განათლება,მთავარი,სიახლეები

მანანა რატიანი: ბევრი პედაგოგი სქემაზე ისე მსჯელობს, რომ წაკითხული საერთოდ არ აქვს

26.06.2018 • 11459
მანანა რატიანი: ბევრი პედაგოგი სქემაზე ისე მსჯელობს, რომ წაკითხული საერთოდ არ აქვს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას კვლავ განიხილავენ პედაგოგები აქტიურად. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ „სქემამ აზრი დაკარგა“, „მასწავლებელი დააშორა მოსწავლეს“. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის საჭიროა. რამდენად არგუმენტირებულია პედაგოგების პრეტენზიები? – „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს.

ქალბატონო მანანა, რაში ეთანხმებით და რაში არა იმ პედაგოგებს, ვინც სქემას აკრიტიკებს?

სქემით გათვალისწინებული მოთხოვნები პედაგოგებს გარკვეულ კალაპოტში სვამს. მასწავლებლებისგან არის მესიჯები, რომ „ჩვენ ბავშვებისთვის აღარ გვცალია“, რაშიც საერთოდ ვერ დავეთანხმები – ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი აკეთებს, იქნება ეს სოციალური თუ სასწავლო, ყველაფერს აკეთებს ბავშვებთან ერთად, მათ უვითარებს სხვადასხვა კომპეტენციას.

მასწავლებელი იმიტომ დადის ტრენინგზე და კომპეტენციებს ივითარებს, რომ უკეთესი გაკვეთილი ჩაატაროს. კონფერენციაზეც იმიტომ დადის, რომ სხვებსაც მოუსმინოს და თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

ანუ მათი პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია?

თუ მასწავლებელს უნდა წინსვლა, ამ შემთხვევაში ასრულებს ვალდებულებებს. თუ ფიქრობს, რომ წინ არ უნდა წავიდეს, შეუძლია არ ჩაერთოს აქტივობებში, რადგან პრაქტიკოს მასწავლებელს არანაირი საფრთხე არ ელის, თუკი არაფერს არ გააკეთებს. ხელფასიც ექნება 405 ლარი. თუ მასწავლებელს მიაჩნია, რომ მეტს იმსახურებს, მაშინ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ სტატუსს იმსახურებს. ეს არის ის მოთხოვნები, რასაც სახელმწიფო უყენებს, მოსწავლეების აკადემიურ წარმატებასთან, თანამშრომლობასთან და მის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

მოთხოვნები იმდენად მრავალფეროვანია, რომ  არ შეიძლება მასწავლებელმა თავისი საქმიანობა არ შეუხამოს. ვადები აღარ არის სქემაში, რაც პირველ ვერსიაში იყო, ამიტომ ვერ ჩავთვლით, რომ მასწავლებელი სტრესულ პირობებშია ამის გამო. კიდევ ერთი, რაც მხვდება არის ის, რომ არასწორ ინტერპრეტაციას აქვს ადგილი.

რას გულისხმობთ?

ვიღაცის მითქმა-მოთქმას უფრო უჯერებენ. ის, რომ თვითონ აიღონ ეს სქემა, წაიკითხონ დეტალურად და იქ მოძებნონ პასუხი, ამას ბევრი არ აკეთებს და იწყებს ამაზე მსჯელობას ისე, რომ თავად წაკითხული არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომუნიკაცია ვცადეთ პირად შეხვედრებზე, გავაკეთეთ გზამკვლევები, ფასილიტატორებს ტრენინგები ჩავუტარეთ, ვიდეო ინსტრუქციები მოვამზადეთ, ყველანაირი საშუალებით ვცდილობთ მათთან კომუნიკაციას, არის ნაწილი პედაგოგების, რომლებიც ამბობენ: „იცით, ასე მითხრეს და მართლა ასეა?“ შესაბამისად, ამ პედაგოგებს ვურჩევთ 50-გვერდიანი დოკუმენტი აიღონ და წაიკითხონ, ვიდრე დასვან ეს კითხვა.

ფეისბუქში კომენტარებში მასწავლებლები ხშირად წერენ თავიანთ ბევრ შრომაზე, რაც საერთოდ არ აისახება თუნდაც მათ ფინანსურ მხარეზე. ფაქტია, პედაგოგები უკმაყოფილო არიან ანაზღაურებით. ფიქრობთ თუ არა, რომ მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს?

ერთი მხრივ, სწორია, რასაც მასწავლებლები ამბობენ – უნდა გაიზარდოს ანაზღაურება. თუმცა აუცილებელია ისიც, რომ მათ ჯეროვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქციები.

ნელ-ნელა ეს პროცესები ჩადგება კალაპოტში და მასწავლებლები ამ სქემის დადებითსაც დაინახავენ. საერთაშორისო შეფასებებში ცალსახად გამოიკვეთა, რომ რაც უფრო მაღალია მასწავლებლის სტატუსი, მით უკეთეს  აკადემიურ შედეგებს და ქულებს იღებენ მოსწავლეები შეფასებებში. ასე რომ, პირველ რიგში, გვინდა ეს ყველაფერი მოსწავლეებზე აისახოს, შემდეგ კი მასწავლებლების კეთილდღეობაც მნიშვნელოვანია.

მასწავლებლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ  სქემით გათვალისწინებული სამოდელო გაკვეთილები ერთჯერადი შოუა, ფორმალობაა და რეალურად ვერ ცვლის განათლების ხარისხს. მაშინ რა არის ამ გაკვეთილების მომზადების მიზანი?

ეს გაკვეთილები არ აჩვენებს იმას, მასწავლებელი ყოველდღიურობაში ასე იქცევა თუ არა. ეს აჩვენებს, მასწავლებელს შეუძლია თუ არა სათანადო მოთხოვნებით ჩაატაროს გაკვეთილი. ყოველდღიურად თუ არ ატარებს სათანადო გაკვეთილებს, ეს უკვე სკოლის ვალდებულებაა, რადგან სასწავლო პროცესზე სკოლის დირექციაა პასუხისმგებელი.

ეს არის მცდელობა, რომ მასწავლებლების ყოველდღიურობა შეიცვალოს და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გახდეს ბევრად უფრო აქტიური. მოკლევადიანი ეფექტებით თუ შევაფასებთ სქემას, არასწორი ვიქნებით. აქ მნიშვნელოვანია დროში დაკვირვება, დინამიკა და ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სქემამ უკეთესად იფუნქციონიროს.

განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელებთან“ სქემაზე საუბრისას თქვა, რომ ხარვეზია, როცა 70 წლის და 30 წლის მასწავლებელს ერთნაირ მოთხოვნებს უყენებ პროფესიული განვითარებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

არჩევანი აქტივობების არის ძალიან ფართო. შესაბამისად, თუკი მასწავლებელი უფრო გამოცდილია, ბევრად უფრო ადვილად გააკეთებს სამოდელო გაკვეთილებს. ასაკობრივად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვნახოთ, რომელი ასაკობრივი ჯგუფი რომელ აქტივობებს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ და თვის ბოლოს გვექნება მზად, საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა.

კრედიტებთან დაკავშირებით ხომ არ იგეგმება ცვლილება?

ამ ეტაპზე ცვლილება აქტივობებს ნაკლებად შეეხება, თუმცა ერთი კრედიტი, რომელსაც მასწავლებელი საგნობრივი და ზოგადი პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად იღებდა, მომავალი სასწავლო წლიდან სავალდებულო აღარ იქნება. დანარჩენი კრედიტების დაგროვება ისევ ძალაში რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: