მთავარი,სიახლეები

ნაგავსაყარად ქცეული სარეკრეაციო ზონა – ჭოროხის სანაპირო

13.04.2018 • 2435
ნაგავსაყარად ქცეული სარეკრეაციო ზონა –  ჭოროხის სანაპირო

ჭოროხის სანაპირო, განსაკუთრებით სამრეწველო ზონის გასწვრივ, ნაგავსაყარადაა ქცეული. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ საწარმოებს ნაგავი თავიანთი შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოაქვთ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ამის გამო მათ საწარმოებში დასაქმებულებთან კონფლიქტი ბევრჯერ მოსვლიათ. ამბობენ, რომ სამშენებლო ნარჩენების გარდა ინტენსიურად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც.

„მოაქვთ და ყრიან. ნაგავსაყარი გაიხსნა აქ თუ რა ხდება, ვერ გავიგეთ. არის მერე საშინელი სუნი და ანტისანიტარია,“ – ამბობს მიმდებარედ მცხოვრები ნათელა ზოიძე. ნაგავი ყოველი გაწვიმების შემდეგ მდინარე ჭოროხში ხვდება, იქედან კი ზღვაში.

რამდენიმე დღის წინ აქ ტომრით მკვდარი ხბოც დაუტოვებიათ. დანაგვიანებული სანაპიროს კადრები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისემ, გიორგი ბოლქვაძემ გადაიღო. გიორგის თქმით, მდინარის სანაპიროზე „საშინელი ანტისანიტარიაა“.

ფოტო: გიორგი ბოლქვაძე

„ბათუმელები“ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტს დაუკავშირდა. სამსახურის აჭარის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი, მიხეილ მარგალიტაძე  არ უარყოფს, რომ ჭოროხის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია:

„ხშირად, როცა ჩვენ იქ მივდივართ, ნაგავი გვხვდება დაყრილი, მაგრამ დამბინძურებელი ადგილზე არ არის. ჩვენ ამას ვასურათებთ, ვიღებთ ჯიპიეს კოორდინატებს და შემდეგ ჩვენი დეპარტამენტი ამ მონაცემებს ათავსებს ინტერაქტიულ რუკაზე. ინფორმაციის მიწოდებიდან შესაბამის ვადებში მუნიციპალიტეტს ევალება, დაასუფთაოს ტერიტორია. იმის მიუხედავად, სამართლებრივად დავსჯით თუ ვერ დავსჯით დამრღვევს, ასეთ ფაქტს უყურადღებოდ მაინც არ ვტოვებთ.“

ფოტო: ფრიდონ ხიმშიაშვილი

მიხეილ მარგალიტაძის ინფორმაციით, ამ უბანში კანონდამრღვევისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმა – 24 000 ლარიც კი დაუკისრებიათ. თუმცა, ეს სხვებისთვის სამაგალითო ვერ გახდა და პრობლემა ისევ სახეზეა.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი მოსახლეობას სთხოვს, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ოპერატიულად შეატყობინოს შესაბამის სამსახურს ცხელ ხაზზე – 153. ცხელი ხაზი 24 საათი მუშაობს და უფასოა. „ბათუმელებმა“ ცხელი ხაზის მუშაობაც გადაამოწმა, ზარზე ოპერატიულად პასუხობენ:

„დარეკონ და  ჩვენი ჯგუფი მყისიერად იქ გაჩნდება. მოქალაქეს, როცა ვიდეოს გადაღება დაიწყო, იმ მომენტში ოპერატიულად რომ დაერეკა ჩვენთან, ადგილზევე მოვახერხებდით რეაგირებას“.

2017 წელს აჭარის სწრაფი რეაგირების სამსახურს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევაზე 246 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს გამოწერილი. ჯარიმის ოდენობას კანონმდებლობა იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა სიმძიმის ზიანი მიადგა გარემოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: