სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები მორიგეობას იწყებენ

ზღვისპირა სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დღეიდან დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა ტურისტული სეზონის დადგომას უკავშირდება.

„ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს“.

სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ასევე განთავსდება მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც.
„ამ დროისთვის ქალაქს სულ 16 ბრიგადა ემსახურება“.

აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.
 

როგორ შეგიძლიათ გაერთოთ ბათუმის ლუდის ფესტივალზე

ლუდის ფესტივალი ბათუმში 7 ივლისს, ბათუმის საზაფხულო თეატრთან, 12 საათზე დაიწყება. ცივი, გემრიელი ლუდის გარდა აქ მთელი დღის განმავლობაში საინტერესო გასართობი პროგრამა, სასიამოვნო მუსიკა და სახალისო აქტივობები გელით.

დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ადგილობრივი ბენდები:

  • Soundlab
  • პაატა ძიძიგური (მელომანიაკი)
  • Free Space Band
  • Road Radio (ბსუ)
  • Pacific (ბსუ)
  • ნერვოზი (ბსუ)
  • დიჯეები: ლაშა გურული, Chicki და რეზი

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დასვენება იქნება შესაძლებელი. ბავშვებისთვის მოწყობილ სპეციალურ კუთხეში პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. სამაგიდო თამაშების კლუბი „Tsibakha Game Club“ კი საინტერესო თამაშებს ზრდასრულებს შესთავაზებს.

ფესტივალზე ასევე, იქნება სპეციალური საფეხბურთო სივრცე, სადაც სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ.

ფესტივალზე მხოლოდ ქართული ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

ლუდის ფესტივალის მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. ფესტივალიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ორი წელია მძიმე დაავადებას ებრძვის.

ბათუმის ლუდის ფესტივალი გვანცა დიასამიძის მეგობრების ორგანიზებით იმართება. მისი მთავარი სპონსორები არიან ლუდი „აისი“, „არაგველი“, „შავი ლომი“, ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“.

[yellow_box]გაიგე უფრო მეტი ბათუმის ლუდის ფესტივალზე[/yellow_box]

ერთი ბოთლი კონიაკის ქურდობის ამბავი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დავით ა.-ს და სვეტლანა ვ.-ს ჯგუფურ ქურდობას ედავება გამოძიება. წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს, 27 ივნისს, ჩაატარა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხულოს ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან პირველი აპრილის ღამეს ერთი ბოთლი კონიაკი მოიპარეს.

იმავე ღამით გორგილაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან ბრალდებულებმა სახის კრემი და ჰიგიენური ნივთები მოიპარეს.

პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, კონიაკი დაახლოებით 40 ლარი ღირდა, სახის კრემი – 60 ლარი. ქურდობის ფაქტები ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

“რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ ვცნობთ,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა სვეტლანა ვ.-მ.

თავს დამნაშავედ მიიჩნევს მეორე ბრალდებულიც. ისინი მეგობრები არიან.

ამ საქმეზე არავინ დაიკითხება, რადგან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

ბრალდებულებს სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მოლაპარაკების პროცესი პროკურატურასთან უკვე დაწყებულია.

ჯგუფური ქურდობა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი უკომენტაროდ დატოვა. ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.

 

 

სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს, რომ 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება.

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC), რამდენიმე დღის წინ ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.

NCDC-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. 

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის.

ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. 

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

  •  ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასთუ ეს აუცილებელიამაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. გარდა ალკოჰოლისტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • მიიღეთ გრილი შხაპი ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.

  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებშიხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღებათუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდასასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  •  თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანი  ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გადადით შემდეგ ბმულზე:

როგორ დავიცვათ ბავშვები ცხელ ამინდში და სხვა საზაფხულო რეკომენდაციები

 

ბრალდებული: ცოლს ბინის ქირის გადახდას ვთხოვდი და მაშინ დავარტყი

ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევას ბათუმში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა ამირან ა.-მ სახეში გაარტყა ხელი ცოლს 4 წლის შვილის თვალწინ.

პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოლთან კონფლიქტი ბინის ქირის გამო ჰქონდა.

„აჭარის მაღალმთიანეთიდან ვარ. 5 წლის წინ მოვიყვანე ცოლი და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. სულ მე ვიხდიდი ბინის ფულს… მე ტაქსისტი ვარ, ცოლი არსად მუშაობს.

იმ დღეს მოვთხოვე, ერთი თვის ბინის ფული დედაშენმა გადაგვიხადოს-მეთქი, უარი მითხრა და ამაზე მოგვივიდა კონფლიქტი. ჯერ სიტყვიერად შევკამათდით, მერე სახეში დავარტყი, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. პოლიციაში მეზობლის ქალმა დარეკა,“ – გვითხრა ბრალდებულმა.

მოსამართლე ამ საქმეზე მეზობლის და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვერ მოისმენს – დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უდავოდ მიიჩნევს, დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა.

ადვოკატის, ზვიად მარკოიძის თქმით, სასამართლოს უკვე ჩაბარდა ნაცემი ქალის წერილი.

„ის წერს, რომ ქმარს უკვე შეურიგდა. ქალი რუსეთის მოქალაქეა და აქ სხვა არავინ ჰყავს, მას არ უნდა, რომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდონ,“ – ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარის მოთხოვნით, მოსამართლე მხოლოდ დაზარალებული ქალის ჩვენებას მოისმენს.

საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ მას სხეულის მსუბუქი დაზიანება ჰქონდა ჯანმრთელობის მოუშლელად.

ბრალდებული ამირან ა. ბრალს სრულად აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საგამოძიებო სამსახური: უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ქედის მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

„საწარმოს ხელმძღვანელმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი“.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტარდება ღონისძიება აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი 25 ივნისს დააკავეს.

გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის

გონიოში, პლაჟის გასწვრივ მდებარე 4662 კვ/მ მიწის ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე სასტუმროს აშენების პირობით ყიდის. სამინისტროს 1 კვ/მ მიწა აქ 422,5 ლარად აქვს შეფასებული, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი 1 970 000 ლარია, ბიჯი კი 40 ათასი ლარი.

ქონების მყიდველი, აუქციონის პირობების მიხედვით, ვალდებულია:

[checklist]

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის [სადაც განთავსდება არანაკლებ 100 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი, ღია და დახურული საცურაო აუზი, კვების ობიექტები, მინი აკვა-პარკი] მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 თვის ვადაში მშენებლობის დაწყება და 24 თვის ვადაში დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში სასტუმრო კომპლექსის ამოქმედება;
  • სასტუმრო კომპლექსის პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით;
  • სასტუმრო კომპლექსის ამოქმედებიდან 1 ერთი თვის ვადაში მუდმივად, პროფილის შენარჩუნების ვადით არანაკლებ 60  მოქალაქის დასაქმება;
  • არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

[/checklist]

აუქციონი 2018 წლის 4 ივლისს დასრულდება.

საპრივატიზებო საფასურს [„ბე“-ს გარდა, რომელიც გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან 30 დღის ვადაში] ქონების მყიდველი გადაიხდის შემდეგნაირად:

  • დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის 30%-ს – არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკმბრამდე;
  • დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის 30%-ს – არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისამდე;
  • დარჩენილ საპრივატიზებო საფასურს სრულად – არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრამდე;
გასაყიდი ნაკვეთი გონიოში / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

შემოღობილი ტროტუარი გორგასლის ქუჩაზე

ბათუმში, ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, რესტორმა „იკრამ“ ტროტურზე სავალი ნაწილი ხის ღობით შემოსაზღვრა.

გადაკეტილი ტროტუარის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, ველობილიკზე გაიარონ.

ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, ეკონომიკური საქმიანობის, ნებართვების განყოფილების უფროსი, თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რესტორან „იკრას“ ტროტუარის შემოღობვაზე ნებართვა მერიისგან არ აქვს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგიზ მესხიძე კი ამბობს, რომ შემოღობილი ტროტუარი ჯერ არ უნახავს.

შემოღობილი ტროტუარი გორგასალისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში.
მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ მეპატრონეს ტროტუარის შემოღობვაზე ნებართვა მიცემული არ აქვს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

აჭარაში ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27-28 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27  – 32  გრადუსი  
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26  გრადუსი 
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25,5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

__________________

მთავარ ფოტოზე: მზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ბათუმის მერიას აღარ აქვს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სხვა სამსახურების მიერ გაცემულ ნებართვებზე, სანებართვო პირობების შესრულებასა და უნებართვო მშენებლობების კონტროლზე იყო პასუხისმგებელი.

ამ სამსახურში გაერთიანებული განყოფილებები მერიაში დაწყებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. შედეგად საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება კი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს დაექვემდებარა. ეს განყოფილება, ძირითადად, გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების საკითხებს უწევს ზედამხედველობას.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი იყო ის, რომ ნებართვის გამცემი თავადვე ყოფილიყო კონტროლზე პასუხისმგებელი.

„…თუ მე გავცემ სახლის მშენებლობის ნებართვას, მევე უნდა ვიყო პასუხისმგებელი. ზედამხედველობის განყოფილება ვეღარ იტყვის, რომ რაღაც გამოეპარა. ერთი სამსახურის შიგნით მოხდება, როგორც ნებართვის გაცემა მშენებლობაზე, ასევე მისი აღსრულების კონტროლიც. ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის, გაცილებით ადვილია პროცესები მოექცეს ერთ ვერტიკალში  და აღარ არის ერთმანეთზე ხელის გაშვერა და გადაბრალება“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

ქონების მართვისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მერიას კონკურსი არ გამოუცხადებია, ეს თანამდებობა გოგა ლომაძემ შეინარჩუნა.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური კი მათ შორისაა, რომლის ხელმძღვანელიც მერმა არ დანიშნა და ამ ვაკანტური თანამდებობის შესავსებად კონკურსი გამოაცხადა, კონკურსის ორი ეტაპი უკვე დასრულდა.

შედეგების მიხედვით, რაც უკვე გამოქვეყნდა, შესაძლოა ამ სამსახურის უფროსის თანამდებობა მირიან მეტრეველმა დაიკავოს. აქამდე ის ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელი იყო. მირიან მეტრეველი ერთადერთია, ვინც კონკურსში ამ თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობს და მას კონკურენტი არ ჰყავს. მან გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად ქულების საჭირო რაოდენობა მოაგროვა და ახლა თავი საკონკურსო კომისიას უნდა მოაწონოს.

მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მერიაში ახალი მერის მისვლისა და სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ახალაძის წასვლის შემდეგ მუშაობს. მანამდე ის ამავე სამსახურში უფროსის მოადგილე იყო და ქალაქის მთავარი არქიტექტორის ფუნქციასაც ითავსებდა. შესაბამისად, ისიც არის პასუხისმგებელი წინა მერის, გიორგი ერმაკოვის დროს გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, თუმცა ის გადაწყვეტილების მიმღები არ ყოფილა.

 

 

ძველ ბათუმში ავტომანქანა ტურისტ ქალს დაეჯახა

დღეს, 26 ივნისს, ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ავტომანქანა ტურისტ ქალს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, საშუალო ასაკის ქალს ფეხი აქვს მოტეხილი.

დაშავებული ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ – გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება.

სკოლადამთავრებულებისთვის ატესტატების გაცემა დაიწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება უკვე შეუძლიათ.

„მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ,“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა.

განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის – 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა. ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

მანანა რატიანი: ბევრი პედაგოგი სქემაზე ისე მსჯელობს, რომ წაკითხული საერთოდ არ აქვს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას კვლავ განიხილავენ პედაგოგები აქტიურად. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ „სქემამ აზრი დაკარგა“, „მასწავლებელი დააშორა მოსწავლეს“. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის საჭიროა. რამდენად არგუმენტირებულია პედაგოგების პრეტენზიები? – „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს.

ქალბატონო მანანა, რაში ეთანხმებით და რაში არა იმ პედაგოგებს, ვინც სქემას აკრიტიკებს?

სქემით გათვალისწინებული მოთხოვნები პედაგოგებს გარკვეულ კალაპოტში სვამს. მასწავლებლებისგან არის მესიჯები, რომ „ჩვენ ბავშვებისთვის აღარ გვცალია“, რაშიც საერთოდ ვერ დავეთანხმები – ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი აკეთებს, იქნება ეს სოციალური თუ სასწავლო, ყველაფერს აკეთებს ბავშვებთან ერთად, მათ უვითარებს სხვადასხვა კომპეტენციას.

მასწავლებელი იმიტომ დადის ტრენინგზე და კომპეტენციებს ივითარებს, რომ უკეთესი გაკვეთილი ჩაატაროს. კონფერენციაზეც იმიტომ დადის, რომ სხვებსაც მოუსმინოს და თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

ანუ მათი პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია?

თუ მასწავლებელს უნდა წინსვლა, ამ შემთხვევაში ასრულებს ვალდებულებებს. თუ ფიქრობს, რომ წინ არ უნდა წავიდეს, შეუძლია არ ჩაერთოს აქტივობებში, რადგან პრაქტიკოს მასწავლებელს არანაირი საფრთხე არ ელის, თუკი არაფერს არ გააკეთებს. ხელფასიც ექნება 405 ლარი. თუ მასწავლებელს მიაჩნია, რომ მეტს იმსახურებს, მაშინ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ სტატუსს იმსახურებს. ეს არის ის მოთხოვნები, რასაც სახელმწიფო უყენებს, მოსწავლეების აკადემიურ წარმატებასთან, თანამშრომლობასთან და მის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

მოთხოვნები იმდენად მრავალფეროვანია, რომ  არ შეიძლება მასწავლებელმა თავისი საქმიანობა არ შეუხამოს. ვადები აღარ არის სქემაში, რაც პირველ ვერსიაში იყო, ამიტომ ვერ ჩავთვლით, რომ მასწავლებელი სტრესულ პირობებშია ამის გამო. კიდევ ერთი, რაც მხვდება არის ის, რომ არასწორ ინტერპრეტაციას აქვს ადგილი.

რას გულისხმობთ?

ვიღაცის მითქმა-მოთქმას უფრო უჯერებენ. ის, რომ თვითონ აიღონ ეს სქემა, წაიკითხონ დეტალურად და იქ მოძებნონ პასუხი, ამას ბევრი არ აკეთებს და იწყებს ამაზე მსჯელობას ისე, რომ თავად წაკითხული არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომუნიკაცია ვცადეთ პირად შეხვედრებზე, გავაკეთეთ გზამკვლევები, ფასილიტატორებს ტრენინგები ჩავუტარეთ, ვიდეო ინსტრუქციები მოვამზადეთ, ყველანაირი საშუალებით ვცდილობთ მათთან კომუნიკაციას, არის ნაწილი პედაგოგების, რომლებიც ამბობენ: „იცით, ასე მითხრეს და მართლა ასეა?“ შესაბამისად, ამ პედაგოგებს ვურჩევთ 50-გვერდიანი დოკუმენტი აიღონ და წაიკითხონ, ვიდრე დასვან ეს კითხვა.

ფეისბუქში კომენტარებში მასწავლებლები ხშირად წერენ თავიანთ ბევრ შრომაზე, რაც საერთოდ არ აისახება თუნდაც მათ ფინანსურ მხარეზე. ფაქტია, პედაგოგები უკმაყოფილო არიან ანაზღაურებით. ფიქრობთ თუ არა, რომ მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს?

ერთი მხრივ, სწორია, რასაც მასწავლებლები ამბობენ – უნდა გაიზარდოს ანაზღაურება. თუმცა აუცილებელია ისიც, რომ მათ ჯეროვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქციები.

ნელ-ნელა ეს პროცესები ჩადგება კალაპოტში და მასწავლებლები ამ სქემის დადებითსაც დაინახავენ. საერთაშორისო შეფასებებში ცალსახად გამოიკვეთა, რომ რაც უფრო მაღალია მასწავლებლის სტატუსი, მით უკეთეს  აკადემიურ შედეგებს და ქულებს იღებენ მოსწავლეები შეფასებებში. ასე რომ, პირველ რიგში, გვინდა ეს ყველაფერი მოსწავლეებზე აისახოს, შემდეგ კი მასწავლებლების კეთილდღეობაც მნიშვნელოვანია.

მასწავლებლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ  სქემით გათვალისწინებული სამოდელო გაკვეთილები ერთჯერადი შოუა, ფორმალობაა და რეალურად ვერ ცვლის განათლების ხარისხს. მაშინ რა არის ამ გაკვეთილების მომზადების მიზანი?

ეს გაკვეთილები არ აჩვენებს იმას, მასწავლებელი ყოველდღიურობაში ასე იქცევა თუ არა. ეს აჩვენებს, მასწავლებელს შეუძლია თუ არა სათანადო მოთხოვნებით ჩაატაროს გაკვეთილი. ყოველდღიურად თუ არ ატარებს სათანადო გაკვეთილებს, ეს უკვე სკოლის ვალდებულებაა, რადგან სასწავლო პროცესზე სკოლის დირექციაა პასუხისმგებელი.

ეს არის მცდელობა, რომ მასწავლებლების ყოველდღიურობა შეიცვალოს და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გახდეს ბევრად უფრო აქტიური. მოკლევადიანი ეფექტებით თუ შევაფასებთ სქემას, არასწორი ვიქნებით. აქ მნიშვნელოვანია დროში დაკვირვება, დინამიკა და ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სქემამ უკეთესად იფუნქციონიროს.

განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელებთან“ სქემაზე საუბრისას თქვა, რომ ხარვეზია, როცა 70 წლის და 30 წლის მასწავლებელს ერთნაირ მოთხოვნებს უყენებ პროფესიული განვითარებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

არჩევანი აქტივობების არის ძალიან ფართო. შესაბამისად, თუკი მასწავლებელი უფრო გამოცდილია, ბევრად უფრო ადვილად გააკეთებს სამოდელო გაკვეთილებს. ასაკობრივად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვნახოთ, რომელი ასაკობრივი ჯგუფი რომელ აქტივობებს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ და თვის ბოლოს გვექნება მზად, საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა.

კრედიტებთან დაკავშირებით ხომ არ იგეგმება ცვლილება?

ამ ეტაპზე ცვლილება აქტივობებს ნაკლებად შეეხება, თუმცა ერთი კრედიტი, რომელსაც მასწავლებელი საგნობრივი და ზოგადი პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად იღებდა, მომავალი სასწავლო წლიდან სავალდებულო აღარ იქნება. დანარჩენი კრედიტების დაგროვება ისევ ძალაში რჩება.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.]

ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა: მოსამზადებელი, მიწის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის პირველი დონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ელემენტების მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტების [სვეტები, კოჭები] მოწყობის სამუშაოები და დასრულების პროცესშია ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ჰორიზონტალური ელემენტების [გადახურვის ფილა] მოწყობის სამუშაოები“.

ამავე ოქმის მიხედვით, „მშენებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული არსებითი ხარვეზების თაობაზე არგუმენტირებული ანგარიში შესწავლილი იქნა უშუალოდ შპს „სტადიონის“ მიერ და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების მიღების მიზნით გადაეგზავნა საპროექტო ორგანიზაციას“. კომპანიაში გვითხრეს, რომ საპროექტო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში სამხარაულის ეროვნული ბიუროა. რა ცვლილებები შევა პროექტში, ჯერ უცნობია.

აქედან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ მომსახურების ფასი, რაც უნდა გასწიოს ტექნიკურმა ზედამხედველმა, უკვე იქნება გაცილებით ნაკლები, ამიტომ სატენდერო დოკუმენტაცია ხელახლა უნდა დამუშავდეს. შეიცვლება მომსახურების შინაარსიც. შესაბამისად, ტენდერი სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველზე ხელახლა გამოცხადდება. ეს კი დამატებით დროს მოითხოვს, ამ დროში კი მშენებლობის ზედამხედველობას კვლავ „სტადიონის“ თანამშრომლები გააგრძელებენ.

ამ თანამშრომლებს კი, როგორც „სტადიონის“ დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, „შემდეგ ეტაპზე  გაუჭირდებათ ზედამხედველობა. შემდეგი ეტაპი იქნება უფრო რთული საინჟინრო თემები, გადახურვები და ა.შ. გვინდა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადავწყვიტოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ან უნდა შეირჩეს რომელიმე კომპანია, ან … ღიად ვერ დავტოვებთ ვერანაირად“.

საფეხბურთო სტადიონის ტექნიკური ზედამხედველობისთვის ყველაზე ნაკლები თანხა – 2 მილიონ 847 ათასი ლარი „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული. კომპანია ჯერ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს, შემდეგ კი დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანიამ დავების საბჭოსაც მიმართა, თუმცა სატენდერო კომისიამ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად, ტენდერის შეწყვეტამდე ორი დღით ადრე, დაადგინა, რომ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ სპეციალისტს არ გააჩნდა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელიც ტენდერის პირობით იყო მოთხოვნილი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ

 

„ნეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ!” – მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო

მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მისი ერთადერთი შვილი კი საპატიმროში უკვე მეორედ აღმოჩნდა, ასე დარჩა 82 წლის მოხუცი, მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო. გლაუკომა და კატარაქტა ერთდროულად დაემართა, დაავადებები ოპერაციებს არ ექვემდებარება.

პირველი ჯგუფის ინვალიდია, პენსიას აგროვებს და შვილს საპატიმროში უგზავნის. ამბობს, რომ ციხემდე ვერ მიდის მის მოსანახულებლად და მშობლის მოვალეობას ასე იხდის.

„ტელეფონზე საუბრისას ვგრძნობ, რა მდგომარეობაშიცაა ჩემი შვილი ოთხ კედელში გამოკეტილი, პენსიის 60 %-ს მას ვუგზავნი. შვილმა რაც არ უნდა დააშავოს, მაინც შვილია და პატიობ. რა თანხაც მრჩება, ის საჭმლისთვის ძლივს მყოფნის, ვერ ვხედავ პროდუქტს, ცხელ სადილს ვერ ვამზადებ. მშრალ საკვებზე ვარ ძირითადად. ადრე სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს, მაშინ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვიყავი, ახლა პირველი გავმხდარვარ, იქნებ ახლა მაინც მომანიჭონ დაუცველის სტატუსი და დამეხმარონ. შარშან ზამთარს გათბობის გარეშე გავუძელი, ახლა რომ ვფიქრობ როგორ, ძალიან მიკვირს. მომავალ ზამთარს ასე ვეღარ გადავიტან. ვერ გავძლებ დახმარების გარეშე. 82 წლის კაცს მეტი რაღა უნდა მომივიდეს, ნეტა მომანიჭონ ეს სოციალური დაუცველის სტატუსი თუ რაცაა”.

მეორე სურვილიც აქვს, – ისევ შეძლოს შვილთან ერთად ცხოვრება. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ მას პატიმარი შვილის შეწყალებისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვებაში დაეხმარა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მოხუცს ახლა ისღა დარჩენია, წლების გასვლას ელოდოს, რომ შვილი დაუბრუნდეს.

„ჩემი უიმედო მდგომარეობა ნაწილობრივ ფონდმა აფხაზინტერკონტმა შემოაბრუნა, არც ერთი დღე არ არის მათი მზრუნველობისა და ზედამხედველობის გარეშე,“ – ამბობს პატიმრის მამა. – „გარდა იურიდიული დახმარებისა, დიდი რაოდენობის სურსათით, მედიკამენტებით მომამარაგეს, ასეთი ყურადღებიანი ხალხი დიდი ხანია არ შემხვედრია, ყველაფრით მეხმარებიან, რითაც ადამიანი შეიძლება ადამიანს დაეხმაროს,“ – გვიყვება მოხუცი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ფონდის, „აფხაზინტერკონტის“ საქმიანობის შესახებ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ რეგიონში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“.

პატიმრის მამა გვეუბნება, რომ ერთადერთი, რაც გააჩნია, საცხოვრებელი სახლია, თუმცა მხოლოდ თავშესაფარი ყოველდღიური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. მარტო დარჩენილ მოხუცს ნათესავებისგან ვერავინ ეხმარება. როგორც გვეუბნება, ყოველდღიური საჭიროებებისთვის ვერც ვერავის დაავალდებულებს და ოცნებობს მომვლელი ჰყავდეს.

„თუ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ მისცემენ სოციალურად დაუცველის სტატუსს, მაშ ვის უნდა დაეხმარონ. არ ვიცი უარესი რა შეიძლება დამემართოს,“ – ამბობს მოხუცი და სოციალური დაცვის სააგენტოდან წარმომადგენელს ელის.

„ოცნება“ – სოციალურად დაუცველად იქცეს, ჯერ ისევ შორეული პერსპექტივაა, ისევე როგორც შვილის გათავისუფლება. შვილის, რომელმაც საპატიმროში კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაატაროს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

 

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფში, ბათუმის პორტსა და აეროპორტში

20-22 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ბათუმის პორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 55 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი და 3.59 გრამი ,,მარიხუანა“ აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კიდევ ერთი რესტორანი პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ

შპს „რესტამ“ ბათუმის პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, რესტორანი ააშენა რკინის კონსტრუქციითა და ე.წ. სენდვიჩპანელებით. რესტორანს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. ერთ-ერთი მეპატრონის თქმით, კომპანიამ იჯარით აიღო ტერიტორია პრომინადიდან ზღვამდე. დაკავებული ტერიტორიის ნაწილზე რესტორანი ააშენა, ნაწილზე კი საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას პლაჟზე 1386 კვადრატული მეტრი ფართობი უზურფრუქტის წესით, მასზე კვებისა და გასართობი ობიექტის განთავსების პირობით, 2017 წელს გადასცეს.

კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონის, ნიკოლოზ ჯოჯუას თქმით, რესტორანი პლაჟზე ქართულ-უკრაინული ბიზნესია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „რესტა“ 2016 წელს თავად ნიკოლოზ ჯოჯუამ დააფუძნა. ამ დროისთვის ჯოჯუა კომპანიის მხოლოდ 33 პროცენტს ფლობს, დარჩენილ წილებს კი უკრაინის ორი მოქალაქე ინაწილებს.

 

 

საია ბანკის სესხთან დაკავშირებით – სასამართლო დაახლოებით ათჯერ ამცირებს პირგასამტეხლოს

მოქალაქე ზურაბ მიქელაძემ ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციასთან სასამართლო დავა ახლახან დაასრულა. მან სწრაფი ინტერნეტსესხი – 900 ლარი ორი წლის წინ აიღო, შემდეგ გადახდა გაუჭირდა და პირგასამტეხლო დააკისრეს – ჯამში მას 3200 ლარის დაბრუნება მოსთხოვეს.

ზურაბ მიქელაძის ისტორია განსხვავებული არ არის. ამ კუთხით ახალ ტენდენციაზე საია-ში საუბრობენ – საბანკო დავების კუთხით მოქალაქეების მომართვიანობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან საფინანსო ორგანიზაციებს სასამართლოში წასვლა აღარ სურთ. გამარტივებული წარმოების პირობებში, ბანკებს შეუძლიათ პირდაპირ აღმასრულებელს მიმართონ და მოვალეს მაღალი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრონ.

კიდევ ერთი პრობლემა სასამართლოს მხრიდან ფინანსურ დავებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაა.

„დავა მაშინვე დაიწყო, როცა პროცენტის შეტანა დამაგვიანდა,“ – გვიყვება ზურაბ მიქელაძე. – „სესხი 900 ლარი ავიღე და რადგან შეტანა დამაგვიანდა, ჯარიმებიც დამარიცხეს. სასამართლოსგან შეტყობინება მივიღე წერილობით, მაგრამ ამ დროს საფინანსო ორგანიზაციასთან უკვე მქონდა მოლაპარაკება და შეთანხმებული ვიყავით განრიგზე, როდის გადავიხდიდი. ჩავთვალე, რომ დავა შეწყდა, რადგან ჩვენ შევთანხმდით. მეორე თვეში ისევ მივიღე სასამართლოსგან წერილი. იქ ეწერა, რომ 3200 ლარი უნდა გადამეხადა“.

ზურაბ მიქელაძეს საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოუმზადა. მან სასამართლოში მანამდე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „სასამართლოს შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეს ბარდება, აღნიშნულია, რომ შესაგებელი მხარემ 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ხშირად მოქალაქეები არ კითხულობენ ყურადღებით ამ შეტყობინებას, ან თვლიან, რომ მათ სასამართლოდან უნდა დაურეკონ, შემდეგ კი უკვე მისდით შეტყობინება, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოქალაქის არგუმენტები, გააუქმა წინა გადაწყვეტილება და, საბოლოოდ, მხარეებს შორის მორიგება შედგა.“

„ახლა სადღაც 1200 ლარის გადახდა მომიწევს, რაც კარგი შეღავათია,“ – დასძენს ზურაბ მიქელაძე.

საია-ს იურისტები განმარტავენ, რომ ფინანსური დავა სასამართლომდე ხშირად არ მიდის. საფინანსო ორგანიზაციები კანონით გათვალისწინებული „გამარტივებული წესით“ სარგებლობენ, რაც პირდაპირ აღმასრულებლისთვის მიმართვას გულისხმობს. ეს წესი 2016 წლიდან მოქმედებს.

„აღმასრულებელი არ მსჯელობს, მაგალითად, დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ. ის უგზავნის წერილობით შეტყობინებას მოვალეს, სადაც წერია, რომ თუკი ის წინააღმდეგია, დავას სასამართლო განიხილავს. შეტყობინების ამ ნაწილს ხშირად არ კითხულობენ მოქალაქეები, არადა მათ აქვთ შესაძლებლობა სასამართლოს მიმართონ. მოსამართლეს კი კანონი აძლევს უფლებას, იმსჯელოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაზე,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე.

როგორია არსებული პრაქტიკა, რამდენით ამცირებს სასამართლო პირგასამტეხლოს იმ ოდენობას, რაც საფინანსო ორგანიზაციას აქვს განსაზღვრული მოვალისთვის – ანნა მდინარაძის თქმით, სასამართლო დაახლოებით ათჯერადად ამცირებს პირგასამტეხლოს.

„ეს არის მოსამართლის ინდივიდუალური შეფასების საგანი. კანონის მიხედვით, პირგასამტეხლოს აქვს მავალდებულებელი და მაპრევენცირებელი ფუნქცია, ანუ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუკი ის სესხს არ გადაიხდის, მას დაეკისრება დამატებით თანხის გადახდა. პირგასამატეხლო არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის საფინანსო ორგანიზაციისთვის ეკონომიკური გამდიდრების მეთოდი. შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, როცა ზნეობრივ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო, ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთიც შეუმცირებია სასამართლოს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

 

 

 

მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში სამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მათ შორისაა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მდებარე ილიას მარანი, როგორც მემორიალური ძეგლი, მარანი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში არსებული ნაეკლესიარი, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ასევე შუა საუკუნეებით თარიღდება.

და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში 1903 წელს აშენებული ჯამე, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული შენობა.

საერთო ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ობიექტის გაძეგლებაზე ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ლომატაშვილმა, ბრძანებას  2018 წლის 21 ივნისს მოაწერა ხელი.

7 410 ლარი ერთი ღამისთვის – ძვირადღირებული სასტუმროები აჭარაში

2018 წლის ივნისში, booking.com-ის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია: „ეიფორია“ „შერატონი“, „ჰილტონი“ და „ველმონდი“ – ბათუმში, „კასტელო მარე“ – ციხისძირში და „ჯორჯია პალასი“ – ქობულეთში. რა ღირს ექსკლუზიური ნომრები ამ სასტუმროებში? ჩამონათვალში მითითებულია ერთი ღამის ფასი, ივნისი-ივლისის მონაცემებით, booking.com-ზე მითითებული ფასების მიხედვით. ფასები სეზონურად იცვლება, თუმცა ტენდენცია ნარჩუნდება. სასტუმროს ნომრებზე ფასები პიკს, ტრადიციულად, აგვისტოში აღწევს.

ნომერი სასტუმრო „ეიფორიაში“ – 7 410 ლარი

საპრეზიდენტო ნომერი 200 კვ მეტრია, ნომერში მაქსიმუმ ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. booking.com-ზე აღნიშნულია, რომ ნომრის ფასში არ შედის საუზმე, სტუმარმა საუზმისთვის 50 ლარი უნდა გადაიხადოს.

ფოტო: euphoriahotels.ge
ფოტო: euphoriahotels.ge
პენტჰაუსი სასტუმრო „შერატონში“ – 6 705 ლარი

პენტჰაუსის ფართობი 303 კვ მეტრია და აქ ექვს ადამიანს შეუძლია განთავსდეს. პენტჰაუსი სასტუმროს 21-ე სართულზე მდებარეობს, აქვს ჯაკუზი ზღვაზე ხედით.

ფოტო: booking.com
ფოტო: booking.com
საპრეზიდენტო ნომერი სასტუმრო „ველმონდში“ – 4 940 ლარი

ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ეს ყველაზე ძვირადღირებული ნომერია. ნომრის ფართობი 175 კვ მეტრია. აქვს ორი საძინებელი. სასტუმროს ნომერი ზღვასა და ქალაქს გადაჰყურებს.

ფოტო: booking.com
ფოტო: booking.com
საპრეზიდენტო ნომერი „დოლჩე ვიტა“ სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ – 4 890 ლარი

ქობულეთში მდებარე სასტუმროში ამ ნომრის ფართობი 130 კვ მეტრია. აქვს ტერასა. აქ დარჩენა ორ ადამიანს შეუძლია.

ფოტო: booking.com
ფოტო: booking.com
საპრეზიდენტო ნომერი სასტუმრო „ჰილტონში“ – ერთი ღამის ფასი 2 717 ლარ

„ჰილტონის“ საპრეზიდენტო ნომრის ფასი, ორ ადამიანზე, პირველი ივლისის მონაცემებით, 1109 დოლარის ექვივალენტია ლარში. ამ ფასს ემატება დღგ. საპრეზიდენტო ნომრის ფართობი 191 კვ მეტრია. ფანჯრები ზღვასა და ქალაქს გადაჰყურებს, აქვს ორი სააბაზანო, ორი საძინებელი, ასევე სამზარეულო და ტერასა, შესაძლებელია ოთხი ადამიანის განთავსებაც.

ფოტო: hilton.com
ფოტო: hilton.com
სამეფო ნომერი სასტუმრო „კასტელო მარეში“ – ერთი ღამის ფასი 3 000 ლარი 

ციხისძირში მდებარე „კასტელო მარეში“ ყველაზე ძვირადღირებული, ე.წ. „სამეფო ნომრის“ ფართობი 206 კვმ მეტრია. ნომერი აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი, ჭარბობს ოქროსფერი და ცისფერი.

ფოტო: booking.com
ფოტო: booking.com

განსაკუთრებულ ნომრებზე ფასები ისეთ სასტუმროებში, როგორიცაა: „ინტურისტ პალასი“, „რედისონ ბლუ“, „მარინა კოლიზეუმი“ და ა.შ. ივნისის ბოლოს 700 ლარიდან იწყება 1300 ლარამდე აღწევს. სასტუმროებში შესაძლებელია უფრო იაფფასიანი ნომრების დაჯავშნაც.

________________

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ეიფორია“. ფოტო: euphoriahotels.ge

რას აკეთებს შორეულ ნაოსნობაში წასული საზღვაო აკადემიის გემი გონიოსთან ახლოს – განმარტება

25 ივნისს ბათუმის ნავსადგურში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიალზე გამომსვლელმა თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრმაც, ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლეს – რომ აკადემიის კუთვნილი გემი, პირველად გაემგზავრებოდა საერთაშორისო ნაოსნობაში.

ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე, დაახლოებით დღის 12:30 საათისთვის, საზღვაო აკადემიის კუთვნილმა გემმა „კადეტი“ ბათუმის საზღვაო ნავსადგური დატოვა. 25 ივნისის საღამოს გემს, რომელიც ოფიციალურ პირთა განცხადებით, საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, საზღვაო საიტის www.marinetraffic.com – ის მონაცემებით ბათუმთან ახლოს, გონიოს მიმდებარედ ჰქონდა ღუზა ჩაშვებული.

გემის კაპიტანი, რომელზეც ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის 20 სტუდენტი იმყოფება, ტარიელ ჯიბლაძეა. სტუდენტები „კადეტზე“ საზღვაო პრაქტიკას გადიან. საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის წესების თანახმად, ყველა სტუდენტი, ვისაც სურს გახდეს მეზღვაური, ვალდებულია სანაოსნო პრაქტიკა გაიაროს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში სცადა გაერკვია, თუ რა მარშრუტი აქვს აკადემიის კუთვნილ გემს, რა იგულისხმება „საერთაშორისო ნაოსნობაში“, რა დროს გაატარებს „კადეტი“ ამ ნაოსნობაში და როდის დაბრუნდება ბათუმის ნავსადგურში.

„გემ „კადეტს“ გააჩნია საკუთარი ტრეინინგ გეგმა, რომელიც დაყოფილია ეტაპებად. 1-ლი ეტაპის წვრთნები ითვალისწინებს საქართველოს სანაპირო წყლებში (12 მილიანი ზონა), მათ შორის, სანავსადგურე წყლებში ნაოსნობას და სხვადასხვა სახის უსაფრთხოების წვრთნების ჩატარებას.  მეორე ეტაპის წვრთნები ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული ზღვის (12 მილი) ფარგლების დატოვებას და მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების კანონის შესაბამისად საერთაშორისო წყლებში ნაოსნობას. მე-3 ეტაპი გემის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს ნავსადგურებში ნაოსნობა, საღუზე და ნავმისადგომზე მიბმა-მოხსნის ოპერაციები, მოძრაობის გამყოფ სქემებში მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის საზღვაო აკადემიიდან.

მათივე ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ერთობლივად უწევენ მონიტორინგს გემის ნაოსნობას საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს საზღვაო სივრცის მიღმა არსებულ საერთაშორისო წყლებში. კადეტების წვრთნა ხორციელდება მეზღვაურის წვრთნების აღრიცხვის წიგნაკის შესაბამისად. იმის დასადასტურებლად, რომ გემზე ნამდვილად ტარდება სიმულაცია და ტრეინინგები, რომელიც მეზღვაურის წვრთნისთვისაა საჭირო, აკადემიიდან „ბათუმელებს“ წვრთნის ამსახველი ფოტოები მოაწოდეს.

ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიული ზღვა მთლიანობაში 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელს მოიცავს. ტერიტორიული ზღვის სიგანე საწყისი ხაზებიდან აითვლება.

ამავე თემაზე:

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

წვრთნები საზღვაო აკადემიის კუთვნილ გემზე “კადეტი”. ფოტოები მოგვაწოდა ბათუმის საზღვაო აკადემიამ.

რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით ადრე დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ხელახალ ტენდერში კი მონაწილეობ არავინ მიიღო. ახალი ველობილიკის მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა  და 1 763 113 ლარიც გამოყო.

„შეიძლება პროექტშია რამე ხარვეზი, ან ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ვინაიდან არავინ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ამიტომ, პროექტის ავტორთან, სატენდერო კომისიის წევრებთან და სპეციალისტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავივლით დეტალებს, შესაძლოა პირობებიც შევცვალოთ და მესამედ გამოვაცხადებთ ტენდერს. საკითხს უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ. ველობილიკის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით არ შევისყიდით,“ – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ.

ეთერ მაჭუტაძის განცხადებით, სამუშაოები აუცილებლად სეზონის შემდეგ, შემოდგომაზე ჩატარდება და შესაძლოა თვე-თვენახევარშიც კი დასრულდეს.

საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე. ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება [ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ბეტონის ნარევის სხმულითაა მოწყობილი]. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბილიკი ამორტიზებულია.

გუშინ, 25 ივნისს, მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“.

რა დავალებები გასცა პრემიერმა ბათუმში? – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერმა ბათუმის ბულვარში ველობილიკის, ასევე უსახური შენობების ფასადების რეაბილიტაციის საკითხი დააყენა.

ეთერ მაჭუტაძის თქმით კი, პრემიერი ანბანის კოშკის მიმდებარედ იმყოფებოდა და რაიმე შენიშვნა ან დავალება ველობილიკთან დაკავშირებით არ ყოფილა: „მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე, თუმცა, როგორც მითხრეს, პრემიერმა უბრალოდ შეკითხვა დასვა ველობილიკთან დაკავშირებით და მას უთხრეს, რომ ტენდერი გამოცხადდება ხელახლა და ბულვარში იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ველობილიკი. ეს იყო მხოლოდ.“

მთავარი ფოტო: სატუმბი სადგურის მშენებლობის გამო გადაკეტილი ველობილიკი არდაგანის ტბასთან

ამავე თემაზე:

ბულვარში ველობილიკი ამ სეზონზე არ შეკეთდება – 1,7 მილიონი ლარი და ტენდერი განმეორებით

 

 

საქართველოს რკინიგზამ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით დამატებითი რეისი დანიშნა

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი- Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის  10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. 

მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.  თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო.

პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

„სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, მავნებლის გავრცელებას მნიშვნელოვნად შემაცირებს“ – აცხადებს  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე.

სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიურ წამლობას სახელმწიფო ჩაატარებს, ხოლო მცირე ფართობების დამუშავება ფერმერმა თავად უნდა უზრუნველყოს.

როდის უნდა ჩატარდეს სიმინდის ყანების შეწამვლა

აზიური ფაროსანა სიმინდის ნაყოფს აზიანებს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც მარცვალი რძისებრ სიმწიფეში შედის.  სპეცალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელვანია კულტურის სწორ დროს შეწამვლა.

„ამ ეტაზე სიმინდი მაღალი რისკის ქვეშ არ არის, რადგან ნაყოფი ჯერ არ არის განვითარებული“- სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ კულტურის მავნებლისგან დასაცავად წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინიდის ყანებში

ნიკა მესხიძის თქმით, იმის გამო რომ ჯერ სიმინდს ტარო არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე  ტადება.  ეს ღონისძიება პირველადი ექფექტისთვის მნიშვნელვანია.  მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად კი საჭიროა, სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე ფერომონების დამონტაჟება, რადგან ბაღლინჯოს კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილებში ხდება, სადაც ფერომონებია განთავსებული და ამ ტერიტორიების დამუშავება მაღალი ეფექტის მომტანია. ასევე აუცილებელია საყანე ფართობებსა და მათ სიახლოვეს „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დადგმა.

მას შედეგ რაც სიმინდის ყანების გარე პერიმეტრი დამუშავედება და მცენარე ნაყოფს გაიკეთებს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე ყანაში ინაცვლებს. ამ ტერიტორიებზე ქიმიური წამლობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე , აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60   ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.   ლაშა შალამბერიძის თქმით,  სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]

ბათუმში ზღვას 20-მდე ღია თუ დახურული სანიაღვრე არხი უერთდება. სანიაღვრე არხად მიიჩნევა ის მდინარეებიც, რომლებიც ქალაქის უბნების გავლით უერთებიან ზღვას [ყოროლისწყალი, ბარცხანა, მეჯინისწყალი]. ამ არხებს ზღვაში დღემდე შეაქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. გარდა ამისა, სანიაღვრე არხებსა თუ მდინარეებზე ჯერ კიდევ თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაერთებული კანალიზაცია, შესაბამისად, ზღვაში ამ არხებით საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხებში წყალს ზოგადად არ სჭირდება გაფილტვრა; კანალიზაციის ახალი სისტემების მშენებლობა კი ითვალისწინებს, რომ საკანალიზაციო და სანიაღვრე წყლები გამიჯნული იყოს და „ამ ინფრასტრუქტურული პროექტით, ასეც კეთდება“.

„სანიაღვრე არხში უნდა ხვდებოდეს მხოლოდ გრუნტის და წვიმის წყლები. თუმცა, ქალაქში ბევ ადგილზე იყო თვითნებური დაერთებები კანალიზაციის ამ სანიაღვრეებზე. ჭაობის დასახლებაში ადრე თვითნებურად ჩართვები ჰქონდა მოსახლეობას კანალიზაციის, რაც გამოვაცალკევეთ. მიმდინარეობს ახალ საკანალიზაციო ქსელზე დაერთებები, რასაც ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება. მთელი ქალაქის მასშტაბით ვერ გეტყვით ამ კუთხით დღეს რა მდგომარეობაა, რადგან თვითნებური დაერთებები იდენტიფიცირებულიც კი არ არის ბოლომდე – სად რა და როგორ ხდება. მთავარია, უმეტესი ტერიტორია ქალაქის გადართულია კანალიზაციის ახალ ქსელზე,“ – გვითხრა ბათუმის  მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში, ჯაბა ტუღუშმა.

ბათუმის ერთ-ერთი სანიაღვრე არხი, რომელიც ზღვას საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ უერთდება, წვიმიან ამინდში მთლიანად აბინძურებს ზღვას პორტის აკვატორიაში.

ვიდეო, რომელზეც ამ არხით დაბინძურებული ზღვა ჩანს, „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ, 23 ივნისს, გადაიღო:

„აქ [პორტთან] სულაბერიძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე სანიაღვრე არხები, ჯორჯიაშვილის ქუჩის გავლით შედის ზღვაში. ეს არხი მთლიანად განცალკევებულია დღეს საკანალიზაციო ქსელისგან, თუმცა ახალ ქსელზე დაერთება არ არის დასრულებული და ეტაპობრივად მიმდინარეობს. მაგალითად, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მალე დაიწყება დაერთებები,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში. მისივე თქმით, ამ არხის მიმდებარე უბნებშიც იყო კანალიზაციის თვითნებურად დაერთებები სანიაღრეზე.

ჯაბა ტუღუშის თქმით, ამ დროისთვის სანიაღვე არხი კეთდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. იმის ინდიკატორად, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელებიდან წყალი და ფეკალიები ერთმანეთში აღარ ერევა. ჯაბა ტუღუში ადლიის გამწმენდ ნაგებობას ასახელებს, სადაც „ადრე დიდი რაოდენობით შედიოდა მასა ამ გამწმენდ ნაგებობაში ვინაიდან სანიაღვრე წყლები ერეოდა საკანალიზაციო წყლებში, ამჟერად კი ნაკლებია მასა, ანუ მხოლოდ კანალიზაციის წყალი შედის“.

სანიაღვრე არხი მაიაკოვსკის ქუჩაზე, საიდანაც წყალი მდინარე ბარცხანით ზღვაში ჩაედინება
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

 

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

უსაფრთხოების დაცვის მიზნით ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას მიმართავს

ტურისტულ სეზონზე, დამსვენებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად,  განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს. ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას აფრთხილებს:

ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან არ არის გამორიცხული, მოხდეს სპეციალური ხელსაწყოს შეხება სადენზე. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს.

მინერალური წყალი „ლიკანი“ განახლებული შეფუთვით უკვე თაროებზეა

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებული ნატურალური მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“, რომელიც წლების მანძილზე ბაზრის უპირობო ლიდერია,   ახალი და განსხვავებული შეფუთვით გამოჩნდა მომხმარებლის წინაშე.    

თუ, ძველი ეტიკეტი წყლის ადგილმდებარეობას გვიჩვენებდა, ახალი ვერსია სრულიად განახლებულ ხედვას გვთავაზობს. ლიკანში რომანოვების ცნობილი სასახლე ტალღამ ჩაანაცვლა.   აღსანიშნავია, რომ „ლიკანის“ ახალ ეტიკეტზე სამმა ძალიან საინტერესო პროფესიონალმა იმუშავა: არტ დირექტორი-გიორგი პოპიაშვილი, ტიპოგრაფიის ავტორი- აკაკი რაზმაძე  და გრაფიკული დიზაინი-ნათია ზედელაშვილი.

„ჩვენი მიზანი არ იყო უბრალოდ უფრო კარგი ეტიკეტის შექმნა „ლიკანისთვის“, ჩვენ გვინდოდა, გვეთქვა ახალი სიტყვა ახალი დიზაინით და ჩანაფიქრით, რომელიც კარგად გამოხატავდა ბრენდის სათქმელს. ვფიქრობთ, განახლებული შეფუთვა პასუხობს ბრენდის იდეებს, არის დინამიური და ახალგაზრდული. მთავარი სიმბოლო ტალღა – წყალს, მთებს და მუსიკალურ რიტმს აერთიანებს. არღვევს სტანდარტული ეტიკეტის ფორმას და მინიმალისტური გზით თანამედროვე სურათს ქმნის. ეს ერთიანობა, საკმაოდ ენერგიულ ვიზუალს ბადებს, რაც „ლიკანის“ უნიკალური მინერალების ფუნქციონალურ ნაწილსაც უსვამს  ხაზს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი შეფუთვა მოეწონება „ლიკანის“ მომხმარებელს და ექნება ისეთივე დადებითი გამოხმაურება საზოგადოებაში, როგორც თავდაპირველად „ლიკანის“ გამოსვლით დავიმსახურეთ. „ლიკანთან“ ერთად „სიცოცხლე ჩქეფს“ “-აცხადებს „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.

მინერალური წყალილიკანიცოცხალი მინერალებით გაჯერებული უნიკალური წყალია, რომელიც ზომიერად შეიცავს მინერალურიონურ კომპლექს. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია ჰიდროკარბონატების, მაგნიუმის და კალციუმის განსაკუთრებული თანაფარდობა. ბუნებრივი გაზით უხვად გაჯერებულ მინერალურ წყალსლიკანიგანუმეორებლად მსუბუქი გემო აქვს. სწორედ ამ მინერალთა თანხვედრა განაპირობებს წყლის უნიკალურობას, წლების მანძილზე მინერალური წყლების კატეგორიაში  წამყვანი ბრენდის სტატუსის შენარჩუნებას და გამორჩეულად ერთგულ მომხმარებელს.  ლიკანიიდეალურია მათთვის, ვისაც წყურვილის მოკვლა, გაგრილება და მთელი დღის მანძილზე ენერგიის და კარგი განწყობის შენარჩუნება სურს.

მინერალური წყალი ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და დღემდე შემდეგი შეფუთვით არის წარმოდგენილი: 0.6 ; 1 ;  და 1.5ლ  PET;  „ლიკანის“  ჩამოსხმა ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში ხორციელდება.  

შავი ჯიპი ტროტუარზე 2 [ფოტოამბავი]

ეს ავტომობილი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში ასათიანის ქუჩაზე მოხვდა. მანქანა ტროტუარზე დგომისათვის დაჯარიმებული არ არის. ფოტო 25 ივნისსაა გადაღებული.

ფოტო: „ბათუმელები“

ეს ავტომანქანა კი ვაჟა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში გადავიღეთ. 2014 წლიდან დღემდე ავტომაქანის მძღოლი ტროტუარზე დგომისათვის და პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 15-ჯერ არის დაჯარიმებული.

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს

აჭარის მთავრობამ ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე მსჯელობა შეაჩერა. ზურაბ პატარაძის მთავრობამ დაახლოებით ორი თვის წინ დაწყებული კონსულტაციები მას შემდეგ შეაჩერა, როცა ახალმა პრემიერმა სამინისტროების შემცირება გადაწყვიტა.

„ამ ეტაპზე სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ არაა გამორიცხული ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის თემა სამომავლოდ ისევ გააქტიურდეს, რადგან „აჭარის კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას იძლევა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი სამინისტროების შექმნას ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით აპირებდა აჭარის მთავრობა.

„არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს სამინისტროების ოდენობა. წინასწარ ვერ გეტყვით ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს… სადღაც შესაძლებელია ოპტიმიზაცია მოხდეს, სადღაც შესაძლებელია იყოს დაჯგუფება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ახალი სამინისტროების გაჩენა,“ – უთხრა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებს“ 2018 წლის 9 მაისს.

აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც 2018 წლის 24 მაისს შევიდა ძალაში, აჭარაში რამდენიმე მიმართულებით დამატებით ახალი სამინისტროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ – მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ოფიციალური ცერემონია ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიმართა.  მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. საპატიო ჯილდოები გადასცეს იმ კაპიტნებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს. განსაკუთრებული გამძლეობისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს გადაეცა.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პირველად  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ისტორიაში,  გემი „კადეტი“ საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა.

გემს ათობით ადამიანი აცილებდა ნაპირიდან. სანაპირო დაცვის კატარღებმა – თამარა I და თამარა II კი გემი “კადეტი” წყლის  ჭავლში გაატარეს.

გემი, რომელზეც ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას გადიან, ოდესის პორტში შევა და ბათუმში 20 დღეში დაბრუნდება.

რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს

„არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა დავალება მისცა მან ზურაბ პატარაძეს. მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“.

რა დავალებები გასცა პრემიერმა ბათუმში? – „ბათუმელებმა“ ინფორმაციის მიღება აჭარის მთავრობაში სცადა. მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერმა ბათუმის ბულვარში ველობილიკის, ასევე უსახური შენობების ფასადების რეაბილიტაციის საკითხი დააყენა. პრესსამსახურში ვერ დაგვიკონკრეტეს, რომელი შენობა მიიჩნია ახალმა პრემიერმა „უსახურად“.

მთავარი ფოტო: პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში / მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ანრი“ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

„დღეს საქართველოში 18 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული. ეს ის ხალხია, რომლის შრომის შედეგად ქვეყანაში თითქმის მილიარდი ლარი შემოდის. ეს დიდი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგია. ქართველი მეზღვაურები, კაპიტნები და მექანიკოსები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ საზღვაო სფეროში და მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მიხარია, რომ მე, როგორც ამ დარგის ერთერთ ხელმძღვანელს, წვლილი მაქვს შეტანილი საქართველოს საზღვაო განათლების საერთაშორისო სტანდარტირებაში და დღეს, უკვე როგორც საზღვაო სასწავლებლის დამაარსებელი და რექტორი, ვზრდი მაღალი კვალიფიკაციის მეზღვაურებს. გილოცავთ, ძვირფასო კოლეგებო“- შორეული ნაოსნობის კაპიტანი , ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბუსსს ანრის რექტორი ანზორ დიასამიძე პროფესიულ დღესასწაულს სასწავლებლის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შეუერთა.

„ანრის“ პავილიონში საზღვაო უსაფრთხოების ატრიბუტიკა და დამსახურებული კაპიტნების ფერწერული პორტრეტები გამოფინა.

 

დემოკრატია და ევროპეიზაცია საქართველოში – დისკუსია [ანონსი]

ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული პროცესები? ვინ უდგას თითოეულს სათავეში?

როგორ და რამდენად განსხვავდება პოლიტიკური ელიტის, ექსპერტთა და სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოსახლეობის მოსაზრებები? რა შედარებითი გავლენის ხარისხი აქვს თითოეულ ჯგუფს?

დგას თუ არა დემოკრატიზაციით „გადაღლა“ ქართულ დღის წესრიგში და როგორია მისი გავლენა ევროპეიზაციაზე? ან, პირიქით, აქვს თუ არა ევროპეიზაციით „გადაღლას“ ზეგავლენა დემოკრატიზაციაზე?

ამ საკვანძო კითხვებს ეხმიანება დისკუსია თემაზე:

დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის გამოწვევები საქართველოში: როგორ წარვმართოთ პროცესი?

დისკუსია გაიმართება ბათუმში,
სამშაბათს, 26 ივნისს 16:00-18:00 საათზე
მისამართი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის ქ. #62-64

დისკუსიის გახსნა – ზვიად დიასამიძე;

მომხსენებლები – კორნელი კაკაჩია, ლევან კახიშვილი, მარიამ გრიგალაშვილი, ელენე ფანჩულიძე.

ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ

“მადაგასკარი” გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობიან დაბრუნებას და ზურგის ქარს გისურვებთ !

დამწყები მოლაშქრის ტესტი

ზაფხულში ლაშქობა ბევრისთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო დასვენებად ითვლება, შეიძლება ჯერ მთაში სიარულის გამოცდილება არ გაქვს და ეჭვობ, შეძლებ თუ არა დიდი მანძილების დაძლევას და სირთულეების გადალახვას ულამაზესი ხედების თუ სასიამოვნო ემოციების სანაცვლოდ. ტესტი დაგეხმარება გაიგო როგორი მოლაშქრე იქნებოდი, თუმცა გაითვალისწინე, რომ ყველა პასუხი პირობითია, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა ტესტზე.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი მოხალისეებს იწვევს

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის 18-30 წლის ახალგაზრდებს მოხალისეებად იწვევს. მოხალისეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით და გასაუბრებით. მოხალისეთა რაოდენობა შეზღუდულია.

[checklist]

  • მოხალისე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, დამატებითი ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად.
  • სამუშაო დრო არ აღემატება 8 საათს, თუმცა ის დღე-ღამის ყველა მონაკვეთს მოიცავს სხვადასხვა სივრცეში – აეროპორტი, სასტუმრო, სათამაშო დარბაზი და ა.შ.
  • არასამუშაო დროს მოხალისეები ერთვებიან ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.
  • მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითა და საცხოვრებელი ადგილით (საჭიროების შემთხვევაში).

[/checklist]

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 2018 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება.

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, „ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები.

მოჭადრაკეები, კაპიტნები, არბიტრები, თანმხლები პირები, კონგრესის დელეგატები, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს 21 სექტემბრიდან ეწვევიან. ფრენები განხორციელდება საქართველოს სამივე აეროპორტში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა – 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.“

მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: batumi2018.fide.com

Exit mobile version