საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ბათუმში დღეს, 14 მარტს, გვიან საღამოს გაწვიმდება. სინოპტიკოსები დღის ბოლომდე უნალექო ამინდის შენარჩუნებას ელიან. ბათუმში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი 16 მარტის ჩათვლით. შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით იწვიმებს.
მთაში ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0-5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. აჭარიდან კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ნათია სირაბიძეა, ამჟამად სამშენებლო კომპანიის დირექტორი, ახლო წარსულში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნათია სირაბიძემ გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ დღეს აუდიტორიას აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე იყო აქამდე და კომისიის წევრებს ზოგადი ხედვა გააცნო, თუ რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს საზმაუს რეიტინგი და მისდამი ნდობა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონებში გაძლიერებასა და ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემატიკის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.
გასაუბრებაზე ნათია სირაბიძემ აღნიშნა, რომ თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭების საქმეში მონაწილეობას:
„ათი წლის განმავლობაში იდგა საკითხი, აჭარის ტელევიზია ყოფილიყო აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი. როცა ვიყავი აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მე შევძელი დამერწმუნებინა მთავრობა, მიეცათ სტატუსი აჭარის ტელევიზიისთვის. რა თქმა უნდა, ამაში ჩართული იყო მთავრობის თავმჯდომარე“.
გასაუბრებაზე შეახსენეს, რომ ის ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონსულტაცია აჭარის მთავრობის წევრებთან და არჩევის შემთხვევაში, რამდენად მოახერხებს, იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მაშინ როცა „ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.
„თუ კი, როცა ვიყავი საჯარო მოხელე, არ მოვექეცი პარტიული ზეგავლენების ქვეშ… საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვმუშაობდი პრესსამსახურში [„ნაციონალური მოძრაობის“ დროს]… პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არანაირად არ ვიქნები, რადგან მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შელახავს მას“, – თქვა ნათია სირაბიძემ.
„ტაბულას“ რედაქტორმა, სალომე უგულავამ ნათია სირაბიძეს ჰკითხა, სამეურვეო საბჭოს წევრი რომ იყოს, დაუჭერდა თუ არა მხარს ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ საზმაუსთვის 400 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის გადაცემას.
„გააჩნია პირობებს, ბევრი მეცენატი გადასცემს ხოლმე თავის ქონებას. გააჩნია როგორი სიტუაციაა, თუ ვენდობით მენეჯმენტს, რატომაც არა“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
„ბერა ივანიშვილს ცალკე მდგომ მეცენატად აღიქვამთ?“ – ჩაეკითხა მას სალომე უგულავა.
„გააჩნია მოცემულობას, გააჩნია რა სანდოობით სარგებლობენ თანამშრომლები… დღეს შეიძლება არ დავთანხმებულიყავი“, – განაცხადა ნათია სირაბიძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 14 მარტს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ბათუმში ელექტროენერგია გაითიშება ნონეშვილის, ქუთაისის, 9 აპრილის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება თამარის, სალიბაურისა და სამხედრო დასახლებების ნაწილი, სულ – 4386 აბონენტი. შეზღუდვა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.
ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება:
ხულოში 556 აბონენტს – 10:00-დან 6 საათამდე – სოფლები: ფაჩხა, სხანდარა, ვაშლოვანი, ქვემო და ზედა ვაშლოვანი.
შუახევსა და ქედაში 307 აბონენტს – 11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: პირველი მაისი, საღორეთი, წონიარისი და მიმდებარე სოფლები.
ქობულეთში 3971 აბონენტს – 11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: ცეცხლაური, წყავროკა, მუხაესტატე, ციხისძირი, ბუკნარი, საჩინო, ჩაისუბანი და მიმდებარე სოფლები.
ხელვაჩაურში 7226 აბონენტს – 11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: აჭარის აღმართი, ჭარნალი, ახალშენი, განახლება და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ხელვაჩაურის ნაწილი.
სოფელ გეგელიძეებში, მეჩეთის მიმდებარედ, მეწყერი მიმდინარე წლის იანვარში განვითარდა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკვლის ჩამოშლის საფრთხე შეუქმნა. მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნიდა ასევე, იქვე მდებარე ორ საცხოვრისსაც.
სტიქიური კერა ოპერატიულად შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა გეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა.
გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ქედის მერიამ მეჩეთის მიმდებარედ მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი შეისყიდა, რომელიც ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივებთან ერთად, დღეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ დაათვალიერა.
,,პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საფრთხის არიდების მიზნით, ასევე იმ ორი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, რომელთა ეზოებშიც განვითარდა ფაქტობრივად სტიქია“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა
საყრდენი კედლის მშენებლობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 320 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ავთანდილ სანიკიძე ახორციელებს, რომელიც სრულად 20 აპრილს დასრულდება.
შრომის უსაფრთხოების კუთხით ისნპექციის შექმნა რამდენიმე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მშენებელთა ფორუმზე გააპროტესტა. შეხვედრა დღეს, 13 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ფორუმზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, შრომის ინსპექციის ამოქმედება. პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო რეგულაცია შრომის ინსპექციის კუთხით.
ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის – მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე შრომის ინსპექციის კუთხით კრიტიკული პოზიცია თავდაპირველად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა, პაატა ტრაპაიძემ დააფიქსირა, რასაც სხვა რამდენიმე მშენებელმაც დაუჭირა მხარი. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. „ბათუმელებმა“ ორი მოსაზრება ჩაწერა შრომის ინსპექციის ამოქმედების საკითხზე.
პაატა ტრაპაიძე, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი: მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ინსპექტორი აღიჭურვოს დამსჯელი ფუნქციებით. ეს უკვე კორუფციული თემაა… მარტივია. ხომ ხედავთ, როგორ ფასდება რისკი? რისკის შეფასება ხდება აბსოლუტურად სუბიქტური სქემით. მაგალითად, შეიძლება ინსპექტორმა მითხრას, რომ ლურსმანიც შეიცავს რისკს. ასე შესაძლოა ნებისმიერ რამეზე გამოგედავონ. მასობრივად ამის გაკეთება არის მარაზმი. უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს და ამას აკეთებენ სადაზღვეო კომპანიები. თუ სადაზღვეო რაღაცას კარგად ვერ აკეთებს, მიხედონ მაშინ სადაზღვევოებს. რეალურად დღეს ყველა სამშენებლო კომპანია არის დაზღვეული და სადაზღვეოს აქვს ბუნებრივი ინტერესი, რომ მე უსაფრთხოება მქონდეს დაცული. მითხარით, სახელმწიფოს რატომ აქვს ინტერესი, რომ მე კარგად მქონდეს საქმე?… თუკი არ ვენდობით სამშენებლო სექტორს, მაშინ საერთოდ მშენებლობის უფლებას რატომ აძლევს სახელმწიფო ბიზნესს? ასე თუ მივყვებით, თქვენ რომ ტაქსში ჯდებით, იქაც არსებობს რისკი, რისკი ყველგან არსებობს. აქ საუბარი იყო გვირაბში ჩასვლაზე, მაღაროზე. ასე თუ გავაგრძელებთ, ეკონომიკას საერთოდ გავაჩერებთ.
ჩვენ კანონების გადმოღება კი არ გვჭირდება ევროპიდან, არამედ საჭიროა ის კანონები, რაც ევროპას ჰქონდა 40 წლის წინ. ეს სისტემა ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს. ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ევროპული კანონებით უნდა შემოვიღოთ უსაფრთხოება? ეს გააძვირებს ყველაფერს. ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოების დაცვა აძვირებს პროდუქტს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის?
ელზა ჯგერენაია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: ამ რეგულაციის თვითმიზანი არ არის რეპრესია. საუბარია პრევენციაზე რისკების დროულად შეფასების მიზნით და ამის შეფასება დაევალება დამსაქმებელს. თუ აქამდე ეს მშენებლის კეთილ ნებაზე იყო მიშვებული, დღეს ამ რეგულაციების შესრულება გახდება სავალდებულო.
ცხადია, ამ პროცესში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა შრომის ინსპექციას ევროპის ქვეყნებში სხვა ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფოს აქვს ამ კუთხით ზედამხედველობის ფუნქცია. მშენებლები, ძირითადად, რისკს ხედავენ კორუფციის კუთხით. ჩვენ ვიცით არაერთი უწყება, რომელიც რეფორმირების შედეგად გახდა სრულიად გამჭვირვალე და სრულიად ჯანსაღი სისტემა შეიქმნა. არ დავასახელებ კონკრეტულ წარმატებულ რეფორმას, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო საგადასახადო ინსპექცია, საგზაო ინსპექცია…
არსებობს კონკრეტული მექანიზმები, როგორ უნდა გამოირციხოს კორუფციის რისკი შრომის ინსპექციის შემთხვევაში. მაგალითად, კამერებით ინსპექტორების აღჭურვა. ინსპექტორები იმუშავებენ სპეციალური პლანშეტებით, საიდანაც ინფორმაცია შევა ცენტრალურ აპარატში და ასევე ერთპიროვნულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება სახდელებთან დაკავშირებით. ბიზნესის ამ წინადადებასაც განვიხილავთ, რაც ახლა მოვისმინეთ. ვფიქრობ, პრაქტიკა აჩვენებს, როგორ იმუშავებს ახლად დამუშავებული რეგულაციები.
მთავარ ფოტოზე: მშენებლობა ბათუმში/ 2018 წელი /მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოაქვეყნეს განცხადება, რომ 16 მარტს „ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოში მიდის, რადგან საკრებულო უარს ამბობს ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე. ამ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.
ბათუმის საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს „ბათუმის საკრებულოს წევრები დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არიან“, განმარტავს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებელი არის სიმბოლო ერთიანი და ძლიერი საქართველოსი და მისი ძეგლის დადგმის საკითხი არ შეიძლება გახდეს დაპირისპირების და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მიერ „საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულებისადმი“ გაცემულ წერილობით პასუხს, რომ საკითხის გათვალისწინება ვერ მოხერხდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, განვმარტავთ: აღნიშნულმა ორგანიზაციამ ძეგლის დადგმის თხოვნით წინა მოწვევის საკრებულოს 2017 წელს, აგვისტოს ბოლოს მიმართა, მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარება თითქმის დასრულებული იყო. მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება საჭიროებდა გარკვეული პროცედურების გავლას და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას, ასევე, საზოგადოების ჩართულობას, საჯარო დისკუსიებს, თუ სად, როდის და რა ესკიზით დადგმულიყო ძეგლი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება, რაზეც უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვაზე. მუნიციპალიტეტი გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რაც ძეგლის დადგმის პროცედურებს უკავშირდება“.
ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო ფოტოებზე სასურველი ეფექტის მიღებას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით ახერხებს. ბუსკატო ბოლო ოთხი წელია ქუჩის ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძირითადად ილუზორულ კადრებს იღებს, რაც ტექნიკურად ორი სხვადასხვა სიტუაციის დამთხვევითაა შესაძლებელი. ფოტოგრაფს ხანდახან საათობით უწევს ცდა, სანამ საჭირო მომენტს დააფიქსირებს.
ბუსკატო ამბობს, რომ შემთხვევითობების ძებნით დიდ სიამოვნებას იღებს. გადაღება მისთვის გართობაა, ქუჩა კი დიდი, საბავშვო მოედანი.
„ჩვენ ვაშენებთ გარესამყაროსთან დიდ კედლებს, რომ უფრო ძლიერები და სერიოზულები გამოვჩნდეთ, კედლებს მიღმა გვრჩება ბავშვური ხედვა, რამაც სინამდვილეში განსაზღვრა ჩვენი მომავალი, კედლებს მიღმა დარჩენილი ბავშვობა ციხესიმაგრეში მომწყვდეულ ხეს ჰგავს, „ბავშვური ხედვაც“ ამ ციხესიმაგრეში რჩება.
ჩემთვის ჩვეულებრივი, ბავშვური თამაშია, ვაკვირდებოდე რეალობას და სრულად ვიაზრებდე რაც ხდება, “ – წერს ფოტოგრაფი ოფიციალურ ვებგვერდზე, ეს დამოკიდებულება აქცევს მის ნამუშევრებს მსუბუქ და ადვილად აღსაქმელ, მაგრამ საინტერესო ფოტოებად.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაზე წელს 42 372 ლარს დახარჯავს. თანხა სამინისტრომ ქვეპროგრამის – „აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიები“ ფარგლებში გამოყო და კვლევის განსახორციელებლად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა.
შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა სამ კომპონენტს უნდა მოიცავდეს – აჭარის რეგიონის გეოგრაფიულ დახასიათებას, გავრცელებულ ქარებს, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობას, მათ თავისებურებსა და აჭარის რეგიონში ადრე არსებული ქარსაფარი ზოლების აღწერა-დახასიათებას.
პრეტენდენტი, რომელსაც სამინისტრო კვლევის ჩასატარებლად ხელშეკრულებას გაუფორმებს, ვალდებულია სრული ინფორმაცია წარმოადგინოს ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა – გავლენაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობაზე, ან პირიქით, რა ზიანს აყენებს მისი არარსებობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. ასევე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის იყო გაშენებული ქარსაფარი ზოლები აჭარაში.
კვლევა აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია რეგიონში არსებული ქარსაფარი ზოლები დღეს, ამასთანავე უნდა მოხდეს გაჩეხილი თუ მავნებელ-დაავადებებისაგან დაზიანებული ქარსაფარი ზოლების შესწავლა და მდგომარეობის აღწერა და სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მივიღოთ ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენების შემთხვევაში.
ქარსაფარი ზოლის შესწავლასა და მნიშვნელობაზე პირველ მარტს გამოცხადებული ტენდერი 15 მარტს დასრულდება.
„საქართველოს ელექტროსისტემამ“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებული ერთი ანძის დემონტაჟი გეოლოგიური დასკვნის მიღებამდე დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარების პროექტის მენეჯერი, დავით უთმელიძე განმარტავს, რომ სოფელ კოკოტაურში ანძისა და ხაზის დემონტაჟის გადაწყვეტილება ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე არსებული მდგომარეობისა და საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს.
„დაახლოებით ერთ წლის წინ ანძა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განთავსდა, ანძის განთავსების შემდეგ ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესები გააქტიურდა და არამარტო ანძის მიმდებარედ, არამედ სხვა ტერიტორიებზეც მიწაზე ნახეთქები გაჩნდა, რასაც სოფლის მოსახლეობაც ადასტურებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სასწრაფო წესით სადენებისა და ანძის დემონტაჟი მოგვეხდინა, თუმცა შემდეგ რა სახით განვითარდება მოვლენები, ეს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გადაწყდება,“ – ამბობს დავით უთმელიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ანძის დემონტაჟის გამო საჭირო გახდება თუ არა ელექტროხაზის პროექტში ცვლილებების შეტანა და შეიცვლება თუ არა სოფელ კოკოტაურში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი, დავით უთმელიძე პასუხობს:
„ელექტროსადენები უნდა აღდგეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ანძის მონაცვლეობით მოხდება თუ არსებული ანძების ერთმანეთთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნე, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც გეოლოგიური დასკვნის შედეგები გახდება ცნობილი.
გეოლოგიური დასკვნით, თუ ანძის დადგმა მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იქნება შესაძლებელი, ან არსებული ანძა სხვა ანძის დამატებას მოითხოვს, უნდა შევიტანოთ პროექტში ცვლილება, სხვა ანძები კოკოტაურში კი უფუნქციოდ არ დარჩება. რაც შეეხება სხვა სოფლებში ანძების მდგომარეობას, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის“.
აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის მინიმუმ 80% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გავა.
____________
მთავარ ფოტოზე: ელექტროგადამცემი ანძა კოკოტაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი ბესო ლილუაშვილი დღეს, 13 მარტს, შესარჩევი კომისიის წინაშე წარსდგა. მან შესარჩევ კომისიას თავისი ხედვა გააცნო.
ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტთა გადამზადება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება, მზა პროდუქციების შეძენა სხვა დამოუკიდებელი სტუდიებიდან, ონლაინრადიოს პლატფორმის, ინტერნეტსივრცის განვითარება და ძლიერი უკუკავშირის ამოქმედება – ეს არის არასრული სია იმ იდეებისა, რომელიც ლილუაშვილმა საკონკურსო კომისიას წარუდგინა.
კომისიის წევრმა, ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორმა, სალომე უგულავამ ლილუაშვილს წინა სამუშაო ადგილი [ლილუაშვილი აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო] შეახსენა და ჰკითხა:
„თქვენ, უხეშად რომ ვთქვათ, წარმოდგენილი ხართ აჭარის კვოტით და აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ვის წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურად ამ კვოტით. ხომ არ შეთანხმდით, რომ დაგიჭერენ მხარს. გარანტირებული გაქვთ, ასე ვთქვათ, აჭარის უმაღლესი საბჭოდან მხარდაჭერა? ფიქრობთ, რომ მხარს დაგიჭერენ?
„გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს. მე ვთვლი, რომ ყოველთვის ვდგავარ იქ, სადაც ვთვლი, რომ სასიკეთოს გავაკეთებ ქვეყნისთვის. ყოველთვის იქ მივდივარ, სადაც გამოვადგები ჩემს ქვეყანას. თუ მე ვფიქრობ, რომ მხარს დამიჭერენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მე იქ [აჭარის მთავრობაში] ვმუშაობდი. მე არ მისაუბრია არც ერთ დეპუტატთან. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, როდესაც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. მე კანონს არ ვარღვევ და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ პოლიტიკური გავლენებისაგან. ვთვლი, რომ გამაჩნია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს საზოგადოებრივ მაუწყებელს სწორად განვითარებაში,” – უპასუხა ბესო ლილუაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ხელისუფლების გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი იყოს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ არასდროს ჰქონია იმის პრობლემა, რომ ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.
კითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკურ გავლენას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საზმაუ „ცოტათი უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო წლების განმავლობაში.”
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. მეურვის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული:
ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. როგორც „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, კომპანიამ შეთანხმებულისგან განსხვავებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს.
საქმე იმაშია, რომ მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია სივრცე, რაც ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლას და იქ კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემდა.
მერიიდან გამოგზავნილი ესკიზი „ბათუმელებმა“ მელიქიშვილის ქუჩაზე უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელს შეადარა, როგორც აღმოჩნდა, მოსაცდელი, რომელსაც კომპანია ამონტაჟებდა, სინამდვილეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილებაში განმარტეს, რომ „ახალ მოსაცდელებს უკანა მხრიდან დატოვებული უნდა ჰქონოდა ღია სივრცე იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლეს კომფორტულად შეძლებოდა იქ შესვლა და გაჩერება.“
„ბათუმელები“ ამ საკითხზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს საკითხის გასარკვევად ისევ დაუკავშირდა. მოგვიანებით პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კომპანია შეთანხმებულისგან განსხვავებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა. „მერია კომპანიას დაავალდებულებს, რომ გამოასწოროს ხარვეზი“, – გვითხრეს პრსსამსახურში.
ბათუმის მერიის წარმომადგენლის, რეზო ხახვას ინფორმაციით, მოსაცდელების განთავსებისთვის მერიის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება, რადგან ეს ვალდებულება შპს „ალმას“ საიჯარო ხელშეკრულებით აქვს აღებული:
„მიწის ნაკვეთები აქვს იჯარით აღებული და გვიხდის ფულს, თავისი ხარჯებით განათავსებს მოსაცდელებსაც. შემდეგ კომპანია ათავსებს რეკლამას ამ მოსაცდელებში და ამისგან იღებს ხარჯებს“.
მერიის ინფორმაციით, 50 ადაპტირებული მოსაცდელი გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, კაჩინსკების ქუჩაზე ქალაქის ტერიტორიაზე გადანაწილდება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა 2017 წელს. ამის შესახებ აპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშში წერია.
„მოქალაქეების ინფორმაციით, კომპანიები მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციას უმჟღავნებდნენ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს და ფეისბუქის მეგობრებსაც კი,“ – წერია ანგარიშში.
კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. 4 ფაქტზე ჯარიმის დაკისრება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხერხდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მოიცავს 2017 წელს კერძო ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევებსა და ნაკლოვანებებს. აქვე მოცემულია კონკრეტული მაგალითები.
ანგარიშის მიხედვით, ინსპექტორის მიერ შესწავლილი საკითხების დიდი ნაწილი კვლავ პრობლემური სესხების ამოღების პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას შეეხებოდა. განცხადებებსა და კონსულტაციებში მოქალაქეები საუბრობდნენ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრების, მეზობლების, სოციალურ ქსელებში დამეგობრებული პირების, ან/და თანამშრომლებისთვის გამჟღავნების ფაქტებზე. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში საკმაოდ ხშირად ირღვევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკავშირდებოდნენ ისეთ მესამე პირებს, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზე დაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) და არ მოიცავდა მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას. მიუხედავად ამისა, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ,“ – წერია ანგარიშში.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემურ სესხებს უმეტესად სესხების ამომღები კომპანიების მეშვეობით მართავენ. ასეთ შემთხვევებში სესხის ამომღებ კომპანიებს გადაეცემა მსესხებლის მონაცემები და ეძლევა უფლება, იმოქმედოს საკრედიტო ორგანიზაციის სახელით, მისი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ დროს სესხის ამომღები კომპანია წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს.
ინსპექტორის აპარატის ანგარიშის მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას, მსესხებელთან კომუნიკაციის წესებს ხელშეკრულებაშივე ითვალისწინებს. თუმცა, გასულ წელს გამოვლინდა შემთხვევები, როცა უფლებამოსილმა პირებმა მაინც მიმართეს საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან აკრძალულ ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა: მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, სოციალურ ქსელში დაკავშირებული პირისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება.
ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია გამჟღავნებული მონაცემების კატეგორიაზე, იმის მიხედვით თუ რა სახის დარღვევა მოხდა, ჯარიმა შეიძლება მერყეობდეს 500-დან 5000 ლარამდე.
170-ლარიანი სოციალური დახმარებით ცოტა შეშა იყიდა, თავად დაჩეხა. როცა სითბო შემოაკლდათ, თხილი გასხლა და წვრილი ტოტებით ათბობდა ღუმელს მთელი ზამთარი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორე სართულზე წვიმასა და თოვლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის.
ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, პატარებმა ანთება დაძლიეს, მაგრამ დედას ნესტისგან მუდმივად სტკივა ფეხები. ასე ცხოვრობს პატიმრის მეუღლე, 33 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში.
მარიამის მუღლე 2017 წლის ივნისში დააკავეს. საპატიმროში ორი წელი უნდა გაატაროს, გათავისუფლების შემდეგ კი 3-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.
მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლეს სახელმწიფო ყოველთვიურად 170 ლარით ეხმარება. მარიამს სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. ბავშვებს ვერავის უტოვებს და უმუშევარია. სოფლის სხვა მცხოვრებლების მსგავსად მცირე ნაკვეთზე ცოტა თხილი აქვს გაშენებული, ყოველწლიურად 3 დიდ და 2 პატარა ტომარას კრეფს – სულ ეს არის მთელი მოსავალი. თუმცა წელს ფაროსანასთან ერთად ნაყოფი მეზობლების პირუტყვმა გაანადგურა, დაზიანებულმა ღობემ პლანტაცია ღორებისგან ვერ დაიცვა და შედეგად მარიამს თხილის მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა.
„მაქსიმალური დახმარება რაც მეზობლებისა და ახლობლებისგან შეიძლება მივიღო, შეშის დაჩეხვაა, ზამთარში. ყველას ვებრალები და მამხნევებენ: ახალგაზრდა ხარ, მოულოდნელობებისგან არავინაა დაცულიო. ვგრძნობ მორალურ მხარდაჭერას ახლობლებისგან, მაგრამ ფინანსურად ვერავინ გვეხმარება, ვის რა აქვს სოფელში? ძალიან გვიჭირს, ბავშვებს ბევრი სჭირდებათ, ხანდახან ფულის სესხება და ნაწილ-ნაწილ გასტუმრება მიწევს, სხვანაირად რას ვიზამდი, არ ვიცი. მცირეწლოვან ბავშვებს ვერ ვტოვებ, ამიტომ შინ, საკუთარ ეზოში მირჩევნია თხილის პლანტაციას მოვუარო“, – გვიყვება მარიამი.
დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ოჯახს ეზოს ღობე გამოუცვალეს. ეს ნიშნავს, რომ მარიამი მომავალ წელს თხილის მოსავალს შეინარჩუნებს. მას პროექტის შესახებ პატიმარმა მეუღლემ უამბო, რომელიც გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამებში ჩაერთოს, თუკი შესაბამის ინიციატივებს გამოიჩენს.
პატიმრის მეუღლემ დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თხოვნით მიმართა სოფლის გამგეობას. მარიამს უთხრეს, რომ უამრავ სხვა ადამიანს აქვს სახლის სახურავი დაზიანებული, რომელთა მდგომარეობაც გაცილებით უფრო მძიმეა. დაჰპირდნენ, რომ მივიდოდნენ და სიტუაციას შეისწავლიდნენ, თუმცა გამგეობიდან მარიამისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვების ამბავი ამის შემდეგ არავის უკითხავს.
პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ მას არ აქვს იგივე ფსიქოლოგიური წნეხი, რისი გადატანაც ხშირად უწევთ პატიმრების ოჯახის წევრებს:
„არავისგან მიგრძნია, რომ რახან მეუღლე პატიმარი მყავს, ეს სირცხვილია. ყველა მამხნევებს და მამშვიდებს. სოფელში ყველა ყველას ახლობელია და ერთმანეთის მდგომარეობას ადამიანურად იზიარებენ, ბავშვებმაც იციან, რომ მამა დროებით ცხოვრობს სხვაგან და მალე ისევ მათთან დაბრუნდება, ეგუებიან რეალობას. მონატრებით, რა თქმა უნდა, სულ ენატრებათ და ერთსა და იმავე კითხვას მისვამენ ყოველდღე: „მამა როდის დაბრუნდება?“.
მარიამის მცირეწლოვანი ბავშვები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ პატიმართა ოჯახის წევრებისთვის ორგანიზებულ გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები ამსუბუქებს ოჯახების მდგომარეობას და აგრძნობინებს, რომ ისინი პრობლემებთან მარტო არ არიან.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
მძიმე სოციალური პირობების გამო, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების… გამო მუშები პროტესტის შემთხვევაში დათმობაზე მიდიან, თუკი ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებთ ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას. რეალობაში კი ისინი, ძირითადად, ხელფასისთვის თუ იბრძვიან“.
ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან და მუქარა, რომ გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში ხელმძღვანელობა იპოვის გზას, როგორ დაითხოვოს სამსახურიდან, დააკლოს ხელფასი ან არ მისცეს დანამატი. იყო შემთხვევა, როცა დანამატის მოთხოვნით გაიმართა გაფიცვა. გაფიცვის შედეგად ხელმძღვანელობა დაჰპირდათ, რომ მისცემდა დანამატს ხელფასის 50-100 პროცენტის ოდენობით. გაფიცვაში მონაწილე მუშებს ხელფასის 50%-იანი დანამატი მისცეს, დანარჩენებს – 100%–იანი. გაფიცვის მონაწილეებს ხელფასებიდან რაღაცები გამოუქვითეს, შესაბამისად მათ ვერაფერი იხეირეს. ამ გზით მუშებს აჩვენებენ, რომ პროტესტის გამო ისჯებიან, სხვები კი, ვინც მორჩილია, მოიმკიან გაფიცვის დადებით შედეგებს.
გაფიცვაში მონაწილეობის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა კანონით აკრძალულია, მაგრამ კანონის დარღვევას ვერავინ აღმოფხვრის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი სიმართლის სასამართლოს გზით დამტკიცებას კი წლები სჭირდება. საქმის განხილვის ვადების გაწელვა, დამსაქმებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრება, გადაწყვეტილების ნებით აღუსრულებლობა და აღსრულების ეროვნული ბიუროსგან იძულებითი აღსრულების დალოდება… დამსაქმებელს არსად ეჩქარება, აქვს ფული და ჰყავს პროფესიონალი იურისტები, მუშა კი სანამ საქმე განიხილება, უმუშევარი რჩება. არადა ჰყავს ოჯახი, აქვს ვალები.
ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის გარდა სამუშაო ადგილებს პრაქტიკულად არავინ ქმნის. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ისაა, რომ სახელმწიფოს არც კი აქვს რამე ხედვა, რა მიმართულებით შეიძლება ჭიათურისა და სხვა მსგავსი ქალაქების განვითარება. სახელმწიფო არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ალტერნატივა უნდა გააჩინოს ჭიათურაში, ქალაქი რომ არ დაიცალოს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს. ან რა მოხდება მადნის ამოწურვის შემდეგ…
დავუბრუნდეთ დასაქმებული მუშებისთვის სასამართლო გზით უფლებების დაცვისთვის არსებულ, ხშირად გადაულახავ ბარიერებს. სასამართლო გარჩევას დრო სჭირდება და კვალიფიციური იურისტი, რის უზრუნველყოფაც მუშას უჭირს. ბოლო დროს პროფკავშირების გაერთიანებამ შექმნა ფონდი იმ მუშათა დასახმარებლად, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფონდში 700 ათასზე მეტი ლარია, თუმცა დამალული ინფორმაცია იმის შესახებ, ამ ფონდიდან რომელ დარგს რა თანხა ერგება, რომელი მიმართულების მუშები უფრო მეტად საჭიროებენ ამ თანხებს, რომელ დარგებზე უფრო მეტი იხარჯება და ა.შ. ვერ გავარკვიე, რა არგუმენტები აქვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ამ ინფორმაციის დასაფარად.
ჭიათურა დღეს. ფოტო: მარიამ ხარშილაძე
[red_box]ერთი დღე ჭიათურულად: პროფკავშირები [/red_box]
კიდევ ერთი გამოწვევაა პროფკავშირებისადმი საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი მოლოდინები და წარმოდგენები. საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო, რომელსაც ერთადერთი პარტია მართავდა, იყო ასევე ერთადერთი დამსაქმებელიც და პროფკავშირების ხელშემწყობიც. პროფკავშირებს არ შეეძლოთ სახელმწიფოსადმი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნების წამოყენება. სახელმწიფო იყო მუშების საქმიანობის ეკონომიკური ბენეფიციარი და მათი ინტერესების/უფლებების დამცველი (პირობითად). ის თვითონვე ადგენდა და უზრუნველყოფდა შრომის პირობებს ისე, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ. შესაბამისად, ერთადერთი ფუნქცია, რაც პროფკავშირებს ჰქონდა, იყო დასაქმებულების სერვისებით უზრუნველყოფა (მაგ. საკურორტო დასვენება, საახალწლო საჩუქრები, სანატორიული ტიპის მკურნალობის საგზურების დარიგება).
დღესაც პროფკავშირთა წევრები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდი ახსოვთ, პროფკავშირებისგან ითხოვენ მეტ მატერიალურ ბენეფიტს, რაც ასევე მათი სიღარიბით არის განპირობებული და არაიმდენად იურიდიულ კონსულტაციებსა თუ სასამართლოში საქმის წარმოებაში დახმარებას, სამუშაო პირობების/გარემოს, შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილის შეძლებისდაგვარად სანიტარული ნორმების დაცვით მოწყობას, ჰიგიენისთვის საჭირო პირობების ლობირებასა და ადვოკატირებას; შრომითი უფლებებისა და სამუშაო გარემოს სტანდარტების დარღვევის საქვეყნოდ გაშუქებას, შრომით უფლებებთან დაკავშირებულ (მაგ. მინიმალური სახელფასო განაკვეთის დაწესება, სამუშაო დროის ზუსტი განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება) საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადებას. დასაქმებულებს ყოველივე ამის ნაკლებად სჯერათ და სამომავლო არაგარანტირებულ და აბსტრაქტულ უფლებებს ურჩევნიათ დღეს ხელშესახები, თუნდაც მცირეოდენი, მატერიალური/ფულადი დახმარება.
პროფკავშირის ერთ-ერთი ქალი წევრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სარვამარტოდ რამეს გამოიმეტებენ დასაქმებული ქალებისთვის. შესაბამისად, ის პროფკავშირები, რომლებიც ფულად შემწეობებსა და სერვისებს არ სთავაზობს წევრებს, ნაკლებადაა პოპულარული.
დამსაქმებელი ამით სარგებლობს. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს წევრმრავალ და, შესაბამისად, უფრო წარმომადგენლობით და წონიან პროფკავშირებში თავისთვის სასურველი, უფრო მორჩილი, მიმღებელი მენეჯმენტის მოყვანას სათავეში სხვადასხვა კორუფციული და არადემოკრატიული მეთოდით. მაგალითად, ეხმარებიან მათთვის სასურველ კანდიდატს, პროფკავშირის წევრებს შეჰპირდეს და შემდეგ უზრუნველყოს საახალწლო/სადღესასწაულო საჩუქრები (მაგალითად, ტკბილეული) ან საქართველოს კურორტებზე დასვენების საგზურებს (ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, დასაქმებულები ხშირად ყიდიან კიდეც).
პროფკავშირების წევრებიც ირჩევენ საწარმოს ხელმძღვანელთა მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს. შემდეგ სიმშვიდეს ისინი უზრუნველყოფენ: ეუბნებიან მუშებს, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, ვერ შესრულდება მათი მოთხოვნები, კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს მეტის მოცემის შესაძლებლობა, რომ პროფკავშირი უძლურია, არ აქვს ფული, სასამართლო წარმოებაში ან, ზოგადად, ბრძოლაში რომ დაეხმაროს. ის დასაქმებულები, რომლებიც პროფკავშირების ასეთ კონფორმიზმს აპროტესტებენ, უმცირესობაში, გარიყულნი რჩებიან. თუკი ისინი შეძლებენ ცალკე პროფკავშირის შექმნას, რაც ჭიათურაში მოხდა, სადაც 3 პროფკავშირი მოქმედებს 1 საწარმოში, საწარმოს ხელმძღვანელობა მათს პროფკავშირს არ აღიარებს. არ შედის დამოუკიდებლად შექმნილ პროფკავშირთან კოლექტიურ მოლაპარაკებაში, არ უფორმებს კოლექტიურ ხელშეკრულებას. მას უფორმებს მხოლოდ „ტრადიციულ“ პროფკავშირს. მის წევრებს აძლევს გარკვეულ ფასადურ შეღავათებს, რითიც წევრებს ართმევს ახლადშექმნილ, ოპოზიციურ, პროფკავშირს. ყველანაირად ცდილობს გამოყოფილი პროფკავშირის უძლურების ჩვენებას, არ შედის მასთან მოლაპარაკებებში.
„ტრადიციული“ პროფკავშირის წევრებიც ხშირად ვერ იაზრებენ, რომ ის ფასადური შეღავათებიც არის იმ ახალი პროფკავშირის შექმნის შედეგი, საწარმოში 2 ან 3 პროფკავშირს შორის არსებული კონკურენციის შედეგი, იმის შედეგი, რომ დამსაქმებელი ცდილობს, ხელი შეუშალოს თანამშრომლების ახალ პროფკავშირში გაწევრიანებას და იმიტომ იმ ძველსაც ეთანხმება და მოდის იმ მინიმალურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე მაინც, ანდაც იაზრებენ, მადლობელნიც არიან იმ ახალი პროფკავშირის ამ ფუნქციისა, მაგრამ ვერ რისკავენ იქ გაწევრიანებას. დამსაქმებელი ასევე აქტიურად ცდილობს მისთვის მიუღებელ პროფკავშირებში დაპირისპირების გაღვივებას, რათა შემდგომ დაანაწევროს. პროფკავშირის შიგნით არსებული ენერგია იხარჯება ურთიერთდაპირისპირებაზე, ახალ გამოყოფაზე და არა – დამსაქმებელზე ზემოქმედებაზე.
სხვათა შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი მოძრაობისადმიც მსგავსი მიდგომები აქვს ხელისუფლებას. მმართველ ელიტას ურჩევნია, ჰყავდეს რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია, რომლებიც მათ თემში „სიჩუმის“ გარანტიას მისცემენ, რისთვისაც ელიტა მზადაა, სერვისების მისაწოდებლად ყველა სახელმწიფო შესყიდვა (დღის ცენტრების მომსახურება, ეტლების, უსინათლოთა ხელჯოხებისა და მისთ.) მხოლოდ მათთან ან მათ მიერ რეკომენდებულ დაწესებულებებთან განახორციელოს. თუკი ამ მსხვილ ორგანიზაციებს ვინმე გაუპროტესტებს საქმიანობის სტილს და ცალკე ორგანიზაციას დააფუძნებს, სახელმწიფო ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელ აქტივისტებთან მუშაობას იწყებს, რათა მათაც რაიმე სერვისი შექმნან, რომლის სახელმწიფო შესყიდვაზეც შეიძლება, კონკურსში ჩართონ. სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი ორგანიზაცია ბოლომდე ვეღარ არის დამოუკიდებელი და ვეღარ ითხოვს სახელმწიფოსგან ისე მკაცრად სისტემურ ცვლილებებს.
სახელმწიფოსთან მოთანამშრომლე ორგანიზაციებიც ხანდახან აწყობენ საპროტესტო აქციებს. სახელმწიფო მოხელეები ვარდებიან რა უხერხულობაში, რომ შშმ პირები „ინვალიდები, ავადმყოფები“ გამოდიან ქუჩაში, იბარებენ ორგანიზაციათა ხელმძღვანელობას. მათ უხსნიან, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა კონვენციით იმხელა ვალდებულებები აქვს აღებული, რომ მათს შესრულებას ვერაფრით შეწვდება. სამაგიეროდ სთავაზობენ რომელიმე სერვისის დაფინანსების გაზრდას ან ახალი სერვისის შემუშავებას, რათა შემდეგ თვითონვე მიიღონ ამ სერვისის განსახორციელებლად ტენდერში მონაწილეობა ან თავიანთ მოკავშირეებს მიაღებინონ.
ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს ჰპირდებიან თემს შიგნით მშვიდობას. ამავდროულად, როცა მცირერიცხოვანი ორგანიზაცია თავისი აქტიურობით მიაღწევს იმას, რომ სახელმწიფო მის რომელიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, იმ ახალი მომსახურების მიწოდება მაინც იმ მრავალრიცხოვან სახელმწიფოსთან მოთანამშრომლე ორგანიზაციას დაევალება. ამიტომ შშმ პირთა იმ წრეებში, რომლებიც აქტივიზმში ჩართულნი არ არიან, ვრცელდება აზრი, რომ სწორედ იმ წევრმრავალმა ორგანიზაციებმა იბრძოლეს. მცირერიცხოვან აქტივისტებს კი ვერავინ ხედავს.
ავტორის შესახებ:
ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.
ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.
ბათუმის სკოლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის. ბათუმში არსებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ბათუმის მერია იქნება პასუხისმგებელი. მერიაში ეს საკითხი განათლების პოლიტიკისა და კულტურის სამსახურს დაექვემდებარება.
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია, მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში გადადის.
„შესაბამისად, საჭიროა ახალი რესურსი, რომელიც იქნება მუდმივად კავშირზე განათლების სამინისტროსთან, რადგან სამინისტრომ უნდა განსაზღვროს სკოლის მშენებლობის პარამეტრები და სტანდარტთან შესაბამისობა,“- ამბობს ლაშა კომახიძე.
აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის მშენებლობების ვალდებულებასთან ერთად მერიაში გადავა თანხაც, რომელიც სამინისტროს სკოლების მშენებლობისთვის ჰქონდა გათვალისწინებული.
„თუ სკოლა შენდება ხულოში, ეს თანხა გადაერიცხება ხულოს მუნიციპალიტეტს, თუ შენდება ბათუმში, ბათუმის მერიას გადაერიცხება თანხა აჭარის ბიუჯეტიდან“- განმარტეს სამინისტროს პრესსამსახურში.
რამდენი სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ან ახლის მშენებლობაა წელს ბათუმში დაგეგმილი, ბათუმის მერიაში ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
„იყო საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჯერ არც ნორმატიული აქტი მინახავს და არც გადაწყვეტილება, რომ რაიმე გითხრათ როგორ მოხდება ბიუჯეტის გამოყოფა.
მე როგორც ვიცი, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო დაასრულებს დაწყებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობას. მერია როდიდან გადაიბარებს ამ საკითხს, ჯერ უცნობია,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე.
აჭარის განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს მერიას ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი გადაეცემა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, მარტში, ბიუჯეტის კორექტირების დროს მერიას შეუძლია მოითხოვოს აჭარის ბიუჯეტიდან სკოლების მშენებლობის თანხა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს მოსახლეობას უფასოდ აღარ დაურიგდება. თუმცა, სეს-ის პროგნოზით, ვინაიდან მავნებელი საქართველოში შესაძლოა 1 მილიონ ჰექტარზე გავრცელდეს, ფართობების შეწამვლას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. აზიური ფაროსანას [halyomorpha halys] წინააღმდეგ საბრძოლველად კი, საინფორმაციო კამპანიას სეს-ი 1 223 927 ლარით დააფინანსებს.
„ეს პიარკამპანია ზუსტად განსაზღვრავს შემდგომ რას და როგორ ვაპირებთ… ჩვენ შევისყიდეთ პრეპარატები, რომლითაც თავად სააგენტო გაატარებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს. ეს, რამდენადაც ვიცი, შეეხება კერძო ფართობებსაც. მოსახლეობისთვის დასარიგებლად პრეპარატები არ გვიყიდია. მთელი პიარკამპანია აგებული იქნება ისე, რომ მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხში, შეგნება მოსახლეობის, ფერმერების გაიზარდოს ამ კუთხით. ჩემი ინფორმაციით, მიმწოდებლებიც მზად არიან ანალოგიური პრეპარატები ქსელში გაიყიდოს. ვთქვათ, ადამიანს რომ აქვს 300-400 კვ/მ ეზო, შესაწამლად შესაძლოა 20-30 გრამი პრეპარატი დასჭირდეს და თვითონ მოუაროს თავის ეზოს. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ეს პიარკამპანია. ისე, წამლობა ჯერ ძალიან ადრეა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გერონტი ფრუიძემ, სეს-ის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსმა.
სეს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა შველიძის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა არ იგეგმება: „რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რა პრეპარატები და როგორ გაიყიდება, ეს უკვე ბიზნესის კომპეტენციაა. სააგენტო მუდმივად ახორციელებს კონტროლს პრეპარატების იმპორტთან დაკავშირებით. ბოლო სამი წელია ქვეყანაში არ შემოსულა არარეგისტრირებული პრეპარატი. არსებობს ჩამონათვალი პრეპარატების, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროკავშირში რეგისტრირებულ პრეპარატებთან. უშუალოდ ფაროსანასთან საბრძოლველად რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები. ამ პრეპარატებით განხორციელდება შესაწამლი ღონისძიებები სააგენტოს მიერ“.
სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობამ სწორედ ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები უნდა შეიძინოს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად. ამ ჯგუფში სხვადასხვა დასახელების პრეპარატი შედის. სეს-ის პროგნოზით აზიური ფაროსანა წელს აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე ფართობებს სახელმწიფო შეწამლავს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მხრიდან ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინებები ერთგვარი მონიტორინგია, რაც ერთ-ერთი მიმართულებაა იმ ღონისძიებებისა, რაც დაგეგმილია ფაროსანასთან საბრძოლველად. სწორედ ეს სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს მოსახლეობისთვის პრეპარატების დარიგებას. სახელმწიფო აცხადებს, რომ მავნებელთან ფართომასშტაბიან ბრძოლას თავად იწყებს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 4 ძირითადი მიმართულება სახელმწიფო პროგრამიდან:
[checklist]
საინფორმაციო კამპანია;
მონიტორინგის სისტემა;
აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები;
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.
[/checklist]
მონიტორინგის სისტემა ფერომონიანი ხაფანგების განლაგებას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით ასეთი ხაფანგების განლაგება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რაც შეეხება პიარკამპანიის ორგანიზების მომსახურებას, სურსათის ეროვნული სააგენტო ტენდერის გარეშე შეისყიდის, რაზეც თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. სააგენტოს ის კომპანიაც ჰყავს შერჩეული, რომელიც მას ამ მომსახურებას გაუწევს.
შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულია კომპანია „სვოტ პროდაქშენის“ წერილი, რომლითაც ის სურსათის ეროვნულ სააგენტოს სთავაზობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მომსახურებას. კომპანიის მიერ შეთავაზებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საერთო თანხა 1 მილიონ 223 ათას 927 ლარი და 25 თეთრია:
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან მავნებელი გამოსვლას იწყებს გაზაფხულზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პიარკამპანია დაიწყოს არაუგვიანეს პირველ აპრილს, ქიმიური ღონისძიებების დაწყებამდე. პიარკამპანია 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
„აღნიშნული მომსახურების შესყიდვა მისი შინაარსიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე ჩვენთვის წარმოადგენს სიახლეს. შესყიდვის წინა პროცედურების განხორციელებისას ჩატარდა წინასწარი კონსულტაციები პიარის სფეროში მონაწილე პოტენციურ მიმწოდებლებთან. განისაზღვრა სავარაუდო მიმართულებები, თემატიკა, ჯერადობა, მოცულობები და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა“, – აცხადებს სეს-ი.
2018 წელს ფაროსანას საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 15 მილიონამდე ლარით შემდეგ ინსექტიციდებს [ქიმიური ნივთიერებები, შხამები მავნებელი მწერების მოსასპობად] შეისყიდის:
[checklist]
200 000 ლიტრი ზეთოვანი ფორმაციის, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდი;
160 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი;
100 000 ცალი ფერომონიანი მისატყუებელი (ინსექტიციდი).
[/checklist]
როდის და სად დაიწყება შეწამვლითი ღონისძიებები, სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ცხელი ხაზი:
სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)
გურია – 16006 (ზარი უფასოა)
იმერეთი – 16 601 (ზარი უფასოა)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური – 15 01
13-15 აპრილს ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენა „EXPOMED BATUMI 2018” ჩატარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. ჩატარდება პრეზენტაციები, სადაც წარადგენენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს. ასევე, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორია კომპანია ,,Geonet Expo’, გაიმართება სასტუმრო „შერატონში“.
33 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას. სამოქალაქო სექტორი ამ მიმართვით მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება, რომელიც 15 მარტს აღინიშნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც პარლამენტს კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების გათვალისწინებით.
„ზედამხედველობის გარეშე რჩება ისეთი პროდუქტების უსაფრთხოება, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექსტილი, ავეჯი, კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, საკანცელარიო საქონელი, სამუშაო ინსტრუმენტები, პიროტექნიკა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლაბორატორიულად დასტურდება პროდუქტის მავნეობა, რომელზეც ტექნიკური რეგლამენტი არ მოქმედებს, ამ პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღება ვერ ხერხდება. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვაა დაშვებული, თუმცა პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო სექტორი ასევე სთხოვს საქართველოს მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომლითაც ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ღია წერილით გასული წლის ნოემბერშიც მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტს და მთავრობას მიმართავენ:
1. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”
2. ახალგაზრდული ალტერნატივა
3. ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავალი თაობა”
4. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
5. ასოციაცია ‘მერკური”
6. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი„ GAWB
7. ა(ა)იპ “კავკასიური მოზაიკა”
8. ევროპის ფონდი
9. ენერგოეფექტურობის ფონდი
10. იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
11. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”
12. მეწარმე ქალთა ფონდი
13. “მწვანე კავკასია”
14. ოქსფამი
15. რეპატრიანტთა კავშირი
16. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
17. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
18. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
19. საზოგადოებრივი დამცველი
20. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)
21. სათემო ფონდი “ადგილის დედა”
22. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
23. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო‐ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების
ინსტიტუტი
24. “სტუდენტურ‐ახალგაზრდული სათათბირო”
25. საზოგდოებრივი განვითარების აკადემია
26. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
27. ფონდი კავკასიის ეკოლოგია
28. “ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია ”
29. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
30. ცენტრი “ემპათია”
31. ჰარმონიული განვითარების საზოგადოება
32. ფერმერ ქალთა ასოციაცია
33. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, აჭარაში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტია. აქედან 67 ახალი ობიექტი გასულ წელს გაიხსნა.
გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების უმრავლესობა – 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობს, დანარჩენი 180 კი – აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი აჭარაში გასულ წელს გაიხსნა.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან 277 ბათუმშია განთავსებული, 92 – ქობულეთში, 60 კი – აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში, 21 602 საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს.
23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები: Metro Sky Tower-ი, Wyndham-ი, „ირე პალასი“ და „ბლექ სიი ჰოსტელი“.
დეპარტამენტის ცნობით, წელს აჭარაში ყველაზე მსხვილი სასტუმრო 159-ნომრიანი იქნება, რომლის გახსნაც ზაფხულში იგეგმება. საუბარია ე.წ. „სემირამიდას ბაღებზე“ ახალ ბულვარში, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციაა.სასტუმრო 2013 წელს უნდა გახსნილიყო.
_______________
მთავარ ფოტოზე: სასტუმროს ინტერიერი. ფოტო: burst.shopify.com
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2017 წელს, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა (25.9 პროცენტი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი ) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი).
აზერბაიჯანი – 482.1 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი – 279.0 მლნ აშშ დოლარი
გაერთიანებული სამეფო – 250.4 მლნ აშშ დოლარი
სამი უმსხვილესი ინვესტორის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 54.3 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი ინვესტორების ათეულში ასევე შედიან: ნიდერლანდები, ჩეხეთი, აშშ, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, პანამა და ჩინეთი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო – 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი).
სამინისტროს ცნობით, რომელიც თავის მხრივ „საქსტატის“ წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა, 2017 წელს 114 პროცენტით (156.9 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ. აშშ. დოლარით) და 304.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61-პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა ამ სექტორებში კი შესაბამისად 159.8 მლნ. აშშ. დოლარი და 90.0 მლნ. აშშ. დოლარი იყო.
სამინისტროს ცნობით, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, სამთო მოპოვებით მრეწველობას, დამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკასა და მშენებლობას. რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 39.3 პროცენტით (173.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და 615.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, წითლად შეღებილი ერთსართულიანი სახლის მეპატრონეს, სადაც ახლა რესტორანი ფუნქციონირებს, ბათუმის მერია სასამართლოში უჩივის. მერია სახლის ფასადის უნებართვოდ გადაღებვის გამო რესტორნის მმართველის დაჯარიმებას და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს.
გორგასლის #53-ში მესაკუთრემ ერთსართულიანი ბელეტაჟი წითლად შეღება. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. კანონმდებლობა ძეგლის დაცვის ზონაში არ უშვებს ისეთ ჩარევას, რაც დაჩრდილავს ძეგლს და ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში ხელს შეუშლის მის აღქმას. ფასადის სამღებრო სამუშაოები პირველი კლასის სამუშაოებია და კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს.
ნებართვა მერიას არ გაუცია, ამიტომაც რესტორნის მესაკუთრის ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოს მიმართა. ოქმში სამართალდამრღვევად მითითებულმა პირმა სასამართლოში თქვა, რომ რესტორანი ეკუთვნის მის მეუღლეს, ამიტომაც სასამართლომ საქმე შეწყვიტა.
ახლა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება, რომ ახალი ოქმი ამ პირის მეუღლის სახელზე შეადგინოს და ისევ სასამართლოს მიმართოს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, მესაკუთრეს სახლის ფასადის იერსახის შეცვლა არ სურს: „მას უნდა, რომ წითელი ფასადი შეინარჩუნოს“ .
ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა ან დააზიანა, თუმცა ბათუმში მშენებარე მაღლივი კორპუსების ნაწილზე დღესაც არ არის დამაგრებული დამცავი ბადეები, რომლებიც პირველ რიგში უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და ასევე, ამცირებს სამშენებლო მტვრის გავრცელებას გარემოში.
სამშენებლო ობიექტებზე დამცავი ბადეების განთავსებას, მენაშენეებს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ავალდებულებს.
სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაა.
მშენებლობაზე დამცავი ბადის არქონის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანია „ჩემი სახლი“ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან სახლს აშენებს. ახალი სახლი ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარე 1979 წელს აშენებულ სამსართულიან სახლს მიაშენეს. ახალი მშენებლობის გამო მომიჯნავედ, სამსართულიან სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს ფანჯრები გააუქმეს, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დეპუტატის კომპანიამ მათ სახლზე ნაწილობრივ მოჭრა სახანძრო კიბე და კედლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი ოჯახის კონდიციონერი.
მშენებლობის დაწყებამდემშენებლობის დაწყებისა და ორი სართულის აშენების შემდეგ
სამსართულიან სახლში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება მათ თავს. ამბობენ, რომ მათ ამისთვის კომპანიასაც მიმართეს, მის დეპუტატ მფლობელსაც და ბათუმის მერიასაც, თუმცა მშენებლობა გრძელდება. სახლის ექვსი ფანჯარა პირველ და მეორე სართულებზე უკვე კედელს მიღმაა დარჩენილი და დღის სინათლის ნახვა მხოლოდ მესამე სართულზე დარჩენილი ერთი ფანჯრიდან შეიძლება, რომელსაც ასევე მალე ამოაშენებენ.
კომპანია „ჩემ სახლში“ წილების 50% უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის.
ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მცხოვრებლები სალომე მეგრელიშვილი, მაიკო ბაკურიძე და მანანა გორგილაძე ამბობენ, რომ კომპანიის ოფისში ისინი დეპუტატ მფლობელს რამდენჯერმე შეხვდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დეპუტატმა ამ შეხვედრების დროს მათ დასცინა:
„იმდენად უტაქტოა, რომ არც ღირს მასთან ლაპარაკი. ერთადერთი, რაც მაგან გვითხრა – „ფარაი გინდათო“. გვიგდებს. იცით, რა კითხვა მაქვს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უნდა დაეხმაროს ხალხს და არა ფანჯრები ამოუქოლოს. პირიქით ხომ უნდა იყოს? მოვითხოვთ, რომ მედიამ ამ დეპუტატის სახე აჩვენოს. ჩვენ ხომ ხმა მივეცით, ეგენი ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ.“
მოქალაქეების თქმით, ხიმშიაშვილის #18-ში, მშენებლობაზე არ არის პროექტის ბანერი განთავსებული, რაც კანონით სავალდებულოა. იმის გასარკვევად, თუ რატომ დაამტკიცა ბათუმის მერიამ პროექტი, რომელიც მათ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, სალომე მეგრელიშვილი, მაიკო ბაკურიძე და მანანა გორგილაძე მუნიციპალიტეტში მივიდნენ. სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებთა თქმით, მერიისგან ვერავითარი კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს:
„პროექტი გამოვითხოვეთ და მეორე ქუჩის – თაყაიშვილის პროექტი გამოგვიგზავნეს, ჩვენ ვართ სელიმ ხიმშიაშვილზე. მშენებლობა ჭავჭავაძის ქუჩიდან იწყება და შემოდის ჩვენ მხარეს – P-ტიპის სახლია, ანუ შენობა ბლოკებად არის დაყოფილი და სხვადასხვა მისამართი აქვს. მერიამ პროექტის ის ნაწილი გამოგვიგზავნა, რომელიც თაყაიშვილის მხარეს შენდება. ჩვენს მხარეს სახლზე არც სამშენებლო ბანერია გაკრული, არც ნებართვის ნომერი, არც ნებართვის გაცემის თარიღი“.
ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებთა თქმით, საინფორმაციო ბანერი მშენებლობაზე გუშინ, 11 მარტს გამოაკრეს. ბანერზე არ არის მითითებული ინფორმაცია იმაზე, თუ როდის გაიცა მშენებლობის ნებართვა, ეს არც კომპანია „ჩემი სახლის“ წარმომადგენლებს ახსოვთ. „ზეპირად არ ვიცი, გადავამოწმებ და ხვალ დარეკეთ“, – გვითხრეს აქ.
მოქალაქეებმა პოლიციასაც მიმართეს – იმის გამო, რომ მშენებლობა ღამის საათებშიც არ ჩერდება და გამაყრუებელი ხმაურის გამო ოჯახებმა სიმშვიდე დაკარგეს. ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციამ მათი განცხადება ბათუმის მერიას გადაუგზავნა, მერიაში კი არც ამაზე ჰქონდათ რეაქცია.
„იცით, რა მოხდა – სანამ ჩვენ ვცდილობდით სამართლებრივად გაგვერკვია რაღაც, ამასობაში კომპანიამ სახლზე არსებული სახანძრო კიბე მოგვიჭრა. ჩემი კონდიციონერი ისე ჩამოხსნეს კედლიდან, რომ არც კი შემთანხმებიან. მითხრეს, კედლის აყვანაში ხელს გვიშლიდაო“, – ყვება მაიკო ბაკურიძე.
სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებლების თქმით, მათ ერთადერთ იმედად სასამართლო რჩებათ. იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად მიიღეს ზიანი, გასული წლის ოქტომბერში მათ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართეს. სწორედ მას შემდეგ ცდილობენ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, თუნდაც პროექტის მოპოვებას, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოახერხეს.
„ექსპერტიზის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ექსპერტიზისთვის საჭიროა პროექტი… გამოთხოვიდან ერთი თვის შემდეგ კომპანიის იურისტი, ამირან ცეცხლაძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჩვენთვის გამოგზავნილი წერილი უკან დაუბრუნდათ. თითქოს ჩვენი მისამართი გვეწერა არასწორად. როცა ოფისში მივედით, იმავე დოკუმენტების მოთხოვნით, გვითხრეს, რომ „მაგ საბუთების დაქსეროქსებას ფული უნდა – 300-400 ლარი სჭირდებაო“. ასევე გვეუბნებიან, რომ დოკუმენტაცია აქვთ სხვადასხვა ობიექტზე და ყველაფრის ერთად თავმოყრას დიდი დრო სჭირდება“, – ამბობენ სელიმ ხიმშიაშვილის #18-ში მცხოვრებლები.
დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე ირწმუნება, რომ კომპანიის საქმეები ორი წლის წინ მართვაში სხვას გადააბარა და მის საქმიანობაში არ ერევა. თუმცა იცის, რომ იქ მშენებლობა კანონმდებლობის ნორმების დაცვით მიმდინარეობს: „მე როგორც ვიცი, ჩვეულებრივად ნებართვაა გაცემული, მიმდინარეობს კანონის ფარგლებში და ჩვეულებრივად, როგორც არის ისე, ზუსტად არ ვიცი, როდისაა გაცემული – ადრე გაცემულია“.
დეპუტატი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გასარკვევად პირადად მას შეხვდნენ კომპანიის ოფისში. „იყვნენ ოფისში, ულაპარაკიათ, რა ილაპარაკეს არ ვიცი. ჩემთან? – მე მაგ საკითხებში არ ვერევი და რა აზრი აქვს. დაუკავშირდით კომპანიის დირექტორს ან იურისტს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.
კომპანიის იურისტი, ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ ხიმშიაშვილის #18-თან „ ჩემი სახლი“ 18-სართულიანი კორპუსს კანონმდებლობის ნორმების დაცვით აშენებს. მისი აზრით, კანონდარღვევით ფანჯრები მშენებლობის მომიჯნავედ არსებულ სახლის მცხოვრებლებს აქვთ გაკეთებული:
„ღიობი აქვთ დარღვევით გამოჭრილი, შესაბამისად, საზღვარზე ნებისმიერ მშენებელს შეუძლია დასვას შენობა-ნაგებობა – იქ საზღვარი დაცულია. სამწუხაროდ, მიახლოებულია, მაგრამ ეს კანონით დაშვებულია. საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილება განსაზღვრავს მანძილს, არის ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ თუ ღიობი კანონდარღვევით აქვს მეზობელ მიწის ნაკვეთს, შეიძლება საზღვარზე აუშენო ყრუ კედელი. ჩვენ ყრუ კედელს ვაშენებთ და სრული უფლება გვაქვს, რომ საზღვარზე დავსვათ ყრუ კედელი. ჩვენ რომ გვქონდეს ღიობი, ამ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა.“
რაც შეეხება სახანძრო კიბეს. ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ კომპანიას კიბე არ მოუჭრია და არც აპირებს, მაგრამ არ იცის შესაძლებელი იქნება თუ არა მისი გამოყენება სახლის აშენების შემდეგ: „დაზუსტებით ვერ გეტყვით, იქნება თუ არა იქ სახანძრო კიბის გამოყენება შესაძლებელი. მანძილი არ ვიცი დეტალურად რამდენია, არ გამიზომია.“
სახანძრო კიბე ორი სართულის აშენების შემდეგ. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მშენებელი კომპანია სახანძრო კიბეს არ აუქმებს.
– სახანძრო კიბე არ იხსნება რეალურად, სახანძრო კიბე და ვიწრო გასასვლელი რჩება, მაგრამ ფანჯრების სიახლოვეს მიდის. როგორც ჩემთვის ცნობილია, სახანძრო კიბე არ გადაუჭრიათ, დროებით მოხსნეს, შეუშალა ხელი და ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს.“
უნივერსიტეტების უმრავლესობამ განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააერთიანა. როგორც ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე გვეუბნება, განათლების ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლა ხუთწლიანია და კურსდამთავრებული განათლების მაგისტრის ხარისხს აიღებს.
„სპეციალობაში კი მითითებული ექნება 0-დან 4 კლასის ჩათვლით ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, მე-5-მე-6 კლასის მასწავლებელს კი ექნება ან ქართულის, ან მათემატიკის, ან ბუნების მასწავლებლის კვალიფიკაცი,“- ამბობს ნანა მაკარაძე.
მისი თქმით, კანონში ცვლილება გასულ წელს შევიდა, რომლითაც განისაზღვრა მასწავლებლის 300-კრედიტიანი ინტეგრირებული პროგრამით მომზადება. ინტეგრირებულ პროგრამას დაემატა 60- კრედიტიანი პრაქტიკა და კვლევა.
„პრაქტიკის კომპონენტში ბსუ-ს არც აქამდე უჭირდა და ისედაც ჰქონდა 25 კრედიტი, ახლა კი საშუალოდ 30 კრედიტით განისაზღვრა კვლევითი ნაწილი.
სანამ მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებლები არ შემუშავდებოდა, მანამდე ჩვენ არ გვქონდა პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ ახლა ეს მახასიათებლები დაიდო და ფაქტობრივად, დღე და ღამე ვმუშაობთ ამ პროგრამაზე, რადგან ამ პროგრამის აკრედიტაცია ახალი სტანდარტით მოხდება.“
ამ ცვლილებების გამო უნივერსიტეტებს, მათ შორის ბსუ-ს, დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების მიღების უფლება არ ჰქონდათ.
„იმედი გვაქვს, რომ ახალი პროგრამა აკრედიტაციას ივნისის შუა რიცხვებამდე გაივლის და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ეს პროგრამა მისაღები გამოცდების ჩამონათვალში მივუთითოთ. ჩამონათვალში დამატება ეროვნული გამოცდების შემდეგაც შეგვიძლია და ამის შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტები ღია კარის დღეებზეც მიიღებენ,“-ამბობს მაკარაძე.
თუკი აბიტურიენტებს მეოთხე ან მეხუთე საგნად ჩაბარებული ექნებათ ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება ან ხელოვნება, მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ მობილობის საშუალებით შეეძლებათ განათლების ფაკულტეტზე გადასვლა.
როგორც ნანა მაკარაძე ამბობს, მიმდინარე წელს რუსთაველის უნივერსიტეტს 50 ადგილი აქვს განათლების ფაკულტეტზე შენახული. მისივე თქმით, გასულ წელს 90 ადგილი იყო გამოყოფილი და კონკურენცია მაღალი იყო.
„წინა წლებში ამ ფაკულტეტზე სწავლა უფასო იყო, წელს ითქვა, რომ სტუდენტების საგრანტო დაფინანსება იცვლება, თუმცა ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, დარჩება ეს ფაკულტეტი უფასო თუ არა,“-ამბობს მაკარაძე.
„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებ… ბავშვს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეტყველება უჭირს. აქამდე არაფერს ვამბობდით, მაგრამ ახლა უკვე დუმილი აღარ შემიძლია,“ – ამას ჰაიდარ აბაშიძის 36-ში მცხოვრები ხატია კონცელიძე ამბობს. იგი იტალიურ ეზოში ცხოვრობს, რომელიც რესტორან „ფიროსმანის“ უკან მდებარეობს. ეზოს მოსახლეობა ხმაურს აპროტესტებს. აქ თითოეული მცხოვრები საუბარს იწყებს იმით, რომ „მშვიდი ძილი ენატრება“.
„მოდით, აქ დადექით და ნახეთ როგორ ვიბრირებს კედლები“, – მეუბნება ხატიას მეუღლე – გიორგი იაკობაძე და საკუთარი საძინებლის შესასვლელთან ჩერდება. გიორგისა და ხატიას ბინის თავზე რესტორნის სამზარეულოა ტექნიკური დანადგარებით, საძინებლის კედლის მიღმა კი, რესტორანია, სადაც მუსიკა ღამის თორმეტზე წყდება.
„სამზარეულოში მძიმე ტექნიკა ჩვენს თავზეა. ტექნიკა როცა ჩართულია და მუშაობს, კედლები ქანაობს. თან ძველი სახლია. კედლებიდან თავისუფლად შემოდის მუსიკის ხმა. როცა მუსიკა წყდება, შემდეგ სამზარეულო მუშაობს კიდევ ერთი საათი. ჩვენს თავს ვინღა ამბობს, ბავშვს ვეღარ ვაძინებთ. რესტორნის მესაკუთრესაც სურდა რაღაც შეეცვალა და ხმაური დაეხშო, მაგრამ იმდენად ძველი კედლებია, არაფერი გამოვა,“ – გვითხრა გიორგი იაკობაძემ.
გიორგის თქმით, მას რესტორნის მესაკუთრე ახალი ბინის შეძენას დაჰპირდა, თუმცა მოლაპარაკება საბოლოო შედეგზე ამ დრომდე ვერ მივიდა. ოჯახს და სამეზობლოს კონფლიქტი აქვთ ერთ კონკრეტულ მეზობელთანაც.
„რესტორნის მესაკუთრე არ უარყოფს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არაფერი იცვლება. სიტუაციის შეცვლა რეალურად არ სურს ლელა შავაძეს. ლელა შავაძე ჩვენი მეზობელია, ვისაც იჯარით აქვს გადაცემული ფართობი რესტორნისთვის. ლელა თვლის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავიტანოთ,“ – გვიყვება ხატია კონცელიძე.
ნუნუ ფაღავაც ამ იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „ზაფხულობით აქ აივანზეც ვერ გაჩერდები, ისე სიმხურვალე გამოდის კონდიციონერებიდან. ფანჯრები თუ გააღეს, ხმაურია აუტანელი. გამწოვიდან გამოსული სუნი კიდევ სხვა. გარდა ამისა, ჭიშკრითაც ვერ ვსარგებლობთ. მუდმივად რაღაც აწყვია და სასწრაფოც რომ დაგჭირდეს, ვერ შემოვა.“
რესტორან „ფიროსმანის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. ქალი, რომელიც რესტორნის დირექტორის სახელით გაგვეცნო, ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოგვთხოვა.
ეზოს პრობლემებზე საუბრობს ლელა შავაძეც, ვისი ფართობიც აქვს რესტორანს დაკავებული. ლელა შავაძე მიიჩნევს, რომ მეზობლების პრეტენზიები უსაფუძვლოა და თუკი ვინმეს პრობლემა ექმნება, სამართლებრივ გზას უნდა მიმართოს.
„მიმართონ სამართლებრივ გზას. მე კივილი და წივილი არ შემიძლია. ამხანაგობის სხდომის ჩატარებაც შევთავაზე, მაგრამ არ უნდათ… სამზარეულოს პატარა მონაკვეთი გადადის გიორგი იაკობაძის საცხოვრებლის თავზე, ამას ვადასტურებ, მაგრამ არსებობს მეზობლის თმენის ვალდებულება. ასე შეიძლება მე მეზობლის ძაღლი მაწუხებდეს, რომელიც მთელი ღამე ყეფს, ან ფეხის ნაბიჯები მეზობლის ბინიდან, რა ვქნათ, ყველა ბინა დავშალოთ? ერთხელ, როცა რესტორანს შეუვარდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ, მე პოლიციაც გამოვიძახე. ეს პრევენციისთვის გავაკეთე,“ – გვითხრა ლელა შავაძემ.
მეზობლები ამბობენ, რომ პოლიციას ისინიც ხშირად ურეკავენ, მაგრამ ხმაურს არაფერი შველის. გასულ წელს ჰაიდარ აბაშიძის 36-დან წერილი შევიდა ბათუმის მერიაშიც. მერიიდან წერილობითი პასუხით სამეზობლოს აცნობეს, რომ რესტორნის მესაკუთრე გააფრთხილეს, ხმაურის კუთხით დადგენილი რეგულაცია არ დაერღვია.
„გაფრთხილების გარდა სხვა ბერკეტი არ გვაქვს, უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
ხმაურის კუთხით არსებული რეგულაციის დარღვევას, ასევე გამწოვის მუშაობის უსაფრთხოებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია ამოწმებს. აქ განმარტავენ, რომ მოსახლეობამ ინსპექციას ცხელ ხაზზე დარეკვით უნდა მიმართოს და ვითარებას შეისწავლიან. თუკი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია დარღვევას დაადგენს, ის თავად იდავებს სასამართლოში დამრღვევის წინააღმდეგ.
ანალოგიური პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის აგვისტოშიც წერდა. ქუთაისის ქუჩაზე, რესტორან „ისტანბულის“ უკანა ეზოში მცხოვრები სვეტლანა ლიხვაროვა ამბობდა, რომ რესტორნის გამწოვებიდან გამოსული ჰაერის ნაკადი პირდაპირ მისი ოთახის ფანჯრებში შედიოდა, ხოლო კონდიციონერებისგან გამოსული სიმხურვალე იქ ყოფნას გაუსაძლისს ხდიდა. ამ ეზოში დარღვევა დააფიქსირა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ.
„გასული წლის 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა სამართალდამრღვევი ამ საქმეზე,“ – გვითხრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მოგვარდა თუ არა პრობლემა რესტორან „ისტანბულის“ უკანა ეზოში? – „ბათუმელებს“ სვეტლანა ლიხვაროვამ დღეს უთხრა, რომ პრობლემა მოგვარდა, თუმცა არ იცის, რა მოხდება ზაფხულის დადგომის შემდეგ.
„როცა სტატია გამოქვეყნდა, მაშინვე დიდი კონდიციონერები მოხსნეს და გამწოვებზე გრძელი მილები დააყენეს. ახლა ზემოთ ადის გამონაბოლქვი,“ – ამბობს სვეტლანა ლიხვაროვა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით – 35 ათასი ლარით მეტად, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა მისთვის მყიდველის მიერ პირვანდელი სახით აღდგენის ვალდებულება სამინისტროს აუქციონის პირობაში არ ჩაუდვია. რას აპირებს თავად ქონების მომავალი მესაკუთრე? – „ბათუმელები“ რუსლან კაკაბაძეს დაუკავშირდა.
„ჯერ უნდა მოხდეს ქონების გადმოცემა და შემდეგ ყველანაირი შეთანხმება. კვების ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ამ და ასევე შენობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს როცა გავივლი კულტურაში [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – ავტ.], შემდეგ მეცოდინება რა და როგორ გაკეთდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში რუსლან კაკაბაძემ.
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველს ევალება:
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე.
რუსლან კაკაბაძე, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმის კარიბჭის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია. ის ასევე წილებს ფლობდა კომპანიებში: „ნიუ აჭარა“ და „New Adjara Group“, თუმცა ეს წილები გაასხვისა.
1 ლარად მიღებული ქონება [ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [703 კვ.მ], მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით [საერთო ფართობი: 168,8 კვ.მ], საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 32 დღეში ეკლესიამ, გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება ანგისაში მცხოვრებ რუსლან კაკაბაძეს გადასცა. სანაცვლოდ კი რუსლან კაკაბაძემ მართლმადიდებელ ეკლესიას ბათუმში, ანგისის დასახლებაში არსებული საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი (1853 კვ/მ) და სახლი (645,9 კვ/მ) გადასცა – აქ პატრიარქის რეზიდენციის მოწყობის პირობით [ეს ქონება ეკლესიაზეა დარეგისტრირებული და დღეს იქ პატრიარქის რეზიდენციაა].
აღნიშნული ქონების გაცვლიდან 12 დღეში დაფუძნდა შპს „ნიუ აჭარა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან კაკაბაძეა. მან ეკლესიისგან მიღებული ქონება ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩადო.
2011 წლის ნოემბერში „ნიუ აჭარა“ რეესტრში საკუთრებაში იფორმებს რუსთაველის 24-ში მდებარე 5008,06 კვ/მ შენობა-ნაგებობას (მათ შორის მშენებარეს).
2013 წლის 29 აპრილს კი, რუსლან კაკაბაძეს „ნიუ აჭარას“ 25%-იანი წილის სანაცვლოდ გადაეცა რუსთაველის 24-ში [რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა] აშენებული მრავალსართულიან სახლში გარკვეული ქონება.
რუსლან კაკაბაძემ შპს „ბულვარის კარიბჭე“ 2012 წლის მარტში დაარეგისტრირა. რუსთაველის 24-ში აშენებულ სახლსაც „ბულვარის კარიბჭე“ ჰქვია. „ნიუ აჭარას“ პარტნიორებმა დაახლოებით ოთხი წლის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობას ეს სახელი „უბრალოდ შემორჩა“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ განხილვას საჯარო ჰქვია, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაწერილი მოსაზრებები და შეფასებები დახურულია და სხვა დაინტერესებულ პირებს მათი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ.
განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების შეფასებებთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებისას 22 ფაქტობრივი შეცდომა გამოვლინდა, 236 მოსაზრება/რეკომენდაცია დაიწერა, 14 პირი კი ტექნიკური ხარვეზის შესახებ წერდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, განხილვებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თავიანთი შეფასებები დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაწერონ სამი მიმართულებით, – შინაარსობრივიშეცდომა – იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში;
ტექნიკურიხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად, შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.
და რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებაზე ან სიახლის შეტანაზე.
ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ნაცვლად 4-ისა, რვა გახდა.
რვა ანტენატალური ვიზიტით პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ. პირველ თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის კი პროგრამით 4 ანტენატალური ვიზიტია გათვალისწინებული.
ვიზიტები მოიცავს როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს, კერძოდ:
პირველი ვიზიტით, რომელიც 13 კვირის ორსულობის ვადამდე ინიშნება, გათვალისწინებულია – მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის კულტურალური გამოკვლევა, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში, სკრინინგული ტესტები, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი) და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
მე-2 ვიზიტით (ორსულობის მე-18-20 კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
მე-3 ვიზიტით (ორსულობის 26-ე კვირაზე) – მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, შარდში პროტეინურიის განსაზღვრა, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში და სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით.
მე-4 ვიზიტით (ორსულობის 30-ე კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
მე-5 ვიზიტით (ორსულობის 34-ე კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
მე-6 ვიზიტით (ორსულობის 36 კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, შარდში პროტეინურიის განსაზღვრა და ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
მე-7 ვიზიტით (ორსულობის 38-ე კვირაზე) და მე-8 ვიზიტით (ორსულობის 40-ე კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული სერვისების მისაღებად, ორსულმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარებისთვის.
ხელვაჩაურის პოლიციამ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ორი ბიჭი (სავარაუდოდ მოზარდები) ბოშა გოგონებს.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით – ძალადობა, დაიწყო.
______________
მთავარ ფოტოზე: კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან.
„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ ხაჭაპურიძეს და კახაბერ ხაჩიძეს. ისინი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სასამართლოს სამედიცინო კლინიკის ცნობა წარმოუდგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა.
ამ საქმემ ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობაში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა. მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, 22 თებერვალს უვადოდ დანიშნეს.
„უნდა შეფასდეს რისკები. რამდენად გაცნობიერებული აქვთ ბრალდებულებს დისტანციური ჩართვის რისკი,”- თქვა მოსამართლემ. მან დააზუსტა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ისინი ესწრებიან სასამართლო პროცესს.
ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ამის შესახებ იციან. „მათ არ უნდა შეეზღუდოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება,”- დასძინა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.
დისტანციური ჩართვის იდეას მხარი პროკურორმა არ დაუჭირა.
„ვისმენთ, რომ ისინი საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებიან სხდომას. სამედიცინო კლინიკებში ბრალდებულების ვიზიტი მუდმივად სასამართლო სხდომის თარიღს ემთხვევა,”- თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. მას დღევანდელ სხდომაზე არ დაუყენებია შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.
„რიგი ტექნიკური საკითხებია გასარკვევი. მომდევნო სხდომაზე მიიღებს ამის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მოსამართლემ სხდომას დასრულებამდე.
რა ეტაპზეა და რატომ არ დასრულდა არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება? – ვკითხეთ პროკურორ დავით ხარძეიშვილს პროცესის შემდეგ.
„მიმდინარეობს გამოძიება… დანარჩენ კითხვებზე მიმართეთ პრესსამსახურს,”- გვიპასუხა პროკურორმა.
ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ამბობს, რომ ხეები, რომლებსაც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჩეხავენ, კერძო საკუთრებაშია, ხოლო კერძო საკუთრებაში ხის მოჭრა, მისი თქმით, 2014 წლის 10 იანვრის 146-ე დადგენილებით არის ნებადართული.
„უნიჭოდ გადაღებული ფოტო და ვიდეო, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომ არ დადებულიყო სოციალურ ქსელში, საერთოდ არ მიექცეოდა ამას ყურადღება. ყველა ხე, რომელიც იქნა მოჭრილი, არის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე,“ – ამბობს ქობულეთის მერი.
ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ხეების გარკვეული ნაწილი მოჭრილია გზის გასწვრივ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა გზაზე არსებული ხეები კერძო საკუთრებაში, მირიან ქათამაძე პასუხობს: „ფოტოზე, ფერით, კერძო საკუთრებაა თუ სახელმწიფო, არ დგინდება. უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთის საკუთრება სწორად რომ დაადგინოთ, ამისთვის საჭიროა საჯარო რეესტრის მონაცემებს კარგად გაეცნოთ.
ყველა ხე, რომელიც არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე (კვირიკეში), არის მოჭრილი მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის შესახებ გაცემულია შესაბამისი ადგილ-წარმოშობის ცნობა“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხილი, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ არა.
„არ არის მოჭრილი და ესეც არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არ არის ქარსაცავი ზოლის სტატუსით მოსარგებლე, ეს არის საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, რომლებიც მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ მოეჭრა, კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის დაცვით. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნულის შესახებ გავეცით ცნობა,“- ამბობს ქობულეთის მერი.
მირიან ქათამაძის განმარტებით, ხეები, რომლებიც გზის გასწვრივ გაიჩეხა, კერძო საკუთრებაშია.
13 წლის მოზარდი, რომელიც ორი დღის წინ ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმე რჩება,“ – აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.
13 წლის ბიჭი ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან 10 მარტს გადმოვარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
სულ რამდენიმე წლის წინ ბათუმში თითქმის შეუძლებელი იყო კომფორტულ გარემოში სრული სტომატოლოგიური სერვისის მიღება. დღეს უკვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი კარგი კლინიკა, პროფესიონალი პერსონალითა და საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი. თუმცა სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება მომხმარებელი, მათი ცოდნა დარგის მიღწევების შესახებ – ისინი არა მხოლოდ კარგ, არამედ საუკეთესო სერვისის შეთავაზებას ელიან.
ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკა გამოირჩევა თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური მედპერსონალი 18-წლიანი გამოცდილებით.
კლინიკა წელიწადზე მეტია მუშაობს დენტალური მიკროსკოპით
კლინიკაში მზადდება უმეტალო კერამიკა, ცირკონის გვირგვინი და ვინირი, აგრეთვე თანამედროვე, მოსახსნელი ე.წ. „ელასტიური“ პროთეზი.
კლინიკა წელიწადზე მეტია მუშაობს დენტალური მიკროსკოპით, რომლის საშუალებითაც ხდება არხში ჩატეხილი ინსტრუმენტის ამოღება, რთულად გამავალი არხების დაბჟენა, როცა ასეთი კბილების ექსტრაქცია (ამოღება) იყო საჭირო, დღეს შესაძლებელია ამ კბილების გადარჩენა. კლინიკას ადგილზე აქვს „სატექნიკო“ ლაბორატორიაც, რაც ამცირებს კბილების დამზადების დროს.
რა დროს კეთდება ვინირი?
ვინირი კეთდება იმ შემთხვევაში, როცა ესთეტიკური დისკომფორტია, კბილის ფერის ან ფორმის შეცლა სურს პაციენტს და ა.შ.
რა უპირატესობა აქვს ვინირს გვირგვინთან შედარებით?
გვირგვინის შემთხვევაში კბილის ხუთივე ზედაპირი იხეხება და ზოგჯერ საჭირო ხდება კბილიდან ნერვის ამოღებაც კი.
ვინირის დროს კი ხდება მარტო ვესტიბულარული (წინა) ზედაპირის პრეპარირება (ემალის მინიმალური შრის მოცილება).
კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციას. ინსტრუმენტები, სანამ მათ პაციენტამდე მიიტანენ, გადიან 4 ეტაპს: ხსნარებით დეზინფექცია, ულტრაბერის აპარატში დამუშავება, გაშრობა-შეფუთვა და ავტოკლავირება.
ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკის სამედიცინო გუნდი
კლინიკა ასევე აღჭურვილია მინიმალური გამოსხივების მქონე ვიზიორენტგენოგრაფიული აპარატით, რომელსაც ჩვეულებრივი რენტგენისგან განსხვავებით ნაკლები გამოსხივება აქვს. თანამედროვე სტომატოლოგია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, კლინიკის ექიმები წელიწადში რამდენჯერმე გადიან ტრენინგ-სემინარებს. სწავლების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა კი, ეტაპობრივად ინერგება კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში.
ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკის პოპულარობის საიდუმლოც სწორედ ეს არის – სიახლეების ოპერატიული და წარმატებული დანერგვა პრაქტიკაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
„ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 13-18 გრადუსი სითბო, ღამით 5-10 გრადუსი.
მთაში დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 0-3 გრადუსი.
„ზეგ, 14 მარტს, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო დღეებში კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია თოვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.
სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს.
რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
„ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე არსებული თითქმის ყველა ხე მოჭრილია, ზოგი ნახევრად გადაჩეხილია, ზოგი მთლიანად მოჭრილია. მე რაც დავითვალე, განადგურებულია დაახლოებით 80-დან ასამდე ძირი ხე“.
ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
რეზო ხარაზი ამბობს, რომ გზის გაყვანას, სავარაუდოდ, კიდევ 50 ძირი კრიპტომერის ჯიშის ხეები შეეწირება, რადგან ეს ხეებიც გზის გაყოლებაზეა დარგული.
„სადაც უნდა გავიდეს გზა, არის ყოფილი სასათბურე მეურნეობის ტერიტორია. ეს არის ქარსაცავი ზოლი და ეს ხეები სწორედ ქარისგან დასაცავად იყო დარგული.
ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ახლა ეს ზოლი მთლიანად განადგურებულია. კვირიკეში ქარსაცავი ზოლი აღარ არსებობს,“ – გვეუბნება რეზო. მისი თქმით, ხეების გაჩეხვის გამო ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, თუმცა ხმამაღლა არავინ საუბრობს.
„გვეუბნებიან, რომ სოფელში ამოდიან უშიშროების წარმომადგენლები, მერი და არწმუნებენ, რომ ხეების გატანის პროცესს ხელი არ უნდა შეუშალონ.
მოსახლეობა ამბობს, რომ სადმე შეიძენენ ნერგებს და ისევ დარგავენ ქარსაცავ ზოლში“, – ამბობს ხარაზი.
ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“