კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძემ ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა

08.03.2018 • 3401
ზურაბ პატარაძემ ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაიოზ ფარცხალაძე და არქიტექტორი, ზვიად ბურჭულაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განახლებული ზონალური საბჭოს წევრები არიან, საბჭოს თავმჯდომარედ რჩება სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა ასლანიშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათომისთვის“ მიცემული პირობა შეასრულა და საბჭოს შემადგენლობა განაახლა, ოღონდ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საბჭოს შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ საჯარო მოხელეებს დაუტოვა.

ეს საბჭო ძეგლის დაცვის ზონაში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს ითანხმებს, რის შემდეგაც მერია გასცემს ნებართვას მშენებლობაზე. ბათუმში არსებული პრაქტიკით ასეთი ახალი მშენებლობები უმეტესწილად ისტორიული ერთსართულიანი ან ორსართულიანი სახლების ნგრევის ხარჯზე იწყება.

გაიოზ ფარცხალაძე ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია. ბსუ-ს ვებგვერზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ის პროფესიით ინჟინერია და სამშენებლო კონსტრუქციები მისი ინტერესების სფეროების ჩამონათვალშია.

გაიოზ ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ საბჭოში შესვლა მისი ცოდნისა და გამოცდილების გამო შესთავაზეს და საბჭოში შემოსულ პროექტებსაც ამ მიმართულებით შეაფასებს: „მე ვიტყვი  შესაძლებელია თუ არა აშენდეს შენობა კონკრეტულ ადგილზე.“  მას არ ახსოვს, ვინ შესთავაზა საბჭოში შესვლა და ამ თემაზე არც კითხვებზე პასუხების გაცემა მოსწონს: „დაკითხვაა თუ რა არის.“

პროფესიით არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორი და კმდს-ს კულტურული საბჭოს წევრია. წლების წინ ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე ბათუმის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელი [ამ დროისთვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი] და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი. დადგენილებაში მითითებული არ არის, რომელ მრჩეველს წარადგენს ზურაბ პატარაძე საბჭოში. აქამდე მთავრობის აპარატიდან ზონალურ საბჭოში კახა შაშიკაძე შედიოდა. ის აჭარის მთავრობის აპარატში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

განახლებულ საბჭოში რჩება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე. ის საბჭოს წევრი აქამდეც იყო, ისევე როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

ზონალური საბჭოს განახლების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ სააგენტომ ზონალურ საბჭოში დარგის კიდევ ორი სპეციალისტი უნდა მიიწვიოს, ეს შეიძლება იყოს ხელოვნებათმცოდნე, ურბანისტი, არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი და სხვა.

განახლებული შემადგენლობის მიხედვით საბჭოს დატოვება მოუწევს სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილების უფროსს, მირზა ცეცხლაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით იურისტია, ბოლო პერიოდში მის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ როგორც ძეგლების დამცველები, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი – გასული წლის მუშაობის წარდგენისას  ლაშა ასლანიშვილმა განაცხადა, რომ ძირითად სამუშაოს სააგენტოში ნებართვებისა და მონიტორინგის სამსახური ასრულებს.

მირზა ცეცხლაძე სააგენტოს სხდომებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად აღნიშნავდა, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიარა სპეციალისტებთან და სააგენტოს ხელოვნებათმცოდნესთან. მისი პოზიციები [ გადაწყვეტილებები] არცთუ იშვიათად ძეგლების დამცველების პოზიციებს ემთხვეოდა.

საბჭოს დატოვება მოუწევს ასევე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ზაალ მამუჭაძეს, ძეგლების დამცველები მის გადაწყვეტილებებს ზონალურ საბჭოში ხშირად უარყოფითად აფასებდნენ.

ზონალური საბჭოს შემადგენლობაში  ბათუმის მერის არც ერთი მოადგილე აღარ იქნება.

გარდა ამისა, 2009 წლის 14 აპრილის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს დამატებით ორი სხვა სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევის საკითხი, ასევე, საბჭო უფლებამოსილია მოსაზრებისთვის წერილობით მიმართოს შესაბამისი დარგის ექსპერტს, სპეციალისტს ან დაწესებულებას.

საბჭოს განახლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „ბათომმა“ მიმართა. მოთხოვნის მთავარი მოტივი იყო ის, რომ საბჭოში არ უნდა ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები, მთავრობაზე დაქვემდებარებული პირები:

ამონარიდი ზურაბ პატარაძისთვის გაგზავნილი წერილიდან: „დაარსების დღიდან ჩამოყალიბებული არასწორი ტრადიციის შესაბამისად, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა მხოლოდ საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული. მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.“

ზურაბ პატარაძე მაშინ ორგანიზაციის წევრებს დაჰპირდა, რომ შეცვლიდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესს და მას დარგის სპეციალისტებით დააკომპექტებდა. თუმცა ახალ შემადგენლობაში ხმების დათვლისას გადაწყვეტილებას ისევ საჯარო მოხელეები მიიღებენ, შვიდწევრიანი საბჭოს ახალ შემადგენლობაში ხუთი საჯარო მოხელეა.

ზურაბ პატარაძის ხელმოწერილი დადგენილება ზონალური საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით 2018 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: