მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

09.03.2018 •
მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 2 მილიონ 456 ათასი ლარის მცენარეთა შესაწამლ სპეციალურ აპარატს შეისყიდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების შესასყიდად წელს პროგრამულად 1 მილიონ 481 ათასი ლარი გამოიყო და ტენდერი 1 347 აპარატის შესყიდვაზეა გამოცხადებული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების შედეგად აპარატების შესაძენად დამატებით კიდევ გამოიყო 975 ათასი ლარი.

ვიდრე აგროპროექტების მართვის ცენტრი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აპარატების შესყიდვაზე ხელშეკრულებას გააფორმებს და აპარატებს მიიღებენ, ჯამბულ აბულაძის თქმით, უახლოეს პერიოდში გასულ წელს შესყიდული მობილური აპარატების დარიგება დაიწყება. პირველ ეტაპზე 697 აპარატი დაურიგდებათ ფერმერებს.

„697 შესაწამლი აპარატის შესაძენად 2017 წლის დეკემბერში ტენდერი 1 მილიონ 282 ათას 480 ლარზე გამოვაცხადეთ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მობილური შესაწამლი აპარატები ჩინეთიდან მოაქვთ და 6 აპრილს ფოთში გემით შემოიტანენ, შესაბამისად, შემოტანისთანავე დავიწყებთ აპარატების დარიგებას“.

აღნიშნულ ტენდერში 20 კომპანია მონაწილეობდა, სააგენტომ კი ხელშეკრულება გამარჯვებულთან 629 ათას 983 ლარზე გასული წლის 26 დეკემბერს გააფორმა. აპარატების შესაძენად „ნიორის პროგრამის“ თანხაც გამოიყენეს [„ნიორის პროგრამა“ შარშან სამინისტროს ჩაუვარდა, წელს კი ნიორის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებს უახლოეს პერიოდში გეგმავენ].

200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატი, რომელსაც ცენტრი შეისყიდის, ფერმერებს 20%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა, ფერმერი კი სახელშეკრულებო თანხის, მთლიანი ღირებულების 20%-ს გადაიხდის.

ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, 2017 წლის შესყიდვით, სახელშეკრულებო თანხით თითოეულის ფასი 903 ლარია, ფერმერი კი აპარატში ამ თანხის 20%-ს ანუ  180 ლარსა და 60 თეთრს გადაიხდის. რა თანხის გადახდა მოუწევს ფერმერს 2018 წელს შესყიდული აპარატისთვის, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა დასრულდება და მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდება, სატენდერი პირობით თითოეულის ფასი კი 1 100 ლარია.

„სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ პროგრამებს სახელმწიფოს 70%-იანი თანადაფინანსებით ვახორციელებთ, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ აპარატები ფერმერებისთვის სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით გადაგვეცა. აპარატს აქვს 100 მეტრი სიგრძის მაღალი წნევაგამძლე მილი, რომელიც წამლის გაფრქვევის შესაძლებლობას იძლევა და ამ აპარატით მცენარეების შეწამვლა მაღალეფექტურია. ამ დროისთვის 1500-ზე მეტი განაცხადია დარეგისტრირებული, ყოველდღიურად ასამდე განცხადება შემოდის, პროცენტულად ყველაზე მეტი განაცხადი ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებზე მოდის“.

ვინ მიიღებს მცენარეთა შესაწამლად სპეციალურ აპარატებს სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, უპირატესობა მას მიენიჭება, ვისაც საკუთრებაში ან სარგებლობაში ყველაზე დიდი მიწის ფართობი აქვს.

„აქვე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ფერმერი აჭარაში უნდა ცხოვრობდეს და მის სარგებლობასა თუ საკუთრებაში არსებული მიწა აჭარის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ განცხადება შემოიტანონ როგორც სამინისტროში, ასევე იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობენ,“ – აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

შესაწამლი აპარატი და მისი მახასიათებლები / სატენდერო დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: