დღეს, 12 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო. კვირეულთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ გარკვეულ ღონისძიებებს გამართავს.
12-დან 21 მარტის ჩათვლით განხორციელდება ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა. 21 მარტს 11:00 – 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ – რომელიც მიეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
ამავე დღეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 560 ათას 953 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ძირითადად, ფერდსამაგრი ნაგებობების/გაბიონების მოწყობას გულისხმობს, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერძო ნაკვეთებში. სამუშაოები 26 ადგილზე, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში უნდა ჩატარდეს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებში პროცესები კვლავ განვითარდეს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა თუ გზებს.
სოფლები და ოჯახები ვის ნაკვეთებშიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება:
სოფელი ქობულეთი – ნოდარ (ასლან) დადიანი, შაქრო ინაიშვილი, სულიკო ჭყონია, ტარიელ ჯაფარიძე, ხათუნა შავიშვილი, რევაზ ქათამაძე, მირზა შევარდნაძე, თამაზ შევარდნაძე, ხაიდარ ჯაფარიძე; კოხი – ირაკლი შევარდნაძე, ომარ ჯინჭარაძე, დავით შევარდნაძე, თენგიზ შევარდნაძე; ზედა სამება – ელგუჯა-ნაზიკო კახიძე, ნუგზარ კახიძე; ხუცუბანი – ნონა ხინიკაძე, ასლან ემირიძე; ქვედა სამება – გურამ დიასამიძე; ქვედა კვირიკე – მერაბ გოგიტიძე; ზედა კონდიდი – მერაბ მოწყობილი, გენო (ლევან) ჯაფარიძე, რამაზ კენჭაძე, ტარიელ მოწყობილი; ქვედა კონდიდი – ნინო ჯინჭარაძე, ია ცეცხლაძე, რუსუდან ბეჟანიძე;
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩია. შესყიდული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო სამუშაოების ჩასატარებლად თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე განცხადებაა შესული, სადაც მოქალაქეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.
„წელს ყველა განცხადებას ვერა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ, ჯერ პროექტებს შევისყიდით, შემდეგ გამოინახება თანხა და სამუშაოების შესრულებაზეც გამოვაცხადებთ ტენდერს. ერთბაშად ყველა დაზარალებულის დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის,“ – გვითხრეს მუნიციპალიტეტში.
უკვე გამოცხადებული ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შესრულდეს, საგარანტიო პერიოდი კი, არანაკლებ 5 წელია. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მარტს დასრულდება.
თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, დღეს „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნის.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ [პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ] „სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება აქვს ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც შექმნა „ხელსაყრელი გარემო ქართველი ემიგრანტებისათვის, უძრავი ქონებების შეძენისა და საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების დაჩქარებისთვის“. კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია დღესაც იძებნება.
დამტკიცებული პროექტის მიხედვით კი, „სვეტი ჯგუფს“ აქ ელიტარული ტიპის ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული. ამ კორპუსში საცხოვრებლის შეძენის მიზნით მოქალაქეები, მათ შორის ემიგრანტები, კომპანიას თანხას ურიცხავდნენ. ბინები მომავალ მესაკუთრეებს 2018 წლის თებერვალში უნდა გადასცემოდათ. თუმცა ამ დროისთვის აქ მხოლოდ 7 სართულია აშენებული – მშენებლობა შეჩერებულია.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სასახლე „კაისა“ და მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 30 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა გაშენებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ 2016 წლის აპრილში მიჰყიდა. „ჰესტოკ ბათუმმა“ ქონება თანხის გადახდამდე იპოთეკით დატვირთა.
„ჰესტოკ ბათუმში“ გვითხრეს, რომ „სვეტი ჯგუფმა“ თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ ქონების გარკვეული ნაწილი უკან დაიბრუნეს. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო თანხა 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, „სვეტი ჯგუფმა“ კი აქედან მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.
„გადახდის პირობა ვერ შეასრულა და ხელშეკრულების მიხედვით დავიბრუნეთ ის მიწის ნაკვეთი, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებენ. ის ტერიტორია კი, სადაც მშენებარე კორპუსი დგას, ჩვენი არ არის, „სვეტის“ საკუთრებაშია. თუმცა არის ერთი პრობლემა, შენობის პატარა ნაწილი დგას ჩვენი მიწის ნაკვეთზე და, ალბათ, მოუწევთ ამ ტერიტორიის ყიდვაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „ჰესტოკ ბათუმის“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის „სვეტი ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე არა 30 000 კვ/მ-მდე, არამედ, მხოლოდ 5 003 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელზედაც მშენებარე კორპუსი დგას. ეს ნაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალსა და მდინარე ყოროლისწყალს ესაზღვრება და ზღვაზე [უშუალოდ პლაჟზე] გასასვლელი არ აქვს.
დაახლოებით 2 წლის წინ „სვეტი ჯგუფში“ აცხადებდნენ, რომ „3 ჰექტარზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კვარტალს ექნება საკუთარი სანაპირო ზოლი, იახტკლუბი, საცურაო აუზი და გამწვანებული ბულვარი. ასევე ზღვაში, პირსზე განთავსებული გასართობი ობიექტები“.
სვეტის ოლიმპიური ქალაქის ესკიზიოლიმპიური ქალაქის ესკიზი
ადამიანები, რომლებმაც მშენებარე „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინების შესყიდვაზე კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმეს, ზოგი აუქმებს ხელშეკრულებას, ზოგი კი ანახლებს ახალი პირობებით. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ. მათივე ინფორმაციით, კომპანიაში უთხრეს, რომ „ცვლილებები შედის პროექტში“; „თანხის გადახდას გააგრძელებენ სამუშაოების განახლების შემდეგ“; „ერთ-ერთი ბლოკის ჩაბარების ვადა გადაიწევს 2018 წლის დეკემბრამდე [თებერვლის ნაცვლად]“; „ხოლო იმათ, ვინც გააუქმებს ხელშეკრულებას, გადახდილი თანხა აუნაზღაურდება 100%-ით, 6 თვის განმავლობაში“.
„სვეტი ჯგუფის“ ოფისებში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტში შედის ცვლილებები და გაყიდვები გრძელდება, თუმცა დეტალური ინფორმაცია მათ არ აქვთ. კომპანიის თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ „კომპეტენტურ პირს“ დაგვაკავშირებდნენ, ვინც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ესამ დრომდე ვერ მოხერხდა. კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს კი, ტელეფონი რამდენიმე დღეა გამორთული აქვს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, „სვეტი ჯგუფს“ პროექტში ცვლილებების შეტანაზე მათთვის არ მიუმართავს.
„სვეტი ჯგუფი“ „კაისას“ შენობის გადაკეთებასაც აპირებდა, სადაც საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა იქნებოდა და ეს მიბმული იქნებოდა „ოლიმპიურ ქალაქთან“.
„კაისას“ შენობის [სამომავლოდ კი ოლიმპიური ბაზის] საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის [სეოკ] გადაცემაზე განცხადება თორნიკე ჯანელიძემ 2016 წელს გააკეთა.
სეოკ-ის პრესსამსახურში მაშინ ბათუმელებს უთხრეს, რომ „სვეტი“ მათი ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო, რომელიც „სვეტის ოლიმპიურ ქალაქში“ ოლიმპიადის ლიცენზიანტებს აჭარიდან გადასცემს ბინებს. ბინები გადაეცემა ასევე მას, ვინც რიოს საზაფხულო ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდება საქართველოს ნაკრებიდან. ეს არის „სვეტის“ კეთილი ნება და მომავლის პერსპექტივა, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ბაზაც გადმოგვეცემა… თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს სარგებლობაში მაქ არაფერი არ არის“.
თორნიკე ჯანელიძე მაშინ აცხადებდა, რომ კომპლექსის მშენებლობა 2020-2021 წლებში მთლიანად დასრულდებოდა.
სვეტის ოლიმპიური ქალაქი შენდება თბილისშიც, კომპანია ახორციელებს სხვა პროექტებსაც. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით, კომპანიას სხვა ობიექტებზეც აქვს პრობლემები.
ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას – „ჰესტოკ ბათუმს“ გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო.
„სვეტი ჯგუფის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს / 10.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტოები„სვეტი ჯგუფის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში / 10.03.2018 /
„კაისა“ [მარცხნივ], ტერიტორია, რომელიც „ჰესტოკ ბათუმმა“ უკან დაიბრუნა / 10.03.2018ამავე თემაზე:
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.
იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება, ტვინის შერყევა აქვს და ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.
13 წლის მოზარდი ავტოავარიის შედეგად გუშინ, 10 მარტს, წერეთლის ქუჩაზე დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გუშინ, 10 მარტს, ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება: „ყველაფერი კეთდება, ყველანაირი მკურნალობა უტარდება ბავშვს,“ – გვითხრეს საავადმყოფოში.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი, როგორც შემთხვევის ადგილზე ითქვა, სასტუმროს მშენებარე [დაუსრულებელი] კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა: „ბავშვს თავიდან ფეხებამდე თითქმის ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა – არის მოტეხილობები, ტვინის ტრავმაც“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, N40-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების განყოფილებაში განაცხადეს, რომ მყიდველის ვინაობა ორშაბათს, 12 მარტს დასახელდება.
1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.
გაყიდული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ევალება:
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე.
შენობა აუქციონზე ადრეც რამდენჯერმე გაიტანეს, თუმცა არ გაიყიდა. აღნიშნული ქონება ბოლოს აუქციონზე გაცილებით ძვირად – 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
„ბათუმელებს“ დაახლოებით ორი წლის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ „ვინაიდან ძეგლის სტატუსი აქვს, მყიდველმა უნდა მოახდინოს რეკონსტრუქცია და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს შენობა, გააფორმოს ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან – ეს არის აუცილებელი ვალდებულება. თუ სტატუსი მოეხსნა, უფრო დიდი ინტერესი იქნება აქ, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შეისწავლონ უნდა სპეციალისტებმა და თუ დაკარგული აქვს ღირებულება ძეგლის, უნდა მოეხსნას სტატუსი, ინვესტორებიც გამოჩნდება და შედეგიც აუცილებლად დადგება.“
შენობა რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და პირვანდელი სახეც დაკარგული აქვს, თუმცა დღემდე ძეგლის სტატუსი მისთვის არ მოუხსნიათ. შენობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა კი პირობებში არ არის.
დაავალდებულებენ თუ არა მომავალ ინვესტორს შენობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ მყიდველს ევალება მხოლოდ იმის შესრულება, რაც აუქციონის პირობებითაა მოთხოვნილი.
„ამ პირობებით კი ძეგლი მაქსიმალურად არის დაცული, ვინაიდან შენობაზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს“, – განაცხადეს სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა ბათუმში, რომელიც პირობებიან აუქციონზე გაიყიდა / 10.03.2018 /
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთეს: „დაკავებულია 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.“
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ ორ გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში.
მეორე ბრალდებული კი, სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა,“ – აცხადებს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე და 19-177-ე მუხლებით.
1883 წლის 23 მაისს ბათუმი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. ქალაქს მსგავსი ჯერ არაფერი გაეგონა. მთელი ბათუმი ფანჯრებს მიაწყდა. ქალაქი ფეხზე დადგა. მეეზოვეებმა დაგვა შეწყვიტეს, მეფაეტონეებმა აღვირი მოზიდეს და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყეს მზერა. რაღაც ამბავი კი ხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა – რა. ქალაქის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო.
ბათუმში მატარებელი შემოვიდა.
რკინიგზის შემოყვანა 1878 წელსვე გადაწყდა, როგორც კი ბათუმი საქართველოს დაუბრუნდა. რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში საგანგებო თანხებიც კი იქნა მობილიზებული ბათუმში რკინიგზის დაჩქარებული ტემპით შემოსაყვანად. ტექნიკური აღჭურვილობა შვედეთში შეუკვეთეს და პირველი მატარებლის შემოსვლა 1881 წლისთვის დაგეგმეს, მაგრამ ტექნიკამ შვიდი თვით დაიგვიანა.
თარიღი რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიწია.
საქმეში ჩაერია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბარონი ალფონს როტშილდი, რომელსაც ბათუმში ჰქონდა „კასპია-შავი ზღვის ნავთობის კომპანია“ და რკინიგზის ხაზის გაყვანა მის უშუალო ინტერესებში შედიოდა.
ჩვეულებრივ, ელჩი ქალის ოჯახში რომელიმე კარგი, „მაგარი“ დღის – ჯუმა (პარასკევი) ან კვირა საღამოს – მიდიოდა სტუმრად. ვაჟის ოჯახი ელჩად ორივე ოჯახისათვის პატივსაცემ პიროვნებას არჩევდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, ჯერ ერთი, ქალის ოჯახს ასეთი ელჩისათვის უარის თქმა გაუჭირდებოდა და მეორეც, მის ნათქვამს დაეჯერებოდა. და მაინც, ქალის ოჯახში მისულ ელჩს პირველ ჯერზე თანხმობას არ მისცემდნენ – საშუალოდ 3-5-ჯერ მაინც უნდა მისულიყო.
ბათუმის საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ შორის, კორუფციული გარიგება იკვეთება. კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 19 დეკემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად, ის სამშენებლო სამუშაოებს დღემდე აწარმოებს. გარდა იმისა, რომ კომპანია უკანონო მშენებლობას ეწევა, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ბრძანებით, ჩამოაწერეს ხელშეკრულების დარღვევის პირგასამტეხლოც.
ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ ოფიციალური შემომწირველი 2016-2017 წლებში. ამიტომ კორუფციად მივიჩნევთ იმას, რომ ნებართვის არქონის მიუხედავად კომპანია მშენებლობას მაინც აწარმოებს. პირგასამტეხლო აპატიეს, სამშენებლო ნებართვის მიღების ვადები გადმოუწიეს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის განმარტებით, აჭარის მთავრობას სამართლებრივი უფლება აქვს, პირგასამტეხლო ჩამოაწეროს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც რეალურად ახორციელებს ინვესტიციას.
„ფაქტობრივად, ყველა ინვესტორი თავისუფლდება პირგასამტეხლოსგან, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ყველა ასეთი კომპანიის მიმართ არის გამოყენებული მსგავსი ღონისძიება“, – გვეუბნება გელა ცინცაძე.
რაც შეეხება ნებართვის გარეშე მუშაობას, გელა ცინცაძე ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ტიპის სამუშაოები, რომელთა შესრულებასაც სამშენებლო ნებართვა არ სჭირდება: „თუმცა ამის კონტროლი თვითმმართველობის კომპეტენციაა“.
კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაახლოებით 30 ათასამდე აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის შეთანხმების აქტი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაფორმდა. ამ შეთანხმებით მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორია [შოთა რუსთაველის N42 / ნინოშვილის N 39] კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.
მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდებაც შეიცვალა ახლით – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.
ტერიტორია ბათუმში სადაც კომპანიამ „ალიანსი ფრივილიჯი“ ახალი კომპლექსი უნდა ააშენოს / 01.03.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მთავარი ფოტო: კომპლექსის მაკეტი, რომელიც „ალიანს ჯგუფმა“ გაავრცელა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე. ე.წ. მეზღვაურთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სამაშველოს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, სახლის მეპატრონე ბინაში არ იმყოფებოდა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კონკრეტულად რამ გამოწვია აალება, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს.
საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულიაადგილზე იმყოფება პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებიც. ხანძრის გამო გარკვეული დროით ლერმონტოვის ქუჩა გადაიკეტა.
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს, დილით იპოვეს.
„ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს. გრანტი გაიცემა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.
ფონდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას,
მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 100 000ლარი საზღვარგარეთ განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის. 70 000ლარი კი, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის.
პროექტის განხორციელების პერიოდი 24 ან 36 თვეა. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კარგი მხედველობა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ბავშვის მხედველობა ნელ-ნელა ვითარდება, რადგან ჩვილის თვალს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ სამყაროს შეეგუოს, თუმცა, კლინიკა „საგიტარიუსის” ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 3 წლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ 80-პროცენტიანი მხედველობა, „ანუ უნდა დაინახოს კარგად 2-3 მეტრიდან და უფრო შორსაც კი, თითქმის ისევე უნდა გაარჩიოს საგნები შორს, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა“.
ბავშვის მხედველობა 8-9 წლის ასაკამდე ვითარდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმოთ ბავშვის მხედველობა, რათა ნებისმიერი დარღვევა, დროულად აღმოაჩინოთ და უმკურნალოთ.
[yellow_box]ბავშვის თვალში მიმდინარე ცვლილებების გამო, არსებობს პერიოდები, როცა ბავშვის მხედველობა ექიმმა უნდა შეამოწმოს პროფილაქტიკისთვის. თვალის ფსკერისა და თვალის სტრუქტურების პირველი შემოწმება სამშობიაროში ხდება, შემდეგი შემოწმება 6 თვის, 1 და 3 წლის ასაკში. ამის შემდეგ კი ბავშვის მხედველობა 6 წლის ასაკში, ბავშვის სკოლაში წასვლამდე მოწმდება.[/yellow_box]
2-4 წლის ასაკში ბავშვი შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს ან ვერ გახვედრებდეთ, რომ მხედველობის პრობლემა აქვს, ამიტომ სწორი იქნება პრევენციული შემოწმებების გარდა, მის ქცევებსაც თუ დააკვირდებით. როგორც კლინიკა „ოკულუს მედის” ოფთალმოლოგი ლიკა ლომია ამბობს, ამ ასაკში ბავშვებს უმეტესად თანდაყოლილი ამეტროპიები [ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი] აქვთ, თუმცა ბავშვს თვალის კუნთების სპაზმი შესაძლოა, ჭამის დროს მობილურში მულტფილმების ყურების გამოც განუვითარდეს.
სპეციალისტების აზრით, თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, თუ:
[crosslist]
აქვს სიელმე, ანუ თვალი გაურბის. თუნდაც პერიოდულად.
უწითლდება თვალები, განსაკუთრებით საღამოობით. ეს ამეტროპიების დროს ყველაზე ხშირი სიმპტომია. ასევე აქვს ცრემლდენა ან ქავილი, რის გამოც შესაძლოა ისრესდეს თვალებს.
ბავშვი ხშირად იქცევა – ფეხს კრავს კარის ზღურბლს, კიბეს, ეჯახება ან გვერდს ვერ უქცევს კარებს, მაგიდის კუთხეს და ა.შ.
უნებლიედ ახამხამებს თვალებს, ეს იგივე კუნთოვანი ნერვული ტიკია. ეს ამეტროპიების და მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა ასეთ დროს, როგორც წესი, არსებობს ემოციური ფაქტორიც [შიშები ან სხვა].
ჭუტავს თვალებს რაღაც ობიექტზე მზერის კონცენტრირებისას – ასე იგი მექანიკურად ავიწროვებს გუგას, რომ უკეთესად დაინახოს.
ტელევიზორთან მიდის ახლოს. ასევე წერის ან ხატვის დროს ახლოს მიაქვს სახე ფურცელთან.
ბავშვი ხშირად არის მოთენთილი ან სტკივა თავი [შუბლის არეში].
თუ ვერ იჭერს 2 მეტრის დაშორებიდან ნასროლ ნივთს – იმის გამო, რომ თვალის ფიქსაცია არ ხდება საგანზე, ანუ თვალს არ აყოლებს მაგალითად ბურთს. თუ თვალის ფიქსაცია ხდება, მაგრამ ბავშვი ბურთს მაინც ვერ იჭერს, ესე იგი სხეულით მოქმედება უჭირს და ეს თვალის პრობლემა არ არის.
უჭირს გარკვეული დისტანციიდან ფიგურების ამოცნობა/გარჩევა, მაშინ როცა მისი თანატოლები იმავე დისტანციიდან ამას ახერხებენ.
[/crosslist]
ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 2-4 წლის ბავშვის მხედველობის სახლში შესამოწმებლად მშობელს შეუძლია 2.5 მეტრის დისტანციაზე აჩვენოს ბავშვს რაიმე ობიექტი [საათის ციფერბლატის მსგავსი] და ჰკითხოს, რა გამოსახულებებს არჩევს.
„არ უნდა დაავიწყდეთ მშობლებს, რომ ბავშვის მხედველობა ცალ-ცალკე თვალით უნდა იყოს გამოკვლეული, რადგან ხშირად ერთ-ერთი თვალი არის ზარმაცი, ორივეთი ყურებისას კი ბავშვი ობიექტებს ხედავს მეორეს ხარჯზე, ამიტომ შეიძლება გამოგვეპაროს ზარმაცი თვალი” – ამბობს ის.
დიდი 10-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩში სარაგბო კლუბმა “ბათუმი” დღეს თბილისის “აკადემია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 0:3 დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით “ბათუმი” მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ამასთან ამ მოგებით გუნდს პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს.
“ბათუმს” მიმდინარე სეზონზე სულ ორი ისეთი თამაში აქვს მოგებული, როცა მოწინააღმდეგე გუნდმა 0 ქულა მიიღო.
ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაქსიმუმ მაისის თვეში აიღებენ, ხელფასი კი 30 ან 50 პროცენტით მოიმატებს.
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მაქსიმალური გათვლებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისიდან აიღებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ ხელფასის ზრდა მანამდეც მოხდეს.
ჩვენ ავიღეთ მაქსიმალური და მინიმალური ნიშნული, ხელფასები მაქსიმუმ 50% – ით, მინიმუმ კი 30%-ით გაიზრდება. მთლიანობაში საუბარია დაახლოებით 300-350 თანამშრომლის ხელფასის ზრდაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი 50%-ით გაიზრდება, წლის განმავლობაში 600 000-მდე ლარი იქნება საჭირო, ამ დროისთვის საჭირო თანხის მოძიებაზე ვმუშაობთ. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია როგორც მთავრობასთან, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.
ვცდილობთ, ქედაში ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქედაში,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.
როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ხელფასი ყველა ა(ა)იპ-ში გაიზრდება.
ქედაში სულ ხუთი ა(ა)იპი და ხუთი შპს -ეა.
რაც შეეხება ხელფასების ზრდას შპს-ებში, როლანდ ბერიძე აღნიშნავს: „გამომდინარე იქედან, რომ შპს-ებში დასაქმებულ თანანშრომლებს მთის კანონი შეეხოთ და მათ საშემოსავლო არ ექვითებათ, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან განსხვავებით მათი ხელფასი შედარებით მაღალია, ამიტომაც პირველ ეტაპზე ა(ა)იპ-ებში მოხდება ხელფასის ზრდა”.
მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს.
ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა:
„24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ იმოდენა ფიგურები ვინმეს არ დაეცა თავში. სულ ახალი მასალით, ახალი არმატურით გაკეთდა. გენიალურადაა გაკეთებული, გამაგრებული, მთელი გულით და სულით მაქვს მე, პირადად, გაკეთებული. როდესაც ცივი წყალი გადის მასალაში, იქ კონდენსაცია ხდება. ეს გამოიწვევს ორთქლის დადგომას სიცხეში და 5-6 წელიწადში დაიჟანგება ისევ. დავასრულებთ ჩვენ მაგას და გამოყავით თუ გინდა კომისია, თუ იქნება იქ რამე შეცვლილი. ოღონდ იცოდეთ, რომ ის წყალი არ იქნება…“
ილია ფესვიანიძეს მიაჩნია, რომ წყლის გაფრქვევა თევზიდან ბავშვურია. „ჯერ ერთი, თევზი როდის იყო წყალს ასხამდა, რა სისულელეა. ერთადერთი ვეშაპია, რომელიც წყალს ასხამს ზურგიდან. ანდა რა საჭიროა ასეთი ბავშვური, რაღაცნაირი სათამაშოს გაკეთება. ძეგლის სტატუსი უნდა მიეცეს. მართლაც ეს ისეთი ნამუშევარია, რომ მსოფლიოში არ არის მსგავსი ნამუშევარი“, – ამბობს ილია ფესვიანიძე „ბათუმელებთან“.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, აქამდე რა სახის სამუშაოები ჩაუტარეს „რვაფეხას“, რა ტექნოლოგიით გაამაგრეს ნაგებობა.
„მე რომ მოვედი, მანდ იყო მიშენებები, რის გამოც დაკარგული იყო ფიგურები. ოთხი თუ ხუთი ფიგურა იყო დაკარგული, ფოტოების მიხედვით აღვადგინეთ.
ძველი ფიგურები თავიდან გაკეთდა, თავიდან გადაეკრა „სეტკა“, გაილესა მაღალი მარკის ცემენტით და ამის შემდეგ გადაევლო ზემოდან 4 მმ-იანი სპეციალური ფენა, რომელიც არის იტალიიდან ჩამოტანილი. „სტეკლო ვალაკნოა“ – სპეციალური მასალა, რომელიც ასევე ჩამოვა და ის გადაეკვრება. ამ მასალამ არ უნდა შეუშვას წყალი. ამის შემდეგ სპეციალური წებო-ცემენტია სმალტის, რომელიც ჩამოდის საფრანგეთიდან, წებო-ცემენტით დაეწყობა სმალტა“, – ამბობს ილია ფესვიანიძე.
კითხვაზე, რამდენად იქნება შესაძლებელი „რვაფეხას“ მოზაიკური ნაწილის პირვანდელი ფორმით აღდგენა, მხატვარ-რესტავრატორი პასუხობს:
„შაბლონი აღებული გვაქვს, ფოტოები გადიდებული გვაქვს ყველა. ახლა თუ რომელიღაცა კენჭს გაზომავთ და იტყვით, ეს კენჭი აქ არ არის ჩადებული… ლუპით რომ გაადიდონ და თქვან, ეს ქვა აქ არ იდოო, მაგ ქვას მე კი არა, ღმერთი ვერ აღადგენს. ის ქვა რომ იქ იჯდეს, სასაცილო იქნება. ის მონახაზი, რა ტალღაც იქ იყო, ის ტალღა აღდგება. ეს მოზაიკა როგორ იქნება დალაგებული, რა საქმეა. ჩვენ მხატვრები ვართ, ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ თუ რა? აქ არის ახლა, როცა ეგეთი საქმე კეთდება, ირჩევენ პროფესიონალებს და მე რომ ამირჩიეს და მომიყვანეს, მეც პროფესიონალები ავირჩიე,“ – ამბობს ილია ფესვიანიძე.
მისივე ინფორმაციით „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 2019 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
მთავარი ფოტო: რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთების პროცესი
რთული დასაჯერებელია, რომ ქათამი ვინმეს პლანეტის ყველაზე ლამაზ ფრინველად მიაჩნია, თუმცა იტალიელი ფოტოგრაფები -მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი სწორედ ასე ფიქრობენ. მათ 100 სხვადასხვა ჯიშის ქათამი გადაიღეს და უზარმაზარ ფოტოალბოში 200 ფრინველის პორტრეტი შეიტანეს. ფოტოგრაფების უცნაურ პროექტს „Chic! Ken“ ჰქვია.
მორენო მონტისა და მატეო ტრანჩელინის ფერმერი მეგობარი ჰყავთ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ჯიშის ქათამს უვლის და ამრავლებს. ფოტოგრაფებმა გადაღებებისას შინაურ ფრინველებს სახელებიც შეარქვეს: კონჩიკა, ჯესიკა, მარტა, ფრიზლი და სხვები ქათმების პირველ ფოტოალბომში აღმოჩნდნენ.
მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი ირწმუნებიან, რომ ფოტოებზე აღბეჭდილ იშვიათი ჯიშის ქათმებს არასოდეს დაკლავენ, ფერმაში მოუვლიან და დამთვალიერებლებს მათი მონახულება ყოველთვის შეეძლებათ ვოლიერებიდან.
იტალიელ ფოტოგრაფებს მიაჩნიათ, რომ ქათმები ჩაგრული, დაუფასებელი ფრინველები არიან და ამიტომაც გადაწყვიტეს პროექტით – „Chic! Ken“ მსოფლიოსთვის მათი მშვენიერება ეჩვენებინათ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 9 მარტს, მეტროსა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმა. ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია და იქ მეტროსადგურები საერთოდ არ არის. ხულოში არც აეროპორტია.
როგორც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე „ბათუმელებთან“ საუბარში განმარტავს, მეტროს გადასახადის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში დაუდევრობით მოხვდა.
„ეს საკრებულოს ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იყო გატანილი, არ იყო ატვირთული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და მაცნეს მიეწოდა არა დამუშავებული დოკუმენტი, არამედ პირველადი,“-ამბობს დიმიტრაძე.
„იმედია, ამით დასრულდება გაუგებრობა,“-ამბობს ის.
მეტროს გადასახადი, დიმიტრაძის თქმით, თვეში 6 ლარია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს განახლებაზე დადგენილებას ხელი 2017 წლის 27 თებერვალს მოაწერა. საბჭოს განახლებულ შემადგენლობაზე ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 მარტს გამოაქვეყნა. საბჭოს ახალი შემადგენლობით უკმაყოფილოა ორგანიზაცია „ბათომი“ , რომელმაც საბჭოს განახლების თხოვნით ზურაბ პატარაძეს ღია წერილით მიმართა.
აჭარის მთავრობამ დღეს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 5 მარტს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში ცვლილება, რომლის შესახებაც გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული საბჭო არ წარმოადგენს საბოლოო შემადგენლობას, იგი გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსითაა შექმნილი და ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებაა. საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე დარგის სპეციალისტის მოძიება მიმდინარე პროცესშია. ზონალური საბჭოს შემადგენლობის განახლებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა როგორც საზოგადოება „ბათომის“, ისე დარგის სხვა სპეციალისტების რეკომენდაციები. კერძოდ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკება, ასევე დაგზავნა ოფიციალური წერილები საზოგადოება „ბათომის“ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან. სამწუხაროდ, საბჭოს შემადგენლობაში ყოფნა საქართველოს სხვა ქალაქებიდან არ ისურვეს, თუმცა თანხმობა განაცხადეს თანამშრომლობაზე და რეკომენდაციების გაცემაზე, რასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმიც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ.ზონალური საბჭოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე, ხოლო დარგის ახალი სპეციალისტების მოძიების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სხვა საჯარო მოხელის ჩანაცვლებაც.
ამ დროისათვის, კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განახლებულია დარგის ორი ახალი სპეციალისტით, ესენია: ბათუმის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გაიოზ ფარცხალაძე, ასევე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი – ზვიად ბურჭულაძე.
გვჯერა, აკადემიური სექტორის მიერ წარმოდგენილი ახალი წევრები უფრო კომპეტენტურს და ეფექტურს გახდიან კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მუშაობას.
აჭარის ა.რ. მთავრობა, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება გადასცა ბათუმის მერიას, იგი იყო ბათუმის მერთან ერთად ძველ ბათუმში დასაშვები სიმაღლის 15 მეტრიდან 12 მეტრამდე დაყვანის ინიციატორი, ასევე ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვის და მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების მომხრე. ზურაბ პატარაძე მხარს უჭერს ასევე ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის შემოღებას, რომლის დამტკიცების შემდეგ თავად რეგულაციები განსაზღვრავს ქალაქში დასაშვები მშენებლობების საკითხს.“- ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმის მერიამ რუსეთში, პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა. წერილით ბათუმის მერია გავრცელებული ინფორმაციის შეცვლას ითხოვს და იმის დაზუსტებას, თუ ვისგან მიიღეს ბათუმის მერიაში თანხმობა იმის შესახებ, რომ მერია კონცერტის პარტნიორი იქნებოდა.
საუბარია რუსეთში პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“, სადაც ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა მონაწილეობას. ამ ღონისძიების შესახებ პეტროზავოდსკის კულტურის მართვის სამსახურმა ინტერნეტგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ახლაც წერია, რომ კონცერტის ერთ-ერთი პარტნიორი ბათუმის მერიაა.
7 მარტს ბათუმის მერიაში დეზინფორმაცია უწოდეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ზუსტია – ბათუმის მეგობრობის სახლის ხელმძღვანელობამ [ამ ორგანიზაციასაც ბათუმის მერია აფინანსებს] ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რუსეთისგან შესაბამის ვიზებს ელოდებოდა ქალთა ვოკალური ანსამბლის პეტროზავოდსკში წასაყვანად.
პეტროზავოდსკში გაგზავნილ წერილში ბათუმის მერია აღნიშნავს, რომ მერია ინფორმირებული არ იყო კონცერტის შესახებ. „გთხოვთ, შეგვატყობინოთ, ვისთან, ან რომელ ორგანიზაციასთან შედგა თქვენი კომუნიკაცია ბათუმში, ზემოხსენებულ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გაგზავნილ წერილში.
„ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე, რადგან არსებობს არასასიამოვნო ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქალთა ვოკალური ანსამბლის დირექტორმა, დავით აბულაძემ. მისი თქმით, ის თავიდანვე არ აპირებდა რუსეთში წასვლას, მაგრამ ანსამბლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.
„მომღერლებს უნდათ გასტროლზე წასვლა, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში არ წავსულიყავით. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა დავით აბულაძემ.
63 წლის კაცს რ.დ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის 8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის გაასამართლეს. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სასჯელის ნაწილს – სამ წელსა და 4 თვეს ციხეში გაატარებს, წელიწადი და რვა თვის განმავლობაში კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
მსჯავრდებულის ადვოკატი, სოლომონ კოჩალიძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. რ.დ. ბრალს აღიარებდა, თუმცა მან საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან ვერ მოახერხა.
ფლორიდის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება ექნებათ. მასწავლებლებისთვის სკოლებში იარაღის დარიგების იდეა დონალდ ტრამპს ეკუთვნის. აშშ-ის პრეზიდენტს სკოლებში მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგების იდეა ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოუვიდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი დაიღუპა.
ფლორიდის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ასაკობრივ შეზღუდვას. კანონმდებლობის მიხედვით მასწავლებლებს უფლება აქვთ, სკოლაში ატარონ იარაღი და შტატის სენატი, ამავე დროს, სასაწავლებლებში უსაფრთოების ზომებს გაამკაცრებს.
ფლორიდის შტატის საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლომ ბრალი წაუყენა 19 წლის ნიკოლას კრუზს, რომელსაც ფლორიდის ქალაქ პარკლენდში 17 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ნიკოლას კრუზს სიკვდილიც მიუსაჯონ.
საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების დღევანდელი მოდელის ფუნდამენტური გადახედვა. სისტემის შეფასება „მსოფლიო ბანკის“ მონაწილეობით ხორციელდება, – წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ჯაშის განმარტებით, „წელს, იმისთვის, რომ ჩვენს აბიტურიენტებს და სტუდენტებს არ შეექმნათ დამატებითი ფინანსური ბარიერები, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ოდენობა კვლავ 2 250 ლარზე შენარჩუნდება“.
უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტი კი „უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე და ამ პროცესებით ჩვენ, როგორც ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ასევე უწყვეტობის გარანტიებს შევქმნით გარდამავალ ეტაპზე“, – წერს ის.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მომდევნო წლიდან საქართველოს „განახლებული ხედვა ექნება უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაზე“, რომელიც მისივე მოსაზრებით, იქნება უფრო ადეკვატური და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 2 მილიონ 456 ათასი ლარის მცენარეთა შესაწამლ სპეციალურ აპარატს შეისყიდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების შესასყიდად წელს პროგრამულად 1 მილიონ 481 ათასი ლარი გამოიყო და ტენდერი 1 347 აპარატის შესყიდვაზეა გამოცხადებული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების შედეგად აპარატების შესაძენად დამატებით კიდევ გამოიყო 975 ათასი ლარი.
ვიდრე აგროპროექტების მართვის ცენტრი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აპარატების შესყიდვაზე ხელშეკრულებას გააფორმებს და აპარატებს მიიღებენ, ჯამბულ აბულაძის თქმით, უახლოეს პერიოდში გასულ წელს შესყიდული მობილური აპარატების დარიგება დაიწყება. პირველ ეტაპზე 697 აპარატი დაურიგდებათ ფერმერებს.
„697 შესაწამლი აპარატის შესაძენად 2017 წლის დეკემბერში ტენდერი 1 მილიონ 282 ათას 480 ლარზე გამოვაცხადეთ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მობილური შესაწამლი აპარატები ჩინეთიდან მოაქვთ და 6 აპრილს ფოთში გემით შემოიტანენ, შესაბამისად, შემოტანისთანავე დავიწყებთ აპარატების დარიგებას“.
აღნიშნულ ტენდერში 20 კომპანია მონაწილეობდა, სააგენტომ კი ხელშეკრულება გამარჯვებულთან 629 ათას 983 ლარზე გასული წლის 26 დეკემბერს გააფორმა. აპარატების შესაძენად „ნიორის პროგრამის“ თანხაც გამოიყენეს [„ნიორის პროგრამა“ შარშან სამინისტროს ჩაუვარდა, წელს კი ნიორის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებს უახლოეს პერიოდში გეგმავენ].
200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატი, რომელსაც ცენტრი შეისყიდის, ფერმერებს 20%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა, ფერმერი კი სახელშეკრულებო თანხის, მთლიანი ღირებულების 20%-ს გადაიხდის.
ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, 2017 წლის შესყიდვით, სახელშეკრულებო თანხით თითოეულის ფასი 903 ლარია, ფერმერი კი აპარატში ამ თანხის 20%-ს ანუ 180 ლარსა და 60 თეთრს გადაიხდის. რა თანხის გადახდა მოუწევს ფერმერს 2018 წელს შესყიდული აპარატისთვის, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა დასრულდება და მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდება, სატენდერი პირობით თითოეულის ფასი კი 1 100 ლარია.
„სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ პროგრამებს სახელმწიფოს 70%-იანი თანადაფინანსებით ვახორციელებთ, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ აპარატები ფერმერებისთვის სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით გადაგვეცა. აპარატს აქვს 100 მეტრი სიგრძის მაღალი წნევაგამძლე მილი, რომელიც წამლის გაფრქვევის შესაძლებლობას იძლევა და ამ აპარატით მცენარეების შეწამვლა მაღალეფექტურია. ამ დროისთვის 1500-ზე მეტი განაცხადია დარეგისტრირებული, ყოველდღიურად ასამდე განცხადება შემოდის, პროცენტულად ყველაზე მეტი განაცხადი ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებზე მოდის“.
ვინ მიიღებს მცენარეთა შესაწამლად სპეციალურ აპარატებს სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, უპირატესობა მას მიენიჭება, ვისაც საკუთრებაში ან სარგებლობაში ყველაზე დიდი მიწის ფართობი აქვს.
„აქვე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ფერმერი აჭარაში უნდა ცხოვრობდეს და მის სარგებლობასა თუ საკუთრებაში არსებული მიწა აჭარის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ განცხადება შემოიტანონ როგორც სამინისტროში, ასევე იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობენ,“ – აცხადებს ჯამბულ აბულაძე.
შესაწამლი აპარატი და მისი მახასიათებლები / სატენდერო დოკუმენტაციიდან
მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე ჭიათურაში დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ქალაქი ამ საწარმოთი სულდგმულობს. ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, მაღაროების დახურვის შემთხვევაში, თუკი სახელმწიფომ რამე ხედვა არ განავითარა ამ ქალაქის შესანარჩუნებლად, დასახლება სულ დაიშლება. პრაქტიკულად ყველა ოჯახს ერთი დასაქმებული წევრი მაინც ჰყავს მაღაროებში ან მათთან დაკავშირებულ სამუშაოზე. მუშის საშუალო ხელფასი თვეში 600-800 ლარია, მაგრამ სამუშაო პირობები საშიშია სიცოცხლისთვის.
ჭიათურის მაღაროებში მუშები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. სხვათა შორის, ტყიბულშიც ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის მეუღლე დაიღუპა მაღაროში, რის შემდეგაც მისი ცოლი, კომპენსაციის სახით, ნახშირმომპოვებელ კომპანიაში, ტყიბულშივე დაასაქმეს.
ჭიათურაში ნანახ-გაგებულს რომ დავუბრუნდეთ: სამუშაო ადგილზე მუშების კვებას უზრუნველყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი მეწარმე. დასაქმებულთა მენიუ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ყოველდღე ერთსა და იმავეს აჭმევენ.
ოფიციალურად ითვლება, რომ დღეში 8 საათს (მათ შორის ღამის ცვლაშიც) მუშაობენ, თუმცა ამ 8 სთ-ში არ შედის ის დრო (დაახლ. დღეში 2 სთ), რაც დასაქმებულს სჭირდება საწარმოს ტერიტორიიდან მაღაროში მატარებლით შესასვლელად, მოსამზადებლად, სანამ უშუალოდ მომტვრევას დაიწყებენ და, სამუშაოს რომ მორჩებიან, მაღაროდან გამოსასვლელად.
ჭიათურაში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მაღალია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი. მადნიდან გამომავალი რკინის მტვერი ილექება ქალაქის მცხოვრებთა ფილტვებში, რაც ხშირად იწვევს ტუბერკულოზს. მაღაროებში დღემდე მუშაობდნენ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი, ვადაგასული აღჭურვილობით. ეს სამუშაო პირობებს კიდევ უფრო მძიმეს და სიცოცხლისთვის საშიშს ხდის. ახლო მომავალში გეგმავენ ჩინური წარმოების, საეჭვო ხარისხისა და, შესაბამისად, პოტენციურად არაუსაფრთხო აღჭურვილობის შემოტანას.
მაღაროებში ნახშირჟანგის (CO) დიდი შემცველობის გამო მუშები ხშირად იწამლებიან. სამკურნალოდ დაზღვევა კი აქვთ და შვებულებაც კი ეკუთვნით, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ მესვეურები, მაღაროში არსებული სანიტარული და გარემოსდაცვითი ნორმების/სტანდარტების დარღვევისა და მუშების ავადობის ნამდვილი მიზეზის დასაფარად, ცდილობენ არ დაუშვან მათი სტაციონარში გადაყვანა და მკურნალობა. აქტივისტების თქმით, მოწამლულ მუშებს ტოვებენ ყოფილი სანატორიუმის, ამჟამად მუშათა საერთო საცხოვრებლის შენობაში – იქ მიჰყავთ ექიმები და ადგილზე მკურნალობენ. თუკი მუშა მაინც მოითხოვს სტაციონარში გადაყვანას, ის სამსახურით რისკავს.
ახლა საბიულეტენო შვებულებებზე ეკონომიის მიზნით კომპანია სიახლის დანერგვას გეგმავს. კვირაში 5 დღე პირობითად 8-საათიანი სამუშაო განრიგის ნაცვლად დასაქმებულებს ამუშავებენ თვეში 15 დღის, დღეში 12 სთ-ის განმავლობაში, დარჩენილ ნახევარ თვეს კი – დაასვენებენ. სამუშაო 15 დღის განმავლობაში მუშები დარჩებიან საერთო საცხოვრებელში, სადაც ოჯახის წევრებს ვიზიტის უფლება ექნებათ მხოლოდ განსაზღვრულ საათებში და განსაზღვრული ხნით. პრაქტიკულად იმ 15 დღის განმავლობაში მუშებს თავისუფლება აქვთ შეზღუდული და მათ კომპანია „ფლობს“.
შრომის ამგვარი რეორგანიზაციის სასარგებლოდ კომპანიას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ თუკი მუშები საერთო საცხოვრებელში დარჩებიან, ისინი შეძლებენ სრულფასოვნად დასვენებას, რადგან სახლში ისინი საკუთარ მეურნეობებშიც მუშაობენ (ზოგს ძროხა, ქათმები ჰყავს ან ბოსტანი აქვს). ეს კი მათ ძალას ართმევს, შესაბამისად, მაღაროში მათი შრომისუნარიანობა ეცემა.
ამ გადაწყობას კომპანიისთვის კიდევ ერთი ხარჯის ეკონომია მოაქვს – საბიულეტენო შვებულებებზე (ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები იგულისხმება) გადასახდელი თანხა ეზოგებათ. ვთქვათ, იმ 15-დღიანი მუშაობის შედეგად მაღაროელმა ნორმაზე მეტი ნახშირჟანგი ყლაპა და მოიწამლა. 15-დღიან დასვენების დღეებში მოასწრებს მკურნალობას. ანუ თუ ახლანდელი სტანდარტული სრულგანაკვეთიანი სამსახურის პირობებში მოწამლული მუშა მკურნალობისას აცდენს რამდენიმე სამუშაო დღეს, 15 -დღიან 12 სთ-იან ცვლებში მუშაობისას სამსახურს მოცდენის შანსი მცირდება, ახლა 15-დღიანი შესვენება ექნება მოწამვლისგან მოსამჯობინებლად.
ისე საინტერესო იქნება იმ დაბინძურებული გარემოს პირობებში და მძიმე სამუშაოს გათვალისწინებით ჭიათურაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გამოკვლევა. რამდენად უტოლდება ის არაინდუსტრიულ ზონებში მცხოვრებთა სიცოცხლის საშუალო/მოსალოდნელ ხანგრძლივობას. რეგიონში მომუშავე აქტივისტის თქმით, 55-60 წლის ადამიანი აღარ არის მაღაროში მუშაობისთვის უნარიანი. მათ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად აქვთ შერყეული.
ჯანმრთელობისთვის არსებული საფრთხეებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არ გვყავს პროფესიული დაავადებების მქონე ადამიანები. პროფესიული დაავადება განსხვავდება საწარმოო ტრავმისგან, თუმცა ადამიანს ორივე ემართება სამუშაო ადგილას ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ გარემოში ან ამ სამუშაოს შესრულების შედეგად.
ავტორის შესახებ:
„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.
ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.
ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.
„ბათუმში ქარიშხალი მოსალოდნელი არ არის,“ – აცხადებენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოს ძლიერ წვიმასთან ერთად შტორმული ქარი იქნება 20 მეტრ წამამდე სიჩქარით.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ხვალ დილიდან სანაპირო ზოლში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 13 -15 გრადუსი, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ჰაერი დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით – 0 გრადუსი.
ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში 80 800 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ორთოპედის კონსულტაცია [პირველადი], პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ასევე, Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია.
სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 4100 ბენეფიციარის მომსახურება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხო ენის სერტიფიკატის მფლობელებს, საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში [თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი] სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
CERTUS-ის ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის ოთხივე ნაწილზე ტესტირების გავლა, 26 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ტესტირება ფასიანია და ღირებულება იმის მიხედვით განსხვავდება, აპლიკანტს რა მიმართულებით სურს ტესტირების გავლა.
სრული ტესტი, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება – 50 ლარი ღირს, კითხვის, გრამატიკისა და ლექსიკის ტესტის ღირებულება – 20 ლარი, ხოლო საუბრის, წერითი და მოსმენის ტესტის, თითოეულის საფასური – 15 ლარია.
უცხო ენის ტესტირების ჩასაბარებლად და სერტიფიკატის მისაღებად, დაწვრილებით ინფორმაციის ნახვა მსურველებს შეუძლიათ ლინკზე: https://naec.ge/#/ge/post/1704
ტესტირების გასავლელად თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ფეიბოქსის აპარატებით, ასევე „საქართველოს ბანკში“.
11 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური კამელიის 80-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა.
ღონისძიებას ბაღის ადმინისტრაცია ცნობადობის გაზრდის მიზნით მართავს: „ბაღის კოლექციაში არსებული გვარ კამელიის ჯიშებისა და ფორმების გავრცელება მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.“
გამოფენაზე მoწვეულები არიან კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები… გამოფენაზე დასწრება უფასოა.
კამელია ჩაისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც ოთხმოცზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად, აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებზე, კორეაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებშია გავრცელებული.
ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ფოტო
ბოტანიკური ბაღის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მცენარეთა კოლექციებს შორის Camellia L. სახეობებს და ჯიშებს , რომლებიც ბაღის ტერიტორიაზე სამხრეთ ევროპიდან მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდანაა ინტროდუცირებული ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ბაღის მთელ ტერიტორიაზე კამელიები იზრდება როგორც ფლორისტულ განყოფილებებში, ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებში, ასევე ხნოვანი, გამორჩეული ფორმები გვხვდება ეგზოტურ მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზეც.
ბაღის ტერიტორიაზე კამელიის 2 სახეობა: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.) და იაპონური კამელიის 54 ჯიში, ბაღის დაარსებამდე იყო ინტროდუცირებული.
ამჟამად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიის გვარი წარმოდგენილია 4 სახეობით: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.), ზეთის კამელია (Camellia oleifera Abel.), ბადისებური კამელია (Camellia reticulata Lindl.). ყველაზე მდიდარი ასორტიმენტით წარმოდგენილია იაპონური კამელია (78 ჯიში). მათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა იაპონური კამელიის შემდეგი ჯიშები: ‘Alba plene’, ‘Elegans’, ‘Mathotiana Alba’, ‘Haku –Ho’, ‘Contessa Nencini’, ‘Frau Minna Seidel’, ‘Virgine di colle Beato’, ‘Pelagia’ და სხვ.
ბაღის მცენარეთა კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე მთის კამელიას (Camellia sasanqua), რომელიც ბაღში წარმოდგენილია 18 ჯიშით, ამათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა: ‘Asa-qasumi’,‘Gyobi- goromo’, ‘Lavender pink’, ‘Negishi-ko’, ‘Rosea’, ‘Versicolor’, ‘White Queen’ და სხვა.
კამელიები ყვავილის განსაკუთრებული სილამაზის, ფორმის, ყვავილობის ხანგrძლივობისა და ყვავილობის პერიოდის მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალურია. კამელიის ცალკეული წარმომადგენელი ყვავილობას იწყებს სექტემბერში და გრძელდება მაისის ბოლომდე, ერთეული ყვავილები ივნისშიც შეინიშნება. კამელიის ჯიშები ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირობებში ყვავილობენ უხვად, ყოველწლიურად, ივითარებენ თესლს და იძლევიან თვითნათესებს.
ბოტანიკურ ბაღში წლების მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა კამელიების სელექციაზე. 1961 წლიდან ბაღში გამოყვანილია მრავალი მაღალდეკორატიული ჰიბრიდული ფორმა, რომელთაგან დღეისათვის გამორჩეულია ოცამდე ჯიში.
2015 წლიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური კამელიის ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის იმართება კამელიების გამოფენა. განსაკუთრებული საგამოფენო ექსპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია 67 ჯიშით, მნახველების მოწონებას იმსახურებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან გაწევრიანებულია კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICS).
„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. შტატგარეშედ დარჩენილ ზოგიერთ თანამშრომელთან ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილთან კი მოგვიწევს დამშვიდობება“, – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“.
რეორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ თვეზე მეტია თანამშრომლები მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ. ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცებისთვის საჭირო იყო ბულვარის ახალი დებულების დამტკიცება. დებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელი 5 მარტს მოაწერა. ახალი დებულება 6 მარტიდან ამოქმედდა.
„დღეს ან მაქსიმუმ ორშაბათს, საშტატო ნუსხა დამტკიცდება. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თავის დროზე კონკურსი აქვთ გავლილი, დარჩებიან სამსახურში, ნაწილთან, მათ შორის თანამდებობის პირებთან, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება და მუშაობას შტატგარეშედ გააგრძელებენ. დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ზუსტდება“, – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ იურისტმა, თამარ თავართქილაძემ.
სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ სსიპ-ის მეშვეობით მართავს აჭარის მთავრობა ბათუმის ძველ და ახალ ბულვარს. ძველი ბულვარის ტერიტორია აჭარის მთავრობას ამ ქონების მართვის უფლებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა. ქონების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი ამ ეტაპისთვის არ განიხილება.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის დაწყებამდე [2018 წლის პირველი თებერვალი], ბულვარში ხელშეკრულებით 80 ადამიანი [ძირითადად, მუშები] იყო დასაქმებული, შტატში კი – 65. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კი შტატში 35-40 ადამიანი შეიძლება დარჩეს.
ახალი დებულებით, „ბათუმის ბულვარში“ 8-ის ნაცვლად რჩება 4 სამსახური: ადმინისტრაციული სამსახური; იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახური; ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური.
20 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მულტიმედია პლატფორმის – „მრავალფეროვნების სახეები“ – პრეზენტაციას და დისკუსიას გამართავს.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ვიდეოები: „ჰურიე“, „ბიბლია ჟესტების ენაზე“, „პოლონელი მღვდელი სამცხედან“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ვიდეოპორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ, გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ; კათოლიკე მღვდელს, რომელიც საქართველოზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ნიგერიელ სტუდენტ გოგოს, რომელიც რასიზმის პრობლემაზე საუბრობს.
დოკუმენტური ვიდეოების რეჟისორი ბესო გვენეტაძეა. ვიდეოების საერთო ხანგრძლივობა 21 წუთია.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ვიდეოს გმირებისა და რეჟისორის მონაწილეობით.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 23 მარტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დასანერგად იგეგმება შეხვედრა სასტუმროების, რესტორნების, ადგილზე კვებითი მომსახურეობის, სახელმწიფო სტრუქტურების, სავაჭრო ბიზნესისა და სხვა წარმომადგენლებთან.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები სტუმრებს გააცნობენ კანონმდებლობის ახალ დეტალებს და აღსრულების პირობებს: „მათ ექნებათ საშუალება დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით“.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ჯანდაცვის ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით, პირველი მაისიდან საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ადგილებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება.
სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებით მიმდინარეობს. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად.
საკონსულოს ინფორმაციით, სარფში საკმაოდ დიდი რიგებია, ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიდი ხანია საზღვრის გადაკვეთას ელოდებიან, საკვებით უზრუნველყოფენ.