საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს სარფის საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად. საბაჟოზე დღეს, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მიმოსვლა შეზღუდული იყო. მოქალაქეებს საბაჟოზე საათობით უწევთ გაჩერება.

„ამ დროისთვის სარფში იმყოფება გენერალური კონსული. სარფის საბაჟოზე მუშაობენ არსებული ვითარების გამოსასწორებლად – ვცდილობთ უზრუნველვყოთ კომპიუტერული სისტემების გამართულად მუშაობა. პარალელურად ალტერნატიული გზებს იძიებენ და 20-20-კაციანი ჯგუფები გადმოჰყავთ. მოქალაქეებს თურქეთის სახელმწიფო კვებითაც უზრუნველყოფს“, – იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო.

საკონსულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბაჟოზე  სხვადასხვა ეროვნების 100-მდე მოქალაქე იმყოფება. თურქეთის მხარე მათი დაბინავების საკითხზეც მუშაობს.

საკონსულოს ინფორმაციით, სარფში საკმაოდ დიდი რიგებია და საკვებით სწორედ იმ მოქალაქეებს უზრუნველყოფენ, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან საბაჟოზე.

სარფის საბაჟოზე გადაადგილება გუშინ 19:24 საათის მონაკვეთში სრულიად შეჩერებული იყო. 

მოგვიანებით საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარფში დილიდან იმყოფებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში არიან საბაჟოსა და თურქეთის საკონსულოს თანამშრომლებთან. „მთავრობის წევრები ახლაც იქ არიან და ფიზიკურადაც ეხმარებიან ადამიანებს,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

„ბათომის“ წევრი ზურაბ პატარაძეზე: „გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ“

ორგანიზაცია „ბათომის “ წევრი შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ზურაბ პატარაძე ამ გადაწყვეტილებით „საბოლოოდ გაიშიფრა“. მან ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათომისთვის“ მიცემული პირობა შეასრულა და კმდს ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა, ოღონდ მისი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საბჭოს შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ საჯარო მოხელეებს დაუტოვა.

შოთა, თქვენი მოთხოვნა იყო ზონალური საბჭოს განახლება, კმაყოფილი ხართ ახალი შემადგენლობით?

ჩვენი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს კანონს დაქვემდებარებოდა და დაკომპლექტებულიყო ადამიანებით, რომლებსაც ცოდნა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მგრძნობელობა ექნებოდათ. ნუგზარ ძნელაძის დატოვება საბჭოში გასაგებია რასაც ემსახურება, იგივე ზვიად ბურჭულაძის, რომელთან ერთადაც ამდენი წელია ვმუშაობთ და მას არასოდეს ძეგლის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფარცხალაძეს არ ვიცნობ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,  მაგრამ მის მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არაფერი მსმენია, ჩუმად რამეს თუ იცავდა არ ვიცი. ცხადია, რომ პატარაძე გვეკეკლუცება უნიჭოდ; ცხადია, რომ არ არის მისთვის ღირებული არანაირი კულტურა, ისტორია და ძველი ბათუმი. ამჯობინებს, რომ საეჭვო გარიგებებზე წავიდეს ე.წ. ინვესტორებთან – ეს აშკარაა.

თქვენი კრიტიკის პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ საბჭოს წევრებს აქვთ შეხება არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ეს არის უბედურება სწორედ, რომ შეხება აქვთ, ამასთან ნუგზარ ძნელაძეს ძალიან დიდი ხანია და ანგრევს და ანადგურებს ამ ქალაქს. მე არ ვამბობ, რომ არ აქვთ მათ შეხება, მაგრამ ეგ არის სწორედ უბედურება. ის, წლებია ამ საბჭოს წევრია, ხომ შეიძლება  ვინმემ დეტალურად განიხილოს მიუღია თუ არა ამ ადამიანს ოდესმე ძეგლის სასარგებლო გადაწყვეტილება, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ვიცით, რომ გაუშვეს მამუჭაძე და უშვებენ მირზას [ცეცხლაძეს]. მირზას, რატომ უშვებენ? მირზა სწორ პოზიციას იჭერდა.

თქვენ ითხოვდით სპეციალისტების შეყვანას საბჭოში, ორი ახალი წევრია, ორივე სპეციალისტია – ერთი არქიტექტორია, მეორე ინჟინერი.

მე რა მინდა ამაზე არ არის საუბარი, ეს ქალაქი დასაცავია, რა არგუმენტი უნდა მოიყვანოს პატარაძემ, გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ. ამ დრომდე ველაპარაკებოდით – შენ კაი კაცი ხარ, ცუდი ერმაკოვიაო [ბათუმის ყოფილი მერი] და ეს მართლა დაიჯერა. ამ კაცს რაიმე უნდა მართლა სასიკეთო თუ რა მატრაკვეცობაა ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, ამ საბჭოს „ბათომის“ ნდობა ვერ ექნება. მე ვამბობ ამას ჩემი სახელით და დარწმუნებული ვარ ორგანიზაციის წევრებიც ამ აზრზე იქნებიან. ერთი ადამიანი, ვინც სწორ პოზიციას იჭერდა გაუშვეს.

ჩვენ ვცდილობდით, ნორმალური კონსტრუქციული ურთერთობა გვქონოდა ზურაბ პატარაძესთან, მაგრამ მას არასოდეს არ მიუღია ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ყოველთვის გვპასუხობს, რომ ეს დღეს იქნება ან ხვალ და გვიღიმის.

წვიმიანი სანაპირო ბათუმში [ფოტო]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

როცა ბათუმში წვიმს, ზოგს უხარია, ზოგს არა. ზოგისთვის კი წვიმა არც არაფერს ცვლის. ვიღაცა უქოლგოდ სეირნობს, ვიღაც ისევ თევზაობს, ვიღაც ველოსიპედით ბულვარში დაქრის, უმეტესობა კი ქოლგას შეფარებული ცდილობს ამოყრილ ქვაფენილიან ტროტუარებზე სიარულისას ფეხსაცმელზე შესხმულ ტალახიან წყალს გადაურჩეს.

ძაღლები კი ძველ ბათუმში ერთმა პატარა კაფემ შეიფარა
მეთევზისგან განსხვავებით, ამ თევზს დღეს არ გაუმართლა
ბათუმის პორტი
ხედი სანაპირო კაფედან

 

ურბანული ლეგენდის თანახმად, სანაპიროს ყავაზე უკეთეს ყავას ბათუმში ვერსად დალევთ
და წვიმაში სეირნობაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ, როცა ბათუმში წვიმს
როცა წვიმს, ზღვა მშვიდია
პორტში ჩიტები პურის ნამცეცებს ეძებენ
მტრედებიც და საერთოდ ყველა რაღაცას ეძებს

 

ძველი სკამის გამოყენებას ვიღაცა შემოქმედებითად მიუდგა
ხულოს ქუჩას წვიმა და სიცარიელე აშკარად უხდება
ეს ყვავილები ვიღაცამ ალბათ უკვე იყიდა
ალბათ ესეც

 

 

 

 

ზურაბ პატარაძემ ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაიოზ ფარცხალაძე და არქიტექტორი, ზვიად ბურჭულაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განახლებული ზონალური საბჭოს წევრები არიან, საბჭოს თავმჯდომარედ რჩება სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა ასლანიშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათომისთვის“ მიცემული პირობა შეასრულა და საბჭოს შემადგენლობა განაახლა, ოღონდ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საბჭოს შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ საჯარო მოხელეებს დაუტოვა.

ეს საბჭო ძეგლის დაცვის ზონაში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს ითანხმებს, რის შემდეგაც მერია გასცემს ნებართვას მშენებლობაზე. ბათუმში არსებული პრაქტიკით ასეთი ახალი მშენებლობები უმეტესწილად ისტორიული ერთსართულიანი ან ორსართულიანი სახლების ნგრევის ხარჯზე იწყება.

გაიოზ ფარცხალაძე ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია. ბსუ-ს ვებგვერზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ის პროფესიით ინჟინერია და სამშენებლო კონსტრუქციები მისი ინტერესების სფეროების ჩამონათვალშია.

გაიოზ ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ საბჭოში შესვლა მისი ცოდნისა და გამოცდილების გამო შესთავაზეს და საბჭოში შემოსულ პროექტებსაც ამ მიმართულებით შეაფასებს: „მე ვიტყვი  შესაძლებელია თუ არა აშენდეს შენობა კონკრეტულ ადგილზე.“  მას არ ახსოვს, ვინ შესთავაზა საბჭოში შესვლა და ამ თემაზე არც კითხვებზე პასუხების გაცემა მოსწონს: „დაკითხვაა თუ რა არის.“

პროფესიით არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორი და კმდს-ს კულტურული საბჭოს წევრია. წლების წინ ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე ბათუმის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელი [ამ დროისთვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი] და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი. დადგენილებაში მითითებული არ არის, რომელ მრჩეველს წარადგენს ზურაბ პატარაძე საბჭოში. აქამდე მთავრობის აპარატიდან ზონალურ საბჭოში კახა შაშიკაძე შედიოდა. ის აჭარის მთავრობის აპარატში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

განახლებულ საბჭოში რჩება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე. ის საბჭოს წევრი აქამდეც იყო, ისევე როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

ზონალური საბჭოს განახლების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ სააგენტომ ზონალურ საბჭოში დარგის კიდევ ორი სპეციალისტი უნდა მიიწვიოს, ეს შეიძლება იყოს ხელოვნებათმცოდნე, ურბანისტი, არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი და სხვა.

განახლებული შემადგენლობის მიხედვით საბჭოს დატოვება მოუწევს სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილების უფროსს, მირზა ცეცხლაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით იურისტია, ბოლო პერიოდში მის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ როგორც ძეგლების დამცველები, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი – გასული წლის მუშაობის წარდგენისას  ლაშა ასლანიშვილმა განაცხადა, რომ ძირითად სამუშაოს სააგენტოში ნებართვებისა და მონიტორინგის სამსახური ასრულებს.

მირზა ცეცხლაძე სააგენტოს სხდომებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად აღნიშნავდა, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიარა სპეციალისტებთან და სააგენტოს ხელოვნებათმცოდნესთან. მისი პოზიციები [ გადაწყვეტილებები] არცთუ იშვიათად ძეგლების დამცველების პოზიციებს ემთხვეოდა.

საბჭოს დატოვება მოუწევს ასევე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ზაალ მამუჭაძეს, ძეგლების დამცველები მის გადაწყვეტილებებს ზონალურ საბჭოში ხშირად უარყოფითად აფასებდნენ.

ზონალური საბჭოს შემადგენლობაში  ბათუმის მერის არც ერთი მოადგილე აღარ იქნება.

გარდა ამისა, 2009 წლის 14 აპრილის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს დამატებით ორი სხვა სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევის საკითხი, ასევე, საბჭო უფლებამოსილია მოსაზრებისთვის წერილობით მიმართოს შესაბამისი დარგის ექსპერტს, სპეციალისტს ან დაწესებულებას.

საბჭოს განახლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „ბათომმა“ მიმართა. მოთხოვნის მთავარი მოტივი იყო ის, რომ საბჭოში არ უნდა ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები, მთავრობაზე დაქვემდებარებული პირები:

ამონარიდი ზურაბ პატარაძისთვის გაგზავნილი წერილიდან: „დაარსების დღიდან ჩამოყალიბებული არასწორი ტრადიციის შესაბამისად, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა მხოლოდ საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული. მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.“

ზურაბ პატარაძე მაშინ ორგანიზაციის წევრებს დაჰპირდა, რომ შეცვლიდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესს და მას დარგის სპეციალისტებით დააკომპექტებდა. თუმცა ახალ შემადგენლობაში ხმების დათვლისას გადაწყვეტილებას ისევ საჯარო მოხელეები მიიღებენ, შვიდწევრიანი საბჭოს ახალ შემადგენლობაში ხუთი საჯარო მოხელეა.

ზურაბ პატარაძის ხელმოწერილი დადგენილება ზონალური საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით 2018 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა.

 

ვინ მიიღებს თავშესაფარს ევროპაში

ათასობით ადამიანი საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის სტატუსის მიღებას ცდილობს. სტატისტიკის მიხედვით, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ თავშესაფარს. ევროპაში თავშესაფრის მიღება რომ რთულია, კარგად იციან ქართველებმა, რომლებიც ახლა ევროპაში თავშესაფრის მიმღებთა რიგში დგანან. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში დარჩენას მაინც შეძლებს.

თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლემ ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელიც გაზარდა. ქართველი მიგრანტების მიმართ ამ მხრივ ყველაზე მკაფიო და კრიტიკული განცხადებები ბოლო დროს გერმანიაში გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ გერმანიის მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი, შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. „არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“, – თქვა ქრისტიან კლოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ვიცი, მაინც მოვახერხებ დარჩენას… ასე ფიქრობს აქ ყველა“

„საქართველოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წამოვედი, მაქ მკურნალობას არ ჰქონდა შედეგი. სრულიად სხვა მეთოდით გავდივარ აქ მკურნალობის კურსს,“ – გვიყვება სალომე [სტატიაში სახელები შეცვლილია]. იგი ერთ-ერთია საქართველოდან წასულ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თავშესაფარს საფრანგეთის ხელისუფლებისგან ითხოვს.

თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს „ბათუმელები“ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

სალომე: „ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავშესაფარს ვერავინ მიიღებს და ასე შემდეგ. სინამდვილე არის ის, რომ აქ ჩამოსული უკან აღარავინ ბრუნდება. მე ივნისში მივმართე განცხადებით ოფრას [ორგანიზაცია, რომელიც თავშესაფრის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს საფრანგეთში. ამის შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ავტ.] ჩემი განცხადების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. სასამართლო თუ უარს იტყვის, იმ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლია და ასე შემდეგ. ეს პროცესი ზოგჯერ სამი წელი გრძელდება. ამასობაში ადამიანები შოულობენ სამსახურს, კონტრაქტს არ უფორმებენ, მაგრამ მუშაობენ და ახერხებენ დარჩენას, როგორც არალეგალები. როცა შვილი სკოლაში დადის, მით უმეტეს ვეღარ გიშვებენ უკან. თავშესაფარში ვინც ცხოვრობს, სხვადასხვა მიზეზს გეტყვიან, რატომაც არიან აქ. რეალური მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის გაჭირვება, რასაც ისინი საქართველოდან გამოექცნენ…“

გერმანიაში ერთ-ერთი თავშესაფრის სამრეცხაო. ეთერ თურაძის ფოტო. 2016 წელი

სტატუსის მინიჭების მსურველს მიმღები ქვეყანა თავდაპირველად თავშესაფარში ათავსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირი თავშესაფრის სტატუსის მქონეა. სტატუსის მისაღებად კონკრეტული მიზეზია საჭირო, მაგალითად, დევნა პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. აპლიკანტმა უნდა დაუდასტუროს ევროპულ სახელმწიფოს, რომ იგი სამშობლოში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს და ემუქრება საფრთხე.

„გასაუბრებაზე როცა ვიყავი, ყველაფერი მკითხეს დეტალურად. მოგონილი მიზეზით ვერაფერს გახდები, ვერ მიიღებ თავშესაფრის სტატუსს,“ – ამბობს სალომე.

სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირი თავისუფლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, მაგალითად, საფრანგეთში და სარგებლობს სოციალური შეღავათებით.

სოციალური პაკეტით ადამიანები სარგებლობენ სტატუსის მინიჭებამდეც. მათ თავშესაფარში ათავსებენ. სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, წესით, 6 თვეში უნდა დასრულდეს.

„თავშესაფარი შეიძლება იყოს ცალკე შენობა, სადაც ყველა ადამიანი ერთად ცხოვრობს, ვინც სტატუსის მინიჭებას ელოდება, ან ცალკე ბინა, რომლის თანხასაც სახელმწიფო იხდის,“ – გვიყვება სალომე. – „თავშესაფარში ერთ ოთახში ორი ან სამი ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ ოთახს თავისი სველი წერტილი აქვს. პირველ სართულზე სოციალები არიან… „სოციალი“ ნიშნავს სოციალურ მუშაკს, რომელიც თითოეულ პირს თავისი ჰყავს, მაშინვე გინიშნავენ, როგორც კი განცხადებას დაწერ და ანაბეჭდს აბარებ. სოციალი გეხმარება საბუთების მოწესრიგებაში, საჩივრების დაწერაში, ასევე გაკავშირებს ორგანიზაციებთან, ვისაც აქვთ უფასო საკვები და ტანსაცმელი. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც სოციალები ითხოვენ, არის ის, რომ სტუმრების აყვანა შენს ოთახში არ შეგიძლია. სტუმარი შეგიძლია მიიღო ცალკე ოთახში. ამას გარდა, ყოველდღიურად გერიცხება 3,70-6,80 ევრომდე. თანხა მერყეობს საჭიროებიდან გამომდინარე. თავშესაფარში მყოფ ადამიანს აქვს სპეციალური დოკუმენტი. ამით უფასო მგზავრობას ვახერხებთ“.

რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ მაინც ვერ მიიღებთ სტატუსს? – სალომე დაუფიქრებლად მპასუხობს, რომ ევროპის სხვა ქვეყანაში გადავა და იქ მოითხოვს თავშესაფარს.

თეა: დაახლოებით სამი თვე ქუჩაში ვიყავით მე და ჩემი შეყვარებული

„ჩვენ აგვისტოში ჩამოვედით სტრასბურგში,“ – გვესაუბრება თეა, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს და მეგობარ გოგოსთან ერთად ითხოვს თავშესაფარს.

„აქ ძალიან ბევრი ბანაკია. მგონი, თავშესაფრის მაძიებელი ფრანგზე მეტია… თავიდან მოგვცეს თავშესაფარი, სადაც ვიყავით იმ პირობით, რომ მხოლოდ ღამის გათევა შეგვეძლო. ადრე დილით ბანაკი უნდა დაგეტოვებინა. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ თავშესაფარზეც უარი გვითხრეს. დაახლოებით სამი თვე ვიყავით გარეთ. ენის შესწავლაც ვერ მოვახერხეთ, რომ სადმე გვემუშავა… მატარებლის სადგურში ვჩერდებოდით. შუაღამისას, როცა ისიც იკეტებოდა, გარეთ ვიყავით.

ჩემს შეყვარებულს ფილტვების ანთება დაემართა. კარგი ისაა, რომ როგორც კი ანაბეჭდს აბარებ და თავშესაფარს ითხოვ, მაშინვე 100-პროცენტიანი დაზღვევით სარგებლობ. ექიმებმა დაგვიწერეს დასკვნა, რომ ჩვენი ქუჩაში დარჩენა არ შეიძლებოდა. მაგის მერე ცოტა ხანი ისევ ბანაკში ვიყავით და მერე სტრასბურგთან ახლოს ერთ ქალაქში, სასტუმროს ნომერი გვიქირავეს. ახლა აქ ვართ.

თავშესაფარი გერმანიაში. ეთერ თურაძის ფოტო. 2016 წელი

ჩემს შეკითხვაზე, როგორ მოახერხეთ თავის გატანა? – თეას ეცინება. „მაინც იმაზე უკეთესად ვარ, ვიდრე საქართველოში… სოციალურ შემწეობას თვეში 370 ევროს ვიღებდით მე და ჩემი შეყვარებული. ამ ფასად აქ ნორმალური კვებაა შესაძლებელი. ახლა, როცა ცალკე ბინაში ვცხოვრობთ, სადღაც 300 ევროს ვიღებთ. დღეს, მაგალითად, სტომატოლოგთან ვიყავი. ჯანმრთელობის დაზღვევა სტომატოლოგთან ვიზიტსაც სრულად აფინანსებს“.

თეას თქმით, კარგად არ არიან, მაგრამ არ შიათ: „რაც მთავარია, იმის არ გვეშინია, რომ ვინმე შეიძლება თავს დაგვესხას მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. აქ არავის აინტერესებს ის, რომ გოგოებს გვიყვარს ერთმანეთი“.

გასაუბრებაზე უკვე იყო თეა და ოფრას პასუხს მარტის ბოლოს ელოდება: „ერთი ადამიანი ესაუბრება ყველას და გარეთ ათეულობით ადამიანია რიგში. შეხვედრას ესწრება შენი სოციალი და თარჯიმანიც… თუ ადამიანი ადრე გამოვიდა, ყველამ იცის, რომ არ გაუმართლა. რიგში მყოფებმა იციან, რომ ოფრას ინსპექტორი დეტალურად ეძიება ყველაფერს. რაიმეს დამალვას აზრი არ აქვს. შეიძლება ისეთი რამ გითხრან, შენც გაგიკვირდეს…

ჩვენთან გასაუბრება ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. მოლოდინი მაინც არ მაქვს, რომ თავშესაფრის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში. მინდა, ვიქორწინო ჩემს შეყვარებულზე. ეს საქართველოში ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც არ დავბრუნდები.“

რას აკეთებს ხელისუფლება – კითხვებს მთავრობა უპასუხოდ ტოვებს

  

„გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით რამდენიმე წლით აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლას იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე,“ – ეს ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩომ 5 მარტს გაავრცელა. განცხადებაში ასევე წერია: „აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის“.

6 მარტს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ელჩი – ანეტ გიუნთერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

„ვიზიარებთ აზრს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოთ მოქალაქეთა უვიზო გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ გადაადგილების და თავშესაფრის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია,“ – უთხრა ქრისტიან კლოსმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახიძემაც. მან თქვა, რომ ქართული მხარე განიხილავს საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებისა და გვარის შეცვლის პროცედურების გართულებას. დეტალებზე ნინო ჯავახაძეს არ უსაუბრია.

კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველო ვითარების შესაცვლელად, რაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას და კრიმინალს უკავშირდება? – მთავრობაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელებმა“ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პრესსამსახურების თხოვნის შემდეგ, ჩვენ კითხვები ამ უწყებებს წერილობითაც გავუგზავნეთ. მთავრობაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვეს.

6 მარტს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. მაგალითად, თეა წულუკიანი. მან პრობლემიდან გამოსავალზე საუბრის ნაცვლად, არჩია მისალმებოდა შედეგს, რასაც გერმანული მხარე აანონსებს.

„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის, რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც  თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ. ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან და გაზრდილი კრიმინალი ევროპაში

„ქართველები გერმანიაში ქმნიან ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს“, – ამ შინაარსის სტატიები გერმანულ მედიაში ხშირად იბეჭდება. გერმანულმა რადიომ, wdr.de-მა (საზოგადოებრივი მაუწყებელი) პოლიციის ინფორმაციის საფუძველზე დაწერა, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ 2018 წლის იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი.

თებერვლის დასაწყისში ქართველი ემიგრანტების მხრიდან კრიმინალის მატებაზე საუბარი გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიწყეს. 8 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის რეგიონის მინისტრმა განაცხადა, რომ  განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

9 თებერვალს, საქართველოს მთავრობა სხდომაზე გამოეხმაურა ამ საკითხს. მთავრობის წევრებმა თქვეს, რომ „დიდი ყურადღებით ეკიდებიან პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით“.

“საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთი, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი,“ – აღნიშნა 9 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

9 თებერვლიდან დღემდე საზოგადოებას არც საკანონმდებლო ცვლილება უნახავს და არც კონკრეტული ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ გადადგა პრობლემის მოსაგვარებლად.

ვინ მიიღო თავშესაფარი ევროპაში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

 

გასულ წელს საქართველოდან ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მისაღებად 11 569 ადამიანმა მიმართა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ [2017 წლის თებერვალი] საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა დაახლოებით 35 პროცენტით გაიზარდა. 

რაც შეეხება განაცხადების დაკმაყოფილების სტატისტიკას, ის საკმაოდ დაბალია. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო თავშესაფრის სტატუსი ევროპაში, ხუთს სუბსიდიით დაეხმარნენ.

გერმანიაში საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის თავშესაფრის საძიებლად. ევროსტატის ცნობით, 2016 წლის აპრილ-დეკემბერში გერმანიაშ საქართველოდან 3050 განაცხადი შევიდა თავშესაფრის მოთხოვნით, ხოლო  2017 წლის აპრილ-დეკემბერში – 2780.

გასულ წელს საქართველოდან 1180 მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი საფრანგეთში. 2016 წელს საფრანგეთს 680-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, 2016 წლის აპრილ-დეკემბერში იტალიას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა 160-ჯერ მიმართეს,  2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 440-ჯერ.

დეტალური ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის თხოვნის შესახებ იხილეთ აქ

„რეალურად თავშესაფრის სტატუსის მიღება არის იშვიათი და ეს არის ძალიან რთული პროცედურა,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში. მას ვკითხეთ, ვის მისცეს თავშესაფრის სტატუსი ევროპის ქვეყნებში.

„ეს ინფორმაცია მიიჩნევა პერსონალურ ინფორმაციად და იგი არ არის საჯარო. ალბათ ოფიციალურ სტრუქტურებს აქვთ ეს ინფორმაცია. ცნობილია ის, რომ თუკი ვერ დაადასტურებს მოქალაქე, რომ მისი უფლების დაცვა საქართველოში შეუძლებელია და ელოდება საფრთხე, ვერ მიიღებს თავშესაფარს,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით ასევე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში, ვისაც თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე ევროპის ქვეყნებში უარი უთხრეს.

გამოსავალი – ექსპერტის პოზიცია

 

„გამოსავალი იქნება უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა,“ – მიიჩნევს სპეციალისტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე. ის ყურადღებას ამახვილებს ისლანდიაზე, რომელმაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეს საქართველოდან თავშესაფრის სტატუსს ვერ მიიღებს. ამ ცვლილების შემდეგ, ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან განულდა.

„თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს პრობლემა ჰქონდა ალბანეთს, ესტონეთს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. პრობლემა მოგვარდა, როცა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღეს ამ ქვეყნებმა,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

რატომ არ ანიჭებენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს? – ექსპერტი განმარტავს, რომ ამას ერთიანი პოლიტიკური მიდგომა სჭირდება „და რაც მთავარია – ვითარების პოზიტიური შეფასება. თუ გაუარესდება საქართველოში, მაგალითად, მდგომარეობა უმცირესობების თემაზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ძირითადი მიმართულებებით მართლაც გაუმჯობესდა ვითარება. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის ბოლო პროგრეს ანგარიშში წერია, რომ უნდა გაუმჯობესდეს დაცვის მექანიზმები, იგივე „ანტიდისკრიმნაციული კანონის“ აღსრულება. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი არ უნდა ქმნიდეს რისკს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ სტატუსის შემდეგაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს თავშესაფრის სტატუსი ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული და გახმაურებული შემთხვევა…

ვიცით ყველამ, რომ ევროპაში თავშესაფრის მიმზიდველობა არის სოციალური მდგომარეობიდან თავის დაღწევა, ანუ იქაური სოციალური პაკეტი აქაურ ხელფასზე მაინც მეტია. მოკლე დროში სოციალური მდგომარეობა ვერ შეიცვლება, ამიტომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ყველაზე მოკლე დროში მოაგვარებს პრობლემას,“ – აღნიშნვს ვანო ჩხიკვაძე.

სპეციალისტი ასევე მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, თუკი ევროპის ქვეყნები მაქსიმალურად მოკლე ვადაში განიხილავენ თავშესაფრის მთხოვნელთა განცხადებებს. „რაც უფრო დიდი ხანი გაქვს, მეტად არის შესაძლებლობა, იქ რაღაც სამუშაო იშოვო და დარჩე, როგორც არალეგალი,“ – დასძენს ვანო ჩხიკვაძე.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს კონკრეტულად გერმანიისგან?

ვანო ჩხიკვაძე: გერმანიაში საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შენგენის ზონაში შეზღუდვაზე იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. საუბარია გერმანიიდან ევროპის სხვა ქვეყანაში შესვლაზე. თუკი არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლოა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდეს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე, რასაც აპირებს, ეს არის საინფორმაციო კამპანია და პოლიციის ატაშეების დანიშვნა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ადგილზე მოაგროვებენ ინფორმაციას და მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლებას.

დროში გაიწელება ეს საკითხი, მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გერმანიის მიზანი მარტო ჩვენი შეშინებაა. თუკი ეს მდგომარეობა კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, შეიძლება შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ამოქმედდება. ეს რომ მოხდეს, ამას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც და იგი აისახება საქართველოს შესახებ ზოგად განწყობებზე.“


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ვიდეოდაჯარიმებას შიდა სატრანზიტო ნომრებით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტო-ვიდეოჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნება ერთი კვირაა რაც დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 10 ათასამდე ჯარიმაა გამოქვეყნებული. შსს-ს ინფორმაციით, ფოტო-ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა და მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ამ ავტომობილების მფლობელებიც ჯარიმდებიან.

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ვიდეოჯარიმის დროს ჯარიმდება ის, ვის საკუთრებაშიცაა ავტომობილი. ანუ ჯარიმდება და შესაბამისად, ჯარიმის ქვითარი ეგზავნება მესაკუთრეს და არა იმ მძღოლს, რომელსაც მინდობილობა აქვს ან მართავს სხვის ავტომობილს.

შსს საჯარიმო ქვითარს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე [police.ge] საჯაროდ ამ ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოაქვეყნებს.

police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ქვითარი დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება, რის შემდეგაც მას აქვს კიდევ 30 დღე, რომ გადაიხადოს ჯარიმა.

ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში კი პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული; ვიდეოანალიტიკური პროგრამებით კი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ავტომატურ რეჟიმში ფიქსირდება.

დამრღვევი მძღოლი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ამავე თემაზე:

შსს-მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

მთავარი ფოტო: ერთობლივი ოპერაციების ცენტრი / სქრინი: შსს

უმდიდრესი ქალების მსოფლიო სიაში ჩინელები ლიდერობენ

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებლად გამდიდრებული ქალების მსოფლიო სიაში 50 ქალია, მათ შორის 28 ჩინელი.

ჩჟოუ კუნფი/ფოტო: forbes.com

სიის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდერი ჩჟოუ კუნფია, რომელმაც სმარტფონების ეკრანის დამცავების საწარმოებლად დააარსა კომპანია „Lens Technology“. ფირმის მთავარი კლიენტები არიან კომპანიები „Apple“ და „Samsung“-ი.

ჩჟოუ კუნფი $ 9,8  მილიარდის მფლობელია, რაც  7,1 მილიარდ ევროს შეადგენს. ღარიბულ სოფელში გაზრდილი ჩჟოუ კუნფი  ფორბსის მილიარდერთა სიაში შევიდა.

დამოუკიდებლად გამდიდრებული ქალების სიის მეორე ადგილზე დეველოპერი იუ იაჯუნია, ქალი ჩინეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩუნციადან, რომელიც  $ 9,3 მილიარდს ფლობს.

იუ იაჯუნი/ფოტო: forbes.com

ჩინელების შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიაში ამერიკელი დიანა ჰენდრიქსია. მის მიერ დაარსებული კომპანია „ABC Supply“ აშშ-ში სახურავებისა და ფანჯრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორია.

ინდოეთიდან, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ჩინეთის მსგავსად დიდია, დამოუკიდებლად გამდიდრებული ქალების სიაში მხოლოდ ერთი ქალი, კირან მაზუმდარ შოუ შევიდა, ის გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია „Biocon“-ს მართავს.

მდიდარი ქალების სიაში მოვხვედრილი მილიარდერების ქონება ყოველწლიურად იზრდება.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალის, ჩჟოუ კუნფის ქონება 2018 წელს, მაგალითად, წინა წელთან შედარებით, 45 %-ით მეტია, სიის მეორე ნომრად დასახელებული იუ იაჯუნის ქონება კი,  ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი სისწრაფით, 83%-ით გაიზარდა.

წყარო: BBC

ფადიკო – პირველი ქართველი მფრინავი ქალის ამბავი

ფადიკო გოგიტიძე პირველი ქართველი მფრინავი ქალია. იგი 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. როგორც გაზეთი “საბჭოთა აჭარა” 1936 წლის აგვისტოს ნომერში წერდა, ფადიკო გოგიტიძეს საფრენოსნო საქმე ერთ წელში უნდა შეესწავლა: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი… ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარის სიზუსტითა და სილამაზით”.

„მათ ვაჟკაცურად გადმოეფრინათ სურამის დანისლული უღელ-ტეხილი და სწორედ დანიშნულ დროისთვის ბათომს დაეშვენ” – წერდა „საბჭოთა აჭარა”.

ფადიკო გოგიტიძემ თბილისის საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტუქტორად. ბათომში აეროკლუბი მოსახლეობის მიერ ნებაყოფლობით შეგროვებული თანხებით მოეწყო. აქ ხდებოდა მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავია-მოდელისტთა კადრების მომზადება „წარმოებიდან მოუწყვეტლად“.

ადამიანები საშუალოდ 20-50 მანეთს დებდნენ ბათუმში აეროკლუბისა და აჭარაში საავიაციო სპორტის განვითარებისთვის, გამოწვევის სახით, მათ მეგობრებს ასახელებდნენ:

 

ფადიკო გოგიტიძე 24 წლის ასაკში დაიღუპა ბათუმში  საცდელი ფრენისას, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე.

2013 წელს ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან გადაიტანეს მისი ბიუსტი. ბათუმში არის მისი სახელობის ქუჩაც.

რატომ არ უერთდება აჭარაში მოქმედი გენდერული თანასწორობის ქსელი სოლიდარობის აქციას 

დღეს, 8 მარტს, თბილისში ქალთა მოძრაობა ტრანსგენდერი ქალების უფლებების დამცველ აქციას მართავს. აქციის მიზანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მათ სქესის შეცვლის უფლება მისცეს.

„მე ვარ ქალი – აღიარე“, ამ სლოგანით ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის შესახებ კამპანიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწეოდა ფეისბუქში ქალთა მოძრაობა.

„ბათუმელები“ აჭარაში მოქმედ გენდერული თანასწორობის ქსელის წევრებს დაუკავშირდა და ამ საკითხზე მათი პოზიცია მოისმინა. დღეს ამ ქსელის არც ერთი წევრი სოლიდარობის აქციას საჯარო გამოსვლებით არ უერთდება. აჭარაში გენდერული თანასწორობის ქსელში დაახლოებით 300 ქალია გაწევრიანებული.

გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე „ბათუმელებთან“ ვერ ასახელებს უშუალო მიზეზებს, თუ რის გამო ვერ ეხმაურებიან ისინი თემას.

„ერთ მაგალითს მოვიყვან, გადაცემაში დამპატიჟეს ერთ-ერთ არხზე და როდესაც ქალთა საჭიროებების კვლევაზე ვსაუბრობდი, პარალელურად ვთქვი, რომ კარგია „რესპუბლიკელებს“ ლგბტ თემის წევრი რომ ჰყავთ არჩევნებში წარმოდგენილი-მეთქი. მინდოდა განმევრცო ეს თემა და მესაუბრა აჭარის მაგალითებზე, მაგრამ არ მალაპარაკეს და რეკლამაზე გამიყვანეს“, – გვეუბნება ის.

ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია თბილისში

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა გენდერული თანასწორობის ქსელის წევრ ქალებთან ამ აქციის შესახებ საუბარი? თამილა დოლიძე ამბობს, რომ არა.

„ჩვენ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხრივ ვმუშაობთ. ეს არის ჩვენი მთავარი თემა. მაგრამ ჩვენი ქსელი ამ თემის მიმართ არის ლოიალური და ტოლერანტული“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორს ქობულეთში, ლია შაქარიშვილსაც ესაუბრა. ლია შაქარიშვილი ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ის ამბობს, რომ ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ არაფერი სმენია.

„არც აქციის დეტალებია ჩემთვის ცნობილი და არც გამართვის თაობაზე ვიცი რაიმე, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ის თემა, რაც თქვენ ახსენეთ (ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვაზეა საუბარი), არც აქამდე ყოფილა ჩვენი მსჯელობის საგანი“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იცნობს თუ არა ის ტრანსგენდერი ქალების პრობლემებს და რას ფიქრობს ამაზე, ლია შაქარიშვილი ამბობს: „ვიცნობ იმდენად, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, რომელსაც რაღაც უნახავს ტელევიზიით.“ თუმცა დასძენს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ის ამ თემის პრობლემებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამის კომპეტენცია არ გააჩნია.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  მისი აზრით, იჩაგრებიან თუ არა ტრანსგენდერი ქალები საქართველოში, ლია შაქარიშვილი ამბობს. „ზოგჯერ მომჩვენებია, რომ ამ პრობლემების წარმოჩენა გადაჭარბებულია. ჟურნალისტებს ვგულისხმობ, თემის უფრო მწვავედ წარმოჩენა სურთ“, – გვეუბნება ის.

გენდერული თანასწორობის ქსელშია აჭარის უმაღლესი საბჭო წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ჩხეტიაც. რატომ არ გამოეხმაურნენ დღევანდელ აქციას აჭარაში მცხოვრები გენდერული ქსელის ქალები? – ნინო ჩხეტია ამბობს, რომ ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„როგორც ჩანს, ის მიმართულება, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს ეხება, არ არის ჩვენს რეგიონში აქტუალური. გენდერული თანასწორობის საბჭოს თემები, რაც კი ჩატარებულა ამ ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას შეეხებოდა.“

ტრანსგენდერი ქალები სახელმწიფოს სთხოვენ, რომ მათ მიეცეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის უფლება. თუკი სახელმწიფო არ აღიარებს ამ ადამიანებს ქალებად, ვერც მათი, როგორც ქალების რეალიზება მოხდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ნინო ჩხეტიას თქმით, ის მომხრეა, რომ ტრანსგენდერი ქალების უფლებები იყოს აღიარებული და დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, „ბათუმელების“ კითხვაზე, რომ გამართულიყო დღეს მათი უფლებების დაცვის მხარდამჭერი აქცია, გამოხვიდოდით თუ არა აქციაზე, ჩხეტია ამბობს, რომ მას „აქციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს“. ის ამ დამოკიდებულების შინაარსს არ აკონკრეტებს.

ჰომოფობიური აქცია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქციის პარალელურად გაიმართა თბილისში

 

 

ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება.  ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს.

ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, რომელიც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სამ ენაზე იქნება ნათარგმნი: ინგლისურ, რუსულ და ბერძნულ ენებზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა ხულოს მუნიციპალიტეტმა ინფორმაციის ბერძნულ ენაზე გამოქვეყნება. თორნიკე მიქელაძე ამბობს, რომ ის თავად ფლობს ამ ენას: „მუნიციპალიტეტს დამატებით თანხა არ დასჭირდება ინფორმაციის სათარგმნელად და რაც მეტ ენაზე განთავსდება ინფორმაცია, მით უკეთესი“.

„მუნიციპალიტეტს ექნება ახალი ვებდიზაინი, უფრო მოქნილი და საინტერესო ვებგვერდი,  სადაც ეტაპობრივად განვათავსებთ ინფორმაციას ტურისტულ მარშრუტებზე, ღირშესანიშნაობებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,“ – ამბობს თორნიკე მიქელაძე.

ვებგვერდის ახალი დიზაინის შესაქმნელად საჭირო მომსახურებას ხულოს მერია გამარტივებული წესით შეისყიდის.

გამოცემა „Le Monde“ КГБ-ს აგენტ პუტინის შესახებ სტატიების ციკლს იწყებს

ფრანგული გამოცემა „Le Monde“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 18 მარტს უნდა ჩატარდეს, ვლადიმირ პუტინის შესახებ მომზადებული სტატიების ციკლს გამოაქვეყნებს. „ქალაქები, რომლებმაც პუტინი ჩამოაყალიბეს“- ამ სათაურის ქვეშ გაერთიანდება სტატიების ციკლი, რომლის პირველ წერილსაც ფრანგული გამოცემა პუტინის ყოფილ გდრ-ში ცხოვრების პერიოდს აღწერს. კრემლის ლიდერი 1985-1900-იან წლებში აქ КГБ-ს ოფიცრად მიავლინეს.

КГБ-ს სახლი დრეზდენში ახლაც არსებობს, ქალაქის ცენტრთან ახლოს. ორსართულიან, პირქუშ შენობაში, რომლის კედლებიც კრემისფრადაა შეღებილი, გდრ-ის პერიოდში პასუხისმგებელი აგენტები აკვირდებოდნენ უმნიშვნელო დისიდენტურ გამოვლინებებსაც კი, მოპოვებულ ინფორმაციას კი აღმოსავლეთ ბერლინში მდებარე შტაბ-ბინას გადასცემდნენ. ვლადიმირ პუტინი დრეზდენში პოლიტიკოსებისა და „პოტენციური მტრების“ შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

შტაბ-ბინასთან ახლოს, რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო აღმოსავლეთ გერმანიისა და რუსეთის აგენტების, მათი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლი საფეხბურთო მოედნით.

სახლიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო შტაზის – აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკური პოლიციის შტაბ-ბინა, რომელშიც პოლიტპატიმრებისთვის განკუთვნილი 50-მდე საკანი იყო განთავსებული.

დრეზდენში პუტინი ადრეულ წლებში КГБ-სგან მიღებული გამოცდილებით გადიოდა პრაქტიკას, გერმანიაში ჩამოსვლისას, 1985 წელს ის 32 წლის იყო, თან ახლდა ოჯახი: ცოლი – ყოფილი ბორტგამცილებელი, სახელად ლუდმილა, რომელსაც რთული გამოცდა და დაკვირვება უნდა გაევლო, რომ მისი მდუმარებისა და საიდუმლოს არგათქმის უნარი შეემოწმებინათ, ასევე მკაცრ სამედიცინო შემოწმებებს გადიოდნენ აგენტების ოჯახის წევრები, რომ შტაბ-ბინაში ავადმყოფობების შეღწევის რისკი მაქსიმალურად ნაკლები ყოფილიყო. პუტინთან ერთად იყო დრეზდენში მისი უფროსი ქალიშვილი, მარია.

წყარო: Le Monde 

კაცი, რომელიც 30 წელზე მეტია მტრედებს უვლის (ფოტო)

 76 წლის ჯუმბერ ქემხაძე 30 წელზე მეტია მტრედებს უვლის. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, პატარა სავაჭრო ჯიხური აქვს, სადაც საეკლესიო სანთლებს ყიდის. მის ჯიხურში სანთლების გარდა ბლომადაა ძველი პური, ხორბალი, ბრინჯი და წიწიბურა მეგობარი მტრედებისთვის. ჯუმბერ ბაბუ, როგორც მას ინასარიძის ქუჩის მცხოვრებნი ეძახიან, ყოველდღიურად, დაახლოებით, 450 მტრედს აპურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისი დილა ზამთარში 8 საათზე იწყება. ზაფხულში დილის ხუთ საათზეც ამდგარა, მტრედებისთვის საჭმელი რომ ეჭმია.
ძველ პურს იაფად ერთ-ერთ პურის ქარხანაში ყიდულობს. ამბობს, რომ მეზობლებიც ეხმარებიან – ხორბალი, ბრინჯი, წიწიბური, ვერმიშელი – ეს ყველაფერი ჯუმბერ ქემხაძის ჯიხურში მეზობლების წყალობით ხვდება. იცის მტრედების განრიგი. ზამთარში დღის სამ საათამდე რჩებიან მტრედები ჯუმბერ ქემხაძის სავაჭრო ჯიხურის წინ, ზაფხულში კი ხუთ საათამდე.

ერთი დღე ჭიათურულად: ხალხისა და ქალაქის შესახებ

ავტორი: ესმა გუმბერიძე

აშშ-ში გაცვლითი პროგრამით ყოფნისას ჩემი მასპინძელი ამბობდა: „იმიტომ ვაფასებ ჩვენს ქვეყანას, ამერიკას, რომ თუ შრომობ, თუ ცდილობ, შეგიძლია უზრუნველყო კარგი ცხოვრება“. დიახ. მართლაც დიდი სიკეთეა, როცა მძიმე შრომის შედეგად, ჯილდოდ იღებ კარგად ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა საქართველოს, ევროკავშირის ასოცირებული წევრის, არც ქვემოთ აღწერილ ქალაქზე მთლიანობაში და არც მის ცალკეულ მოსახლეთა დიდ უმრავლესობაზე ეს გამონათქვამი არ ვრცელდება.

სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში ამ დღეებში ვიმყოფებოდი ქ. ჭიათურაში, სადაც შევხვდით პროფკავშირებისა და გარემოსდაცვით და შრომით უფლებებზე მომუშავე აქტივისტებს, ასევე გამოვიკითხეთ ქალაქის მოსახლეობა. ქალაქი დაცლილია მოსახლეობისგან. ბევრი სახლია (მათ შორის მრავალსართულიანი) გაუკაცრიელებული და მიტოვებული, ფანჯრებჩამტვრეული. საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 3-5 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ქუჩაში, ქალაქის ცენტრშიც კი, ნაკლებად შეხვდებით ფეხით მოსიარულეებს.

მდინარე, ჩემ ირგვლივ მყოფთა თქმით, იმდენად დაბინძურებულია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ტროტუარზე აქა-იქ ყრია ცარიელი პლასტმასის ბოთლები. მანგანუმის კარიერული მოპოვების წესის გამო მიწა უნაყოფო ხდება (აფეთქებებისა და მდინარეში ჩამდინარე ნარჩენების გამო), უვარგისია არამხოლოდ სასოფლო–სამეურნეოდ, არამედ ხეების გასახარადაც კი. მის აღდგენას მანგანუმმომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი არ უზრუნველყოფს.

ადგილობრივების თქმით, წლების წინ, ისინი ყვირილაზე თევზაობდნენ კიდეც, თუმცა ახლა ისეა დაბინძურებული, რომ თევზი აღარ ბინადრობს მდინარეში. ჭიათურის მიდამოებში გაზრდილ წიწილებზე თქვეს, მათი ჭამა ეგრევე არ მოგკლავს, თორემ დროთა განმავლობაში, ვინ იცის… ისინი ხომ მოწამლულ გარემოში იკვებებიან.

მოსახლეობის სიღარიბეს კარგად ასახავს ერთი აქტივისტის ნათქვამი – ხშირად ბაზარში დახლზე რამდენიმე ვაშლი ან ერთი წველა ყველი  უდევთ გასაყიდად. დიდია ამ ქალაქიდან საზღვარგარეთ ან საქართველოს მსხვილ ქალაქებში სამუშაოდ წასულ ადამიანთა რიცხვი.

თითქმის ვერც ერთ სახლში შესვლისას ვერ ვიგრძენი, რომ გათბობა ჰქონდეთ ჩართული. არადა, გათბობა–გაგრილების შესაძლებლობა ზამთარსა თუ ზაფხულში არის ცხოვრების ხარისხის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. სახლებისა და სავალი ტროტუარების მდგომარეობაც ძალიან დამაფიქრებელია. საბაგიროს მუშაობას, რომელიც ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ–ერთი სახეობაა და რომლით მგზავრობა, ჯერჯერობით, უფასოა, მანგანუმის მომპოვებელი ერთადერთი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი უზრუნველყოფს და აფინანსებს. საბაგიროს ექსპლუატაციის ყველანაირი ვადა ამოწურული აქვს, თუმცა მისი რესტავრაცია მხოლოდ ახლა იგეგმება. ეს საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ადგილზე უფლებების კუთხით მომუშავე აქტივისტების თქმით, ჭიათურას ტურისტებიც სტუმრობენ ხანდახან: აინტერესებთ ქართული ინდუსტრიული ქალაქის ნახვა. აქ ევროკავშირის დაფინანსებით შენდება ახალი საბაგირო, რომლითაც მგზავრობა ფასიანი იქნება.

მოსახლეობასთან ურთიერთობისას აშკარად გამოჩნდა ჭიათურაში უიმედობის, იმედგაცრუების, ემოციური გადაღლა–გადაწვის/გამოფიტვისა და მიტოვებულობის განცდა. აგრესია ადამიანში ენერგიის არსებობის ერთგვარი ნიშანია, მაგრამ ისიც კი არ გვინახავს. ადამიანები ემოციის გარეშე გვიყვებოდნენ უიმედო და უპერსპექტივო ვითარებაზე. აქ ამბობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და შრომის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ სახელმწიფო ხალხის ინტერესების დამცველ პოლიტიკას მაინც არასდროს ატარებდა და არც აწი აქვთ მოლოდინი, რომ გაატარებს.

ამბობენ, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობის შედეგად მათი ცხოვრების ხარისხი თუ არ უარესდება, არც უმჯობესდება და არც ქალაქზე აისახება დიდად. ამის მიუხედავად, ჩემს მიერ გამოკითხულთაგან თითქმის ყველამ [ერთის გარდა] თქვა, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგულარულად დადიან. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიაო, რამდენიმესგან მოვისმინე. ყველა ამბობდა, რომ შეძლებულ ადამიანებს უფრო მეტი საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ეს ხომ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუკი ადამიანს თავი და ოჯახი აქვს სარჩენი, ის იმ დროს ვერაფერზე ვერ დახარჯავს.

ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ რიგით მოქალაქეს არც უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა, რომ ეს იმათი საქმეა, ვინც პოლიტიკა თავის პროფესიად აირჩია. მუნიციპალიტეტის დონეზეც კი ვერ გრძნობენ, რომ შეუძლიათ რამე გავლენის მოხდენა.

გამოკითხულებმა ემოციურად გაიხსენეს  წლების წინ მომხდარი ერთადერთი მასობრივი გაფიცვა, სადაც მონაწილეობა მიიღეს – ეს საჩხერელი კანდიდატის ჭიათურაში არჩევას ეხებოდა. შიმშილობაც კი  გამოუცხადებიათ, ის თანამდებობიდან რომ გადამდგარიყო, თუმცა უშედეგოდ.

არჩევნებზე ხმის მიცემა რაღაც ინსტინქტი, მექანიკურად შენარჩუნებული ჩვევაა ან ვინ იცის, ძალაუფლებისა და გავლენის მქონე რომელიმე მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის იძულებისა და დაშინების შედეგი. ბევრს არც გაფიცვების, საპროტესტო აქციების, ჟურნალისტების ყურადღების თუ პოლიტიკოსებთან პირადი შეხვედრების, პეტიციების/ხელმოწერების შეგროვებისა თუ სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის შედეგიანობისა სჯერა, მაგრამ თქვეს, რომ თუ დასჭირდებათ, მაინც მიმართავენ ამ ზომებს.

კითხვებს სულ ქალები პასუხობდნენ. იმ ორმა მამაკაცმა, რომლებიც შეგვხვდნენ, კარი გაგვიღეს ან გამოკითხვისას შემოიხედეს. უარი თქვეს საუბარზე. ჩემთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ არც ერთ გამოკითხულს, ვისაც კარზე მივუკაკუნეთ, არაფერი უთქვამს ჩემი, გამომკითხველის უსინათლობაზე, არაფერი უკითხავს ამაზე. სხვათა შორის, ცენტრებში, რომ ვქადაგებთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ პოლიტიკაზე და მსხვილ ბიზნესზე გავლენის მოხდენა კონკრეტული საქონლისა და მომსახურების ბოიკოტირებით, მისი რომელიმე კომპანიისგან შესყიდვის უარყოფით, შევატყვე, რომ გამოკითხულებს ეს იდეა ძალიან გაუკვირდათ. არცკი უფიქრიათ, რომ რომელიმე კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის შეძენაზე უარის თქმით შეუძლიათ მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა.

საინტერესო იყო შემდეგი წინააღმდეგობა გამოკითხულთა პასუხებში: ერთი მხრივ, თითქმის ყველა ამბობდა, რომ დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების თმენა სამომავლოდ კეთილდღეობის გასაზრდელად აღარ შეიძლება და როდემდე უნდა ვითმინოთ. მაგრამ ამავდროულად ამბობდნენ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიზნესისთვის დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუმცა როდესაც იმავეს ვეკითხებოდით შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებისადმი სახელმწიფოს მიერ თვალის დახუჭვაზე (რამდენად დადებითად აისახება ბიზნესისთვის გაწეული ასეთი შეღავათი მოსახლეობის საერთო კეთილდღეობაზე) ისინი ამას არ ეთანხმებოდნენ.

ძალიან დასაფიქრებელია. იქნებ, მართლაც არ არის აუცილებელი, რომ გადასახადები გავზარდოთ კატასტროფულად, არამედ დავაწესოთ ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტები და ამით უზრუნველვყოთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა  უფლებები.

სამწუხაროდ, აქ თითქმის ყველა ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა პერიოდს, იმდროინდელ ფინანსურ სტაბილურობას.

ავტორის შესახებ: 

„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბარიძე

ისტორიული სახლის ნაცვლად 14-სართულიანი კორპუსი – ზონალური საბჭო თანახმაა

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აუშენებია.

ინვესტორი თავის მიმართვაში, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართავს, წერს, რომ ამ ეზოში სახლების უმეტესობა ამორტიზებულია და  ბარაკული ტიპის საცხოვრებელს განეკუთვნება. თუმცა იმ ფოტოებზეც კი, რომლებიც მშენებელმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიაწოდა, კაპიტალურად ნაშენი სამსართულიანი სახლიც კარგად ჩანს.

სააგენტოსთვის მიწოდებული რენდერებიდან. მასალები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ გამოითხოვა.
ერთ-ერთი სახლი, რომელზეც მშენებელი წერს, რომ ამორტიზებულია.

მშენებელი თავის მიმართვაში წერს ასევე, რომ ფარნავაზ მეფის #116-ში იტალიური დასახლების ათვისების სანაცვლოდ თანამედროვე არქიტექტურის მქონე სახლის აშენებას გეგმავს „ჰაიტექნიკური პოსტმოდერნისტული ელემენტებით“, სახლის მეორე სართულზე კი 13-ნომრიანი სასტუმროს განთავსებას აპირებენ.

ფარნავაზ მეფის #116-ში ერთსართულიანი, კრამიტით გადახურული ისტორიული ბელეტაჟი მდებარეობს.

ფარნავაზ მეფის #116

ამ სახლის უკან კი, შიდა, გამწვანებულ ეზოში, კიდევ არის ერთი, ერთსართულიანი ბელეტაჟი.

არც ერთი სახლი აქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დაცვის ზონაშია, ამიტომაც მშენებელმა პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. მშენებელმა პროექტის სიმაღლე თავის განაცხადში ასე დაასაბუთა:

„ … საპროექტო ნაკვეთს აბაშიძის ქუჩის  მხრიდან ესაზღვრება 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაში ასევე შენდება 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, მის მოპირდაპირედ კი „მარდი თაუერი“ 15-სართულიან სახლს აშენებს. მის გაგრძელებაზე კი, ასევე გაცემულია 13-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა“  [ეს პროექტები ერთი ქუჩის ერთ კვარტალში].

ე.წ. რენდერი

სააგენტომ პროექტის შეთანხმებაზე იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის 15 ძეგლია.

ფარნავაზ მეფის #116-ში მცხოვრებლები მშენებელს ელოდებიან. თუმცა არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ მშენებელმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი სამშენებლო პროექტით უკვე მიმართა და თანხმობაც მიიღო. ახლა სამშენებლო ნებართვის გაცემაზე ბათუმის მერიაში უნდა იმსჯელონ.

 

ადგილები, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომლებიც გარკვეულ ადგილებში კრძალავს  სიგარეტის მოწევასა და გაყიდვას. მაისიდან ასევე იკრძალება როგორც 18 წლამდე ასაკის პირზე სიგარეტის მიყიდვა, ასევე 18 წლამდე პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში.

პირველი მაისიდან აიკრძალება სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან/და განლაგება შემდეგ ადგილებში:

[crosslist]

  • საგანმანათლებლო [ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ], სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში [შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან];
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
  • საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება;

[/crosslist]

კანონის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას კრძალავს, პარლამენტმა  გასული წლის მაისში ერთი წლით შეაჩერა. მანამდე კი მოქალაქე ხათუნა ფხალაძემ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ ჩანაწერის კანონიდან ამოღება მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

2018 წლის პირველი მაისიდან ასევე იკრძალება:

  • ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა.
  • სიგარეტის გაყიდვა ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია.
  • სიგარეტის გაყიდვა შეფუთვის გარეშე, ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; ასევე, თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული.
  • თამბაქოს ნაწარმის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია [მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით]; ინტერნეტით ან ფოსტით საცალო ვაჭრობა [გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება].

[red_box]2018 წლის პირველი მაისიდან აკრძალულია:[/red_box]

თამბაქოს ნაწარმის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის:

[crosslist]

  • საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით;
  • ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება;
  • პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;
  • ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა [კერძოდ, პირდაპირი გზავნილი], ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;
  • საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს;
  • თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას;

[/crosslist]

[red_box]2018 წლის პირველი მაისიდან სავალდებულოა:[/red_box]

[checklist]

  • თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.
  • თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა.

[/checklist]

აკრძალვა თამბაქოს ნაწარმთან ერთად, უმეტეს შემთხვევებში ვრცელდება თამბაქოს აქსესუარებზე და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებზეც.

ამავე თემაზე:

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

https://netgazeti.ge/news/191401/

https://netgazeti.ge/news/187387/

„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილიდან ახალ ეტაპზე გადავა. მშენებლები მის მოზაიკით მოპირკეთებას დაიწყებენ. თუმცა, სანამ „რვაფეხაზე“ სამუშაოები დასრულდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული, რაც „რვაფეხას“ თავდაპირველი სახით აღდგენას გამორიცხავს.

მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ მჟავანაძე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა ამბობს, რომ დღეს ნაწყენი და გაბრაზებულია.

„ეს არ არის რესტავრაცია, რაც აქ ხდება. ეს არის „რვაფეხას“ თავიდან გაკეთება ცხონებული გიორგი ჩახავას ესკიზის მიხედვით,“ – ამბობს თემურ მჟავანაძე და ამის დასაბუთებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს. მისი თქმით, ახალ „რვაფეხაზე“ დაკარგულია მთავარი ეფექტი – წყალი, რომელიც ფიგურებიდან გადმოდიოდა და მოზაიკას ესხმებოდა.

„ტექნოლოგია იყო ასეთი – ფიგურის შიგნით გადიოდია მილი, ადიოდა ფიგურაში, მილზე დამაგრებული იყო მფრქვევანა, ავზი გვქონდა, საიდანაც  წყალი მიეწოდებოდა და ფიგურები ტუჩებიდან აფრქვევდნენ წყლის მტვერს, რომელიც გაუმჭვირვალე მინაზე ისხმებოდა. ამას ჰქონდა საოცარი ეფექტი. ცისარტყელას ღრუბელი იქმნებოდა და ათასფერად ელვარებდა. მთელი მსოფლიო მოიარა თავის დროზე „რვაფეხას“ სურათებმა. ახლა რა ქნეს? ამოლესეს ფიგურები ისე, რომ შეუძლებელი იქნება  წყალი გადმოიფრქვას.  თვითონ ნაგებობა გადალესილია სარკესავით, ისე, რომ რა ტექნოლოგიით დააკრავენ ზედ სმალტას, არ ვიცი,“ – ამბობს თემურ მჟავანაძე.

მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ-მჟავანაძე “რვაფეხას” ძველ ფოტოზე ეძებს იმ ფიგურებს, რომლებიდანაც წყალი გადმოდიოდა

„რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. თემურ მჟავანაძე ამბობს, მას შემდეგ რაც ნახა, რომ არასწორად ხდებოდა რეაბილიტაცია, შეხვდა ფონდის წარმომადგენლებს და შესთავაზა კონსულტაციების გაწევა. თუმცა მას არ მოუსმინეს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ვის ევალება მშენებლობაზე ზედამხედველობა და ვინ ადევნებს თვალყურს მიმდინარეობს თუ არა „რვაფეხას“ რესტავრაცია წესების დაცვით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ „რვაფეხას“ რესტავრაციაზე ზედამხედველობა სააგენტოს არ ეხება, რადგან ნაგებობა ძეგლი არაა და ის ბათუმის მერიის პრეროგატივაა.

„რვაფეხას“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. მერიაში ამბობენ, რომ ობიექტზე მეორე კლასის სანებართვო მოწმობაა გაცემული.

„კაპიტალურ რემონტზეა საუბარი. საზედამხედველო ფუნქციები ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი, რემონტს არც სჭირდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი ქოიავამ.

მისივე განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური თავისი ინიციატივით „რვაფეხას“ რეკონსტრუქციის სამუშაოებს არ შეამოწმებს, თუ მესაკუთრე, აჭარის მთავრობა არ დაავალებს ამას.

„თუ პირვანდელი სახით არ აღდგება და ამ შემთხვევაში დამკვეთი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მოგვმართავს, ზედამხედველობის სამსახური მაშინ განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, რასაც პროექტთან შესაბამისობა ჰქვია. სხვა შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არსად არ იკვეთება. იმის გამო, რომ სამშენებლო ეტაპები, რომელიც დასტურდება ზედამხედველობის სამსახურის მიერ, არ არის გაწერილი სანებართვო მოწმობაში და არც ბრძანებაში,“ – ამბობს ქოიავა.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში „ბათუმელებისთვის“ უცნობია. იქედან გამომდინარე, რომ დღეს, 8 მარტს, დასვენების დღეა, მთავრობას არ დავკავშირებივართ.

„ბათუმელები“ ორი დღის მანძილზე  ცდილობდა მხატვარ-რესტავრატორ ილია ფესვიანიძესთან დაკავშირებას, რომელმაც მოზაიკით მოპირკეთების სამუშაოები უნდა შეასრულოს. ილია ფესვიანიძე “რვაფეხას” რესტავრაციაზე შვილთან ერთად მუშაობს. ლადო ფესვიანიძემ ჩვენს ზარებს უპასუხა, თუმცა მამის საკონტაქტო არ მოგვცა და არც თვითონ ისურვა კითხვებზე პასუხის გაცემა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, იღებდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. ცალკე მინდა გითხრათ მოპირკეთების შესახებ. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვთ აღებული. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქედან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას სმალტას უწოდებდნენ. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას,“ – ნათქვამია ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით ჩატარდა.

ამავე თემაზე:

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

დღესდღეობით ასე გამოიყურება “რვაფეხა”.  

 

 

 

2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს.

ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორ კომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო ეტაპზე გაიცემა. თუ რა სახის პროექტები დაფინანსდება ხულოში, ამაზე აქტიურ მოქალაქეთა მმართველმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ. გიორგი მურვანიძის ინფორმაციით, ისინი კონკურსის წესით შეირჩევიან.

„პროექტის პირველი კომპონენტი ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ხოლო მორე – საგრანტო კომპონენტს გულისხმობს. პროექტი ოფიციალურად 2017 წლის პირველ მაისს დაიწყო და 46 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების ე.წ. „ლაგის“ ფორმირება დავასრულეთ – აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებაში სულ 112 ადგილობრივი დარეგისტრირდა, რომელმაც ფარული კენჭისყრით, მმართველთა საბჭოს 15 წევრი აირჩია. საბჭოს თავმჯდომარე როდამ შავაძეა“, – ამბობს გიორგი მურვანიძე.

მას შემდეგ, რაც გრანტების გაცემა დაიწყება, ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას ან იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს ხულოში ბიზნესი დააფუძნოს, დაფინანსების მისაღებად მმართველთა საბჭოს პროექტი უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველთა საბჭო და დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს მოიწონებენ, პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, ძირითადად, რა სახის პროექტები დაფინანსდება და რა თანხით. გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ გრანტები იმ პრიორიტეტების მიხედვით გაიცემა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაში იქნება ასახული. სტრატეგიის შედგენასა და დამუშავებაზე მმართველთა საბჭო ახლა მუშაობს.

„ახლა ხულოს განვითარების სტრატეგიაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება საგრანტო კომპონენტს, ზაფხულში ვაპირებთ ამ კომპონენტის ამოქმედებას, გამოცხადდება გრანტების კონკურსი და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გრანტების გაცემა დაიწყება. პირველ ეტაპზე ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდება, მეორე ეტაპზე მოწონებული იდეების ავტორებს მოვამზადებთ, რომ პროექტი დაწერონ, საბოლოოდ, დაფინანსების მისაღებად შემოსული პროექტები შეფასდება, შერჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ლაგის წევრები, მმართველი გუნდი. დაფინანსდება თუ არა პროექტი, საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტები გადაწყვეტენ“.

გიორგი მურვანიძის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობის დაინტერესება დიდია, დაფინანსების მოსაპოვებლად კი მათ ოფისს მოქალაქეები ყოველდღე მიმართავენ.

გიორგი მურვანიძე: „დაახლოებით 800-მდე მოქალაქემ უკვე მოგვმართა ოფისში, მოსახლეობა პროექტთან დაკავშირებით ინფორმირებულია. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ორი მილიონი ევრო პროექტის მთლიანი ღირებულებაა. ამ თანხით ფინანსდება როგორც ლაგის ფორმირება, ასევე ლაგის წევრების გადამზადება. რაც შეეხება ლაგის წევრებს, მმართველთა საბჭოს, მათთვის ანაზღაურება პროგრამულად გაწერილი არ არის“.

იმავე ოდენობის გრანტი ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტსაც გამოუყო.

 

საქართველო-თურქეთს შორის სარფის გავლით მიმოსვლა აღდგენილია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, გუშინ ღამის 12 საათზე აღდგა.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში ელექტრონული სისტემა გუშინ, დაახლოებით 17 საათისთვის გაითიშა, რის გამოც, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა სარფის გავლით, რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

პირველ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქული მხარე, უმოკლეს დროში შეძლებს სრული დატვირთვით განახორციელოს მგზავრთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება.

სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია

დღეს, 7 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე -„სარფი“- გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას.

ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში პუტინის ფონდის ორგანიზებულ კონცერტზე მიემგზავრებოდა 

რუსეთში, პუტინის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ბათუმის „მეგობრობის სახლი“ და ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა. „მეგობრობის სახლი“ სხვადასხვა დიასპორას აერთიანებს და მას ბათუმის მერია აფინანსებს. ბათუმის მერია აფინანსებს ასევე ქალთა ვოკალურ ანსამბლს, რომელიც „ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულია.

რუსეთში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა, რასაც დღის განმავლობაში ბათუმის მერია უარყოფდა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია რუსეთში ვიზიტის შესახებ ზუსტია.

საუბარია რუსეთში, ქალაქ პეტროზავოდსკში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რის შესახებ ინფორმაცია ამ ქალაქის კულტურის მართვის სამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“ პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია.

ბათუმის მერიამ პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ამ ინფორმაციას დღეს დეზინფორმაცია უწოდა. მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესწორებას მოითხოვდა იმ ვებგვერდის ადმინისტრაციისგან, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია გავრცელდა.

დღის ბოლოს ირკვევა, რომ ბათუმის მერიას ოფიციალური შეტყობინება პეტროზავოდსკში არ გაუგზავნია.

დღეს ამის თაობაზე ბრიფინგი გამართეს  საკრებულოს წევრებმა ენმ-ის პარტიიდან. მირდატ ქამადაძემ მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ „ამაზე ხელი აიღონ“. „როცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული, ამაზე საუბარიც კი უზნეობაა“, – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა.

„აღარ მივდივართ. ჟურნალისტებმა გააფუჭეს ყველაფერი,“ – გვითხრა ბათუმის „მეგობრობის სახლის“ დირექტორმა, მედეა მიქელაძემ. მისი თქმით, რუსეთში ვოკალური ანსამბლი ქართულმა დიასპორამ მიიწვია და ბათუმის მერიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„ჩვენ ჯერ ველოდებოდით ვიზებს, ასევე ბილეთებს. მერიას ვეტყოდით ამის შესახებ წასვლამდე, რა თქმა უნდა… არ ვიცი, პუტინი თუ აფინანსებდა. შეიძლება რაღაცას აფინანსებდა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ სტუმრობას აფინანსებდა მხოლოდ დიასპორა. ჟურნალისტებმა ვენები გადაიჭერით და ამიტომ ვეღარ წავალთ,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მედეა მიქელაძემ.

„არანაირი წერილი, არანაირი შეტყობინება არც კულტურის სახლში და არც ჩვენთან „მეგობრობის სახლს“ ამ ვიზიტის შესახებ არ მოუწოდებია,“ – ირწმუნება ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე. ის მიიჩნევს, რომ „მეგობრობის სახლმა“ თუკი მიწვევა რუსეთისგან მიიღო, თავიდანვე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ ბათუმის მერია.

დათანხმდებოდა ან ახლა დათანხმდება თუ არა ბათუმის მერია რუსეთში პუტინის მიერ დაფინანსებულ კონცერტში ბათუმის მერიის ანსამბლის მონაწილეობას? – ლელა სურმანიძემ მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გვითხრა:

„ჩემი მოსაზრებით, როცა ქვეყანასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ უნდა მიიღო მონაწილეობა,“ – ამბობს ის.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ამ საკითხს ბათუმის მერია აღარ განიხილავს და მეგობრობის სახლის დირექტორს პასუხს მოსთხოვენ, რატომ არ ჩააყენა მან დროულად საქმის კურსში ბათუმის მერია.

„ბათუმელებმა“ სცადა ამ საკითხზე ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებაც მოესმინა, მაგრამ მერის მდივანმა თქვა, რომ ლაშა კომახიძე დაკავებულია.

ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ქალთა ვოკალური ანსამბლის [16 ადამიანი] შრომის ანაზღაურებისთვის 89 520 ლარია გაწერილი; „მეგობრობის სახლის“ წევრების [4 ადამიანი] შრომის ანაზღაურებისთვის კი 18 720 ლარი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში კონცერტის გასამართად მიემგზავრებოდა ბიუჯეტის ხარჯზე.

„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს.

„13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – უთხრა  „ბათუმელებს“ გიორგი მენაბდემ.

დუსკა ჯაბნიძის თქმით კი, მისთვის მთავარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო.

„12 წლის ვიყავი, ქობულეთის „პონტოში“ რომ დავიწყე ვარჯიში. მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. შრომამ და ბევრმა ვარჯიშმა მომიტანა ის, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი. ჯერჯერობით დამკვიდრებული არ ვარ, მაგრამ თუ ვიშრომებთ, ყველაფერი მოვა და წინსვლა იქნება“.

„ბათუმის“ კიდევ სამი ახალგაზრდა მორაგბეა უმცროს „ბორჯღალოსნებში“ მოხვედრის კანდიდატი. სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე ამბობს, რომ ახალ თაობაზე დიდ იმედებს ამყარებს.

„ოთხი წლის წინ ჩავუყარეთ ბავშვთა რაგბს საფუძველი ანგისის სტადიონზე და იქიდან მოყოლებული ყველა რესურს ვდებთ, რომ ბავშვთა რაგბი განვავითაროთ. შედეგად მივიღეთ ის, რომ დურმიშხან ჯაბნიძე და გიორგი მენაბდე მოხვდნენ 20-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს საფრანგეთში, საკმაოდ წარმატებულად. ასევე ორივე ირიცხება ბათუმის უმაღლეს ლიგაში, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და საკმაოდ პერსპექტიული ბავშვები არიან. სასიხარულოა ის, რომ 18-წლამდელებში დაახლოებით 10 მოზარდია შერჩეული საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ალბათ სინჯებზეც წავლენ უახლოეს ხანში, ასევე 6 მორაგბეა ჭაბუკებში 16-წლამდელებში. ეს ყველაფერი ამ ოთხ წელიწადში მოვახერხეთ,“ – ამბობს ზვიად უნგიაძე.

სარაგბო კლუბ “ბათუმის” ახალგაზრდა მორაგბეები

ცნობილი ქალების შთაგონებით შექმნილი ახალი თოჯინები „ბარბისგან“

„ბარბი” ქალთა დღის აღსანიშნად ცნობილი ქალების მსგავს 17 ახალ თოჯინას დაამზადებს.

კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თოჯინების ცოცხალი ასლების მიხედვით დამზადება მათთვის გამოწვევა და საინტერესო სიახლეა.

ნამდვილი ქალების შთაგონებით შექმნილი ბარბის ახალი სერიის ყველა თოჯინა ერთმანეთისგან განსხვავებულია და თვითმყოფადი, კომპანიას უნდოდა ეჩვენებინა დამოუკიდებელი ქალების მრავალფეროვანი სახეები, რომლებმაც ბევრ სხვადასხვა სფეროზე მოახდინეს გავლენა. თოჯინებს შორის ნახავთ როგორც წარსულის ისტორიულ ქალებს, ასევე თანამედროვე სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, დიზაინერებსა და ბევრი სხვა პროფესიის ქალებს.

ფრიდა კალო – მხატვარი

ამელია ერჰარტი – ავიაციის პიონერი

ეშლი გრამი-მოდელი

ელენ დაროზი – საქვეყნოდ ცნობილი შეფ-მზარეული

ქლოე კიმი – სნოუბორდისტი, ჩემპიონი

პეტი ჯენკინსი – რეჟისორი

ნიკოლ ადამს ობე – ჩემპიონი ბოქსში

იბტიჰაჯ მუჰამედი – ჩემპიონი ფარიკაობაში

ბინდი ირვინი – ბუნების დამცველი

ჰუი რუოკი – ჩემპიონი ფრენბურთში

კეტრინ ჯონსონი – ნასას მათემატიკოსი და ფიზიკოსი

სარა გამა – ფეხბურთელი

გაბი დუგლასი – ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში

იან-იან ტანი – პრიმა ბალერინა

ლეილა პიედაიეში – დიზაინერი

 

წყარო: boredpanda

სოფელ ვაიოს სკოლიდან გოგონები მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადებიან

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოდან ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს.

გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა.

ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარადგენს – ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი. ლინდა მირანდა და ქეთი კლასელები არიან.  ვაიოს სკოლაში ჩოგბურთი 2009 წლიდან ისწავლება.

გოგონებს იმედა მახაჭაძე წვრთნის, რომელსაც იოსებ მახაჭაძე ეხმარება.

ვაიოს სკოლაში სულ 74 მოსწავლე სწავლობს.

 

ავტორები: ეკა ბარამიძე, ია ფრანგიშვილი

შსს-ს აკადემიის განმარტება უმაღლესი განათლების შეწყვეტასთან დაკავშირებით

შსს-ს აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უმაღლესი სასწავლებლის გარდაქმნა პროფესიულ სასწავლებლად სწავლის მაღალი სტანდარტების დანერგვის გამო იგეგმება. ამ ეტაპზე კი აკადემიას „საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების პარალელურად განვითარების რესურსი არ გააჩნია“.

„საქართველოს შსს-ს აკადემიის მიზანია პოლიციის სისტემისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვა, საპოლიციო სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებისა და  ცოდნის თავმოყრა/გაზიარება.

2018 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებს. აკადემიას დაგეგმილი აქვს პროფესიული პროგრამების შემდგომი განვითარება, რაც მისი პრიორიტეტული ამოცანაა. ამას დამატებითი რესურსი სჭირდება.

ასეთ პირობებში სტუდენტების რაოდენობის ზრდა ვერ მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რამდენად ოპტიმალურად მოხდება სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ცხრილების შედგენა. ამდენად საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების პარალელურად განვითარების რესურსი ამ ეტაპზე აკადემიას არ გააჩნია.

შესაბამისად, პროფესიული სწავლების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, აღნიშნული ღონისძიებების  გატარება გარდაუვალი იყო“.

რაც შეეხება საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, აკადემიაში გვეუბნებიან, რომ მათ მობილობის წესით გადაიყვანენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში:„მათ არ დაეკარგებათ შსს-ს აკადემიაში სწავლის პერიოდში ჩაბარებული არც ერთი სასწავლო კურსის კრედიტი“.

აკადემიის ადმინისტრაციის ოფიციალური განმარტებით, შსს-ს აკადემია აქცენტს აკეთებს პროფესიულ სწავლებაზე, „შესაბამისად, მას ექნება სპეციალური პროფესიული სწავლების პროფილი და აღარ ექნება უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტატუსი“.

ამავე თემაზე: შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

 

 

ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმის ბულვარში

კომპანია „ამბასადორ-ბათუმი“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომაც მასზე დაშენების ნებართვის მისაღებად ინვესტორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა და თანხმობაც მიიღო. პროექტი ერთსართულიან შენობაზე კიდევ ერთი სართულის დამატებას  ითვალისწინებს.

ამბასადორ ბათუმი“ რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრე ფრიდს ეკუთვნის, მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. კომპანია საქართველოში 2017 წლის 12 სექტემბერსაა დაფუძნებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიას აჭარის მთავრობასთან რაიმე სახის ვალდებულება არ აუღია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით,  ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 2009 წლამდე სააქციო საზოგადოება „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ ეკუთვნოდა.

ბულვარში მდებარე „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“, ანუ პროფკავშირების ქონება, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა. მყიდველი იყო რუსეთის მოქალაქე, 19 წლის ვიოლეტა ბეჭვაია. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც არაერთი ინფორმირებული ადამიანი ადასტურებდა, ქონების რეალური მესაკუთრე გახდა მაშინდელი პარლამენტარი ლევან ქარდავა. გარდა ამისა, ვიოლეტა ბეჭვაია და ლევან ქარდავა ერთსა და იმავე მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები. ამის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა.

ლევან ქარდავა – საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთ სკანდალურ გარიგებასთან ასოცირდება – სწორედ მან იყიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ტელეარხ 25“-ში. ამ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, როგორც არხის ყოფილი მესაკუთრეები, ისე ლევან ქარდავა. [საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან ქარდავამ ტელევიზიის წილები ისევ უკან დააბრუნა].

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ მესაკუთრემ 2013 წლის 18 თებერვალს, ანუ საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გაყიდა. უცნობია რა ფასად.

მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება

წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაულის წრიული მარშრუტი და ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები. ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები, რომელთა ნახვაც მოგზაურებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ.

 

 

შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას წყვეტს და პროფესიული სასწავლებლის სტატუსით იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს.  უცნობია, რატომ მიიღო  შსს-მ ეს გადაწყვეტილება.

განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ აკადემიის სამომავლო პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა ოფიციალური განაცხადი ჯერ ხარისხის განვითარების ცენტრში არ შესულა.

„გვაქვს ეს ინფორმაცია ჩვენც, თუმცა ოფიციალური განაცხადი არ არის შემოსული. რადგან საბაკალავრო პროგრამებს აუქმებენ, შესაბამისად, არც სამაგისტრო პროგრამები ექნებათ. რატომ გადაწყვიტეს უმაღლესი განათლების პროგრამების შეჩერება, ამაზე  ჩვენ არ გვაქვს  დეტალური ინფორმაცია, კომენტარი აკადემიამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვიცით, რომ აპირებენ ცვლილებებს“, – გვეუბნება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დათო კობახიძე.

დათო კობახიძის თქმით, შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია და ეს არ იქნება პროგრამების შეჩერების მიზეზი. „როგორც ჩანს, თვითონ აქვთ ასეთი მიდგომა. ჯერჯერობით, არც რიგგარეშე მობილობა გამოუცხადებიათ. ამიტომ,  დაასრულებენ ამ პროგრამებზე სწავლას  სტუდენტები, თუ სხვა სასწავლებლებში გადავლენ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მიგვიღია. არც ის ვიცით, ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ექნებათ თუ არა პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი,“ – გვითხრა კობახიძემ.

აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ დაჰპირდნენ, რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა  დღის განმავლობაში მათ ეს ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. აკადემიის ვებგვერდზე ჯერჯერობით ისევ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უმაღლეს განათლებას იღებენ.

აკადემიის გეგმებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მის მიღებისთანავე მოგაწვდით.

 

 

 

 

ჰაკერული თავდასხმის გამო TV 25 საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რეგიონული ტელეკომპანია TV25 მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში  მუშაობს. ტელევიზია გუშინ, 7 მარტს, ინტერნეტთავდასხმის სამიზნე გახდა. მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლამდე ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები კომპიუტერული სისტემიდან ეტაპობრივად გაქრა. ჰაკერულ თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„შეტყობინება თავდაპირველად გუშინ, შუადღისას, ერთ-ერთ სამონტაჟო კომპიუტერზე მოვიდა. უცნობი პირი, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებული არ იყო, 25 ამერიკული დოლარის ჩარიცხვას ითხოვდა,“ – ამბობს სულხან მესხიძე, TV 25 – ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. შეტყობინება ტელევიზიის თანამშრომლებმა თავდაპირველად ხუმრობად მიიღეს, თუმცა მალე სამონტაჟო კომპიუტერებიდან მასალები გაქრა.

სამართალდამცველებმა ადგილზე კომპიუტერული სისტემა გუშინ ღამით დაათვალიერეს. დღეს ჟურნალისტებმა ახალი შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია: „ყველა კომპიუტერი დავირუსებულია და იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. გუშინდელი თამაში მოსაგონი იქნება, თუ ჩვენს მითითებულ ინსტრუქციებს არ შეასრულებთ.“

„ამ დროისთვის ინტერნეტის გარეშე განვაგრძობთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. ინტერენეტის გამორთვით რისკის შემცირება ვცადეთ,“ – აღნიშნავს სულხან მესხიძე.

ინტერნეტთავდასხმის ობიექტი TV 25 ორი წლის წინაც გახდა. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.

ამჯერად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, ასევე კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

რა სამუშაოები ჩაატარა კმდს-მ ძეგლებთან დაკავშირებით

2017 წლის მარტიდან 2018 წლის მარტამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს]ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით 282 ბრძანება გამოსცა. ამ მონაცემებში შედის როგორც ნებართვის გაცემაზე თანხმობა, ასევე მასზე უარი, პროექტში ცვლილების შეტანაზე თანხმობის, ან მასზე უარის თქმის, საკითხის განუხილველად დატოვების ან ჩატარებული სამუშაოების მიღების შესახებ გადაწყვეტილებები.

282 ნებართვიდან ერთი გაუსაჩივრებიათ, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სტატისტიკა სააგენტოს არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების შედეგია. მან ანგარიშის წარდგენისას კიდევ რამდენიმე მომენტს გაუსვა ხაზი.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] დიდი დრო დაუთმო კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე მუშაობას:

„ჩვენს სააგენტოს აქვს ამ მხრივ უნიკალური გამოცდილება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კოდექსის მომზადების პროცესში.“

2017 წელს სააგენტომ ჩაატარა აჭარაში ძეგლების ინვენტარიზაცია, მათ შორის დააზუსტა „გეოგრაფიკის“ მიერ 2015 წელს ბათუმში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოქვეყნებული მონაცემები.

გასულ წელს სააგენტომ გამოავლინა 18 შენობა, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, ძეგლის სტატუსს იმსახურებენ, სააგენტო ამ შენობების სტატუსის მინიჭებაზე  მუშაობს.

შეხვედრაზე აქცენტი გააკეთეს საკადრო პოლიტიკაზეც, გასული წლიდან სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობა ხელოვნებათმცოდნის შეფასებას. მანამდე სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე არ ჰყოლია. შარშან ამ პოზიციაზე სოფიო ჭანიშვილი დანიშნეს.

სააგენტომ დაიწყო წინასაპროექტო იდეის განხილვის პრაქტიკის დანერგვა:

„იმის გამო, რომ პროექტის მომზადება უკავშირდება დიდ თანხას, რომელსაც შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი საბჭო იწუნებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ და განვიხილავთ წინასაპროექტო იდეას და გავცემთ კონსულტაციებს. იდეის ავტორს ეს აძლევს საშუალებას წინაწარ მიიღოს ინფორმაცია, თუ რა არის დაუშვებელი  მოთხოვნილ ზონაში“.

ისაუბრეს იმაზეც, რომ გასული წლიდან სააგენტომ დანერგა საჯაროობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს პროექტების განხილვისას განმცხადებლის დასწრების უზრუნველყოფას.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ერთი წლის მუშაობის ანგარიში ძირითადად მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილების გაწეული მუშაობის შედეგებს ასახავს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი განყოფილებაა.

 

 

ქართულ ენაზე 14 უცხოელი მწერლის წიგნი გამოიცემა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში, „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 14 უცხოელი ავტორის ტექსტი გამოიცემა. წიგნის ეროვნული ცენტრის ეს პროგრამა ქართველი გამომცემლებისთვისაა, რომლებსაც უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა სურთ. პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და გამომცემლობებსა და ქართველ მთარგმნელებს ყოველ წელს ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება.

წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შერჩეულ უცხოელ ავტორთა ეს ტექსტები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება:

ტედ ჰიუზი – „ყვავი“- ზვიად რატიანი (მთარგმნელი) – გამომცემლობა „ინტელექტი“ 

ალა ალ-ასუანი – „ჩიკაგო“ – ბექა ყორშია (მთარგმნელი) – გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 

ევგენი ზამიატინი – „ჩვენ“ – ეკატერინე ნიკოლაძე (მთარგმნელი) – გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ 

ჯონათან ფრენზენი – „შესწორებები“ – თამარ ჯაფარიძე (მთარგმნელი) – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 

ვანგელის ხაძიიანიდისი – „ოთხი კედელი“ – მაია კილაძე (მთარგმნელი) – საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“ 


ევრიპიდე – „ჰეკაბე – ნანა ტონია (მთარგმნელი) – საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“

ჩინუა აჩებე – „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს” – გვანცა ჯობავა (მთარგმნელი) – გამომცემლობა „ინტელექტი“

ფრიდრიხ დიურენმატი – „მონოტავრი. დავალება“ – მაია ბადრიძე (მთარგმნელი) – გამომცემლობა „დიოგენე“

პუბლიუს ვერგილიუს მარო – „ენეიდა“ – ლევან ბერძენიშვილი (მთარგმნელი) – მთარგმნელების გამომცემლობა 

კრისტიან კარლსონი – რჩეული ლექსები ორ ტომად (1997-2017) – მანანა მათიაშვილი, პაატა შამუგია (მთარგმნელები) – ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო 

თომას ვულფი – „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ – ნინო ქაჯაია (მთარგმნელი) – გამომცემლობა „არტანუჯი“

ერიკ ლი – „ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ – ქეთევან ქანთარია (მთარგმნელი) – გამომცემლობა „პოეზია“ 

 

გივი მარგველაშვილი – „ოფიცერი პემბრი“ – ლაშა დადიანი (მთარგმნელი) – კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ 

 

ნატალია ტროხიმი – ლექსების კრებული „სიესტა“- მარიამ წიკლაური-ძიძიგური (მთარგმნელი) – ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.

 

წყარო: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

მამამ სრულწლოვან გოგონებს უცხო ბიჭის ოჯახში მიყვანისთვის სცემა

მოსამართლე ლევან გელოვანი დახურულ სხდომაზე განიხილავს გურამ ო.-ს საქმეს. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. საქმის განხილვა დახურულია, რადგან ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მისულმა მამამ სრულწლოვანi შვილები – გოგონები ფიზიკურად შეურაცხყო. ადვოკატის თქმით, მამა იმიტომ გაბრაზდა, რომ გოგონებს მეგობარი ბიჭი ჰყავდათ მიყვანილი სახლში, ხოლო სახლი მოუწესრიგებელი იყო. „საუბარია თმაში მოქაჩვაზე, ცემა არ ყოფილა. ერთ-ერთმა გოგომ მეორე დღეს დარეკა პოლიციაში,“ – გვიყვება მამის ადვოკატი, მერი ცინარიძე.

ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს ბრალდებულის მეუღლეს, ორ სრულწლოვან და ერთ მცირეწლოვან შვილს. ბრალდებული ფიზიკურად მხოლოდ სრულწლოვან გოგონებს შეეხო. „დედა და დაახლოებით ექვსი წლის ბიჭი ამ კონფლიქტს შეესწრნენ და ამიტომ მიიჩნეს დაზარალებულად“,  – განმარტავს ადვოკატი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს რომელიმე მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლო რომელიმე შვილის ან ბრალდებულის ცოლის ჩვენებას ვერ მოისმენს.

დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა ნაცემი გოგონების გამოკითხვის ოქმები. ისინი ხელს აწერენ იმას, რომ მამას შეურიგდნენ, ისევ ერთად ცხოვრობენ და მისი მკაცრად დასჯას აღარ ემხრობიან.

 

რატომ ვერ იხდიან ბათუმში პარკირების გადასახადს

ბათუმში პარკირების გადასახადის გადახდის კუთხით პრობლემებია. როგორც რამდენიმე მძღოლმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, გადასახადს ინტერნეტით უკვე რამდენიმე დღეა ვერ იხდიან.

„შეიძლება იყოს საბანკო ხარვეზი. ეს არა მარტო პარკირების, არამედ სხვა გადასახადებზეც მოქმედებს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ შუქის გადასახადი ვერ გადაუხდიათ, ასეთ შემთხვევებთან გვაქვს ალბათ საქმე. ჩვენ ვიცით, რომ „თიბისის“ საშუალებით ჩვეულებრივად მიმდინარეობს გადახდები და იხდის ხალხი. ამას ჩვენ ვამოწმებთ ყოველდღიურად. „თიბისის“ აპარატებიდანაც იხდიან, თუმცა დღეს დილით იყო შემთხვევა – ხარვეზი ჰქონდა ერთ აპარატს, მაგრამ სხვა აპარატით გადაიხადეს,“ – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ, მონიტორინგისა და პარკირების ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა.

ამავე სამსახურის იურისტის, მარად სანიკიძის ინფორმაციით კი, „თავის დროზე რა რეკვიზიტებიც იყო მითითებული, შეიცვალა… დღეს გადახდა ნებისმიერ ბანკში შესაძლებელია გარდა „საქართველოს ბანკისა“. ამ ბანკსაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებით და ამ კვირის ბოლოს, პარასკევიდან აქაც ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი გადახდა. ხარვეზი მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც ინტერნეტბანკინგით ვერ იხდიან, მაგრამ მიმდინარე კვირის პარასკევს ან მაქსიმუმ, მომდევნო კვირის ორშაბათს, ეს პრობლემაც აღარ იქნება – სისტემის ცვლილება განხორციელდება, რეკვიზიტები მიწოდებულია, ლოგოც შეიცვლება“.

მიუხედავად იმისა, რომ პარკირების ადმინისტრირების სამსახურში აცხადებენ გადახდა ნებისმიერი ბანკით, მათ შორის „პროკრედიტ ბანკითაც“ არის შესაძლებელი, ამ ბანკის მომხმარებლები პარკინგის საფასურს ინტერნეტბანკინგით ვერ იხდიან. „პროკრედიტ ბანკმა“ ისინი ადრე გააფრთხილა, რომ „მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან პროკრედიტ ბანკში გაუქმდა ბათუმი პარკინგი, ბათუმი პარკინგის ჯარიმების და ბათუმი ევაკუაციის გადახდები“.

„გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხარვეზის სქრინი, რომ შევძლოთ საკითხის მოკვლევა… მადლობას გიხდით საკითხის დაფიქსირებისთვის. ჩვენ განვიხილავთ მას და გიპასუხებთ მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში“ – ეს „თიბისი ბანკმა“ მისწერა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც დღეს პარკინგის საფასური ვერ გადაიხადა.

მძღოლები ბათუმში პარკირების წესებში მოსალოდნელ ცვლილებებზეც საუბრობენ. ირაკლი თავდგირიძის თქმით კი, არც წესებში და არც ფასების კუთხით, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ცვლილება არ იგეგმება. თუმცა პარკირების ადმინისტრირების სამსახურში სამომავლოდ ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

„საკრებულო ადგენს ფასს. ამ ეტაპზე რაიმე წერილი ჩვენგან ფასების შეცვლაზე საკრებულოში გაგზავნილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია იყოს სამომავლოდ, პერსპექტივაში, ეს უნდა გადაწყვიტოს არა ერთმა და ორმა პიროვნებამ, არამედ მენეჯმენტმა და კარგად უნდა დაიგეგმოს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით არ მაქვს,“ – ამბობს მარად სანიკიძე.

მონიტორინგისა და პარკირების ადმინისტრირების სამსახური დღეს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შემადგენლობაშია.

ბათუმში პარკირების გადასახადი

1 დღით – 1 ლარი, 7 დღე – 5 ლარი, 30 დღე – 10 ლარი, 182 დღე – 25 ლარი და 365 დღე – 40 ლარი;

ტაქსების პარკირება: 10 დღე – 10 ლარი, 20 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 30 ლარი;

დროის მონაკვეთების მიხედვით [პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის]: 1 საათამდე დგომა – 50 თეთრი, 2 საათამდე – 1 ლარი, 2 საათიდან ყოველი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში – 1 ლარი;

სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა: 1 დღე – 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 182 დღე – 150 ლარი და 365 დღე – 250 ლარი.

უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ვცემე,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა გულშა ს.-მ. პროკურატურის ვერსიით, მან ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს სცემა. მას ძალადობის მუხლით ედავებიან. მოსამართლის კითხვაზე, სად მუშაობთ? ბრალდებულმა თქვა, რომ ბათუმში არსად მუშაობს, თურქმენეთიდანაა და ტურისტია.

გულშა ს. მეორე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ის ცემისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის შემდეგ სასამართლომ ბრალდებული 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე?“ – იკითხა მოსამართლემ. მას პროკურორმა, შოთა ქემაშვილმა, უთხრა, რომ მოლაპარაკების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბრალდებულთან დაკავშირება ვერ მოახერხა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, ტელეფონზე არ პასუხობდა,“ – დასძინა პროკურორმა.

მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ წინასასამართლო სხდომაზე წარმოადგინა, ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია. დაცვის მხარეს ამ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს.

ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბათუმის ზოოკუთხესთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები – ორი მხარე

მირანდა დგებუაძე ფეისბუქის გვერდზე ბათუმის ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობაზე წერს. ის ამბობს, რომ ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შემდეგ ზოოკუთხეში უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის შვებულებაშია და მის შემცვლელს ეძებენ.

მირანდა დგებუაძე ფეისბუქში წერს, რომ ზოოკუთხეში ცხოველები ახლანდელი მმართველის, ვეტერინარისა და სხვა პერსონალის გულგრილობის გამო დაიხოცნენ.

„შუალედურ ოთახში, სადაც პრიმატები „სადილობენ“, ჭერი საერთოდ დამპალია, ჩამოშლილია დღემდე და არსებობს ცხოველების დაზიანების ან გარეთ გამოსვლის საშიშროება. ვოლიერში დამცავი ბადე უკიდურესად დაზიანებულია. ერთხელ პატარა მაიმუნი გაიპარა, მაგრამ მოხერხდა მისი დაჭერა“, – წერს მირანდა დგებუაძე.

მისი თქმით, სტანდარტები არ იყო დაცული სხვა ცხოველების ვოლიერებშიც. ის ამბობს, რომ პონების ვოლიერში ნაცვლად წვრილი ხრეშისა, ზღვის ქვები დაიყარა. „ამის გამო პონიმ ჩლიქი იღრძო, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ… წლებია ირემი დანარჩენი ირმებისაგან განცალკევებულად არის დამწყვდეული მომიჯნავე ტერიტორიაზე. უნდა მეწყვილე, დანევროზებული უყურებს მეზობელი ირმების ერთად ყოფნას. უკვე არაადეკვატური საქციელები აქვს.“

მირანდა დგებუაძე ასევე აქვეყნებს იმ საჭიროებების ჩამონათვალს, რომლებიც არ იყიდეს: „ქვაბები, მწვანილისა და ხილის საჭრელი დაფები, ლანგრები, თასები, პრიმატებისთვის ლითონის ჯამები, დანები დღემდე არ არის შესყიდული. არც მომსახურე პერსონალისთვის მოთხოვნილი სამოსი – ზამთრის ლაბადები და ქურთუკები, რეზინის ბოტებია შესყიდული“.

მირანდა დგებუაძე ამბობს, რომ მას, როგორც ზოოკუთხის ხელმძღვანელს, არ აძლევდნენ თავისი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ის რამდენიმე თანამშრომლის ვნაობასაც ასახელებს [მათ შორის ვეტერინარს, რომელიც თითქოსდა ზოოკუთხის ტერიტორიას კერძო პრაქტიკისთვის იყენებს და არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვს], რომლებსაც ზოოკუთხეში არსებულ უწესრიგობასა და საბოლოოდ ცხოველების დაღუპვაში სდებს ბრალს. ამ უკანონობის წახალისებას კი  ალექსანდრე თევზაძეს უკავშირებს, რომელიც იმ აიპის ხელმძღვანელობს, რომელიც ზოოკუთხეს მართავს.

მირანდა დგებუაძე ეჭვობს, რომ ზოოკუთხესთან დაკავშირებული პროცესები მიზანმიმართულად არის დაგეგმილი: „ის, რომ ზოოკუთხე უნდა გადავიდეს სხვაგან, ესეც ცოტა არ იყოს ამ კომერციულად ფანტასტიური ტერიტორიისთვის ბრძოლას წააგავს და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ხალხს ვერ დააბრმავებთ“.

„ბათუმელები“ მირანდა დგებუაძის მიერ ჩამოთვლილი პრობლემების თაობაზე ალექსანდრე თევზაძეს დაუკავშირდა. აიპი „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“, რომლის ხელმძღვანელიც ის არის, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია. თუმცა, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, მას  ჯერ კიდევ აქვს უფლება, სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციიდან ისაუბროს.

ალექსანდრე თავზაძის თქმით, მირანდა დგებუაძეს ზოოკუთხის დირექტორობა ისევ სურდა და პრეტენზიებიც იმას უკავშირდება, რომ მას ამ თანამდებობაზე არ ნიშნავენ. „გასაგებია, დირექტორობას ელოდებოდა, მაგრამ ეს გამორიცხულია. ასეთი არამდგრადი ფსიქიკის ადამიანს დირექტორად… სანამ მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვაკვირდებოდით, მაგრამ, ჩვენ დავიწყეთ აქტიურად დირექტორის მოძიება,“ – ამბობს აიპის ხელმძღვანელი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას გულისხმობს ის „არამდგრად ფსიქიკაში“, თევზაძე აზუსტებს: „ვერც ერთ თანამშრომელთან მირანდა დგებუაძემ ვერ დაალაგა ურთიერთობა. ყველასთან ნაჩხუბარია“.

ალექსანდრე თევზაძე ადასტურებს, რომ ზოოკუთხეში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ცხოველების მიმარ გულგრილობას, „მაგრამ გულგრილობა რომ იყო, სწორედ ამიტომ გავუშვით სამსახურიდან განყოფილების უფროსი“: „ეს მარტო გულგრილობის ამბავი არ არის, ზოოკუთხეს ესაჭიროება რეკონსტრუქცია, არის სპეფიციკური საკითხები, რომლებიც შესასწავლია და გადაწყვეტილება არის მისაღები“.

ალექსანდრე თევზაძეს „ბათუმელებმა“ მთავარი ვეტერინარის ბიზნესთან დაკავშირებითაც ჰკითხა. „კოვტუნი [ექიმი] ზოოვეტია, საკმაოდ კარგი ქირურგია და შეძლებისდაგვარად ის აგვარებს პრობლემებს. მაგრამ ამას ვამბობ მეც, რომ ის რესურსები და ცოდნა, რომელიც დღეს ზოოკუთხეს გააჩნია, არ არის საკმარისი“.

რა ფორმით ეწევა კოვტუნი კერძო პრაქტიკას ზოოკუთხეში? – ვეკითხებით მას, რაზეც თევზაძე ამბობს: „ის მკურნალობს ცხოველებს, მას ჰყავს პირადი კლიენტებიც, რომლებიც ზოოკუთხეშიც მოდიოდნენ, რა თქმა უნდა. მედიკამენტებს ვინ რას ყიდულობდა, მე ეს არ ვიცი. არავინ არ უკრძალავს ექიმს ჰქონდეს ოპერირების დრო“.

„ეს არის დასანანი, რომ პირადი შურისძიების მიზნით ასეთი სტატუსი დაწერა“, – დასძენს ალექსანდრე თევზაძე დგებუაძის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პირად შურისძიებაში“, თევზაძე ამბობს, რომ დგებუაძე კონფლიქტური იყო თანამშრომლებთან. ალექსანდრე თევზაძე მირანდა დგებუაძის აზრს იზიარებს იმ კუთხით, რომ ზოოკუთხეში პრობლემები არსებობს. ის ამბობს, რომ მირანდა დგებუაძე არაკვალიფიციურია, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ სამსახურში მირანდა თვითონ მიიღო.

„მირანდას უნდოდა ზოოპარკში მუშაობა, გავითვალისწინეთ ეს და მივიღეთ. როგორც დირექტორს, მას ამის კვალიფიკაცია არ აქვს“.

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

 

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მძღოლი – გარდაიცვალა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. იგი 52 წლის კაცია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

 

ვინ მოიპარა 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევრები?

საფრანგეთის სასამართლო აუქმებს ბრალდებას ელექტრიკოსისა და მისი ცოლის მიმართ, რომლებსაც პაბლო პიკასოს დაკარგული ნახატები აღმოაჩნდათ.

პიკასოს ყოფილი ელექტრიკოსი და მისი ცოლი, პიერ და დანიელ ლე გუენეკები, 2016 წელს დამნაშავეებად ცნეს მხატვრის მამულიდან 271 ნამუშევრის მოპარვისთვის. სასამართლომ განაჩენი წინა კვირას, 28 თებერვალს გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლე გუენეკების საქმე ახალ ეტაპზე გადავა. სასამართლო საკითხს თავიდან განიხილავს. პროცესი ლიონში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

ლე გუენეკები 2016 წლიდან 2 წელი იხდიდნენ სასჯელს საპატიმროში და მათ პიკასოს ნამუშევრების დაბრუნება დაევალათ. ცოლ-ქმარი ბრალს არ აღიარებს და ირწმუნებიან, რომ ნახატებს, ესკიზებსა და გრავიურებს მათ თავად პიკასო და მისი ცოლი, ჟაკლინი ჩუქნიდნენ პერიოდულად. ავტოფარეხში შენახული, მუყაოს ყუთში მოთავსებული ნამუშევრები ცოლ-ქმარს გადაავიწყდა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღმოაჩინეს თავიდან.

სდფადფგვდფგვდფბ
პიკასოს ნახატების ქურდობაში ბრალდებული ცოლ-ქმარი, პიერ და დანიელ ლეგუენეკები/ფოტო: europe1.fr

საქმე ის არის, რომ უკვე პენსიონერ ელექტრიკოსს ნამუშევრების მოპარვის ფაქტს ვერ უმტკიცებენ, საქმის ეს ნაწილი ისევ ბურუსითაა მოცული. სასამართლოს ეჭვი აქვს, რომ უშუალოდ ძარცვის პროცესის მონაწილე შესაძლოა ყოფილიყო ლე გუენეკების ნათესავი და ამავე დროს პიკასოს პირადი მძღოლი, რომელიც გარდაცვლილია.

მხატვრის ყოფილი ელექტრიკოსის მფლობელობაში რჩება 70 მილიონ ევროდ შეფასებული 271 ნამუშევარი: ესკიზები, ლითოგრაფიები, 1900-1930-იანი წლებით დათარიღებული იშვიათი კუბისტური კოლაჟები. ნამუშევრები არ არის მოხსენიებული არც ერთ კატალოგსა და წიგნში.

ნამუშევრებმა დღის სინათლე პირველად 2010 წელს იხილა, როცა ცოლ-ქმარი ლეგუენეკები პიკასოს ოფიციალურ ადმინისტრაციას დაუკავშირდა ავთენტურობის სერტიფიკატის მისაღებად, რაც აუცილებელია ნამუშევრების გაყიდვისთვის.

ლეგუენეკების მონათხრობი ნამუშევრების ჩუქების შესახებ ადმინისტრაციამ არ დაიჯერა და მიმართა პიკასოს ოჯახს, ახლობლებს, მხატვართან დაკავშირებულ პირებს: ბარსელონასა და პარიზში პიკასოს მუზეუმების ხელმძღვანელებს. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამხელა კოლექციას მხატვარი არავის აჩუქებდა.

პიკასოს ოჯახი ამტკიცებს, რომ 1900-1930-იანი წლებით დათარიღებული ნამუშევრები მხატვრის მუჟინში მდებარე ნოტრდამ დე ვის ვილიდან დაიკარგა. სავარაუდოდ მოიპარეს. ზუსტად ამ პერიოდში ელექტრიკოსი სიგნალიზაციას აყენებდა მხატვრის ვილაში.

პაბლო პიკასო ნოტრდამ დე ვის ვილაში/ ფოტო: pinterest.com
ნოტრდამ დე ვი – პიკასოს ვილა მუჟინში.

წყარო: theartnewspaper

Exit mobile version