მთავარი,სიახლეები

საოჯახო რესტორანი მტირალაზე

23.04.2018 • 5430
საოჯახო რესტორანი მტირალაზე

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ლაშქრობების დასაგეგმად და დროის ბუნებაში გასატარებლად. ბათუმთან ახლოს მდებარე მტირალას პარკი ერთ-ერთი ადგილია, რომლის სიკეთეებითაც სარგებლობა არც ძალიან ძვირი ღირს და არც შორსაა. ბათუმის ავტოსადგურიდან ზუსტად მტირალას პარკის შესასვლელამდე კვირაში ორჯერ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი: ორშაბათსა და პარასკევს. ტრანსპორტი ბათუმიდან 7:50-ზე გადის და პარკიდან იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება უკან.

მტირალას პარკი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ქალაქიდან შორს ვერ მიდის, მაგრამ თან გარემოს შეცვლა და ბუნებაში ფეხით სიარული სჭირდება ცოტა ხნით მაინც.

ხიდი მტირალას პარკისკენ მიმავალ გზაზე

მტირალას პარკში ახლა შქერი, იგივე როდოდენდრონი ყვავის. გაზაფხულზე ეს აქ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი პერიოდია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება.

მტირალა მხოლოდ დაცული ტერიტორია არ არის. აქ დღემდე ცხოვრობენ ადგილობრივები, აქ ცხრა საოჯახო სასტუმროა, სადაც ზაფხულის სეზონის დასაწყისიდან ღამისთევა და ტრადიციული, აჭარული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

მოყვავილე შქერი

„რატომ გყავთ დაბმული ეს ხბო, აუშვით! დაკომპლექსდება!“ – იხსენებენ გორჯელაძეები ყველაზე უცნაურ ტურისტს, ვინც კი ოდესმე შეხვედრიათ. მათი ოჯახი წლებია უცნაურ თუ ჩვეულებრივ ტურისტებს ტრადიციული, აჭარული კერძებით უმასპინძლდება.

ხასან გორჯელაძისა და დოდო ტაკიძის სახლი მტირალას პარკის ტერიტრიაზე, სოფელ ჩაქვისთავშია. სახლის წინ მდინარე ჩამოდის, რომელზეც ხასან გორჯელაძემ თვითნაკეთი, ხის საბაგირო დაამონტაჟა. ერთი ნაპირიდან მეორეზე საჭის ტრიალით გადადიხარ და მტირალას ტყეში მოგზაურობას იწყებ.

წლების წინ აქ არაფერი იყო ტყის გარდა, ახლა კი გორჯელაძეების ეზოში თაფლის მაღაზია და ფუტკრის უამრავი სკაა. სწორედ აქ მოწეულ თაფლს ყიდის ცოლ-ქმარი მაღაზიაში. ყიდულობ იმას, რაც შენ თვალწინ მზადდება.

ხასან გორჯელაძის საოჯახო რესტორანი

გორჯელაძეების ოჯახში აჭარული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ შინაურულ გარემოში. სახლის მეორე სართულზე ხის დიდი ვერანდაა, საიდანაც მტირალას მთებისა და კოლხური ტყეების ხედი იშლება. ტრადიციულ კერძებს ტურისტები აქ აგემოვნებენ. რადგან შარშან ტურსტების რაოდენობა იმედისმომცემი იყო, ოჯახმა საოჯახო რესტორნის გაფართოება გადაწყვიტა: წელს უფრო დიდი ვერანდა ექნებათ, ვიდრე შარშან და გაცილებით მეტ ტურისტს უმასპინძლებენ.

მტირალას ჩანჩქერისა და ტბის მონახულების შემდეგ დაღლილებმა აჭარული კერძების დაგემოვნება გადავწყვიტეთ და მათ მივადექით.

ვერანდაზე საღამოს აცივდა და ხასან გორჯელაძის მეუღლემ, დოდო ტაკიძემ, სავახშმოდ სამზარეულოში მიგვიწვია. შვილთან ერთად უსწრაფესად გაგვიმზადა აჭარული სინორი და ბორანო, თან ბოსტანში ახალდაკრეფილ, ქორფა პრასს ამზადებდა დასაწნილებლად. ჩვენ მხოლოდ სინორი და ბორანო შევუკვეთეთ, მაგრამ უცებ გაჩნდა სუფრასთან ცხელი ხაჭაპური, უგემრიელესი ნიგვზიანი სალათი, თეთრი ბლის მურაბა, ცხელი ჩაი მოსაღამოვებულზე სიცივის დასაძლევად და ბონუსად აგუზგუზებული ბუხარი.

ბორანო გორჯელაძეების საოჯახო რესტორნიდან

ჩვენს ვახშამს მალე ეზოში შრომით დაღლილი ხასან გორჯელაძე და მისი შვილიც შემოუერთდნენ. გაიხსენეს ყველა უცნაური ტურისტი, რომლებსაც გამასპინძლებიან. ქალბატონი დოდო ამბობს, რომ ტურისტების სხვადასხვა ჯგუფის კვებასაც აკვირდება, მთელი ზაფხული სამზარეულოში უწევს ფუსფუსი და მისმა კერძებმა ერთმანეთისგან განსხვავებული მოგზაურების გემოვნება უნდა დააკმაყოფილოს. ზოგი პრეტენზიულია, ზოგიც უპრეტენზიო და მადლიერი, ხაჭაპურსა და ბორანოში ყველი ზოგს მარილიანი მოსწონს, ზოგსაც საერთოდ უმარილო და ა.შ.

ხასან გორჯელაძის საოჯახო რესტორანი მტირალას ხშირი სტუმრებისთვის კარგად ნაცნობი ადგილია.

კვერცხი, ხორცი, რძის ნაწარმი, კაკალი, თაფლი, ხილი და ბოსტნეული გორჯელაძეებს საკუთარი აქვთ, ეზოში მოყვანილი. სახლშივე ამზადებენ არაყს. აქ მოსული ტურისტი ნახავს, როგორ ხდიან არაყს ღია ცისქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ კუთხეში. ოჯახი ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ოთახს აქირავებს სახლში ორი ადამიანისთვის, თუმცა საოჯახო რესტორანში ბევრი ტურისტი ისადილებს ერთდროულად, გაშლილ ვერანდაზე.

გორჯელაძეების სკები

კერძების უმრავლესობა, რომელსაც ტურისტებს სთავაზობენ, მათივე ოჯახის პროდუქტებით მზადდება და ძალიან ნოყიერია. ქალბატონი დოდოს მიერ მომზადებულ ერთ ულუფა ბორანოსა და სინორს, მაგალითად, ორი მშიერი ადამიანიც კი ვერ მოვერიეთ.

გემრიელმა ვახშამმა, ქალბატონი დოდოს და მისი მეუღლის მოყოლილმა ამბებმა და ბუხარმა თავისი ქნა. მე და ჩემი მეგზური ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე, უსიტყვოდ ვნანობდით, რომ საოჯახო სასტუმროში არ დავრჩით და ვიზიტორთა ცენტრში უნდა დავბრუნებულიყავით, სადაც გველოდა კომფორტი, მაგრამ არ გველოდნენ ადამიანები.

გორჯელაძეების ოჯახი

წარმოგიდგენიათ, უცნობებს 3-4 საათი გაუჩერებლად ესაუბროთ და ყველა ამბავი ერთად გახალისებდეთ? ხანდახან წარმოუდგენელია. ზოგჯერ ვხვდებით ახლობლებს, მეგობრებს და სასაუბრო თემებს ვერ ვპოულობთ, უხერხულად ვდუმვართ. თუ ასეთი დუმილი მობეზრებული გაქვს, ნიშნავს, რომ ამბები ამოგეწურა და ახალი ადგილები უნდა ნახო, ახალი ადამიანები გაიცნო, მოისმინო ის, რაც არასდროს მოგისმენია. ჩვენი შაბათ-კვირის ახალი ადამიანები ხასან გორჯელაძე, დოდო ტაკიძე და მათი შვილები იყვნენ. ყველას შეუძლია მტირალას პარკში იქ მცხოვრებლები გაიცნოს. ჩვენ მხოლოდ ერთი ოჯახის გაცნობა მოვასწარით. თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ყველა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: