მთავარი,სიახლეები

„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

24.04.2018 • 1619
„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

ყოფილ პატიმარს, 61 წლის ამირან იობიძეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. საპატიმროში სულ 7 თვე დაჰყო: წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეიწყალეს.

მანამდე იყო მძიმე გამოცდილებით სავსე წლები: 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო რუსეთში გადახვეწა, მუშაობა და ოჯახის რჩენა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სოციალური პრობლემების გამო რეალობისგან გაქცევა, წამალდამოკიდებულება, ოჯახის დანგრევა, შვილის ავადმყოფობა, ბინის გაყიდვა სამკურნალო თანხისთვის და შვილის გარდაცვალება.

„ჩემი ცხოვრება ნარკოტიკებმა სულ სხვა გზით წაიყვანა,“ – ამბობს ამირანი. -„ახალგაზრდამ თავი ამით არ უნდა მოიშხამოს, ძალიან იშვიათად ვინმემ ნარკოტიკი ერთხელ მოიხმაროს და დამოკიდებული არ გახდეს“.

მიუხედავად მძიმე წარსულისა და უახლოესი ადამიანების დაკარგვისა, ამირან იობიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხზე დადგეს და ბოლომდე დაიხარჯოს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის 4 წლის წინ გათავისუფლდა საპატიმროდან.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – ყოფილი პატიმრების გაძლიერების  ფარგლებში 5000-ლარიანი დაფინანსება მიიღო და დანადგარები შეიძინა, ვულკანიზაცია მოაწყო. პროგრამას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს.

სახლი, რომელიც გაყიდა, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჰქონდა, ახლაც ამ სოფელში ცხოვრობს, ოღონდ ბიძაშვილთან. მის საძინებელს არ აქვს ფანჯრები. სახლს, რომელიც გაყიდა, ყოველდღე ხედავს, აუვლის-ჩაუვლის… ახლა იქ სხვები ცხოვრობენ. ვულკანიზაციაც აქვე აქვს, სახლთან ახლოს. რაც უნდა მოხდეს, სოფლიდან წასვლას არ აპირებს, მაღლაკში შვილის საფლავია, რომლის მოვლითაც ინუგეშებს თავს.

მეორე შვილიც ჰყავს, თუმცა დიდი ხანია აღარ უნახავს.

ამირან იობიძე:  „ჩემი გოგო 6 წლის წინ წავიდა საბერძნეთში, მისი ქმარ-შვილი და დედამთილი ქუთაისში ცხოვრობენ, მთელ ოჯახს არჩენს, რა უნდა ვუთხრა, რა გამომიგზავნე-მეთქი. ყველას თავისი პრობლემა აქვს. რასაც ვშოულობ, თვიდან თვემდე მყოფნის, სახლი აღარ მაქვს, მაგრამ რა ვუყო, ფანჯრების ჩასმასაც რა აზრი აქვს უკვე ჩემთვის. რაღა მაქვს დარჩენილი წინ?! სიბერე, ტკივილი, წვალება. რა გეგმებზე მეკითხებით? არანაირი გეგმა არ მაქვს. სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ უკვე მოწყობილი. რაც უფრო ბერდები, მით მეტი ახლობლის სიკვდილს იგებ“.

ამირანი, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, ცდილობს სხვებს რითაც შეძლებს იმით დაეხმაროს. ცოტა ხნის წინ ვულკანიზაციაში მეზობელი დაასაქმა, ისიც ყოფილი პატიმარია. თავიდან ხელობა ასწავლა და მერე სამსახურიც შესთავაზა.

მიწის საკუთარი ნაკვეთი ამირანს არ აქვს. სასოფლო სამუშაოებზე გული აიცრუა. ამბობს, რომ ვისაც სოფელში სათბური აქვს, პროდუქტს ხშირად ვერ ყიდის და ბაზრამდე ხილ-ბოსტნეულის ტრანსპორტირების ფულსაც ძლივს აგროვებს. მის ბიძაშვილს, მაგალითად, ცერეცოს, ოხრახუშის, კიტრისა და პომიდვრის სათბური ჰქონდა. „მთელი ზამთარი ტიროდა ჩემი ბიძაშვილი, 10 და 20 თეთრად იბარებდნენ ყველაფერს“, – ყვება ამირან იობიძე.

შვიდთვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ყოფილ პატიმარს სამწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა. ყოველ პარასკევს უნდა გამოცხადებულიყო შესაბამის უწყებაში. ერთხელ დაავიწყდა, რომ პარასკევი იყო, ვერ გამოცხადდა და 100 ლარით დააჯარიმეს. რომ ვერ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს, როცა წარმომადგენლები მივიდნენ და ამირანის საცხოვრებელი პირობები ნახეს, ვერაფერი თქვეს, გაბრუნდნენ და ჯარიმა აღარ მოუთხოვიათ.

„არ გადამიხდია. მოვიდნენ წარმომადგენლები, დაგიყადაღებთ ქონებასო, არაფერი მაქვს, სხვასთან ვცხოვრობ და რა უნდა დამიყადაღონ? ერთი საწოლი და კარადა მაქვს. თუ რამე მაქვს, ზედვე მაცვია. დააყადაღეთ რაც გინდათ-მეთქი ვუთხარი, მას მერე აღარ მოუკითხავთ,“ – ამბობს ამირან იობიძე.

მისი აზრით, მშიერი არავინ  მოკვდება, თუ ოდნავ ხელს გაანძრევს. რაც არ უნდა უბედური იყო, ლუკმაპურს უნდა გამოიმუშავებდე შენით, მშიერი ადამიანი ყველაფრის გამკეთებელიაო – ამბობს. საკუთარ სიტყვებს ქმედებით ამართლებს – პროექტი, რომლის მიხედვითაც „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ვულკანიზაციის მოსაწყობი დანადგარები შეუძინა, თვითონვე დაწერა.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: