მთავარი,სიახლეები

ერთი ბოთლი კონიაკის ქურდობის ამბავი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

27.06.2018
ერთი ბოთლი კონიაკის ქურდობის ამბავი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დავით ა.-ს და სვეტლანა ვ.-ს ჯგუფურ ქურდობას ედავება გამოძიება. წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს, 27 ივნისს, ჩაატარა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხულოს ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან პირველი აპრილის ღამეს ერთი ბოთლი კონიაკი მოიპარეს.

იმავე ღამით გორგილაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან ბრალდებულებმა სახის კრემი და ჰიგიენური ნივთები მოიპარეს.

პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, კონიაკი დაახლოებით 40 ლარი ღირდა, სახის კრემი – 60 ლარი. ქურდობის ფაქტები ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

“რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ ვცნობთ,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა სვეტლანა ვ.-მ.

თავს დამნაშავედ მიიჩნევს მეორე ბრალდებულიც. ისინი მეგობრები არიან.

ამ საქმეზე არავინ დაიკითხება, რადგან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

ბრალდებულებს სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მოლაპარაკების პროცესი პროკურატურასთან უკვე დაწყებულია.

ჯგუფური ქურდობა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი უკომენტაროდ დატოვა. ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: