განათლება,მთავარი,სიახლეები

იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

06.03.2018 • 4326
იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ასევე, ყველა სხვა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას სთავაზობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. იმიტირებული გამოცდები ფასიანია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კომერციულ პროექტს ცენტრი ახორციელებს. ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 5 ლარი.

იმიტირებული გამოცდების გავლა აბიტურიენტებს თითქმის ყველა საგანში შეეძლებათ. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენა; ისტორია; ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; გეოგრაფია.

„ტესტირება ჩატარდება ქართულ ენაზე. ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობა ერთ მსურველს შეუძლია მაქსიმუმ 3-ჯერ. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები,“-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ტესტირება  2018 წლის 15 დეკემბერს  დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.  პროექტი გასულ წელს ამოქმედდა, თუმცა აბიტურიენტები ნაკლებად დაინტერესდნენ.

„დაახლოებით ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა შარშან, წელსაც, რაც უფრო მოახლოვდება გამოცდები, ალბათ უფრო გაიზრდება აბიტურიენტების დაინტერესებაც,“- ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არის პროექტი ფასიანი, ივა მინდაძე ამბობს, რომ  მის შექმნაზე გარკვეული ფინანსური რესურსი დაიხარჯა. „უფასო რომ ყოფილიყო, მაშინ საერთოდ არ შეიქმნებოდა. შემოსული თანხები ისევ ცენტრის და სხვა პროგრამების განვითარებას მოხმარდება.“

ცენტრის განმარტებით, იმიტირებული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ჯერ თანხა უნდა გადაიხადონ  ბანკში, შემდეგ კი შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება დაიწყება საგნის არჩევისთანავე.

„თუ რაიმე მიზეზით ტესტირების გაგრძელებას ვერ ახერხებთ, ტესტირების შეწყვეტიდან 30 წამის გასვლის შემდეგ, სისტემა მომდევნო შესვლისას იმ ადგილიდან მოგცემთ გაგრძელების საშუალებას, სადაც შეწყვიტეთ ტესტირება.

რეკომენდებულია გამოიყენოთ Google Chrome ბრაუზერის ბოლო ვერსია,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: