მთავარი,სიახლეები

პუტინის ფონდი და ბათუმის მერია კონცერტის პარტნიორები – მერია ამ ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

09.03.2018
პუტინის ფონდი და ბათუმის მერია კონცერტის პარტნიორები – მერია ამ ინფორმაციის გასწორებას ითხოვს

ბათუმის მერიამ რუსეთში, პეტროზავოდსკის საქალაქო ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა. წერილით ბათუმის მერია  გავრცელებული ინფორმაციის შეცვლას ითხოვს და იმის დაზუსტებას, თუ ვისგან მიიღეს ბათუმის მერიაში თანხმობა იმის შესახებ, რომ მერია კონცერტის პარტნიორი იქნებოდა.

საუბარია რუსეთში პუტინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“, სადაც ბათუმის მერიის ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა მონაწილეობას. ამ ღონისძიების შესახებ პეტროზავოდსკის კულტურის მართვის სამსახურმა ინტერნეტგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ახლაც წერია, რომ კონცერტის ერთ-ერთი პარტნიორი ბათუმის მერიაა.

7 მარტს ბათუმის მერიაში დეზინფორმაცია უწოდეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ზუსტია – ბათუმის მეგობრობის სახლის ხელმძღვანელობამ [ამ ორგანიზაციასაც ბათუმის მერია აფინანსებს] ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რუსეთისგან შესაბამის ვიზებს ელოდებოდა ქალთა ვოკალური ანსამბლის პეტროზავოდსკში წასაყვანად.

პეტროზავოდსკში გაგზავნილ წერილში ბათუმის მერია აღნიშნავს, რომ მერია ინფორმირებული არ იყო კონცერტის შესახებ. „გთხოვთ, შეგვატყობინოთ, ვისთან, ან რომელ ორგანიზაციასთან შედგა თქვენი კომუნიკაცია ბათუმში, ზემოხსენებულ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გაგზავნილ წერილში.

„ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე, რადგან არსებობს არასასიამოვნო ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქალთა ვოკალური ანსამბლის დირექტორმა, დავით აბულაძემ. მისი თქმით, ის თავიდანვე არ აპირებდა რუსეთში წასვლას, მაგრამ ანსამბლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

„მომღერლებს უნდათ გასტროლზე წასვლა, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში არ წავსულიყავით. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა დავით აბულაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: