მთავარი,სიახლეები

ერთი დღე ჭიათურულად: მაღაროელთა სამუშაო პირობები

09.03.2018 • 3742
ერთი დღე ჭიათურულად: მაღაროელთა სამუშაო პირობები

ავტორი: ესმა გუმბერიძე

მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე ჭიათურაში დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ქალაქი ამ საწარმოთი სულდგმულობს. ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, მაღაროების დახურვის შემთხვევაში, თუკი სახელმწიფომ რამე ხედვა არ განავითარა ამ ქალაქის შესანარჩუნებლად, დასახლება სულ დაიშლება. პრაქტიკულად ყველა ოჯახს ერთი დასაქმებული წევრი მაინც ჰყავს მაღაროებში ან მათთან დაკავშირებულ სამუშაოზე. მუშის საშუალო ხელფასი თვეში 600-800 ლარია, მაგრამ სამუშაო პირობები საშიშია სიცოცხლისთვის.

ჭიათურის მაღაროებში მუშები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. სხვათა შორის, ტყიბულშიც ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის მეუღლე დაიღუპა მაღაროში, რის შემდეგაც მისი ცოლი, კომპენსაციის სახით, ნახშირმომპოვებელ კომპანიაში, ტყიბულშივე დაასაქმეს.

ჭიათურაში ნანახ-გაგებულს რომ დავუბრუნდეთ: სამუშაო ადგილზე მუშების კვებას უზრუნველყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი მეწარმე. დასაქმებულთა მენიუ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ყოველდღე ერთსა და იმავეს აჭმევენ.

ოფიციალურად ითვლება, რომ დღეში 8 საათს (მათ შორის ღამის ცვლაშიც) მუშაობენ, თუმცა ამ 8 სთ-ში არ შედის ის დრო (დაახლ. დღეში 2 სთ), რაც დასაქმებულს სჭირდება საწარმოს ტერიტორიიდან მაღაროში მატარებლით შესასვლელად, მოსამზადებლად, სანამ უშუალოდ მომტვრევას დაიწყებენ და, სამუშაოს რომ მორჩებიან, მაღაროდან გამოსასვლელად.

ჭიათურაში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მაღალია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი. მადნიდან გამომავალი რკინის მტვერი ილექება ქალაქის მცხოვრებთა ფილტვებში, რაც ხშირად იწვევს ტუბერკულოზს. მაღაროებში დღემდე მუშაობდნენ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი, ვადაგასული აღჭურვილობით. ეს სამუშაო პირობებს კიდევ უფრო მძიმეს და სიცოცხლისთვის საშიშს ხდის. ახლო  მომავალში გეგმავენ ჩინური წარმოების, საეჭვო ხარისხისა და, შესაბამისად, პოტენციურად არაუსაფრთხო აღჭურვილობის შემოტანას.

მაღაროებში ნახშირჟანგის (CO) დიდი შემცველობის გამო მუშები ხშირად იწამლებიან. სამკურნალოდ დაზღვევა კი აქვთ და შვებულებაც კი ეკუთვნით, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ მესვეურები, მაღაროში არსებული სანიტარული და გარემოსდაცვითი ნორმების/სტანდარტების დარღვევისა და მუშების ავადობის ნამდვილი მიზეზის დასაფარად, ცდილობენ არ დაუშვან მათი სტაციონარში გადაყვანა და მკურნალობა. აქტივისტების თქმით, მოწამლულ მუშებს ტოვებენ ყოფილი სანატორიუმის, ამჟამად მუშათა საერთო საცხოვრებლის შენობაში – იქ მიჰყავთ ექიმები და ადგილზე მკურნალობენ. თუკი მუშა მაინც მოითხოვს სტაციონარში გადაყვანას, ის სამსახურით რისკავს.

ახლა საბიულეტენო შვებულებებზე ეკონომიის მიზნით კომპანია სიახლის დანერგვას გეგმავს. კვირაში 5 დღე პირობითად 8-საათიანი სამუშაო განრიგის ნაცვლად დასაქმებულებს ამუშავებენ თვეში 15 დღის, დღეში 12 სთ-ის განმავლობაში, დარჩენილ ნახევარ თვეს კი – დაასვენებენ. სამუშაო 15 დღის განმავლობაში მუშები დარჩებიან საერთო საცხოვრებელში, სადაც ოჯახის წევრებს ვიზიტის უფლება ექნებათ მხოლოდ განსაზღვრულ საათებში და განსაზღვრული ხნით. პრაქტიკულად იმ 15 დღის განმავლობაში მუშებს თავისუფლება აქვთ შეზღუდული და მათ კომპანია „ფლობს“.

შრომის ამგვარი რეორგანიზაციის სასარგებლოდ კომპანიას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ თუკი მუშები საერთო საცხოვრებელში დარჩებიან, ისინი შეძლებენ სრულფასოვნად დასვენებას, რადგან სახლში ისინი საკუთარ მეურნეობებშიც მუშაობენ (ზოგს ძროხა, ქათმები ჰყავს ან ბოსტანი აქვს). ეს კი მათ ძალას ართმევს, შესაბამისად, მაღაროში მათი შრომისუნარიანობა ეცემა.

ამ გადაწყობას კომპანიისთვის კიდევ ერთი ხარჯის ეკონომია მოაქვს – საბიულეტენო შვებულებებზე (ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები იგულისხმება) გადასახდელი თანხა ეზოგებათ. ვთქვათ, იმ 15-დღიანი მუშაობის შედეგად მაღაროელმა ნორმაზე მეტი ნახშირჟანგი ყლაპა და მოიწამლა. 15-დღიან დასვენების დღეებში მოასწრებს მკურნალობას. ანუ თუ ახლანდელი სტანდარტული სრულგანაკვეთიანი სამსახურის პირობებში მოწამლული მუშა მკურნალობისას აცდენს რამდენიმე სამუშაო დღეს, 15 -დღიან 12 სთ-იან ცვლებში მუშაობისას სამსახურს მოცდენის შანსი მცირდება, ახლა 15-დღიანი შესვენება ექნება მოწამვლისგან მოსამჯობინებლად.

ისე საინტერესო იქნება იმ დაბინძურებული გარემოს პირობებში და მძიმე სამუშაოს გათვალისწინებით ჭიათურაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გამოკვლევა. რამდენად  უტოლდება ის არაინდუსტრიულ ზონებში მცხოვრებთა სიცოცხლის საშუალო/მოსალოდნელ ხანგრძლივობას. რეგიონში მომუშავე აქტივისტის თქმით, 55-60 წლის ადამიანი აღარ არის მაღაროში მუშაობისთვის უნარიანი. მათ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად აქვთ შერყეული.

ჯანმრთელობისთვის არსებული საფრთხეებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არ გვყავს პროფესიული დაავადებების მქონე ადამიანები. პროფესიული დაავადება განსხვავდება საწარმოო ტრავმისგან, თუმცა ადამიანს ორივე ემართება სამუშაო ადგილას ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ გარემოში ან ამ სამუშაოს შესრულების შედეგად.

ავტორის შესახებ: 

„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბარიძე

მთავარი ფოტო: ირაკლი კუპრაძე

იგივე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121020/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: