მთავარი,სიახლეები

60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

23.04.2018 •
60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

მახინჯაურში, მატარებლის გვირაბის ერთ მხარეს კარავია გაშლილი. კარავი ჩვეულებრივი არ არის – მიწაში ჩარჭობილ ხის პატარა ბოძებზე ფერადი ნაჭრებია დახვეული. არც ამ კარავში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვეულებრივები. მესამე თვეა ხანდაზმული წყვილი აქედან ერთად უყურებს ზღვაში მზის ჩასვლას. თუკი ამ დროს მათთან მიხვალ, გეტყვიან, რომ არ უნდა იკითხო, რატომ გადაწყვიტეს კარავში ცხოვრება – პაუზების გარეშე მოგიყვებიან ყველაფერს სიყვარულის შესახებ, იმას, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა გულწრფელი სიცილის უნარი.

64 წლის ალექსი და 62 წლის მირანდა [სახელები შეცვლილია, რადგან არ უნდათ ოჯახის ახლობლებმა მათ შესახებ გაიგონ] სამი წლის წინ დაოჯახდნენ. ქორწილი ოზურგეთის უფასო სასადილოში ჰქონდათ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. სამი თვის წინ ორი ჩანთა ჩაალაგეს და ზღვის პირას, კარავში ცხოვრება გადაწყვიტეს.

ალექსი: ბებიამ ჩამომიყვანა გურიაში, თორემ უკრაინაში ვიზრდებოდი… დედა შოტლანდიელი მყავდა. მამამ და დედამ უკრაინაში გაიცნეს ერთმანეთი. მეექვსე კლასში ვიყავი, ბებია ჩამოვიდა და წავიყვანო უნდა აგიო, ჩემზე თქვა. მამაც მალე გურიაში დააბრუნა. გურიაში ბებიაჩემი ვარგოდა მარტო და ახლა იგიც აღარაა…

ფინთი ქალი იყო ბებიაჩემი, მარა ძალიან მშრომელი. ქათამიო, ძროხაო, ყანაო. მე ხან ჩაის ვკრეფდი, ხან – ოჯახებში ვმუშაობდი და ბოსტანს ვუვლიდი. მერე ცოლი მოვიყვანე. არ მინდოდა ის ქალი, მარა რას იზამდი? შვილი მყავს, ერთი ბიჭი. ცოლს დავშორდი. შვილს ვერ ვეწყობი, სულ კონფლიქტი მაქვს, ამიტომაც წამოვედი.

მირანდა: მე რძალი მყავდა ფინთი. ექიმებთან დამჭირდა სიარული და რა ამბავია ამდენი სიარული ექიმებშიო. რა ვიცი, ვერ ამიტანა… როცა შემეძლო, კი ვმუშაობდი დამლაგებლად და ახლა უმაღლესი არ მაქვს მე დამთავრებული. რვა კლასის განათლება მივიღე. მერე უფასო სასადილოში დავიწყე სიარული და ალექსი გავიცანი.

წყვილს გაცნობის პერიოდის გახსენება ვთხოვე. ალექსიმ მიპასუხა, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოო. მირანდა ბრაზობს, სულაც არ იყო ჩვეულებრივიო და იწყებს:

„ამოჩემებული ადგილი გვქონდა სასადილოში მეც და ამასაც. ეგი სულ ჩემ წინ ჯდებოდა, მარა საერთოდ არ მიყურებდა. რამდენჯერ ვცადე გამოლაპარაკება, მარა ვერ გავბედე. მე სულ ვუყურებდი, ის – არა. ჭამდა და მიდიოდა. მერე მზარეულს ვუთხარი, ასე და ასე მომწონს ეს კაცი-მეთქი და იმან უთხრა,“ – სიცილს აყოლებს ამბავს მირანდა და წყაროდან მოტანილ წყალს ჩაიდანში ასხამს, ჩაი უნდა დავლიოო.

„ვატყობდი, რომ მოვწონდი, ჰო, მარა თავს ვიკავებდი ჯერ. მერე მეც ვუთხარი, რომ მიყვარდა,“ – ამატებს ალექსი და თან კარავთან დაყრილ ჩანთებში რაღაცას ეძებს.

მირანდა კარავს წრეს არტყამს, სათითაოდ ნახულობს და ეფერება კატას და ლეკვებს, რომლებიც იქვე ცხოვრობენ და სიხარულით სავსე იწყებს ქორწილის სცენის აღწერას:

„ქორწილი ოლეგი ბიძიამ გადაგვიხადა… ჰო, იქვე სასადილოში, ნამცხვრები იყო ბევრი. საჭმელი რა იყო, აღარ მახსოვს. დამკვრელებიც გვყავდა, მაგრამ არ იყო დიდად კაი მუსიკა. მე ძალიან მიყვარს ცეკვა, მაგრამ არ მიცეკვია საერთოდ… გავბრაზდი და იმიტომ აღარ ვიცეკვე – სადედოფლო კაბა არ ჩამაცვეს“, – ამბობს მირანდა და რიტმულად არწევს ხელში დაჭერილ კატას.

მერე მირანდა ბრუნდება და ხელს მაჩვენებს: „ეს ბეჭდები ალექსიმ მაჩუქა სასადილოში“.

„აი, ვიპოვე,“ – იძახის ალექსი და ჩანთებიდან ძვრება. ხელში ის ნახატი უჭირავს, ქორწილის შემდეგ რომ დაუხატავს. მიყვება, რომ ძალიან უყვარს ხატვა და კარვიდან დანახულ ქალაქსაც დახატავს ერთხელაც.

წყვილს ვეკითხები, რამდენად შემაწუხებელია კარავში ცხოვრება, როცა წვიმს.

„ქოლგა მაქვს,“ – მოკლედ მპასუხობს მირანდა და ამჯერად ლეკვების მოსანახულებლად გარბის. “.

„ჰოდა, ასე ვცხოვრობთ ახლა,“ – განაგრძობს ალექსი და კარვის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება. – „ახლა ფიჩხები უნდა მოვაგროვო და ღუმელი დავანთო. ჩაი ხომ უნდა დავლიოთ ზღვის ჩასვლის დროს?… ადამიანები ზედმეტად ართულებენ ცხოვრებას, ეს მინდა დაწეროთ. ადამიანებმა საერთოდ დაკარგეს გულწრფელობა და სიცოცხლის ხალისი. მოდიან და გვეკითხებიან, არ გიჭირთ, ასე როგორ ცხოვრობთ? რატომ უნდა მიჭირდეს? დილით ვიღვიძებ და მიწიდან პირდაპირ ვუყურებ ზეცას… მეზობლები გადასარევი ხალხია, გვეხმარებიან. მთავარია, ერთად ვართ. დღისითაც ერთად დავდივართ – ეკლესიის სასადილოში და იქიდან საჭმელი მოგვაქვს“.

„იმდენი პიმპილი ჰქონდა მაგ საჭმელს, ვერ შევჭამე საერთოდ,“ – ჩაგვერთო დიალოგში მირანდა.

„მთავარია საჭმელი იყოს, გადაკეთება შემიძლია,“ – ამბობს ალექსი და ფიჩხების მოგროვებას იწყებს.

„დღეს ისე დამაღამებიე, „საკატაოებზე“ არ წამიყვანე ხომ?“ – კითხულობს მირანდა კატეგორიული ხმით და კარავს ზურგს აქცევს, ზღვას გაჰყურებს.

წყვილის თქმით, ისინი ყოველდღე დადიან მახინჯაურის ცენტრალურ სკვერში, სადაც რამდენიმე ატრაქციონია. მირანდას თქმით, „ზოგი საკატაო გაფუჭებულია და არავინ აკეთებს“.

რამდენ ხანს აპირებთ კარავში ცხოვრებას? – ვეკითხები წყვილს.  მირანდა მოკლედ მპასუხობს: „ვაშავებთ რამეს თუ? არსად წასვლას არ ვაპირებ, კარგად ვარ აქ“.

ალექსი სამსახურს ეძებს. ამბობს, რომ კომპიუტერების შეკეთება და პროგრამების ჩაწერა შეუძლია, მაგრამ გადამზადება სჭირდება. „თუ არ გამოვიდა, ალბათ თურქეთში წავალთ ერთად, იქ ვიშოვი რამეს,“ – ამბობს ის.

„თურქეთში არ მინდა, მობილური გვაჩუქეს და მუსიკა ვერ ჩაუწერია. მიყვარს სიმღერები,“ – თქვა საყვედური მირანდამ.

ალექსი ჩუმი ხმით იწყებს სიმღერას. მირანდა ისევ ალექსის გვერდით დგება და ყურადღებით უსმენს.

„ჰო, სიმღერა კაი იცის ამან ძალიან…“, – ამბობს ის, როცა ალექსი სიმღერას ასრულებს. ალექსი ისევ ნახატების ძებნას იწყებს კარავში თუ მის გარეთ დაყრილ ნივთებში. მირანდა მეუბნება, რომ თვითონაც შეუძლია სიმღერა, სახით ზღვისკენ ჩერდება, ხელებს ბოლომდე შლის და იწყებს: „ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: