მთავარი,სიახლეები

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს

09.03.2018 • 19361
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს

კარგი მხედველობა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ბავშვის მხედველობა ნელ-ნელა ვითარდება, რადგან ჩვილის თვალს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ სამყაროს შეეგუოს, თუმცა, კლინიკა „საგიტარიუსის” ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 3 წლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ 80-პროცენტიანი მხედველობა, „ანუ უნდა დაინახოს კარგად 2-3 მეტრიდან და უფრო შორსაც კი,  თითქმის ისევე უნდა გაარჩიოს საგნები შორს, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა“.

ბავშვის მხედველობა 8-9 წლის ასაკამდე ვითარდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმოთ ბავშვის მხედველობა, რათა ნებისმიერი დარღვევა, დროულად აღმოაჩინოთ და უმკურნალოთ.

[yellow_box]ბავშვის თვალში მიმდინარე ცვლილებების გამო, არსებობს პერიოდები, როცა ბავშვის მხედველობა ექიმმა უნდა შეამოწმოს პროფილაქტიკისთვის. თვალის ფსკერისა და თვალის სტრუქტურების პირველი შემოწმება სამშობიაროში ხდება,  შემდეგი შემოწმება 6 თვის, 1 და 3 წლის ასაკში.  ამის შემდეგ კი ბავშვის მხედველობა 6 წლის ასაკში, ბავშვის სკოლაში წასვლამდე მოწმდება.[/yellow_box]

2-4 წლის ასაკში ბავშვი შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს ან ვერ გახვედრებდეთ, რომ მხედველობის პრობლემა აქვს, ამიტომ სწორი იქნება პრევენციული შემოწმებების გარდა, მის ქცევებსაც თუ დააკვირდებით. როგორც კლინიკა „ოკულუს მედის” ოფთალმოლოგი ლიკა ლომია ამბობს,  ამ ასაკში ბავშვებს უმეტესად თანდაყოლილი ამეტროპიები [ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი] აქვთ, თუმცა ბავშვს თვალის კუნთების სპაზმი შესაძლოა, ჭამის დროს მობილურში მულტფილმების ყურების გამოც განუვითარდეს.

სპეციალისტების აზრით, თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, თუ:

[crosslist]

  • აქვს სიელმე, ანუ თვალი გაურბის. თუნდაც პერიოდულად.
  • უწითლდება თვალები, განსაკუთრებით საღამოობით. ეს ამეტროპიების დროს ყველაზე ხშირი სიმპტომია. ასევე აქვს ცრემლდენა ან ქავილი, რის გამოც შესაძლოა ისრესდეს თვალებს.
  • ბავშვი ხშირად იქცევა – ფეხს კრავს კარის ზღურბლს, კიბეს, ეჯახება ან გვერდს ვერ უქცევს კარებს, მაგიდის კუთხეს და ა.შ.
  • უნებლიედ ახამხამებს თვალებს, ეს იგივე კუნთოვანი ნერვული ტიკია. ეს  ამეტროპიების და მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა ასეთ დროს, როგორც წესი, არსებობს ემოციური ფაქტორიც [შიშები ან სხვა].
  • ჭუტავს თვალებს რაღაც ობიექტზე მზერის კონცენტრირებისას – ასე იგი  მექანიკურად ავიწროვებს გუგას, რომ უკეთესად დაინახოს.
  • ტელევიზორთან მიდის ახლოს. ასევე  წერის ან ხატვის დროს ახლოს მიაქვს სახე ფურცელთან.
  • ბავშვი ხშირად არის მოთენთილი ან სტკივა თავი [შუბლის არეში].
  • თუ ვერ იჭერს 2 მეტრის დაშორებიდან ნასროლ ნივთს – იმის გამო, რომ თვალის ფიქსაცია არ ხდება საგანზე, ანუ თვალს არ აყოლებს მაგალითად ბურთს. თუ თვალის ფიქსაცია ხდება, მაგრამ ბავშვი ბურთს მაინც ვერ იჭერს, ესე იგი სხეულით მოქმედება უჭირს და ეს  თვალის პრობლემა არ არის.
  • თუ ბავშვისთვის გადაღებულ სურათებზე  წითელი რეფლექსია [სურათებში წითლად განათებული თვალები] არ არის ორივე თვალზე. თუ ფოტოს „წითელი თვალის“ ეფექტი ჩანს, უმჯობესია წითელი ფერი ბავშვის ორივე თვალში ენთოს.
  • უჭირს გარკვეული დისტანციიდან ფიგურების ამოცნობა/გარჩევა, მაშინ როცა მისი თანატოლები იმავე დისტანციიდან ამას ახერხებენ.

[/crosslist]

ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 2-4 წლის ბავშვის მხედველობის სახლში შესამოწმებლად მშობელს შეუძლია 2.5 მეტრის დისტანციაზე აჩვენოს ბავშვს რაიმე ობიექტი [საათის ციფერბლატის მსგავსი] და ჰკითხოს, რა გამოსახულებებს არჩევს.

„არ უნდა დაავიწყდეთ მშობლებს, რომ ბავშვის მხედველობა ცალ-ცალკე თვალით უნდა იყოს გამოკვლეული, რადგან ხშირად ერთ-ერთი თვალი არის ზარმაცი, ორივეთი ყურებისას კი ბავშვი ობიექტებს ხედავს მეორეს ხარჯზე, ამიტომ შეიძლება გამოგვეპაროს ზარმაცი თვალი” – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: