მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აჭარის მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევენ

05.10.2018 • 8280
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აჭარის მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევენ

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას განზრახ აჭიანურებს. ექიმები ამ მოსაზრების ერთ-ერთ არგუმენტად აჭარის მომავალი ბიუჯეტის პროექტს ასახელებენ, სადაც, მათივე თქმით, საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.

საავადმყოფოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა განზრახ იქცევა ასე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მოგვიანებით კერძო სამედიცინო კორპორაციაზე გაასხვისოს. დღეს, 5 ოქტომბერს, ამ თემაზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სთხოვეს.

„გვინდა მთავრობას გავუგზავნოთ მესიჯი, რომ ერთი კვირის ვადაში ფინანსების მოძიების და კადრების დაკომპლექტების მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი, რომ შეუქცევადი გახდეს ახალი კორპუსის აღჭურვა და დაკომპლექტება. ჩვენი საავადმყოფო უნდა გახდეს რეგიონული სამედიცინო საავადმყოფოს მოწყობის მოდელი – ასეთი იყო შეთანხმება, მაგრამ ვხედავთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ ეს განზრახ კეთდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში რესპუბლიკური საავადმყოფოს ხსენებაც არ არის – ეს ერთი და მეორე – უნდა დაწყებულიყო დეფიციტური კადრების საფუძვლიანი გადამზადება, რაც არ ხდება. ამბობენ, არჩევებამდე გავჩერდეთ, არჩევნების მერე გვეტყვიან, 2-3 კვირა გვაცადეთო და მერე ბიუჯეტი უკვე გვიანდება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი დრო არაა საჭირო, მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან გვაქვს კონტაქტი, მანაც იცის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს ბენიამინ ჭელიძე, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თერაპიული დეპარტამენტის უფროსი.

ბათუმში, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადასწიეს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის პროცესის გაჭიანურება ეჭვებს უჩენს სხვა ექიმებსაც.

„აჭარის მთავრობის უკვე მესამე თავმჯდომარე ამბობს ფრაზას – „რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება“ და მერე ამატებს – „ამ ეტაპზე“. ანუ შეიძლება გამოჩნდეს ეტაპი, როდესაც საავადმყოფოს გასხვისების საკითხი დადგება. ახლა რომ ეს პროცესი გაჩერდეს, გაფუჭდება ისიც, რაც გაკეთებულია და აღმოჩნდება, რომ ძალიან დიდი სახელმწიფო თანხა არის გადაყრილი წყალში. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდად შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ პროექტი გაგრძელდეს, დასრულდეს მშენებლობის პროცესი, ამავე დროს მოხდეს პერსონალის გადამზადება, რომელიც დეფიციტურია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც არ შეიძლება გავაჩეროთ, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ვთქვათ, გაგრძელდეს პროცესი და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაისვას საჭირო თანხა, “ – განაცხადა ექიმმა გიორგი დიასამიძემ, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა.

„ხალხის რეაქცის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არ იქნება წინააღმდეგობა [რესპუბლიკურ საავადმყოფოში], გაასხვისებენ, რეაქციას ამოწმებენ, ასე გამოდის, ამასობაში დრო გადის. 600-მდე თანამშრომელი მუშაობს, არ იციან ადამიანებმა, როგორ მოიქცნენ, რა გზას მიმართონ,“ – ამბობს აფთიაქის გამგე გურამ სურმანიძე.

„ვიცით ოფიციალური მიზეზი და ვხედავთ, რომ მუშაობა არ მიდის,“ – ამბობს ოფთალმოლოგი სულიკო კარახასანოვი.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ამ დროისათვის 600-მდე ადამიანი მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების ნაკადი იკლებს, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა  მოძველებულია, მაშინ როცა სამედიცინო ბაზარზე სხვა საავადმყოფოები მაღალი კონკურენციის პირობებში მუდმივად ზრუნავენ პირობების გაუმჯობესებაზე.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ 100-პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის.

ამავე თემაზე: 

რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: