დისკრიმინაციის გაგრძელება ქობულეთში – ომბუდსმენი მერიას სასამართლოში უჩივის


პირველი საჯარო უწყება, რომლის წინააღმდეგაც დისკრიმინაციის ფაქტზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა. ამ უწყებამ არ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. პანსიონს 2014 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე.

„უკვე მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ველოდებით პროცესის დანიშვნას. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ შეასრულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან გვექნება საქმე, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა,“ – გვითხრა ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა.

სახალხო დამცველმა მუსლიმური პანსიონისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილების რეკომენდაციით 2016 წელს მიმართა ქობულეთის გამგეობას. 2016 წლის 19 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალურ შპს „ქობულეთის წყალს“ ოფიციალურად დაავალა „ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ნომერ 13-ში მდებარე შენობა-ნაგეობის წყალანირების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესძლებოდა შენობით სარგებლობა“.

დავალება ამ დრომდე არ შესრულებულა.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს მუსლიმმა თემმა სასამართლო დავა მოიგო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც პანსიონის შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს და ადამიანებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ ფაქტზე დისკრიმინაცია დაადგინა.

რატომ არ უზრუნველყო ქობულეთის მერიამ დაწესებულებისთვის წყლის მიწოდება და რას გეგმავს ომბუდსმენის სარჩელთან დაკავშირებით? – ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს: „არ ვიცი ამის შესახებ, რომ სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმა. ჩვენ სასამართლოსგან გზავნილი არ მიგვიღია… როცა მივიღებთ სასამართლოსგან შეტყობინებას, იქ გავცემთ პასუხს“.

რატომ ვერ შეასრულა ორი წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება? – ქობულეთის მერმა „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მან გაგვიმეორა, რომ სასამართლოსგან გზავნილის მიღებას ელოდება.

„გეტყვით, რომ ეს საკითხი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა და არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ჩვენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ვახდენთ. სხვა კომენტარს ვერ გაგიკეთებთ,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

სახალხო დამცველს კანონით უფლება აქვს, საჯარო უწყებას მოსთხოვოს პასუხი კონკრეტული რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე. ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა სასამართლოში საჯარო უწყების წინააღმდეგ დავა წამოიწყო. საუბარია შემთხვევებზე, როცა დისკრიმინაცია დადგინდა და საჯარო უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებაზე უარი თქვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი