მთავარი,სიახლეები

პატარაძის თქმით, აჭარაში ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს აქტიურად განიხილავენ

09.05.2018
პატარაძის თქმით, აჭარაში ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს აქტიურად განიხილავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს. აჭარის ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი, აჭარის რეგიონში ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

რომელი სამინისტროების შექმნას აპირებს აჭარის მთავრობა – ამ თემაზე „ბათუმელებმა“ შეკითხვა ზურაბ პატარაძეს გმირთა ხეივანში დაუსვა, სადაც აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა.

„არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს სამინისტროების ოდენობა. წინასწარ ვერ გეტყვით ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს… სადღაც შესაძლებელია ოპტიმიზაცია მოხდეს, სადღაც შესაძლებელია იყოს დაჯგუფება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ახალი სამინისტროების გაჩენა,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი სამინისტროების შექმნას ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით აპირებს აჭარის მთავრობა. ზურაბ პატარაძემ არ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი სამინისტროების შექმნა განიხილება.

ზურაბ პატრაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „აქცენტები გაკეთდება იმ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ქვეყნისათვის და ზუსტად ეს იქნება პრიორიტეტი. აქ არ იქნება სუბიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ ობიექტურად ვიმსჯელებთ, პირველ რიგში, რა არის აუცილებელი, სად გვჭირდება გაძლიერება, სად გვჭირდება დამატებითი ძალები და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ.“

აჭარის მთავრობას დღემდე ოთხი სამინისტრო აქვს. სამინისტროების რაოდენობის გაზრდის უფლება მას შემდეგ მიეცა აჭარის მთავრობას, რაც აჭარის კონსტიტუციაში ბოლო ცვლილები შევიდა.

მთავარ ფოტოზე: ზურაბ პატარაძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: