მთავარი,სიახლეები

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა

26.06.2018 • 2334
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.]

ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა: მოსამზადებელი, მიწის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის პირველი დონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ელემენტების მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტების [სვეტები, კოჭები] მოწყობის სამუშაოები და დასრულების პროცესშია ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ჰორიზონტალური ელემენტების [გადახურვის ფილა] მოწყობის სამუშაოები“.

ამავე ოქმის მიხედვით, „მშენებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული არსებითი ხარვეზების თაობაზე არგუმენტირებული ანგარიში შესწავლილი იქნა უშუალოდ შპს „სტადიონის“ მიერ და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების მიღების მიზნით გადაეგზავნა საპროექტო ორგანიზაციას“. კომპანიაში გვითხრეს, რომ საპროექტო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში სამხარაულის ეროვნული ბიუროა. რა ცვლილებები შევა პროექტში, ჯერ უცნობია.

აქედან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ მომსახურების ფასი, რაც უნდა გასწიოს ტექნიკურმა ზედამხედველმა, უკვე იქნება გაცილებით ნაკლები, ამიტომ სატენდერო დოკუმენტაცია ხელახლა უნდა დამუშავდეს. შეიცვლება მომსახურების შინაარსიც. შესაბამისად, ტენდერი სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველზე ხელახლა გამოცხადდება. ეს კი დამატებით დროს მოითხოვს, ამ დროში კი მშენებლობის ზედამხედველობას კვლავ „სტადიონის“ თანამშრომლები გააგრძელებენ.

ამ თანამშრომლებს კი, როგორც „სტადიონის“ დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, „შემდეგ ეტაპზე  გაუჭირდებათ ზედამხედველობა. შემდეგი ეტაპი იქნება უფრო რთული საინჟინრო თემები, გადახურვები და ა.შ. გვინდა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადავწყვიტოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ან უნდა შეირჩეს რომელიმე კომპანია, ან … ღიად ვერ დავტოვებთ ვერანაირად“.

საფეხბურთო სტადიონის ტექნიკური ზედამხედველობისთვის ყველაზე ნაკლები თანხა – 2 მილიონ 847 ათასი ლარი „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული. კომპანია ჯერ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს, შემდეგ კი დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანიამ დავების საბჭოსაც მიმართა, თუმცა სატენდერო კომისიამ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად, ტენდერის შეწყვეტამდე ორი დღით ადრე, დაადგინა, რომ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ სპეციალისტს არ გააჩნდა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელიც ტენდერის პირობით იყო მოთხოვნილი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/142706/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: