მთავარი,სიახლეები

დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე

14.04.2018 • 2507
დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე

„ინსპექტირების განხორციელება ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია დამსაქმებლის თანხმობაზე,“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებულს, რომელმაც სამინისტროს წერილობით მიმართა და სამუშაო ადგილზე მძიმე შრომითი პირობები გააპროტესტა.

მოქალაქის პრობლემის შესახებ და სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხი სოციალურ ქსელში „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეგი ბაკურიძე გვიყვება, რომ შრომის პირობები კონკრეტულ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით ირღვევა.

„დასაქმებული თავდაპირველად აპროტესტებდა იმას, რომ დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი უწევს მუშაობა, არ არსებობს გამოსასვლელი დღე. შემდეგ გაირკვა, რომ საერთოდ არ არსებობს ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ასევე არ არის გამიჯნული ფუნქცია. შესაძლებელია, ამ კომპანიაში კონსულტანტი პარალელურად დამლაგებელიც იყოს… საუბარია ერთ-ერთ კაფეზე, რომელიც ბათუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა,“ – ამბობს მეგი ბაკურიძე.

მოქალაქეს ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით განუმარტა, რომ  თუკი კომპანია ინსპექტირებაზე თანხმობას არ განაცხადებს, კომპანიაში შესვლის და შრომის პირობების მონიტორინგის უფლება შრომის ინსპექციას არ აქვს. თანხმობის შემთხვევაში კი, „გამოიყოფა ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ინსპექტირებას, რომლის შემდეგადაც მომზადდება საჯარო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევების შესახებ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში. წერილს ლიკა კლიმიაშვილი აწერს ხელს, შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

„დამსაქმებლის ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი უფლებების კუთხით აქვს დარღვევები, არასოდეს გამოთქვამს თანხმობას შრომითი ინსპექტირების განხორციელებაზე. აღნიშნული აიხსნება მაგალითად, დამსაქმებლის ეკონომიკური ინტერესით დასაქმებულების ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. შესაბამისად, დასაქმებული კვლავ რჩება შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, დისკრიმინაციის, მორალური და მატერიალური ზიანის მსხვერპლ,“ – აღნიშნავს მეგი ბაკურიძე, სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„სახელმწიფო უარს ამბობს შრომის პირობების ინსპექტირებაზე,“ – ამბობს ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო პროცესში, რაც შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების განსაზღვრას უკავშირდებოდა. ლინა ღვიანიანიძის თქმით, მისი, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი სწორედ ეს ნაწილი იყო.

„კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, შრომის ინსპექციას ექნება უფლება, თანმობის გარეშეც შევიდეს კონკრეტულ ობიექტზე და სანქციები გაატაროს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას. მხოლოდ შრომითი პირობების გადასამოწმებლად ინსპექცია ობიექტზე ვერ შევა,“ – განმარტავს ლინა ღვინიანიძე.

კანონში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება უკვე შევიდა. ცვლილების შესვლიდან 6 თვეში მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხა უნდა განსაზღვროს, სადაც შრომის ინსპექციას შესვლის და ინსპექტირების განხორციელების უფლება ექნება. ლინა ღვინიანიძის თქმით, დაახლოებით აგვისტოდან ექნება შრომის ინსპექციას ეს უფლებამოსილება, თუმცა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კუთხით.

„ბათუმელები“ ამ დროისთვის ვერ დაუკავშირდა კომპანიას, სადაც დასაქმებული პირი შრომითი პირობების დარღვევაზე საუბრობს.

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში შრომით უფლებებზე, 2015 წელი,  „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: