მთავარი,სიახლეები

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

02.03.2018
როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

„ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს. ამ პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს ჩქაროსნული მაგისტრალი მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო კომპენსაციების გაცემა დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დარჩენილია 3 ოჯახი, რომლებსაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პრობლემა აქვთ.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი კვლავ არ არის. „ვმუშაობთ. წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ვარიანტი, შეირჩევა მარშრუტი და დავაპროექტებთ გზას“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა კი ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები უკვე მოძრაობენ [გვარა-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია და მისი გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ, ბოლო ინფორმაციით, 2018 წლის ივნისიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: