„ნოვაში“ აცხადებენ, რომ ავტობუსის მოსაცდელი ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნით აიღო

ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რამდენიმე დღეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი აღარ დგას. ადგილობრივი მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ „მოსაცდელი მოიპარეს“. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოხსნეს მოსაცდელი „ნოვას“ თანამშრომლებმა და კომპანიის საწყობში შეიტანეს“.

ავტობუსის მოსაცდელი სწორედ კომპანია „ნოვას“ ოფისის წინ მდებარეობდა.

„ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და იყო შემთხვევები, როცა დაზიანდა მოსაცდელიც და მანქანებიც. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აგვეღო აქედან. მივწერეთ ავტოტრანსპორტის სამსახურს თხოვნით, განვუმარტეთ ის საფუძველი, რისთვისაც გვინდოდა მოსაცდელის აღება და აიღეს“, – გვითხრეს კომპანია „ნოვაში“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ მოსაცდელი ხშირად ზიანდებოდა, ვერ ადგენდნენ მიზეზს და ბოლოს გადაწყვიტეს აეღოთ. თუმცა მოქალაქე, რომელიც მოსაცდელის აღებას შეესწრო, აცხადებს, რომ მოსაცდელის აღებისას შუშებიც და მოსაცდელიც დაუზიანებელი იყო.

„არ ვიცით, რის გამო იმტვრეოდა მოსაცდელის მინები მაგ ადგილზე. შეიძლება „ნოვასთან“ მანქანები რომ შედიოდნენ, არ ვიცით, ვერასდროს დავადგინეთ მიზეზი… კომპანიამ ერთი-ორჯერ კი მოგვმართა, თუ იყო შესაძლებლობა აგვეღო, მაგრამ უარი ვუთხარით, რადგან მოსაცდელი იქ სჭირდება მოსახლეობას. ბოლოს მინები ისევ რომ ჩაიმტვრა, ავიღეთ. ეს იყო 4 მეტრი სიგრძის მოსაცდელი და მის ნაცვლად დავდგამთ გაცილებით პატარა მოსაცდელს, რომელიც კომფორტული იქნება მაგ ადგილზე, თუმცა ზუსტ დროს როდის დავდგამთ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრა ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა. ეს სამსახური ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.

იქვე მოპირდაპირე მხარეს, ბაგრატიონის ქუჩაზე, დგას ანალოგიური მოსაცდელი, თუმცა ის, როგორც „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, არ ზიანდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიის ინტერესები მოქალაქეთა ინტერესებზე უპირატესი აღმოჩნდა – ცოტა ხნის წინ, კომპანიის მოთხოვნით, ბათუმის მერიამ მოსაცდელი რუსთაველის ქუჩაზეც აიღო.

„ავტოპარკინგი“ ტროტუარზე, სადაც მოსაცდელი აიღეს / ბათუმი, 26.04.2018
„ავტოპარკინგი“ ტროტუარზე, სადაც მოსაცდელი აიღეს / ბათუმი, 26.04.2018
მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე / ამ გაჩერების მოპირდაპირედ ანალოგიური მოსაცდელი აიღეს

ამავე თემაზე:

მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

29 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა მოეწყობა.
ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 16 სახეობის ბამბუკი. გამოიფინება ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარები, რისი შეძენაც დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტებისა და კოქტეილის დაგემოვნებაც.

გამოფენა გაიმართება პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესავლელი სალარო უღელტეხილის მხრიდან.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

ახალი ბულვარის რეაბილიტაციისთვის 2 041 884 ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით,  ახალ ბულვარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის ტერიტორიას, სადაც წლების განმავლობაში ამორტიზებული ფილები სრულად გამოიცვლება, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წვიმამიმღები ჭები, ბილიკები კი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა.

ახალ ბულვარში დეკორატიული არხებისა და შადრევნების სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვარში სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 2 041 884  ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს კომპანია “მონოლითი 2005” ახორციელებს.

 

 

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი, „იმედის სახლი“ საქველმოქმედო ფონდის, „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით შეიქმნა.

ცენტრში ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს თერაპიული კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ.

„საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ცენტრში ექვსთვიან კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს სამედიცინო დახმარებას,  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ბენეფიციარების სრულად უზრუნველყოფას საყოფაცხოვრებო პირობებით: კვება, დამხმარე საშუალებები, რაც ბენეფიციარს სჭირდება ცხოვრებისთვის და ა.შ.

საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარები შესაძლოა ექვსთვიანი კურსის შემდეგაც დარჩნენ ცენტრში.

გარდა ამისა, ბენეფიციარებს შეუძლიათ იმუშაონ ცენტრთან არსებულ პატარა ბოსტანში, ბაღსა და ასევე მცირე ფერმაში, რაც შრომითი თერაპიის მეთოდად მიიჩნევა.

ბენეფიციარების მიღება ხდება წინასწარი გასაუბრებით. „საჭიროა მათი მოტივაციის შეფასება, აქვთ თუ არა სათანადო სურვილი, რადგან ეს არ არის ერთდღიანი კურსი. მათ კურსის ბოლომდე უნდა დაიცვან შინაგანაწესი, ამიტომ პროექტის გუნდი ბენეფიციარებს წინასწარი გასაუბრების შედეგად შეარჩევს,” – ამბობს ილია გუჩმანიძე.

სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად სამი ბენეფიციარია, თუმცა ცენტრს საერთო ჯამში შვიდი ადამიანის მიღება შეუძლია.

ბენეფიციარების საცხოვრებელ და რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან.

სარეაბილიტაციო ცენტრი კახაბრის მეოთხე ჩიხში, მეექვსე შენობაში მდებარეობს.

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში ერთადერთია. „ეს პირველი, საპილოტე  პროექტია.  არის ცენტრი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, მაგრამ  ცალკე, ალკოჰოლზე დამოკიდებული ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო  ცენტრი ამჟამად საქართველოში არ ფუნქციონირებს,“ – ამბობს ილია გუჩმანიძე.

ქობულეთში ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ეზოში შესასვლელების წინ მონიშნეს

ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსების გასაჩერებლი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთანაა მოწყობილი.

რატომ მოეწყო ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი ეზოს შესასვლელის წინ? – ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა კაიკაციშვილმა გვითხრა, რომ ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან „რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო დასახლებაა,“ – თქვა მან.

ზაზა კაიკაციშვილის განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო მონიშვნები ამ ქუჩის ინსფრასტრუქტურული რეაბილიტაციის ფარგლებში გაკეთდა. საგზაო მონიშვნების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეადგინა. ქობულეთის მერიას ამგვარ მონიშვნაზე შენიშვნა არ ჰქონია.

„სხვა ალტერნატივა არ იყო. თუ მოქალაქე სახლიდან გამოდის ავტომანქანით, ან შედის და ამ დროს ავტობუსი გაჩერდა, ის უნდა დაელოდოს გზის გათავისუფლებას, ამის გამო შეფერხება არ იქნება,“ – განმარტა ზაზა კაიკაციშვილმა.

ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოში ფსიქიატრიული კლინიკის 12 პაციენტი იქნება დასაქმებული. ისინი ძირითადად პურ-ფუნთუშეულს, ასევე ტკბილეულს დაამზადებენ. სოციალური საწარმოს სახელია: „ადამიანები მოქმედებაში“.

სოციალური საწარმოს მოსაწყობად „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ გრანტი შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მოიგო. ეს ორგანიზაცია მართავს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების გარდა, საწარმოში მუდმივად იმუშავებს 2 მზარეული, შრომითი თერაპიის ინსტრუქტორი და ბუღალტერი. 8 ათასი ევროს გრანტით საწარმო დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო მერიის თანადაფინანსებით საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინეს.

„12 თანამშრომელი ახალი საწარმოსთვის უკვე შერჩეულია. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი უნარი, ასევე იგეგმება მათი გადამზადება. პერიოდულად შესაძლებელია თანამშრომლების განახლება,“ – გვითხრეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრესსამსახურში.

საწარმოში დამზადებულ პროდუქტს ისევ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბენეფიციარები მოიხმარენ. ორგანიზაცია, რომელიც საავადმყოფოს საკვებით ამარაგებს, ტენდერით აღარ შეიძენს პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის ნაწილს. საავადმყოფოს პრესცენტრის თქმით, სამომავლოდ იგეგმება დამზადებული ტკბილეულის კლინიკის გარეთ გაყიდვაც.

საწარმოში მხოლოდ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალი პაციენტები დასაქმდებიან. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასაქმების სურვილი მამაკაცებმაც გამოთქვეს და თუკი ისინი გადამზადების კურსს გაივლიან, ისინიც დასაქმდებიან საწარმოში. კლინიკის პრესსამსახურში ამ დროისთვის ვერ გვითხრეს, რას გადაუხდიან ანაზღაურების სახით საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს.

როდის აღდგება წყლის მიწოდება მახინჯაურში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება მახინჯაურის ტერიტორიაზე 18:00 საათზე აღდგება.

12 და 13 ნომერ ხაზზე კონდუქტორები აღარ იქნებიან – შესაბამისად, ავტობუსში ბილეთს ვერ შეიძენთ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში N12 ხაზზე 2018 წლის პირველი მაისიდან კონდუქტორები აღარ იქნებიან. კონდუქტორები არ არიან N13 ხაზზეც. ორგანიზაცია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ უკონტაქტო პლასტიკური სამგზავრო ბარათები. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბარათების აღება საქართველოს ბანკის სერვისცენტრში, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 55 ნომერში, უფასოდაა შესაძლებელი.

„პირველი მაისიდან N12 ხაზზე ავტობუსებში ბილეთები აღარ გაიყიდება. მიზეზი – ერთი ისაა, რომ ამ მარშრუტებზე ცოტა ბილეთები იყიდებოდა და მეორე, კონდუქტორების რაოდენობაც არ გვყავს საკმარისი. შესაძლოა წავიდეთ იქეთკენ, რომ ბილეთები საერთოდ აღარ გაიყიდოს არც ერთ ავტობუსში, ამდენად ეს საცდელი ვარიანტიც არის,“ – აცხადებს ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, იგეგმება უკონტაქტო პლასტიკური ბარათების „საქართველოს ბანკის“ სხვა სერვისცენტრებშიც აღება უფასოდ, რითაც ტურისტები და ქალაქის სხვა სტუმრებიც ისარგებლებენ.

ბათუმში მგზავრობა ბარათით გადახდის შემთხვევაში 30 თეთრი ღირს, მგზავრობის ბილეთის შეძენისას კი – 80 თეთრი [ორი ბილეთი].

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანის ბარათითაც არის შესაძლებელი, ასევე „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათით.

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სკოლებს მოსწავლეების მიღწევების შეფასებაში დაეხმარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში კონსულტაციებს სთავაზობს. სკოლების მხარდაჭერის პროექტის – Naec4Schools-ის ფარგლებში, მოსწავლეები შეფასდებიან ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასების ჩათვლით.

შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის;

სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური  მიღწევების ჩვენება;

მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და მოსწავლის მიღწევების დადგენილ სტანდარტთან შედარება;

სკოლაზე მორგებული  შეფასების პაკეტები.

სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მეექვსედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით აირჩიონ ტესტის ტიპი – მხოლოდ ღიაბოლოიანი ან ღია და დახურულბოლოიანი დავალებებით;

აირჩიონ ღიაბოლოიანი დავალებების გასწორების მათთვის მისაღები  ფორმა.

რას ვაფასებთ პროექტის ფარგლებში?

შეთავაზებული მომსახურება

რა ინფორმაციას მიიღებენ შეფასებაში მონაწილე სკოლები?

ტესტირების ადმინისტრირება

ბუკლეტის PDF ვერსია

ტესტირების რეგისტრაცია დაიწყება 27 აპრილს და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ვებგვერდზე: www.naec.gov.geonline.naec.ge

ტესტირებაში მონაწილეობა სკოლებისთვის ნებაყოფლობითია.

 

 

რატომ ეწევი? [ტესტი სიგარეტის მწეველებისთვის]

გიფიქრიათ მიზეზებზე, რატომ ეწევით სიგარეტს? პირველი მაისიდან საქართველოში კაფეებსა და რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მთელ რიგ ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება.  იქნებ სიგარეტისათვის თავის დანებებისთვის შესაფერისი დროა? შეავსეთ ეს სახალისო ტესტი.

რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში დამთავრდა. სემინარზე ექსპერტები, ელჩები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებებით. საუბრები ეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს.

რუსეთის ფაქტორის შესახებ სემინარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსენება გაკეთდა. რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კონსტანტინ ეგერტმა ისაუბრა რუსეთში არსებულ სიტუაციაზე და კრემლის გავლენებზე კავკასიაში. რუსმა ჟურნალისტმა თავისი მოხსენება სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესაფებით დაიწყო და თქვა, რომ დღეს არსებული სურათის მიხედვით, სავარაუდოდ, „კრემლს სომხური რევოლუცია გამორჩა“.

კონსტანტინ  ეგერტი:

„მას შემდეგ, რაც 2009 წელს პეტერბურგში იყო გამოსვლები, რუსეთმა ვეღარ შეძლო საბოლოოდ გამოსულიყო იმ ქაოსიდან, რომელშიც აღმოჩნდა.

კრემლი დგას კლასიკური დილემის წინაშე. დემოკრატია არავის უნდა – ორი გზა არსებობს ქვეყნის მართვის. ერთი, ეს ჩინური თუ სინგაპურული გზაა, სადაც ხალხს ეუბნები გამდიდრდი, მაგრამ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი. ეს გზა პუტინისთვის უკვე მიუღებელია. პუტინი ფიქრობს, რომ წინა საპრეზიდენტო ვადის დროს ეს მოდელი უკვე განახორციელა. რეალურად ძალიან დიდი ზრდა განიცადა ცხოვრების დონემ რუსეთში. მიზეზი იყო საწვავის მაღალი ფასი და მთავრობას მიაჩნია, რომ ეს მათი დამსახურებაა. მათივე ხედვით, ამ ზრდამ უკვე ეფექტი მოახდინა. დიდი ქალაქების საშუალო ფენა, ვისაც ეს აიფონები და ტვიტერები ჰქონდა, რუსეთის ხელისუფლებას უარყოფითად დაუბრუნდა. ეკონომიკური დამოუკიდებლობა ვეღარ ანაცვლებს სხვა საჭიროებებს.

აქედან გამომდინარე, რუსული იმპერიალიზაცია, მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დროს, სულ სხვანაირი უნდა იყოს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რაც ვნახეთ, ეს არის სახელმწიფო კაპიტალიზმის შემოღების მასიური პროგრამა. 1998 წელს, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი იყო, ისეთი მსხვილი ორგანიზაცია, როგორიც „გაზპრომია“, ფლობდა ქვეყნის ქონების 62 ან 82 პროცენტს და მთლიანად მშპ-ც მათზე იყო დამოკიდებული. ბევრი მილიარდერი წარმოიშვა სწორედ ამ  ქონებიდან.

თავის დროზე კომუნისტური პარტიის პოლიტბიურო მართავდა რუსეთს. დღევანდელი ლიდერები კი არამარტო მართავენ რუსეთს, არამედ ფლობენ კიდეც. აქედან გამომდინარე, როდესაც კრემლი საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე, ნურასდროს ნუ აგერევათ – ის საუბრობს რამდენიმე ადამიანის ინტერესზე, რომელიც ასევე ფლობს „გაზპრომს“, იარაღის მწარმოებლებს და ნებისმიერ სხვა ბიზნესს. მცირე ჯგუფია ის ჯგუფი, რომელიც მართავს მთელ ქვეყანას.

კიდევ ერთი, რაც რჩება საბჭოთა ისტორიიდან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ქმნის „რუსლანდის სამეფოს“. ეს არის სწორედ ის, რაც ბატონმა პუტინმა აირჩია, დემოკრატიის გარეშე, ეკონომიკური სარგებლის მიწოდების გარეშე. მან ერთი რამ იცის და შეუძლია – ეს არის შექმნას ხელუხლებელი რუსეთი. და მნიშვნელობა არ აქვს, 56-58 თუ 60 პროცენტს მიიღებს არჩევნების დროს. ის პრეზიდენტი კი აღარ არის, არამედ კომენდანტია ქვეყნის. ფაქტობრივად, ჟანდარმი, ჯარისკაცი. ბრძოლის სუბიექტი კი არის დასავლეთი.

საინტერესოა, რომ 2014 წელს რუსეთში გაიზარდა ქსენოფობიური ტალღა. 2017 წელს ჩატარდა გამოკითხვა რუსეთში. 67-მა პროცენტმა მთავარ მტრად ამერიკა მიიჩნია. შემდეგი იყო უკრაინა. ბალტიისპირეთის ქვეყნები არ არიან ამ გამოკითხვაში შესული, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, ვინაიდან რუსეთში მიიჩნევენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მონები და აქედან გამომდინარე, ისინი მათთვის უმნიშვნელოა.

სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებიც აისახება პროგრამებში და რომლებიც 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვრცელდება. ამასთან, ეს ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის გარეთაც. რიტორიკა, დასავლეთი თითქოსდა ჩაითრიეს ნატოში, რომ ამერიკული მაგნიტი, რომელიც ყველაფერს ყლაპავს – ეს პროპაგანდული აზროვნება არ არის. ეს არის სწორედ ის, თუ როგორ ხედავს ხალხი კრემლის შიგნით.

გაიხსენეთ რა მოხდა 2015 წელს, როდესაც დონბასის შეთანხმება გაფორმდა. რა თქმა უნდა, დონბასის შემთხვევა ეს არის ტრაგედია და ძალიან ცუდი. ასევე ეს არის წარუმატებელი ოპერაციის შედეგი, რომ აღმოსავლეთი ნაწილი ჩაეგდოთ ხელში. დონბასი დღეს, როგორც რუსები იტყვიან, არის ჩემოდანი სახელურის გარეშე, რომელსაც ვერ გადააგდებ, მაგრამ ამავე დროს თან ვერ ატარებ.

თუკი ავიღებთ სირიის მაგალითს, რომელიც შეიძლება ცოტა განსხვავებული სიტუაციაც კი იყოს – რატომ ენდომებოდა იქ ყოფნა რუსეთს. პუტინი დარჩა ამ რეგიონში, სადაც ის არ არის ყველაზე დიდი მოთამაშე. ეს არის ტიპური ძველი საბჭოთა ხელისუფლების შეხედულება რეგიონზე. არ იყო მზად რუსეთის მთავრობა და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წარუმატებლობისთვის, რომელიც მიიღეს სირიაში.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

ახლა მთავარი საკითხი, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? იმისთვის, რომ გაგრძელდეს ეს პოლიტიკა რუსეთის მხრიდან, უნდა გამოიგონოს ახალი მტრები მუდამ. ცირკივით, სადაც ველოსიპედისტი ტრიალებს წრეში, მუდმივად უნდა ატრიალო პედალი. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს? და სულ უფრო მეტად იზღუდები?

როდესაც რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ჰაკერული ჩარევით გავლენა მოეხდინა ამერიკულ არჩევნებზე, ეს არ იყო რაიმეს ხელშესაწყობად, იყო ქაოსის დასაწყებად. არ მგონია, ესმოდეთ ამით სანქციების რამხელა პანდორას ყუთს ხსნიდნენ.

დღეს, ვიდრე აქ მოვიდოდი, რადიო „კომერსანტს“ ვუსმენდი. კრემლი ფიქრობს მოახდინოს „რუსალის“ ნაციონალიზაცია, რომელიც არის ალუმინის მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელი. რუსეთმა წააგო და დაკარგა ერთ-ერთი მთავარი – თავისი სარეზერვო ფონდი. ყირიმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მილიონობით დოლარი დაიხარჯა არაქმედითი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ მსგავსი კომპანიების მხარდასაჭერად, ახლა რუსეთს ფინანსების პრობლემა აქვს.

ამერიკას რომ დავუბრუნდეთ: არავინ ელოდა, რომ ტრამპის დროს (ფიქრობდნენ, რომ ის საყვარელი პრეზიდენტი გახდებოდა რუსეთისთვის) ასე გაიზრდებოდა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი.  ჩემი შეფასებით, რუსეთისთვის საუკეთესო იყო ბარაკ ობამა და ჯონ კერი, რომლებიც ყოველთვის ხელს აფარებდნენ ან წითელ ხაზებს წევდნენ მიღმა.

მიუხედავად იმისა, რამდენ კარიკატურას წარადგენს პუტინი გამოსვლების დროს, ფაქტია, სამი წლის განმავლობაში ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტზე უფრო დიდია. 100 მილიარდზე მეტი დოლარი.

მივდივართ ამ წერტილამდე, რუსეთის ისტორიაში, როდესაც შეუძლებლობა, ატრიალო პედალი დაპირისპირებაში შედის ან გარკვეულწილად ემთხვევა კიდეც საზოგადოებრივ განვითარებას. ნაწილობრივ ეს ვნახეთ ერევანში.

გასულ წელს, დემონსტრაციების დროს ვნახეთ, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის დროს. არ ვისაუბრებ ვინაა ნავალნი – ნამდვილი ოპოზიცია თუ ცრუ ოპოზიცია. ვინ არის საბოლოო მოსარგებლე პუტინის მარცხის. რასაც ვამბობ უმნიშვნელოვანესია, პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში ჩვენ პირველად ვნახეთ ხალხი, ვინც 15-25 წლის არის და გავიდა ქუჩაში პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

რატომ?

ძალიან მარტივი მიზეზით. პუტინის ძირითადი შიდა ნარატივია – მე მოვიტანე სტაბილურობა. ჩემი თაობისთვის, მე 55 წლის ვარ, შეგვიძლია შევადაროთ საბჭოთა კავშირს, 90-იან წლებს და ვთქვათ, რომ კი, სტაბილურობა კარგია. მაგრამ მათთვის, ვინც 20-22 წლის არის და ვინც მხოლოდ პუტინის ქვეშ ცხოვრობს, ეს არ არის სტაბილურობა, ეს სტაგნაციაა. ეს კორუფციაა. სოციალური პერსპექტივის არ ქონაა. პუტინი სტაბილურობაზე საუბრობს, მაგრამ მომავალს არ ახსენებს.

თუ მოვისმენთ მის გამოსვლებს უკანასკნელ სამ წელიწადში, ეს არის როგორ დავაკონსერვოთ, როგორ დავრჩეთ ერთ ადგილზე. თითქოს პუტინი კაფსულაშია გაყინული, ლუი დე ფიუნესივით ერთ-ერთ ფრანგულ კომედიაში. პუტინი ბერდება. მეოთხე ვადის ბოლოს 72 წლის ხდება. ლავროვი თითქმის 70 წელს მიღწეულია. ეს ხალხი არ არის დაცული იმ დიდი ცვლილებებისგან, რასაც ჰქვია ინფორმაციული რევოლუცია, გლობალური ბაზარი და სხვა, რაც მიმდინარეობს სამყაროში.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

ხალხი, ვინც გავიდა ქუჩაში ერევანში რამდენიმე დღის წინ, ვინც გავიდნენ ნავალნისთან ერთად ქუჩაში, გააგრძელებენ გასვლას ხვალაც. შეიძლება დღეს ბევრნი არ არიან, მაგრამ ეს არის არჩევანის თაობა. მათ აირჩიეს „ამაზონი“ და საბოლოო ჯამში პოლიტიკურადაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება. რუსეთის მთავრობის კამპანია, რომ მოეხრჩოთ „ტელეგრამი“ (როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ რუსეთში ეს პროცესი მიმდინარეობს) აჩვენებს, რომ უმრავლესობა ახალგაზრდა მოსახლეობისა იცვლება რუსეთში.

60-70 წლისები კი იკავებენ „მაიკროსოფტის“ ოფისს და იბრძვიან 21-ე საუკუნეში. ჩვენ ძალიან ფაქიზი მომენტის მოსწრენი ვართ რუსეთში. არის ინსტრუმენტები სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ნუ გამოვტოვებთ „ტელეგრამის“ ბრძოლას, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ არის ყოვლისშემძლე. დემონსტრაციები მცირე ქალაქებში, მოსკოვის შემოგარენში, მოქალაქეები აპროტესტებენ მაგალითად სანაგვეების შექმნას. დიდ პოლიტიკას თითქოს არ უკავშირდება, მაგრამ შეხედეთ… ძირითადად მოსკოვიდან შედის ნაგავი მოსკოვის შემოგარენში.

საპრეზიდენტო ადმინისტრაცია უაღრესად შეშფოთებულია ასეთი პროტესტებით. ძალიან მარტივია, როდესაც ხალხი ითხოვს მაგალითად „დემოკრატია გვინდა“, ადგე და ეს დააბრალო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს. მაგრამ აი, როდესაც ნაგავს აპროტესტებენ, ეს ბევრად სახიფათოა. კრემლსაც აშინებს ასეთი პროტესტის სახეობა, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება და იმართება.

მიმაჩნია, რომ  ჩვენ მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც პუტინის მეოთხე ვადა, რომელიც უნდა ყოფილიყო სტაბილური თუ არა ძალზედ საამაყო, მივიდა წნეხის წერტილთან. სანქციები და ძირითადად ჩავარდნა საგარეო პოლიტიკაში არის ზეწოლა. „რუსალის“ შემდეგ ვინ იტყვის, რომ სანქციები არ ამართლებს? ძალიან კარგადაც ამართლებს და ჩანს კიდეც ეს. არის ერთი რამ, რაც აფიქრებინებს პუტინს, რომ იგი გადარჩება. თუ დატოვებს ოფისს და გადაწყვეტს, რომ აგარაკზე წავიდეს და ვარდები დარგოს. მაგრამ მგონი მან გამოტოვა ეს შანსი.

პუტინს ძალიან ცოტა წლები დარჩა მმართველობის. მე მივცემდი სამ-ოთხ წელს. უნდა დავიწყოთ პოსტ პუტინური პერიოდისთვის მზადება. თუ დასავლეთი იქნება გაჭედილი, რომ პუტინი სტაბილურობას ნიშნავს, გორბაჩოვის პერიოდში მოვხვდებით. ბევრს აქ ახსოვს, რაც მოხდა მაშინ. რუსული საზოგადოება, რომელიც ერთადერთი იქნება ვინც შეცვლის ქვეყანას, პირველი იქნება, რომელიც გაემზადება. ამავე დროს დასავლეთიც უნდა იყოს მზად, პუტინის ერას დასასრულისთვის.

როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში

უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა

2018-2019 წლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ოთხ პროგრამაზე:

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა – სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები – გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, სახელოვნებო პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

„ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას“.

სასტიპენდიო პროგრამებზე ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

 

ბულვარში ველობილიკის შეცვლაზე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო თანხა 1 763 113 ლარი იყო. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებული ველობილიკი ამორტიზებულია.

ბულვარის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე კომპანიას – „მონოლითი-2005“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა სთხოვა, თუმცა როგორც სატენდერო კომისიის 25 აპრილის ოქმშია აღნიშნული, კომპანიამ დოკუმენტაცია განსაზღვრულ დროში ელექტრონული ტენდერების გვერდზე არ ატვირთა. შესაბამისად, კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს და ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.

ველობილიკის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სასტუმრო „კემპინგიდან“ „აკვაპარკის“ ბოლომდე არსებული ბეტონის დეკორატიული ფილების აყრას და მის ნაცვლად 12 სმ სისქის პიგმენტური წითელი ფერის ბეტონის საფარის მოწყობას, ველობილიკის სხვა ნაწილები კი უნდა გაიწმინდოს და შეიღებოს. დაგეგმილია ველობილიკის ორივე მხარის მოპირკეთება ბაზალტის ბორდიურით, ხოლო გასასვლელები ველობილიკსა და პრომინატს შორის მოპირკეთდება ახალი ბეტონის დეკორატიული ფილებით.

“მადაგასკარის” აღსაზრდელებმა წიგნის დღე საყვარელ ლიტერატურასთან ერთად აღნიშნეს

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მსოფლიოში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, თუმცა ყველგან ერთი საერთო წესი არსებობს – იხსენებენ საყვარელ მწერლებსა და წიგნებს.

წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ბათუმში, ბაგა-ბაღ “მადაგასკარის” აღსაზრდელებმაც და ეს დღე საყვარელ წიგნებთან თუ ზღაპრის გმირებთან ერთად იზეიმეს.

რამდენი დევნილი ელოდება ბათუმში საცხოვრებელ ბინას

ბათუმში ამ ეტაპზე 229 დევნილი ოჯახი ელოდება საცხოვრებელი ბინის მიღებას. წლის ბოლომდე ტაბიძის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 164 ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა. დანარჩენ 65 ოჯახს კი შემდეგ ეტაპზე მისცემს სახელმწიფო ბინას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში სულ 1453 დევნილი ოჯახი ცხოვრობს [4495 ადამიანი]. ამათგან 498 ოჯახს ფულადი კომპენსაცია აქვს უკვე მიღებული, 722 ოჯახს – საცხოვრებელი ფართობი.

რის მიხედვით ნაწილდება საცხოვრებელი ფართობები დევნილებისთვის? – სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სპეციალური კომისია თითოეული ოჯახისთვის შესაბამისი კრიტერიუმების მინიჭების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წელს გამოცემული ბრძანებით არის განსაზღვრული.

„დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და  აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ასევე წერია, რომ არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც „დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.“

„ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა [ვიდეო]

ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა. ანსამბლმა უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში, ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ადგილობრივი, აჭარული სიმღერებიც შეასრულა.

„საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ხალხური აჭარული სიმღერებიც შევასრულეთ. განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა ჩვენს მიერ უკრაინულ ენაზე შესრულებულ „სულიკოს“, როგორც ფესტივალში მონაწილე ანსამბლს, ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომი გადმოგვეცა.

საინტერესო ფესტივალი იყო, სრულდებოდა, როგორც ხალხური, ასევე პროფესიული მუსიკა, მრავალფეროვანი პროგრამა მოვისმინეთ. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერების შემსრულებლებისთვის, ძალიან საინტერესო იყო საეკლესიო მუსიკის შესრულება და მოსმენა,“ – თქვა ანსამბლის ხელმძღვანელმა ირაკლი სირაბიძემ.

საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც  20-21 აპრილს უკრაინაში ჩატარდა, 30-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა. ფესტივალზე საქართველოდან ქართული გალობითა და ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერებით  მხოლოდ ანსამბლი „ელესა“ წარსდგა.

„ელესა“ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლია.

ბათუმის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამსართულიან შენობაში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი.

კორპუსი ადაპტირებული იქნება.

ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

შქერის ყვავილობა მტირალას ნაკრძალში

მტირალას პარკში აპრილი-ივნისი ენდემური მცენარეების, პონტოსა და უნგერნის შქერის ყვავილობის პერიოდია. ამ დროს იწყებენ ტურისტები მტირალას ტყის მონახულებას. პონტოსა და უნგერნის შქერის ყვავილებს ღია და მუქი ვარდისფერი, ხანაც იისფერი შეფერილობა აქვს.

უნგერნის შქერი, იგივე როდოდენდრონი (Rhododendron ungerni),  მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე მოყვავილე შქერი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა. შქერის ყვავილობა პარკის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ პერიოდად მიიჩნევა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მტირალას ჩანჩქერი / ფოტო: თამარ ნერგაძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ძველი წისქვილი და შქერის მოყვავილე ბუჩქები/ფოტო:მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: თამარ ნერგაძე
ძველი წისქვილის ხავსიანი სახურავი/ფოტო:მანანა ქველიაშვილი

 

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც იციან.

„შეიძლება ადამიანი სცემონ და არავინ დაიჭირონ?!  გამოძიება შეჩერებულია, ფაქტობრივად. იციან ყველა მონაწილე.

თავდასხმის ორგანიზატორი იყო მერიის ერთ-ერთი აიპის, ყინულის სასახლის დირექტორი, ვინმე დავითაძე, ძველი მოჭიდავე, რომელიც მუხრან ვახტანგაძის კადრია. მან შეკრიბა 12 მოჭიდავე. ეს არ იყო ხულიგნობა, როცა 12 სპორტსმენი გესხმის თავს და გცემს, არავინ იცის როგორ მოგხვდება ფეხი, ერთი დარტყმაც ჰყოფნის ადამიანს და მე ვთვლი, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა. ეს იყო მუხრან ვახტანგაძის დავალება და ეს მოხდა ჩემი გარდაცვლილი მეგობრის პანაშვიდზე, მიცვალებულის ეზოში დაგვესხნენ თავს. ჭირისუფალი რომ არა, ალბათ მოგვკლავდნენ. რომ ატყდა კივილი, დაგვანებეს თავი. ორი მეგობარი დაშავდა, ერთს თავი აქვს გატეხილი, მეორე ყავარჯნებით დადის, სამხარაულში გავიარეთ ექსპერტიზა და ხელისუფლება დუმს“.

ჯელალ ქიქავას თქმით, მას შს სამინისტროს კულუარებში უთხრეს, რომ თავდამსხმელებს ვერ დაიჭერენ, რადგან „მუხრან ვახტანგაძეზე გავლენ“.

„ვნახე კადრები, რომლებიც გადაიღეს ჩემმა მეგობრებმა, კერძო ვიდეოებია, როგორ გამოიქცნენ დანაშაულის ადგილიდან, ბოსტან-ბოსტან ირბინეს, რამდენი იყვნენ, რა მანქანაში ჩასხდნენ, როგორ მივიდა ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტულ სკოლაში, როგორ დახვდა იქ სამი პიროვნება შარვალ-კოსტიუმში… ეს ყველაფერი პოლიციამ იცის, საქმეში დევს ეს კადრები, მაგრამ წინ ვერ და არ მიდიან.“

შეკითხვაზე, ჩანს თუ არა ვიდეოკადრებში მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ არა და მან ინფორმაციის მოპოვება საკუთარი წყაროებით შეძლო:

„ის იყო იქ, კოორდინაციას უწევდა ამ თავდასხმას, უნომრო შავი „ბმვ“-თი იყო, უკანა ნომერი არ ჰქონდა მანქანას. ეს დავინახეთ. ჩვენით გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანი [გოდერძი დავითაძე] იყო ორგანიზატორი და იმყოფებოდა იქ.

თავდასხმის მიზეზი გახდა ის, რომ ვახტანგაძეს ვუწოდე ზონდერი. რასაც თვითონ აკეთებდა ახალგაზრდობაში, ახლა სხვას აკეთებინებს იმას. ესაა ორგანიზებული დაჯგუფება. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვების, მიჩივლონ. დამკვეთი არის ვახტანგაძე, ორგანიზებას უწევდა დავითაძე, მერიის აიპის უფროსი. იყო „ნაკოლშიკიც“, რომელმაც დაგვინახა და დაურეკა მას“, – ამბობს ჯელალ ქიქავა.

„ბათუმელები“ ა(ა)იპ ქ. ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორს, გოდერძი დავითაძეს დაუკავშირდა. ყინულის სასახლე სწორედ ამ ცენტრს ექვემდებარება. გოდერძი დავითაძე ყოფილი მოჭიდავე და საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი ამბობს, რომ მუხრან ვახტანგაძე მისი ნათესავია და ჯეჯალ ქიქავას ცემასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს:

„რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას.

საერთოდ მიცნობს სახეზე? ხუთი კაცი დააყენონ და ჰკითხონ აბა, რომელია გოდერძი, საერთოდ არ იცის ვინ ვარ და როგორ მადებს ხელს, არ შეიძლება ასეთ ცრუ ინფორმაციას დაუჯეროს ხალხმა. ყველას ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს. მან შეიძლება ყველას ასე შეურაცხყოფა მიაყენოს და ვერავინ ვერაფერი გაუბედოს და თუ ვინმე რამეს აკადრებს, ვისაც თვითონ აირჩევს, იმას უნდა დააბრალოს თურმე“, – ამბობს გოდერძი დავითაძე „ბათუმელებთან“.

შეკითხვაზე, დაკითხა თუ არა ის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ, გოდერძი დავითაძე პასუხობს: „არც დავუკითხივარ და ვფიქრობ, არც უნდა დამკითხონ, არაფერ შუაში არ ვარ და ვიღაც ჯელალ ქიქავას გამო სადმე რატომ უნდა ვირბინო.“

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, მუხრან ვახტანგაძეს დაუკავშირდა. „აბსურდულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – თქვა მან.

„ბათუმელები“ შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.

 

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა უკვე მეორედ დაიწყო

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. სამუშაოებს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სატენდერო თანხა კი 2 478 444 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.

ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მოცემული ეტაპისათვის კი, დაგეგმილია ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის [„გ“ და „დ“ კორპუსები] მშენებლობა და „ბ“ კორპუსის საძირკვლის მოწყობა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღეში [2019 წლის 28 მარტის ჩათვლით] უნდა დასრულდეს.

„იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

კუთვნილი თანხა არ მიუღიათ „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ დაქირავებულ მუშებსაც. „ეს ადამიანები ჩემთანაც იყვნენ მოსული. მე მათ ვუთხარი, რომ მიმართონ მერიას ან პროკურატურას. ხელშეკრულებით მე რაიმე დავალიანების დაფარვა არ მევალება. ჩვენი კომპანია აქ არაფერ შუაშია,“ – გვითხრა შპს „მტმ“-ის დირექტორმა, მევლუდ გეწაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას „მტმ“-ი გაწერილ დროში აუცილებლად შეასრულებს: „მშენებლობაზე ჩვენი კომპანია მუშაობს და ქვეკონტრაქტორი არ გვყავს. რაც შეეხება იქ უკვე შესრულებულ სამუშაოებს, რაც არის გაკეთებული, ხარისხიანადაა და ვაგრძელებთ მშენებლობას. პროექტში ერთადერთი ცვლილებაა მხოლოდ – თავდაპირველად არ ვიცი, რატომ მაგრამ, გამოყენებული იყო ლითონის კარკასული და მზიდი კონსტრუქციები, რაც ახლა შეიცვალა რკინაბეტონით“.

„იაფი სახლის“ აშენების შესახებ ბათუმის მერიამ 2014 წელს განაცხადა, თუმცა პროექტი დღემდე ვერ განახორციელა.

„ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან,“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმები ბათუმის მერიამ 2016 წელს „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ დახმარებით შეიმუშავა და მხოლოდ ერთი თვის წინ გაასაჯაროვა.

მერიის განმარტებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი [Affordable Housing] არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს აპლიკანტ ოჯახს, განსაზღვრულ პერიოდში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

შემუშავებული დოკუმენტით, პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლოს ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა ადეკვატური საცხოვრებლით სარგებლობა.

კრიტერიუმების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ:

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

 

 

ავარია ბათუმის ავტოსადგურთან [ფოტო]

დღეს, 25 აპრილს, ბათუმის ავტოსადგურთან ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: „ბათუმელები“

ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა საქართველოს საზღვრებზე

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და „წითელი ხიდი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის,  აზერბაიჯანის, საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეების ფიზიკური  დათვალიერებისას, 100 აბი ნარკოტიკული, 145 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, 5,87 გრამი მარიხუანა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი ვაზნით აღმოაჩინეს. შემთხვევები 21-22 აპრილს მოხდა, ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

შემოსავლების სამსახურის ცნობით,  17 აპრილს, სარფის საზღვარზე, აღიკვეთა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობა.  შემოსავლების სამსახურის  ნფორმაციით მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, მ.ვ-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს  (161,23 გრ.) და ვერცხლის (801,98 გრ.) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,854.30 ლარი შეადგინა. საქმის მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

ჯეიმს შერი: დღევანდელი რუსეთი ისეთი ძლიერი არაა, როგორც ის ჩანს

ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 97-ე სემინარზე მოხსენება ჰქონდა რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებულ მკვლევარს ჯეიმს შერის. მოხსენების თემა იყო „რუსეთი და მისი ახლო სამეზობლო“. მკვლევარმა იმ პროცესებზე ისაუბრა, რაც დღეს რუსეთის ირგვლივ ვითარდება, ასევე იმაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი მეზობლებს და ისტორიულ საზღვრებს.

ჯეიმს შერი:

„სად ვდგავართ ჩვენ რუსეთთან მიმართებაში? რასაც დღეს ვხედავთ, არის ინტეგრაცია პერსპექტივებს, შეხედულებებს შორის. პოლიტიკურ თუ სამხედრო უწყებებს შორის, რომელიც ჩვენ არ შეგვიმჩნევია მინიმუმ 35 წლის განმავლობაში.

როგორც ნატოს, ისე ევროპის გაფართოება, ფერადი რევოლუციები, რეჟიმის ცვლილებები – ყოველივე ეს არის აღქმული, როგორც დასავლური სტრატეგიები და საფრთხის შეფასება რუსეთის ფარგლებში, როგორც ანალიტიკური, ისე პოლიტიკური საზოგადოებების მიერ.

2012 წლის არჩევნების შემდგომ [პუტინმა] გაიმყარა თავისი ფუნქციები, განდევნა ხალხი, ვისაც სხვა შეხედულებები ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. ამას ასევე უნდა დავუმატოთ ის ფაქტორი, რომ გადაიარაღება სამხედრო შეიარაღებული ძალების თითქოს უბრუნდება იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს.

ნებისმიერ დასავლურ სისტემაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, საშიშროება ფასდება შესაძლებლობისა და მიზნების მიხედვით. რუსეთი ამას ასე არ აფასებს. რუსეთი ამას აფასებს სივრცის კონტროლისა და სიახლოვის მიხედვით. რუსეთისთვის თავდაცვის პერიმეტრი არის ვიღაც მეზობელი ქვეყნის გარე საზღვარი. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ისტორიული გამოცდილება თანაარსებობის, როგორც მეგობრული ქვეყნის. სხვებს ყოველთვის მოიაზრებს როგორც მტერს. ეს არის რეალობა და  საქართველოც ამ რეალობის ნაწილია და, უბრალოდ, იმის გადაწყვეტა, რომ ამის ნაწილი არ ხართ, არამართებულია.

დასავლეთში ჩვენ ვსაუბრობთ პირობებზე, ვსაუბრობთ ძალთა დაბალანსებაზე, ისევე როგორც მიუკერძოებლობაზე. რუსეთის სამხედრო სტრუქტურა არასდროს არ მიიჩნევდა ამას მნიშვნელოვნად. ყველას მიიჩნევს მტრად და მტრის წინააღმდეგ ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის რიტორიკული უწყებები ამბობენ, რომ მათ არანაირი უთანხმოება არ აქვთ ისტორიულ დასავლეთთან. რას გულისხმობენ ამით? ისინი გულისხმობენ რომის იმპერიის იქით დასავლეთს.

დასავლეთი დღეს სამხრეთით და აღმოსავლეთით გაფართოვდა, ვიდრე ის ისტორიული დასავლეთი იყო. და ახლა ჩვენ რასაც მიმოვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ, სამართლიან დასავლეთად, ამას არასამართლიანად მიიჩნევს რუსეთი.

რა არის ნატოს წრე? ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები არიან და პარტნიორები, რომლებიც ახლოს დგანან ალიანსთან, მაგრამ უშუალო წევრები არ არიან.

მაგრამ ასე ამას არ უყურებს რუსეთი. მათი გამყოფი ზოლი სწორედ იმ ძველ დასავლეთთან გადის და ახალ სახელმწიფოებს, რომლებიც შეუერთდნენ დასავლურ სამყაროს, რუსეთი მათ არ აღიარებს. განსაკუთრებით  ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს ქვეყნები რუსეთის მიერ აღქმულია რუსეთის ნაწილად.

ფიქრის საწყისი, რომ უკრაინა მათი მშობლიური მიწის გაგრძელებაა, ქმნის სწორედ ფუნდამენტურ დაძაბულობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. დღევანდელი რუსეთი ისეთი ძლიერი არაა, როგორც ის ჩანს. უკრაინა-მოლდოვა მაგალითით ეს ყველასთვის ნათელია. რუსეთის პოზიცია გახლავთ, რომ გააბუქონ თავიანთი სიძლიერე. არ ვამბობ, რომ სუსტია, მაგრამ მათ სისტემას არ აქვს მოქნილობა – აკლია მექანიზმები, რომლებიც ამ მოქნილობას შესძენდა. ფოლადის მსგავსადაა, თუ მეტისმეტ რკინას გაურევ, სტრუქტურას დაუშლი”.

ჯეიმს შერი, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარი.
Chatham House
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილ წყალთან მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება მოაწესრიგებს. მოსახლეობის თქმით, ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის თანხა ამიტომ გამოყვეს.

„წყალზე მოთხოვნა დიდია, არამარტო ადგილობრივი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან წყლის წასაღებად. წყალი რომ აავსო, მისასვლელი ბილიკიც კი არ არის, შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიას მოვაწესრიგებთ,  წყალთან მისასვლელი ბილიკი მოეწყობა, დამატებით კი რეზერვუარს დავაყენებთ, რომ დიდხანს არ მოუხდეთ ადამიანებს ლოდინი,“ – ამბობს მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე.

ბუთურაულის წყლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 750 ლარია გამოყოფილი, ამ თანხით წყლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა, გარე განათება, წყალთან მისასვლელი ბილიკისა და დაახლოებით ორტონიანი რეზერვუარის დაყენებაა დაგეგმილი. ამ მომსახურების განსახორციელებლად შუახევის მერიამ ტენდერი 35 750 ლარზე გუშინ, 24 აპრილს, გამოაცხადა.

მერის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც  ბუთურაულის წყლის სამკურნალო თვისებას ოფიციალურად დაადასტურებს, არ დასრულებულა და შესწავლა მიმდინარეობს. რუსუდან შავაძე იმასაც დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყლის სამედიცინო თვისებები ოფიციალურად დადასტურდება, წყალთან მისასვლელად შუახევის მერია საავტომობილო გზას გაიყვანს.

ამავე თემაზე:

ბუთურაულის წყლის ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა

 

შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება.

ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილოგრამი და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღო:

2 კილოგრამი და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილოგრამი და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

ძველი წიგნები და პრესა – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

24 აპრილს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ძველი წიგნებისა ჟურნალ-გაზეთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები და პრესა საუკუნეზე მეტი ხნისაა და მუზეუმის ბიბლიოთეკაშია დაცული.

„კვალი“, „ივერია“, ბათუმის გაზეთი“,  პრესა და ძველი წიგნები აჭარისა და ბათუმის შესახებ – ამ ყველაფრის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში 28 აპრილამდე შეგიძლიათ.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

მუზეუმის დირექტორი, ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური მასალების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოფენა შეძლეს ფართობის სიმცირის გამო:

„ჩვენს ბიბლიოთეკაში 65 000-მდე წიგნია დაცული, აქედან 20 ათასამდე გამოცემა შესაძლოა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ვერ იპოვოთ. სამწუხაროდ, არ გვყოფნის სივრცე, რომ ჩვენი ფონდიდან უფრო მეტი მასალა გამოგვეფინა.

გამოფენაზე ნახავთ გაზეთ „კვალის“ 1904 წელს გამოცემულ ნომერს, რომელიც მხოლოდ ჩვენთანაა დაცული.  უნიკალური გამოცემაა, მაგალითად, „ბათუმი და მისი შემოგარენი“ – რუსულენოვანი წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო ინფორმაციას შეიცავს; გამოცემა – „ბათუმი-ყარსის სარკინიგზო გზა“ – ერთადერთია, რომელიც ჩვენს მუზეუმში ინახება. ასევე, ქართული გამოცემა – „8 მარტი და აჭარელი ქალი“ – ერთადერთია.

ჩვენთან უნიკალური მასალაა დაცული. განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა ეს ჟურნალ გაზეთებზე. „გაზეთი ბათუმი“, „მათრახი“, „მეგობრობა“, „ბათუმის ხელი“ – ეს არის უნიკალური მასალა ნებისმიერი მკვლევარისთვის, რომელიც ბათუმის ისტორიაზე მუშაობს. ვერც ერთი მკვლევარი ვერ შეძლებდა მუშაობას ბათუმის ისტორიაზე, რომ არა ეს გაზეთები,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

 

 

ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ხუთმა პირმა სთხოვა რასობრივი დისკრიმინაციის დადგენა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შავკანიანი სტუდენტების სტადიონიდან გაძევების და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სტადიონიდან შავკანიანი სტუდენტების გაძევების შემდეგაც სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, რომ რასობრივი დიკრიმინაცია საქართველოში არ ხდება. არც გამოძიება დაწყებულა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და გრძელდება. სახალხო დამცველთან 2016 და 2017 წლებში რამდენიმე განცხადება შევიდა, სადაც ადამიანები რასობრივი, ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე საუბრობენ.

ამონარიდი სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების ჩამონათვალიდან:

„განმცხადებლის განმარტებით, ის და მისი და არიან ნიგერიელი ფერადკანიანი სტუდენტები, რომლებიც ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდნენ ბინაში, საიდანაც რასისტული მოტივებით გამოაძევა მეპატრონემ…“.

„განმცხადებელი, რომელიც არის მსჯავრდებული, მიუთითებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას…“

„განმცხადებელი არის ნიგერიის მოქალაქე, რომელიც ვერ სარგებლოს საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით, ასევე უარს ეუბნებიან საბანკო ანგარიშის გახსნაზე….“

„განმცხადებელი, რომელიც არის მსჯავრდებული, მიუთითებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას…“

„განმცხადებელი თვლის, რომ მისი შვილი სკოლაში გახდა რასის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან თანაკლასელმა მას რასისტული გამონათქვამით მიმართა…“

„განმცხადებელი მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში ადგილი აქვს მის მიმართ ეროვნების ნიშნით დისკრიმინაციას….“

„განმცხადებლის განმარტებით, მას მეზობლები ავიწროებენ და აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ არიან ერაყიდან. განმცხადებლის მითითებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათანადოდ არ რეაგირებენ…“

„განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მეზობლების მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია…“

„ამ შემთხვევებზე სახალხო დამცველს რასობრივი დისკრიმინაცია არ დაუდგენია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, პრობლემაა შესაბამისი მტკიცებულებების მოგროვება. კერძო პირებს არ აქვთ ვალდებულება, ინფორმაცია მოგვაწოდონ,“ – გვითხრა ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მხოლოდ საჯარო უწყებას აქვს. პარლამენტში შეტანილია ცვლილებების პაკეტი, რაც ამ კუთხით ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, კონკრეტულმა მოქალაქეებმა სახალხო დამცველს მიმართეს და თქვეს, რომ მათ მიმართ რასობრივ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რასობრივი დისკრიმინაცია ვერ დადგინდა.

„თუკი მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იწყება გამოძიება და ჩვენ ვადევნებთ თვალს გამოძიების პროცესს. ვცდილობთ გამორკვევას, რამდენად ახდენს გამოძიება სიძულვილის მოტივის გამოკვეთას, რა არის ტენდენცია და შემდეგ ამას ავსახავთ ანგარიშებში. როცა საქმეზე გამოძიება იწყება, ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ ვსწავლობთ საქმეს… რამდენიმე შემთხვევა რასობრივ დისკრიმინაციაზე სასამართლომ განიხილა და არ დადგინდა დისკრიმინაცია. როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, იქ აღარ ვერთვებით ჩვენ,“ – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რასობრივი დისკრიმინაცია არის ეროვნული, ან რასობრივი მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით ჩადენილი ქმედება, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული, ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი, ან არაპირდაპირი შეზღუდვა,  ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება“.

რასობრივი დისკრიმინაციისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იგი ამ თანამდებობაზე დროებით ინიშნება.

მირზა ცეცხლაძე რამდენიმე წელია სააგენტოში მუშაობს. იგი ამ დრომდე სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი იყო, უფრო ადრე კი -სააგენტოს იურისტი.

სააგენტოს დირექტორი ერთი კვირაა არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა ლაშა ასლანიშვილმა დატოვა.  

გასულ კვირას საზოგადოება „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მიმართა, ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შერჩევის საკითხში, რაზეც ზურაბ პატარაძემ განაცხადა,  რომ „ბათომს“ შეუძლია „არ ინერვიულოს“ და ამ პოსტზე შეირჩევა პროფესიონალი.

მსოფლიო ოლიმპიადა დანგრეული ქუჩებიდან 15 მეტრში – აქ ასფალტის დაგება არ იგეგმება

ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები კარგა ხანია შეიცვალა, ქუჩები დღემდე მოუწესრიგებელია. ქალაქის მერია სექტემბრამდე ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების იმ ნაწილს სრულად მოაწესრიგებს, რომელიც ყინულის სასახლეს ესაზღვრება, ხოლო ამ ქუჩების დარჩენილი ნაწილზე სამუშაოები გაგრძელდება. ასათიანის ქუჩის მიმდებარე ჩიხების მოწესრიგებისთვის კი, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თანხა არ აქვთ.

ყინულის სასახლისა და იქვე არსებული სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიამ თანხა მხოლოდ იმიტომ „მოიძია“, რომ აქ მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს.

მსოფლიო ოლიმპიადა კი ამ ტერიტორიაზე ტარდება იმიტომ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასწრებდა იმ ნაგებობის აშენებას ლეონიძის ქუჩაზე, სადაც ოლიმპიადის ჩატარება იყო დაგეგმილი.

რომ არა ასეთი „ფორსმაჟორი“, ბათუმის მერიას არც ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩის მონაკვეთებისა თუ სხვა ადგილების მოწესრიგება ჰქონდა გეგმაში. ოლიმპიადის გამო კი, ამ დროისთვის ჯამში 6 779 937 ლარის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

„ამ ეტაპზე ლადო ასათიანის ქუჩის მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობა არ იგეგმება. ამ ქუჩების მოწესრიგება შესაბამისი თანხის მოძიების შემდეგ დაიწყება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ „აქ აბონენტების დაერთება კანალიზაციის ახალ ქსელზე ამ დრომდე გრძელდება და ზაფხულამდე დასრულდება“.

მოიძიებს თუ არა ბათუმის  მერია „ოლიმპიადის ადგილის“ მიმდებარე ქუჩების მოწესრიგებისთვის თანხას და გაკეთდება თუ არა ეს ქუჩები შემოდგომამდე მაინც? – მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამუშაოებისთვის თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ქუჩები ამ უბანში ეტაპობრივად გაკეთდება.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა.

ლადო ასათიანისა და მიმდებარე ქუჩები ბათუმში, ყინულის სასახლესთან, სადაც 4 თვეში საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს:
უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018
უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018
უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018
უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018

 

ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ  საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა.

„ერთი არის ის, რომ თავად მოიძიონ ინვესტორები და ჩვენ ამაში დავეხმარებით. მეორე ვარიანტია ალტერნატიული ფართობების შეთავაზება ამ ოჯახებისთვის და ტერიტორია, სადაც იყო ხანძარი, გადმოვა მერიის საკუთრებაში. მესამე ვარიანტია ფულადი კომპენსაციის შეფასება და მისი ანაზღაურება. ეს თანხა ბათუმის მერიის სარეზერვო ფონდიდან ანაზღაურდება,“ – გვითხრა თენგიზ პეტრიძემ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ 8 ოჯახი დაზარალდა. ისინი გუშინ საღამოს დროებით სხვადასხვა სასტუმროში მოათავსეს. ბათუმის ვიცე-მერი ამბობს, რომ ქირით ოჯახებს უახლოეს დღეებში გადაიყვანებენ, როცა შესაბამისი ბინები მოიძებნება. ბათუმის მერია ერთ ბინაში დაახლოებით 300 დოლარის გადახდას აპირებს.

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის გადასასვლელთან [ფოტო]

 

 შსს: დანაშაულის დაფარვისთვის სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით კი, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სანქციები მკაცრდება, პარლამენტში შსს-ს მიერაა ინიცირებული.

„კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით. კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.“ – აცხადებს შსს.

შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. სამინისტროს განცხადებით, „საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ“.

ბათუმის ვიცე-მერი: მერია ხანძრით დაზარალებულებს ქირით გადაიყვანს

ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩენილი ხანძრის ადგილას მივიდა. ვიცე-მერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ოჯახია დაზარალებული, მაგრამ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია ქირით საცხოვრებელ ფართობებში გადაიყვანს.

„შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან და მუშაობენ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დამწვარი… ჩვენ ველოდებით ზუსტ აღწერას. ამ ეტაპზე  ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ხანძარი, ან ზუსტად რამდენი ოჯახია დაზარალებული. პირველ რიგში, ჩვენ დაზარალებულ ადამიანებს გადავიყვანთ ქირით საცხოვრებელ ფართებში. შემდეგ მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ ზიანის შესწავლა,“ – თქვა თენგიზ პეტრიძემ.

ირაკლი თოიძის, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის თქმით, შეტყობინება ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში 24 აპრილს, 18:40 საათზე შევიდა: „დაახლოებით 18 საათსა და 43 წუთზე სახანძრო ეკიპაჟები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. დამწვარია მთლიანად 2 სახლი, ხოლო 2 სახლის – სახურავი. მთლიანად 450 კვადრატული მეტრია დამწვარი.“

ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ერთი მეხანძრე რეფერალურ, ხოლო ორი მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე ჯერ ისევ კვამლია.

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის გადასასვლელთან [ფოტო]

 

 

 

ინტოქსიკაციით და სტრესის გამო საავადმყოფოში სამი ადამიანია გადაყვანილი – ხანძარი ბათუმში

ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში  ხანძრის გამო ამ დროისთვის ერთი მეხანძრე რეფერალურ, ხოლო ორი მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„მათ უტარდებათ შესაბამისი პროცედურები.  ხანძრის შედეგად დამწვრობა არც ერთს არ აღენიშნება. მეხანძრეს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს, ერთ მოქალაქეს სტრესის ფონზე აქვს მაღალი წნევა, მეორეს კი – შაქარი.“ – გვითხრა ლელა სურმანიძემ.

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფიც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.

მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

კამპანიას – ,,გარემოს გულისთვის“  ქედის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.

გარემოს გულისთვის შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful ინსპირაციით
„გარემოს გულისთვის“ შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful-ის ინსპირაციით

აქციას ქედის მერი ლევან გორგილაძე შეუერთდა და დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში, ლაფანისა და მუხის დეკორატიული ხეების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქცია.

კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით. წლევანდელი წლის გზავნილი კი მსოფლიოს მობილიზებაა პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად.

გარემოს გულისთვის შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful (შეინარჩუნე ამერიკის სილამაზე) ინსპირაციით, რომელიც აშშ-ში 1953 წლიდან ხორციელდება და მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგად ზრუნავს ქვეყნის სისუფთავესა და სილამაზეზე.

ვინაიდან, კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია გახდეს გარემოს გულითადი ელჩი და კამპანიაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, პარკში პატრონაჟი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (ქედა ლიდერმა) აიღო, რაც გამოიხატება ტერიტორიის სისუფთავის მონიტორინგში და საჭიროებისამებრ დასუფთავების აქტივობების განმეორებაში.

შემდგომ მოვლაზე პასუხისმგებლობა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (ქედა ლიდერმა) აიღო
პარკის შემდგომ მოვლაზე პასუხისმგებლობა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (ქედა ლიდერმა) აიღო

ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კვირეულის ფარგლებში, ქედის მერიის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის ჯაიმელას ხიდზე საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

ა(ა)იპ ქედის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ვაჟა ფარტენაძემ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად თვითმმართველობის მოხელეები მონაწილეობდნენ.

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის გადასასვლელთან [ფოტო]

ხანძარი ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი.

ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ხანძარი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

სასწრაფო: ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. „ძირითადად ემოციური ფონის გამო ესაჭიროება მოსახლეობას დახმარება, დაშავებულები არ არიან“ – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. ხანძრის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება.

ხანძარი ბათუმში, „მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან“ ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.

თვალი ადევნეთ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვას შემთხვევის ადგილიდან. 

Exit mobile version