მთავარი,სიახლეები

„ნეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ!” – მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო

26.06.2018
„ნეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ!” – მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო

მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მისი ერთადერთი შვილი კი საპატიმროში უკვე მეორედ აღმოჩნდა, ასე დარჩა 82 წლის მოხუცი, მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო. გლაუკომა და კატარაქტა ერთდროულად დაემართა, დაავადებები ოპერაციებს არ ექვემდებარება.

პირველი ჯგუფის ინვალიდია, პენსიას აგროვებს და შვილს საპატიმროში უგზავნის. ამბობს, რომ ციხემდე ვერ მიდის მის მოსანახულებლად და მშობლის მოვალეობას ასე იხდის.

„ტელეფონზე საუბრისას ვგრძნობ, რა მდგომარეობაშიცაა ჩემი შვილი ოთხ კედელში გამოკეტილი, პენსიის 60 %-ს მას ვუგზავნი. შვილმა რაც არ უნდა დააშავოს, მაინც შვილია და პატიობ. რა თანხაც მრჩება, ის საჭმლისთვის ძლივს მყოფნის, ვერ ვხედავ პროდუქტს, ცხელ სადილს ვერ ვამზადებ. მშრალ საკვებზე ვარ ძირითადად. ადრე სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს, მაშინ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვიყავი, ახლა პირველი გავმხდარვარ, იქნებ ახლა მაინც მომანიჭონ დაუცველის სტატუსი და დამეხმარონ. შარშან ზამთარს გათბობის გარეშე გავუძელი, ახლა რომ ვფიქრობ როგორ, ძალიან მიკვირს. მომავალ ზამთარს ასე ვეღარ გადავიტან. ვერ გავძლებ დახმარების გარეშე. 82 წლის კაცს მეტი რაღა უნდა მომივიდეს, ნეტა მომანიჭონ ეს სოციალური დაუცველის სტატუსი თუ რაცაა”.

მეორე სურვილიც აქვს, – ისევ შეძლოს შვილთან ერთად ცხოვრება. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ მას პატიმარი შვილის შეწყალებისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვებაში დაეხმარა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მოხუცს ახლა ისღა დარჩენია, წლების გასვლას ელოდოს, რომ შვილი დაუბრუნდეს.

„ჩემი უიმედო მდგომარეობა ნაწილობრივ ფონდმა აფხაზინტერკონტმა შემოაბრუნა, არც ერთი დღე არ არის მათი მზრუნველობისა და ზედამხედველობის გარეშე,“ – ამბობს პატიმრის მამა. – „გარდა იურიდიული დახმარებისა, დიდი რაოდენობის სურსათით, მედიკამენტებით მომამარაგეს, ასეთი ყურადღებიანი ხალხი დიდი ხანია არ შემხვედრია, ყველაფრით მეხმარებიან, რითაც ადამიანი შეიძლება ადამიანს დაეხმაროს,“ – გვიყვება მოხუცი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ფონდის, „აფხაზინტერკონტის“ საქმიანობის შესახებ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ რეგიონში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“.

პატიმრის მამა გვეუბნება, რომ ერთადერთი, რაც გააჩნია, საცხოვრებელი სახლია, თუმცა მხოლოდ თავშესაფარი ყოველდღიური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. მარტო დარჩენილ მოხუცს ნათესავებისგან ვერავინ ეხმარება. როგორც გვეუბნება, ყოველდღიური საჭიროებებისთვის ვერც ვერავის დაავალდებულებს და ოცნებობს მომვლელი ჰყავდეს.

„თუ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ მისცემენ სოციალურად დაუცველის სტატუსს, მაშ ვის უნდა დაეხმარონ. არ ვიცი უარესი რა შეიძლება დამემართოს,“ – ამბობს მოხუცი და სოციალური დაცვის სააგენტოდან წარმომადგენელს ელის.

„ოცნება“ – სოციალურად დაუცველად იქცეს, ჯერ ისევ შორეული პერსპექტივაა, ისევე როგორც შვილის გათავისუფლება. შვილის, რომელმაც საპატიმროში კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაატაროს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: