მთავარი,სიახლეები

ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას

26.06.2018
ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ბათუმის მერიას აღარ აქვს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სხვა სამსახურების მიერ გაცემულ ნებართვებზე, სანებართვო პირობების შესრულებასა და უნებართვო მშენებლობების კონტროლზე იყო პასუხისმგებელი.

ამ სამსახურში გაერთიანებული განყოფილებები მერიაში დაწყებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. შედეგად საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება კი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს დაექვემდებარა. ეს განყოფილება, ძირითადად, გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების საკითხებს უწევს ზედამხედველობას.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი იყო ის, რომ ნებართვის გამცემი თავადვე ყოფილიყო კონტროლზე პასუხისმგებელი.

„…თუ მე გავცემ სახლის მშენებლობის ნებართვას, მევე უნდა ვიყო პასუხისმგებელი. ზედამხედველობის განყოფილება ვეღარ იტყვის, რომ რაღაც გამოეპარა. ერთი სამსახურის შიგნით მოხდება, როგორც ნებართვის გაცემა მშენებლობაზე, ასევე მისი აღსრულების კონტროლიც. ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის, გაცილებით ადვილია პროცესები მოექცეს ერთ ვერტიკალში  და აღარ არის ერთმანეთზე ხელის გაშვერა და გადაბრალება“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

ქონების მართვისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მერიას კონკურსი არ გამოუცხადებია, ეს თანამდებობა გოგა ლომაძემ შეინარჩუნა.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური კი მათ შორისაა, რომლის ხელმძღვანელიც მერმა არ დანიშნა და ამ ვაკანტური თანამდებობის შესავსებად კონკურსი გამოაცხადა, კონკურსის ორი ეტაპი უკვე დასრულდა.

შედეგების მიხედვით, რაც უკვე გამოქვეყნდა, შესაძლოა ამ სამსახურის უფროსის თანამდებობა მირიან მეტრეველმა დაიკავოს. აქამდე ის ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელი იყო. მირიან მეტრეველი ერთადერთია, ვინც კონკურსში ამ თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობს და მას კონკურენტი არ ჰყავს. მან გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად ქულების საჭირო რაოდენობა მოაგროვა და ახლა თავი საკონკურსო კომისიას უნდა მოაწონოს.

მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მერიაში ახალი მერის მისვლისა და სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ახალაძის წასვლის შემდეგ მუშაობს. მანამდე ის ამავე სამსახურში უფროსის მოადგილე იყო და ქალაქის მთავარი არქიტექტორის ფუნქციასაც ითავსებდა. შესაბამისად, ისიც არის პასუხისმგებელი წინა მერის, გიორგი ერმაკოვის დროს გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, თუმცა ის გადაწყვეტილების მიმღები არ ყოფილა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: