ნეტგაზეთი • RU

გაიზრდება თუ არა ჯარიმა უკანონო მშენებლობისთვის ბათუმში – კითხვებს ლაშა კომახიძე პასუხობს

ბათუმში ყოველგვარი პროექტისა და მერიასთან შეთანხმების გარეშე უკანონო მშენებლობები, დაშენებები და მიშენებები გრძელდება. ამ დარღვევაზე ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც კი პროცესი ისევ კანონდარღვევით გრძელდება. შედეგად – ამ დროისთვის ბათუმში 9000 კვადრატული მეტრია უკანონოდ აშენებული, მეპატრონეებს კი იმედი აქვთ, რომ ამ ქონებას მაინც დაირეგისტრირებენ. თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებისთვის საჯარიმო თანხა  30 000 ლარამდე გაზარდა. თუ უკანონო მშენებლობების აღკვეთა ბათუმის მერს რეალურად აინტერესებს, მაშინ რატომ არ მიმართავს იმავე მეთოდს ლაშა კომახიძე? – „ბათუმელების“ კითხვებს  მერი პასუხობს.

ბატონო ლაშა, რამდენად საკმარისია ის რეგულაციები, რასაც დღეს ბათუმში სამშენებლო პროცესი ექვემდებარება. თქვენ, როგორც ქალაქის მერი, რა გამოწვევების წინაშე დგახართ ამ მიმართულებით?

მოგეხსენებათ, ქალაქს არა აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ქალაქში განაშენიანებაზე. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს, თუ რა ტერიტორიული და სივრცითი მოწყობა უნდა ჰქონდეს ქალაქს. ვვარაუდობთ, რომ მის მომზადებას ექვსი ან შვიდი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი – უშუალოდ ტერიტორიულ სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება ამ დოკუმენტზე დაყრდნობით.

სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტი შეიძლება განხილული იყოს როგორც ერთი ან ორი დოკუმენტი. ერთი ნაწილი აზუსტებს ყველა იმ დეტალს, რასაც უნდა ეყრდნობოდეს უშუალოდ დაგეგმარების ნაწილი, სად რომელი ზონა შეიძლება იყოს განსაზღვრული, სად რა განაშენიანების კოეფიციენტი შეიძლება იყოს, რა იქნება პრიორიტეტები – ეს ყველაფერი ეყრდნობა პირველად შესწავლასა და ქალაქის გეგმარებითი დავალებების მონაცემებს, რაც არის ამ კვლევის პირველი ნაწილი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვაცხადოთ ერთიანი დოკუმენტის შესყიდვაზე ტენდერი, არამედ გამოვაცხადოთ ორ ნაწილად: პირველი – გეგმარებითი დავალების შემუშავება და შემდეგ სივრცითი ტერიტორიული შემუშავება.

პირველი დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, რამდენად ხარისხიანი გამოვა ამ დოკუმენტზე დაყრდნობით სივრცითი გეგმა, რომელსაც საბოლოო დოკუმენტად უკვე განვიხილავთ. ეს მიდგომა განპირობებული იყო სხვა ტერიტორიული ერთეულების გამოცდილების გაზიარებით, ვნახეთ რამხელა ღელვა გამოიწვია თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების გეგმაზე მსჯელობამ. შემდგომში რომ არ დაისვას კითხვები დოკუმენტის ხარისხზე, აი ასეთი გზით წავიდეთ. ივლისში მზად ვიქნებით, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი ამ შესყიდვაზე. დაახლოებით ექვსი-შვიდი თვის შემდეგ კი მზად ვიქნებით, რომ გამოვაცხადოთ მეორე დოკუმენტზეც ავტომატურ რეჟიმში.

ასე ხომ საკმაოდ დიდი დრო გავა…

არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანამ ეს პირველი დოკუმენტი შემუშავდება, მანამდე თითქოს არაფერი არ ხდება. პირიქით, ამ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებიდანვე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომლებსაც დავეყრდნობით და რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქალაქის განაშენიანებაზე. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი იქნება რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვთხოვთ კომპანიას, რომელიც მოიგებს ტენდერს. ტენდერის პირობა იქნება, რომ სამ თვეში წარმოგვიდგინონ იმ ზონების ჩამონათვალი, სადაც თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი კ2 კოეფიციენტისგან, ასევე ზონები, სადაც რეკომენდებული არ არის სამრეწველო ტიპის ან, პირიქით, საცხოვრებელი შენობები. ყოველი თვე ამ ექვსი თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პროდუქტის მომცემი, რომელიც დოკუმენტის შემუშავებამდე უკვე გავლენას იქონიებს ქალაქის განაშენიანებაზე. არ მინდა, ვინმემ ისე წარმოიდგინოს, თითქოს გადაწყვეტილების მიღება ამ ექვსი-შვიდი თვის შემდეგ მოხდება.

ვიდრე მეორე დოკუმენტს მიიღებთ, ალბათ, ორი წელი გავა…

არა, მეორე დოკუმენტს ალბათ ოთხი-ხუთი თვე დასჭირდება. ვფიქრობ, ჯამში დაახლოებით წელიწადი და სამი თვე დაგვჭირდება. უნდა გვეყოს ეს დრო. ეს არ არის დიდი დრო მსგავსი ტიპის დოკუმენტისთვის. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვეჩქარება, ამიტომაც კომპანიამ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოგვცეს რეკომენდაციები ზონების შესახებ, სადაც თავი უნდა შევიკავოთ გარკვეული ტიპის მოქმედებებისგან და საბოლოოდ როდესაც დაასრულებს გვექნება მკაფიო დოკუმენტები. პარალელურად საკრებულოში შევალთ ინიციატივებით. არ იქნება მოცდის პერიოდი.

რას უპირებთ იმ კომპანიებს, რომლებსაც სანაპირო ზოლში მინიმუმ ასნომრიანი სასტუმროების მშენებლობის ვალდებულება აქვთ აღებული?

ვალდებულებით გაცემულ ნაკვეთებზე დაგეგმილ პროექტებს გავითვალისწინებთ ამ დოკუმენტში. დოკუმენტის ათვლის წერტილი იქნება იმ დროიდან, რა დროსაც ის მუშავდება, ვგულისხმობ შეუქცევად პროცესებს, როცა ნებართვები გაცემულია, სამშენებლო პროცესები დაწყებულია.

ანუ ადგილმონაცვლეობის საკითხებს არ განიხილავთ იქ, სადაც ჯერ მშენებლობებზე ნებართვები გაცემული არ არის?

ეს რთული მომენტია, ხშირად ლოკაცია უკვე მიბმულია პროექტზე. როგორც წესი, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მენაშენე იქნება ეს თუ ინვესტორი, ადგილთან დაკავშირებული სერიოზული ხარჯები აქვს უკვე გაწეული. ეს არის აუქციონში გადახდილი თანხა, ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯები, პროექტის შემუშავებაზე გაწეული ხარჯები და ასე შემდეგ, ადგილმონაცვლეობა ნიშნავს ამ ხარჯების ანულირებას. ამას გაგებით არ ხვდება ინვესტორი და ითხოვს იქ ყოფნას, სადაც არის. მეორე ის არის, რომ ზღვისპირა ზოლში ყოველთვის  უფრო მომგებიანია პროექტის განხორციელება, ვიდრე სხვა ტერიტორიაზე და მესამე – მერიას სამართლებრივად ტერიტორიების მონაცვლეობის უფლება არ გააჩნია.

მშენებელს, რომელიც უკანონოდ იმატებს ფართობს, თქვენი სამსახურის რეაგირება საერთოდ არ აწუხებს, რადგან უკანონოდ აშენებულ ფართობს ბევრად ძვირად ყიდის, ვიდრე ჯარიმის ოდენობაა. თბილისში ჯარიმები გაიზარდა, თქვენ რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?

უმაღლეს საბჭოში რამდენიმე ინიციატივით შევედი, მათ შორის რამდენიმე მათგანი ეხებოდა გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გეთანხმებით, რომ მოცემული კანონმდებლობა არ არის საკმარისად მკაცრი, პრევენცია რომ გაუკეთოს ამა თუ იმ დარღვევას მშენებლობის კუთხით. ერთია აივნის უკანონოდ მიშენება, რაზეც შეიძლება ადეკვატური იყოს ათასლარიანი ჯარიმა და მეორეა რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის უკანონო დაშენება. კვადრატული მეტრის ღირებულება შეიძლება ათასი დოლარი და მეტიც იყოს. აქ ათასლარიანი ჯარიმა სასაცილო და აბსოლუტურად არაადეკვატურია, ამიტომ  ჩავატარეთ შეხვედრა უმაღლეს საბჭოსთან.

როგორც ვიცით, თბილის მერმა 30-ათასლარიანი ჯარიმაც კი დააწესა. ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა შევძლოთ ვისარგებლოთ იმავე საკანონმდებლო ბაზით – თუ ყველა პარამეტრით არა, მინიმუმ ამ საკითხებში იყოს გამოყენებული დედაქალაქის შემთხვევა. ეს სერიოზულ ინსტრუმენტს მოგვცემს კანონდარღვევასთან ბრძოლაში.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში ხშირად აცხადებენ, რომ მასალები აღმასრულებელს გადასცეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი მაგალითი, როდესაც უკანონოდ აშენებული ფართობი ვინმეს მოაშლევინეს.

ბევრია შემთხვევა, როდესაც საქმე აღსრულებაში გადადის. ასევე ბევრია – როდესაც აღსრულებიდან გვიბრუნდება პასუხი, რომ ჩვენ არა გვაქვს შესაბამისი საშუალება პროექტის აღსრულებისთვის და გთხოვთ თვითონ აღასრულოთო.

ვერ გეტყვით, რომ აღსრულების მაგალითი საერთოდ არ გვაქვს, მე ვგულისხმობ აღსრულებას ისეთ დარღვევაზე, როგორიც არის უკანონო სართულის დაშენება, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იგივე მიშენებაზე, ცალკეულ კომერციული თუ სხვა ტიპის ფართობებზე.

დარღვევა, რომლიც გამოიხატება კორპუსზე უკანონო სართულის ან ორი სართულის დაშენებაზე, გაცილებით რთულია – აქ აღსრულებას სჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსი. წარმოიდგინეთ 15-სართულიან სახლზე ადამიანი აკეთებს მეთექვსმეტე სართულს. ამ სართულის მოშლას სჭირდება არამხოლოდ ნება, არამედ შესაბამისი ტექნიკა, რესურსი და ცოდნაც. ჩათვალეთ არანაკლები ხარჯია, ვიდრე აშენება.

ეს ყველაფერი მშენებელმაც კარგად იცის და აშენებს იმდენს, რამდენიც სურს…

იცის, თუმცა ჩვენ ახლა ვამზადებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. რომლითაც მალე მივმართავთ საკრებულოს. ეს ინიციატივა სწორედ დღემდე აშენებული უკანონო სართულების თაობაზე იქნება.  მენაშენეებს შევთავაზებთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ეს გზა იქნება ისეთი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ სტიმული მენაშენეებს, გააგრძელონ იმავეს კეთება. ნებისმიერი გადაჭრის გზა, ჟარგონს გამოვიყენებ, თუკი ის „უპრავებს“ დარღვევას, ეს არ იქნება ეფექტური მექანიზმი და ეს იქნება უბრალოდ მაგალითი, რომ მე ჩავიდინე დარღვევა და ხვალ და ზეგ მე შევძლებ ამის კანონის ჩარჩოში მოქცევას, ეს არ იქნება ასეთი ინიციატივა… ეს იქნება ინიციატივა, რომელიც უკანონოდ არსებული ფართების პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობს და ამავე დროს ნათელი სიგნალი იქნება ყველა მენაშენისთვის, რომ ასეთ მიდგომას არა აქვს არავითარი პერსპექტივა. ჯერჯერობით არ ვისაუბრებ შეთავაზების შინაარსზე, ვიდრე ის განხილვა-მომზადების რეჟიმშია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი