ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს


ანგისის სპორტული ბაზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამავე დღეს ახალ სპორტულ ბაზაზე პირველად ჩაატარებს შეხვედრას ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმის“ გაყიდვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, ამასთან, კლუბთან ერთად, შესაძლოა, ანგისის ახალაშენებული ბაზაც გაიყიდოს. ბაზის აშენებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ მოვლა-პატრონობისთვის უკვე გადასცა. 72 626 კვ/მ ტერიტორია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, სადაც ანგისის სპორტული ბაზაა განთავსებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტი ფლობს დღეს შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილსაც.

კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებზე ბათუმის მერიაში არ საუბრობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ წილების გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, აჭარის მთავრობა კი შემდეგ კომპანიას პირობებით გაყიდის. „დინამოსთან“ ერთად გაიყიდება ანგისის სპორტული ბაზაც, თუმცა უცნობია, ბაზა საკუთრებაში ჯერ „ბათუმის დინამოს“ გადაეცემა, თუ აჭარის მთავრობას [მერიაში განიხილებოდა ქონების აუქციონზე გატანის საკითხიც].

ჩვენივე ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის და სპორტული ბაზის გასხვისება პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით იგეგმება. ამასთან, მომავალ მყიდველს 20 მილიონამდე ლარის ინვესტიციის ჩადებას დაავალდებულებენ. ბაზის ტერიტორიაზე შესაძლოა ცალკე სასტუმრო აშენდეს, ვინაიდან ახალ შენობაში სასტუმროსთვის განკუთვნილი ფართობი, როგორც კლუბში გვითხრეს, სპორტსმენებისა თუ სხვა სტუმრების მოსასვენებლად არ გამოდგება – ქუჩიდან შემოდის ხმაური და სხვა მიზეზების გამო; ასევე, ბაზაზე დამატებით მოედნებია გასაკეთებელი, კეთილმოსაწყობია ახალაშენებული შენობაც, რაც, როგორც კლუბში განაცხადეს, ბაზის ამშენებელი კომპანიის ვალდებულება არ იყო: „მათ ააშენეს და გადმოგვცეს. შიდა სამუშაოებს ახლა ჩვენი ძალებით ნელ-ნელა ვატარებთ“.

ახალ შენობაში [სადაც ტრიბუნაა განთავსებული], პირველ სართულზე იგეგმება სატრენაჟორო დარბაზის მოწყობა, ასევე იქნება ადგილი, სადაც „დინამო ბათუმის“ ლოგოიანი სუვენირები და სხვა აქსესუარები გაიყიდება.

„დინამო ბათუმის“ ყიდვაზე ბათუმის მერიაში წინადადება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მფლობელს, აიეტ კუკავას და „ლამინი გრუფის“ ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ ამ განცხადების მერიაში შეტანის შემდეგ, მათ არ დაკავშირებია და არც კლუბის სპორტული თუ ფინანსური მდგომარეობით დაინტერესებულა. შესაბამისად, „დინამოს“ მომავალ მფლობელად, ამ ეტაპზე, „ლამინი გრუფი“ მოიაზრება.

კლუბის თუ ბაზის გასხვისების დეტალებზე, როგორც „დინამო ბათუმის“ ადმინისტრაციაში გვითხრეს, მათ ინფორმაცია არ აქვთ და საკითხი მესაკუთრის, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის გადასაწყვეტია.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.  ახალი ხელშეკრულება 4 116 170 ლარზე „მონოლითი 2005“-თან ბათუმის მერიამ 2017 წლის 29 მარტს გააფორმა.

ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმისა და თბილისის გოგონათა გუნდების მატჩი ფეხბურთში ანგისის სპორტულ ბაზაზე / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმისა და თბილისის გოგონათა გუნდების მატჩი ფეხბურთში ანგისის სპორტულ ბაზაზე / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ამავე თემაზე:

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com