მთავარი,სიახლეები

საია ბანკის სესხთან დაკავშირებით – სასამართლო დაახლოებით ათჯერ ამცირებს პირგასამტეხლოს

26.06.2018 • 3187
საია ბანკის სესხთან დაკავშირებით – სასამართლო დაახლოებით ათჯერ ამცირებს პირგასამტეხლოს

მოქალაქე ზურაბ მიქელაძემ ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციასთან სასამართლო დავა ახლახან დაასრულა. მან სწრაფი ინტერნეტსესხი – 900 ლარი ორი წლის წინ აიღო, შემდეგ გადახდა გაუჭირდა და პირგასამტეხლო დააკისრეს – ჯამში მას 3200 ლარის დაბრუნება მოსთხოვეს.

ზურაბ მიქელაძის ისტორია განსხვავებული არ არის. ამ კუთხით ახალ ტენდენციაზე საია-ში საუბრობენ – საბანკო დავების კუთხით მოქალაქეების მომართვიანობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან საფინანსო ორგანიზაციებს სასამართლოში წასვლა აღარ სურთ. გამარტივებული წარმოების პირობებში, ბანკებს შეუძლიათ პირდაპირ აღმასრულებელს მიმართონ და მოვალეს მაღალი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრონ.

კიდევ ერთი პრობლემა სასამართლოს მხრიდან ფინანსურ დავებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაა.

„დავა მაშინვე დაიწყო, როცა პროცენტის შეტანა დამაგვიანდა,“ – გვიყვება ზურაბ მიქელაძე. – „სესხი 900 ლარი ავიღე და რადგან შეტანა დამაგვიანდა, ჯარიმებიც დამარიცხეს. სასამართლოსგან შეტყობინება მივიღე წერილობით, მაგრამ ამ დროს საფინანსო ორგანიზაციასთან უკვე მქონდა მოლაპარაკება და შეთანხმებული ვიყავით განრიგზე, როდის გადავიხდიდი. ჩავთვალე, რომ დავა შეწყდა, რადგან ჩვენ შევთანხმდით. მეორე თვეში ისევ მივიღე სასამართლოსგან წერილი. იქ ეწერა, რომ 3200 ლარი უნდა გადამეხადა“.

ზურაბ მიქელაძეს საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოუმზადა. მან სასამართლოში მანამდე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „სასამართლოს შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეს ბარდება, აღნიშნულია, რომ შესაგებელი მხარემ 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ხშირად მოქალაქეები არ კითხულობენ ყურადღებით ამ შეტყობინებას, ან თვლიან, რომ მათ სასამართლოდან უნდა დაურეკონ, შემდეგ კი უკვე მისდით შეტყობინება, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოქალაქის არგუმენტები, გააუქმა წინა გადაწყვეტილება და, საბოლოოდ, მხარეებს შორის მორიგება შედგა.“

„ახლა სადღაც 1200 ლარის გადახდა მომიწევს, რაც კარგი შეღავათია,“ – დასძენს ზურაბ მიქელაძე.

საია-ს იურისტები განმარტავენ, რომ ფინანსური დავა სასამართლომდე ხშირად არ მიდის. საფინანსო ორგანიზაციები კანონით გათვალისწინებული „გამარტივებული წესით“ სარგებლობენ, რაც პირდაპირ აღმასრულებლისთვის მიმართვას გულისხმობს. ეს წესი 2016 წლიდან მოქმედებს.

„აღმასრულებელი არ მსჯელობს, მაგალითად, დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ. ის უგზავნის წერილობით შეტყობინებას მოვალეს, სადაც წერია, რომ თუკი ის წინააღმდეგია, დავას სასამართლო განიხილავს. შეტყობინების ამ ნაწილს ხშირად არ კითხულობენ მოქალაქეები, არადა მათ აქვთ შესაძლებლობა სასამართლოს მიმართონ. მოსამართლეს კი კანონი აძლევს უფლებას, იმსჯელოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაზე,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე.

როგორია არსებული პრაქტიკა, რამდენით ამცირებს სასამართლო პირგასამტეხლოს იმ ოდენობას, რაც საფინანსო ორგანიზაციას აქვს განსაზღვრული მოვალისთვის – ანნა მდინარაძის თქმით, სასამართლო დაახლოებით ათჯერადად ამცირებს პირგასამტეხლოს.

„ეს არის მოსამართლის ინდივიდუალური შეფასების საგანი. კანონის მიხედვით, პირგასამტეხლოს აქვს მავალდებულებელი და მაპრევენცირებელი ფუნქცია, ანუ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუკი ის სესხს არ გადაიხდის, მას დაეკისრება დამატებით თანხის გადახდა. პირგასამატეხლო არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის საფინანსო ორგანიზაციისთვის ეკონომიკური გამდიდრების მეთოდი. შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, როცა ზნეობრივ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო, ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთიც შეუმცირებია სასამართლოს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: