მთავარი,სიახლეები

რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

26.06.2018 • 1998
რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით ადრე დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ხელახალ ტენდერში კი მონაწილეობ არავინ მიიღო. ახალი ველობილიკის მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა  და 1 763 113 ლარიც გამოყო.

„შეიძლება პროექტშია რამე ხარვეზი, ან ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ვინაიდან არავინ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ამიტომ, პროექტის ავტორთან, სატენდერო კომისიის წევრებთან და სპეციალისტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავივლით დეტალებს, შესაძლოა პირობებიც შევცვალოთ და მესამედ გამოვაცხადებთ ტენდერს. საკითხს უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ. ველობილიკის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით არ შევისყიდით,“ – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ.

ეთერ მაჭუტაძის განცხადებით, სამუშაოები აუცილებლად სეზონის შემდეგ, შემოდგომაზე ჩატარდება და შესაძლოა თვე-თვენახევარშიც კი დასრულდეს.

საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე. ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება [ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ბეტონის ნარევის სხმულითაა მოწყობილი]. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბილიკი ამორტიზებულია.

გუშინ, 25 ივნისს, მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“.

რა დავალებები გასცა პრემიერმა ბათუმში? – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერმა ბათუმის ბულვარში ველობილიკის, ასევე უსახური შენობების ფასადების რეაბილიტაციის საკითხი დააყენა.

ეთერ მაჭუტაძის თქმით კი, პრემიერი ანბანის კოშკის მიმდებარედ იმყოფებოდა და რაიმე შენიშვნა ან დავალება ველობილიკთან დაკავშირებით არ ყოფილა: „მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე, თუმცა, როგორც მითხრეს, პრემიერმა უბრალოდ შეკითხვა დასვა ველობილიკთან დაკავშირებით და მას უთხრეს, რომ ტენდერი გამოცხადდება ხელახლა და ბულვარში იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ველობილიკი. ეს იყო მხოლოდ.“

მთავარი ფოტო: სატუმბი სადგურის მშენებლობის გამო გადაკეტილი ველობილიკი არდაგანის ტბასთან

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137823/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: