მთავარი,სიახლეები

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

01.03.2018 • 5191
ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით,  ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი  – 100 ლარით.

კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ეს კანონი დარჩეს ქაღალდზე დაწერილ კანონად, რადგან მისი აღსრულება ვერ მოხერხდება. როგორ იმუშავებს კანონი, ვის ექნება დაჯარიმების უფლება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, აკაკი ზოიძეს ესაუბრა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.

აკაკი ზოიძე

ბატონო აკაკი, პირველი მაისიდან, თუ კი მოქალაქე შენიშნავს, რომ სხვა პირი სიგარეტს ეწევა, მაგალითად, სადარბაზოში [მოწევა იკრძალება მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა – სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, ლიფტი და სხვა], საპატრულო პოლიციას უნდა დაუკავშირდეს?

უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა მიმართოს, უთხრას, რომ აქ აკრძალულია მოწევა და თუ არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს პოლიციას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინ უნდა გააკონტროლოს სიგარეტის მოწევა?

მძღოლმა ან კონდუქტორმა, ვინც არის, შესაბამისად. თუ არ დაემორჩილა მგზავრი მითითებას, უკვე მძღოლი გადაწყვეტს და დარეკავს [საპატრულო პოლიციაში].

კანონში აღნიშნულია, რომ დაჯარიმების უფლება ექნება ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციებს. რა ადმინისტრაციებზეა საუბარი კონკრეტულად?

მაგალითად, ტრანსპორტის ადმინისტრაციას, ვისაც ეკუთვნის შესაბამისი ტრანსპორტი. რკინიგზის შემთხვევაში – რკინიგზას, მერიის შემთხვევაში – მერიას და ა.შ.

თუ კერძოა ტრანსპორტი, მაგალითად, სამარშრუტო ტაქსი?

თუ კერძო ტრანსპორტია და მძღოლია ამ შემთხვევაში მფლობელი, პასუხისმგებლობა არის მასზე.  დაჯარიმდება შესაბამისი იურიდიული პირი, ფიზიკურ პირთან ერთად.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა სიგარეტს ეწევიან, მაგალითად, მერიაში, სამინისტროში ან საკრებულში?

უნდა მიუთითოს ადმინისტრაციამ [რომ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება], წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ ადმინისტრაციას. თუ არ მიუთითებს და პატრულს არ გამოიძახებს, დაჯარიმდება თავად ადმინისტრაცია. თუ შემოვა მაკონტროლებელი და ნახავს, რომ ეწევიან და არ იყო შეტყობინება შემოსული, დაჯარიმდება, მაგალითად, საკრებულო.

ცალკე მაკონტროლებლის საკითხი განიხილება?

პატრულზეა საუბარი, პოლიციაზე.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ექნება თუ არა სიგარეტის მოწევის ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს მტკიცებულების ძალა? მაგალითად, თუ ადამიანი წარადგენს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია კაფეში, სადაც ეწევიან, ამ შემთხვევაში რა ხდება?

დაჯარიმება იმ მომენტში უნდა მოხდეს, პოსტფაქტუმ დაჯარიმება ცოტა რთული თემაა. მაშინ სასამართლოში უნდა წარადგინოს მოქალაქემ ვიდეო. აქ საუბარია იმაზე, რომ შეუძლია მიმართოს პოლიციას – „აქ ეწევიან და მობრძანდით, თუ შეიძლება რეაგირება გააკეთეთ“. სანქცია იწერება მაშინ, როცა პოლიციელი მივა კაფეში.

გამოდის, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე.

რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანაში ასეა ეს კანონი და ამიტომაც არის ჩვენი საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი – „ნუ იქნები პასიური“. აქ ორი რამ იგულისხმება – სამოქალაქო აქტიურობა და ასევე, პასიური მწეველობა. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ეს კანონი შემოვიდა, სწორედ მოქალაქეების აქტიურობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.

საქართველოში მწეველთა რაოდენობა დიდია. გაქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები იაქტიურებენ?

ვფიქრობ, რომ იაქტიურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, შეგნებული მოქალაქეები. უნდა უთხრან ადამიანს – „მე მწამლავ, გარეთ მოწიე“. აქამდე კანონი არ არსებობდა და მოქალაქეები შეზღუდული იყვნენ თავიანთ შესაძლებლობაში, რომ მიეთითებინათ თავიანთი თანამოქალაქეებისთვის – თუ შეიძლება, ნუ მისპობთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ახლა კანონი უკვე მათ მხარეს იქნება.

ალბათ ადევნებთ თვალს დისკუსიას ფეისბუქზე. კანონს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ადამიანები ამბობენ, რომ კი, ეს კარგი კანონია, მაგრამ დარჩება ქაღალდზე დაწერილად და არ იმუშავებს. თქვენი აზრით, რა რისკები არსებობს, რომ კანონი არ იმუშავებს?

რისკები ყოველთვის არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონმა იმუშაოს. ამისთვის არის საინფორმაციო კამპანია, არის სწავლება აღმასრულებლების, ვისაც დაევალება კანონის აღსრულება, არის მოხალისეების მობილიზება, რომლებიც ძალიან აქტიურად ივლიან დიდ ქალაქებში…

რა უნდა გააკეთონ მოხალისეებმა?

მოხალისეები ივლიან და ეტყვიან მოქალაქეებს, თუ შეიძლება ჩააქრეთ სიგარეტი ან გაბრძანდით გარეთ – ამაზეა საუბარი.

სამი-ოთხი თვის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში [სადაც მსგავსი კანონი მიიღეს] ეს გახდა თვითაღსრულებადი ნორმა. არავის არ ეგონა, რომ ირლანდიურ პაბებში სიგარეტის მოწევა აიკრძალებოდა და სიგარეტის გარეშე შეიძლებოდა ლუდის დალევა, მაგრამ სამი თვის მერე აღარავის ახსოვდა მოწევა ოდესმე დაშვებული თუ იყო შენობაში. გამოდიან, ეწევიან გარეთ და შედიან შიგნით, არ არის არავითარი პრობლემა.

ერთი წელი ჰქონდათ ვადა ჩვენთან ორგანიზაციებს მომზადებულიყვნენ, მოეწყოთ გარეთ შესაბამისი, დამატებითი ადგილები. კანონი შედის ძალაში მაისში, როცა გარეთ გამოსვლა პრობლემა არ არის, იმისათვის, რომ ზამთრისთვისაც მოემზადონ და გამათბობლები შეიძინონ, როგორც ეს ევროპაშია. მე არ მგონია, რომ ქართველები გამორჩეულად კანონდაუმორჩილებელი ხალხი ვართ.

ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ ქართული, ტიპიური ქორწილი, როცა იკრიბება, ვთქვათ, 300-400 ადამიანი და აქედან 200 მწეველია…

მაშინ გარეთ სეფა გააკეთონ და არ არის პრობლემა. მიეჩვევიან ადამიანები, რომ გარეთ გავიდნენ და მოწიონ. სიამოვნებთ ქორწილში, გაბუღულ შენობაში ყოფნა, სახლში მისვლის შემდეგ ქიმწმენდაში რომ აბარებენ ტანსაცმელს? არა მგონია, ეს ვინმეს სიამოვნებდეს. იმაზე საუბარი, რომ ტრადიციაა ქორწილში ბევრი სიგარეტის მოწევა, აბსურდამდე მიდის.

თქვენ ეწევით სიგარეტს?

მე ვეწეოდი 25 წელი, მაგრამ პირველივე დღეს, პარლამენტში ფიცის დადებასთან ერთად დავანებე თავი, რადგან ვიცოდი, რომ ამ კანონისთვის უნდა გაგვეკეთებინა ლობირება და გაგვეტანა. მას შემდეგ არ მომიწევია, უკვე ერთი წელია.

_____________________________________________

თუ სიგარეტისთვის თავის დანებების არასამედიცნო მიზეზი გაინტერესებთ, 2 წამში გამოთვალეთ რა თანხას ხარჯავთ სიგარეტზე 

მთავარ ფოტოზე:  საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გახსნა, 28 თებერვალი, 2018 წელი. ფოტო საქართველოს პარლამენტის ფეისბუქგვერდიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: