცია – ოპტიმიზაციის პროცესი… მაგრამ მე, როგორც იურისტმა, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია, მაინცადამაინც  დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას არ გულისხმობს. თუკი იქნება იმის აუცილებლობა, თუკი დასაქმებულთა რიცხოვნობა იქნება ჭარბი და შესაბამისად აუცილებლად დადგება უკიდურესი ღონისძიების სახით  შტატების, სამუშაო ადგილის შემცირება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ  გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და  კანონთან შესაბამისი პრაქტიკის შესაბამისად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მე მიმაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ეს შეიძლება იყოს უკიდურესი, ასე ვთქვათ, მექანიზმი და საშუალება იმისათვის, რომ მიაღწიო შენთვის სასურველ ორგანიზაციულ მოწყობას. თუნდაც მერიის ცენტრალურ სამსახურში, თუნდაც დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. ზოგადად, ხარჯების ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება საქმიანობის ნაყოფიერების გაზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

სასჯელი, რომელსაც სასამართლო არ იყენებს

სასჯელი, რომელსაც სასამართლო არ იყენებს, გამასწორებელი სამუშაოა. ამ დროს მსჯავრდებულს ხელფასიდან ექვითება თანხა. ჩამოჭრილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. გამასწორებელი სამუშაოს შეფარდების შემთხვევაში, მსჯავრდებული სამუშაო ადგილზე რჩება. მას ხელფასიდან მაქსიმუმ 20 პროცენტი შეიძლება ჩამოეჭრას.

„ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. სასჯელის სახეს, როგორც წესი, მოსამართლე არჩევს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსამართლეები ითვალისწინებსენ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს. არც ერთ ბრალდებულს არ სურს მისთვის გამასწორებელი სამუშაოს შეფარდება. იგივე საპროცესო შეთანხმებების დროს, როცა მხარეები ერთმანეთს სასჯელზე უთანხმდებიან, იქაც აფიქსირებენ ბრალდებულები, რომ მათ არ სურთ გამასწორებელი სამუშაო,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

გამასწორებელი სამუშაო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახეა სხვადასხვა დანაშაულზე: ცხოველისთვის სასტიკი მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, განსაცდელში მიტოვება, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყობა, ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება… ამ და სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე მოსამართლეს სასჯელის სახედ გამასწორებელი სამუშაოს შეფარდება შეუძლია.

სასამართლო საქმეების მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ახორციელებს. ასოციაციის იურისტი, გოგა ხატიაშვილი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა სასამართლომ ვინმეს სასჯელის სახედ გამასწორებელი სამუშაო შეუფარდა.

„შესაძლებელია ეს ხდება სასჯელის ამ სახის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ სასჯელის აღსრულების წინაპირობა არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული და მას პერმანენტულად უნდა ერიცხებოდეს თანხა. თუკი გამასწორებელი სამუშაოს შეფარდების შემდეგ მსჯავრდებული დაკარგავს სამუშაოს, ან განზრახ თავს აარიდებს ამ თანხის გადახდას, შეიძლება სასჯელის ეს სახე შეიცვალოს შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით,“ – აღნიშნავს გოგა ხატიაშვილი.

გამასწორებელი სამუშაოს შეფარდების დროს მოსამართლემ კონკრეტული მუხლის შესაბამისად უნდა განსაზღვროს დრო, როცა მსჯავრდებულს ხელფასიდან თანხა ჩამოეჭრება.

70-160 კილომეტრი ბათუმისკენ და უკან – მთაში მცხოვრები აბიტურიენტის გზა 

მაღალმთიან აჭარაში აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს ბევრი ფიქრი უწევთ იმაზე, თუ სად შეარჩიონ კვალიფიციური რეპეტიტორი, თავიანთ მუნიციპალიტეტში თუ ბათუმში იარონ მოსამზადებლად. ბევრი აბიტურიენტი სწორედ ამ ბოლო გზას ირჩევს და მიუხედავად შორი მანძილისა, ბათუმში არჩევს მომზადებას.

მეთორმეტეკლასელი ლილე აბესლამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მილისში ცხოვრობს. ლილეს ექიმობა უნდა და ოთხ საგანში ემზადება. ამბობს, რომ მხოლოდ ერთ რეპეტიტორთან დადის ქედაში, კიდევ ერთი საგნის რეპეტიტორთან სოფელ – ახალშენში, ხოლო ორ საგანში მოსამზადებლად კვირაში ორჯერ – ქედიდან ბათუმში.

სოფელი მილისი ბათუმიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული. თუ კი ლილე დილის 8 საათზე სოფლიდან ბათუმისკენ მიმავალ „მარშუტკას“ ვერ მიუსწრებს, 7 კილომეტრის გავლა ფეხით უწევს, სოფლიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე. გარდა იმისა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ბათუმში ჩასასვლელად ლილეს მისთვის ყველაზე ძვირფასი – დრო ეკარგება, რეპეტიტორისთვის გადასახდელ თანხას მგზავრობის თანხაც ემატება.

„ქართულსა და ინგლისურში ბათუმში ვმეცადინეობ, ბიოლოგიაში მოსამზადებლად სოფელ ახალშენში ავდივარ. ინგლისურსა და ქართულში 80 ლარს ვიხდი, მათემატიკაში – 100 ლარს. მართალია, მგზავრობაში საკმაოდ დიდი თანხა მეხარჯება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღებული განათლების ხარისხია,“ – ამბობს ლილე.

ლილეს ოჯახი ოთხ საგანში მოსამზადებლად თვეში 260 ლარს იხდის. ლილე აპირებს მუშაობა დაიწყოს და ოჯახს ფინანსური მდგომარეობა ასე შეუმსუბუქოს.

„მაკდონალდსში“ მუშაობის დაწყებას ვაპირებ, პრაქტიკა გავიარე და ზარს ველოდები. მუშაობა საშუალებას მომცემს, ჩემი სწავლის საფასური გადავიხადო და ოჯახს შეღავათი გავუკეთო. სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბევრი შრომა გვიწევს წარმატების მისაღწევად, ქალაქში მცხოვრებთათვის გაცილებით მარტივია, ყველაფერზე ხელი მიუწვდებათ, კარგ რეპეტიტორებზე, სამსახურებზე, თუნდაც დაბალ ანაზღაურებადზე, ინტერნეტზე… ეს კი ბევრი თუ არა, მინიმალური მაინცაა. კლასში 11 ვართ და მხოლოდ ორს გვაქვს გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება. ჩემსავით ისინიც ხან ბათუმში დადიან სამეცადინოდ და ხან ქედაში“, – ამბობს ლილე.

ლილეზე კიდევ უფრო შორი გზიდან – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისიდან უწევს რეპეტიტორთან სიარული ქეთი ძირკვაძეს. ქეთიც აბიტურიენტია. ის ბათუმში დადის რეპეტიტორებთან და ამისათვის სკოლასაც აცდენს. ქეთის უნდა ბიზნესის ადმინისტრირება თსუ-ში ან ილიაუნიში ისწავლოს და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება რეპეტიტორებთან სექტემბრიდან დაიწყო.

„კლასში სულ 10 მოსწავლე ვართ, თითქმის ყველა აპირებს სწავლის გაგრძელებას და მეცადინეობენ კიდეც რეპეტიტორებთან. სხვები სოფელში ემზადებიან და როგორ ვიცი, შედარებით იაფადაც. სოფელში ყველაზე ძვირია უცხო ენაში მომზადება, დაახლოებით 50 ლარი ღირს. ვერ ვიტყვი, რომ სოფელში პედაგოგები ნაკლებად ძლიერები არიან და ქალაქის პედაგოგებს ჩამოუვარდებიან. უბრალოდ, სოფელში ყველა ყველას ახლობელი და მეზობელია, ამიტომაც იაფად ამეცადინებენ“, – ამბობს ქეთი.

ზოგიერთი აბიტურიენტის მშობელი ფიქრობს, რომ აჭარის მთიანეთში პროფესიონალი რეპეტიტორების ნაკლებობაა, განსაკუთრებით ზოგად უნარებში. სწორედ ამიტომ აგზავნიან შვილებს ბათუმში მოსამზადებლად.

დაბა შუახევში მცხოვრები აბიტურიენტის მშობელი დავით დავითაძე ამბობს, რომ მის შვილს, ნიკას, ბათუმში ურჩიეს მომზადებულიყო ზოგად უნარებში. ნიკა ბათუმში ქართულ ენაშიც ემზადება, რეპეტიტორის გადასახდელ თანხას მგზავრობის ხარჯიც ემატება – ნიკას ერთი დღე სამეცადინოდ ბათუმში ჩასვლა 8 ლარი უჯდება, რადგან შუახევიდან ბათუმამდე მგზავრობის ფასი ერთი მიმართულებით  4 ლარია.

„ყველაზე კარგი ის იქნება, სკოლას ისეთი პედაგოგი ჰყავდეს, რომ რეპეტიტორთან მომზადება არ დასჭირდეს აბიტურიენტს, ან ადგილზე მაინც იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომ შუახევიდან ბათუმში არ უწევდეთ ბავშვებს სიარული. არიან პედაგოგები, რომლებიც აქაც ამზადებენ აბიტურიენტებს სხვადასხვა საგანში, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგება, ვისაც მინიმალური შესაძლებლობა აქვს, შვილის მოსამზადებლად რეპეტიტორს ქალაქში არჩევს“, – ამბობს დავითი.

თეონა ტაკიძე დაბა ქედაში ცხოვრობს. იგი ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში ემზადება. თეონა ამბობს, რომ ქედაში ყველაზე მოთხოვნადი ზოგადი უნარების რეპეტიტორია, თუმცა ყველაზე ძვირი ინგლისურ ენაში მომზადება ღირს. თეონას ოჯახი სამ საგანში მის მოსამზადებლად თვეში 200 ლარს ხარჯავს. ზოგად უნარებში მომზადების ფასი 50 ლარია, იგივე ღირს მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურში კი – 100 ლარი.

„ქედაში ზოგადი უნარების ორი ცნობილი რეპეტიტორია, შესაბამისად, მათ დაკავებული გრაფიკი აქვთ და აბიტურიენტებსაც ჯგუფურად ამეცადინებენ. მე კმაყოფილი ვარ მომზადებით. კვირაში სამი დღე ვმეცადინეობთ, კლასში 35 მოსწავლე ვართ და დაახლოებით 25 დავდივართ რეპეტიტორთან“, – ამბობს თეონა.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ ქედისგან განსხვავებით უცხო ენაში მომზადება გაცილებით იაფია ხულოში, ხოლო ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში – უფრო ძვირი.

ელდარ ჯავახიძე აბიტურიენტია დაბა ხულოდან. მისი თქმით, ხულოში ცნობილი რეპეტიტორები სკოლაში არ ასწავლიან და მხოლოდ რეპეტიტორობით არიან დაკავებული. ელდარის თქმით, ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორთან მომზადება ხულოში, ზოგად უნარებში, 60 ლარია, ამდენივე ღირს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება, ხოლო ინგლისურში – 50 ლარი.

„რეპეტიტორთან სამ საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ზოგადებში ვმეცადინეობ, ხოლო ისტორიაში – დამოუკიდებლად. სამ საგანში მომზადება თვეში დაახლოებით 150 ლარამდე მიჯდება. აქ ყველაზე მოთხოვნადი ზოგადი უნარების რეპეტიტორია, ასევე მოთხოვნადია ინგლისური ენა“.

ელდარი ამბობს, რომ „აბიტურიენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ან არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ მომზადების საფასური, რეპეტიტორები უფასოდ ამეცადინებენ“.

____________________

მთავარ ფოტოზე: გზა მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: „ბათუმელები”/მანანა ქველიაშვილი

ინტერნეტ სექსშოპის შეკვეთებში თბილისის შემდეგ ბათუმი ლიდერობს

„სექსშოპი“ ქართულ ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა თბილისში მაღაზია „აფროდიტეს“ გარკვეულმა ჯგუფებმა პროტესტის ნიშნად საღებავები შეასხეს, აქცია გამართეს და თქვეს: „სექსი ეშმაკის შვილია“… ამის შემდეგ „სექსშოპმა“ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

„სექსშოპის“ ინტერნეტმაღაზიებში ახლა ამბობენ, რომ შეკვეთების რაოდენობა იზრდება და თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად სექსუალურ სათამაშოებს ბათუმიდან იწერენ. ინტერნეტ სექსშოპში ყველაზე ძვირი სილიკონის თოჯინაა – 5 ათასი ლარი, ასევე მოოქროვილი ვიბრატორი – 3900 ლარი. ყველაზე იაფად, 10 ლარად, თვალის ასახვევის შეძენა შეგიძლიათ.

„ჩვენ 2015 წლიდან ვართ ბაზარზე. შეკვეთები მზარდია, რადგან ხალხმა მეტი გაიგო ჩვენ შესახებ,“ – გვიყვება ერთ-ერთი სექსშოპის ოფისის ხელმძღვანელი. – „ყველაზე აქტიური, თბილისის შემდეგ, ბათუმია. მერე მოდის ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი… სოფლებიდან იშვიათად გვაქვს შეკვეთა. ნებისმიერი ნივთის შეძენა ონლაინ ხდება და დაცულია კონფიდენციალობა. შეკვეთილი ნივთი შემძენს მინიშნებულ მისამართზე მისდის, ან ფოსტის ოფისში შეუძლია მისვლა. გენდერული ნიშნით ვერ გეტყვით, რომელია უფრო აქტიური, ქალებიც გვიკვეთავენ და კაცებიც. თან ასე ვერ გაიგებ, ძირითადად გვწერენ, რომ საჩუქრად უნდათ… ჩვენ მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული არ ვართ. გვაქვს ნივთები, რომლებიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ოვულაციის საზომი ტესტი. ამით დგინდება, როდის აქვს ქალს ორსულობისთვის ყველაზე კარგი პერიოდი.“

რომელ ნივთებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა და რა თანხას იხდის მომხმარებელი საშუალოდ ინტერნეტ სექსშოპში? – ინტერნეტ სექსშოპის მაღაზიებში პოპულარული სექსუალურ სათამაშოების ვრცელი ჩამონათვალი აქვთ. ჩვენ ამ თემაზე ორი ინტერნეტმაღაზიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. ორივე მათგანმა ყველაზე პოპულარულ ნივთად ვიბრატორი დაასახელა, ასევე ანალური სათამაშოები, პროსტატის მასაჟორები და ლუბრიკანტები. ყველაზე ნაკლებად მასტურბატორები იყიდება.

სექსშოპის მფლობელების თქმით, მათთან მისული ერთი კლიენტი საშუალოდ 150-200 ლარს ხარჯავს. ქართულ ინტერნეტ სექსშოპებს ნივთები, ძირითადად, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან შემოაქვთ. შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია სასურველი ნივთის სხვა ქვეყნიდან ჩამოტანაც.

„ბოლო დროს ყველაზე ძვირიანი შეკვეთა რაც მქონია, არის 680 ლარი… ძირითადად, უფრო იაფფასიან ნივთებზეა მოთხოვნა. ჩვენს შემთხვევაში, ძირითადად, 80 პროცენტი მამაკაცები გვაძლევენ შეკვეთას. ვერ ვიტყვი, რომ ეს მომგებიანი ბიზნესია, რადგან ისევ მყარია ქართული მენტალიტეტი, მაგალითად, ბანკები და სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები როგორც კი იგებენ, რომ სექსშოპთან მოუწევთ თანამშრომლობა, გადარიცხვებზე უარს გვეუბნებიან. არგუმენტი არის ის, რომ ეს მათ რეპუტაციას ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, საკურიერო ფირმას დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორები უხდის, ან e-money-დან, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვეულებრივი მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, ვიდრე ევროკავშირში არ შევალთ,“ – გვითხრა კიდევ ერთი სექსშოპის ხელმძღვანელმა.

არჩილ ბაქრაძე, სექსოლოგი: „სექსშოპი უნდა არსებობდეს, ეს არის მოთხოვნადი პროდუქტი და უნდა არსებობდეს მისი შეძენის შესაძლებლობა. საუბარია სექსუალურ სათამაშოზე. სათამაშო რას გულისხმობს, თამაშს ხომ? თუ თამაში აკრძალულია, რატომ არაა მაშინ კაზინო აკრძალული ბათუმში? სექსშოპში სიამოვნების მეტი არაფერია. უამრავი ნივთი იყიდება იქ, რაც ყოველდღიურობაში საჭიროა. მაგალითად, ქალს, რომელსაც ქმარი მივლინებაში ჰყავს, ან ზღვაში, რა ჯობია, მეზობელთან გადავიდეს, თუ ფალოიმიტატორით დაიკმაყოფილოს თავი?“

ინტერნეტ სექსშოპებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თვეში დაახლოებით 3 ათასი  სტუმარი ჰყავთ.

 

 

ბათუმის მერია საუბნო კავშირების ჩამოყალიბებაში 33 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, საუბნო კავშირები იქნება ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ერთობა, ხოლო კავშირების წევრები იქნებიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები.

საუბნო კავშირების ჩამოყალიბებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კავშირების ჩამოყალიბება ტენდერში გამარჯვებულმა 90 დღეში უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც მერია მას მაქსიმუმ 33 200 ლარს გადაუხდის [საბოლოო თანხა განისაზღვრება ტენდერის დასრულების შემდეგ]. მერია ამ თანხით დააფინანსებს პროექტის დირექტორის, მენეჯერის, კონსულტანტებისა და მობილიზატორების შრომის ანაზღაურებას, საოფისე და სატრანსპორტო ხარჯებს, ტრენინგებს, კოფე-ბრეიკსა და ლანჩს.

ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით საუბნო კავშირების საქმიანობას უხელმძღვანელებს თავმჯდომარე, რომელსაც 4 წლის ვადით აირჩევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანების საერთო კრება.

ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით საუბნო კავშირების კრების მოწვევა კი ხორციელდება:

[checklist]

  • ადმინისტრაციული ერთეულის საუბნო კავშირების არანაკლებ 5 წევრის მიერ;
  • მუნიციპალიტეტის მერის მიერ – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
  • ადმინისტრაციული ერთეულის საუბნო კავშირების თავმჯდომარის ან მმართველი საბჭოს მიერ.

[/checklist]

მერიაში აცხადებენ, რომ საუბნო კავშირების ჩამოყალიბების მიზნებია: მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა მოსახ-
ლეობის ინტერესებზე მორგებით; საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი
გადაწყვეტილებების მიღება; მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა ბიუჯეტის ფორმირებისა და ამა თუ იმ პრობლემების მოგვარების პროცეში; ამხანაგობების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

 

სადახლოსა და სარფში მარიხუანა და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 – 29 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სადახლო-საავტომობილოსა”  და “სარფში” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და  საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (5.977 გრამი) აღმოაჩინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას ახალი იდეის შესახებ განაცხადა.  მერის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება.

მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა.

პროექტის შესახებ სხვა დეტალები ბათუმის მერს არ დაუზუსტებია.

შეხვედრაზე მერის იდეაზე იყოს შენიშვნა, რომ  ეზოების მოწყობის ბიუჯეტით წახალისება არ იქნება სწორი და აჯობებს დაბალპროცენტიანი სესხი. პასუხად ბათუმის მერმა განაცხადა, რომ დაბალპროცენტიან სესხებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება არსებობს.

ლაშა კომახიძის თქმით, ძველი ბათუმის განვითარების სტრატეგიაზე ტურიზმის დეპარტამენტიც მუშაობს.

მერთან შეხვედრა
მერთან შეხვედრა
მერთან შეხვედრა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, დღეს, პირველ თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება კითხვა-პასუხისა და წინადადებების რეჟიმში.

ამავე თემაზე: ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად

 

გამოყენებითი მათემატიკის უფასო კურსები მოსწავლეებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყენებითი მათემატიკის კურსებს აცხადებს. კურსი მათემატიკის მოყვარული, VII-X კლასის იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებსაც სურთ, იმაზე მეტი ისწავლონ მათემატიკის შესახებ, ვიდრე ამას გაკვეთილზე ახერხებენ.
ორგანიზატორების ცნობით, მოსწავლეები კურსის განმავლობაში შეისწავლიან ფიბონაჩის მიმდევრობას და ოქროს კვეთას, ათვლის პოზიციურ სისტემებს, არაევკლიდურ გეომეტრიებსა და გამოყენებითი მათემატიკის კიდევ ბევრი სხვა დეტალს.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე. სარეგისტრაციო აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 6 თებერვალი, 22:00 სთ.

ერთი გაკვეთილი ერთსაათიანი (16:00- 17:00) და ჩატარდება: 13, 16, 20, 23, 27 თებერვალს.

ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან მუშაობის შედეგად შემუშავებული პროექტი წარმოადგინა ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში. კერძოდ:

• პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი;
• დახვეწილი არქიტექტურა შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით;
• მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის. 

როგორც მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათ მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად გამოსყიდვას, მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი შეიმუშავებენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებისთვის პირობიანი საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება.

შეხვედრაზე მერმა ასევე წარმოადგინა:

• ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების (გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული) დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები.

• ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები.

მერის განცხადებით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დოკუმენტი გათვალისწინებული იქნება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, რომლის ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი ტექნიკურ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამოცხადდეს.

შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილი პროექტების განხილვა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და ბათმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ლაშა კომახიძეს არ დაუსახელებია ორგანიზაცია, რომელთანაც, მისი თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფის თაობაზე , ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს“ ღია წერილზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მერის გეგმის შეფასებებს, თუ რამდენად რეალისტურია ეს პროექტი და რა საფრთხეები არსებობს, „ბათუმელები“ მოკლე ხანში შემოგთავაზებთ.

შუახევში აბონენტების 60 პროცენტს შუქი არ მიეწოდება, 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შუახევში აბონენტების 60 პროცენტს არ მიეწოდება, მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო კი 17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

არ მუშაობენ ბარათაულის, უჩამბისა და ფურტიოს საბავშვო ბაღები.

მერის მოადგილის თქმით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 მეტრს აჭარბებს, დაბალ ზონაში კი 20-30 სმ-ია.

„დილით შუქი არ მიეწოდებოდა შუბნისა და წყალსაყრის თემების სოფლებს მთლიანად და სხვა თემების ზოგიერთ სოფელს. რაც შეეხება საავტომობილო გადაადგილებას, მაღალი გამავლობის ავტომობილი ყველა მიმართულებით გადაადგილდება,“ – აღნიშნა რუსუდან შავაძემ.

ამავე თემაზე: ქედაში მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა, რამდენიმე სოფელს კი შუქი არ მიეწოდება 

მთავარ ფოტოზე: თოვლი შუახევში. ფოტო: შუახევის მერია 

ქედაში მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა, რამდენიმე სოფელს კი შუქი არ მიეწოდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვარჯანისსა და აქუცაში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარებული მეწყრის გამო შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.

ქედის მერიის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწოდება დანდალოსა და ოქტომბრის თემში შემავალ სოფლებსა და მერისის თემის სამ სოფელს: სილიბაურს, ნამონასტრევსა და შევაბურს.

„გზებზე მცირე მეწყრები განვითარდა, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, გეოლოგები ამოვიდნენ და დაიწყეს საცხოვრებელ სახლებთან დამეწყრილი კერების შესწავლა. რაც შეეხება ცენტრალურ საავტომობილო გზას, მასზე შეზღუდვები არ არის,“ – ამბობს გურამ ბერიძე, ქედის მერის მოადგილე.

ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

სანაპირო რაიონებში ტემპერატურა დღისით 9-14, ღამით კი 1-6 გრადუსი იქნება.

მთაში დღისით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ღამით – 1-6 გრადუსი ყინვა.

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი,“  – განაცხადეს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

______________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ნავსადგურთან. სულხან სალაძის ფოტო სერიიდან – „ორი ცა, ერთი ბათუმი“

უშუქობა და დიდთოვლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი სოფლებში ერთ მეტრზე მეტია, შეზღუდულია გადაადგილება გზებზეც.

„სხალთა-ხიხაძირის მიმართულებით ცენტრალური გზა თოვლის საფარის გამო ჩაკეტილია. შესაბამისად, ჩაკეტილია სასოფლო გზებიც. გუშინ დაბაში თოვლის საფარმა ნახევარ მეტს, სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. მესამე დღეა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხალთის საჯარო სკოლაში, ცენტრალური გათბობის დაზიანების გამო.

სხალთის მიმართულებით ცენტრალური გადამცემი ხაზია ჩაწყვეტილი და შუქი არც ერთ სოფელს და დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება. ვაშლოვანი-დეკანაშვილების მიმართულებით გადაადგილება გართულებულია. სკოლებშიც მოსწავლეთა გამოცხადება ნაკლებია, აქაც მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება, რადგან გადამცემი ხაზებია დაზიანებული“, – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე.

მისივე ინფორმაციით, შუქი არ მიეწოდება დიდაჭარა-ღორჯომის დასახლებასაც. გზა მეტ-ნაკლებად გაწმენდილია ამ მიმართულებით, დანისპარაული-რიყეთის მიმართულებით გზა გაიწმინდა, თუმცა მაინც რთულია გადაადგილება, რადგან ტურისტების ჯგუფმა ვერ მოახერხა გამოსვლა და სამაშველო სამსახურმა გაუწია დახმარება“.

„ბათუმელები“ ხულოს მერსაც დაუკავშირდა. გოჩა მელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ თოვლის გამო სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია, ცენტრალური მაგისტრალი კი ამ დროისთვის იწმინდება.

გოჩა მელაძის თქმით, სასწავლო პროცესი შეფერხებულია სკოლებში და საბავშვო ბაღებში: „რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ჩვენ ველოდებით „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა და ამის მიხედვით გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენ სოფელს არ მიეწოდება შუქი.“

 

 

სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში, საავტომობილო გზის გასწვრივ, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიგეგმება. დოკუმენტაციის შეძენაზე სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა თანხით – 7 600 ლარი.

ტენდერის ძირითადი მოთხოვნაა: 

[checklist]

  • სარეკრეაციო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფანჩატურებით, კარვების განთავსების ადგილებით, შესაძლებლობის შემთხვევაში მდინარის ნაპირთან წვდომისათვის მისასვლელი [ჩასასვლელი] გზით ან ბილიკით
  • ვიზიტორთა კვებით მომარაგებისათვის მცირე ზომის მომსახურების ობიექტით [ცივი და ცხელი უალკოჰოლო სასმელების მიწოდება, სწრაფი კვებისათვის ერთჯერადი ჭურჭლის მიწოდება, ნახევარფაბრიკატებით უზრუნველყოფა ან/და მიწოდებული ნახევარფაბრიკატების მომზადების სერვისი]
  • სამწვადით [ე.წ. მაყალი]
  • სველი წერტილით, შესაძლებლობის შემთხვევაში საშხაპე კაბინით
  • სანაგვე ურნებით, გარე განათებით, ველოსიპედის პარკინგით
  • თუ შესაძლებელია WIFI-ით, ელექტროხელსაწყოების დამტენით და ტერიტორიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სხვა საჭირო მოწყობილობებით [რაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან].

[/checklist]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ზამლეთში საპიკნიკე ადგილის მოწყობა იმ პროგრამის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ასეთი ადგილები კიდევ ექვს ადგილზე უნდა მოეწყოს:

  • სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს
  • ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დოლოგანი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სახალვაშო – ბელვედერი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგური
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე – საავტომობილო გზის მიმდებარედ

საპიკნიკე ადგილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა 2017 წელს აჭარაში „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით დაიგეგმა. თავდაპირველად საუბარი იყო 8 ობიექტის პროექტი მომზადებულიყო, თუმცა სამინისტრომ ტენდერი 6 ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. ხელშეკრულება კი ინდმეწარმე გიორგი კობალაძესთან 23 999 ლარზე გაფორმდა.

რაც შეეხება უშუალოდ საპიკნიკე ადგილების მოწყობას, ტენდერი პირველ ეტაპზე გამოცხადდება საპიკნიკე ადგილების სახალვაშოსა და დანდალოში მოწყობაზე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შემდგომში, თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლოა პროგრამა გაგრძელდეს და ასეთი ადგილები სხვაგანაც მოეწყოს.

სახალვაშოში მოსაწყობი საპიკნიკე ადგილის მაკეტი
მთავარი ფოტო: დოლოგანში მოსაწყობი საპიკნიკე ადგილის მაკეტი

წითელას შემთხვევეთა რაოდენობა აჭარაში 96-მდე გაიზარდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევათა რაოდენობამ იანვარში 96-ს მიაღწია.

წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე კვირაში ბრიფინგიც გაიმართა ამ თემაზე, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია და შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ აუცრელ ან არასრულად აცრილ კონტინგენტს. ამიტომაც, სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს და მოზრდილ მოსახლეობას, ჩაიტარონ აცრა.

ამავე თემაზე: აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრის თვეში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • 40 % 0-5 წლამდე; 
  • 7% – 5-14 წლამდე 
  • 32%-15-29 წლამდე
  • 19%-30-59 წლამდე

წითელას ეპიდაფეთქება აჭარაში გასული წლის ბოლოს დაიწყო.

ბოლო ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში – 10, 14 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის

1-9 თებერვალს, ბათუმში, კომპლექსური სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში (გორგილაძის ქუჩის #91) გაიმართება აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, 10, 14 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატის ორგანიზატორია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.

ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ

„სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით“ – ეს ამონარიდია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის  დახასიათებიდან. ავტორი კომპანია „გეოგრაფიკია“, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

სამუშაოს ნაწილი იყო ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი ობიექტების ნუსხის შედგენაც.  დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, #13-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი იმ ორმოცდაორ ობიექტს შორისაა, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიიჩნია და სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა.

კვლევის ჩატარებიდან  ორი წლის შემდეგ ბათუმში „გეოგრაფიკის“ მიერ რეკომენდებული შენობებიდან  არც ერთისთვის არ მიუნიჭებიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათ შორის რამდენიმე უკვე დაანგრიეს, რამდენიმეს ადგილას კი ახალი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მენაშენე პროცედურებს გადის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ნუსხაში არის მცირე ცდომილებები, კერძოდ, ნუსხაში შეტანილია ისეთი შენობებიც, რომლებსაც სტატუსი უკვე ჰქონდათ:

„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი  ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში, ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით,“ – განმარტა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.  მისივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაზუსტებულ მონაცემებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ელოდება. ამის შემდეგ საბჭო ეტაპობრივად განიხილავს როგორც სტატუსის მინიჭების, ასევე სტატუსის მოხსნის საკითხებსაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ 2015 წელს მომზადებული მასალები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის იანვარში გადაუგზავნა. რატომ ასე დაგვიანებით? – მერიაში პასუხობენ, რომ ინფორმაცია, რომლის მოსაძიებლადაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა, დასაზუსტებელი იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში უკვე გადაგზავნილია.

„ 2017 წლის მაისში ეროვნულმა სააგენტომ გვთხოვა მონაცემების დაზუსტება. მათ აინტერესებდათ ამ ობიექტებზე რაიმე სახის ნებართვები ხომ არ იყო გაცემული. ასეთი ინფორმაცია ჩვენთან არ არის დაცული, რადგან ნებართვებს გასცემს მერია. შესაბამისად, ჩვენ მერიასთან ერთად დავაზუსტეთ ინფორმაცია და მაშინვე გადავუგზავნეთ ეროვნულ სააგენტოს,“  – განმარტა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მირზა ცეცხლაძემ.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ეროვნულმა სააგენტომ “ბათუმელებთან” დაადასტურა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში უკვე გადააგზავნა. ამ ინფორმაციით 42 ობიექტიდან.  რომელიც „გეოგრაფიკმა“ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიიჩნია და რეკომენდირებულთა ნუსხაში შეიტანა, 18 ობიექტს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს, შესაბამისად დოკუმენტაცია მუშავდება ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარსადგენად 24 ობიექტზე. გარდა ამისა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმის მერიასთან გადაამოწმა ამ ობიეტებიდან, რომელიმეზე ხომ არ იყო მშენებლობა-რეკონსტრუქციის ნებართვა გაცემული.

______________________________

ამავე თემაზე: 

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია  – 15,6% – ორსულობის დროს და 19,8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს. დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. „მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას შეუძლია შეუქმნას ბავშვს განვითარებისთვის საჭირო პირობები და მისცეს მას ყველა აუცილებელი რესურსი. ეს ის ფრაზაა, რომელიც ბევრ მშობელს აწყებინებს საკუთარ თავზე ზრუნვას და მინიმუმ დეპრესიული ფონის მოხსნისთვის მუშაობას” – ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ირმა კვაჭაძე.

რა იწვევს დეპრესიას ორსულებში?

დეპრესიას ორსულებში ცხოვრებისეული ცვლილებები და მასთან ადაპტირების სირთულეები იწვევს, მოლოდინებისა და რეალობის განსხვავება, ნაკლები მზაობა, არასაკმარისი ძალა, ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, არასაკმარისი დრო, გარეგნული ცვლილებები, პარტნიორთან ურთიერთობის ფორმა და რაც  მთავარია შიში, რომელიც არ არის კონკრეტული და ხშირ შემთხვევაში განზოგადებულია. მშობიარობის შემდეგ რისკები უფრო მწვავდება და დედის ფსიქიკა ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება გარემოს ზემოქმედების მიმართ, ასეთ დროს დეპრესიის ჩამოყალიბების რისკიც საგრძნობლად იზრდება.

აშშ-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი: ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრ დედას უჩნდება შფოთვისა და დაღლილობის განცდა. ბავშვებს ზრუნვა სჭირდებათ და ეს ნორმალურიცაა, როცა დედა ღელავს და დაღლილია ამ ზრუნვისგან. ასეთი განწყობები დედების 80%-ს აწუხებს და საბოლოოდ 1-2 კვირაში გადადის. პოსტნატალური დეპრესიის დროს, მწუხარებისა და შფოთვის შეგრძნება შეიძლება იყოს ძალიან მძაფრი, მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ქალის უნარზე, იზრუნოს საკუთარ თავსა და ოჯახზე.

როგორია პოსტნატალური დეპრესიის ნიშნები?

უმთავრესად მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი ყველაზე დიდია ბავშვის გაჩენიდან 3-9 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში დედა ყველაზე გაღიზიანებულია. ასეთი დეპრესიის ამოცნობა მარტივია: უხასიათობა, ცვალებადი ხასიათი, სისუსტე, ტირილის სურვილი, მოტივაციის ნაკლებობა ან მისი საერთოდ არ ქონა, ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად არასაკმარისი ენერგია, ჭამის მადის დარღვევა  – მომატებული ან გამქრალი. დედებს ამ დროს აქვთ უსუსურობის შეგრძნება, დანაშაულის განცდა, რაც ძალიან მტკივნეული გადასატანია. ამ დროს ხშირია ძილის რეჟიმის დარღვევაც, როცა დედებს ეწყებათ უძილობა ან მომატებული ძილიანობა, დარღვეული აქვთ კონცენტრაციის უნარი, უქვეითდებათ მეხსიერება და ჩვეულ გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ხშირად უჩნდებათ გარეგნობაში რადიკალური ცვლილებების შეტანის სურვილი (თმის შეღებვა მკვეთრი ფერად, სვირინგის, პირსინგის გაკეთება და ა.შ.), ამის მიზეზი ხშირად საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვაა, ამ დროს ცდილობენ გარემოდან მიიღონ იმის დასტური, რომ ისინი ისევ “არსებობენ”, შინაგანი სიცარიელის შევსებას კომპლიმენტებით ცდილობენ და ზოგჯერ ამას გარკვეული ეფექტიც აქვს.

რა შეიძლება გააკეთოს დედამ პოსტნატალური დეპრესიით, სპეციალისტისთვის მიმართვის გარდა?

პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს, პრევენციაა, რაც გულისხმობს ჯანსაღ შემზადებას – მოსალოდნელი რისკების წინასწარ შეფასებას და მზაობის გაზრდას მომავალი მდგომარეობისთვის. უკვე არსებულ სიტუაციაში, კარგი იქნება საკუთარ თავთან გააზრებული განმარტოება, საკუთარი ემოციების დაფიქსირება, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს  – რა ემოცია გაქვთ, არის თუ არა ეს შიში, სირცხვილის განცდა, დანაშაულის შეგრძნება თუ რაიმე სხვა? შეიძლება ეს იყოს ბრაზი საკუთარ თავზე იმის გამო, რომ ამ მდგომარეობაშია, ან ბავშვზე, მაგრამ როდესაც ემოცია გაცნობიერებულია, მისი მართვა ბევრად უფრო  ადვილია. ასეთ დროს ძალიან კარგია ვარჯიში, სეირნობა… დეპრესია ბედნიერების ჰორმონის ნაკლებობაა, მთავარია იპოვოთ ისეთი აქტივობა, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ. დედას პოსტნატალური დეპრესიით, შეუძლია იპოვოს სოციალური ტიპის მხარდაჭერა სხვა დედებთან, გაუზიაროს მათ გამოცდილება და იგრძნოს, რომ მარტო არ არის. პოსტნატალური დეპრესია ისეთივე სერიოზული მდგომარეობაა, როგორიც ნებისმიერი სხვა დეპრესია, ამიტომ იგი სათანადო ყურადღებას საჭიროებს. შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტის ჩარევა, ასეთ დროს შესაძლოა ნებისმიერი სახის თერაპიის გამოყენება, თუ დროულლად არ მიექცევა ყურადღება დედის მდგომარეობას, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური მკურნალობაც.

აშშ-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი:  უყურადღებობის შემთხვევაში, პოსტნატალური დეპრესია შეიძლება გაგრძელდეს თვეების და წლების მანძილზე.  ამ მდგომარეობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს დედის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს მას ბავშვზე ზრუნვაში, რის გამოც შესაძლოა ბავშვს ძილის, კვების ან ქცევის პრობლემები შეექმნას.

პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვა რამდენად ხშირია ასეთი დეპრესიის დროს?

ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორი არ არის მზად გაიგოს მისი მდგომარეობა იმიტომ, რომ ქალი ამ დროს ძალიან ჩაკეტილია საკუთარ თავში, არ აინტერესებს არაფერი და არავინ, საკუთარი შვილიც კი. პარტნიორის მხრიდან გარკვეული ძალისხმევა აუცილებელია მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას პარტნიორი,ოჯახის სხვა  წევრი ან/და მეგობარი?

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა. ოღონდ მხარდაჭერა და ყურადღება არ უნდა იყოს ზედმეტი, თავს არ უნდა მოვახვიოთ ზრუნვა. აპათიის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის აუცილებელია განმარტოებით ყოფნის შესაძლებლობა.  შეგიძლიათ დაეხმაროთ მას ბავშვის მოვლაში, სახლის საქმეში, ან უბრალოდ ჰკითხოთ, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მას თქვენგან.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი CDC: მამების დაახლოებით 4% განიცდის დეპრესიას შვილის დაბადების პირველ წელს. ბავშვის მე-12 დაბადების დღისთვის, დაახლოებით ხუთიდან ერთი მამა განიცდის დეპრესიის ერთ ან რამდენიმე ეპიზოდს.

 

 

ირმა კვაჭაძე

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა [EBRD] ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„დიზელის საწვავზე მომუშავე ახალი ავტობუსების შეძენაა გათვალისწინებული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 40 ერთეულის,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, EBRD-თან 2017 წლის სექტემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით, ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის 5,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ბათუმის მერია აანონსებდა 10 ელექტრო ავტობუსის შეძენასაც, თუმცა ამ კუთხით ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ბადრი ფარტენაძის ინფორმაციით, „ტექნიკური დოკუმენტაცია ზუსტდება“.

ამავე თემაზე: ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს.

 

დისკუსია ბათუმში: სმენის არმქონე/სმენადაქვეითებულთა წინაშე არსებული გამოწვევები

პირველ თებერვალს, 17:00 საათზე, “თავისუფალ სივრცეში” გაიმართება დისკუსია, სადაც განხილული იქნება აჭარაში მცხოვრები სმენის არმქონე/სმენადაქვეითებული ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან:  სმენის არმქონე/სმენადაქვეითებული და სხვა დაინტერესებული პირები, ასევე წარმომადგენელი აჭარის მთავრობიდან.

დასწრება თავისუფალია.

„თავისუფალი სივრცის“ მისამართია: ზ. გამსახურდიას ქუჩა, #6.

Exit mobile version