კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

01.03.2018
54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულებები აიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტრო და კომპანია შეთანხმდნენ, რომ ბათუმის ბულვართან არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას მიეცეს დამატებითი დრო.  ახალი შეთანხმებით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.

„ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორის აკაკი სონგულიას განცხადების საფუძველზე, კომპანიის ვალდებულებებში შეტანილი ეს ცვლილება, საჯარო რეესტრში 27 თებერვალს უკვე დარეგისტრირდა.

თავდაპირველი ვალდებულებით კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა მიეღო. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კომპანიას თავდაპირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 კორპუსის აშენება უნდოდა, თუმცა ბათუმის მერია ამაზე არ დათანხმდა და კომპანიას ერთი კორპუსის პროექტის წარდგენა სთხოვეს.

ბათუმში, შოთა რუსთაველის N42/ნინოშვილის N39-ში მდებარე ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებით გაყიდა. აღნიშნული ტერიტორია [დღეისთვის დაზუსტებული ფართობი – 4405 კვ/მ] სამინისტროს ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა.

ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 54-სართულიანი შენობა აშენდება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უკვე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა დაიწყო; ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიას მშენებლობის ნებართვისთვის მისაღებად მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციას უახლეს დღეებში გაავრცელებენ.

ტერიტორია ბათუმში სადაც კომპანიამ „ალიანსი ფრივილიჯის“ ახალი კომპლექსი უნდა ააშენოს / 01.03.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

სოციალურ ქსელში გავრცელებული სასტუმროს მაკეტი. კომპანიაში ჯერ არ ადასტურებენ, აპირებენ თუ არა ამ მაკეტის მიხედვით კომპლექსის მშენებლობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: